globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 5th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Le Monde Diplomatique» (საფრანგეთი), 4 იანვარი, 2016 წელი

https://mondediplo.com/blogs/ukraine-conflict-reaches-the-caucasus

უკრაინის კონფლიქტის კავკასიური ფესვები

ფრანგული ყოველთვიური ჟურნალის „ლე მონდ დიპლომატიკის“ („დიპლომატიური სამყაროს“) ინგლისურენოვან გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა, მისი უახლესი ისტორიის ამსახველი ფაქტები, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მიზეზ-შედეგები და ა.შ. (ავტორი – იენს მალინგი).

„დამსხვრეული სვეტები, დაზიანებული ბალუსტრადები, ძირსდაცემული ქანდაკებები, ფერგადასული მოზაიკა – ეს იმის დადასტურებაა, რომ აფხაზეთი ოდესღაც დიდი იმპერიის ნაწილი იყო, მაგრამ ბერძნულის ან რომაულის კი არა, არამედ საბჭოთა იმპერიისა. აქ სოციალისტური კლასიციზმის არქიტექტურა დომინირებს, რომელიც იოსებ სტალინს მოსწონდა. შავი ზღვისპირეთის სუბტროპიკულ ზონაში მდებარე აფხაზეთი მრავალი წლის განმავლობაში არამხოლოდ კომუნისტი ლიდერების, არამედ 15 მოკავშირე რესპუბლიკაში მცხოვრები თითოეული მუშისა და გლეხის დასვენების ადგილს წარმოადგენდა.

დღეს აფხაზეთი დე-ფაქტო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, საქართველოსთან 1992-93 წლების დამანგრეველი ომის შემდეგ. ეს კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგი იყო, რომელიც 1991 წელს მოხდა. ბრძოლის მასშტაბები იმ ტყვიების კვალის მიხედვით შეიძლება მივხვდეთ, რომელიც დღესაც ჩანს სოხუმის შენობებზე. ათასობით ადამიანთა მსხვერპლის გარდა, კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაინგრა და ცეცხლმა შთანთქა შენობები, ლტოლვილ-დევნილებად იქცნენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები (მეგრელები, სვანები…). საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც გაეროს წევრთა [აბსოლუტური] უმრავლესობა, აფხაზეთს დამოუკიდებლად არ აღიარებს და ამ რეგიონის კვლავ გაკონტროლებას ცდილობს“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის ტრანსფორმაციას საქართველოს შემადგენლობაში: „1921 წლიდან აფხაზეთის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში სხვადასხვა საბჭოური კონსტიტუციებით განისაზღვრებოდა. 1990 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ავტონომია ცალმხრივად გააუქმა. მოგვიანებით განვითარებული ქაოსური პროცესების შედეგად საბჭოთა კავშირის დაიშალა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. თბილისმა უარყო აფხაზთა ინტერესები და სოხუმში ჯარი გაგზავნა“.

ავტორი აღნიშნავს, რომ „იოსებ სტალინის ეროვნული პოლიტიკის შედეგად აფხაზები საკუთარ ტერიტორიაზე უმცირესობად იქცნენ“. ამ დებულების დამადასტურებლად იგი 1989 წლის მოსახლეობის აღწერის სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს (45% ქართველები, 17,8% აფხაზები…). სტატიაში საუბარია აგრეთვე აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე: ავტორი იხსენებს რეჟისორ ზაზა ურუშაძის ანტისაომარ ფილმს „მანდარინები“, რომელშიც აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის გაქცევაა ასახული: „აფხაზეთში 1989 წელს 525 ათასი მცხოვრები იყო, 2011 წლისათვის კი მხოლოდ 241 ათასი დარჩა. მათგან უმეტესობა უკვე აფხაზი ეროვნების მოსახლეობას წარმოადგენს“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2008 წლამდე აფხაზეთი თითქმის მივიწყებული იყო. 2008 წლის ზაფხულში რუსეთ-საქართველოს „ხუთდღიანი ომი“ დაიწყო:  თბილისმა სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება სცადა, სამხედრო მოქმედებებში კი რუსეთი ჩაერია. ამ ომმა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა გააუარესა. მოგვიანებით დასავლელმა პოლიტოლოგებმა რუსეთ-საქართველოს ომს უკრაინის დონბასის მოვლენების შემამაზადებელ მოვლენად მიიჩნიეს. რუსეთისა და ევროპული პოლიტიკის შემსწავლელი პროფესორის რიჩარდ საქვას აზრით, „2008 წლის ომი რუსეთის პირველი ომი იყო ნატოს გაფართოების შესაჩერებლად“. მეორე ომი კი დონბასში 2014 წელს დაწყებული სამხედრო მოქმედებებია, რომლითაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეჭვქეშ იქნა დაყენებული.

პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული აფხაზეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ: დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება რუსეთისა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის მიერ, ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, რუსეთის სამხედრო ბაზები („სამშვიდობო მიზნით“), მოქალაქეობის საკითხი (რუსული პასპორტებით), რუსული ფინანსური დახმარების მოცულობა და აფხაზეთის ეკონომიკის მდგომარეობა (ძირითადად მზადდება სოფლის მეურნეობის პროდუქცია).. აღნიშნულია, რომ აფხაზეთში მიმოქცევაში რუსული რუბლია. სავაჭრო პარტნიორებიდან პირველ ადგილზეა რუსეთი, მეორეზე – თურქეთი. 2014 წელს აფხაზეთს მილიონამდე რუასი ტურისტი ეწვია.

„იმ დროს, როცა უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა გაუარესებულია, დასავლეთი (აშშ და ევროკავშირი) კი პროქართულ პოლიტიკას ატარებს, აფხაზურ-რუსული კავშირები მტკიცდება“, – ნათქვამია სტატიაში და ამის დამადასტურებლად განხილულია მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები, ორმხრივი მჭიდრო ინტეგრირების მიზნით. ბუნებრივია,  შეთანხმებების გაფორმება დასავლეთმა მკაცრად დაგმო (ევროკავშირი და ნატო მიიჩნევენ, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არიან მიმართულნი). „სხვათა შორის, კრიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის გავლენის გაზრდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას შეზღუდავსო, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციის თვალსაზრისს არ იზიარებს“, – წერს ავტორი და იქვე იშველიებს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებას, რომ „აფხაზეთი სხვა სახელმწიფოს ნაწილი არასოდეს არ გახდება, რუსეთი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ერთგულ დამხმარეს და უსაფრთხოების დაცვის გარანტს წარმოადგენს, რუსეთის გარეშე ცუდ დღეში ჩავვარდებოდითო“.

ავტორი მკითხველს აცნობს აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკის მიღწევებს“: რესპუბლიკის დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარა რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ, ტუვალუმ, დნესტრისპირეთმა, მთიანმა ყარაბაღმა და სამხრეთ ოსეთმა… ამ ქვეყნების დროშები საგარეო საქმეთა სამინისტროს დარბაზშია გამოფენილი.

ექსპერტ ჯორჯ ჰიუიტის აზრით, რადგანაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი უახლოეს ხანში ვერ მოგვარდება, შესაბამისად, აფხაზეთიც დასავლეთისაგან აღიარებას ვერ მიიღებს. დასავლეთს პროქართული პოზიცია უკავია, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ჩაეყარა. დღეს კი, როდესაც რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა უკრაინის გამო უკიდურესადაა გართულებული, საეჭვოა, რომ აფხაზეთის ირგვლივ სიტუაცია გაუმჯობესდეს. ეს ეხება სამხრეთ ოსეთსაც. გარდა ამისა, დასავლეთის მიერ გამოცხადებული ანტირუსული სანქციები უარყოფით გავლენას მოახდენს აგრეთვე რუსეთის ფინანსურ მხარდაჭერაზე აფხაზეთის მიმართ. ჯორჯ ჰიუიტის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა აფხაზეთის საკითხში მხარი საქართველოს დაუჭირა.

ვიაჩესლავ ჩირიკბა შეწუხებულია იმით, თუ როგორაა ასახული დასავლურ მასმედიაში  ქართულ-აფხაზური ურთიერთობა: „ამერიკა და ევროკავშირი აფხაზეთის შესახებ ყველაფერს მიკერძოებულად, საქართველოს სასარგებლოდ აშუქებს… აფხაზეთს საერთშორისო არენაზე მანევრების ძალიან მცირე შესაძლებლობა აქვს. ფაქტია, რომ ერთ მხარეს არის საქართველო, აშშ და ნატო, მეორეზე კი აფხაზეთი და რუსეთი. ეს პოლიტიკაა“.

Comments are closed