«Эхо» (აზერბაიჯანი): ინტერვიუ ვიტალი არკოვთან: „აზერბაიჯანის, საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურებმა „ისლამური სახელმწიფოს“ რეკრუტების წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურეს“
«КоммерсантЪ» (რუსეთი): „როსპოტრებნადზორ“-მა ქართული ღვინოების ხარისხში ეჭვი შეიტანა
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში, ტურისტებს დიქტატორის ცხოვრების საბჭოურ ისტორიას უყვებიან
«Time» (აშშ): „იოსებ სტალინი – ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი“
«Известия» (რუსეთი): როგორ შეხვდა მიშიკო პურუშოტამას
——————-
«Эхо» (აზერბაიჯანი), 5 აგვისტო, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=87336
ინტერვიუ ვიტალი არკოვთან: „აზერბაიჯანის, საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურებმა „ისლამური სახელმწიფოს“ რეკრუტების წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიურეს“
გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში რუსული საექსპერტო-ანალიტიკური გამოცემა „პოლიტრუს“-ის ხელმძღვანელი ვიტალი არკოვი საუბრობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, იგი კომენტარს უკეთებს აგრეთვე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას (ესაუბრება კორესპონდენტი ჯამილია ალეკპეროვა).
გთავაზობთ ამონარიდებს:
- ბოლო დროს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ მკვეთრად გააქტიურდა, მისი კვალი უკვე თურქეთშიც გამოჩნდა. როგორ მიგაჩნიათ, უახლოვდება თუ არა „ისლამური ხალიფატი“ ჩვენს რეგიონს? თქვენი აზრით, რა აიძულებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს ტერორისტთა რიგებში ჩაწერას?
- საბედნიეროდ, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები არც სამხრეთ და არც ჩრდილოეთ კავკასიაში ჯერ-ჯერობით არ მომხდარა, თუმცა მე სიტუაციის გაუარესებას სრულიად არ გამოვრიცხავ. სავარაუდოდ, შესაძლოა ტერაქტები ჩვენივე თანამემამულეებმა მოაწყონ, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ჰყავს გადაბირებული და რომლებმაც მომზადება სარწთვნელ ბაზებზე გაიარეს და ახლა სისხლიანი დავალების შესასრულებლად დაბრუნდნენ. ისიც აშკარაა, რომ აზერბაიჯანის, საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს თავიანთი საქმიანობა მსგავსი გადაბირებული რეკრუტების წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების რაოდენობა არ მცირდება, მითიური ლერნეს ჰიდრას თავების მსგავსად.. პრობლემა იმაშიცაა, რომ მათთან ბრძოლა მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით წარმოებს და სრულიად არ ჩანს პრევენციული ღონისძიებების გატარების გეგმები, ძალიან დაბალ დონეზეა განმარტებითი მუშაობა ახალგაზრდებს შორის. გარდა ამისა, ახალგაზრდების წასვლას სირიასა და ერაყში ხელს უწყობს გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, განსაკუთრებით დეპრესიული რეგიონების სოფლის მოსახლეობაში.
(…)
- როგორ განვითარდება სიტუაცია საქართველოში?
- რაც შეეხება საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაქმების შემდეგ ქართული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას უკვე ვეღარ შეაშინებს იმით, რომ მათი ლიდერი თბილისში თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნდება. ისიც გასაგებია, რომ „ნაციონალთა“ მნიშვნელოვან რაოდენობას თვითონაც არ სურდათ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან ყველა პოტენციური თანამდებობები გადანაწილებულია და ახალ განლაგებაში მიშიკოს ადგილი, ფაქტიურად, აღარ არის. ამასთან, საფრთხობელას როლში მისი გამოყენება „ივანიშვილისა და კომპანიის“ მიერ, რათა პროტესტული ელექტორატის კონსოლიდირება მოხდეს, უკვე ვეღარ მოხერხდება, რადგან ყველა რესურსი ამ თვალსაზრისით ამოწურულია. დღეს ამის შესაძლებლობა აღარ არის, რაღაც ახალია მოსაფიქრებელი.
კომუნალურ მომსახურებაზე ტარიფების გაზრდა ეკონომიკის სხვა სეგმენტებსაც გააძვირებს, რაზედაც საპროტესტო აქციის მოწყობა სრულიად თავისუფლად შეიძლება… და რადგანაც ყოველი რევოლუციისათვის საჭიროა ლიდერი, ავტორიტეტული პოლიტიკოსები, მათი თაყვანისმცემლები და ადამიანთა ბრბო, ლიდერიც მოიძებნება. ჯერ-ჯერობით „ივანიშვილსა და კომპანიასთან“ დაპირისპირებულ ქართულ ისტებლიშმენტში მხოლოდ ერთი ლიდერი მოჩანს – საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელსაცც არა მარტო მშვენიერი განათლება აქვს მიღებული ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში, არამედ აშშ-ის პოლიტიკური წრეების მფარველობითაც სარგებლობს – როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხრიდან.
არაა გამორიცხული, რომ თუ საქართველოში რევოლუციური სიტუაცია ისევ შეიქმნება, ახალი საპროტესტო ლიდერები გამოჩნდნენ, მაგრამ ვითარების გამწვავებას ბიძგი ვიღაცამ უნდა მისცეს და ეს იმპულსი საქართვლოს ოპოზიციამ შეიძლება ვაშინგტონიდან მიიღოს. რუსეთისათვის ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ეს შეიძლება 2017 წლის დასაწყისში ან შუახანებში შეიძლება მოხდეს, ანუ მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში რესპუბლიკელები დაბრუნდებიან. თუმცა მე არ გამოვრიცხავ ამერიკელების მხრიდან „ქართული პარტიის“ გათამაშებას დემოკრატების მმართველობის დროსაც: ეს იქნებოდა კიდევ ერთი მტკივნეული ზეწოლის გამოვლენა კრემლის მიმართ, რომელმაც დიდი ძალა და ენერგია დახარჯა ვაშინგტონთან ვაჭრობაში მიხეილ სააკაშვილის თამაშიდან გაყვანის თაობაზე და მის ნაცვლად100%-ით თუ არა, მაინც მნიშვნელოვნად პრორუსული ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მოყვანაში.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 5 აგვისტო, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2782239
„როსპოტრებნადზორ“-მა ქართული ღვინოების ხარისხში ეჭვი შეიტანა
როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება, გუშინ „როსპოტებნადზორ“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთში იმპორტირებული ქართული ღვინის ხარისხი კვლავ დაბალია: 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული შემოწმების შედეგად პროდუქციის საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა (ქართული ღვინის 10 აპარტია) უხარისხო გამოდგა და რუსეთის ბაზარზე მისი დაშვება აიკრძალა.
„პროდუქციის ხარისხისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით ჩატარებული ანალიზი გვაჩვენებს, რომ სისტემატურად ირღვევა ღვინის წარმოების ტექნოლოგია, არაა დაცული ხარისხის მოთხოვნები, არ ხორციელდება შესაბამისი კონტროლი როგორც თვით მწარმოებლების, ასევე საქართვლოს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან“, – აღნიშნულია „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში. უწყების მონაცემების მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე 45 მწარმოებლის მიერ შეტანილი პროდუქციიდან (6,7 მილიონი ლიტრი ღვინო) ათი პარტია გასაყიდად არ იქნა დაშვებული, ზემოთ აღნიშნული სხვადასხვა დარღვევების გამო. შემოწმებისას კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს და აკრძალულ სიაში მოხვდნენ კონიაკი „ძველი კახეთი“, „კოლხიდა“ (მწარმოებელი კომაპანია „ყვარელის სარდაფი“), აგრეთვე სუფრის წითელი მშრალი ღვინო „საფერავი“ (მწარმოებელი კომაპნია “აგორა“).
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 5 აგვისტო, 2015 წელი
საქართველოში, იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში, ტურისტებს დიქტატორის ცხოვრების საბჭოურ ისტორიას უყვებიან
რუსეთთან შეცვლილი ურთიერთობის ფონზე, თანამდროვე ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალებისათვის იოსებ სტალინთან დამოკიდებულება თანდათანობით „იდენტურობის საკითხად“ გადაიქცა“, – ნატქვამია გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი ენდრიუ ნორტი).
„იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში ის ადგილია, სადაც მნახველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მოუსმინონ ბელადის ცხოვრების საბჭოური ვერსია, „გულაგ“-ებში მილიონობით დაღუპული ადამიანის გახსენების გარეშე… საქართველოში, სადაც იოსებ სტალინის ძეგლებს ჯერ კიდევ ვხვდებით, მისი მმართველობის წლებში 30 ათასზე მეტი ადამიანი დახვრიტეს. ამის მიუხედავად, ზოგიერთებისათვის ღარიბი გორელი ბიჭი პატარა საქართველოდან, რომელმაც მოგვიანებით რუსეთს ჩაუდგა სათავეში და უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია, ჯერ კიდევ გამაბრუებელ და საამაყო ადამიანად რჩება“, – აღნიშნულია სტატიაში.
იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად მისული პოლონელი ტურისტები გაოცებულნი არიან იმით, რომ ადგილობრივი გიდები არაფერს ამბობენ კატინის ტრაგედიაზე, ხოლო გერმანელ ტურისტებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ გერმანიაში არსებულ მსგავს მუზეუმებში ასე ამაყად ისაუბრონ, ვთქვათ, ადოლფ ჰიტლერის მმართველობის პერიოდზე. თუმცა ქართველი და რუსი ექსკურსანტები სხვაგვარად არიან განწყობილნი.
„შესაძლოა მან მართლაც ჩაიდინა შეცდომები, მაგრამ ყოველ მედალს ორი მხარე აქვს: ჩვენ მას პატივს ვცემთ როგორც ძლიერ პიროვნებას, რომელმაც უდიდესი იმპერია შექმნა და მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა“, – ამბობს საქართველოს მცხოვრები ზურან შალამბერიძე. „მე ყოველთვის ვსვამ იოსებ სტალინის სადღეგრძელოს. ჩვენ ისევ გვჭირდება სტალინისავით ძლიერი ადამიანი“, – ამბობს ადგილობრივი ქართველი ფერმერი გიორგი მაზმიშვილი.
ქართველი ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელიც დიდი ხანია მხარს უჭერს იოსებ სტალინის ალტერნატიული გამოფენის მოწყობას, „გალამაზებული ვერსიის“ გვერდით, მომხდარ ამბებს „სირცხვილად“ და „თავისმოჭრად“ აფასებს. როგორც იგი ამბობს, მისი მცდელობა მუზეუმის თითქმის 60-წლიანი ისტორიის მქონე ექსპოზიციისა და თემატიკის განახლების მიზნით, წარუმატებლად დასრულდა: გორის საკრებულოში დიქტატორ იოსებ სტალინის თაყვანისმცემლები სხედან და ისინი ხელს უშლიან ლაშა ბაქრაძის სურვილის განხორციელებას.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც გორის მთავარ მოედანზე არსებული იოსებ სტალინის გიგანტური ქანდაკების აღებაში გამოიხატა, მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. გაიმართა მიტინგები, რომლებზეც ევროკავშირისა და ნატოს წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგებიც იყო გამოტანილი.
„იოსებ სტალინის მხარდამჭერები უმცირესობაში არიან, მაგრამ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ბევრი ცდილობს დიქტატორის რეპუტაციის განახლებას. სტალინის პიროვნებასთან დამოკიდებულება ჩვენში „იდენტურობის საკითხად“ იქცა“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური წევრი გიორგი კანდელაკი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა „დესტალინიზაციის“ სააკაშვილის დროინდელ კამპანიებში.
ამასობაში კი გორში არსებულ იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომლებიც დათვალიერებისათვის სამ გირვანქა სტერლინგს იხდიან და ხედავენ ექსპოზიციას, რომელიც 1979 წლიდან თითქმის არ შეცვლილა. როგორც მუზეუმის თანამშრომელი ქეთი ახობაძე ამბობს, ძალიან ბევრი ტურისტისათვის ეს ადგილი „სალოცავი ადგილია“. ამას წინათ ჩვენთან კუბელების მრავალრიცხოვანი ჯგუფი მოვიდა და სტალინის ძეგლთან მარსელიოზა იმღერეს“.
«Time» (აშშ), 3 აგვისტო, 2015 წელი
http://time.com/money/3977798/the-10-richest-people-of-all-time/
„იოსებ სტალინი – ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი“
ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმ“-მა 3 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია „ყველა დროის ათი ყველაზე მდიდარი ადამიანი“, რომელშიც იოსებ სტალინს მე-5 საპატიო ადგილი აქვს დათმობილი (ავტორი ჯეკობ დავიდსონი).
ამერიკელმა ჟურნალისტებმა ისტორიულ პიროვნებათა სიმდიდრის შეფასების მიზნით მეცნიერები და ისტორიკოსები დაიხმარეს, ეპოქათა ხასიათისა და ეკონომიკური სისტემების სპეციფიკის გათვალისწინებით.
———
მე-5 ადგილი: იოსებ სტალინი;
სიცოცხლის წლები: 1878-1953;
სახელმწიფო: საბჭოთა კავშირი.
სიმდიდრე: სრული კონტროლი მსოფლიოში წარმოებული პროდუქტის 9,6%-ზე. იოსებ სტალინი იშვიათი ფიგურაა თანამედროვე ეკონომიკის ისტორიაში. დიქტატორი აბსოლუტური ხელისუფლებით, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის ეკონომიკას აკონტროლებდა. 1950 წელს, იოსებ სტალინის სიკვდილამდე სამი წლით ადრე, საბჭოთა კავშირის წარმოების მოცულობა მსოფლიო მოცულობის 9,5%-ს შეადგენდა, რაც, 2015 წლის შეფასებით, დაახლოებით 7,5 ტრილიონი დოლარის ექვივალენტია. მართალია, ეს სიმდიდრე პირადად იოსებს სტალინს არ ეკუთვნოდა, მაგარმ მას შეეძლო როგორც სურდა ისე მოქცეოდა საბჭოთა ეკონომიკურ პოტენციალს. „მას განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა და, აქედან გამომდინარე, რაც სურდა, იმას აკეთებდა“, – ამბობს ალაბამის შტატის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ჯორჯ ლიბერი, – იგი დედამიწის ერთ მეექვსედს აკონტროლებდა ყოველგვარი ჩეკებისა და ანგარიშების გარეშე“. განა ტრადიციული გაგებით იოსებ სტალინი მდიდარი იყო? რასაკვირველია, ეს არ იყო მისი პირადი სიმდიდრე, მაგრამ იგი ამ სიმდიდრეს აკონტროლებდა – კიდევაც განკარგავდა, კიდევაც ამატებდა“. მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინი მილიარდობით დოლარს სეიფებში და ბანკებში თავის ანგარიშებზე არ ინახავდა, არ შეიძლება, რომ იგი მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე გავლენიანი პირების სიაში არ ჩაიწეროს. მისი სიმდიდრე შეიძლება ვერავინ განსაზღვროს, მაგრამ უახლეს ისტორიაში მასზე უფრო ეკონომიკურად გავლენიანი ფიგურა ნამდვილად არ მოიძებნება“.
სხვა მდიდრები: პირველი ადგილი – მანსა მურა (მალის იმპერიის მმართველი), მეორე – ოქტავიენე ავგუსტუსი (რომის იმპერატორი), მესამე – შენ ცუნი (ჩინეთის იმპერიის მმართველი), მეოთხე – ფადიშაჰი აქბარი (დიდ მოგოლთა იმპერიის მმართველი), მეხუთე – (…), მეექვსე – ენდრიუ კარნეგი (ამერიკელი ბიზნესმენი), მეშვიდე – ჯონ როკფელერი (ამერიკელი ბიზნესმენი), მერვე – ალენ რუფუს-მწითური (ბრეტონელი რაინდი, 11 ათასი ფუნტი სტერლინგის, ანუ 194 მილიარდი დოლარის მფლობელი), მეცხრე – ბილ გეითსი (ამერიკელი ბიზნესმენი), მეათე – ჩინგიზ-ყაენი (მონღოლთა იმპერიის მმართველი).
«Известия» (რუსეთი), 5 აგვისტო, 2015 წელი
http://izvestia.ru/news/589556
როგორ შეხვდა მიშიკო პურუშოტამას
როგორც გაზეთი „იზვესტია“ იუწყება, რუსეთისა და უკრაინის მასმედიაში მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა ოდესაში რუსი მომღერლის ბორის გრებენშიკოვის მიერ ჩატარებულ კონცერტს, განსაკუთრებით კი იმ ფაქტს, რომ ლეგენდარული როკ-ჯგუფ „აქვარიუმის“ ხელმძღვანელმა ფოტოსურათი მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაიღო (სტატიის ავტორი – მიხეილ შახნაზაროვი).
რატომ შეხვდა ბორის გრებენშიკოვი მიხეილ სააკაშვილს?
იგი დიდი ადამიანია, დიდ ადამიანებს კი ყველაფრის უფლება აქვთ, მათ ყველანაირი სურვილის შესრულება შეუძლიათ. მოისურვა რუსოფობმა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ზოგიერთი რუსი შემსრულებლის ნახვა და „აქვარიუმის“ ლიდერიც მის რეზიდენციაში გამოჩნდა, საქართველოს ექს-პრეზიდენტს სურვილი შეუსრულა. სტუმართმოყვარე ოდესელმა (საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ) იმავწუთს თავისი „ფეისბუქის“ კედელზე რეზიდენციის ეზოში გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა სტილით „მხარდამხარ“. ორივე მოდურად ჩაცმული, გაღიმებულები არიან. ერთმანეთსაც ჰგავნან.
მიხეილ სააკაშვილიც ხომ ბორის გრებენშიკოვივით მისტიფიკაციის აღიარებული ოსტატია, თუმცა მომღერლისაგან განსხვავებით, იგი საგარეო არენაზე მოქმედებს. მისი ტალანტის წყალობით საქართველოს ბევრმა მცხოვრებმა სერიოზულად დაიჯერა, რომ კორუფცია ხელისუფლების დაბალ დონეზე – ეს ძალიან ცუდია, ხოლო კორუფცია უმაღლეს დონეზე – არცთუ ისე კარგი, მაგრამ დასაშვებია. ეს ნიშნავს, რომ საგზაო პოლიციელის მიერ ქრთამის აღება საძაგლობაა და ის უნდა დაიჭირო, ხოლო თუ ბატონმა მიშიკომ რამდენიმე მილიონი „ბაქსი“ საკუთარი სიამოვნებისათვის დახარჯა, ეს უნდა ეპატიოს – აბა რა, დაბალ დონეზე კორუფციას რომ ებრძვის, მაღალ დონეზე ხომ უნდა დაისვენოს! აი, ასეთი ლოგიკაა. აი, ასეთია იმ მიხეილ სააკაშვილის მისტიფიკაციის ნაყოფი, ვისაც ბორის გრებენშიკოვი ეწვია.
თავდაპირველად მე შეგნებულად დავასახელე საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი თანამდებობა. დღეს უკრაინაში ვისაც გნებავთ იმას აძლევენ სამსახურს და თავშესაფარს – ესტონელ „პროტიტუტკებს“, ლიტველ კალათბურთელებს, რუს ვაი-ეკონომისტებს… მაგრამ ახლა იძულებული ვარ ვთქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვაში მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორობა ვერ უშველის: ცნობილია, რომ სწორედ მან გასცა ცხინვალზე შეტევის ბრძანება, რომელმაც ასობით მშვიდობიანი ადამიანის ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია, რომ არაფერი ვთქვათ რუს მშვიდობისმყოფლებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილიც განიცდის თავის დანაშაულს – ხანდახან სინდისიც მწარედ იკბინება ხოლმე. მას, ალბათ, ასეთ სიტუაციებში, როცა კაცს კოკაინიც კი ყელში ამოუვა, ცოტა გართობაც ჭირდება, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, მაგალითად. შეიძლება სხვადასხვაგვარად მიუდგე ბორის გრებენშიკოვის შემოქმედებას, მაგრამ ფაქტია, რომ იგი მშვიდობას, ჰუმანისტურ დამოკიდებულებას უმღერის. მაშ რამ გამოიწვია სრულიად ადექვატური პიროვნების შეხვედრა მკვლელთან და გაიძვერასთან? მორიგი მისტიფიკაციაა? მკითხაობა დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მოხდა, ეს ბორის გრებენშიკოვის მიერ თავისი ტრადიციული როლიდან გამოსვლას ნიშნავს.
————-
პურუშოტამა – ინდუისტუს რელიგიაში – უზენაესი ღმერთის ვიშნუს ერთ-ერთი სახელი.