globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 5th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ვლადიმირ პუტინის სილა ქართველის ხელით“

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: „საქართველოს ადგილი ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაშია“

«Актуальные комментарии» (რუსეთი): ინტერვიუ მაქსიმ შევჩენკოსთან: „საქართველოს თავისი დონალდ ტრამპი ჭირდება“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/putin-fist-on-georgia/3450233.html

„ვლადიმირ პუტინის სილა ქართველის ხელით“

ნინო დალაქიშვილი

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. ამ მოვლენიდან 8 წლის შემდეგ კი აქ რუსეთის პოლიტიკური გავლენა იმდენად იზრდება, რომ ღიად პრორუსული პარტიები საქართველოს პარლამენტში მოხვედრისთვის აქტიურ კამპანიას ახორციელებენ. ასე მაგალითად, „სახალხო მოძრაობა სოციალისტურმა საქართველომ“ გორსა და ბათუმში დამფუძნებელი ყრილობები წარმატებით ჩაატარა, სადაც საბჭოთა სიმბოლიკასთან და კომუნისტური პერიოდის ლოზუნგებთან ერთად, ტრიბუნებთან წითელ ყელსახვევიანი პიონერებიც წარადგინა. თუმცა ამავე ორგანიზაციის შეხვედრა, რომელიც 4 აგვისტოს კახეთში იყო დაანონსებული არ შედგა, რადგან ორგანიზაციის პრორუსული სულისკვეთების წინააღმდეგ თელაველი ახალგაზრდები გამოვიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

სამწუხაროდ, თელავური წინააღმდეგობა მშვიდობიანად არ დასრულებულა. კომპარტიის თავმჯდომარე თელავში თემურ ფიფია საპროტესტო აქციის ერთ–ერთ მონაწილეს, ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ქევხიშვილი აცხადებს: „მალე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სიკვდილის თარიღი უნდა ავღნიშნოთ. ჩემთვის ეს პროტესტი წარმოადგენდა რიგითი ქართველის პოზიციის გამოხატულებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის პარპაში უნდა დასრულდეს. მე დღეს ქართველის ხელით მომხვდა პუტინის სილა, თუმცა ამაყი ვარ, რომ ვიცავდი გმირების ხსოვნას, რომლებიც არა მარტო 2008 წლის აგვისტოში, არამედ მთელი 200 წლის მანძლზე იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. ეს ადამიანები გაღიზიანდნენ ჩემი მაისურით, რომელზეც წითლად იყო გადახაზული საბჭოთა სიმბოლიკა – ნამგალი და ურო და ასევე ზედ დატანილი იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელი წარწერები. დღეს საქართველოში ხელისუფლების მხრიდან ძალადობა წახალისებულია. ამას ვამბობ იმიტომ, რომ გამაჩნია არგუმენტები: მთელმა საქართველომ ნახა დღევანდელი ძალადობა თელავში და ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 125-ე, ანუ ცემის მუხლით აღძრეს, რაც მხოლოდ ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ამით ძალადობა არის წახალისებული. ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში და ვისაც მოუნდება, რომ მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანზე იძალადოს, ამას გააკეთებს, შემდეგ კი წავა და გადაიხდის მხოლოდ 100 ან 400 ლარს და ინციდენტი ამით ამოიწურება. ვფიქრობ, ეს ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან ცუდია“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალერი კვარაცხელია რომელიც 4 აგვისტოს შეხვედრის გამართვას თელავში აპირებდა, მიიჩნევს, რომ რუსეთთან გეორგიევსკის ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს: „ვიღაც ნაძირალა, რომელსაც აწერია უცენზურო სიტყვა ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებით და აქ  შემოსვლას და პროვოკაციის მოწყობას ცდილობს, ამას ვერ შეძლებს. ის პროვოკაციას უწყობს საქართველოს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ სარკინიგზო მაგისტრალი რუსეთთან აფხაზეთის გავლით, უნდა აღვადგინოთ ეკონომიკური, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები… საქართველო რუსეთს იმიტომ აქვს ოკუპირებული, რომ არასწორად ვიქცევით“.

განსხვავებულად ფიქრობენ თელაველი ახალგაზრდები.

საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ, NIMD–ის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკა შარვაშიძემ „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა:

„კომუნისტების ყრილობა დაანონსებული იყო 12 საათზე, ახალგაზრდებმა კი შეკრება 11 დაიწყეს. ყრილობის დაწყებამდე მოხდა ინციდენტი, როდესაც ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ცდილობდა შენობაში შესვლას, მაგრამ მაისურის გამო ამის შესაძლებლობა არ მიეცა და აღმოჩნდა ძალადობის ქვეშ. ყრილობაზე გამოჩნდნენ ვალერი კვარაცხელია და გრიშა ონიანი, ასევე თბილისიდან მობილიზებული ადამიანები, საბჭოთა გენერლები, საბჭოთა ვარსკვლავიანი სიმბოლოებით, გარკვეული ნაწილი ადგილობრივებიც იყვნენ. ინციდენტის შემდეგ ყრილობა ვერ შედგა და ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდების აქტიურობამ და მათმა პროტესტმა იმუშავა. ჩემთვის, როგორც აქციის ერთ–ერთი მონაწილისთვის, მიუღებელია საბჭოთა წარსულის დაბრუნება და იმ ადამიანების გამოჩენა, რომლებიც ითხოვენ რუსეთთან მიერთებას, რუსული ჯარის შემოყვანას საქართველოში და მათთან ურთიერთობას. როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებული რუსეთის მიერ, ასეთი შეხვედრები არ უნდა ტარდებოდეს, არავის არ უნდა ჰქონდეთ ისეთი აქციებისა და ყრილობების ჩატარების უფლება, სადაც ღიად დააფიქსირებენ, რომ ისინი მომხრენი არიან რუსეთთან შეერთების, რომ უნდა გავაფორმოთ ახალი ტრაქტატი და მათთან ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება და სხვა. ესაა მიუღებელი ჩემთვის და ალბათ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იქნება მიუღებელი“.

საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ აკრძალულია საბჭოთა და ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ თავისუფლების ქარტიის კომისიამ, მის ხელთ არსებულ ცნობებზე დაყრდნობით, უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და კომუნისტური და ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ განახორციელოს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.

ჟურნალისტის ცემის გამო დაკავებული კომუნისტი თემურ ფიფია 100 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის შემდეგ განთავისუფლდა.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 04 აგვისტო, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/a/future-of-georgia-matthew-bryza/3450557.htmlhttp://www.golos-ameriki.ru/a/future-of-georgia-matthew-bryza/3450557.html

ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: „საქართველოს ადგილი ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაშია“

რამდენიმე დღის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება სამწუხარო თარიღს აღნიშნავს – მერვე წელი სრულდება საქართველო-რუსეთის ომის დაწყებიდან, რომლის შედეგად ქვეყანას ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩამოშორდა.

კონფლიქტის ისტორიულ გაკვეთილებზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტს ნანა საჯაიას ესაუბრება დიპლომატი და ანალიტიკოსი მეთიუ ბრაიზა, წარსულში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ამჟამად კი ვაშინგტონში არსებული ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

როგორ მეთიუ ბრაიზა ამბობს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების სამწუხარო შედეგი ისაა, რომ „რუსეთს დღესაც შეუძლია დაუსჯელად განახორციელოს სამხედრო ავანტიურების პოლიტიკა და ამ დროს სამომავლოდ რაიმე შედეგებისა არ ეშინია“. „მე ვფიქრობ, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი, ერთი მხრივ, აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების რეაქციისა 2008 წლის მოვლენაზე და მეორე მხრივ, ვლადიმირ პუტინის უწყვეტ სამხედრო ავანტიურებს შორის, რაც უკრაინაში შეჭრით და ყირიმის წართმევაში გამოიხატა“.

მეთიუ ბრაიზა ყურადღებას ამახვილებს პრობლემის კიდევ ერთ მხარეზე: „საქართველოს ხელისუფლების სწრაფმა და დამაჯერებელმა პასუხმა რუსეთის ჯარებს სერიოზული ზიანი მიაყენა, რამაც ვლადიმირ პუტინს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სიღრმისეული სამხედრო რეფორმის გატარების ბიძგი მისცა“. ამასთან დაკავშირებით ყოფილი ამერიკელი დიპლომატი საუბრობს მოსკოვის მიერ გადადგმულ რიგ ნაბიჯებზე სამხედრო სფეროში: „რუსეთმა, – ამბობს მეთიუ ბრაიზა, – თავისი ძალები განალაგა ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვართან, რაც უპრეცედენტო ნაბიჯია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში“.

ეხება რა საქართველოს პერსპექტივას „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან საუბარში, მეთიუ ბრაიზა ხაზს უსვამს: „ფართო სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველო ევროპულ-ატლანტიკურ გზაზე დგას. ამის შესახებ  არაერთხელ გაკეთებულა პოლიტიკური განცხადებები როგორც პარლამენტში რამდენიმე წლის წინათ, ასევე ბოლო ხანებშიც, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი დასავლეთსა და ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაშია“.

მეთიუ ბრაიზა შეეხო აგრეთვე საქართველოს და საერთოდ, სამხრეთ კავკასიის ადგილს აშშ-ის პოლიტიკაში, კერძოდ, როგორი იქნება ვაშინგტონის დამოკიდებულება რეგიონისადმი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. როგორც მან აღნიშნა, ამ კონტექსტით ამიერკავკასიის რეგიონი დღეს ამერიკისათვის მეორეხარისხოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით იმ პერიოდთან შედარებით, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყო.

აშშ-ში წინასაარჩევნო სიტუაციაზე საუბრისას მეთიუ ბრაიზამ გააკრიტიკა დონალდ ტრამპის საგარეოპოლიტიკური განცხადებები, რომლის თანახმად, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მიერ ნატოს წესდების (ხელშეკრულების) მეხუთე მუხლის შესრულებას, რომლის თანახმად, ალიანსის ყველა წევრი ვალდებულია ერთმანეთის უსაფრთოება დაიცვას. მეთიუ ბრაიზამ გაიხსენა დონალდ ტრამპის რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები და ისიც არ დაივიწყა, რომ რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატის ბიზნესში რუსეთს მნიშვნელოვანი თანხები აქვს ჩადებული.

მეთიუ ბრაიზამ მხარი დაუჭირა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს ჰილარი კლინტონს. იგი დარწმუნებულია, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტად ჰილარი კლინტონი იქნება არჩეული, იგი რუსეთის მიმართ უფრო განსხვავებულ პოლიტიკას გაატარებს, ვიდრე ეს „გადატვირთვის“ პერიოდში ხდებოდა. „მე ვფიქრობ, რომ იგი მოძებნის რუსეთის [ერთ ადგილზე] „მოჯენის“ მეთოდს და მოსკოვს აიძულებს ადრინდელ სტილს დაუბრუნდეს. ჰილარი კლინტონი მხარს დაუჭერს ეკონომიკური სანქციების შენარჩუნებას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს რუსეთის პოლიტიკაზეც საქართველოს მიმართ“.

ყოფილმა დიპლომატმა აღნიშნა, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ამ კონტექტსში საქართველოს ხელისუფლების პოზიციას: „დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან უფრო ღრმა ინტეგრირებას მოახდენს, ქვეყანა უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ვაშინგტონის ყურადღება მიიპყროს რეფორმების გატარებით (როგორც ადრე ხდებოდა), გააგრძელოს ამერიკასთან თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. გარდა ამისა, საქართველოს შეუძლია კვლავ იყოს [აშშ-ის] კარგი პარტნიორი ავღანეთსა და ერაყში. ასეთი მოქმედებით საქართველოს შეუძლია რუსეთი აიძულოს, რომ ის უფრო ცივილიზებულად მოიქცეს. უსაფრთხოების საკითხებში სამომავლოდ დიდი ამოცანები გველოდება, ამ მხრივ საქართველოს რაღაცის შემოთავაზება შეუძლია – საქმე ეხება სირიასა თუ სხვა რეგიონებს“.

«Актуальные комментарии» (რუსეთი), 05 აგვისტო, 2016 წელი

http://actualcomment.ru/gruzii-nuzhen-svoy-tramp–1608041421.html

ინტერვიუ მაქსიმ შევჩენკოსთან: „საქართველოს თავისი დონალდ ტრამპი ჭირდება“

როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ძალისხმევით „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დაამხო, ამას წინათ განაცხადა, რომ [ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში] „ნაციონალების“ რევანშს არ დაუშვებს. ამასთან დაკავშირებით „აქტუალნი კომენტარიის“ კორესპონდენტი ლინა ვისკუშენკო ცნობილ რუს პოლიტოლოგს და ჟურნალისტს მაქსიმ შევჩენკოს ესაუბრება.

მაქსიმ შევჩენკო თვლის, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ სასწრაფოდ უნდა შექმნას კოალიცია (ბლოკი), რადგან მას, „ნაციონალებისადმი“ ღირსეული პასუხის გასაცემად, შეიძლება რესურსები არ ეყოს.

„რასაკვირველია, რესურსები ბიძინა ივანიშვილს აქვს, მაგრამ არასაკმარისი. მხოლოდ „მეოცნებეთა“ ძალებით „ნაციონალების“ რევანშს ვერ შეაჩერებ. აუცილებელია მტკიცე კოალიციის შექმნა. ამაზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი. მიხეილ სააკაშვილს ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებსაც ასევე ბევრი და დიდი ამბიციები აქვთ, ყველას თანამდებობები სურთ. საქართველოში კი ადგილების გაყოფა ასე ადვილად არ ხდება. აქედან გამომდინარე, კოალიციის სექმნა ქართველი პოლიტიკოსებისათვის ერთადერთი გამოსავალია [შექმნილ სიტუაციაში].

„ქართული ოცნება“, ყველა თავისი ხიბლისა და კეთილშობილი მიზნების მიუხედავად, ეკონომიკურ სიძნელეებს ვერ გაუმკლავდა, ქვეყანა მძიმე სიტუაციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება სურს. მოსახლეობა ასევე მზადაა მესამე ძალის მისაღებად, მაგრამ გააჩნია, როგორი შეიძლება იყოს ის. ანუ შეიძლება მესამე ძალის წარმომადგენლები ისეთი ადამიანები იყონ, რომლებიც არ გამოხატავენ მხოლოდ დასავლეთის ან მხოლოდ რუსეთის ინტერესებს. მათთვის პრიორიტეტული საქართველოს ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. მაგალითად, საქართველოში  უდიდესი ავტორიტეტი აქვს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. მართალია, იგი უკვე ძალიან მოხუცია, მაგრამ ისინი, ვინც მისი სახელით მიდიან პოლიტიკაში, მოულოდნელად ძალიან დიდ ძალას იძენენ, ანუ იქმნება „ხანჯლის ეფექტი“, მე ასე ვუწოდებ ამ მოვლენას.

ვთვლი, რომ დადგა დრო საქართველოს [ხელისუფლებაში] ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ძალა მოვიდეს, რომელიც რეალურად დაეყრდნობა სახელმწიფოს, ერს და მის ოცნებას ერთდროულად. საქართველოს კონსერვატიული რევოლუცია ჭირდება.

მიხეილ სააკაშვილი ნეოლიბერალი იყო, მან საქართველო დასავლეთზე დამოკიდებულ სიტუაციაში ჩააყენა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილიც ლიბერალიზმის ერთ-ერთი სახეობის წარმომადგენელია. მიმაჩნია, რომ საქართველოში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ეროვნულ-კონსერვატიული ძალები გაჩნდებიან. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების დროს ასეთი რიტორიკა მოთხოვნადი იქნება. საჭიროა შეიცვალოს მიხეილ სააკაშვილის დროინდელი პროამერიკული ნეოლიბერალური ფრაზეოლოგია და ორიენტირება მოხდეს საქართველოს ინტერესებზე, მართლმადიდებლობაზე, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე. დღეს ეროვნული პოლიტიკის გატარების ტრენდი (ტენდენცია) მთელ მსოფლიოში შეინიშნება, ის მოთხოვნადია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს თავისი დონალდ ტრამპი ესაჭიროება, რომელიც ქვეყანას იმ ჩანაქცევიდან ამოიყვანს, რომელშიც ის ახლა იმყოფება“, – ამბობს მაქსიმ შევჩენკო.

Comments are closed