«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): მიშას მომენტი // ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორი რუსეთის პროვოცირების მიზნით დაინიშნა
«Московский комсомолец» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილის სამიზნე // დეჟა-ვიუ დნესტრისპირულად?
«Business Insider» (აშშ): საქართველო როგორც ნეიტრალური ქვეყანა რუსეთ-დასავლეთის გამმიჯნავ ბუფერულ ზონაში
«Независмимая газета» (რუსეთი): საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის დანატოვარის გამოსწორებას შეუდგა: დაზარალებულები კომპენსაციას იღებენ
———————-
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 5 ივნისი, 2015 წელი
მიშას მომენტი
ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორი რუსეთის პროვოცირების მიზნით დაინიშნა
ოდესის ოლქის ახალ გუბერნატორს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: მან წლების წინ წარმატებული კამპანია განახორციელა კორუფციის წინააღმდეგ, გარდაქმნა შინაგან საქმეთა უწყება და რეფორმის დასაწყისში საგზაო პოლიციის თითქმის მთელი პერსონალი სამსახურიდან გაათავისუფლა. ეს ძალიან ღირებული გამოცდილებაა და მისი გადანერგვა (ტრანსპლანტაცია) შეიძლება ისეთ ქვეყანაშიც კი მოახდინო, როგორიც უკრაინაა. მან მსოფლიოს ბევრი ენა იცის, რაც მნიშვნელოვან პლუსად უნდა ჩაითვალოს ისეთ მრავალეროვნულ ზღვისპირა რეგიონში, როგორიც ოდესის ოლქია. იგი უცხოელია, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული, ესე იგი არ არის ჩაბმული ოლიგარქებს შორის ბრძოლაში, რასაც ოდესისა და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის დიდი ზიანი მოაქვს.
უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ პრინციპში, ოდესის ოლქის ახალ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს „ჩამოსულს“ და „უცხოელსაც“ კი ვერ უწოდებ. იგი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია, შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნის ექს-მეთაური, თუმცა 2013 წლიდან, როგორც კი პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამსახურებრივი უფლება-მოსილების ბოროტად სარგებლობის მუხლით (რასაც იგი უარყოფს), ამიტომ სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია. ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ მოახდინა და შეეცადა ნატოში და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხი გადაეწყვიტა, თუმცა მისმა მკაცრმა სტრატეგიამ ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობა მისცა 2008 წელს ომი დაეწყო თავის პატარა მეზობელთან. ისევე როგორც უკრაინას 2004 წელს, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ, კრემლი საქართველოსაც ხელს უშლიდა პროდასავლურ ინტეგრაციაში და ცდილობდა ეს ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დაეტოვებინა.
ასეთი დანიშვნები უკრაინის მთავრობისათვის უცხო ხილი არ არის, რომელსაც ბევრი უცხოელი სპეციალისტი ჰყავს მიწვეული – დემოკრატიულ სისტემაზე გადასასვლელად, რეფორმების გასატარებლად და კორუფციისაგან გაწმენდის მიზნით. აბა, რას იზამ, როცა ადგილობრივი ტალანტიური კადრები არ გყოფნის? ასეთ დროს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აზრი ნამდვილად აქვს. უკრაინა ამ თვალსაზრისითი ერთადერთი სახელმწიფო არ გახლავთ: 2013 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კანადელი მარკ კარნი მიიწვია ინგლისის ბანკის ხელმძღვანელად. მიუხედავად ამისა, პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად საოცრად ექსცენტრიულ გადაწყვეტილებად შეიძლება შეფასდეს.
ოდესა სასურველ ობიექტად ითვლება რუსი სეპარატისტებისათვის, რომლებთაც უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ებრძვის. ამ კვირაში [დონბასში] ძალადობა ისევ განახლდა ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ. თავის დროზე ძალადობა ოდესამაც განიცადა საკუთარ თავზე – ქუჩის დაპირისპირების დროს გასულ წელს ოდესაში 40-ზე მეტი ადამიანი დაიწვა შენობაში ხანძრის შედეგად. მოგვიანებით სიტუაცია გარკვეულწილად ჩაწყნარდა, მაგრამ დაპირისპირება „ნელ ცეცხლზე“ მაინც გრძელდება.
მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა, უპირველეს ყოვლისა, ვლადიმირ პუტინის შეურაცხყოფაა, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი სძულს: 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი სააკაშვილს „ყვ…ბით დაჰკიდებს“. იმ დროს, როცა რუსეთთან მშვიდობის დამყარება კიევის მთავარ პრობლემას წარმოადგენს, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დანიშვნა პროვოკაციულ ქმედებას წარმოადგენს.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 5 ივნისი, 2015 წელი
მიხეილ სააკაშვილის სამიზნე
დეჟა-ვიუ დნესტრისპირულად?
მარინა პერევოზკინა
(შემოკლებით)
„პროფესიული პროვოკატორი“ – სწორედ ესაა საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძირითადი ამპლუა. მან თავის დროზე, 2008 წელს, საქართველოში წარმატებით გამოაღვიძა „ღრმა გამყინვარების“ პროცესში მყოფი ეთნიკური კონფლიქტები, რომელთაგან ერთ-ერთი – ქართულ-ოსური კონფლიქტი, შეიძლება ითქვას, ძალიან ახლოს იყო სრულ მოგვარებასთან.
დღეს ოდესაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დნესტრისპირეთს უმიზნებს – ახლა მას აქაური კონფლიქტის გამოღვიძება აქვს დავალებული. როლის უკეთეს შემსრულებელს, რომც ეძებო, ვერ იპოვი. ამ დღეებში „ქართველმა ვარიაგმა“ განაცხადა კიდეც, დნესტრისპირეთიდან ბევრი კონტრაბანდა შემოდის და უნდა ავკრძალოთო [სამხრეთ ოსეთშიც მან კონტრაბანდის აკრძალვით დაიწყო]. „კონტრაბანდული ხვრელის“ დახურვა ქართული არმიის თითქმის სრული განადგურებით დასრულდა. გამორიცხული არაა, რომ თავის ახალ დანიშვნაში მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ პუტინთან წაგებული ბრძოლის რევანშის შანსიც დაინახა. 2008 წელს ხომ პუტინმა მას საბრძოლო-საჭადრაკო პარტია სამ სვლაში (ანუ სამ დღეში) მოუგო.
შესაძლოა ომის დაწყება საჭირო არ გახდეს. ოდესის პორტით დნესტრისპირეთის პროდუქციის უდიდესი ნაწილის ექსპორტი ხდებოდა, ოდესიდანვე ხდებოდა იმპორტის უზრუნველყოფა, ახლა კი გზები მოჭრილია, რეგიონი უკვე ბლოკირებულია. რესპუბლიკის საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის 40%-ით შემცირდა. „ამას ყოველი დნესტრისპირელი მოქალაქე გრძნობს“, – ეს სიტყვები ადგილობრივ მინისტრს ნინა შტანსკის მიერაა ნათქვამი.
ომი ამჟამად არც კიევს და არც მოლდოვას არ უნდა აწყობდეს. მაგრამ თუ ომი ატყდება, მაშინ რუსეთს სრული ლეგიტიმური უფლება ექნება დაიცვას დნესტრისპირეთში დისლოცირებული თავისი სამშვიდობო ქვედანაყოფები.
რა მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ქვედანაყოფების ომის პროვოცირებას მოახერხებს? მაშინ რუსეთის არმიას მოუწევს დერეფნის „გაჭრა“ სამხრეთ უკრაინის მთელ პერიმეტრზე. რასაკვირველია, მოუწევს ოდესის დაკავებაც. მაგრამ ჰაერიდან ქალაქის დაბომბვა შეიძლება წარუმატებელი იყოს, რადგან ოდესაში უკრაინის არმიის სარაკეტო დივიზიონი დგას, რომელიც სრულიად თანამედროვე რაკეტებითაა აღჭურვილი და ჩვენს თვითმფრინავებს ჩამოყრის. ასე რომ, რუსეთისაგან ყველანაირი შეიარაღებული ჩარევა სრულმასშტაბიანი ომის გამომწვევი იქნება. პრობლემა ურთულესია, მაგრამ ის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.
«Business Insider» (აშშ), 5 ივნისი, 2015 წელი
http://inosmi.ru/world/20150604/228400775.html
საქართველო როგორც ნეიტრალური ქვეყანა რუსეთ-დასავლეთის გამმიჯნავ ბუფერულ ზონაში
„დასავლელმა პოლიტიკოსებმა კარგად უნდა მოიფიქრონ რუსეთთან ურთიერთობის კრიზისიდან გამოსვლის გზები“, – წერს კალიფორნიის (აშშ) ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ უოლკერი სტატიაში სათაურით „ყველაზე რეალისტური ვარიანტი რუსეთ-ნატოს ურთიერთობის კრიზისიდან გამოსასვლელად“, რომელიც ამერიკულ გამოცემა Business Insider-შია გამოქვეყნებული.
აანალიზებს რა მიმდინარე სიტუაციას, ედვარდ უოლკერი ასახელებს მოვლენების განვითარების სამ ყველაზე სავარაუდო სცენარს: პირველი – „ნორმალური“ თანამშრომლობის დაბრუნება; მეორე – არასტაბილური და მტრული დამოკიდებულების გაღრმავება რუსეთსა და დასავლეთს შორის, გამმიჯნავი ტერიტორიის გარეშე, რაც ომის ალბათობას ზრდის; მესამე – სტაბილური მტრული დამოკიდებულება, რომლის დროსაც მხარეები ქცევის წესებს იცავენ და მათ შორის არსებობს გამმიჯნავი ტერიტორია (ისე, როგორც ეს „ცივი ომის“ დროს იყო). გამმიჯნავ ტერიტორიაში იგულისხმება ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალიტეტს გამოაცხადებენ.
პოლიტოლოგის შეფასებით, ყველაზე ნაკლებად პირველი ვარიანტია მოსალოდნელი, ანუ „ნორმალური“ ურთიერთობებისაკენ დაბრუნება არ მოხდება. მეორე ვარიანტის რეალიზება 55%-ითაა შესაძლებელი, თუმცა ყველა მხარისათვის ის ყველაზე ნაკლებადაა სასურველი. მესამე ვარიანტის რეალიზების ალბათობა დაახლოებით 35%-ია.
მესამე სცენარის რეალიზება მოითხოვს ბუფერული ზონის არსებობას რუსეთსა და ნატოს შორის, რომელშიც შევლენ ნეიტრალური ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და აზერბაიჯანი. ამ ზონას იურიდიული სტატუსი უნდა ჰქონდეს და განმტკიცებული უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულებით საკვანძო პირობა ამ დროს უნდა იყოს ის, რომ ბუფერული ზონის სახელმწიფოები არ უნდა გაერთიანდნენ არცერთ სამხედრო ბლოკში (კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანიზაციებში, მათ შორის ნატოში) და მათ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფები არ უნდა იყოს დისლოცირებული.
ცხადია, ასეთი ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს განიარაღებას და შეიძლება ხელი შეუწყოს კიდეც ქვეყნის უსაფრთხოების დონის გაზრდასაც, როგორც ამას შვეიცარიის ან ლიხტენშტეინის მაგალითი გვაჩვენებს, აღნიშნავს ამერიკელი პოლიტოლოგი. გარდა ამისა, ნეიტრალური სტატუსი სტიმულირებს ეკონომიკურ კეთილდღეობასაც.
ედვარდ უოლკერი ხაზს უსვამს, რომ ნეიტრალიტეტი ხელს არ შეუშლის და ბარიერი არ იქნება ევროკავშირში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისათვის, თუმცა მათ მოუწევთ უარი თქვან ევროკავშირის კოლექტიური უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობაზე. იმავდროულად უკრაინისა და საქართველოსადმი არ უნდა იქნეს შეთავაზებული ნატოში გაწევრიანება, რადგან ეს ნაბიჯი რუსეთთან ომის საფრთხეს ქმნის.
„რასაკვირველია, უკრაინას და საქართველოს სრული უფლება აქვთ ნატოში გაწევრიანებისკენ ლტოლვისა, მაგრამ ნატოსაც სრული უფლება აქვს მათ უარი უთხრას მიღებაზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ახალი კანდიდატის მიღებას ხომ ნატოს წევრი ყველა სახელმწიფოს თანხმობა ჭირდება. გარდა ამისა, აშშ-ში დამატებით საჭიროა ახალი წევრის მიღება სენატორთა ორმა მესამედმა მოიწონოს. რა თქმა უნდა, სენატს უფლება აქვს უარი განაცხადოს და არ დაეთანხმოს ახალი წევრების მიღებას.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი პრინციპი – არანაირი უფლება არ აქვს მესამე ქვეყანას (ჩათვალე – რუსეთს) ხელი შეუშალოს ალიანსში რომელიმე ქვეყნის გაწევრიანების სურვილს. თუმცა, ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ძალიან პრინციპულად ჟღერს, მაგრამ ნატოს წევრ ქვეყანას, როცა ახალი კანდიდატის თავის რიგებში მიღების გადაწყვეტილებას დააპირებს, სრული უფლება აქვს იფიქროს არა მხოლოდ თავის საკუთარ ინტერესებზე, ალიანსის ინტერესებზე, კანდიდატი ქვეყნის ინტერესებზე, არამედ ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა ქვეყნის ინტერესებზეც, მათ შორის, ცხადია, რუსეთიც მოიაზრება.
აქედან გამომდინარე, ნატოში გაწევრიანების საკითხში გადაწყვეტილების მიღების დროს გასათვალისწინებელია ამა თუ იმ ქვეყნის მიღების გეოპოლიტიკური შედეგებიც. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ დასავლეთის სახელმწიფოები, როცა ავსტრიას ნეიტრალიტეტის სტატუსი მიანიჭეს, ამ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის სანაცვლოდ 1955 წელს. სწორედ ეს პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ, როცა საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღების საკითხის გადაწყვეტის დრო დადგება“, – წერს სტატიის დასასრულს ედვარდ უოლკერი.
«Независмимая газета» (რუსეთი), 5 ივნისი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-06-05/7_gruzia.html
საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის დანატოვარის გამოსწორებას შეუდგა: დაზარალებულები კომპენსაციას იღებენ
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი ლოზუნგით – სამართლიანობის აღდგენის დაპირებით გაიმარჯვა. კერძოდ, „მეოცნებეები“ და მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას პირდებოდნენ, რომ „ნაციონალთა„ მმართველობის წლებში უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდებოდათ. ამომრჩეველმა დაიჯერა და ხმა „ქართულ ოცნებას მისცა“, – ნათქვამია რუსულ „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
„დაპირება იოლია, მაგრამ მისი შესრულება ხშირად ძნელი ხდება. ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა დოკუმენტს თან ახლავს ჩუქების განცხადება, რომლებიც ნოტარიუსების მიერაა დამოწმებული. უცნაური და თვალშისაცემი მხოლოდ „გარიგების“ დადების დრო და ადგილია: ხშირად ჩუქება შუაღამისას ხდებოდა, თანაც რესტორანში. ბრალდებულები თავს ასე იმართლებენ: „წავედით რესტორანში, კარგად ვიქეიფეთ, შევთვერით, პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად მეგობარმა აიღო და მანქანა (ბიზნესის წილი, ან სხვა ქონება) მაჩუქა… არა, რა ზეწოლა, რის მუქარა, ყველაფერი ურთიერთგაგების ნიადაგზე მოხდა, ჩვენთან ნოტარიუსიც ქეიფობდა და იმანაც ყველაფერი დაადასტურა. ახლა მე რა ვქნა, თუ დილით, როცა გამოფხიზლდა, მეგობარმა ინანა, რატომ ვაჩუქეო?“. მოკლედ, იმის დამტკიცება, რომ მომჩივანზე მართლაც ზეწოლა განხორციელდა, ძალიან რთული გამოდგა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
სტატიაში აგრეთვე გადმოცემულია საქართველოს პროკურატურის სისტემაში შექმნილი ახალი სტრქუტურის – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულობათა გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობა: გაზეთის ჟურნალისტს ამ სტრუქტურის უფროსის მოადგილე კოკი კაციტაძე ესაუბრება.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქონების დაბრუნებას ართულებს: რა ბედი ელოდება იმ ქონებას, რომლებიც კონფისკებული იქნა და შემდეგ აუქციონის მეშვეობით გაიყიდა? როგორ დაიბრუნებს ყოფილი მფლობელი იმ ავტომობილს, რომელშიც ვიღაცამ უკვე კანონიერად გადაიხადა ფული? მას ხომ არავისთვის არ ჩამოურთმევია და არც წაურთმევია? მსგავსი სიძნელეებია ბიზნესის წილების იძულებითი გადაფორმების დადგენის დროსაც. პუბლიკაციაში ამ თვალსაზრისით მოხსენიებულია ბიზნესმენები ქიბარ ხალვაში და დავით ბეგიაშვილი, რომლებთაც „ნაციონალებმა“ ქონება უკანონოდ ჩამოართვეს და ახლა დაზარალებულები მის უკან დაბრუნებას ცდილობენ.