globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 5th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: ოკუპაცია საზღვრებით და უსაზღვროდ

«The Daily Beast» (აშშ): უპასპორტო უცხომიწელი // ვლადიმერ პუტინის მტერი მიხეილ სააკაშვილი: პირი, რომელსაც სამშობლო არ აქვს

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/august-war-after-9-years/3972856.html

საქართველო: ოკუპაცია საზღვრებით და უსაზღვროდ

ნინო დალაქიშვილი

საქართველოში აგვისტოს პაპანაქებაა, მაგრამ დამდგარი სიცხე არა მხოლოდ იმის გამოა განსაკუთრებული, რომ ზაფხულია, არამედ იმიტომაც, რომ 2008 წლის ომი და ემოციები, რაც მასთანაა დაკავშირებული, ტემპერატურას უფრო ზევით წევს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები ავნევი და ნული ომის ერთ–ერთი პირველი დანაკარგი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა ეს ტერიტორია 8 აგვისტოს დატოვეს. რომიკო სიქტურაშვილი, რომელიც ამჟამად დევნილია და ხაშურის ერთ–ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს, 2008 წლამდე ავნეველი გახლდათ და მაშინ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. ჩვენთან საუბრისას იგი იმ პერიოდს იხსენებს, სანამ ესკალაცია სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდებოდა და ამბობს, რომ ჯერ კიდევ პირველ აგვისტოს ნულის მშვიდობიანი მაცხოვრებლის, სიმონ ჟამერაშვილის სახლი დაიბომბა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც ცხოვრობდნენ. ოჯახის ერთ–ერთი წევრი კი დაიჭრა.

„მათი სახლი ახლოს იყო ჩვენს პოზიციასთან. შეცდომით არ გამოისროდნენ, მაგრამ მათ სახლს მოხვდა. მცირეწლოვანი და თოთო ბავშვებიც ჰყავდათ. 6–ში საღამოს უკვე, 7 აგვისტო რომ თენდებოდა, დაღუპულებიც გვყავდა, კარისკაცები, ჩვენს გვერდზე ვინც იდგა. თაყაძე გორიდან და ტრაპაიძე ქუთაისიდან. 7–ში გამთენიისას ორი მშვიდობიანი მოსახლეც დაიჭრა, რომლებიც გადარჩნენ, საბედნიეროდ. ჩვენ 8–ში ღამე დავტოვეთ სოფელი, მას შემდეგ, რაც მოსახლეობა გამოვიდა“, – ჰყვება იგი.

ომის თვითმხილველი “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ ავნევისა და ნულის ადგილას ახლა ტყეა, სადაც ორი ოჯახი ცხოვრობს. „ტყედ იქცა იქაურობა. საძირკველი აღარც ერთ სახლს არ ეტყობა. ავნევში ორი შერეული ქართულ–ოსური ოჯახია დარჩენილი, მოხუცების. მაშინ ვერ გამოვიდნენ, დარჩნენ. ნულში სამი–ოთხი ოჯახია ახლა, ასევე შერეული ოჯახები.“

ქართველი პოლიტიკოსებისთვის კი ორი დღეა ყველაზე უფრო მეტად საკამათო თემა ისაა, აქვს თუ არა ადგილი საქართველოში მცოცავ ოკუპაციას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სკანდალური განცხადება გააკეთა: „ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ამ ქმედებების აღწერისას გამოიყენება ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“, რომელიც თავისი საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის, ესაა, სამწუხაროდ, იმ ფარგლების, იმ საზღვრების დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ ლეგიტიმაცია გაუკეთა მაშინდელმა მთავრობამ. არანაირ ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება“.

ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამით აღშფოთებულმა ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამინისტროს წინ ეკლიანი მავთულხლართი გაავლეს

მმართველი გუნდის ერთ–ერთმა სახემ გიორგი ვოლსკიმ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე კომენტირებისას კი განაცხადა, რომ ოკუპაცია მცოცავია ის თუ არა, განპირობებულია წინა ხელისუფლების ქმედებებით, რომელმაც მოხაზა ოკუპაციის რუკა: „ყოფილი საბჭოთა ოლქის ტერიტორია, საზღვრები მოხაზა სააკაშვილმა თავის ბრძანებულებაში და აი ამ საზღვრების მიხედვით აკეთებენ სწორედ ოკუპაციის დამადასტურებელ, ყოვლად უკანონო ქმედებებს ოკუპანტები“.

იმ განცხადებების თანახმად რასაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს კეთდება, რუსეთი ბორდერიზაციას საბჭოთა კავშირის გენშტაბის 1984 წლის რუკის შესაბამისად ახორციელებს. ალტერნატიული ვარიანტია გენშტაბის 1987 წლის რუკა (1989 წლის რედაქციით).

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ტუღუში აცხადებს: „როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება და ასევე მათი მხრიდან ზეწოლის განხორციელება რეალურად რუსეთზე, როდესაც საკუთარი ხელისუფლება მსგავსი მავნებლობით არის დაკავებული და საუბრობს იმაზე, რომ თურმე ოკუპაცია არ მომხდარა და რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ნორმალური პროცესი. ეს არის, როგორც მინიმუმ, შეგნებული მავნებლობა ხელისუფლების მხრიდან“.

2008 წლის ომის საქმეებზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში როგორც ინდივიდუალური, ასევე სახელმწიფოთაშორისი სარჩელებია შესული. მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. ომის დანაშაულის საქმეებს კი ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორის ოფისი სწავლობს, რომლის დასკვნას ქართული მხარე ასევე ელოდება.

«The Daily Beast» (აშშ), 04 აგვისტო, 2017 წელი

http://www.thedailybeast.com/putin-nemesis-mikheil-saakashvili-is-now-a-man-without-a-country

უპასპორტო უცხომიწელი

ვლადიმერ პუტინის მტერი მიხეილ სააკაშვილი: პირი, რომელსაც სამშობლო არ აქვს

უილ კეტგარტი

(მოკლე შინაარსი)

საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთისათვის „საყვარელი კაცი“ გახდა. ათი წლის განმავლობაში მიშას სამშობლოში და საზღვარგარეთ რეკლამას უწევდნენ, რომ იგი მართლაც იმ დემოკრატიის გამტარებელი იყო, რომლის ექსპორტსაც აშშ ცდილობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში… მაგრამ ათი წლის შემდეგ, როცა უკვე ცნობილია რუსეთთან მომხდარი ომის კატასტროფული ომის შედეგები, სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ „ვარდების რევოლუციამ“ უკვე დიდი ხანია „დაიყვავილა“ და მისი მნიშვნელობაც  „დაჭკნა“. 2012 წლის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის პარტიამ ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტიას დაუთმო.

საქართველოს დღევანდელ მთავრობას მიხეილ სააკაშვილი ისევე სძულს, როგორც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს თავის მაშინდელ ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის უთხრა – „მიხეილ სააკაშვილს დავიჭერ და ყვ…ებით ჩამოვკიდებო“.

როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან წავიდა, აშშ-ში მცირე ხნის ყოფნის შემდეგ, მან უკრაინაში ჩასვლა გადაწყვიტა. ექს-პრეზიდენტმა 2015 წელს უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო იმ მიზეზით, რომ იგი პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. დონკიხოტობის მოყვარული და „დიდი რეფორმატორი“ მიხეილ სააკაშვილი ჯერ ოლიგარქების წინააღმდეგ გამოვიდა, შემდეგ კი თვით უკრაინის პრეზიდენტს, თავის შეფს შეუტია. როგორც ჩანს, ამჯერად მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ უკან არ დაიხევდა… თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ „დიდმა რეფორმატორმა“ ფიასკო განიცადა. ოდესა ისევ კორუფციის ქალაქად დარჩა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ეს იმ მომენტში მოხდა, როცა ყოფილი პრეზიდენტი და გუბერნატორი აშშ-ში მიემგზავრებოდა. ორშაბათს, როცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულკუკიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემა მოითხოვა.

პეტრო პოროშენკოს არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის სცენარი კარგად იყო მოფიქრებული. პეტრო პოროშენკოს რომ ეს ნაბიჯი ადრე გადაედგა, მაშინ პოლიტიკაში კარგად გამოცდილი მიხო უკრაინიდან თავის „გაქცევას“ დრამად გადააქცევდა და აშშ-ში ტელეკამერებთან და რეპორტიორებთან ერთად ჩავიდოდა. მან უბრალოდ, ამერიკაში გადაფრენისას გაიღვიძა და ცუდი ამბავი გაიგო.

გადაეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს? ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ ამერიკა არც უკრაინაა და არც საქართველო, რომ პრეზიდენტის კაპრიზით მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავში ჩატენო და სადმე გაამგზავრო. თუმცა ასეთი ნათქვამიც შეიძლება სწორი არ აღმოჩნდეს: აშშ-ის არმიის ორმა წარმომადგენელმა The Daily Beast-ს ანონიმურობის საფუძველზე გაანდო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს სთხოვა, რომ ამერიკამ მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშოროს, რომელიმე ქვეყანაში გაგზავნოს.

კაცმა რომ თქვას, არც კრემლს არ სურს მიხეილ სააკაშვილის ჩამოკიდება ყვ…ბით ან მისი მოკვლა. რუსეთის სტრატეგია ექს-პრეზიდენტის მიმართ მისი მემკვიდრეობის, რეპუტაციისა და ღირსების განადგურებაში გამოიხატება. როგორც ჩანს, ამ საქმეში მოსკოვს თვითონ მიხეილ სააკაშვილი ეხმარება თავისი ქცევით.

შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილისათვის ყველაზე დიდი ირონია იმაშია, რომ ბათუმში, 2012 წელს, მან დონალდ ტრამპი ჩაიყვანა, სადაც მომავალი „ტრამპ-თაუერის“ 250-მილიონიანი ინვესტიციის იმედით, მილიარდერს საზეიმოდ ხელი ჩამოართვა. ალბათ, ეს პროექტი ბევრ ადამიანს დაასაქმებდა, მაგრამ დონალდ ტრამპმა თავისი ინაუგურაციის წინ საქართველოში დადებული კონტრაქტი გააუქმა. მიხეილ სააკაშვილი კი კარგად სარგებლობს დონალდ ტრაპთან ერთად გადაღებული ფოტოსურათით, იგი ამ ფოტოს ყველგან აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოს ლიდერად დარჩენილიყო, ალბათ, ამ ფოტოს იგი თბილისის აეროპორტის ახლოს, გზაზე უზარმაზარი ბანერის სახით დადგამდა. ახლა კი თბილისი მისთვის ის ადგილი იქნება, სადაც მას ნამდვილად დააპატიმრებენ, თუ საქართველოში დაბრუნდება.

——–

უცხოური მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, 4 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა. თუ როგორ მოახერხა „უპასპორტო და მოქალაქეობის არმქონე“ ექს-პრეზიდენტმა პოლონეთში ჩასვლა, აშშ-ის, უკრაინისა და პოლონეთის ოფიციალური უწყებები ამაზე ჯერ-ჯერობით დუმილს ინარჩუნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის მოსაზღვრე ლიტვაში გადავა (ორივე შენგენის ზონაშია არიან და საზღვრის გადაკვეთას პასპორტი არ ჭირდება) და ვილნიუსში მას ლიტვის მოქალაქეობას მისცემენ.

Comments are closed