globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 6th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Region Plus» (აზერბაიჯანი), 5 მარტი, 2016 წელი

http://www.regionplus.az/ru/articles/view/5850

სამთა კავშირი

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონულ ინტეგრაციასა და უსაფრთთხოებას

სტატია ეხება აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სამმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც განუხრელად ვითარდება და მტკიცდება. ამის დადასტურებაა თბილისში რამდენიმე დღის წინათ გამართული სამი მეზობელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მეხუთე შეხვედრის შდეგები. (ავტორი – ნატიგ ნაზიმოღლუ).

„ექსპერტებმა სხვადასხვანაირი ეპითეტებით შეამკეს თბილისის მინისტერიალის შედეგები, მაგრამ ერთი რამ უეჭველია: მასში აშკარად ყველამ დაინახა, რომ გეოპოლიტიკური ღერძი – აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი – საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ამასთან, საქართველოს დედაქალაქში გამართული სამმხრივი სხდომა უფრო აწონილ-დაწონილ ანალიზს მოითხოვს და არა ეპატაჟურ სცენებს. საქმე ეხება რეგიონის სამი სახელმწიფოს სტრატეგიულ კურსს, რომელიც უპირველესად ეკონომიკურ სფეროს გულისხმობს და არა იმდენად პოლიტიკურს. მოკლედ, ბაქო-თბილისი-ანკარის ინტეგრირება ამ შემთხვევაში მკვეთრი გეოპოლიტიკური შეფერილობის გარეშეა წარმოადგენილი და არ არის მიმართული რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნულია სტატიაში.

თბილისში მიხეილ ჯანელიძის, ელმარ მამედიაროვისა და მევლიუთ ჩავუშოღლუს სამმხრივი თათბირის არსი გამოიხატა მათ მიერ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაში: დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანი და თურქეთი მხარს უჭერენ ყველა იმ რეგიონულ პროექტს, რომლებიც მათი მონაწილეობით რეალიზდება. ესენია უპირველესად გაზის სამხრეთი კორიდორი, კასპიის ნახშირყალბადების რესურსების ტრანსპორტირება მსოფლიო ბაზარზე გატანა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.

„ელმარ მამედიაროვმა თავისი გამოსვლისას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ნავთობგაზსადენებს, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგიტრალის მშენებლობას, რომელიც მთლიანობაში არამხოლოდ რეგიონულ, არამედ უფრო ვრცელ – ევრაზიულ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ამრიგად, აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველია მათი ერთობლივი მონაწილეობა ევრაზიულ გზაჯვარედინზე განხორციელებულ მსხვილ პროექტებში. ამ თანამშრომლობას ვერ შეარყევს ბოლო დროს დაფიქსირებული ვერანაირი „გადახრები“ და „ცალმხრივი მოძრაობები“, რომლებიც, მაგალითად,  ირანის მიმართ სანქციების მოხსნის შემდეგ რომ დაიწყო, ირანული ბუნებრივი გაზის ევროპაში ექსპორტთან დაკავშირებით, სომხეთისა და საქართველოს გავლით. ცხადია, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული „მსგავსი მოძრაობები“ არსასიამოვნოა და კითხვებს იწვევს… თუმცა თბილისურმა მინისტერიალმა აჩვენა, რომ გარკვეული ჩრდილების მიუხედავად, სამივე მხარე სტრატეგიული თანამშრომლობის პირობებს იცავს“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

ავტორი საუბრობს აგრეთვე რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებზე და აღნიშნავს, რომ სამი სახელმწიფოს თანამშრომლობას ამ პრობლემების მოგვარებაშიც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, რაც, სხვათა შორის, დეკლარაციაშიც არის დაფიქსირებული.

„და ამ დროს კი სომხეთი მადესტაბილიზებელი ფაქტორის როლს ასრულებს: ერევანი ცდილობს თბილისი-ანკარა-ბაქოს თანამშრომლობას არაობიექტური შეფასება მისცეს – აი, ხედავთ, საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ისეთ გეოპოლიტიკურ ღერძს ქმნიან, რომელიც რუსეთისა და სომხეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართულიო. გარდა ამისა, ერევანი ასევე ცდილობს ირანის გრძნობებზეც ითამაშოს, რომელიც ტრადიციულად ითვლება თურქეთის კონკურენტად სამხრეთკავკასიურ საქმეებში. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ სომხეთი, რომელიც ეკონომიკური კრიზისის მარწუხებშია მოქცეული, პირდაპირ ჭკუას კარგავს აზერბაიჯანის საკვანძო როლის გამო რეგიონში. სომხეთი ძალიან ცდილობს სატრანზიტო ქვეყანა გახდეს, მაგრამ არ გამოსდის, შესაბამისად, სომეხი პოლიტოლოგები ნეგატიურ შეფასებებს აძლევენ აზერბაიჯანის ინტეგრაციულ პროექტებს და წერენ, რომ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ღერძი მალე გაფართოვდება და მას ყაზახეთი, თურქმენეთი და ირანიც შეუერთდებაო (ერევნისა და მოსკოვის ინტერესების წინააღმდეგ). არადა, უკვე მერამდენედაა ნათქვამი, რომ ბაქო-თბილისი-ანკარის „სამკუთხედის“ ჩარჩოებში მიმდინარე პარტნიორობა არა არის მიმართული არც სომხეთის, არც რუსეთის წინააღმდეგ. გასაგებია, რომ სომხეთს ეშინია, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ „სამკუთხედი“ მოწოდებულია ხელი შეუწყოს კეთილმეზობლობას და ეფექტურ რეგიონულ თანამშრომლობას“, – აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციის დასასრულს ნათქვამია:

„აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით დაინტერესებულნი არიან რუსეთიც და ირანიც, რომლებიც კავკასიაში მსხვილ მოთამაშეებად ითვლებიან. სომხეთი კი, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა – არც ტერიტორიის მნიშვნელობით და არც თავისი საცოდავი ეკონომიკით, რომელსაც წინ არანაირი ღირსეული პერსპექტივა არ ელოდება (აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობის გარეშე), ახლა მხოლოდ იმას ცდილობს, რომ სამმხრივი ფორმატის – ბაქო-თბილისი-ანკარის მიმართ სიძულვილი გააღვივოს“.

Comments are closed