«Radio Voice of Amwerica – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან: „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება რუსეთის საქმე არაა“
«Московский комсомолец» (რუსეთი): აფხაზეთი და თურქული გამბიტი: რით ცხოვრობს რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთის მიერ გამოცხადებულ ანტითურქულ სანქციებს მხარი დაუჭირა
«Augsburger Allgemenine» (გერმანია): ქართველი განგსტერები სანადიროდ გამოდიან
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 5 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/interview-with-donald-jensen/3176470.html
ინტერვიუ დონალდ ჯენსენთან: „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება რუსეთის საქმე არ არის“
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თითქოსდა პანკისში წვრთნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და კრემლის პროპაგანდა – ამ თემებზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ნანა საჯაია ცნობილ ამერიკელ მკვლევარს – დონალდ ჯენსენს ესაუბრა.
გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:
(…)
- ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, რუსეთი დღემდე წარმატებით ახერხებდა საშინაო პრობლემებიდან ყურადღების საგარეო კონფლიქტებზე გადატანას, რასაც შიდა მობილიზაციისთვის იყენებდა და ამის პარალელურად პუტინის რეიტინგები იზრდებოდა. რატომ არ შეიძლება პუტინმა იგივე სტრატეგიას მიმართოს?
- ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გამოიყენა რუსეთმა უკრაინა მოსახლეობის მობილიზაციისთვის, მაგრამ ეს ენთუზიაზმი ახლა კლებულობს. რა არის შემდეგი ნაბიჯი? პუტინი ამ პრობლემის წინაშე დგას, მას არ შეუძლია ეკონომიკის გაძლიერება, ხალხს კიდევ უკრაინის კონფლიქტი ბეზრდება. პოპულარობის შესანარჩუნებლად ის ახალ გზებს ეძებს. მას რეჟიმისადმი ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად წლიდან წლამდე ერთგვარი შოკური თერაპია ჭირდება. ვფიქრობ ღია კითხვად რჩება შეძლებს თუ არა ის ამის გაკეთებას სამუდამოდ, ისე რომ ხალხის გაბრაზება რეჟიმის წინააღმდეგ არ მიმართოს. ამიტომაც წლევანდელი არჩევნები კრემლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- სირიაში საჰაერო კამპანიის დაწყების შემდეგ პუტინმა იზოლაციიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლა, მას უსმენენ და ელაპარაკებიან. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამის სანაცვლოდ შეიძლება რეგიონის ქვეყნებზე, მაგალითად საქართველოზე, გავლენა გაზარდოს?
- მართალია, პუტინი სირიაზე მიმდინარე დისკუსიისთვის რელევანტურ ფიგურად იქცა, სწორედ ეს იყო მისი მიზანი, ამიტომაც დაიწყო ის, რაც სირიაში დაიწყო. ყველაფრის მიუხედავად მხარეებს შორის ჯერაც პრინციპული უთანხმოებაა ასადის რეჟიმის მომავალზე და იმაზე თუ ვინაა მტერი. რუსეთი აქტიურად საუბრობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, როცა მის მთავარ მიზნად ასადის დაცვა რჩება. რუსეთს მოუწევს გადაწყვიტოს – გაწირავს თუ არა ასადს, როგორც ჩვენ ამერიკაში ვამბობთ – ჩაუგდებს თუ არა ასადს ავტობუსს. ამ საკითხის დიპლომატიურ მოგვარებას ახლო მომავალში არ ველოდები და მე არ ველოდები ისეთ შეთანხმებას, როგორიც თქვენ აღწერეთ.
- გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მებრძოლებს პანკისში წვრთნის. შეიძლება თუ არა ეს რუსეთმა გამოიყენოს საქართველოში მორიგი შეჭრის საბაბად?
- რა თქმა უნდა, ამიტომაც თქვა ეს ლავროვმა. მსგავსი რიტორიკა ხალხში ერთგვარ მოლოდინებს ქმნის. ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთი დასავლეთის მოკავშირეა, რაც მას გარკვეულ დაუსჯელობის სტატუსს ანიჭებს. თუ რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში ტერორისტები არიან და ამას პანკისში შესასვლელად გამოიყენებს, მერე ყველას ეტყვის, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო. მეორე სახიფათო საკითხია კრემლის მიერ საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევა, თითქოს კრემლს უფლება ჰქონდეს ეს გააკეთოს. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რუსეთის საქმე არ არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე საუბარი თუ ამას საქართველო არ სთხოვს და საქართველოს ეს არ უთხოვია.
- თქვენ რუსეთის პროპაგანდას იკვლევთ და მას „კრემლის საინფორმაციო ომს“ უწოდებთ. იზრდება თუ არა ეს ძალისხმევა რუსეთის სამეზობლოში?
- თუ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები უკრაინით და სირიით შეზღუდულია, კიდევ რა რესურსი რჩება მას? ვფიქრობ რუსეთს მეტი სამხედრო საშუალების გამოყენება არ სურს, ამავდროულად რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს და უკრაინის დასავლეთში ინტეგრაციას. ჩნდება კითხვა რა ბერკეტებს გამოიყენებს ის გავლენის გასაძლიერებლად. ეს არ მოიცავს მხოლოდ საინფორმაციო ომს, ეს ეხება ბიზნესებს, კულტურის საკითხებს და რაღაც დონეზე ეკლესიას. რუსეთს ამ ბერკეტების დიდი არსენალი აქვს და მათ სამიზნის მიხედვით გამოიყენებს.
- რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევის მხრივ როგორ შეადარებდით საქართველოს ამჟამინდელ და ყოფილ მთავრობებს?
- არ მიყვარს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რიგ საკითხებზე არ დგას იქ, სადაც მე ვისურვებდი რომ იდგეს. საქართველოს მთავრობა იყენებს, მულტი-ვექტორულ საგარეო პოლიტიკას იმაზე მეტად, ვიდრე მე ვისურვებდი. მე მესმის ის საგარეო წნეხი, რომელიც მას ჩრდილოეთიდან აქვს, მაგრამ ზოგიერთი საგარეო ფაქტორისადმი უფრო მტკიცე წინააღმდეგობას ვისურვებდი. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ 2012 წელს საქართველოში მთავრობის შეცვლას თან ახლდა შიშები და ქართველებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე ამის შიშები არსებობდა. კარგია რომ საქართველო დასავლეთში ინტეგრაციისკენ სწრაფვას აგრძელებს. ბიძინა ივანიშვილის წარსულის გათვალისწინებით ბევრი მას მოსკოვის ინსტრუმენტად აღიქვამდა.
ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილზე ცნობილია, იქნება ეს მისი კარიერა თუ ბიზნესი, მჭიდროდ დაკავშირებულია მოსკოვთან, ყველაფერი. რუსეთში ძალაუფლება ფულია და ფული ძალაუფლებაა. დასავლეთში ბევრისთვის კომფორტული არ არის რუსეთთან მისი კავშირები.
- საქართველო ხშირად იპყრობს საერთაშირისო ყურადღებას, იქნება ეს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული განცხადება თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე შეფასებებო, რა არის ამ ფონზე საქართველოს მთავრობის გამოწვევა საერთაშორისო არენაზე?
- 2012 წელს, როცა მთავრობა სააკაშვილმა დატოვა და ხელისუფლებაში ივანიშვილის ჯგუფი მოვიდა არსებობდა ეჭვები ქვეყნის ორიენტაციაზე. მიუხედავად სააკაშვილის ექსცენტრულობისა და პრობლემებისა, რომლებზეც ჩვენ ვიცოდით, ახალი ჯგუფისადმი კითხვები ჩნდებოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ეს კითხვები. ეს არის საერთაშორისო ყურადღების ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი უფრო დადებითია, სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებებს ყველა ქვეყანაში აკვირდება, მაგრამ ის ფაქტი რომ, საქართველოს ყურადღებას აქცევს და მის ვითარებას აფასებს ნიშნავს, რომ საქართველოს როგორც პარტნიორს უყურებს და შესაბამისად დაინტერესებულია მისი გრძელვადიანი პროგრესით. თუ საქართველო ადამიანის უფლებების კუთხით გარკვეულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს უფრო გაადვილებს მის ნატოში და სხვა დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 05 თებერვალი, 2016 წელი
აფხაზეთი და თურქული გამბიტი: რით ცხოვრობს რესპუბლიკა, რომელმაც რუსეთის მიერ გამოცხადებულ ანტითურქულ სანქციებს მხარი დაუჭირა
„თურქეთი აფხაზეთის ერთ-ერთი უახლოესი მეზობელია, სადაც მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს. ამის მიუხედავად, აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ანტითურქულ სანქციებს შეუერთდა: დროებითი შემზღუდავი ზომები ეხება თურქეთში წარმოებულ ცალკეულ პროდუქციას, რომლის იმპორტი აფხაზეთში ხდება. გარდა ამისა, აფხაზეთში, სახელმწიფო დაკვეთების ჩარჩოებში საქმიანობა შეეზღუდებათ იმ ორგანიზაციებს და კომპანიებს, რომლებიც თურქეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან. იგივე ბედი ელოდებათ თურქულ არაკომერციულ ორგანიზაციებსაც“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორი, „მოსკოვსკიი კომსომოლეცის“ სპეციალური კორესპონდენტი სვეტლანა სამოდელოვა სოხუმში იმყოფებოდა და, როგორც იტყვიან, საკუთარი თვალით დაინახა და ყურით მოისმინა აფხაზთა თვალსაზრისი ანტითურქულ სანქციებთან დაკავშირებით.
„თოვლი სუბტროპიკებში იშვიათი მოვლენაა. საოცარი სურათია: პალმებდათოვლილი სოხუმი… თუმცა ზამთრის ანომალია ქალაქელებს ხელს არ უშლის „ბრეხალოვკის“ ყავახანაში შეიკრიბნონ და დომინო წაითამაშონ, თან ფინჯანი ყავაც მიირთვან. ხაჩატური ერთდროულად 16 ფინჯან ყავას ადუღებს. ამბობენ, რომ მას ბევრი პერსონალური ყავის ფინჯანი აქვს შენახული, მათ შორის აფხაზეთის პრეზიდენტისაც. „ბრეხალოვკა არამხოლოდ უბრალო ყავახანაა, არამედ ეს თავისებური კლუბიც არის, სოხუმის ერთ-ერთი პოლიტიკურად აქტიური თავშეყრის ადგილი. ჩემი იქ ყოფნის დროს ანტითურქულ სანქციებზე მსჯელობდნენ…
აი, რას ამბობს კოლორიტული სოხუმელი ახრა: „აფხაზეთს რუსეთთან თანამშრომლობისა და სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება აქვს დადებული. საგარეო პოლიტიკა კოორდინირებული უნდა იყოს. თურქეთი კი რას აკეთებს? განა ანკარამ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა? განა თურქეთი მეზობელ საქართველოს ჩვენთან ომის შემდეგ მილიონობით კრედიტებით არ ეხმარებოდა?“.
1992-93 წლების ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს აქ „სამამულო ომს“ უწოდებენ. მხარეთა მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სამხედრო დაპირისპირებამ 4 ათასი აფხაზის სიცოცხლე შეიწირა, კიდევ 700-მდე კი ომიდან დარჩენილ ნაღმებზე აფეთქდა. საქართველოსაც 4 ათასამდე მოქალაქე დაღუპა, დაახლოებით ათასამდე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
კონფლიქტის დასრულებიდან ხუთი წლის განმავლობაში აფხაზეთი, ფაქტიურად, საქართველოსა და რუსეთის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ბლოკადის პირობებში ცხოვრობდა. 2008 წლის 26 აგვისტოს კი რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.
„არის ასეთი გამოთქმა: „ორ სკამზე ჯდომა უნდაო“, – მეუბნება ახრა, – ერთი მხრივ, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მეორე მხრივ – ცდილობს, რომ აფხაზეთზეც გაავრცელოს თავისი ინტერესები და გავლენა“.
ყავახანაში მყოფნი გვისმენენ და ამატებენ, რომ ტრაპიზონიდან სოხუმისა და ოჩამჩირის ნავსადგურებში თურქული გემები შემოდიანო. დღეს აფხაზეთისთვის რუსეთი და თურქეთი ძირითად სავაჭრო პარტნიორებად ითვლებიან: ვაჭრობის 65% რუსეთზე მოდის, 18% კი – თურქეთზე. სოხუმელთა თქმით, 1990-იან წლებში, როცა აფხაზეთს ბლოკადა ჰქონდა გამოცხადებული, თურქმა „ბიზნესმენებმა“ ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით, აქ ყველაფერი კაპიკის ფასად შეისყიდეს და თურქეთში გაიტანეს. გარდა ამისა, გაიხსენეს თურქი მეთევზეების მოქმედებაც, რომლებმაც, ნებართვის მიღებისთანავე, შავი ზღვის აფხაზურ აკვატორიაში ყველა ცოცხალი არსება თითქმიას გაანადგურეს. ასევე ლაპარაკობენ რეჯებ ერდოღანზეც, რომელიც წარმოშობით ქართველია… გაიხსენეს თურქეთის როლი მეორე მსოფლიო ომის დროს…
კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ყავახანაში მსჯელობის დროს შეთანხმდნენ, რომ თურქეთთან ვაჭრობის შეზღუდვის შედეგად გამოწვეული დანაკარგების კომპენსირება რუსეთის ბაზრით სრულიად თავისუფლად შეიძლება. თურქული კაპიტალით აფხაზეთში ამჟამად რაიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაგეგმილი არ არის, რუსეთი კი აფხაზურ ეკონომიკაში ინვესტიციებს დიდი მოცულობით აბანდებს.
ვრცელ პუბლიკაციაში ავტორი ეხება აგრეთვე აფხაზ ჩინოვნიკთა ცხოვრების სპეციფიკას: როგორ ირჩენენ ისინი თავს 8-10 ათას რუბლიანი ხელფასის პირობებში (დეპუტატების ხელფასი 14500 რუბლია). როგორ ირკვევა, ბევრი სოფლიდან მიღებული პროდუქტებით ცხოვრობს.
აფხაზეთში საკმაოდ აქტუალურია უცხოეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი, განსაკუთრებით საცხოვრებელი ფართობის შეძენა. აფხაზებს შიში აქვთ, რომ ფულიანი უცხოელები ყველაფერს იყიდიან, აქ დასახლდებიან და თვითონ აფხაზები კი უმცირესობაში აღმოჩნდებიან. არაა გამორიცხული, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეც გაჩნდეს. არის საკითხის გადაწყვეტის ვერსიები, მაგრამ ჯერ-ჯერობით, აფხაზ კანონმდებლებს ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოუხერხებიათ.
სტატიაში ავტორი ეხება აგრეთვე საქართველოში მკურნალობის საკითხსაც: „ადამიანები საქართველოში სამკურნალოდ გაჭირვებული ცხოვრების გამო მიდიან. მათ ფული არ აქვთ, საქართველოში კი სოციალური პროგრამაა მიღებული, რომლის საფუძველზე აფხაზებს უფასოდ მკურნალობენ. როგორც ამბობენ, ამ იდეის ავტორი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, თუმცა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროგრამას პოლიტიზებული ხასიათი ჰქონდა: ავადმყოფებს, სამედიცინო დაზღვევის გასაფორმებლად, საქართველოს მოქალაქეობის მიღებას თხოვდნენ. ზოგიერთები პირდაპირ ტელევარსკვლავებად იქცნენ, ანუ ქართული ტელევიზია ამ ადამიანების რეკლამირებას ახდენდა. მიხეილ სააკაშვილისათვის ამგვარი ფაქტები სუფთა პიარი და პოლიტიკა იყო. დღეს, რა თქმა უნდა, მოქალაქეობას თავს აღარ ახვევენ და თუ შენ აფხაზეთიდან ხარ ჩასული, საუკეთესო კლინიკაში გიმკურნალებენ. რას იზამ, განწირული ადამიანები სიცოცხლის შესანარჩუნებლად ხავსსაც ეჭიდებიან. [შეიძლება პარადოქსია, მაგრამ] საქართველოში სამკურნალოდ ომის გმირებიც კი დადიან. „მე პირადად ასე არ მოვიქცეოდი, რადგან 1993 წელს ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ქართველის ტყვიით დაიღუპა“, – ამბობს კორესპონდენტთან საუბარში სოხუმელი ნიკა.
სხვათა შორის, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება, თანამედროვე სამედიცინო ცენტრი შენდება 220 საწოლით. ცენტრის ექიმები სტაჟირებას ევროპაში გადიან. უკვე გამოაცხადეს, რომ აფხაზებს უფასოდ მოემსახურებიან. „რას ვიზამთ, ეს საქართველოს მიერ არჩეული ტაქტიკაა, მაგრამ იმ დამანგრეველი ომის შემდეგ, რომელმიც საქართველომ გააჩაღა, ჩვენი ერთად ცხოვრება ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში შეუძლებელია, გინდაც ეს ფედერაცია ან კონფედერაცია იყოს… ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, – ამბობს რუსული გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში სოხუმელი ანზორი.
————
გაზეთის ამავე ნომერში ასევე გამოქვეყნებულია მასალა, რომლის თანახმად, მოსკოვის მუზეუმში 7 თებერვალს თბილისის მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელის რეზო გაბრიაძის მულტიმედიური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაზეთში დაბეჭდილია ვრცელი ინტერვიუ რეზო გაბრიაძესთან, რომელსაც ჟურნალისტი მარინა რაიკინა ესაუბრება. წყარო: http://www.mk.ru/culture/2016/02/04/rezo-gabriadze-ya-vylepil-celyy-narod.html
«Augsburger Allgemenine» (გერმანია), 3 თებერვალი, 2016 წელი
http://www.augsburger-allgemeine.de/neu-ulm/Georgische-Gangster-auf-Beutezug-id36820397.html
ქართველი განგსტერები სანადიროდ გამოდიან
როლანდ შტობელე
სტატიაში განხილულია ქართული კრიმინალური ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებანი გერმანიაში. აღნიშნულია, რომ საქართველოდან კრიმინალური ელემენტები გერმანიაში ან ტურისტების, ან თავშეფრის მაძიებელ ლტოლვილების სახით ჩადიან…
პუბლიკაციაში ავტორი ციტირებს გერმანიის პოლიციის წარმომადგენლებს, რომელთა ნათქვამის მიხედვით, „კრიმინალურ დაჯგუფებებს ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ხელმძღვანელობენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულობათა რაოდენობა ქვეყნის ყველა რეგიონში ყოველწლიურად მატულობს. მოქალაქეებისადმი მიყენებული ზარალი მილიარდობით განისაზღვრება.
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემულია ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში ამას წინათ ჩადენილი ერთ-ერთი ქურდობის ამბავი, როცა სამმა ბოროტგანმზრახველმა მაღაზიის ძარცვა სცადა, თუმცა ქალმა თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს და ბანდიტები დააკავეს.