«Deutsche Welle» (გერმანია): ვლადიმირ პუტინი და რეჯებ ერდოღანი: მეგობრობიდან მტრობამდე ერთი ნაბიჯია
«Радио Эхо Москвы» (რუსეთი): „საქართველო თითქმის ნახევრად უკვე თურქულია, განსაკუთრებით აჭარა“
«Вестник Кавказа» (რუსეთი): ინტერვიუ კონსტანტინ კოსაჩოვთან: პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში
—————–
«Deutsche Welle» (გერმანია), 3 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.dw.com/ru/комментарий-путин-разрывает-дружбу-с-эрдоганом/a-18890497
ვლადიმირ პუტინი და რეჯებ ერდოღანი: მეგობრობიდან მტრობამდე ერთი ნაბიჯია
ინგო მანტოიფელი
ყველაზე უძლიერესი ლიდერები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები – მხოლოდ ადამიანები არიან. და როგორც ყოველი ადამიანი, პრეზიდენტებიც ბოროტდებიან, ბრაზდებიან, იმედები უცრუვდებათ, სწყინთ, როცა მათ ეჩვენებათ, რომ მეგობრებმა უღალატეს. მაგრამ რიგითი ადამიანებისაგან განსხვავებით, სახელმწიფოს მეთაურებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ თავიანთი გაბოროტება, გაბრაზება იმ პიროვნების მიმართ, ვინც მათ აწყენინა, უფრო ძლიერ და [მასშტაბურად] გამოხატონ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში ყოველწლიური გამოსვლა იმისთვის გამოიყენა, რომ რუსული საზოგადოებისა და პოლიტიკოსებისათვის ეჩვენებინა – მან საჯაროდ გაწყვიტა ურთიერთობა თავის აწ უკვე ყოფილ მეგობართან – თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანთან. არადა, სულ რამდენიმე კვირის წინათ რეჯებ ერდოღანი მოსკოვში იყო ჩასული და ვლადიმირ პუტინთან ერთად მონაწილეობა მიიღო რუსეთის უდიდესი მეჩეთის გახსნაში. ორივე პრეზიდენტმა ისეთი მეგობრული ტონით ილაპარაკა, რომ გეგონებოდა, მათი ურთიერტობა კიდევ უფრო განმტკიცდებოდა.
მაგრამ თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ვლადიმირ პუტინისათვის მსოფლიო 180 გრადუსით შეტრიალდა: მისთვის თურქეთი და პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი მტრის ახალ ხატს წარმოადგენს. მართალია, ვლადიმირ პუტინს თავის გამოსვლაში თურქი კოლეგის სახელი არ მოუხსენებია, მაგრამ თურქეთის მმართველ ელიტას, ქვეყნის ხელმძღვანელობას ტერორისტების ხელშემწყობები უწოდა და განაცხადა, რომ თურქები ბევრჯერ ინანებენ რუსეთისადმი ასეთ მოღალატურად გადადგმულ ნაბიჯს. უფრო მეტი ეფექტისათვის ვლადიმირ პუტინმა ექიდნურად, არადიპლომატიურად დაამატა, რომ „როგორც ჩანს, თურქეთთის მმართველი ხროვა ალაჰმა დასაჯა – მათ გონება დაუბნელა და აზროვნების უნარი დაუკარგა“. რუსული ენიდან ეს სიტყვები ასე შეიძლება გადმოითარგმნოს: „ჩვენს მეგობრობას სამუდამოდ ბოლო მოეღო!“.
ამასთან, ვლადიმირ პუტინმა თურქეთისადმი პირდაპირი სამხედრო პასუხი გამორიცხა, მაგრამ დაიმუქრა – სერიოზულ საჯარიმო ზომებს გამოვიყენებთო. არაა გამორიცხული, რომ მას მხედველობაში აქვს უარი გაზსადენ „თურქული ნაკადის“ პროექტზე ან ატომური ელსადგურის მშენებლობის შეწყვეტა.
რუსეთის პრეზიდენტის გააფთრებული შეტევა, რასაკვირველია, არაა განპირობებული მხოლოდ პირადი წყენით და რეჯებ ერდოღანის ღალატითა და მზაკვრული მოქმედებით. ვლადიმირ პუტინის ანტითურქულ რიტორიკაში აშკარად კრემლის პოლიტიკური გათვლები იმალება: უკრაინის კრიზისის დროს დაგროვილი ანტიდასავლური რიტორიკის გამოცდილება, მისი მთელი სიმძლავრე ახლა თურქეთზე გადაამისამართოს. ეს ნაბიჯი კარგად თავსდება რუსული სტრატეგიის ჩარჩოებში, რომლის მიზანს რუსეთის ანტიდასავლური იზოლაციის გარღვევა წარმოადგენს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კოალიციის დახმარებით. tანაც ამ დროს შენარჩუნებულია „ალყაში მოქცეული ციხე-სიმაგრის“ იმიჯი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შიგნით ხელისუფლების განსამტკიცებლად. ამის პარალელურად, პარიზში მომხდარი ისლამისტური ტერაქტების შემდეგ, კრემლი ცდილობს განხეთქილება შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების – საფრანგეთისა და თურქეთის ურთიერთდამოკიდებულებაში.
არ უნდა დავიოვიწყოთ ის გარემოებაც, რომ ვლადიმირ პუტინისა და რეჯებ ერდოღანის ბოლო წლების მეგობრობა ისტორიული ანომალია იყო. რუსეთ-თურქეთის (ოსმალეთის) ურთიერთობა ასწლეულების განმავლობაში უმწვავესი გეოპოლიტიკური წინააღმდეგობებით განისაზღვრებოდა. ამიტომაც ჩვენ, ალბათ, ასეთი დასკვნა უნდა გავაკეთოთ: მოსკოვისა და ანკარის ურთიერთობის გაუარესება იმას ნიშნავს, რომ მხარეები თავიანთ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ – მდგომარეობას, რომელიც განუსაზღვრელი დროით შეიძლება გაგრძელდეს.
«Радио Эхо Москвы» (რუსეთი), 3 დეკემბერი, 2015 წელი
http://echo.msk.ru/programs/personalno/1669632-echo/
„საქართველო თითქმის ნახევრად უკვე თურქულია, განსაკუთრებით აჭარა“
რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში სამ დეკემბერს გადაიცა ინტერვიუ ცნობილ რუს ჟურნალისტ მაქსიმ შევჩენკოსთან (პროგრამა „განსაკუთრებული თვალსაზრისი“, წამყვანი – დარია პეშიკოვა). ბუნებრივია, საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ეერთ უმწვავეს საკითხს – ახლო აღმოსავლეთის პრობლემას, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს…
გთავაზობთ ამონარიდს მაქსიმ შევჩენკოს ინტერვიუიდან, რომელიც საქართველოს ეხება:
„გასაგებია, რომ სამხრეთ კავკასია რუსეთისა და თურქეთის ერთგვარი პარიტეტული ინტერესების ზონას წარმოადგენს. აქ არის საქართველო, რომელიც თითქმის ნახევრად უკვე თურქულია, განსაკუთრებით აჭარა, ბათუმი, [ეს ტენდენცია] ფოთშიც კი შეინიშნება. აჭარაში აეროპორტი ფაქტიურად თურქებს ეკუთვნის, მათი ინვესტიციებითაა აშენებული. თურქეთი საქართველოს თავისი სასიცოცხლო ინტერესების ზონად მიიჩნევს, მაგრამ რუსეთიც ასევე თვლის, რომ საქართველო მისი სასიცოცხლო ინტერესების ზონაა, მისი გავლენის სფეროა. იქ, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარები არიან დისლოცირებული. ქართველები აცხადებენ, რომ ეს მათი თერიტორიაა, ჩვენ კი ვთვლით, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ასეა თუ ისე, ეს ტერიტორია ვიღაცის ვიღაცასთან კონფლიქტისა და შეტაკების ზონაა.
მე ვლაპარაკობ სტრატეგიულ პერსპექტივაზე, ანუ იმის შესახებ, რასაც სამომავლოდ ვხედავ. სირია, ჩემი აზრით, სამხედრო დაპირისპირების კერაა, კავკასიაში კი – რუსეთისა და საქართველოს ინტერესები [ერთმანეთს არ ემთხვევა]“.
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 4 დეკემბერი,2015 წელი
http://www.vestikavkaza.ru/material/148082
ინტერვიუ კონსტანტინ კოსაჩოვთან: პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში
პროგრამა „ტრიბუნის“ სტუმარია რუსეთის ფედერალური საკრებულოს ზედა პალატის – ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვი, რომელსაც ჟურნალისტი ვლადიმირ ნესტეროვი ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკებთან ურთიერთობა გააქტიუირა. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია რუსეთის მჭიდრო ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიის სახელწმიფოებთან, საიდანაც ირანისაკენ პირდაპირი გზა იხსნება?
- პოლიტიკური ფაქტორები რომ არ არსებობდეს, ჩვენი თანამშრომლობა უსაზღვრო იქნებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობითთ პოლიტიკა ურთიერთობაში ხელს გვიშლის. გარდა ამისა, შინაური აშლილობაა თვით სამხრეთ კავკასიაშიც – აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება, რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება… სახელმწიფოების ურთიერთობაში ორმხრივის ნაცვლად უპირატესობა მრავალმხრივ ფორმატებს ენიჭება. აზერბაიჯანი საკმაოდ ფრთხილად ეკიდება ევრაზიულ ინტეგრაციულ პროცესებს…
ზოგადად, სამხრეთკავკასიური სიტუაცია დინამიურად ვითარდება: რუსეთი, აშშ-საგან განსხვავებით, პარტნიორებს არჩევანის წინაშე არ აყენებს – ან ჩვენთან, ან ჩვენს წინააღმდეგ. დასავლეთი ამგვარ მიდგომას უკრაინასთან მიმართებით გვაბრალებს, მაგრამ ეს სწორი არ არის. რასაკვირველია, არ ვმალავთ, რომ ნამდვილად სასიამოვნო არაა ჩვენთვის, თუ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა ევროკავშირისაკენ ისწრაფვის და არა, ვთქვათ, ევრაზიული კავშირისაკენ, მაგრამ შეიძლებოდა პროცესების სიმწვავის შერბილება, იგივე უკრაინის შემთხვევაში: ევროასოციაციის საკითხი შეიძლებოდა უკრაინას და ევროკავშირს უფრო ზომიერად, გამწვავების გარეშე გადაეწყვიტა და რუსეთი პროცესებისაგან არ ჩამოეშორებინა.
- თუ სამხრეთ კავკასიას გადავხედავთ, უნდა ითქვას, რომ საქართველო ყოველთვის ნატოსაკენ იყურებოდა, აზერბაიჯანი კი ამგვარ შეთავაზებებს გვერდს უვლიდა. აზერბაიჯანს მხარი არ დაუჭერია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური სანქციებისათვის, დასავლეთის გარკვეული ზეწოლის მიუხედავად. სხვათა შორის, ისიც სათქმელია, რომ ანტალიაში, მსოფლიოს 20 ქვეყნის ლიდერების სამიტზე აზერბაიჯანის პრეზიდენტიც იყო მიწვეული. როგორ აფასებთ ილჰამ ალიევის მონაწილეობას ანტალიის სამიტში?
- სრულიად დადებითად. „ოცეულის“ ფორმატი იმითაა საინტერესო, რომ მასში სრულიად სხვადასხვა ქვეყნები მონაწილეობენ. რატომ ქრება ჩვენს თვალწინ ე.წ. „დიდი შვიდეული“, რომელიც ადრე „დიდი რვიანი“ იყო? იმიტომ, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე ვერცერთი მსგავსი მსოფლიო ფორუმი ვერ იარსებებს. როცა რუსეთი „დიდი რვიანიდან“ ხელოვნურად გარიყეს, დარჩა მხოლოდ საერთო ინტერესების მქონე კლუბი შვიდი ქვეყნის შემადგენლობით, ანუ აღარ არის სხვადასხვა აზრები, განსხვავებული მიდგომები პრობლემის მოგვარებისათვის.
რაც შეეხება აზერვბაიჯანის მონაწილეობას მსგავს ფორუმებში, მე ამას მივესალმები. ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელიც ბევრს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცების საქმეში.