globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 5th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): თბილისის ბოტანიკურ ბაღში მასობრივმა პროტესტებმა აყვავება დაიწყო // ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ტერიტორიის მიტაცებაში ადანაშაულებს

«ТВ 24 канал» (უკრაინა): გულახდილი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან: „მე მიხოს მეძახიან, კახური ანეკდოტების გმირის სახელს“

«Ноев Ковчег» (რუსეთი): ინტერვიუ მოდესტ კოლეროვთან: „საქართველო ნატოში, ალბათ, გაწევრიანდება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): მისცემენ თურქეთს უვიზო რეჟიმს საქართველოზე და უკრაინაზე ადრე?

———————–

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 05 მაისი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2979541

თბილისის ბოტანიკურ ბაღში მასობრივმა პროტესტებმა აყვავება დაიწყო

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს ტერიტორიის მიტაცებაში ადანაშაულებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებით დაიწყეს – მილიარდერს საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიის უკანონო პრივატიზებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება თბილისის ბოტანიკური ბაღის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისებას, რომელიც, „ნაციონალების“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისათთვის „ცუდად დასრულდება“, – ნათქვამია გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი გიორგი დვალი).

რუსული გამოცემის კორესპონდენტი ესაუბრება „ნაციონალების“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას, რომლის თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს უკანონოდ მიითვისოს ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 29 ჰექტარი მიწა, თავისივე კონტროლში მყოფი კომპანიების მეშვეობით. თბილისის მერიამ ხსენებული მიწის ნაკვეთის შეძენაზე აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ – მილიარდერის მიერ დაარსებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ მიიღო და მიწაც, ბუნებრივია, მან შეიძინა ექვს მილიონ ლარად. არადა, ამ მონაკვეთზე, თავდაპირველი გეგმების თანახმად, საავტომობილო გზა უნდა გაევლო. ოპოზიციამ, „ნაციონალების“ სახით, უკვე განაცხადა, რომ ამ უკანონობის წინააღმდეგ საპროტესო აქციებს დაიწყებს, მათ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდება.

მილიარდერს დაქვემდებარებული სტრუქტურების წარმომადგენლებმა „ნაციონალების“ განცხადებას „მიწის ნაკვეთის უკანონოდ სდეძენის“ თაობაზე „ჭუჭყიანი პროვოკაცია“ უწოდეს: „აი, ასეთი შეურაცხყმყოფელი და ბილწი ცილისწამებით იწყებენ ისინი თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიას“, – ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში გიორგი უძილაური, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, სრულიად გამოუსადეგარი 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილმა თბილისიწს ბოტანიკურ ბაღს კეთილმოწყობილი ტერიტორია გადასცა, დენდრარიუმის გაშენება-განვითარების მიზნით“.  გიორგი უძილაურმა მიხეილ სააკაშვილის მზარდამჭერები სიცრუესა და ინსინუაციებში დაადანაშაულა. იგივე თვალსაზრისი აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატს გია ჟორჟოლიანსაც, რომლის თქმით, „ეს ყველაფერი დაგეგმილი პროვოკაციაა“ და ასეთი ქმედებები, „არჩევნების მოახლოების კვალობაზე, კიდევ უფრო მეტი იქნება“.

ქართველი ექსპერტების აზრით, ბიძინა ივანიშვილის მოქმედებამ ოპოზიციონერებს მძლავრი საპროტესტო აქციების დაწყების შანსი მისცა, რაც მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. დაპირისპირება, როგორც ჩანს, მწვავე იქნება. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ აპრილის თვეში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მხარს ელექტორატის მხოლოდ 20% უჭერს და ეს მაშინ, როცა „ნაციონალთა“ მომხრეები უკვე 19%-ს შეადგენს. საქართველოს ექს-პრეზიდენტმას და უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც „ნაციონალების“ ლიდერიც გახლავთ, უკვე განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებში მისი პარტია აუცილებლად გაიმარჯვებს და მას სამშობლოში დაბრუნების ოცნება აუსრულდება.

«ТВ 24 канал» (უკრაინა), 04 მაისი, 2016 წელი

http://24tv.ua/ru/vot_tak_vret_kiev_otkrovennyj_razgovor_s_saakashvili_o_rabote_palkah_v_kolesa_i_seme_n682780

გულახდილი საუბარი მიხეილ სააკაშვილთან: „მე მიხოს მეძახიან, კახური ანეკდოტების გმირის სახელს“

„მიხეილ სააკაშვილი უეცრად შემოვარდა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში და უკვე მეორე წელია ტელევიზორების ეკრანებიდან არ ჩამოდის. ტელეკომპანია „24-ე არხის“ (ჟურნალისტებმა უკრაინის სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსის ცხოვრების ერთი დღე გადაიღეს“, – ნათქვამია ტელესიუჟეტში.

გთავაზობთ ამონარიდებს ვიდეომასალიდან:

კორესპონდენტი საქართველოს ექს-პრეზიდენტს და ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება. შეკითხვაზე, „როგორ მოგმართოთ – ევროპულად (ოფიციალურად), თუ არაფორმალურადო“, გუბერნატორი პასუხობს: „გნებავთ მიხეილი დამიძახეთ, გნებავთ – მიშა… მე უკრაინაში მიხოს მიწოდებენ. საქართველოში არის მეღვინეობის რეგიონი – კახეთი, ძალიან კოლორიტული კუთხე, სადაც კარგი ადამიანები ცხოვრობენ… იქ ერთი პაწია სახლიც მაქვს. ჰოდა, კახეთში მიხო ანეკდოტების გმირია…“.

მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ სამშობლო ძალიან მოენატრა: „მე ვაღმერთებ საქართველოს. მე ხომ ქართველი ვარ. მე ხომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო ჩემს მეგობრებთან ერთად შევქმენი“.

მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორად დანიშვნის დროს აცხადებდა, რომ ოქლის ტერიტორიაზე არსებულ გზას გაარემონტებდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. გუბერნატორი აცხადებს, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად „მარშრუტკით“ და ავტობუსით მგზავრობს, მაგრამ ამის დამადასტურებელი ბოლო ვიდეო ორი თვის წინ არის დადებული.

ტელეჟურნალისტებმა სასაზღვრო პუნქტი „კუჩურგანი“ მოინახულეს, სადაც ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს საბაჟო უნდა აშენებულიყო. არაფერი გაკეტებულა, თუმცა რეფორმატორები გვარწმუნებენ, რომ მათ მუშაობაში ხელს კიეველი პოლიტიკოსები უშლიან: „ცენტრალური ხელისუფლება მშენებლობისთვის ფულს აღარ გვაძლევსო“ (ვიდესიუჯეტში საუბრობს იულია მარუშევსკაია – ოდესის საბაჟოს ახალგაზრდა ხელმძღვანელი, მაგრამ ამ სფეროში სრულიად არაკომპეტენტური პიროვნება. მას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მეგობარ ქალს ეძახიან).

მიხეილ სააკაშვილს აღარ ახსოვს, ბოლოს როდის იყო შვებულებაში. იგი თავის ოჯახზე საუბრობს, შვილებზე… „ჩემი ცოლ-შვილი საფრთხეს არ შეუშინდა და საქართველოში დარჩნენ. მათი იქ ყოფნა ჩემს იქ ყოფნასაც ნიშნავს“.

მიხეილ სააკაშვილი ნოსტალგიურად იხსენებს თავის კახურ ვენახს, ბათუმის მყუდრო ქუჩებს, თბილისურ ხმაურს… მიუხედავად იმისა, რომ მას საქართველოს ხელისუფლება პატიმრობით ემუქრება, ექს-პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მისთვის სახლის კარი მალე გაიღება: „მე მინდა ამას ყოველგვარი ექსცესების გარეშე მივაღწიო – მხოლოდ არჩევნების, დემოკრატიული პროცედურების მეშვეობით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი შემოდგომაზე მოხდება“.

«Ноев Ковчег» (რუსეთი), №5, მაისი, 2016 წელი

http://noev-kovcheg.ru/mag/2016-05/5397.html

ინტერვიუ მოდესტ კოლეროვთან: „საქართველო ნატოში, ალბათ, გაწევრიანდება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“

რუსეთში არსებული სომხური დიასპორის გაზეთმა „ნოევ კოვჩეგ“-მა („ნოეს კიდობანი“) გამოქვეყნა ვრცელი ინტერვიუ მოდესტ კოლეროვთან, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმის“ მთავარი რედაქტორი გახლავთ. იგი 2005-2007 წლებში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონთაშორისო კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსიც იყო.

ინტერვიუში მოდესტ კოლეროვი, სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობს საქართველოს ურთიერთობებზეც სომხეთთან, თურქეთთან და ნატოსთან. გთავაზობთ ამონარიდებს:

- როგორ შეაფასებდით საქართველოსა და სომხეთის ერთმანეთთან დამოკიდებულებას? როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს სომხეთისათვის საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, რასაც თბილისი ასე ჯიუტად ცდილობს?

- პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საქართველო ნატოში, ალბათ, გაწევრიანდება, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ ახალი საზღვრების ფარგლებში, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ჩემი აზრით, სომხეთი დღემდე იმიტომ არ აღიარებს მთიან ყარაბაღს (თუმცა უკვე მზადდება შესაბამისი კანონპროექტი), რომ საქართველოს ნერვიულ რეაქციას ერიდებოდა. თუ  ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავის წევრად მიიღებს, მთიანი ყარაბაღის აღიარების პრობლემა მოიხსნება. სიტუაციის ასეთი განვითარება ნიშნავს, რომ სომხეთ „მწვანე შუქი“ აენთება მთიანი ყარაბაღის აღიარებაში, ხოლო რუსეთს – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდგომი ინტერნაციონალიზაციის საკითხში. რაც შეეხება ჯავახეთს („ჯავახკს“), ეს რეგიონი უკვე სამუდამოდ საქართველოს შემადგენლობაში დარჩება, ავტონომიის გარეშე.

რუსეთი ალიანსში გაწევრიანებულ საქართველოსთან (ანუ ნატოსთან) ომს არ აპირებს. ჩვენ სიტუაციას თავაწეულებმა, მთელი სიგრძე-სიგანით უნდა შევხედოთ, უნდა გავიაზროთ, თუ რა იქნება მომავალში, რა მოჩანს „მაგიდის ბოლოში“. იქ კი დაშლილ თურქეთს ვხედავთ. საქართველოსა და სომხეთის საზღვრებთან მალე ახალი სახელმწიფო – ქურთისტანი გაჩნდება, თურქეთი აღარ იარსებებს.

- გასაგებია, მაგრამ ეს მაინც მომავლის სურათია, დღეს კი ქართული ეკონომიკა თურქულ ეკონომიკასთანაა ინტეგრირებული, ასევეა პოლიტიკურ სფეროშიც… იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო თითქოსდა თურქეთის ნაწილი ხდება… თქვენ როგორ ფიქრობთ?

- საქართველომ შამფურზე წამოგებული მწვადის როლში ყოფნა საკუთარი ნებით აირჩია, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამ ქვეყნების ერთმანეთთან შემაერთებელი კომუნიკაციები სხვადასხვა ხალხებით დასახლებულ საქართველოს ტერიტორიას გამჭოლად გასდევს და ანაწევრებს. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებულნი საქართველოს მიმართ თურქული და აზერბაიჯანული ეკონომიკური ექსპანსიის თაობაზე. თბილისი ავარიულად გადადის ევროატლანტიკური სტრუქტურების კონტროლქვეშ, რითაც მას ორი პრობლემის მოგვარება სურს: უზრუნველყოს „რუსული საფრთხის“ განეიტრალება და თავიდან აიცილოს აზერბაიჯან-თურქეთის მხრიდან მომდინარე რეალური საფრთხე. თბილისი ხედავს, რომ ყველა ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომლებიც მის ტერიტორიაზე გადის, მას არ ეკუთვნის, ამიტომაც სჯერა, რომ თუ ევროატლანტიკურ ბიუროკრატებს მიიწვევს, (ისინი ხომ თურქებსაც თავზე აზიან!), ამით საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს დაიცავს…

- გამოდის, რომ საქართველო უკვე ყველაფერს ხვდება, მაგრამ არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია…

- როცა იოსებ სტალინმა 1920-იანი წლების დასაწყისში იმ ადამიანებთან კამათი დაიწყო, რომლებიც საბჭოთა კავშირის შექმნას ისეთი „ტიტულური“ რესპუბლიკებით ცდილობდნენ, სადაც მთელი ხელისუფლება „ტიტულურ“ ერებს ექნებოდათ, მას არგუმენტად საქართველო მოჰყავდა. სტალინი კარგად იცნობდა ამიერკავკასიას და ამბობდა, რომ შეუძლებელი იყო პოლიტიკურ-ნაციონალური მონოპოლიის შექმნა საქართველოში, რომლის დედაქალაქ თბილისის მცხოვრებთა შორის 35% სომხები იყვნენ. დღეს მისი ხმა დავიწყებულია. მე არ ვარ იოსებ სტალინის თაყვანისმცემელი, მაგრამ აშკარაა, რომ იგი ერთი თავით მაღლა იდგა თავის  გარემოცვაზე.

როცა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს, აზრი გამოთქვა წინადადება საქართველო-სომხეთის საბაჟო კავშირისა და შემდგომი კონფედერაციის შექმნის მიზნით, მე მის ნათქვამს სერიოზულად შევხედე. ამით სომხეთს შესაძლებლობა ეძლეოდა ჯავახეთის პრობლემა გადაეწყვიტა, ზღვაზე გასასვლელი მიეღო, მჭიდრო კავშირი ჰქონოდა თბილისელ სომხობასთან, ისტორიულ-ეროვნული მემკვიდრეობა შეენარჩუნებინა… საქართველოს კი კარგი ურთიერთობა ექნებოდა რუსეთთან, რომელიც სომხეთის მოკავშირეა. რუსეთთან ცუდი დამოკიდებულება საქართველოსთვის არ შეიძლება. იმ დროს მიხეილ სააკაშვილმა ძლიერი, მაგრამ იმავდროულად უტოპიური სვლა გააკეთა…

დღეს საქართველოდან წამოსული სიგნალები მოწმობს, რომ იქ ისეთი ძლიერი პრონატოური განწყობა და რიტორიკა აღარ არის, როგორიც, ვთქვათ, 2008 წელს იყო, როცა ყველა მხარს მიხეილ სააკაშვილს უჭერდა. ახლა ჩვენ საერთო ენის გამონახვა გვჭირდება. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქარტველებისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დაკარგვა“ მოუგვარებელი პრობლემაა. ამიტომაც ეს მტკივნეული თემა ყოველთვის იქნება გრძელვადიან ქართულ-რუსულ ისტორიულ დიალოგში. ამგვარ სიტუაციაში  სომხეთმა შეიძლება რუსეთ-საქართველოს შორის „თარჯიმნის“ როლი შეასრულოს და „სამეულის“ მოლაპარაკებისათვის დღის წესრიგის შემუშავებაში წვლილი შეიტანოს.

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი), 4 მაისი, 2016 წელი

http://www.bbc.com/news/world-europe-36199811

მისცემენ თურქეთს უვიზო რეჟიმს საქართველოზე და უკრაინაზე ადრე?

როგორც უკვე მოსალოდნელი იყო, 4 მაისს ევროკომისიამ პირობითი თანხმობა განაცხადა თურქეთის მხარდასაჭერად უვიზო რეჟიმის მიღების საკითხში, რომელიც ევროკავშირის შენგენის ზონაში თავისუფალ მიმოსვლას ითვალისწინებს. ევროკომისიის აზრით, თურქეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზალიბერალიზების მოთხოვნების შესასრულელებლად, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია სასწრაფოდ გასაკეთებელი“, – იუწყება ბრიტანული „ბი-ბი-სი“. ახლა გადამწყვეტი სიტყვა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს ეკუთვნით. „ეს გარიგება დადებული იქნა იმ პირობით, რომ თურქეთი უკან მიიღებს სირიელ მიგრანტებს, რომლებმაც ეგეოსის ზღვა გადაკვეთეს და საბერძნეთის (ანუ ევროკავშირის) ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ბრიუსელს შიში ჰქონდა, რომ თუ თურქეთს ამგვარად არ გაურიგდებოდა, ანკარა მიგრაციას არ გააკონტროლებდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლიუდ ჩავუშოღლუ მიესალმა ევროკომისიის რეკომენდაციებს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში „ახალი ფურცელი გადაიშალა“.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები  საშინლად გააღიზიანა. „ვიშეგრადის ჯგუფის“ წევრი ქვეყნების (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და უნგრეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ თურქეთისათვის უვიზო რეჟიმის მიცემა, თუ ეს უკრაინაზე და საქართველოზე ადრე მოხდება, მათთვის მიუღებელია: „ჩვენი აზრით, დაუშვებელია, რომ საქართველომ და უკრაინამ უვიზო რეჟიმი თურქეთზე გვიან მიიღონ“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ. „ეს არ იქნება კარგი სიგნალი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც უვიზო რეჟიმის მიღებას დიდი ხანია ცდილობენ და ამ მიზნის მისაღწევად აბსოლუტურად ყველა პირობა შეასრულეს“, – ხაზი გაუსვა სლოვაკელმა ლუკაშ პარიზეკმა (ცნობისათვის: ევროკავშირთან დადებული შეთანხმების მიხედვით, 4 მაისისათვის თურქეთს 72 პირობა უნდა შეესრულებინა, მაგრამ მათგან მხოლოდ 30 შეასრულა. ანკარას კიდევ შეუძლია ივნისის ბოლომდე დარჩენილი საკითხები მოაგვაროს, მაგრამ როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ყველაზე მეტად თურქეტს 10 პირობის შესრულება გაუჭირდება, მათ შორის – სიტყვის თავისუფლებისა და ობიექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ბრიუსელი ასევე ითხოვს თურქული კანონების შეცვლას ტერორიზმთან ბრძოლისა და ეროვნული უმცირესობის დაცვის სფეროში – წყარო: http://vz.ru/world/2016/5/4/808798.html).

Comments are closed