globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 5th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში: პაროლები, ფული, ინსტრუქციები…

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ევროსაბჭო: რუსეთის უკანონო აქტები და ქმედებები საქართველოში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): 2008 წლის აგვისტოს ომი: ჰააგა გამოძიებას რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე აგრძელებს

—————–

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 04 მაისი, 2017 წელი

https://haqqin.az/news/99120

ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში: პაროლები, ფული, ინსტრუქციები…

სტატიაში, რომელიც შეიძლება ჟურნალისტური გამოკვლევის ჟანრს მივაკუთვნოთ, ვრცლადაა გადმოცემული ანტიაზერბაიჯანული დაჯგუფების საქმიანობა, რომელიც, გამოცემის აზრით, საქართველოში მოქმედებს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას ხლართავს (ავტორი – ეინულა ფატულაევი, «Haqqin.az»-ის მთ.რედაქტორი).

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

„მსოფლიოს ისტორიაში არის იმის პრეცდენტები, თუ როგორ ტრანსფორმირდებიან ხოლმე პატარა სახელმწიფოები ისეთ სუბიექტებად, რომლებიც გავლენას ახდენენ გლობალურ გეოპოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, კუბა და კუბელი რევოლუციონერების საქმიანობა, რომლებიც ლათინური ამერიკისა და აფრიკის ბევრ ქვეყანაში რევოლუციებს გეგმავდნენ“, – წერს ავტორი და ერთ-ერთ ასეთ „ერნესტო ჩე გევარად“ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს, რომელიც, კუბელი წითელი კომანდანტეს მსგავსად, საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც ცდილობდა  რევოლუციების განხორციელებას. „საქართველო დსთ-ის სივრცეში ფერადი რევოლუციების ლოკომოტივად, დასავლური ჰეგემონიზმის და მოდერნიზების პლაცდარმად იქცა, რომლის მიზანს რუსეთის ირგვლივ ფერადი სარტყლის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. მაგრამ რუსეთთან ერთად, საფრთხე უშუალოდ აზერბაიჯანსაც დაემუქრა; მიხეილ სააკაშვილი და მისი „კმარელი“ თანამოაზრენი, აზერბაიჯანშიც ცდილობდნენ დესტაბილიზების გამოწვევას, მაგრამ ილჰამ ალიევის პოლიტიკური ოსტატობის წყალობით ქართული რევოლუციური ხელისუფლების გეგმები ჩაიფუშა, განეიტრალდა. საბოლოოდ, თვით ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ აზერბაიჯანის გარეშე საქართველო ვერ იარსებებდა, ანუ ბაქოსთან დაპირისპირება თბილისურ კომინტერნს კარგს არაფერს უქადდა. იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მიმართ საქართველო ხრიკებს გააგრძელებდა, თბილისი ხელს შეუწყობდა რეგიონულ გეოეკონომიკური პროექტების კრახს, კავკასიური პოლიტიკის პატრიარქების – ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მიერ შემუშავებულს. გარდა ამისა, საქართველოს „ვარდისფერი“ ხელისუფლება აცნობიერებდა ქვემო ქართლში პრობლემის წარმოქმნის შესაძლებლობასაც, სადაც 300 ათასამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს და რომლებიც, ჯავახეთის სომხებისაგან განსხვავებით, ერთიანი და განუყოფელი საქართველოს იდეის ერთგულნი იყვნენ.

პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, იატაკქვეშეთი კი რჩება

მართალია, იმ პერიოდში საქართველოს „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ქარაგმულად აჩვენებდა, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან ფასეულობრივ კონფრონტაციაში იყო, ბაქოსთან ღია კონფლიქტზე წასვლა ვერ გაბედა, თუმცა საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ექსპანსიის პლაცდარმად გადააქცია. სამწუხაროდ, თბილისის პოლიტიკა არ შეცვლილა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგაც: „მეოცნებეთა“ მმართველობის დროს აზერბაიჯანული ფერადი იატაკქვეშეთი თბილისში თავს მშვენივრად გრძნობს.

გავიხსენოთ, რომ 2013 წელს, აზერბაიჯანში არჩევნების წინ, რადიკალური ოპოზიციის ცენტრმა სწორედ თბილისში გადაინაცვლა. ანტისამთავრობო კოალიციამ ცნობილი მწერლისა და კინორეჟისორის რუსტამ იბრაჰიმბეკოვის ხელმძღვანელობით (ელდარ ნამაზოვთან და ალი ქერიმლთან ერთად) ანტიაზერბაიჯანული გეგმების განხორციელება სწორედ საქართველოს დედაქალაქში დაიწყო: ჩამოყალიბდა ნაციონალური საბჭო, რომელმაც აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის მოხდენის საოცნებო მიზანი გამოაცხადა.

მოგვიანებით საქართველოს ახლადგამომცხვარი ხელისუფლება ბრალის გამოსწორებას შეეცადა – აშკარად ჩანდა თბილისის ჩარევა მოძმე მეზობლის საქმეებში და ურთიერთობაში წარმოქმნილი კოლიზია „გარდამავალი პერიოდის“ სირთულეებით ახსნა: რა გვექნა, დროულად ვერ მოვასწარით ქართული ისტებლიშმენტის გაწმენდა „სოროსელი ბაცილებისგანო“. ეს ოთხი წლის წინ იყო, იმ დროს აზერბაიჯანის ხელისუფლება გაგებით და თანაგრძნობით მოეკიდა მეზობლის „გარადამავალი პერიოდის სირთულეებს“, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არც შემდეგ არ გადაუდგამს პრაქტიკული ნაბიჯები ქვეყნის ტერიტორიიდან ანტიაზერბაიჯანული „წინააღმდეგობის მოძრაობის“ გასაძევებლად. დღეს თბილისი კვლავ რჩება აზერბაიჯანული ოპოზიციის ცენტრად, სადაც მზაკვრული გეგმები მზადდება, იხლართება ახალი შეთქმულება,  თავისი პაროლებით, ინსტრუქტაჟით და ფულით.

განა საქართველოს ხელისუფლებისათვის და სამართალდამცველი ორგანოებისათვის უცნობია აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების საქმიანობა? ან მათი შეხვედრები დასავლელ ემისრებთან და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დასავლელი სპეცსამსახურების კონტროლქვეშ იმყოფებიან?“, – წერს ავტორი და აქვეყნებს ანტიაზერბაიჯანული შეთქმულების წევრების გვარ-სახელებს, ფოტოსურათებს.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია 30-მდე აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, მოცემულია მათი დახასიათება, კავშირები, კონტატქები, გადაადგილების მარშრუტები, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ყოფილი პროკურორები, ჟურნალისტები… „თბილისში აზერბაიჯანული კონტრა მომრავლდა. მადლობა ალაჰს, რომ აზერბაიჯანმა, საქართველოსაგან განსხვავებით, მოახერხა და თავიდან აიცილა სისხლიანი დაპირისპირება. უიღბლო რევოლუციონერები ქვეყნიდან გაიქცნენ და თავშესაფარი საქართველოში ჰპოვეს, კერძოდ კი თბილისში – კონტრასტების, კონტრასა და რევოლუციონერების ქალაქში“.

აი, ასეთი სურათია ჩამოყალიბებული იმ სახელმწიფოში, რომელიც თავს აზერბაიჯანის ძმად და მეგობრად მიიჩნევს. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მხოლოდ მიზერული რაოდენობაა იმისა, რასაც თბილისში აზერბაიჯანული ოპოზიციის იატაკქვეშეთი აკეთებს. საინტერესოა, რა პასუხს გაგვცემს საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო? განა აზერბაიჯანის მთავრობას ოდესმე მიუცია თავშესაფარი ქართული ოპოზიციისათვის ბაქოში? რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ასე აზერბაიჯანის მიმართ? ამას წინათ, 19 აპრილს, ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს აზერბაიჯანის მიერ ძებნილად გამოცხადებული ჯამალა ალი, რომელიც ოპოზიციური „მაიდან ტვ“-ს ბერლინის განყოფილების თანამშრომელია. რასაკვირველია, ეს ნაბიჯი ოფიციალურმა ბაქომ დადებითად შეაფასა, მაგრამ მაინც გვინდა ვკითხოთ მეზობლებს: რატომ არ დააკავეთ და არ გადმოეცით აზერბაიჯანის ხელისუფლებას? ქართულ მხარეს რომ ანალოგიური თხოვნით მოემართა ჩვენთვის, განა ბაქო ასე მოიქცეოდა?

რატომ შეუქმნა საქართველოს ხელისუფლებამ ანტიაზერბაიჯანულ ოპოზიციას სასათბურე პირობები თბილისში? ხომ ცნობილია, რომ ისინი თავიანთ ზრახვებს არ მალავენ, მათ აზერბაიჯანის ხელისუფლების დამხობა სურთ. მაშ, რატომ არ ღებულობს ზომებს ჩვენი მეზობელი? არადა, აზერბაიჯანი დიდ მსხვერპლს სწირავს საქართველოსთვის… არაფერს ვამბობთ ენერგეტიკულ მეგაპროექტებზე… ქართველებს გავახსენებთ, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ბაქომ მკაცრად დაგმო სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი და მზადაა ორმხრივი კავშირების გასაღრმავებლად, გამოწვევების მიმართ ერთობლივი წინააღმდეგობის გასაწევად. და რას ვიღებთ ყოველივე ამის სანაცვლოდ? ზურგში დანის დარტყმას? განა აზერბაიჯანმა ზურგში დარტყმა დაიმსახურა? საინტერესოა, რამდენი დრო დაჭირდება საქართველოს მთავრობას მისსავე ტერიტორიაზე თავაშვებულად მოქმედი აზერბაიჯანული იატაკქვეშეთის აღსაკვეთად?

———

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანულმა გამოცემამ, გუშინ, ოთხ მაისს, ონლაინ-რეჟიმში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუბლიკაცია ცნობად მიიღო და მასალაში ნახსენებ ფაქტებს შეისწავლის. გუშინვე «Haqqin.az»-მა გამოაქვეყნა ქართველი ექსპერტების კომენტარი. როგორც ვასილ პაპავა ამბობს, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების შესახებ ქართული ოფიციალური მედია არაფერს აცხადებს.

„საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობა მხოლოდ აზერბაიჯანის ოფიციალურ ხელისუფლებასთან აქვს და ბუნებრივია, ეს თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ არის დასმული. გამოდის, რომ  ყველაფერი ჩუმად კეთდება. ძალიან ცუდია, რომ ასეთი ტენდენცია შეიმჩნევა. ჩემი აზრით, აზერბაიჯანელი „ოპოზიციონერები“, თავიანთი რევულუციური პროექტებით, საქართველოდან გაძევებულნი უნდა იქნენ. საერთოდ კი, უმჯობესი იქნება, რომ აზერბაიჯანმა ამ მიზნით ოფიციალურად მომართოს საქართველოს. ის, რაც სტატიაშია გადმოცემული, თუ ყველაფერი მართალია, მაშინ სრულ „ბარდაკს“ ნიშნავს“, – ამბობს ვასილ პაპავა და ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანელებს, ალბათ, დასავლური ძალებიც მფარველობენ, ამიტომ თბილისს ბერკეტები არ ჰყოფნის მათ გასაძევებლად. „საქართველოს ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, დამატებით „აზერბაიჯანული ხუნტა“ არ გვჭირდება“.

სტატიის შესახებ თვალსაზრისი გამოხატა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრმა გია ცაგარეიშვილმაც: მისი თქმით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არასოდეს არ გადაუდგამს ადა არც გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იქნება აზერბაიჯანში პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოსაწვევად. „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის არ სურს, რომ აზერბაიჯანს პრობლემები ჰქონდეს. ჩვენი ქვეყნები მსგავს მდგომარეობაში არიან, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობასთანაა დაკავშირებული. აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საზღვრების ურღვევობას და სუვერენიტეტს. თბილისი მაღალ შეფასებას აძლევს ბაქოს პოზიციას. რაც არ უნდა იფიქრონ ჩვენმა საერთო მტრებმა, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა გაგრძელდება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა «Haqqin.az»-ის თბილისის ბიუროს თანამშრომელთან საუბრის დროს (წყარო: https://haqqin.az/news/99180).

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 05 მაისი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/evrosabcho-rusetze/28468245.html

ევროსაბჭო: რუსეთის უკანონო აქტები და ქმედებები საქართველოში

ლელა კუნჭულია

რუსეთის უკანონო, დესტრუქციული ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებათა ხელყოფის ფაქტები და დევნილების ღირსეული დაბრუნების ხელშეშლის პრობლემები ასახულია დოკუმენტში, რომელიც 3 მაისს დამტკიცდა სტრასბურგში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში მოადგილეების დონეზე გამართული სხდომის ფარგლებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მიღებულ გადაწყვეტილებაში „პირველად დაფიქსირდა“, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. სტრასბურგში დამტკიცებულ დოკუმენტს თბილისში აფასებენ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს ხელს შეუწყობს დიპლომატიური ბრძოლის პროცესში.

„რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები, მათ შორის, ე.წ. ხელშეკრულებების დადება საქართველოს რეგიონებთან და ჩატარებული რეფერენდუმები/არჩევნები, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა“, – წერია გადაწყვეტილების ტექსტში, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოადგილეების დონეზე გამართული სხდომის შემდეგ გამოაქვეყნა. დოკუმენტში ვხვდებით მოწოდებას რუსეთის ფედერაციის მისამართით, რომ ის დაემორჩილოს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ტექსტში კიდევ არაერთხელ არის ნახსენები რუსეთის ფედერაცია და, მათ შორის, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო. შესაბამისად, დოკუმენტის თანახმად, სწორედ რუსეთის ფედერაციას ევალება, მაგალითად, ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფა, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა, უკანონო დაკავების ფაქტების თავიდან არიდება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიება. რუსეთის ფედერაცია ყველაფერ ამას უგულებელყოფს, ხოლო საქართველოს საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალება, უბრალოდ, არა აქვს: „საქართველოს, როგორც საერთაშორისო სამართლის მიხედვით ერთადერთ სუვერენულ სახელმწიფოს თავის რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, კვლავაც ხელი ეშლება ამ რეგიონებში ლეგიტიმური იურისდიქციის განხორციელებაში, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების, მათ შორის, ადგილზე მისი სამხედრო ნაწილების განგრძობადი ყოფნის გამო“.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში დამტკიცებულ დოკუმენტში გამოხატულია სერიოზული შეშფოთება 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო და იქვეა მოთხოვნა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დაუყოვნებლივ წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დოკუმენტში დასმულ აქცენტებს უპრეცედენტოს უწოდებს: „ფაქტობრივად, პირველად, სახელმწიფოებმა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბეს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ყოფნის გამო, საქართველო საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას. მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთსა და საქართველოს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაციის არც ერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი“.

3 მაისს დამტკიცებულ დოკუმენტს, საერთაშორისო სამართლის ჭრილში „ცალსახად დადებით“ სიახლედ მიიჩნევს პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე. ჩვენთან საუბრისას ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული ტექსტი რუსეთს საგანგებო პასუხისმგებლობას აკისრებს: „ეს ნიშნავს, რომ უკვე არსებობს სახელმწიფო, რომელსაც, ვთქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები შეიძლება ედავონ მათი უფლებების დარღვევისთვის იმგვარად, რომ ამან არ წარმოშვას გაუგებრობები საქართველოსთვის. როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ტერიტორიაა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოა პასუხისმგებელი თვითონ თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, მაგრამ, იმავდროულად, როცა იქნება დადგენილი, რომ იქ ფაქტიური კონტროლი ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაშინ, ცალსახად, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება არა საქართველოს, არამედ რუსეთს“.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთს შეუჩერდა ხმის უფლება და, ისედაც, მოსკოვი უკვე დიდი ხანია აბსოლუტურად უგულებელყოფს ევროსაბჭოს შეფასებებს, გიორგი გობრონიძე 3 მაისს დამტკიცებულ დოკუმენტს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელ კიდევ ერთ ინსტრუმენტად განიხილავს. მისი თქმით, ტექსტი მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის ჭრილშიც.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/hague-is-set-to-continue-investigation-on-georgia-russia-war/3837888.html

2008 წლის აგვისტოს ომი: ჰააგა გამოძიებას რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე აგრძელებს

ნინო დალაქიშვილი

რუსეთი უარს აცხადებს ითანამშრომლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველო–რუსეთის 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიების შესახებ. მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი გამოძიებას არ წყვეტს. ის გამოიყენებს ყველა მასალას და ანგარიშს, რაც ამ დრომდე არსებობს აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის ტალიავინის კომისიის ანგარიშს.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის პრინციპებისა და სპეციფიკის თაობაზე და რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხზე წარმოებული საქმის შესახებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთაშორისო სასამართლოსთვის ეს პირველი გამოძიებაა, რაც ევროპის ტერიტორიაზე ომის დანაშაულის საკითხებს ეხება. სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორის ოფისს ამ დრომდე მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში აქვს მსგავსი გამოძიების ჩატარების გამოცდილება, ამდენად საერთაშორისო საზოგადოების ინტერესს ეს მომენტი კიდევ უფრო ამძაფრებს.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები დევნილთა ჩასახლებებში ჩაატარეს კოდასა და წეროვანში, დღეს კი გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც გორის უნივერსიტეტში სწავლობს და ასწავლის რუსეთ–საქართველოს ომი განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა, რადგან სტუდენტების 40 პროცენტი სწორედ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ან დევნილია.

„ამერიკის ხმა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გოჩა ლორთქიფანიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად ეფექტურად წავა გამოძიება. ჩვენ ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ გამოძიება ეფექტური არ იქნება, პირიქით. ქართული მხარე თანამშრომლობს გამოძიებასთან. რაც შეეხება რუსულ მხარეს, შემიძლია უბრალოდ, ფაქტის კონსტატაცია მოვახდინო, რომ მოლოდინი, თანამშრომლობის განწყობა არსებობდა მანამ, სანამ პროკურორი თანამშრომლობის შუამდგომლობით მიმართავდა. შეისაძლოა, ეს განწყობა გამოიწვია იმან, რაც არის საფუძველი პროკურორის მიმართვის და შემდეგ, წინა სასამართლო პალატის გადაწყვეტილების. ესაა ის, რომ მნიშნველოვანწილად ლაპარაკია და ეს რუსეთის ფედერაციის განცხადებაში და რეაგირებაშიც იყო, იმ დანაშაულებებზე, რომლებიც არის მიმართული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ. ნებისმიერი საერთაშორისო დანაშაული, რომელიც რომის სტატუტითაა გათვალისწინებული, ეს უკვე არის მასშტაბური და მძიმე“.

იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი არაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელი მხარე, მის მიმართ ან მის ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარებაა ჰააგის პროკურორის ოფისს არ შეუძლია. სამხრეთ ოსეთი რუსეთს არ ეკუთვნის. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, შესაბამისად, პროკურორის ოფისს გამოძიების ჩატარება მასზე იურიდიულად შეუძლია, მაგრამ ფაქტობრივად, ამგვარი ოპერაციის განხორციელება აქ შეუძლებელია, რადგან ის რუსეთის მიერაა ოკუპირებული. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თუ ბენსუდას ოფისი რუსი სამხედროების მიერ ჩადენლ დანაშაულს დაადასტურებენ, მათი დაკავება, მართალია, რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნება, მაგრამ თუ ისინი სხვა, ჰააგის სასამართლოს წევრ ქვეყანაში მოხვდებიან, დააპატიმრებენ.

საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ძამაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს: „პირველ რიგში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, პოტენციურად, რა დანაშაულებებს შეიძლება იძიებდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურატურა. რეალურად, რაც პირველ ეტაპზე იკვეთება, აქ საუბარია ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ამიტომ პოტენციურად, დიდი ალბათობაა მეორე მხარის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდეს. რადგან აქ საუბარია ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნაზე, არასათანადო მოპყრობაზე, სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, საკუთრების უფლების დარღვევაზე, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იყო ჩადენილი. შესაბამისად, პოტენციური დამნაშავე, ვინც შეიძლება იყოს, დიდი ალბათობით, ეს მეორე მხარეს იქნება. მაგალითად, ეთნიკური წმენდის ინდიკაცია შეიძლება იყოს ის, თუ რა რაოდენობის დევნილი გაჩნდა საქართველოში ამ ომის შედეგად. თვითონ ამ ადამიანებს შეხვდებიან და პირველადი წყაროდან მიიღებენ ინფორმაციას, როგორ იბომბებოდა მათი სახლები, როგორ იწვებოდა, როგორისპობოდა ადამიანების სიცოცხლე.“

ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის წამებისა და მკვლელობის გამოძიებას. სასამართლოს გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას; ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.

Comments are closed