«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): „ფრიდომ ჰაუსი“: საქართველო „ჰიბრიდულ რეჟიმად“ რჩება
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): შავი ზღვა: თურქეთის წვრთნები, რუსეთი და საქართველო
«РосБалт» (რუსეთი): ქართველისათვის „თითქმის ევროპელობა“ დღეში 50 ევრო ღირს // თბილისმა ევროკავშირისაგან ვიზალიბერალიზება მიიღო, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას ჯიბე ცარიელი აქვს
«Газета.ру» (რუსეთი): ინტერვიუ დონალდ რეიფილდთან: „თბილისის ინტელიგენციაში იოსებ სტალინის კულტი დიდი ხანია აღარ არის“ // „როცა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი გახდა, მან მამამისის ღირსების დაცვა გადაწყვიტა“ // „სანამ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, მოსკოვი აფხაზეთს არ დათმობს“
—————-
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 05 აპრილი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/pridom-hausis-angarishi/28409845.html
„ფრიდომ ჰაუსი“: საქართველო „ჰიბრიდულ რეჟიმად“ რჩება
მარიამ ჭიაურელი
(შემოკლებით)
განვლილი წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ის, რაც მთელი ათწლეულია ხდება მსოფლიოში: მდგომარეობის გაუარესება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. ამ სამწუხარო ტენდენციას ასახავს, მაგალითად, უფლებადამცველ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშები, მათ შორის ის ანგარიშიც, რომელიც ოთხ აპრილს გამოქვეყნდა სახელწოდებით – „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში-2017“.
ანგარიში ასახავს ვითარებას 29 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში და გვთავაზობს დასკვნას, რომ განვლილ წელს 29 ქვეყნიდან 18-ში გაუარესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. საბედნიეროდ, ეს ტენდენცია არ შეხებია საქართველოს, თუმცა „ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოში ვერც წინსვლას ხედავს.
საქართველო, დემოკრატიის განვითარების კუთხით, მე-17 ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთისა და ევრაზიის 29 ქვეყანას შორის. პირველი ადგილი ეკუთვნის ესტონეთს, ბოლო – უზბეკეთს ანგარიშში „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2017“. „ფრიდომ ჰაუსი“ 4,61 ქულით აფასებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების დონეს – ზუსტად ისევე, როგორც შარშან. ქულა განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: ესენია დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი მმართველობის ხარისხი, კორუფცია. საუკეთესო შეფასებაა 1, ყველაზე ცუდი კი – 7 ქულა.
თავისი 4.61 ქულით, საქართველო რჩება „გარდამავალი, ანუ ჰიბრიდული, რეჟიმების“ ჯგუფში.
ვაშინგტონში, სადაც „ფრიდომ ჰაუსის“ სათავო ოფისია განთავსებული, დავურეკეთ პროექტის „ სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“ დირექტორს, ნეიტ შენკანს.
„საქართველოს რაც შეეხება, მისი ქულა არ შეცვლილა ამ ანგარიშში ასახულ პერიოდში – 2016 წლის იანვრიდან 31 დეკემბრამდე. ამავე დროს უნდა ითქვას, რომ 2016 წელი საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენებით გამოირჩეოდა საპარლამენტო არჩევნებისა და მისი, მართლაც, გასაოცარი შედეგების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, რასაც მოჰყვება გარკვეული პოლიტიკური შედეგები, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტრაექტორია შეცვალოს. ინტერესით მოველით, რას აპირებს „ქართული ოცნების“ ეს გიგანტური უმრავლესობა, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას“, – ამბობს ნეიტ შენკანი.
4 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში“ არ შეიცავს კონკრეტული ქვეყნებისადმი მიძღვნილ ქვეთავებს, ე.წ. პროფილებს. ნეიტ შენკანი განმარტავს, რომ ტექსტები მზადდება და დაახლოებით ერთ თვეში გამოქვეყნდება. მაგრამ, როგორც ითქვა, ცნობილია 29 ქვეყნისათვის მიჩენილი ქულები და, შესაბამისად, რომელი ქვეყანა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება „ფრიდომ ჰაუსის“ ამ ანგარიშში.
„კონსოლიდირებულ დემოკრატიებად“ ითვლებიან, მაგალითად, ესტონეთი, ლატვია პოლონეთი, ჩეხეთი, „ნახევრად კონსოლიდირებულ დემოკრატიებად“ – უნგრეთი, რუმინეთი, სერბია. მათ მოჰყვება ჯგუფი, სახელწოდებით „გარდამავალი, ანუ ჰიბრიდული, რეჟიმები“, რომლებსაც მიეკუთვნება საქართველო – ისევე როგორც წინა წლებში. ამავე ჯგუფში შედიან ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია ჰერცეგოვინა, უკრაინა, მოლდავეთი და კოსოვო.
„ეს არის რეჟიმები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, არც ნახევრად კონსოლიდირებულ დემოკრატიას მიეკუთვნება და არც ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებს. ისინი ერთგვარი ნარევია – სხვადასხვა ტიპის რეჟიმების მახასიათებლებს ატარებს. მათში არსებობს გარკვეული პოლიტიკური კონკურენცია, პოლიტიკური პლურალიზმი, პლურალიზმი მედიის სფეროში, სამოქალაქო საზოგადოებაში, მაგრამ ამავე დროს არსებობს შეზღუდვები და მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პროცესის გარკვეული მანიპულაცია“ – ასე განმარტავს ნეიტ შენკანი „გარდამავალ, ანუ ჰიბრიდულ, რეჟიმებს“, რომელთაც საქართველოსაც მიაკუთვნებენ. მეზობელი სომხეთი „ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად“ ითვლება, მეზობელი აზერბაიჯანი და რუსეთი „კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმები“ არიან, ისევე როგორც შუა აზიის ქვეყნების უმრავლესობა.
პირველად მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ შეუდგა პოსტკომუნისტურ ქვეყნებზე საგანგებო წლიური ანგარიშების მომზადებას, – ეს კი 1995 წლიდან ხდება, – „კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების“ რიცხვი მეტია, ვიდრე „კონსოლიდირებული დემოკრატიების“. 8:7 – ასეთია 2016 წლის სამწუხარო ანგარიში ავტორიტარული რეჟიმების სასარგებლოდ.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 აპრილი, 2017 წელი
შავი ზღვა: თურქეთის წვრთნები, რუსეთი და საქართველო
ზაზა წულაძე
38-ზე მეტი სამხედრო გემი, მათ შორის ოთხი წყალქვეშა ნავი, ათი სარაკეტო ფრეგატი, სამი კორვეტი და ექვსი სარაკეტო კატარღა ჩართულია შავ ზღვაში მიმდინარე თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნაში, რომელსაც Deniz Yıldızı ანუ „ზღვის ვარსკვლავი-2017“ ეწოდება. მასშტაბურმა სამხედრო საზღვაო წვრთნებმა, რომელსაც თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ადმირალი ვეისელ კოსელე ხელმძღვანელობს, 27 მარტს აიღო სტარტი და 7 აპრილამდე გასტანს. „ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების ოფიციალური მიზანი სამხედრო-საზღვაო ძალების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება და შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოების შენარჩუნებაა.
თურქული წყაროების ცნობით, საზღვაო მანევრების დროს, თურქმა სამხედროებმა პირველად განახორციელეს ამერიკული Harpoon Block-2 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების პრაქტიკული გაშვება როგორც წყალში, ისე მიწაზე არსებული სამიზნეების განასადგურებლად.
თურქეთის სამხედრო-საზღაო ფლოტის გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სანაპირო დაცვის ნაწილებიც. წვრთნის გეგმის მიხედვით, ორი სარაკეტო კატარღა Kalkan და Yildirim-ი მეგობრული ვიზიტით ბათუმის პორტში შემოვიდა.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების სტუმრობა ქართულ პორტებში საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია:„ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების გემების ყოფნა შავ ზღვაში, რომლებსაც შეუძლიათ შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისეც ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ ნატო გიახლოვდება იმდენად, რომ უკვე შენს პორტებში აჩერებს თავის გემებს. იმ ფონზე, როცა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ არსებობს, სანაპირო დაცვაც არ გაგვაჩნია იმ ხარისხის რომ შევძლოთ აგრესორის შეჩერება, დესანტირებას აღკვეთა იქნება ეს თუ ჩვენს ქალაქებზე შეტევა, რაც 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოჩნდა, ნატოს ქვეყნების აქტიურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია“.
ბათუმის ნავსადგურის გარდა, თურქეთის სამხედრო გემები ასევე შევიდნენ პოტენციური მოწინააღმდეგის რუსეთის პორტშიც – ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთისა და NATO-ს დროშით მცურავი ფრეგატი Barbaros და კორვეტი Büyükada ნოვოროსიისკის პორტში გამოჩდნენ. და რაც მთავარია, რუსები მათ არა საპროტესტო ტრანსპარანტებით, არამედ სამხედრო ორკესტრის მარშითა და პურ-მარილით დახვდნენ. ნოვოროსიისკში შესულ Barbaros-ზე იმყოფება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ვეისელ კოსელე, რომელიც უკვე შეხვდა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურს, ადმირალ ალექსანდრ ვიტკოს.
ექსპერტების აზრით, 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ნატოს წევრი თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში თავის ახალ ადგილს ეძებს. ანკარა ერთის მხრივ, მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გააძლიეროს პოზიციები შავ ზღვაზე, რომ „შავი ზღვა რუსულ ზღვად“ არ გადაიქცეს და მეორეს მხრივ, ანგარიშს უწევს აკვატორიაში არსებულ დისბალანსს, რომელიც 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა.
A2AD-ის ანუ მოწინააღმდგების შეკავების კონცეფციის (Anti-Access and Area Denial) მიხედვით, რუსეთმა უკვე მოასწრო თურქეთის გარშემო რამდენიმე მილიტარიზირებული ზონის შექმნა, მათ შორის ყირიმში, სირიაში, სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც სერიოზული გამოწვევაა როგორც ანკარისთვის, ისე ნატოს მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგისა და ალიანსის მოკავშირეებისთვის.
კახა გოგოლაშვილის თქმით, „დისბალანსი, რომელიც შავ ზღვაზე დღეს არსებობს სამხედრო პარიტეტის თვალსაზრისით, ყოველთვის აწუხებდა თურქეთს, ეს აწუხებს არა მხოლოდ შავი ზღვის, არამედ აკვატორიის მიმდებარე NATO-ს წევრ ქვეყნებსაც. სწორედ ამ წუხილის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ NATO-ს აშკარა გააქტიურებას, რათა მოხდეს შავ ზღვაზე სამხედრო ბალანსის აღდგენა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაირღვა, ყირიმის ანექსიის შემდგომ“.
თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნის „ზღვის ვარსკვლავი-2017“-ის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ნავსადგურების გარდა, თურქული სამხდრო გემები ასევე შევიდნენ რუმინული კონსტანცას, ბულგარული ვარნას და უკრაინული ოდესის პორტებშიც.
ოდესის ნავსადგურში თურქულ ფრეგატ Gaziantep-ს და კორვერტ Heybeliada-ს საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ფრეგატი La Fayette დახვდათ.
La Fayette შავ ზღვაში 17 მარტიდან იმყოფებოდა და მონტრეს 1936 წლის კონვენციის (Montreux Convention Regarding the Regime of the Straits) ძალით 21-დღიანი შეზღუდვის თანახმად, შავი ზღვის აკვატორია ოთხ აპრილს დატოვა.
«РосБалт» (რუსეთი), 04 აპრილი, 2017 წელი
http://www.rosbalt.ru/world/2017/04/04/1604332.html
ქართველისათვის „თითქმის ევროპელობა“ დღეში 50 ევრო ღირს
თბილისმა ევროკავშირისაგან ვიზალიბერალიზება მიიღო, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას ჯიბე ცარიელი აქვს. რუსეთს შეუძლია ევროპას ეფექტური პასუხი გასცეს რუსული პასპორტების დარიგებით ყოფილი „საბჭოელებისათვის“
ანდრეი ნიკოლაევი
(შემოკლებით)
საქართველომ ახლახან მიიღო ის, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში იღწვოდა – ლიბერალური სავიზო რეჟიმი ევროკავშირის შენგენის ზონის ყველა სახელმწიფოსთან და რიგ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებიც აღნიშნულ ზონაში არ შედიან. ე.წ. „უვიზო რეჟიმის“ ძალაში შესვლა შთამბეჭდავად აღინიშნა – კონცერტებით, სხვადასხვა შოებით, პრემიერ-მინისტრის საჩვენებელი ვიზიტით საბერძნეთში, მჭექარე გამოსვლებით და ფიცი-მტკიცით ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულების თაობაზე. მაგრამ რა მოუტანა რეალურად „ვიზალიბერალიზებამ“ ევროპის ამ ნაწილს? აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველო საკმაოდ შეძლებულ ქვეყნად არის ნაგულისხმევი, თორემ ღარიბ-ღატაკებს ევროკავშირში ცხვირსაც არ შეაყოფინებდენ.
ბევრს არ ვილაპარაკებთ ვიზალიბერალიზების პირობებზე, რადგან ის ყველასათვის ცნობილია. არის ნებართვებიც და შეზღუდვებიც, ანუ სასიამოვნო – იმოგზაურე, რამდენიც გნებავს ყოველ ნახევარ წელიწადში, დატკბი ევროპით, მაგრამ იქვე არასასიამოვნოც არის – ვერ იმუშავებ და ხეირიანად ვერც ისწავლი. და თუ დაარღვევ რეჟიმს, მკაცრად დაისჯები.
გამოდის, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც კარგად ცხოვრობენ, ლიბერალური რეჟიმის შემოღებამდეც მთელი ევროპა შემოიარეს და ვინც ცუდად ცხოვრობს და სამუშაო უნდა (საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონეა), მათთვის ევროპის კარი დახურულია. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში წასვლა ცოტა გამკაცრდა კიდეც იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო: მოწვევის ვიზა თუ გქონდა, მაინცდამაინც არავინ ინტერესდებოდა, გქონდა თუ არა ფული ჯიბეში ან საბანკო ანგარიშზე, ახლა კი აუცილებლად მოგკითხავენ საზღვარზე გადასვლისას. უფრო უარესიც – ევროკავშირს საქართველოს ვიზალიბერალიზება ყოველ წუთს შეუძლია შეაჩეროს და გააუქმოს კიდეც, თუ შეატყო, რომ საქმე ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს – „უსაფრთხოების თვალსაზრისით“. მოკლედ, მშვიდობით იაფი მოგზაურობის პერსპექტივავ და წელებზე ფეხის დადგმით, წვალებით მოგროვილო ფულო… ვის რაში აინტერესებს კულტურით ტკბობა და მუზეუმებში სიარული, როცა სამუშაო არ აქვს. „დავაი, იდი დამოი“.
ახლა ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები იმაზე ბჭობენ – წარადგინოს თუ არა გავიზალიბერალიზებულმა საქართველომ ევროპის კავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი. მოიძებნებიან ისეთები, რომლებთაც „ჰყოფნით თავხედობა“ და ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა წარადგინოს, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობა უკვე დაიმსახურაო, მაგრამ საინტერესოა, რით დაიმსახურა? ვერბალური აღტაცებით ევროპულ ფასეულობებებთან დაკავშირებით თუ ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების სფეროს, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული მდგომარეობით? რომელ ევროპულ ქვეყანაში შიმშილობენ მოხუცები 70-დოლარიანი პენსიით? რომელ ევროპულ ქვეყანაშია ერთ ნაგვის ბუნკერზე სამი ადამიანი, რომლებიც მასში საჭმელს და ტანსაცმელს ეძებენ? ასეთები მთელი არმიაა. ჯერ-ჯერობით ქართველთა უმეტესობა კვლავ იძულებულია ვალები გაისტუმროს და ბინები გაყიდოს სერიოზული მკურნალობისათვის.
ვთქვათ და საქართველომ წარადგინა განაცხადი ევროკავშირში მიღებისათვის. მერე რა? მაინც არ მიიღებენ. სამაგიეროდ, ბრიუსელელი პოლიტიკოსები დემონსტრაციულად იტყვიან, რომ „ბრექსითის“ მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყნებს მაინც სურთ ევროკავშირში შესვლა – აი, ხედავთ, საქართველო, რომელიც მომავალს იმედით შესცქერის… საქართველოს ხელისუფლება კი ქულებს დაითვლის და საკუთარ ხალხს ეტყვის, როგორ მაღალ დონეზე შეფასდა მისი საქმიანობა. მაგრამ ხალხი ხომ ბრმა და ყრუ ხომ არ არის, ბოლოს ყველაფერს მიხვდებიან ვიზალიბერალიზების პლუსებზე და მინუსებზე და კვლავ იმედგაცრუების დრო დადგება. მიხვდებიან, რომ ევროპის ღია კარი, ფაქტიურად, დახურული რჩება. აბა რა – ხომ მოისტუმრიანეთ, ფულიც ხომ დახარჯეთ, ახლა დააწექით გაზს და სახლებში მოუსვით…
აუცილებელია ავღნიშნოთ ისიც, რომ ევროპული ვიზალიბერალიზების მოლოდინში ბევრ ქართველს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთიც „უვიზოს“ დააწესებდა. ისინი თვლიდნენ, რომ რუსეთს პირველ რიგში საქართველოსთვის უნდა გაეუქმებინა ვიზები, რათა ევროპისათვის ცხვირში წკიპურტი გაეკრა, სამხრეთელი მეზობლის ევროპული კურსი გაენეიტრალებინა და თავისთან მიეახლოვებინა.. მით უმეტეს, რომ ამის წინამძღვრები იყო – ეს რამდენჯერმე განაცხადა თვითონ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მაგრამ მოსკოვმა სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად პირობები წამოაყენა – ამისთვის ჯერ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არის საჭიროო, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთ-სამხრ.ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. სხვათა შორის, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნისათვის არანაირი ვიზა არ ჭირდებათ.
ჰოდა, თბილისში ძალიან გაუკვირდათ, რომ რუსეთმა შანსი არ გამოიყენა და ევროპას არ დაასწრო, არ ისარგებლა მომენტით საქართველოზე გავლენის გაფართოების მიზნით. განა რა დიდი რამე უნდოდათ ქართველებს? ლოდინისა და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე წასულიყვნენ თავიანთ მეგობარ-ნათესავებთან რუსეთში, გაეხსენებინათ ენა, წასულიყვნენ თეატრში სპექტაკლების საყურებლად, ბოლოს და ბოლოს, საინტერესო წიგნები ეყიდათ, რომლებთაც თბილისში სანთლით ვერ იპოვი, ესწავლათ რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში. და რასაკვირველია, კიდეც ემუშავათ.
მაგრამ ახლა სიტუაცია გაირკვა: რუსეთმა ვიზები არ გააუქმა, მაგრამ სამაგიეროდ, საქართველოს (და არა მარტო მას) ახალი „სიურპრიზი“ მოუმზადა: საქმე ეხება რუსეთის მოქლაქეობის მინიჭების გამარტივებულ პრინციპს, ე.წ.„ნიადაგის საფუძველზე“, ანუ რუსული პასპორტის მიღება შეუძლიათ ყველა იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლებიც ყოფილი რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა და მათთვის რუსული ენა მშობლიური ენაა. თუ ამ კანონპროექტს სახელმწიფო სათათბირო მიიღებს (უკვე რამდენიმე კომიტეტმა მოიწონა), მაშინ რუსეთის პასპორტის აღებას მოისურვებს უამრავი ადამიანი უკრაინიდან, ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიიდან… მაგრამ არის ერთი ნიუანსი: თუ კანონპროექტში არ იქნება შეტანილი პუნქტი არსებული მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, მაშინ მსურველები რაოდენობა, მინიმუმ, ორჯერ შემცირდება.
მოკლედ, კანონპროექტიდან გამომდინარე, რუსეთი კურსს იღებს პასპორტების მასობრივი დარიგებისაკენ, რაც, პრინციპში, ახალი არაა და აპრობირებულია აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში… თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ტერიტორიის ტოტალური პასპორტიზაციით ანექსიის სუნიც ასდის. რადგან ამოცანა უკვე დასახულია, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველისაგან რუსული ენის ტურგენევისეუილ ცოდნას არავინ მოითხოვს. სხვათა შორის, საქართველოში ბევრი რუსულ ენაზე კარგად ლაპარაკობს, განსაკუთრებით უფროსი და საშუალო თაობა, თუმცა არიან ახალგაზრდებიც.
რას მისცემს ქართველებს რუსული პასპორტი?
პირველ რიგში, რუსეთის ტერიტორიაზე ლეგალური მუშაობის უფლებას, რუსულ პენსიასა და იმ სხვა მნიშვნელოვან სოციალურ პრეფერენციებს, რომლებიც საქართველოში არ არსებობს. და ბოლოს, არცთუ უმნიშვნელო სიკეთეს – იცხოვრონ ერთ სივრცეში საქართველოდან წასულ ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად.
და რას მიიღებს მოსკოვი პასპორტიზაციით?
ზემოთ უკვე ვახსენეთ ანექსიის შესაძლებლობა. გარდა ამისა, დღეს რუსეთის ფედერაცია „ტვინებისა“ და „სამუშაო ძალის“ გადინებას განიცდის, არსებობს სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა. პასპორტიზაცია კი საუკეთესო შესაძლებლობაა რუსეთისადმი ლოიალური ელექტორატის ჩამოსაყალიბებლად და „რუსული სამყაროს“ გასაფართოებლად.
თუმცა… პასპორტიზაციამ შეიძლება უარყოფითი შედეგებიც გამოიღოს:
პირველი – იმიგრანტთა ნაკადი პასპორტის მიღების მიზნით შეიძლება იმდენი იყოს, რომ სოციალურ სისტემას დიდ ტვირთად დააწვეს. გარდა ამისა, აუცილებელია ახალი მოქალაქეების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; მეორე – რუსეთი, სავარაუდოდ, იგივე პრობლემების წინაშე დადგება, როგორიც ევროპაში გაჩნდა. საქმე ეხება მენტალიტეტებისა და კულტურების კონფლიქტს. თუმცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ცენტრის მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობის 78% მხარს უჭერს ახალი მოქალაქეების მიღებას.
მოკლედ, პასპორტის გაიოლებული მიღებაშეასრულებს შეყოვნებული მოქმედების ნაღმის როლს როგორც რუსეთისათვის, ასევე იმ ქვეყნების მოსახლეობისათვის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, საქართველოს ჩათვლით, როგორც ჩანს, გარკვეული დროის მანძილზე ქართველთა ეიფორია შესამჩნევი იქნება. რაც შეეხება ევროპულ „უვიზოს“, ამ „ისტორიულ მოვლენას“ სწრაფად დაივიწყებენ – პრაქტიკული ეფექტის არარსებობის გამო.
«Газета.ру» (რუსეთი), 05 აპრილი, 2017 წელი
https://www.gazeta.ru/culture/2017/04/03/a_10609217.shtml
ინტერვიუ დონალდ რეიფილდთან: „თბილისის ინტელიგენციაში იოსებ სტალინის კულტი დიდი ხანია აღარ არის“ // „როცა ზვიად გამნსახურდია პრეზიდენტი გახდა, მან მამამისის ღირსების დაცვა გადაწყვიტა“ // „სანამ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, მოსკოვი აფხაზეთს არ დათმობს“
ამ დღეებში ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი და ლიტერატურმცოდნე, ავტორი წიგნისა „ანტონ ჩეხოვის ცხოვრება“, პროფესორი დონალდ რეიფილდი რუსეთში იმყოფება. მან თავისი ახალი წიგნის „საქართველო – იმპერიათა გზაჯვარედინი. სამიათასწლოვანი ისტორია“ რუსულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გამართა. რუსული მასმედია, კერძოდ, „როსსიისკაია გაზეტა“, „კომსომოლსკაია პრავდა“, „ლენტა.რუ“ და სხვა ბეჭდვითი თუ ელექტრონული გამოცემები აქვეყნებენ დონალდ რეიფილდის ინტერვიუებს, რომლებშიც იგი საუბრობს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ.
ბრიტანელი ისტორიკოსი საქართველოში პირველად 1970-იან წლებში იმყოფებოდა, ლიტერატურის სფეროში სამეცნიერო მუშაობის მიზნით. მან ქართული ენა თბილისში შეისწავლა. დონალდ რეიფილდი ინტერვიუებში ასევე იხსენებს თავის დამოკიდებულებას ქართველ დისიდენტებთან, ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლებთან და ა.შ.
გთავაზობთ ამონარიდს დონალდ რეიფილდის ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც მას რუსული პოპულარული ელექტრონული გამოცემის «Газета.ру»-ს კორესპონდენტმა ტატიანა სოხარევამ ჩამოართვა:
- თქვენ საქართველოში პირველად 1970-იანი წლების დასაწყისში მოხვდით. როგორი ქვეყანა დაგხვდათ იმ შორეულ ეპოქაში?
- უცხოელებისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირში მიემგზავრებოდნენ, საქართველო აღთქმულ მიწას“ წარმოადგენდა. რატომ? იმიტომ, რომ იქ [სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით], უფრო მეტი თავისუფლება იგრძნობოდა: ქართველებს არ ეშინოდათ ჩვენთან კონტაქტისა, სიხარულით გვიწვევდნენ სახლებში, თამამად გვესაუბრებოიდნენ და საბჭოურ ცენზურას აინუნშიაც არ აგდებდნენ. თავდაპირველად მე ვერ ვხვდებოდა, რატომ იყო ასე, მაგრამ შემდეგ, თანდათანობით, შევამჩნიე, რომ საქართველოში ოჯახური, ნათესაური კავშირები უფრო მტკიცეა, ვიდრე პოლიტიკური. „კაგებე“-ს თანამშრომელს, მაგალითად, შეეძლო ჰყოლოდა რელიგიურად ღრმად მორწმუნე მეუღლე, ხოლო მისი ძმიშვილი, ვთქვათ, დისიდენტი და ანტისაბჭოთა პიროვნება ყოფილიყო. რუსეთში ადამიანები ამ მხრივ უფრო ეჭვიანი და უნდონი არიან, თანაც ნათესავებს ერთმანეთთან მტკიცე ურთიერთობები არ აქვთ.
- როგორ დაიწყეთ ქართული თემების კვლევა? თქვენ, როგორც ვიცი, იმ ხანებში ოსიპ მანდელშტამის შემოქმედებას და მე-20 საუკუნის რუსულ პოეზიას იკვლევდით…
- მე ოსიპ მანდელშტამზე წერა 1960-იან წლებში დავიწყე. იგი კავკასიასთან იყო დაკავსირებული, ცხოვრობდა საქართველოში, სომხეთში. კულტურის სფეროში დადებული საბჭოთა კავშირ-ბრიტანეთის ხელშეკრულების საფუძველზე მე სამი თვით გავემგზავრე საქართველოში – დაგეგმილი მქონდა ქართველი და რუსი პოეტების მიმოწერის შესწავლა. რადგანაც ქართული ენის ცოდნა იყო აუცილებელი, თბილისის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე დავიწყე სიარული, სწორედ იქ გავიცანი ჩემთვის ფრიად საჭირო ადამიანი – დისიდენტი ზვიად გამსახურდია. მისი დახმარებით დავიწყე ქართველ პოეტთა ლექსების თარგმნა ინგლისურად. ზვიად გამსახურდიამ სხვა დისიდენტებიც გამაცნო, რომელთა შორის, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, რესპუბლიკის მთავარი პროკურორიც იყო. მე მას „სამიზდატის“ მასალების უცხოეთში გატანაში ვეხმარებოდი. ჩვენ ურთიერთობა საკმაო ხანს გრძელდებოდა, შემდეგ იგი მოსკოვში დააპატიმრეს. ასე აღმოვჩნდი ქართულ პოლიტიკაში „ჩათრეული“.
- საქართველოს არქივებში თქვენი კვლევის თემაზე მასალებს თავისუფლად გაძლევდნენ თუ იყო შეზღუდვები?
- თავდაპირველად, რასაკვირველია, ბევრ მასალას გრიფი „საიდუმლოდ“ ჰქონდა, მაგრამ მე, ასე თუ ისე, მაინც ვსარგებლობდი. მოგვიანებით კი, ზუსტად მახსოვს თარიღი – 1989 წლის 4 აპრილი – მითხრეს, რომ „ჩვენთან უკვე არანაირი საიდუმლო დოკუმენტები აღარ არსებობსო“ და მომცეს მთელი ვაგონი მასალები, რომელიც მოვითხოვე – თუ როგორ თანამშრომლობდნენ ქართველი მწერლები „ენკავედე“-სთან. ერთაერთი დაბრკოლება ის იყო, რომ ქსეროქსის აპარატი არ ჰქონდათ და ყველაფრის ხელით გადაწერა მიხდებოდა, თუმცა მასალა იმდენი იყო, რომ მის გადაწერას ხუთი წელი მოვუნდებოდი. ამიტომაც სტუდენტებს ვთხოვე დახმარება. გოგონები მასალების კითხვისას ტიროდნენ კიდეც…
მოგვიანებით, როცა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი გახდა, მან მამამისის ღირსების დაცვა გადაწყვიტა. კონსტანტინე გამსახურდია დიდი მწერალი იყო, [მაგრამ] იგი ლავრენტი ბერიასთანაც მეგობრობდა. ზვიად გამსახურდიამ კი [ამ მხრივ] არქივი „გამომარგვლა“ – ყველაფერი ამოშალა, რაც მამამისს ეხებოდა. მე კი ეს მასალები დამრჩა და ახლა სახლში, სხვენში ვინახავ. ზოგიერთი ჩემი მაშინდელი ჩანაწერები უნივერსიტეტებსაც გადავეცი. ასე რომ, ისინიც შენახულნი იქნებიან. რუსეთში არქივები უცხოელებისათვის უფრო გვიან, 1990-ანი წლების დასაწყისში გაიხსნა.
- რა პრობლემები გქონდათ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონზე მუშაობისას?
- მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ქართულ ზმნას ინფინიტივი (განუსაზღვრელი ფორმა) არ აქვს. მოგვიწია ყოველი ზმნის 12-ჯერ გამოხატვა, მისი ფორმის კვალობაზე. გარდა ამისა, ჩვენ ლექსიკონში შევიტანეთ ახალგაზრდების ურთიერთდამოკიდებულების აღმნიშვნელი სლენგი და ზოგიერთი უცენზურო გამონათქვამიც. ზოგიერთი ჩემი ქართველი აკადემიური კოლეგა ამით გაოცებულები იყვნენ და მეუბნებოდნენ – ასეთი სიტყვები და გამოთქმები ქართულ ენაში არ არსებობსო. მე კი ვპასუხობდი – აბა, მცირე ხანს თქვენი შვილიშვილების ერთმანეთთან საუბარს მოუსმინეთს-მეთქი…
ცალკე პრობლემა იყო ქალებს შორის ურთიერთობის სტილი, „ქალთა ენა“, რომელიც ისეთი სიტყვებისგან სედგება, რომლებსაც ქართველი მამაკაცი ვერასოდეს მოისმენს. ცხადია, არცერთი ქართველი ქალი არ დათანხმდება ამ საიდუმლოების გამჟღავნებას. ამ მიზნით ჩვენ იძულებულნიც კი გავხდით დახმარებისათვის იმ ქართველი ქალბატონისათვის მიგვემართა, რომელიც ამერიკელზე იყო გათხოვილი და აშშ-ში ცხოვრობდა.
- რომელ კვლევებს და ნაშრომებს იყენებდით თქვენს წიგნზე [საქართველოს ისტორიაზე] მუშაობისას? არსებობს კი საერთოდ ასეთი ნაშრომები?
- სამწუხაროდ, ძალიან ცოტა. ქართველ მკვლევარებს არ უყვართ მე-19 საუკუნის მოვლენებზე მუშაობა, რადგანაც იმ პერიოდის რუსი მეფისნაცვლების საქმიანობის [ობიექტური] შეფასებისას იძულებული იქნებიან ნეგატიურთან ერთად, პოზიტიურიც აღნიშნონ. ისინი ცოტას წერენ 1920-1930-იან წლებზეც. სამაგიეროდ, მკვლევარები ახლა ძალიან დაინტერესებულნი არიან ეკლესიის ისტორიით, ყველა ამ თემატიკას იკვლევს. გარდა ამისა, ქართველი მკვლევარების საყვარელი პერიოდია შუა საუკუნეები და იმდროინდელი მოვლენების კვლევა. თუმცა, მე თუ მკითხავთ, შუა საუკუნეებში საკვლევი თითქმის არაფერი დარჩა, უკვე ყველაფერია ნათქვამი. ერთი მემატიანე იყო, სხვა წყაროები არ არის, არქეოლოგებსაც ახალი არაფერი აღმოუჩენიათ და რაზე უნდა დაწერო?
- თქვენი აზრით, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთინტერესი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია?
- დიახ, მაგრამ ეს ძალიან არაერთმნიშვნელოვანი ინტერესია. ასეთი ინტერესი აქვს ქმარს ყოფილი ცოლისადმი, რომელსაც ეს-ესაა გაეყარა. საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იმყოფება. პირდაპირ გეტყვით: მე ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. სანამ რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა, მოსკოვი აფხაზეთს არ დათმობს. ეს იგივეა, რომ ახლა [თურქეთი] ყირიმის სახანოს აღდგენას შეეცადოს.
- თქვენი აზრით, სწორია საქართველოს დღევანდელი კურსი ევროპისაკენ?
- ქართველებს ბევრჯერ დაპირდნენ, რომ ევროკავშირში [და ნატოში] მიიღებდნენ, მაგრამ ეს გამორიცხულია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესები დღეს უფრო პოლონეთითა და ბალტიისპირეთით შემოიფარგლება. ხომ ხედავთ, ევროკავშირსაც – ჩვენი, ბრიტანელების ხელშეწყობით – წყალი აქვს შეყენებული. ვფიქრობ, ეს ის შეცდომაა, რომელსაც ქართველები უკვე ორი ათასი წელია უშვებენ. მათ, უბრალოდ, არ ესმით, რომ დასავლეთი უპირველესად პრიორიტეტს ეკონომიკურ ინტერესებს ანიჭებს.