globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 4th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილის პარტია სიტუაციას არყევს // წინაარჩევნო ვითარება საქართველოში მკვეთრად მწვავდება

«Каспiй» (აზერბაიჯანი): პრელუდია დესტაბილიზაციისათვის // რატომ იყოფა საქართველოსა და სომხეთის გზები

«Forbes» (აშშ): საქართველოს ტურისტულ სტრატეგიას შემოსავალი მოაქვს

———————

«Независимая газета» (რუსეთი), 04 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-10-03/5_7087_georgia.html

მიხეილ სააკაშვილის პარტია სიტუაციას არყევს

წინაარჩევნო ვითარება საქართველოში მკვეთრად მწვავდება

„საქართველოს ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი წინასაარჩევნო კამპანია საპროტესტო რეჟიმში გადაიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალების“ მთელმა სააგიტაციო საქმიანობამ 21 ოქტომბრამდე, ანუ ხმის მიცემამდე, შეიძლება მანიფესტაციის, მსვლელობის, მიტინგის სახე მიიღოს. აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობა“ მოქმედი ხელისუფლებისა და მისი დამაარსებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკასაც არ დაიშურებს. თუმცა, ხელისუფლებამ „ნაციონალებს“ შეახსენა – რამდენიც გინდათ იარეთ და იმიტინგეთ, მაგრამ კანონის დარღვევა არ გაბედოთო“, – ნათქვამია «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის შუქ-ჩრდილები. მასში აღნიშნულია, რომ „ნაციონალთა“ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ზაალ უდუმაშვილმა გაახმოვანა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის შენობასთან შეხლა-შემოხლა მოხდა. საქმე იმაშია, რომ დედაქალაქის მერიამ თბილისის ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთი თითქმის სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს. „ნაციონალები“ პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ მერიასთან და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო, რამდენიმე აქტიური მონაწილე დააკავა კიდეც. ყოფილმა მმართველმა პარტიამ პოლიცია უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა და სახალხო დამცველს (ომბუდსმენს) უჩა ნანუაშვილს საქმეში ჩარევისაკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ომბუდსმენმა განაცხადა, რომ „ნაციონალები“ მართლები არიან, პოლიციამ ზედმეტი აქტიურობა გამოიჩინაო.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამგვარ შეხლა-შემოხლებს პარტიებისთვის ხშირად მოაქვთ დამატებითი ქულები, მაგრამ როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ამგვარი მოქმედება „ნაციონალებისთვის“ შეიძლება საზიანო იყოს, რადგან ყველას ახსოვს – მათი მმართველობის პერიოდში პოლიცია უფრო მკაცრად იქცეოდა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს  თავ-პირს ამტრევდა.

რასაკვირველია, „ნაციონალების“ ასეთი აქცია, პრინციპში, მოსალოდნელიც კი იყო, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ უპირატესობით ერთობ გაღიზიანებულები არიან: ყველა გამოკითხვა, თავისი პლუს-მინუსებით, მიუთითებს, რომ „მეოცნებეებმა“ ბევრად უკან ჩამოიტოვეს არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები, „ნაცმოძრაობასთის“ ჩათვლით. ამიტომაც, როგორც აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ შედგენილ ანგარიშშია აღნიშნული (წინასაარჩევნო კამპანიის დაკვირვების საფუძველზე), „ნაციონალებმა“ რაღაც უნდა შეცვალონ თავიანთ საქმიანობაში, თორემ ისე მათი წარმატების შანსი ძალიან დაბალიაო. მართალია, მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აქტიურობს, რაც ბევრ ქართველ „ნაციონალს“ სიხარულს გვრის, მაგრამ ის უკრაინაშია, ესენი კი აქ, საქართველოში. ჰოდა, საქართველოს ხელისუფლება, უკრაინისაგან განსხვავებით, კონტრზომებზე დიდხანს არ იფიქრებს… თუმცა, რა თქმა უნდა, „ენდეაი“-ს მომავალ ანგარიშში სულ სხვა ჩანაწერი იქნება.

საერთოდ კი, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პლურალიზმი მაღალ დონეზეა, ამომრჩევლებს არჩევის სრული თავისუფლება აქვს, ცესკო აქტიურად ემზადება, უსაფრთხოება დაცულია, საიმედო და დემოკრატიული არჩევნების ტენდენცია გრძელდება. სხვათა შორის, ამ ანგარიშის საკმაოდ ლოიალური ტონი საინტერესოა იმის გათვალისწინებით, რომ NDI საქართველოს ხელისუფლების მკაცრ კრიტიკას არ ერიდება ხოლმე. და თუ ასეთ პოზიტიურ ფონზე „ნაციონალები“ არჩევნებს წააგებენ, დამარცხება მათთვის ორმაგად მწარე იქნება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება პარტიის პერსპექტივისა და მისი სიცოცხლისუნარიანობის საკითხი.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 03 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=68392

პრელუდია დესტაბილიზაციისათვის

რატომ იყოფა საქართველოსა და სომხეთის გზები

სტატია ეხება საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და პოლიციის  შეტაკებაში გამოიხატა: „საქმე იმაში გახლავთ რომ სამცხე-ჯავახეთის სომხები კუმურდოში მდებარე X საუკუნის ქართულ ტაძარს „თავისად“ მიიჩნევენ და იქ სომხური ჯვრის – ხაჩკარის დადგმას ცდილობდნენ“, – აღნიშნულია ბაქოს რუსულენოვან გაზეთში დაბეჭდილ მასალაში (ავტორი – თამილა ნურიევა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით

„კუმურდოს ტაძრის რესტავრაცია საქართველომ 2016 წელს დაიწყო. ეზოში ჩატარებული სამუშაოების დროს ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. სომხებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ძვლები მათი რომელიღაც წინაპრისაა და ნეშთი დაასაფლავეს, შემდეგ კი ხაჩკრის დადგმა მოისურვეს, თანაც ხელისუფლებისა და ქართული ეკლესიის დაუკითხავად, როგორც სომხებს სჩვევიათ – თავხედურად და თვითნებურად.

ტაძარი საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, მაგრამ ჯავახეთში მე-19 საუკუნეში ჩასახლებული სომხები გამუდმებით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ეს ტერიტორია უძველესი პერიოდში სომხეთს ეკუთვნოდა და შესაბამისად, X საუკუნეში აშენებული კუმურდოს ეკლესიაც სომხური წარმომავლობისაა. ამ ფონზე ხშირად ხდება ხოლმე შეხლა-შემოხლა და ისტორიულ-ეთნონაციონალური კოლიზიები. დღეს კუმურდოს ტაძარი ქართული და სომხური ეკლესიების დავის ობიექტად იქცა. დროდადრო დავა „ანთებით“ პროცესში გადადის ხოლმე, იწყება „განგრენა“, რასაც შეტაკებები მოსდევს.

დღევანდელ გამწვავებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს, რომელიც, თუ მას ღრმად ჩავუკვირდებით, მთავარ მიზეზად უნდა მივიჩნიოთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ მიმდინარე თვის – ოქტომბრის ბოლოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა უნდა გაიაროს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი კი ამ რკინიგზის მარშრუტზე მდებარე რაიონს წარმოადგენს – ჯავახეთში, სომხებით დასახლებულ რეგიონში. გვახსოვს, თუ როგორ ცდილობდნენ ადგილობრივი სომხები, ერევნის წაქეზებით, უკმაყოფილების გამოხატვას რკინიგზის მშენებლობის გამო და ჯავახეთისათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებას, უფრო მეტსაც – თვით სომხეთთან მიერთებასაც კი მოითხოვდნენ. აზერბაიჯანისათვის ასეთი სცენარები უცხო არ არის. ამიტომაც ჯავახეთი ის სუსტი წერტილია, რომელსაც ყოველ წუთს შეუძლია ააფეთქოს ქართულ-სომხური ურთიერთობები.

ამ ფონზე შემთხვევითი არაა ისიც, რომ თბილისი უკვე მეოთხე თვეა აგრემანს (ნებართვას) არ აძლევს საქართველოში სომხეთის ელჩობის კანდიდატს სერგეი მინასიანს, რადგან იგი წარმოშობით ჯავახეთიდანაა და პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. როგორც სომხეთში თვლიან, „საქართველო იმიტომ იკავებს თავს სერგეი მინასიანის ელჩის რანგში მიღებაზე, რომ იგი სომხეთის კი არა, რუსეთის წარმომადგენელი იქნებაო“, მაგრამ ასეთი მსჯელობა ზედაპირულია და აი, რატომ: როგორც ჩანს, სომხებმა იმიტომ შეარჩიეს იგი ელჩობის კანდიდატად, რომ  მას, ალბათ, მნიშვნელოვანი როლი აქვს დაკისრებული – ჯავახეთის ჩამოშორება საქართველოსაგან. რასაკვირველია, თბილისს ეს კარგად ესმის.

ის, რომ სერგეი მინასიანმა ელჩად დანიშვნაზე აგრემანს ვერ იღებს (და, ალბათ, ვერც მიიღებს), ბევრ რამეს ნიშნავს. საინტერესოა, რომ ამ საკითხში წარმოქმნილი კრიზისი ვერ მოგვარდა ერევანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობის შედეგადაც კი. იგივე ვითარებაა რამდენიმე დღის წინათ თბილისში სომხეთის პარლამენტის სპიკერის არა ბაბლოიანის ვიზიტის შემდეგაც: თბილისის პოზიცია მტკიცე და ურყევია – სერგეი მინასიანის საქართველოში ელჩად დანიშვნა შეუძლებელია.

ცხადია, ქართულ-სომხურ ურთიერთობებში ელჩის დანიშვნის საკითხი ერთადერთი პრობლემა არაა, რომელიც ტესტის როლს ასრულებს. მაგალითად, თბილისი სამართლიან შეშფოთებას გამოხტავს, როცა სომხეთი თავისთან იღებს აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრს“ და შემდეგ ხელს უწყობს მას მთიან ყარაბაღში ჩასვლის მიზნით. ასეთი ფაქტების შემდეგ კი სომხები ჩივიან – საქართველო აზერბაიჯანის პოზიციას ეთანხმებაო… მოკლედ, აშკარაა, რომ საქართველო-სომხეთის საგარეოპოლიტიკური ორიენტირები ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავდება. ამის დამადასტურებელი ფაქტები უამრავია, მათ შორის ისიც, რომ სომხეთმა ერთი თვის წინ უარი განაცხადა თბილისის ახლოს ნატოს სამხედრო წრთვნებში მონაწილეობაზე – ვაითუ რუსეთს ეწყინოსო.

საქართველო და აზერბაიჯანი, სომხეთისაგან განსხვავებით, ყველა მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონულ პროექტებში მონაწილეობენ, რომლებიც ჩვენი ეკონომიკური განვითარების წყაროდ ითვლება, სომხეთი კი, თავისი აგრესიულ-ანექსიონისტური კურსის წყალობით, „თავისი ხაზგასმული „უძველესობითა“ და „სხვებისაგან გამორჩეულობით“, ამ პროექტებისაგან განზე რჩება. საქართველომ, ისევე როგორც აზერბაიჯანმა, საკუთარ ტყავზე გამოსცადა, რას ნიშნავს ღალატი და სეპარატიზმი. ამიტომაც არის თბილისი სოლიდარული ბაქოსთან. ამიტომაც არის საქართველოსა და სომხეთის გზები განსხვავებული“.

«Forbes» (აშშ), 03 ოქტომბერი, 2017 წელი
https://www.forbes.com/sites/stephanrabimov/2017/10/03/georgias-tourism-strategy-is-starting-to-pay-off/#417b8313316d

საქართველოს ტურისტულ სტრატეგიას შემოსავალი მოაქვს

„საქართველო ტურიზმის განვითარების საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება. აბა, შეეკითხეთ ჯასპერ ბლეიქსს, რას გიპასუხებთ. როცა ეს ჰოლანდიელი ტურისტი რამდენიმე თვის წინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, იგი, მისთვის მოულოდნელად, ქვეყნის მეექვსემემილიონე სტუმრად იქცა. ჯასპერს მეფური მიღება მოუწყეს, მას თვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირადად შეხვდა და რესტორანში ივახშმა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – სტეფენ რაბიმოვი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. ავტორი აღნიშნავს, თუ როგორ ცდილობს ქვეყნის ხელისუფლება უცხოელი ტურისტების მიზიდვას, მათთვის საუკეთესო პირობების შექმნას, ახალი ტურისტული მარშრუტების ორგანიზებას. სტატიაში საუბარია როგორც ქართულ ტრადიციულ ეროვნულ სამზარეულოზე, ასევე ღვინის დაყენების წესზე, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებზე და ა.შ.

„საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია ტურიზმის განვითარებაში: თუ 2011 წელს ქვეყანას, რომელიც ევროპას, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის მდებარეობს,  მხოლოდ 2,8 მილიონი სტუმარი ეწვია, უეცრად, სამიოდე წლის შემდეგ, საქართველომ, თითქოსდა მსოფლიოს ყველა მოგზაურის რადარზე მოხვდაო, 2015 წელს ყველაზე ტურისტული ქვეყნების სიაში 54 ადგილიდან 25-ე ადგილზე გადაინაცვლა. ეს ქვეყანა ასევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად ღვინის მოყვარულებისათვის“, – აღნიშნულია სტატიაში.

ტურისტების „შემოსევა“ ხელს უწყობს ინვესტიციების მიზიდვას და ტურიზმის დარგის განვითარებას. საქართველოს მთთავრობა აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან ტურიზმის განვითარების სტრატეგიის საკითხებში, რათა ქვეყანაში სულ უფრო მეტი „ფულიანი და მდიდარი“ ტურისტი შევიდეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარეობის სანიმუშო ქვეყანა. ქართველები თბილ ურთიერთობას ავლენენ უცხოელებისადმი, რითაც ადასტურებენ გადმოცემას, რომ მათ ქვეყანა „უფალმა აჩუქა“. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველოს შავი ზღვის კურორტები მილიონობით დამსვენებელს იღებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა ნეგატიურმა მადესტაბილიზებელმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა პროცესებმა თავისი დაღი ტურიზმის სფეროსაც დაამჩნია: დაინგრა ინფრასტრუქტურა, გამეფდა კორუფცია, მკვეტად შემცირდა ტურისტების რაოდენობა…

დღეს საქართველოს თითქმის ყველა პირობა აქვს ტურიზმის განვითარებისათვის: ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალში ჩვენ ვხედავთ იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტებს, ალპურ ზონაში მდებარე სოფლებს თავისი შუასაუკუნეობრივი მონასტრებით… ასევე ეროვნულ-ტრადიციულ სამზარეულოს. მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიისათვის, ალბათ, მაინც ქართულ ღვინოს აქვს, ღვინის მარშრუტებს, რომელიც კახეთით იწყება და შემდეგ სხვა რეგიონებშიც გრძელდება. საქართველოში ღვინის დამზადების ჩინებული ტრადიციები არსებობს, მათ 8 ათასი წლის ისტორია აქვს. აქ არიან ქალაქები, რომლებიც იტალიურ ტოსკანას მოგვაგონებენ. აქ არის ვაზისა და ყურძნის ასობით ჯიში, რომლებისგანაც სხვადასხვა არომატისა და ფერის ღვინოს ამზადებენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღწერილია კახეთის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციები, ქვევრში ღვინის დაყენების წესი. საუბარია ამერიკელი ჯონ ვუნდერმანის კომპანიაზე („ხოხბის ცრემლები“), რომელიც ღვინის დამზადება-ჩამოსხმაზეა დასპეციალებული: „ჯონს და მის ქართველ ცოლს ქეთევანს განსაკუთრებული წესი აქვთ შემუშავებული საუკეთესო ღვინის დასაყენებლად. კომპანიის ღვინოებს დანიის რესტორნებშიც შეხვდებით“, – წერს ავტორი.

სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმატებული საქმიანობა. ამ სამთავრობო სტრუქტურაში ბევრი ისეთი ახალგაზრდა მუშაობს, რომლებმაც განათლება დასავლეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღეს და ახლა თავიანთ ცოდნა-პროფესიონალიზმს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას ახმარენ.

ავტორი ყურადღებას უთმობს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უცხოელი ტურისტების მიზიდვას. სტატიაში აღწერილი ერთ-ერთი ასეთი მცირე კომპანიის საქმიანობა, რომელიც ჩურჩხელას აწარმოებს.

ტურიზმის ამასწინანდელ ფორუმზე საქართველოს მთავრობამ მონაწილეებს თავისი ამბიციური გეგმები გააცნო, რომელიც ორ წელიწადში 25 ახალი თანამედროვე სასტუმროს აგებასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ გაუმჯობესებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით შავიზღვისპირეთში. საქართველოს მიზანია, რომ 2025 წლისათვის ტურიზმისაგან მიღებული შემოსავლები 6,6 მილარდ დოლარამდე გაზარდოს.

Comments are closed