globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 5th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Թերթ» (სომხეთი): როგორი იქნება საქართველო-ნატოსა და სომხეთ-„ოდკბ“-ის სამხრეთკავკასიური „მეზობლობა“

«Радио Голос Америки» (აშშ): უკრაინელი პოლიტოლოგი: „საქართველო სანიმუშო ქვეყანაა, სადაც ნატოში გაწევრიანების საკითხში ხელისუფლებისა და საზოგადოების პოზიცია ერთნაირია“

—————

«Թերթ» (სომხეთი), 5 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.tert.am/am/news/2015/09/05/hraparak/1782216

როგორი იქნება საქართველო-ნატოსა და სომხეთ-„ოდკბ“-ის სამხრეთკავკასიური „მეზობლობა“

სომხური გამოცემა „ტერტ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი სტეფან საფარიანი კომენტარს უკეთებს  საქართველოში ნატოს გენმდივნის იენ სტოლტენბერგის ვიზიტს, თბილისში ალიანსის საწრთვნელი ცენტრის გახსნას და აღნიშნავს, რომ რადგანაც რუსეთს სამხრეთ კავკასია თავისი ინტერესებისა და გავლენის სფეროდ მიაჩნია, მოსკოვისათვის სასწავლო ცენტრის გახსნა, გინდაც ეს ობიექტი სამხედრო სტრუქტურა არ იყოს, მაინც მტკივნეული რეაქციის პერმანენტული გამოხატვის მიზეზი იქნება.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორ შეაფასებდით თბილისში ნატოს გენმდივნის ვიზიტს და ალიანსის სასწავლო-საწრთვნელი ცენტრის გახსნის ფაქტს?

- ნატო სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, თავის მოქმედებას აშკარად აფართოებს. იცით, ასევე ხდება ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, სადაც ალიანსი მსგავს სასწავლო ცენტრებს ხსნის, მაგრამ საქართველო ბრიუსელისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჯერ კიდევ  უელსის სამიტზე გადაწყდა, რომ ალიანსმა საქართველოს უპირატესი პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. რა თქმა უნდა, ნატომ ამით თავიდან აიცილა საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა („მაპ“) მიეცა, რომელსაც თბილისი აგერ უკვე თითქმის რვა წელი ელოდება, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მაგრამ იმის გამო, რომ „მაპ“-ის მიცემა ერთი მხრივ, რუსეთის აგრესიას გამოიწვევს, ხოლო მეორე მხრივ – საქართველოს ტერიტორიული პრობლემები გააჩნია, ბრიუსელმა სხვა ტაქტიკა აირჩია. ჯერ-ჯერობით, ორივე ერთმანეთისათვის პარტნიორებად რჩებიან. ბრიუსელი ცდილობს, რომ საქართველო უფრო მეტად შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს და ეს ქვეყანა მისი საკვანძო პარტნიორი იყოს. ბოლოსდაბოლოს, მსოფლიოში ძალიან ბევრია ისეთი სახელმწიფო, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, მაგრამ ნატოზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ – როგორც მთლიანად ბლოკზე, ისე მის ცალკეულ წევრებზე.

კონკრეტულად რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთი, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ალბათ, მოსკოვი შეეცდება ამ საკითხში თავისი სამხედრო მოკავშირეებიც ჩართოს და შესაძლოა, გარკვეული დაძაბულობა წარმოიქმნას.

- თქვენ ახსენეთ, რომ ცენტრის გახსნა „რუსეთის აგრესიას გამოიწვევსო“, თუმცა იენს სტოლტენბერგმა თბილისს „რუსეთთან ნორმალიზების პროცესის გაგრძელება“ ურჩია და რომ ნატო მხარს უჭერს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრების („პრაღის ფორმატის“) პერსპექტივას. ანუ რუსეთ-საქართველოს დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. თქვენი სიტყვების არსი ამ ჩარჩოებში თავსდება?

- დიახ, ერთმნიშვნელოვნად. ბრიუსელი და თბილისი აცნობიერებენ, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთის პროვოცირება შეუძლია და რომ ეს არ იქნეს დაშვებული, ორივე ცდილობს სანდო ატმოსფერო შექმნას და ამ მიზნის მისაღწევად რუსეთ-საქართველოს დაახლოების პროცესს იყენებენ, თუნდაც რაიმე მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე.

- შეგიძლიათ თქვათ, როგორი იქნება რუსეთის კონკრეტული, პრაქტიკული  რეაგირება ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნის მიმართ?

- რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსკოვი თვლის, რომ ნატო აგრძელებს რუსეთის მეზობლად მდებარე ქვეყნების გადაბირების პროცესს სხვადასხვა მიმართულებით. რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, ნატოს გაფართოება მუქარად აღიქმება მოსკოვისათვის, შესაბამისად, ალიანსის ყოფნას სამხრეთ კავკასიაში რუსეთი ვერანაირად ვერ შეეგუება. უნდა დაველოდოთ მოვლენებს.

- როგორი სტატუსი აქვს ნატოს სასწავლო ცენტრს – სამხედრო თუ სხვა სახის?

- ნატოს სასწავლო ცენტრები სამხედრო სტრუქტურებად არ მიიჩნევიან, თუმცა, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ისინი უსაფრთხოების სისტემის ნაწილებს წარმოადგენენ. თბილისის ცენტრი ისეთ ქვესტრუქტურად ითვლება, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, პერსონალის მომზადება. ამ მხრივ ეს ობიექტი მნიშვნელოვანია და რადგანაც რუსეთს კავკასიის რუსიფიკაციის გრძელვადიანი მიზანი აქვს, ცხადია, მოსკოვი ასეთი ცენტრების შექმნას არ მიესალმება.

- სამხრეთ კავკასიაში, ამ პატარა რეგიონში არის სომხეთი, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“-«ОДКБ») წევრია და არის საქართველოც, რომელიც ნატოში შესვლას ესწრაფვის და სადაც ალიანსის სასწავლო ცენტრი გაიხსნა. როგორ პერსპექტივა აქვს ასეთი მეზობლობას?

- პრობლემა იმაში არაა, რომ ორი სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემის მქონე სახელმწიფოებს – საქართველოს და სომხეთს – საერთო საზღვარი აქვს. ბოლოსდაბოლოს, თვით სომხეთი ესაზღვრება ნატოს უშუალო წევრს – თურქეთს. ანუ აქ საქმე მეზობლობას არ ეხება. პრობლემა იმაშია, რომ ისეთ რეგიონს, როგორიც სამხრეთ კავკასიაა, ერთი მხრივ, ნატოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთი მას თავისი განსაკუთრებული უპირატესობის ზონად მიიჩნევს.

შესაბამისად, ნატოსა და „ოდკბ“-ს შორის მეზობლობის პრობლემაც სწორედ ამაში გამოიხატება.

«Радио Голос Америки» (აშშ), 4 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/article/2944025.html

უკრაინელი პოლიტოლოგი: „საქართველო სანიმუშო ქვეყანაა, სადაც ნატოში გაწევრიანების საკითხში ხელისუფლებისა და საზოგადოების პოზიცია ერთნაირია“

ტარას ბურნოსი

(შემოკლებით)

აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა პოლიტოლოგთა თვალსაზრისები უკრაინის ახალი სამხედრო დოქტრინის თაობაზე, რომლის თანახმად, ქვეყნის მიზანს ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანება წარმოადგენს, ხოლო სამხედრო მოწინააღმდეგედ რუსეთია დასახელებული.

როგორც უკრაინის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ოლეგ კოკოშინსკი ამბობს, „დღეს ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა. სამხედრო დოქტრინა შედარებით უფრო ადრე უნდა მიღებულიყო, როცა უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ „ევრომაიდნის“ შემდეგ ევროატლანტიკური კურსი გამოაცხადა და ალიანსთან ურთიერთობის გეგმა დაამტკიცა“.

ნატოში გაწევრიანების საკითხში პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა ერთიანობის ნიმუშად პოლიტოლოგმა საქართველო დაასახელა: „მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ალიანსის  მიმართულებით საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მკაფიოდ დაუჭირა მხარი პრონატოურ კურსს, ხოლო საზოგადოებაში ალიანსის მხარდაჭერის დონე ბოლო წლებში 70-75%-ით მერყეობს. ასეთი შედეგები კრემლს თბილისის კრიტიკისათვის არავითარ შანსებს არ უტოვებს“.

საერთოდ კი, ოლეგ კოკოშინსკის აზრით, საქართველოს პოზიცია ბოლო ათი წლის განმავლობაში არ იცვლება, რასაც თავისი შედეგები მოაქვს: „ნატოს ვარშავის სამიტზე, 2016 წელს, საქართველოს და ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანას ალიანსში შესვლის განაცხადის გაკეთება სურთ. უკრაინამ კი, მისი პრემიერ-მინისტრის სახით, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია საქართველოს მსგავსი ნაბიჯი გადადგას, ანუ ჩვენი ქვეყანა ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არ არის. მან აღნიშნა, თუ რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას უკრაინა“.

გარდა ამისა, ოლეგ კოკოშინსკის თქმით, „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ, უკრაინულ საზოგადოებაში მთავრობის მოქმედებისადმი იმედგაცრუება შეიმჩნევა – პრობლემები იგივე რჩება: კორუფცია და რეფორმების არარსებობა: „რევოლუციამ პოლიტიკოსებს მაღალი პოლიტიკური დივიდენდები მოუტანა, რიგით უკრაინელებს კი, რომლებიც ევრომაიდანზე იდგნენ, უდიდესი გამოცდა მოუწყო“.

Comments are closed