globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 5th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The New York Times» (აშშ): საქართველოს ზღვისპირა ქალაქის ქაოსური განაშენიანებით ბათუმელები შეშფოთებულნი არიან

«РБК-Україна» (უკრაინა): ინტერვიუ უკრაინელ დეპუტატ ვიქტორ ჩუმაკ-თან: „მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის დრაივერია, საკუთარი ლიდერის გამოზრდის მიზნით“

«Комсомольская правда» (რუსეთი): აჰმედ ჩატაევის ისტორია, ანუ როგორ გადაიქცა საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობა პროფა-ნაციად

———————-

«The New York Times» (აშშ), 04 ივლისი, 2016 წელი

http://www.nytimes.com/2016/07/05/world/europe/batumi-georgia-architecture.html?_r=0

საქართველოს ზღვისპირა ქალაქის ქაოსური განაშენიანებით ბათუმელები შეშფოთებულნი არიან

სელესტინა ბოლენი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

ბათუმმა, საბჭოთა დროინდელმა საზღვრისპირა საზღვაო კურორტმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მცდელობით, სახე ექსტრემალურად იცვალა და უფრო თანამედროვე, ნათელი და ნაირფერადი გახდა.

მიხეილ სააკაშვილმა თავისი ოფისი და ქვეყანა სამი წლის წინ დატოვა, თუმცა ბათუმი, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქები, თავის სახეს კვლავ ინარჩუნებს: ჰორიზონტზე გადაშლილია უცნაური, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის მქონე შენობების ნარევი, თანამედროვე დესნეილენდის ჩათვლით, რომლებმაც ძველი მე-19 საუკუნის ორსართულიანი, დეკორატიულ ბალკონიანი სახლები შეავიწროვეს. არადა, სწორედ ამ შენობებმა განსაზღვრეს თავის დროზე ამ 120 ათასმცხოვრებიანი ქალაქის არქიტექტურული პეიზაჟი.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ზოგიერთი ძველი უბანი ასე თუ ისე შენარჩუნებულია, ნაჩქარევი რეკონსტრუქციის დროს დაშვებული შეცდომების შედეგად – ახალი ინვესტორების მიზიდვის მიზნით, ბევრი შენობა განადგურდა და მათ ადგილზე სასტუმროები და კაზინოები წამოიჭიმა. მაგალითისათვის შორს არ წავალთ: ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ფოსტის ძველი შენობა გადააკეთეს, პირვანდელი ინტერიერი გაანადგურეს და თანამედროვეთი შეუცვალეს. ქალაქის საზოგადოების პროტესტების მიუხედავად, ბევრი უფრო მომცრო შენობა, უბრალოდ, დაანგრიეს.

„ჩვენ თითოეული ძველი სახლისთვის ვიბრძვით“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი და ავტორი წიგნისა ძველი თბილისის შესახებ, – „მაგრამ როცა ხელისუფლებას უფრო მეტი ძალა აქვს, ბრძოლა ძალიან ძნელია. თქვენ შეგიძლიათ ქუჩაში გახვიდეთ და იყვიროთ, მაგრამ ისეთი ვითარებაა, რომ ყურადღებას არავინ მოგაქცევთ, თითქოს არაფერი ხდება“.

ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტად არჩეული მიხეილ სააკაშვილს კორუფციისა და საბჭთა ეპოქიდან მიღებული სხვა მავნე მემკვიდრეობის აღმოფხვრა ჰქონდა განზრახული. აშენდა პოლიციის ახალი, მინის შენობები, რომელიც  გამჭვირვალე მუშაობის სიმბოლოს წარმოადგენდა. გამჭვირვალეობის პრინციპს ამერიკაში განათლებამიღებული პრეზიდენტი მთელ მთავრობაზე ავრცელებდა.

მიხეილ სააკაშვილის არქიტექტურული ამბიციები უსაზღვრო იყო, განსაკუთრებით ბათუმში, თურქეთის საზღვრიდან 12 მილის (19 კმ.) დაშორებით, რომელიც, მისი ჩანაფიქრით, ტურიზმისა და დასვენების ცენტრად უნდა გადაქცეულიყო. ქალაქში აიგო ახალი შენობები ზღვის ნაპირზე, ბულვარის გასწვრივ, რომელსაც ოდესღაც საბჭოთა მესაზღვრეები იცავდნენ. აქ კერძო ინვესტორებმა უამრავი ობიექტი ააშენეს, მათ შორის იტალიური კოშკი, ბერძნული ტაძარი და დახრილი „თეთრი რესტორანი“.

ბათუმში ბევრი ტურისტი ჩადის, მაგრამ არა იმდენად პლაჟებზე [გასარუჯად], რამდენადაც კაზიონოებისათვის, რომლებიც აქ სოკოებივით მრავლდება. გასულ წელს ბათუმის კაზინოებმა 400 ათასი კლიენტი მიიზიდა, უმეტესად თურქეთიდან, სადაც აზარტული თამაშები აკრძალულია.

საქართველოს ტურიზმის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის მამუკა ბერძენიშვილის თქმით, მიმდინარე წელს კიდევ ხუთი კაზინო გაიხსნა, შესაბამისად, მათი რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამჟამად ბათუმში არსებული სასტუმრო ნომრების რაოდენობა 15 ათასია, ხოლო 2017 წლის ბოლომდე მათი რიცხვი 19 ათასამდე იქნება. როგორც მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, ეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის მრავალ სამუშაო ადგილს ნიშნავს. თუ ახალმშენებლობები რომელიმე მოქალაქეს აზარალებს, მათთვის ფულადი კომპენსაცია დაწესებული.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ მშენებლობის პროგრამით – ისინი ქალაქის განაშენიანებას აკრიტიკებენ და ქაოსურად მიიჩნევენ. „ბათუმის განაშენიანება გეგმიური წესით არ ხდება“, – ამბობს ზურაბ ბაქრაძე, თბილისელი არქიტექტორი, – მშენებლობა ყველგან მიმდინარეობს, ოღონდაც კი ინვესტორების გული მოიგონ და ასიამოვნონ“. ქალაქის ამგვარი განვითარების შედეგი თითქმის ყველგან ჩანს: კაზინო, რომელიც ბათუმის მთავარ თეატრთანაა აგებული, მოედანს ავიწროვებს; 35-სართულიანი კოშკი, სადაც ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, ცარიელია, ხოლო ეშმაკის ბორბალი ჯერ კიდევ უძრავად დგას.

ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილის ბრალი მაინცდამაინც დიდი არ არის (იგი ამჟამად უკრაინის შავიზღვისპირა ქალაქ ოდესის გუბერნატორია). მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, თბილისის ჩათვლით, თამამი არქიტექტურული პროექტები განეხორციელებინა. „მან რამდენიმე სპეციალური შენობის აგება გადაწყვიტა და ამ მიზნით საქართველოში ცნობილი არქიტექტორები მოიწვია. მისი აზრით, ამგვარი მშენებლობა ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობდა… თუმცა [ისიც უნდა ითქვას, რომ] მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, თუ როგორ იმოქმედებდა ასეთი შენობები გარემოზე, ქალაქის საზოგადოებრივ სივრცეზე. არადა, როცა საზოგადოებრივ სივრცეს ანადგურებ, ამით ანადგურებ ქალაქსაც“.

ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მიერ წამოწყებული მშენებლობები შეაჩერა, მაგრამ ბათუმში არაფერი შეცვლილა, აქ შენობები კვლავ სწრაფი ტემპით შენდება. „ჩვენ, ვისაც მშობლიური ქალაქი გვიყვარს, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდა“, – ამბობს ირმა ზოიძე, ადგილობრივი ჟურნალისტი, რომელიც ბათუმის იერ-სახის შენარჩუნების კამპანიაში მონაწილეობს, – მაგრამ სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ისეთი მომავლისაკენ მივდივართ, რომელიც არ გვსურს“.

«РБК-Україна» (უკრაინა), 5 ივლისი, 2016 წელი

https://www.rbc.ua/rus/interview/viktor-chumak-saakashvili-nuzhen-drayver-1467606167.html

ინტერვიუ უკრაინელ დეპუტატ ვიქტორ ჩუმაკთან: „მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის დრაივერია, საკუთარი ლიდერის გამოზრდის მიზნით“

ვრცელ ინტერვიუში უკრაინის სახალხო დეპუტატი ვიქტორ ჩუმაკი ჟურნალისტ ტატიანა ნიკოლაენკოსთან სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს, მათ შორის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მიერ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისა და ამ საქმეში თავისი მონაწილეობის შესახებაც.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქებში ანტიკორუფციულ ფორუმებს ატარებდა, უკვე ისმოდა ხმები პარტიის შექმნის დაწყების თაობაზე და რომ ამ პროცესში თქვენც იყავით ჩართული. ასე იყო სინამდვილეში?

- არა, მიხეილ სააკაშვილი თავისი გზით მიდიოდა, მე კი ჩემი გზით.

- მაგრამ დავით საყვარელიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კაცად ითვლება, ხომ თქვენს გუნდშია?

- დიახ, რადგანაც ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა – პარტიის ჩამოყალიბება ნულიდან უნდა დავიწყოთ-თქო.

- იმ პუნქტშიც კი, რომ პარტიის საპატიო ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი იქნება?

- არა, ამაზე ჯერ-ჯერობით ლაპარაკი არ გვაქვს, თუმცა რაღაც მინიშნებები იყო.

- მინიშნებები ვისგან?

- ეს მხოლოდ [წინასწარი] საუბრები იყო, რადგანაც ჯერ სერიოზული ლაპარაკი ამ საკითხზე ნაადრევია: მიხეილ სააკაშვილი ხომ სახელმწიფო მოსამსახურეა. აი, როცა იგი თავისუფალი ადამიანი გახდება, როცა უკრაინის პოლიტიკაში ჩაერთვება და თავისი ადგილის ძებნას დაიწყებს, მაშინ ჩვენ მას რაღაცას შევთავაზებთ, ამჟამად კი, ვიმეორებ, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- დიახ, რასაკვირველია, სანამ ჩვენ არ გავიგებთ, თუ როგორ დასრულდება საქართველოს საპრლამენტო არჩევნები, მანამ ვერ ვიტყვით, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი აქტიური მოთამაშე უკრაინის პოლიტიკაში… მაგრამ მაინც დაგისვამთ კითხვას – განიხილეთ მასთან ერთად პარტიის ჩამოყალიბების საკითხი? მან თავისი ხედვა გაგაცნოთ? დათანხმდა პარტიის წევრობას?

- რა თქმა უნდა, იგი ჩვენი გუნდის ნაწილია, როგორც დავით საყვარელიძე, ან იულია მარუშევსკაია, რომელიც, ალბათ, დადგება დრო და ჩვენ შემოგვიერთდება. დიახ, ჩვენ პარტიის საკითხზე ვისაუბრეთ. მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ იგი ჯერ-ჯერობით პროცესში აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებს და ვერც აგიტაციას ვერ დაიწყებს – მანამ, სანამ იგი სახელმწიფო სამსახურში იმყოფება.

- თქვენ მასთან ხშირად საუბრობთ? როგორ რეჟიმში?

- ყოველთვის შემიძლია დარეკვა. ისიც ყურმილს ყოველთვის იღებს და მისმენს.

- მან უკვე გადაწყვიტა, რომ საქართველოში ბრუნდება? თუ აქ რჩება?

- აქ რჩება. ყოველ შემთხვევაში, იგი ასე ლაპარაკობს.

- მომავალი პარტიის შესახებ დისკუსიის ჩარჩოებში თქვენ მომხრე ხართ, რომ მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილის მსგავსი პიროვნება იყოს? პარტიისა, რომელიც ლიდერული იქნება და არა იდეოლოგიური…

- იცით, პოლიტიკა კონკურენტული საქმეა… მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ქარიზმატული ლიდერების გარეშე არ არსებობს. შეხედეთ, სადამდე მიიყვანა ევროპა ლიდერების არარსებობამ – მიიყვანა „ბრექსიტ“-ამდე, კოლექტიური პუტინის გამოვლენამდე… ყველა ეს პრობლემა ლიდერების ვაკუუმმა წარმოქმნა. უკრაინაშიც ლიდერების არარსებობამ ის გამოიწვია, რომ ჩვენ დღეს ოლიგარქულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

- თქვენ შეგიძლიათ იმის გარანტია [მისცეთ უკრაინელებს], რომ მიხეილ სააკაშვილი ერთხელაც არ წაიფორხილებს?

- და ვინ გითხრათ, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი? მას მართლაც შეუძლია ასეთ დრაივერად იყოს, მორალურ ავტორიტეტად, რომელიც თავის ირგვლივ ხალხს შემოიკრებს. აი, შემდეგ კი ამ ხალხიდან იქნება კრისტალიზებული ის ლიდერი, როგორიც უკრაინას ჭირდება. მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, ისეთი მაღალი კლასის კომუნიკატორია, რომელიც ფონს და ტონს ქმნის. ეს ლიდერობის ნიშანია.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 05 ივლისი, 2016 წელი

http://www.kp.ru/daily/26550.5/3566903/

აჰმედ ჩატაევის ისტორია, ანუ როგორ გადაიქცა საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობა პროფანაციად

სტატიაში საუბარია ტერორიზმში ეჭვმიტანილი ჩეჩენი აჰმედ ჩატაევის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებზე. მასში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ანტიტერორისტული  თანამშრომლობა ხშირ შემთხვევებში მხოლოდ ფორმალურია და უფრო მეტად პროფანაციაა, ვიდრე ნამდვილი და ქმედითი ურთიერთობა (ავტორი – გიორგი ბოვტი).

„აჰმედ ჩატაევის ისტორია ჯერ კიდევ იმ დროს იწყება, როცა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობას მთლად იდეალურს თუ არა, ასე თუ ისე მეგობრულს მაინც უწოდებდი. ჯერ კიდევ არ იყო წარმოთქმული ვლადიმირ პუტინის ცნობილი „მიუნჰენური სიტყვა“, ხოლო უკრაინის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩიც არ იყო არჩეული, რომელსაც შემდეგ „ევროპელი მაიდანშიკ-გადამტრიალებლები“ დაამხობენ.

აჰმედ ჩატაევი ჩეჩნეთის მეორე ომის პერიოდში ფედერალების წინააღმდეგ იბრძოდა. როგორც ჩანს, ხელიც საომარი მოქმედებების დროს დაკარგა, თუმცა აცხადებდა, რომ „მაწამებდნენო“. ეს ის წლებია, როცა ჩეჩენ „ბოევიკებს“ ევროკავშირი „პოლიტიკური ლტოლვილის“ სტატუსს სიამოვნებით აძლევდა. აჰმედ ჩატაევმა ასეთი სტატუსი ავსტრიაში 2003 წელს მიიღო. საერთოდ, თუ როგორ აღმოჩნდა იგი ავსტრიაში და როგორ გაიპარა რუსეთიდან, ბნელი საქმეა. ფაქტია, რომ მას ჩვენთან სწორედ 2003 წლიდან ეძებენ.

სხვათა შორის, რუსეთს აჰმედ ჩატაევის უკან დაბრუნების შესაძლებლობა რამდენჯერმე ჰქონდა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ჩარჩოებში, მით უმეტეს, რომ იგი ერთხანს ინტერპოლის მიერ ძებნილთა ბაზაშიც ფიგურირებდა (კარგი „შეთავსებაა“ „პოლიტიკური ლტოლვილის“ სტატუსთან!). და როცა მისი დაკავების საკითხი იხილებოდა, ყოველთვის ყბადაღებული „პოლიტიკური ლტოლვილის“ სტატუსი გადასწონიდა ხოლმე. სტამბოლის ტერაქტის წინ აჰმედ ჩატაევი ინტერპოლის ბაზიდანაც ამოიღეს – იგი „სუფთა და უმწიკვლო“ პიროვნებად იქცა.

იგი შვედეთში 2008 წელს დააკავეს – ავტომანქანის საბარგული იარაღით ჰქონდა სავსე. ცოტა ხანში გაათავისუფლეს. 2010 წლის იანვარში უკვე უკრაინაში დაიჭირეს და მობილურ ტელეფონში დივერსიების მოწყობის ინსტრუქცია უნახეს, მსხვერპლთა ფოტოებითურთ. იმ დროს კიევში ვიქტორ იუშენკო იჯდა და თავისი პრეზიდენტობის ბოლო ვადას ამთავრებდა. მან არ იჩქარა მოსკოვის მოთხოვნის დაკმაყოფილება აჰმედ ჩატაევის ექსტრადიციის თაობაზე და ევროპასთან კონსულტაციები ამჯობინა. საბოლოოდ ჩეჩენი „პოლიტიკური ლტოლვილის“ საქმე განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა რუსეთის თხოვნა მის ექსტრადირებაზე. იგი გადასცეს საქართველოს, რომელსაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავდა. მართალია, აჰმედ ჩატაევს საქართველოშიც ბრალი წაუყენეს, მაგრამ რადგანაც თბილისს მოსკოვთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, საკითხი რუსეთისათვის მისი გადაცემის თაობაზე არც წამოჭრილა.

ერთი წლის შემდეგ აჰმედ ჩატაევი ბულგარელებმა დააკავეს, თურქეთის საზღვართან.. სასამართლომ თავდაპირველად დაადგინა რუსეთს გადაეცესო, მაგრამ შემდეგ დაცვის მხარემ აპელაცია მოიგო. მომდევნო წელს აჰმედ ჩატაევი ხელში ისევ ქართველ სამართალდამცველებს ჩაუვარდა – „ბოევიკთა ბუდის“ სახელით ცნობილ პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის დროს. ქართულმა სასამართლომ, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური სასამართლოს სტატუსზე აქვს პრეტენზია, აჰმედ ჩატაევი ისევ გაამართლა. ამ დროისთვის მან უკვე მოასწრო საქართველოს მოქალაქეობის მიღება და დაოჯახება (ცოლად ქართველი ქალი შეირთო). და 2015 წელს მშვიდობიანად გაემგზავრა სირიაში საბრძოლველად, სადაც რუსულენოვან მოხალისეებს სიკვდილის ხელობას ასწავლიდა.

აჰმედ ჩატაევის ამბავი კიდევ ერთ ცნობილ ისტორიას გვახსენებს – ძმები ცარნაევების ისტორიას, რომელთა შესახებ რუსულმა სპეცსამსახურებმა თავის დროზე ამერიკელი კოლეგები გააფრთხილეს, თუმცა ამერიკელებმა ეს გაფრთხილება ყურებშუა გაუშვეს და შედეგიც იწვნიეს – ძმებმა ბოსტონის მარათონი ააფეთქეს.

Comments are closed