globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 5th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» აზერბაიჯანი): ამაო ჭინთვები // პროსომხური ძალები აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ

«Vatan» (თურქეთი): თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ახმეტ არსლანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეამოწმა

«Одесская жизнь» (უკრაინა): სად არიან დღეს უკრაინის ქართველი რეფორმატორები?

—————–

«Каспiй» აზერბაიჯანი), 03 ივნისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ამაო ჭინთვები: პროსომხური ძალები აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ

გოშგარ ალიევი

(შემოკლებით)

აზერბაიჯანი ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო სახელმწიფოა არამარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში: ჩვენ, სომხეთის გარდა, რეგიონის ყველა ქვეყანასთან კეთილმეზობლურ პოლიტიკას ვატარებთ, რომელიც ურთიერთინტერესს, თანამშრომლობას და პარტნიორობას ეფუძნება.

სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკის გატარებით ძალიან შეშფოთებულნი არიან უცხოური ანტიაზერბაიჯანული წრეები, კერძოდ, სომხეთი და სომხური ლობი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ შუღლის ჩამოგდებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, დაარღვიონ ჩვენს შორის არსებული კეთილი დამოკიდებულება და მოძმე ხალხები ერთმანეთს აუმხედრონ. შემთხვევითი არაა, რომ აღნიშნული ძალები ასევე ცდილობენ საქართველოს ტერიტორია თავიანთი ბინძური ინსინუაციების რეალიზების პლაცდარმად გადააქციონ.

ამ დღეებში საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებისა და სამართალდამცველი ორგანოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გამომჟღავნებული იქნა ანტიაზერბაიჯანული ქსელი და მისი მფარველი წრეები, განხორციელებული იქნა კონკრეტული ღონისძიებები მათი საქმიანობის შესაჩერებლად. კერძოდ, აღკვეთილი იქნა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის უკანონო საქმიანობა, ხოლო მისი მიცემით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აზერბაიჯანის საწინააღმდეგო მთელი ქსელისა და მისი მონაწილეეების ჭეშმარიტი სახე გამჟღავნდა.

დღეს სომხური და ის უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ორგანიზაციები, რომლებიც სომხური ლობის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, აფგან მუხთარლის დაცვასა და ამით აზერბაიჯანის ავტორიტეტის შელახვას ცდილობენ, ისინი ძალას არ იშურებენ საქართველოს მთავრობაზე გავლენის მოხდენის მიზნითაც. კერძოდ, სომხურ მასმედიაში ისეა ყველაფერი წარმოდგენილი, თითქოსდა ანტიაზერბაიჯანული ქსელის მტრული საქმიანობის გამჟღავნება – ეს აზერბაიჯანის პროვოკაციაა და ამით „მეზობელ საქართველოს ზიანი მიადგება“. აი, სწორედ ასე ცდილობს სომხური ლობი ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების დარღვევას.

გაზეთ „კასპიის“ რედაქციას ამ საკითხზე აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატებმა თავისი მოსაზრებები გაუზიარეს.

ელმან ნასიროვი:

„აფგან მუხთარლის უკანონო საქმიანობის აღკვეთით და პასუხისგებაში  მიცემით ანტიაზერბაიჯანული ძალების ჭეშმარიტი სახე გამოვლინდა. სომხურმა დიასპორამ, პროსომხურმა და ანტიაზერბაიჯანულმა ძალებმა აფგან მუხთარლის დაკავების ირგვლივ შოუ მოაწყეს. ისისნი აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლი თითქოსდა ჟურნალისტური, პროფესიული საქმიანობისთვის დააკავესო, მაგრამ ეს უსაფუძვლო, მცდარი თვალსაზრისია. აფგან მუხთარლი როგორც ჟურნალისტი არ მუშაობდა. იგი იყო სხვა ჟურნალისტის – ჰაჯიჯა ისმაილოვას პირადი მცველი, რომელიც აზერბაიჯანში ჩადენილი სისხლის სამართლის დანასაულისათვის პასუხისგებაში იყო მიცემული. ჰაჯიჯა ისმაილოვას დაპატიმრების შემდეგ აფგან მუხთარლი საქართველოში გაიქცა და იქ არსებულ ანტიაზერბაიჯანულ ძალებს მიემხრო, აკეთებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს. ახლა ამ ძალებს სურთ, რომ აფგან მუხთარლის საქმიანობას „კანონიერი“ შეფერილობა მისცენ და ის „სიმართლის, თავისუფლების“ მებრძოლად წარმოადგინონ. საქართველოში მოქმედი სომხური დიასპორა და ანტიაზერბაიჯანული ელემენტები, ემყარებიან რა ამ პიროვნების დაპატიმრებას, ცდილობენ ზიანი მიაყენონ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას, მაგრამ მათი მცდელობა ფიასკოს განიცდის – ეს იმიტომ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული დამოკიდებულებაა.

ამ ძალებს არაერთხელ მიუმართავთ მსგავსი მეთოდებისათვის, არაერთხელ გადაუდგამთ ნაბიჯები ბაქოსა და თბილისის ძმური ურთიერთობის გაუარესების მიზნით. თავიანთი ბინძური გეგმების განსახორციელებლად ისინი სხვადასხვა ფორმებითა და ხერხებით სარგებლობდნენ, იყენებდნენ აფგან მუხთარლის მსგავს ადამიანებს გამყიდველი და მოღალატე წრეებიდან. სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ მუდამ ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის რღვევას. ეს მცდელობები დღესაც გრძელდება. დაე, მათ იცოდნენ, რომ არავის და არასოდეს არ შეუძლია ზიანის მიყენება ჩვენი ურთიერთობებისთვის“.

სავალან მირზოევი:

„განსაზღვრული მტრული ძალების მცდელობები აზერბაიჯან-საქართველოს კავშირების დაზარალების მიზნით, აფგან მუხთარლის დაკავების საფუძველზე, აბსოლუტურად უშედეგო იქნება. ისინი არ ცხრებიან, ადრეც გაუკეთებიათ ამგვარი სიბინძურე, ადრეც ცდილობდნენ ბაქო-თბილისის მტკიცე კავშირების ჩაშლას, მაგრამ მათი ფაფხური წარუმატებელია. ჯერ ერთი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ აფგან მუხთარლი ქართულმა მხარემ დააკავა და ჩვენ გადმოგვცა. როგორც აზერბაიჯანის პროკურატურამ განაცხადა, იგი დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო. მეორე – რაც შეეხება ანტიაზერბაიჯანული ძალების იმედებს, რომ ამით თითქოსდა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები დაირღვევაო, ეს გამორიცხულია. ამ მიზნით მიმართული ყველა მცდელობა ადრეც ჩაშლილა და მომავალშიც ჩაიშლება. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობას დიდი ისტორიული წარსული აქვს და მას ვერანაირი ძალა ვერ გააუარესებს“.

«Vatan» (თურქეთი), 04 ივნისი, 2017 წელი

http://www.gazetevatan.com/bakan-arslan-btk-demiryolu-hatti-nda-incelemelerde-bulundu-1073242-ekonomi/

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ახმეტ არსლანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეამოწმა

თურქულ გაზეთებში – „ჰურიეთ“-ში და „ვათან“-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ახმეტ არსლანის ყარსში ყოფნას ეხება. მათში გადმოცემულია მინისტრის განცხადებები ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პერსპექტივების შესახებ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რკინიგზის თურქულ მონაკვეთზე მშენებლობა უკვე ივნისის ბოლოს დასრულდება, მაგრამ რადგანაც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე გვირაბის გამო  პრობლემა წარმოიქმნა, რკინიგზის ექსპლოატაციაში გაშვების ვადებმა შეიძლება აგვისტო-სექტემბრამდე გადაიწიოს.

ახმეტ არსლანმა თავის გამოსვლაში ტრადიციელად დაუთმო ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში. მისი თქმით, თურქეთმა რკინიგზის საკუთარი მონაკვეთის (79 კმ.) მშენებლობაზე 600 მილიონი დოლარი დახარჯა, მაგრამ სამაგიეროდ, ეს სარკინიგზო არტერია სამომავლოდ მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს: ჩინეთიდან წამოსულ ტვირთებს ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გაატარებს, ტვირთების გატარების ვადები 12-15 დღით შემოიფარგლება. თავდაპირველად რკინიგზა 6 მილიონს ტვირთს გადაიტანს, 2034 წლისათვის კი 17 მილიონ ტონას.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა რკინიგზის მნიშვნელობას მგზავრთა გადაყვანის საკითხში: ექსპლოატაციის დაწყებისას ერთი მილიონი მგზავრი, 2034 წელს კი სამ მილიონი.

სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ყარსისა და არდაჰანის (არტაანის) გუბერნატორებმა, ქალაქების მერებმა და სხვა პირებმა დაათვალიერეს ყარსის რკინიგზის ვაგზალი და სხვა ობიექტები.

«Одесская жизнь» (უკრაინა), 05 ივნისი, 2017 წელი

http://odessa-life.od.ua/article/8106-Gde-seychas-gruzinskie-reformatory

სად არიან დღეს უკრაინის ქართველი რეფორმატორები?

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ყოფილი გუნდის წევრების ბედ-იღბალი მას შემდეგ, რაც ქართველი პოლიტიკოსი გუბერნატორობიდან გადადგა (ავტორი – სერგეი იშჩენკო).

პუბლიკაციაში პასუხი აქვს გაცემული უკრაინის მოქალაქის, გაზეთის მკითხველის სვეტლანა ანდრიუშენკოს შეკითხვას – სად არიან დღეს ის რეფორმატორები, რომლებზე დიდ იმედებს ვამყარებდით, რით არიან დაკავებულებიო.

როგორც მასალაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრთა უმრავლესობა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საჯარო და ცნობად სახეებად რჩებიან. მათგან ერთადერთი გამონაკლისია უკრაინის ეროვნული პოლიციის ოდესის ოლქის სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე, რომლის ბედი გაურკვეველია – გაზეთის რედაქციამ მისი საქმიანობის სფერო ვერ დაადგინა, „გიორგი გურამოვიჩის ფეისბუქ-გვერდიც უკვე ნახევარი წელია არ განახლებულა“. სამაგიეროდ, „რეფორმატორთა საამქროს“ სხვა წარმომადგენლები აქტიურობენ და საზოგადოების ყურადღებას იპყრობენ.

დავიწყოთ მიხო სააკაშვილისგან: ოდესის (და საერთოდ, უკრაინის) პოლიტიკის მთავარი „ლეგიონერი“ ხალხს საკუთარ თავს არ ავიწყებს: ზოგს ეგონა, რომ იგი უკრაინიდან სადმე წავიდოდა, მაგრამ შეცდნენ – საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკაში აქტიურ საქმიანობას აგრძელებს. მკითხველს შევახსენებთ: მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა ოდესის ოლქის  გუბერნატორის პოსტიდან წასვლისას „კარები გაიჯახუნა“ და მისთვის დამახასიათებელი ემოციური მანერით საკუთარ წარუმეტებლობაში კიევის ხელისუფლება დაადანაშაულა – ხელს მიშლიდნენ და რეფორმებს ამუხრუჭებდნენ, მარტო ჩემთან კი არა, მთელ ქვეყანაშიო. გასაგებია, რომ ამ სიტყვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მმხოლოდ ერთი გზა დარჩა – ოპოზიციისაკენ. თუმცა მას პარტიის რეგისტრაციაში პრობლემები შეექმნა… ჩვეული პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა თავისი თავი ახალ ამპლუაშიც გამოსცადა: 2017 წლის გაზაფხულიდან მან ტელეწამყვანობაც დაიწყო – ტელეარხ ZIK-ის თოქ-შოუ „სხვა უკრაინაში“.

მარია გაიდარი, ოდესის ოლქის გუბერნატორის ექს-მოადგილე. თანამდებობაზე ყოფნისას მას რადიკალ-ნაციონალისტები აკრიტიკებდნენ, რომ „უკრაინის პატრიოტი არ ხარ, ქვეყნის ინტერესებს არ იცავო“. გადადგომის მიუხედავად, ცნობილი საბჭოთა მწერლის არკადი გაიდარის შვილიშვილი მაინც ოდესაში დარჩა და საქმიანობა განაგრძო – იგი ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატია, პლუს უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველიც.

ალექსანდრე ბოროვიკი, ოდესის ოლქის გუბერნატორის ექს-მოადგილე. იგი ამჟამად მიუნხენში ცხოვრობს და ერთ-ერთი იურისიული კომპანიის კონსულტანტია. საშა არ ივიწყებს ოდესაში გატარებულ დროს და ხანდახან ფეისბუქში თავის აზრს აქვეყნებს ქალაქის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების შესახებ. გასული თვის დასაწყისში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ალექსანდრე ბოროვიკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რაზედაც მან ასეთი რეაგირება მოახდინა: „რას ვიზამთ, ასე ტოტალიტარული ქვეყნის ხელისუფლება იქცევაო“.

დავით საყვარელიძე, ოდესის ოლქის ექს-პროკურორი. დავით გიორგევიჩი უკრაინაში ცხოვრებას აგრძელებს და პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული. იგი ხშირად გამოდის საჯარო განცხადებებით, აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას, ესწრება ხმაურიანი საქმეების სასამართლო პროცესებს და სტუდენტებს ხვდება. ამჟამად დავით საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ოდესურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

ქართველი რეფორმატორები, რომლებიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის კვალდაკვალ ჩამოვიდნენ, ოდესის გარდა კიევშიც მუშაობდნენ. ბევრ მათგანს მთავრობაში მაღალი პოსტები ჰქონდათ დაკავებული, თუმცა თანამდებობეზე რამდენიმემ „ვერ გაქაჩა“. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ, რომელმაც ერთი წელი იმუშავა, შემდეგ კი გადადგა. დღეს ეკა პარიზში ცხოვრობს ვაჟთან ერთად. მან შეინარჩუნა უკრაინის მოქალაქეობა და შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლობას საფრანგეთიდან ასრულებს.

რაც შეეხება ეროვნული პოლიციის ყოფილ უფროსს ხატია დეკანოიძეს, მან 2017 წლის აპრილში საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა. ყოველ შემთხვევაში, ქართულმა ტელევიზიამ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა. ხატია დეკანოიძე შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. იგი ზოგჯერ უკრაინაშიც ჩამოდის ხოლმე და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „რეფორმებისა და დემოკრატიის ცენტრის“ მუშაობაშიც მონაწილეობს.

უკრაინის ჯანდაცვის ექს-მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გადადგომის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. დღეს იგი უკრაინაში ცხოვრობს, მეწარმეობა დაიწყო, დროდადრო ბიზნეს-სკოლების ტრენინგშიც მონაწილეობს.

უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობზე მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებიდან ამჟამად მხოლოდ ორი ჩინოვნიკი რჩება: „უკანასკნელი მოჰიკანები“ აღმოჩნდნენ იუსიტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე და გიზო უგლავა, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed