«Tiroler Tageszeitung» (ავსტრია): საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმს ითხოვს (ინტერვიუ)
«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს გადაჰკიდა
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): საქართველო-სომხეთი: „ანატოლი ბიბილოვმა მთიან ყარაბაღში შეხვედრის გაფიარებით უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა არა მარტო გალუსტ სააკიანი, არამედ სომხეთის სახელმწიფოც“
———————-
«Tiroler Tageszeitung» (ავსტრია), 5 მაისი, 2015 წელი
http://www.tt.com/home/9977620-91/georgische-au%C3%9Fenministerin-verlangt-von-eu-visafreiheit.csp
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმს ითხოვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ევროკავშირს სთხოვა, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი დაუწესდეთ: „აუცილებელია, რომ მოსახლეობამ კონკრეტული წარმატებები და რეფორმების სარგებლიანობა დაინახოს“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა ორშაბათს, ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო „როიტერ“-ისადმი მიცემულ ინტერვიუში, რომლის ტექსტი გერმანულმა მასმედიამაც გაავრცელა. შინაარსი გამოქვეყნდა აგრეთვე ავსტრიულ გამოცემებშიც.
ქართველმა მინისტრმა თხოვნით მიმართა ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანას, რომ მათ ამ საკითხში გარკვეული სიგნალი გაუგზავნონ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტს, რომელიც 21 მაისს რიგაში უნდა გაიმართოს. გარდა ამისა, თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ითხოვა, რომ უვიზო რეჟიმი გავრცელდეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზეც. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათთვის ქართული პასპორტის აღება უფრო სასურველი და მიმზიდველი იქნება“, – აღნიშნა ქართული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა. ასეთი დამოკიდებულების მაგალითი მოლდოვაა, რომლის მოსახლეობა, სეპარატისტული რეგიონის – დნესტრისპირეთის ჩათვლით, უვიზო რეჟიმით სარგებლობს: აღსანიშნავია, რომ დნესტრისპირელთა შორის მოლდოვური პასპორტების მიმღებთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა.
ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის მცდელობაში დაადანაშაულა.
2008 წელს რუსეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს ამ სასაზღვრო რეგიონების სეპარატისტულ ხელისუფლებას და ხელი შეუწყო მათ გამოყოფას საქართველოსაგან. 2012 წელს საქართველო შეეცადა რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციას, რითაც სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესდა: მოსკოვმა გააუქმა რამდენიმე წლის წინ დაწესებული ემბარგო ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალზე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე.
თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა მაინც ვერ მოხერხდა – პირიქით, რამდენიმე თვის წინ რუსეთმა აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმა. „ეს შეთანხმებები, რა თქმა უნდა, არალეგიტიმურია და მსოფლიო მათ არ აღიარებს. მათი მიზანია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ინტეგრირება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ესაა აშკარად ანექსიის მცდელობაა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს რეგიონების მიმართ“, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა ინტერვიუში.
ევროკავშირმა დაგმო ამ შეთანხმებების გაფორმება, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს – როგორც სამხედრო სფეროში, ასევე საზღვრების დაცვის საკითხში რუსი მესაზღვრეების მიერ. აღნიშნული დოკუმენტებით აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა, თავიანთი კომპეტენციის ნაწილი მოსკოვს გადასცეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ხელისუფლება იმ სტრატეგიის გამო გააკრიტიკა, რომელსაც მოსკოვი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან ატარებს და რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის გავრცელებას გულისხმობს. „უკრაინა ერთადერთი შემთხვევა არ არის. რუსეთი თავისი მიზნების მისაღწევად მიმართავს და ახორციელებს ეკონომიკურ ემბარგოებს, ჰიბრიდულ კონფლიქტებს, არ ერიდება ღია აგრესიას“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. საქართველო 2008 წელს რუსეთის პირველი მსხვერპლი გახდა. მსგავსი ქმედება არ განმეორდებოდა, დასავლეთი რომ რუსეთის მიმართ ერთად გამოსულიყო ამიტომაც დღეს ამის გაკეთება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ პროდასავლური კურსი აირჩია. გასულ წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ქვეყნის მოდერნიზებას და ევროპიზაციას ითვალისწინებს. ამ საკითხში საქართველო გერმანიისაგან მნიშვნელოვან დახმარებას ელოდება. მართალია, ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს, „მაგრამ გვსურს მოვისმინოთ თქვენგან, რომ ჩვენი ურთიერთობა ასოცირებით არ დამთავრდება, რომ ასოცირება საბოლოო მიზანი არ არის“, – ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილმა.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 5 მაისი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2721067
საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს გადაჰკიდა
სტატიაში მიმოხილულია საქართველოში განვითარებული სამთავრობო კრიზისი და მასთან დაკავშირებული მოვლენები: პრეზიდენტის უარი პარლამენტში მთავრობის წევრთა დაჩქარებულ დამტკიცებაზე, თავდაცვის ახალ მინისტრად ქალის დანიშვნა, პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებები, რესპუბლიკერი პარტიის პერსპექტივები და ასე შემდეგ (ავტორი – გიორგი დვალი)..
„თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის შეცვლა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თავდაპირველად არ სურდა, მაგრამ როგორც „კომერსანტს“ საქმის მცოდნე წყაროებმა შეატყობინეს, მან აზრი რესპუბლიკური პარტიის დაბეჯითებული მოთხოვნის შემდეგ შეიცვლა. საბოლოო ჯამში თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, ხოლო მისი თანაპარტიელი გიგლა აგულაშვილი – გარემოს დაცვის მინისტრად. „თუ ჩვენ ნამდვილად კოალიცია ვართ, მაშინ მთავრობაში ჩვენი წარმომადგენელიც უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განუცხადა „კომერსანტს“ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ლევან ბერძენიშვილმა. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ თავდაცვის მინისტრად ქალის დანიშვნა დაადასტურებს იმას, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი არსებობს, ეს კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ამ თეზისით უკმაყოფილო აღმოჩნდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან ისარგებლა ვეტოს უფლებით და კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცების ვადები ერთი კვირით გადადო. თუმცაღა, პრეზიდენტმა გინდ გადადოს და გინდ გადმოდოს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკმარისი მანდატები აქვს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე.
თბილისში მთავრობის კაბინეტის შეცვლის მნიშვნელოვან შედეგად რესპუბლიკური პარტიის გაძლიერებას მიიჩნევენ, რესპუბლიკელები კი ქვეყნის ყველაზე პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ მთავრობაში ამ პარტისს უკვე სამი წარმომადგენელი იქნება. „თინა ხიდაშელის მინისტრად დანიშვნა, შეიძლება ითქვას, რთული კომპრომისის შედეგია, – აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბარში პოლიტოლოგმა დავით ავალიშვილმა, – თუმცა საბოლოო ჯამში დასავლეთმა მტკიცე სიგნალი მიიღო თბილისიდან, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი გრძელდება – ინტეგრაცია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და ევროკავშირთან“.
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 5 მაისი, 2015 წელი
http://www.ekhokavkaza.com/content/article/26994146.html
საქართველო-სომხეთი: „ანატოლი ბიბილოვმა მთიან ყარაბაღში შეხვედრის გაფიარებით უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა არა მარტო გალუსტ სააკიანი, არამედ სომხეთის სახელმწიფოც“
ამერიკული «Radio Free Europe//Radio Liberty»-ის რუსულენოვანი სამსახურის „Радио Свобода//Эхо Кавказа»-ს ეთერში გადაიცა კომენტარები სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის მთიან ყარაბაღში ყოფნასთან დაკავშირებით, სადაც იგი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანს მიუწვევია. როგორც ცნობილია, ამ ფაქტმა საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია: ერევანს, მართალია, ამ ფაქტის ნამდვილობის აღიარება მოუწია, მაგრამ იქვე განმარტა, რომ შეხვედრა „ოფიციალური არ ყოფილა და მას მხოლოდ კერძო ხასიათი ჰქონდაო“ (ავტორი – მურად გუკემუხოვი).
ანატოლი ბიბილოვის მთიან ყარაბაღში ყოფნის ამსახველი ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთ ოსეთის „პარლამენტის“ ვებ-საიტზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით წაშალეს, მაგრამ პარტია „ედინაია ოსეტიას“ საიტზე დარჩა.
რატომ გამოქვეყნა ცხინვალის ხელისუფლებამ ამგვარი ინფორმაცია, განა არ იცოდნენ, რომ სკანდალს გამოიწვევდა?
ალბათ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ამ შეხვედრით საკუთარი ამომრჩევლის წინაშე თავს მოიწონებდა – „აი, ხედავთ, ანატოლი ბიბილოვი რესპუბლიკის სუვერენიტეტის გაფართოებისათვის როგორ იღწვის, იგი სომხეთის პარლამენტის სპიკერსც კი ხვდება, მოლაპარაკება გამართეს… ნახეთ, როგორი ავტორიტეტი აქვს!“. რასაკვირველია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, გასაგებია, რომ ანატოლი ბიბილოვი კარგ ფიარს იკეთებს.
თუმცა, სომხეთში ამ შეხვედრას სხვაგვარად აფასებენ: საკითხში გარკვეული სომეხი ექსპერტების მტკიცებით, გალუსტ სააკიანი აზრზეც არ იყო, რომ ყარაბაღში ჩასვლისას მას ანატოლი ბიბილოვთან ე.წ. „სამუშაო შეხვედრა“ ელოდებოდა. სომხეთის პარლამენტის სპიკერი ცნობილია თავისი ადამიანური დამოკიდებულებით, იგი სხვებს ზემოდან არასოდეს უყურებს და მოკლებულია ჩინოვნიკურ ქედმაღლობას. ჰოდა, აბა, წარმოიდგინეთ: ასეთი კაცისთვის, როგორიც გალუსტ სააკიანია, რომელიც პატივს სცემს კავკასიურ ტრადიციებს, რომელიც კავკასიური მენტალობით გამოირჩევა, ხომ უხერხული იქნებოდა უარი ეთქვა სტუმრისათვის ხელის ჩამორთმევაზე, არ მისალმებოდა და არ შეხვედროდა?
არავინ იქ მყოფი არ ელოდა იმას, რომ ეს არაფორმალური კავკასიური „სალამ-ქალამი“ რაღაც „სამუშაო შეხვედრის“ რანგის სახით იქნებოდა აღქმული და ასეთი „ოფიციალური“ ინფორმაცია გავრცელდებოდა: „სომხეთისა და სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრის შესახებ“. ახლა სომხური პოლიტელიტა და პოლიტოლოგიურ საზოგადოებას თავის მართლება უწევს.
ოჰ, ეს ანატოლი ილიჩი, რა ფიარი გაიკეთა საკუთარი თავისთვის… განა არ უნდა სცოდნოდა, რომ სომხეთისთვის საქართველო ისეთის მეზობელი სახელმწიფოა, სადაც მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა ცხოვრობს? საქართველო ხომ სომხეთისთვის სატრანზიტო სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიის გავლით სომხური პროდუქცია რუსეთში გადის. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი არაფორმალური შეხვედრები ადრეც ტარდებოდა ხოლმე, მაგრამ მისი აფიშირება არ ხდებოდა, სკანდალებს არ იწვევდა. ცნობილია, რომ 2007 წლამდე სომხეთის ტვირთები რუსეთში როკის გვირაბის მეშვეობით გადიოდა. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, რომ თბილის-ერევანს შორის რაღაც შეთანხმება არსებობდა.
გაგიკ ავაქიანი, სომეხი პოლიტოლოგი: „ადრე ამ შეხვედრების თაობაზე ოფიციალურ თბილისს სპეციალურად წინასწარ აყენებდნენ ხოლმე საქმის კურსში. საქართველოს ხელისუფლება სომხურ-ოსურ შეხვედრებს მშვიდად უყურებდა, რადგან მათ პოლიტიკური ხასიათი არ ჰქონდათ და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული არ იყო. ამ შეხვედრების მთავარი პირობა ის იყო, რომ ისინი არ უნდა გახმაურებულიყვნენ. სხვათა შორის, ამ პირობას ცხინვალი იცავდა და ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. შეხვედრების მონაწილეები აცნობიერებდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებების გაფიარება და რეკლამირება არ უნდა მომხდარიყო, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ოფიციალური რეაქცია არ დააყოვნებდა. მას, რატომ გახდა მთიან ყარაბაღში გამართული შეხვედრა ცნობილი საზოგადოებისათვის? შესაძლოა, ეს ზედმეტად აქტიური რომელიმე თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომაა? ან ცხინვალისათვის მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისათვის რაღაც წარმატებები ეჩვენებინა? ეს არ არ არის გამორიცხული.
- გამოდის, რომ გალუსტ სააკიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს?
- რა თქმა უნდა, უხერხულ სიტუაციაში ჩააყენეს არა მარტო გალუსტ სააკიანი, არამედ სომხეთის სახელმწიფოც. საქართველო იძულებული გახდა, რომ თავისი მოქალაქეების დასანახავად, სომხეთისთვის საჯაროდ საყვედური გამოეცხადებინა. ვფიქრობ, რომ ამ ფაქტისაგან გაკვეთილი მივიღეთ და მსგავსი შეხვედრები სამომავლოდ არარ გაიმართება“.