«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): ილუზიებთან განშორება ნატოს მისაღებში // საქართველოს მმართველმა პარტიამ პარლამენტის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ ქვეყანაში საზეიმო განწყობა მაინც არ შეინიშნება
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პარლამენტის კონტურები ბუნდოვანებით მოცული კონფიგურაციით
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პოლიტიკური ენდშპილი „რესპუბლიკელთა“ დაფაზე
—–
«The New York Times» (აშშ): „რუსეთში იოსებ სტალინი ბრუნდება“ – „ინტერნეიშენელ ჰერალდ თრიბიუნის“ 1966 წლის პუბლიკაცია (რა თქვა ლეონიდ ბრეჟნევმა თბილისში ყოფნის დროს)
———————-
«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 03 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.nzz.ch/international/europa/ernuechterung-im-warteraum-der-nato-ld.125736
ილუზიებთან განშორება ნატოს მისაღებში
საქართველოს მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ ქვეყანაში საზეიმო განწყობა მაინც არ შეინიშნება
„სამხრეთკავკასიური რესპუბლიკის – საქართველოს სამომავლო განვითარების შანსები დღეს „ქართული ოცნებისა“ და მისი არაფორმალური ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის ხელშია. პარტიამ, რომელიც საქართველოს წინა ოთხი წლის განმავლობაში მართავდა, დღეს უნდა გადაწყვიტოს – გააგრძელებს თუ არა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – სილვია შტოიბერი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ არჩევნების დროს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძლიერი გავლენა შეიმჩნეოდა – ადამიანისა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, შემდეგ კი საქართველოში პარტია „ქართული ოცნება“ დაარსა და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა, რომელსაც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.
ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთი წელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი პოლიტიკიდან წასვლა ოფიციალურად გამოაცხადა. თუმცა, როგორც „მთავრობის ყოფილი წევრები ამბობენ, მილიარდერი დღესაც აძლევს მოქმედ მინისტრებს მითითებებს და როგორც ჩანს, მთავრობის მართვას „უხილავი ძაფებით“ მომავალშიც გააგრძელებს“.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არჩევნების მეორე ტურში რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჯერ ერთი, რომ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში დაწესებული 50%-იანი ბარიერი მმართველმა პარტიამ თავის სასარგებლოდ კარგად გამოიყენა. მეორე – „ქართული ოცნების“ კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის დროს არც თუ ისე იშვიათად სარგებლობდნენ ადმინისტრაციული რესურსით; მესამე – აშკარაა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში „ქართული ოცნების“ მთავრობის გავლენა არ გაზრდილა არც ეკონომიკაში ჩარევით და არც ზეწოლით მასმედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. შესაბამისად, მოსახლეობამ ასეთი ტენდენცია დადებითად შეაფასა.
საარჩევნო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის „აჩრდილიც დადიოდა“: მართალია, იგი უკრაინის მოქალაქეა, ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობს, მის მიმართ საქართველოში სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი მეტ-ნაკლებად მაინც ერეოდა წინასაარჩევნო ბრძოლაში. ამასთან, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩარევამ არჩევნებში მისივე პარტიას მხოლოდ ზიანი მოუტანა: საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტში მხოლოდ 27 ადგილი მიიღო. ახლა ამ ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიის წინაშე ამოცანა დგას, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მოსახლეობაში არაპოპულარულ მიხეილ სააკაშვილთან და საერთოდ, ვინ იქნება მისი მემკვიდრე პარტიის ხელმძღვანელის რანგში.
პარლამენტში ვერ მოხვდნენ ვერც ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ და ვერც დავით უსუფაშვილის „რესპუბლიკელები“, რომლებიც საქართველოში მნიშვნელოვან ლიბერალურ ძალებს წარმოადგენენ. მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა საკუთარი პარტიების რიგები დატოვეს, მათი ორგანიზაციებში დაშლის პროცესი დაიწყო. ახლა გაურკვეველი ხდება საკითხი, შეიქმნება თუ არა ახალი ლიბერალური ძალა და ვინ იქნება მისი ლიდერი. სხვათა შორის, ორივე – ალასანიაც და უსუფაშვილიც ბოლო დროს ერთგვარი საყვედურით ლაპარაკობდნენ დასავლეთზე, რომელმაც საქართველოს ქმედითი მხარდაჭერა არ გაუწია. მხედველობაშია უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში, რომლის შემოღება გაჭიანურდა, თუმცა საქართველოს ყველა პირობა აქვს შესრულებული ამისათვის.
იმ ფონზე, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ვერც ნატოში და ვერც ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, დღის წესრიგში დგება საკითხი, თუ როგორი საგარეოპოლიტიკური მიზნები ექნება ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას ევროატლანტიკური მიმართულებით.
„ევროკავშირთან შეთანხმებებს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ საქართველოს ეკონომიკისათვის რაიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არ მოუტანია. ორვე დოკუმენტის რეალიზება რთულ პრობლემებს უკავშირდება – საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტებისა და ნორმების ერთმანეთთან შეუთავსებლობას“, – აღნიშნულია სტატიაში.
მოსახლეობა თანდათან გამოდის ილუზიებიდან ევროკავშირ-ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამით კარგად სარგებლობენ ულტრაკონსერვატიული, ულტრანაციონალისტური და რუსეთუმე ძალები – ამის დამადასტურებელი მაგალითია ის, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საკანომდებლო ორგანოში 6 ადგილი მოიპოვა. „პატრიოტთა ალიანსისა“ და ასევე პრორუსული ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმატება უფრო აშკარაა აჭარაში, სადაც მათ საქართველოს სამხრეთი მეზობლის – თურქეთისადმი მოსახლეობისადმი შიშის ფაქტორით ისარგებლეს და ადგილობრივ პარლამენტში მათ ხმების 12% მიიღეს. „პატრიოტები“ თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიაში განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის განცხადებებს ოსმალეთის ყოფილი იმპერიის აღდგენის თაობაზე, რომლის შემადგენლობაში თეორიულად შეიძლება აჭარაც აღმოჩნდესო. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლომია კი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს, ფაშისტური გერმანიის რეიხსკანცლერ ადოლფ ჰიტლერს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს – სამივეს ერთ რიგში აყენებს. ამასთან, იგი არ ეთანხმება იმ ბრალდებას, თითქოსდა „პატრიოტთა ალიანსი“ ჰომოფობიურ- ქსენოფობიური იდეების ერთგულია და ხაზგასმით აცხადებს, მისი პარტია დემოკრატიული ხასიათისაა – პატრიოტები“ ორიენტირებულნი არიან ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილზეო. არადა, სწორედ ეს უმეტესი ნაწილი გამოდის აქციებით სექსუალური და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ, – აღნიშნავს ავტორი.
სულ მალე გახდება ცნობილი, მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“ ამგვარი განწყობების მხარდსაჭერად: უკვე დაწყებულია ლაპარაკი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ოჯახის რაობას ეხება. მასში აღნიშნული იქნება, რომ ოჯახის შექმნა (დაქორწინება) მხოლოდ ქალს და მამაკაცს შეუძლიათ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს აეჭვებთ აგრეთვე ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები მმართველი პარტიიდან – რუსეთთან დაახლოებისა და ამ მიზნით გარკვეულ დათმობებზე წასვლის მზადყოფნის შესახებ.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/parliament-georgia-new/3579680.html
პარლამენტის კონტურები ბუნდოვანებით მოცული კონფიგურაციით
ნინო დალაქიშვილი
ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს 2016 წლის პარლამენტის შემადგენლობა ცნობილია, დღის წესრიგში საპარლამენტო პოსტების გადანაწილების საკითხი დგას. დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ინტენსიურ მოლაპარაკებებსა და განხილვებში იყო ჩართული. მეტ-ნაკლებად დადასტურებულად მხოლოდ ერთი პოზიციის თაობაზე ჟღერდება შეჯერებული ინფორმაცია და ეს პარლამენტის თამჯდომარის ვინაობას შეეხება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები არაოფიციალურად ადასურებენ, რომ ამ თანამდებობაზე შესაძლოა ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი შეიძლება ვიხილოთ. უმრავლესობის ლიდერად არჩილ თალაკვაძე მოიაზრება, ვიცე-სპიკერებად თამარ ჩუგოშვილისა და გია ვოლსკის კანდიდატურები სახელდება. ასევე მიმდინარეობს განხილვები შემდეგი პოზიციების ირგვლივ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად – სოფო ქაცარავა, განათლების კომიტეტის ხელმძღვანელად – მარიამ ჯაში, იურიდილი კომიტეტის ხელმძღვანელად კი მერვე მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია.
ერთადერთი, რაზეც დღეს ოცნების გუნდის წევრები ღიად საუბრობენ, არის ის, რომ პრემიერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები კანდიდატების შესახებ და ამის მეტი ინფორმაცია არ გაჟღერდება. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, „ჩემს სპიკერობაზე, ფრაქციის თავმჯდომარეობაზე ვრცელდება ინფორმაცია. ზოგადად, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგი მათგანი ნამდვილია, ზოგი განხილვის პროცესშია, თუმცა კანდიდატურები მართლაც ის არის. მაგრამ სანამ ბლომდე არ დასრულდება განხილვები, დამატებითი განცხადება გარდა იმისა, რაც ახლა გავაკეთე, არ იქნება“.
ანალოგიური შინაარსის განცხადებას ოცნების სხვა დეპუტატების აკეთებენ. ირაკლი სესიაშვილი, წინა მოწვევის პარლამენტში უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს: „მე მესმის, რომ ინტერესი დიდია, არც ისე ბევრი დრო დარჩა პოლიტსაბჭოს შეკრებამდე, სწორედ პოლიტსაბჭოზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. კონსულტაციები მიმდინარეობს“.
ამ დრომდე ოპოზიცია შეფასებების გაკეთებას ერიდება. როგორც ჩანს ყველა უცდის კვირა დღეს, როდესაც პოლიტსაბჭოს შეკრებაა ჩანიშნული და რის შემდეგაც კანდიდატები ოფიციალურად დასახელდებიან. კვირასვე შესაძლოა მთავრობის ახალი შემადგენლობა იყოს წარდგენილი.
„ამერიკის ხმასთან“ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ ისაუბრა, რომელსაც ვთხოვეთ შეეფასებინა გენდერული თანაფარდობის მხრივ ახალი პარლამენტი. „ჩვენი მოლოდინები ისეთი იყო, რა შედეგიც მივიღეთ არჩევნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, პარლამენტმა არ მიიღო ჩვენი ინიციატივა გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით. დღევანდელი მონაცემებით, ესაა 24 ქალი პარლამენტში, ანუ 16 პროცენტი. ესაა ოდნავ გაზრდილი მაჩვენებელი (წინა მოწვევის პარლამენტში ქალები 11 პროცენტს წარმოადგენდნენ), თუმცა ეს არაა ის კრიტიკული მასა, ჩვენი აზრით, რომელმაც შეიძლება მოახდინოს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე და ქალთა უფლებებზე. იმისთვის, რომ რაღაც ძვრა იყოს და მივიღოთ გენდერულად სენსიტიური კანონები, რომლებიც მორგებული იქნება ქალების საჭიროებაზე, როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, საჭიროა მინიმუმ 30 პროცენტი ქალები პარლამენტში. ამასთან, ჩვენ ჯერ–ჯერობით ვერ ვგრძნობთ, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალები იყვნენ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, რომ ჰქონდეთ ერთიანი მიდგომა იმ საკითხების ირგვლივ, რაც ეხება ქალთა უფლებებს. რასაკვირველია, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რადგან 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობამ გაითვალისწინოს თავის პოლიტიკაში ქალების, კაცების და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროება. თუ ქალები არ იქნებიან თვითმმართველობაში, რთული იქნება ამ საჭიროებების ადვოკატირება“.
საპარლამენტო ცხოვრების ახალი რაუნდის დაწყების წინ ქვეყანში მძიმე ვითარებაა ეროვნული ვალუტის მდგომარეობის თაობაზე. წინა მოწვევის პარლამენტის წევრების ერთ–ერთი ბოლო მივლინება კი არც თუ წარმატებულად დასრულდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო სხომაზე 13 ოქტომბერს, სტრასბურგში როდესაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია გადიოდა, იქ მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ამჯობინა დარბაზში საერთოდ არ დარჩენილიყო. ამდენად საქართველოს მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებით არ დაფიქსირებულა. ჯერი ახალ პარლამენტზეა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 03 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-more-leading-members-quit-republican-party/3575771.html
პოლიტიკური ენდშპილი „რესპუბლიკელთა“ დაფაზე
ზაზა წულაძე
საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქართული პოლიტიკური პარტიების პროდასავლურ ფრთაზე დაწყებულმა პოლიტიკურმა მიწისძვრამ, „თავისუფალი დემოკრატების“ შემდეგ, რესპუბლიკური პარტიაც ჩაიყოლა.
საქართველოს ყველაზე ძველი, 1978 წელს დაარსებული პარტია, საარჩევნო ფიასკოს (1,55%) შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით, უკვე დატოვეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ფრიდონ საყვარელიძემ. ეს პროცესი კიდევ გრძელდება.
განხეთქილების მთავარი მიზეზი რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო და პოსტსაარჩევნო სტრატეგია გახდა. პარტიაში დარჩენილები მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკელებს გაცილებით ადრე უნდა დაეტოვებინათ მმართველი კოალიაცია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, სამთავრობო პორტფელებიც, რათა ელექტორატს ისინი ისევ ოპოზიციურ ძალად აღექვა. რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე ხათუნა სამნიძე, კერძოდ, ამბობს: „არჩევნების შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის როლი კოალიციურ ერთობაში იყო მცდარი გზა. ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიციურ პარტიად, ძალიან გვიან გამოვედით კოალიციიდან. ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა. რესპუბლიკური პარტიის მომხრეებმა ასოცირება გააკეთეს „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენი ამომრჩეველი დავკარგეთ.“
მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელები ერთ-ერთ მთავარ კოალიციურ პარტნიორად პოლიტიკაში შემოსვლისთანავე, 2011 წლის შემოდგომაზე აირჩია. მალევე პარტიამ, რომელსაც მაშინ დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, სხვა კოალიციური მოკავშირეების მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-სტრუქტურებიდან დაფინანსების სახით – მილიონ 100 000 ლარი მიიღო. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკელებმა პარლამენტში 9-კაციანი ფრაქცია შექმნეს და რაც მთავარია, პირველად პარტიულ ისტორიაში, პარლამენტის თავჯდომარის პოსტი მიიღეს. ამას გარდა,, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ და შერიგების უპორტფელო მინისტრად ასევე რესპუბლიკელები დაინიშნენ.
ორი წლის შემდეგ, როცა მმართველი კოალიციდან სკანდალურად წავიდნენ ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელთა წონა შესამჩნევად გაიზარდა. 2015 წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილმა დავით უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მაისში კი რესპები თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრის პორტფელებსაც დაეპატრონენ.
რესპუბლიკელები ურთულეს სიტუაციაში 2016 წლის დასაწყისში აღმოჩდნენ, როცა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციური პარტნიორების ჩამოშორების პროცესი დაიწყო. უკვე აპრილში პარტიამ უცნაური სტრატეგია აირჩია – განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდოდა, ანუ დაიწყო „ქართული ოცნების“ კრიტიკა, თუმცა ივლისამდე მმართველ კოალიციაში მაინც დარჩა, მინისტრის პორტფელებისა და პარლამენტის თავჯდომარის პოსტის შენარჩუნების მიზნით. საბოლოოდ, საპარლამენტო არჩევნებზე რესპუბლიკურმა პარტიამ არსებობის 38-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენება – სულ 1,55% (27 264 ხმა) აიღო.
დავით უსუფაშვილი, რომელმაც პარტია 29 ოქტომბერს დატოვა, ამბობს, რომ კატასტროფულ შედეგზე პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს, თუმცა არ თვლის, რომ კოალიციაში 2016 წლის ზაფხულამდე დარჩენა შეცდომა იყო:
„თავისუფალი დემოკრატები“ 2014 წლიდან გაემიჯნენ კოალიაციას და ოპოზიციურ ფლანგზე იყვნენ, ჩვენზე უკეთესი შედეგი აჩვენეს 8 ოქტომბრის არჩევნებზე, მაგრამ ეს შედეგი არც პარლამენტში მოსახვედრად აღმოჩნდა საკმარისი და არც იმისთვის, რომ შემდგომი პოლიტიკური საქმიანობა გაეგრძელებინათ. ამიტომ, ასე მარტივად, აი, მაშინ რომ გამოვსულიყავით და ეს ასე იქნებოდა, არ არის საქმე. მე არ ვთვლი, რომ მაგალითად, თავდაცვის მინისტრს უნდა მიეტოვებინა სამინისტრო ვარშავის სამიტის წინ. რომ ეს იქნებოდა პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება და ქართველი ხალხი ამას მეტად დაგვიფასებდა არჩევნებზე. ჩვენ ერთად მივაღწიეთ წარმატებას, 2012 წლის არჩევნებზე, კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, ეს წარმატება ვისი დამსახურება უფრო იყო, ახლა, ამას ხომ არ ვწონით და ვზომავთ?! წარუმატებლობის დროს, არის ხოლმე ასე – თითის გაშვერა იქეთ-აქეთ“.
მერვე მოწვევის პარლამენტის თავჯდომარის თქმით, მას და კიდევ რამდენიმე ცნობილ „რესპუბლიკელს“, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდათ შემოთავაზება, რომ დაეტოვებინათ რესპუბლიკური პარტია, კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად ეყარათ ან სხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა დაეკავებინათ, თუმცა ამაზე უარი თქვეს. დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირებას 2017 წლის გაზაფხულისთვის ფიქრობს და ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად გამორიცხავს. უსუფაშვილი ამბობს, რომ ყველასთან ექნება კონსულტაცია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.
———————-
«The New York Times» (აშშ), 03 ნოემბერი, 2016 წელი
„ინტერნეიშენელ ჰერალდ თრიბიუნი“, 1966 წელი: „რუსეთში იოსებ სტალინი ბრუნდება“
გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსი“ აქვეყნებს 50 წლის წინ – 1966 წლის სამ ნოემბერს გაზეთ „ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბიუნის“ მასალის რეტროსპექტივას:
„მოსკოვი. დღეს საბჭოთა პარტიულმა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთი მიმდინარე კულტურული რევოლუციის გამო და ქება-დიდება უძღვნა იოსებ სტალინს, ძველ ბოლშევიკს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1917 წლის რევოლუციაში. ზოგადად, ისტორიის საბჭოურ სახელმძღვანელოებში არასოდეს არ უარყოფდნენ სტალინის დამსახურებას რევოლუციის საკითხში, მაგრამ რადგანაც 1956 წელს დესტალინიზაციის კამპანია დაიწყო, კრემლის ლიდერები ბოლო წლებში საბჭოთა ბელადის სახელის ხსენებას ერიდებოდნენ და მით უმეტეს, დიქტატორს არ აქებდნენ.
ლეონიდ ბრეჟნევმა კი, რომელიც თბილისში, იოსებ სტალინის სამშობლოს დედაქალაქში სიტყვით გამოვიდა, ერთ წამში მოსახლეობის ოვაცია დაიმსახურა: მან მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოს როლი რევოლუციაში და განაცხადა: „იმ ბოლშევიკებს შორის, რომლებიც ხალხს ესაუბრებოდნენ და რევოლუციისაკენ მოუწოდებდნენ, იყო იოსებ სტალინიც“.
———
შენიშვნა: „ინტერნეიშენელ ჰერალდ თრიბიუნი“ 2016 წლის ოქტომბრამდე გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ის ევროპულ გამოცემას წარმოდგენდა, აღნიშნული თარიღიდან კი ორივე გაზეთის სრული ინტეგრაცია განხორციელდა.