globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 5th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Free Europe//Radio Liberty» (აშშ): იარაღი უკრაინისათვის: რეალობა თუ ილუზიები? // მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სენატში

«Вести» (უკრაინა): საქართველო: ტურიზმი თუ ემიგრაცია?

«Российская газета» (რუსეთი): უვიზო რეჟიმი საქართველოსა და უკრაინისათვის: ევროკავშირის უარი!?

«Lragir» (სომხეთი): საქართველო და სომხეთ-რუსეთის ვაჭრობის პრობლემები

———————–

«Radio Free Europe//Radio Liberty» (აშშ), 4 მარტი, 2015 წელი

http://www.rferl.org/content/ukraine-saakashvili-urges-us-arms/26882477.html

http://www.kommersant.ru/doc/2678759?isSearch=True

იარაღი უკრაინისათვის: რეალობა თუ ილუზიები?

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სენატში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში ოთხ მარტს გაიმართა დისკუსია თემაზე „რუსული აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში: სად წავა რუსეთი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდეგ?“, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ ამერიკელი ექსპერტები, მათ შორის სტივენ პაიფერი – შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, აგრეთვე საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩევლად მუშაობს და ცნობილი რუსი ოპოზიციონერი, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი. ღონისძიებაში მონაწილეობდა აგრეთვე ოთხი სხვა სენატორიც.

დისკუსია რესპუბლიკელმა სენატორმა (ვისკონსინის შტატიდან) რონ ჯონსონმა გახსნა, სხდომათა დარბაზში ბორის ნემცოვის და უკრაინის კონფლიქტის ამსახველი რამდენიმე ფოტო იყო გამოფენილი. დისკუსიის დროს სპიკერებმა რუსეთის მზარდ აგრესიაზე, უკრაინის კონფლიქტზე და დასავლეთის როლზე ისაუბრეს.

იარაღი უკრაინისათვის: „ჰო“ თუ „არა“

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოსვლის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, მომაკვდინებელი საბრძოლო იარაღი მიაწოდოს.

„შეიძლება უჩვეულო იყოს, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკის სენატის წინაშე სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს, მაგრამ უკრაინა და საქართველო ახლა იმ ფრონტის წინა ხაზზე არიან, რომელიც შესაძლოა აქედან შორს ჩანდეს, თუმცა რუსეთის აგრესიასა და ამერიკას შორის ახლა სწორედ უკრაინა დგას“, – ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერაზე და ეკონომიკური დახმარებაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს პროცესი შეერთებულმა შტატებმა უნდა წარმართოს. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკური მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო არ იცდის, [ახლა მთავარი იარაღია]: „უკრაინას რეფორმა სჭირდება. მე დღეს ყურადღება უკრაინის შეიარაღებაზე გავამახვილე, იმიტომ რომ ამის გარეშე არ იქნება ქვეყანა“, –  განაცხადა სააკაშვილმა.

რეალური იმედები თუ ილუზიები?

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უარყო ის არგუმენტი, რომ ვაშინგტონმა ევროპის სახელმწიფოებთან ერთად უნდა გადაწყვიტოს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხი და განაცხადა, რომ გერმანია არანაირად არ დაეთანხმება ამგვარ გადაწყვეტილებას კიევის სასარგებლოდ.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ლეტალურ იარაღს ნამდვილად მიაწვდის, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ამ თემაზე ვაშინგტონში მზაობა არსებობს. „ინტერესი ამ თემაზე გაიზარდა, წინა კვირაში მე მქონდა შეხვედრა ამერიკის სენატის და კონგრესის რამდენიმე ათეულ წევრთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის პოლიტიკურ კლასში არის ცხოველი ინტერესი ამ თემის მიმართ და არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს.“

მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს მომავალში ელოდება. „ჩემი აზრით უახლოეს კვირეებში უნდა იქნას მიღებული ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება მხოლოდ სამხედრო გადაწყვეტილება არ არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, პოლიტიკური კლასი ამერიკაში ასე თუ ისე არის ჩამოყალიბებული. საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს ეკუთვნის, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტიც უყურებს საზოგადოების და პოლიტიკური კლასის განწყობას“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინა „სასწაული იარაღის“ მოლოდინში

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ უკრაინის ქარხნნები თითქმის ყველა იმ სახეობის იარაღს უშვებენ, რომლებსაც კიევი აშშ-საგან და ზოგადად, დასავლეთისაგან ითხოვს. მაგალითად, ხარკოვის სატანკო ქარხანაში მზადდება ტანკი „ბულატი“, რომელიც სრულიად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს; კიევში უშვებენ ტანკსაწინააღმდეგო დანადგარ „ბარიერს“, რომლის მონაცემები (ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტების მიხედვით), არაფრით ჩამოუვარდება ამერიკულ Javelin-ს, რომლის მიღებას უკრაინა ცდილობს. პრობლემა იმაშია, რომ უკრაინას არ შეუძლია თავის არმიას საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს ასეთი ტანკები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებლად. რატომ?

როგორც რუსი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე გოლცი ამბობს, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც უკრაინის მრეწველობა ეროვნულ შეიარაღებულ ძალებს სამამულო წარმოების იარაღით საკმარისად ვერ უზრუნველყოფს: პირველი – უკრაინას აქვს საექსპორტო ვალდებულებები სხვა ქვეყნებთან მიმართებით. წინა მშვიდობიან წლებში დადებული შეთანხმებების საფუძველზე კიევი ვალდებულია (ჩათვალე: იძულებულია) თავის ქარხნებში გამოშვებული იარაღი აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს გაუგზავნოს:- ომი ომია, მაგრამ შეთანხმებები ჯერ არავის გაუუქმებია, რომელთა დარღვევა მკაცრ ჯარიმებს ითვალისწინებს; მეორე – მშვიდობიან წლებში უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მჭიდროდ იყო ინტეგრირებული რუსულ პარტნიორებთან და როცა ეს კავშირები დაირღვა, ამ ფაქტმა უპირველესად სამხედრო სფეროს „დაარტყა“; მესამე – დასავლურმა (ამერიკულმა) იარაღმა უკრაინის ხელისუფლებისა და საზოგადოების თვალში რაღაც საკრალური, მისტიკური ხასიათი შეიძინა.

„უკრაინელებს ჰგონიათ, რომ ამერიკა მათ სასწაულების მომხდენ იარაღს მისცემს, რომელიც, მათი აზრით, რადგან დასავლურია, ესე იგი, მაღალი ხარისხისაა და ყველანაირად საუკეთესოა უკრაინულ და რუსულ იარაღთან შედარებით“, – ამბობს ალექსეი კურპოსი, უკრაინელი პოლიტოლოგი.

ამჟამად, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კიევისა და სხვა ქალაქების სამხედრო საწარმოები თავდაცვის სამინისტროს შეკვეთებითაა გადატვირთული, ზოგიერთი ქარხანა დასვენების დღეების გარეშე, სამცვლიანი რეჟიმით მუშაობს. ამასთან, თავს იჩენს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელთა მოგვარება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია: მათი უმრავლესობა დიდი ხანი გაჩერებული იყო (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლიდან), მომარაგება გართულებულია, ძირითად უცხოელ (რუსულ) პარტნიორებთან კავშირები გაწყვეტილია, მათ თითქმის არ ჰყავთ პროფესიული პერსონალი, სპეციალისტები, ქვეყანაში ეკონომიკური ნგრევა და უმწვავესი კრიზისია… ასე რომ, უკრაინის სამხედრო-თავდაცვითი მრეწველობის სრული ძალით ამოქმედება საეჭვოა. სწორედ ამიტომაა მიპყრობილი მზერა დასავლეთისადმი…

«Вести» (უკრაინა), 4 მარტი, 2015 წელი

http://vesti-ukr.com/blogs/blog-evgenija-smertenko/432-gruzija-turizm-ili-jemigracija

საქართველო: ტურიზმი თუ ემიგრაცია

ევგენი სმერტენკო, კიევი

ამბობენ, რომ ტურიზმი ემიგრაციასთან არ უნდა აურიოო, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით საკითხი სხვაგვარად დგას. პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა, რომელიც ერთი ნახვითვე შეგიყვარდებათ თავისი სტუმართმოყვარეობით, პეიზაჟებით და, რა თქმა უნდა,  სამზარეულოთი, უკრაინასთან და უკრაინელებთან დამოკიდებულებით.

საქართველოში ვისთანაც მომიწია შეხვედრა, ყველა მეკითხებოდა (პოლიციელიდან დაწყებული, პოკერის კლუბის მოთამაშეებით დასრულებული), როგორაა საქმე უკრაინაშიო. თანამიგრძობდნენ და ამბობდნენ, რომ ყველაფერი მოგვარდება, ჩვენთანაც ასე იყოო. მოკლედ, ბიჭებო, გაუძელით, სიტუაცია გაუმჯობესდებაო. საუბრის დროს ხაზს უსვამდნენ: საქართველო ომის პირობებში ცხოვრობს, მაგრამ რეფორმები მაინც ხორციელდება. ცუდად თუ კარგად, ქვეყანა ფეხზე დგას და ვითარდება.

თუმცა უკრაინასთან შედარებით, ცხოვრების ბევრი სფერო მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაშია: რეკლამა, მარკეტინგი, ივენტ-სფერო… ტურიზმიც კი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, მაინცდამაინც განივითარებული არ არის. სამაგიეროდ, სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს უწყობს მცირე ბიზნესს, შეგიძლიათ შეღავათიანი კრედიტების აღება… საქართველოს გზებზე კორუფცია აღკვეთილია. ეს მართალია. უფრო მეტიც – თქვენ არასდროს გაგაჩერებენ ისე, უბრალოდ, თუ არაფერი დაგირღვევია. ამბობენ, რომ ბევრი მძღოლის უფლების გარეშეც დადის.

[„ნაციონალთა“ ყოფილი] ხელისუფლების წარმომადგენელებთან, რომლებიც უკრაინაში თანამდებობებზე დაინიშნენ, ქართველების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ. ჩემთან საუბარში მომისმენია, რომ იგი, რა თქმა უნდა, ყოჩაღია, რომ საქართველო მსოფლიოს გააცნო, რომ რეფორმები დაიწყო და თბილისში ლამაზი ხიდი ააშენა, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტობის ბოლო წლებში ხალხს ბარბაროსულად ართმევდა ბიზნესს, უსამართლოდ იჭერდა და საპყრობილეში აგზავნიდა მისთვის არასასურველ ადამიანებს. ამჟამად ექს-პრეზიდენტისა და მისი გუნდის წინააღმდეგ უამრავი საჩივარია შეტანილი. სხვათა შორის, გუნდის შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა: ქართველებმა მითხრეს, რომ კიევში წამოსულებისადმი ყურადღება არ მოადუნოთ, ფხიზლად იყავითო. ეგ ბიჭები გარეგნულად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ, მართლაც შეუძლიათ რეფორმების გატარებაში დახმარება, მაგრამ საკუთარ თავსაც არ ივიწყებენო. იმასაც ვიტყვი, რომ ზოგიერთ ქართველს ეამაყება, რომ მათი თანამემამულეები ისეთ დიდი ქვეყნის მართვაში მონაწილეობენ, როგორიც უკრაინაა.

თუ ქართველი ჩინოვნიკები თბილისი-კიევის მარშრუტით მგზავრობენ, ბოლო ხანებში კიევ-თბილისის მიმართულებით რიგითი უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა მატულობს. ზუსტი ციფრი არავინ იცის, მაგრამ ქართველების თქმით, უკრაინელთა რაოდენობა საქართველოში უკვე რამდენიმე ათასით განისაზღვრება. ჩვენებურები საქართველოში ხსნიან საცხობებს, კაფეებს, ამზადებენ სუვენირებს და, უბრალოდ, ბათუმში პლიაჟის ატრიბუტებს პატრონობენ. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, ტურიზმსა და ემიგრაციას შორის საქართველოში განსხვავება სრულიად წაიშალოს.

«Российская газета» (რუსეთი), 5 მარტი, 2015 წელი

http://www.rg.ru/2015/03/04/vizi-site-anons.html

უვიზო რეჟიმი საქართველოსა და უკრაინისათვის: ევროკავშირის უარი!?

ვლადისლავ ვორობიოვი

ევროკომისიას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, უკრაინასთან და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის განხილვა დაგეგმილი არ აქვს, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა, ევროკომისიის წევრმა ევროპული მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში. გავიხსენოთ, რომ ერთი წლის წინ, უკრაინის რევოლუციის დროს, მაიდანზე სასწრაფოდ შეკრებილი ევროპელი მაღალჩინოსნები ერთხმად იფიცებოდნენ, რომ მათი პირველი ნაბიჯი უკრაინისათვის „შენგენის ზონის“ კარის გაღება იქნებოდა.

ქართველებს შენგენის ვიზების გაუქმებაზე უკვე დაახლოებით შვიდი წელია არწმუნებენ, მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე ასეთ შემთხვევვებში, „ურემის ისევ იქ დგას“. აშკარაა, რომ ქართველებს ბრიუსელის ფიცი-მტკიცისა უკვე აღარ სჯერათ, ახლა კი „ცივი შხაპის“ მიღების დრო უკრაინელებისთვისაც მოვიდა…

ბრიუსელში ოთხშაბათს გამართულ პრტეს-კონფერენციაზე იოაჰნეს ჰანმა დააზუსტა: „ამ მომენტისათვის საქართველოს სიტუაციის შესწავლა ჯერ მხოლოდ მეორე ეტაპზეა. ვნახოთ, როგორ შეასრულებს თბილისი [ევროკავშირის პირობებს], დაველოდოთ შედეგებს“. მისი თქმით, მომავალში (ანუ არცთუ ისე სწრაფად), როგორც ჩანს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით მოხდება. „იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის შესახებაც“, – დაამატა იოჰანეს ჰანმა. არადა, ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ იყვნენ მზად უკრაინელი ახალგაზრდები ნაკუწებად ექციათ ყოველი ადამიანი, ვინც კი გონივრულ ეჭვს შეიტანდა ევროპელი პოლიტიკოსების დაპირებებში…

«Lragir» (სომხეთი), 4 მარტი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/40972

საქართველო და სომხეთ-რუსეთის ვაჭრობის პრობლემები

ნაირა აირუმიანი, მიმომხილველი

სომხეთის სტისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში, ანუ ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურში კავშირში შესვლის შემდეგ, სომხური პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 99,9%-ით შემცირდა. ასეთი ფაქტის ასახსნელად ვიღაცამ შეიძლება ამინდის გამო ლარსის სასაზღვრო-გამსვლელი პუნქტის დახურვა მოიმიზეზოს, ანდა ის, რომ დასვენების დღეების გამო საბაჟოებმა აქტიური მუშაობა მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში დაიწყესო, მაგრამ 99,9% ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არაფერი გაგვიტანია რუსეთში, არადა, ტვირთები ხომ ნამდვილად გადიოდა?!

რაშია საქმე?

გამოდის, რომ რუსეთში გასატანი ტვირთების გაფორმების წესებში რაღაც შეიცვალა. ვთქვათ, სომხეთიდან რუსეთისათვის განკუთვნილი ტვირთი საქართველოში სხვა ქვეყნის დასახელებით შევიდა, იქიდან კი საბოლოო ჯამში მაინც რუსეთში იგზავნება. ამაზე მეტყველებს ის, რომ ექსპორტი სომხეთიდან საქართველოში იანვარში 3,4-ჯერ გაიზარდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლამდე სომხური ტვირთები საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი ტრანზიტის წესებით მოძრაობდა, მაგრამ 2 იანვრის შემდეგ სომხეთ-რუსეთის საქონელთგაცვლა უკვე „ევრაზეს”-ის წესებით უნდა მომხდარიყო. მაგრამ რადგანაც საქართველოს და დასავლეთს  „ევრაზესი” ჯერ ოფიციალურად არ უღიარებიათ, თბილისს არ შეუძლია „ევრაზეს”-ის მარკირების მქონე სომხური ტვირთების გატარება. გავიხსენოთ, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ სომხეთის „ევრაზეს”-ში გაწევრიანებამდე იდგა. გამოდის, რომ საქართველოსთან სომხეთმა ვერ მოილაპარაკა.

ახლა კიდევ ერთი მოვლენა გავიხსენოთ: ზუსტად ერთი თვის წინ რუსეთის ელჩმა სომხეთში ივან ვოლინკინმა პრესკონფერენციაზე რაღაც გაუგებრად ჩაილაპარაკა: „საქონლის საბაჟო გაფორმების პროცედურის გამარტივების საკითხი პრაქტიკულად შემუშავებულია – სომხეთი თავის პროდუქციას „ევრაზეს”-ის ქვეყნებში მხოლოდ ერთი დოკუმენტის – საბაჟო დეკლარაციის შევსების შედეგად გაიტანსო და ეს მოხდება საბაჟო გაფორმების გარეშე, საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დროს”.

რას ნიშნავს „პრაქტიკულად შემუშავებულია”? ანუ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ არსებობს არაოფიციალური შეთანხმება, რომელიც სამართლებრივად გაფორმებული არ არის?

ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციამ, ჯერჯერობით საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება ვერ მიიღო და, შესაბამისად, ამ კავშირის შიგნით ვაჭრობა მხოლოდ ერთმანეთის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის ხდება. სომხეთს „ევრაზეს”-ის სხვა წევრებთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს და ის რომ ამ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, საჭიროა, რომ საქართველომ ევრაზიული კავშირის არსებობა სამართლებრივად აღიაროს. ჯერჯერობით თბილისი დუმს. ეს კი ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი „თვითგამოცხადებული” სტატუსით დარჩება, სომხეთსა და კავშირის წევრ-ქვეყნებს შორის ვაჭრობა კი შემოვლითი გზებით განხორციელდება, [ანუ არასამართლებრივად] აღიარების გარეშე.

Comments are closed