globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 5th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: „პარტიზანი მებაღეების“ გინება და „ჰეროკრატიის“ ჭეშმარიტი მიზანი

«Lragir» (სომხეთი): აშშ და ევროკავშირი ევრაზიაში // აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ამერიკელები საერთოდ არანაირ ინტერესს არ გამოხატავენ

———————-

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 4 სექტემბერი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160902-gruzinskie-sadovody-perekhodyat-k-partizanskim-deistviyam

საქართველოს ამბების მიმოხილვა: „პარტიზანი მებაღეების“ გინება და „ჰეროკრატიის“ ჭეშმარიტი მიზანი

„რადიომ ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ ოთხ სექტემბერს ეთერში გადაცემულ ტრადიციულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ ყურადღება გამახვილებულია ორ ძირითად საკითხზე: პირველი – „პარტიზანი მებაღეების“ მოქმედებაზე თბილისის მერიის წინააღმდეგ და მეორე – ფილმ „ჰეროკრატიაზე“, რომელშიც ასახულია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობანი (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

ა) გინებისმოყვარული ბუნების დამცველი და საზოგადოების რეაქცია

მიმოხილვაში ვრცლადაა გადმოცემული თბილისში არსებული ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის პრობლემებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი ქალაქის მერიის მიმართ, რომელიც, მათი აზრით, არასათანადო ყურადღებას უთმობს ეკოლოგიურ პრობლემებს და ხშირად ხელს უწყობს კიდეც მწვანე საფარის განადგურებას – არასწორად და დარღვევით გასცემს ლიცენზიებს  მშენებლობისათვის ხეების მოჭრის მიზნით.

„არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან, მწვანე საფარის განადგურებაზე პროტესტის ნიშნად, კარავი დადგეს და „ქალაქის მამებს“ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისაკენ მოუწოდებენ. აქტივისტები მოითხოვენ აგრეთვე იმ თანამდებობის პირების გადადგომას, რომლებიც თავიანთი მოქმედებით ზიანს აყენებენ ქალაქის ბუნებას და ეკოლოგიურ გარემოს. ამრიგად, თბილისის ცენტრში, პირველად 2009 წლის ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ, კარვები კვლავ გამოჩნდა, რაც მერიასთან „მებაღეების“ მრავალთვიანი ბრძოლის კულმინაციას წარმოადგენს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ავტორს, ცხადია, მხედველობიდან არ გამოპარვია „პარტიზანი მებაღეების“ ლიდერის ნატა ფერაძის განცხადებებიც, რომელსაც თან უწმაწური გამონათქვამებიც ახლდა. „ერთ-ერთი ტელეარხის – „იბერიის“ სტუდიაში საუბრისას ოპონენტის შეკითხვაზე – „რას აკეთებდით 2012 წლამდე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რატომ არ აპროტესტებდით ხეების ჭრასო“, ნატა ფერაძემ თქვა, რომ სექსით იყო დაკავებული, თან ეს ისეთი სკარბეზული სიტყვით გამოხატა, რომ მე, ეთიკური თვალსაზრისით, მის ნათქვამს ვერ გავიმეორებთ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მისი ოპონენეტი ისე დაიშოკა, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. ამ ინციდენტმა ისედაც ტრადიციულად კონსერვატიულად განწყობილ ქართულ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და ნეგატიური რეაქცია გამოიწვია“.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი გიორგი ლებანიძე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება:

- რამაზ, ნატა ფერაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ამას წინათ, ხეების გაჩეხვაზე პროტესტის ნიშნად, ჯერ ხელები მიიბეს ხეებზე, ახლა კი კარავი დასცეს და მერიის თანამდებობის პირების გადადგომას მოითხოვენ და სესაძლოა „მშრალი შიმშილობაც“ გამოაცხადონ. რამდენად ფენომენალური და დამახასიათებელია ასეთი პროტესტი საქართველოს და კერძოდ, თბილისის ურბანიზების წინააღმდეგ?

- ეს ფენომენი საქართველოსთვის და კერძოდ, თბილისისათვის ძალიან აქტუალური გახდა. ყურადღება მივაქციოთ, რომ აქცია მიმდინარეობს თბილისის მერიის წინ და არა შესაბამის სამინისტროსთან. პრობლემა ნამდვილად ძალიან მწვავეა. პრაქტიკულად ყოველ მეტრში მრავალსართულიანი სახლები შენდება და ამ მიზნით ხეების გაჩეხვა, „ტერიტორიის მწვანე საფარისაგან გაწმენდა“ პროტესტს იწვევს.

- რატომ აპროტესტებენ არსებულ სიტუაციას პირდაპირ ეთერში ლანძღვა-გინებით? ეს განსაკუთრებით ქალების გინებას ეხება, რაც საქართველოში, უბრალოდ, წარმოუდგენელია…

- რა თქმა უნდა, მსგავსი გამონათქვამები და, საერთოდ, ამ ორგანიზაციის აქტივისტების ქცევა საზოგადოებაში პროტესტს იწვევს, მით უმეტეს, რომ თვითონ ნატა ფერაძე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შესაბამისი საქალაქო სტრუქტურის მენეჯერი გახლდათ. ასე რომ, პროცესმა პოლიტიკური შეფერილობა შეიძინა. სახეზეა სიტუაცია, როცა ერთმანეთს უკავშირდება პოლიტიკური მოტივები და ის, რაც მოსახლეობას რეალურად აღელვებს.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი საუბრობს „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან, პარლამენტის ყოფილ წევრ პეტრე მამრაძესთან:

„მე ჩემი შინაგანი რწმენით კვლავ „მწვანე“ დავრჩი. ბუნებას გართხილება ჭირდება და აბსოლუტურად დაუშვებელია ის, რაც ბოლო წლებში ხდება. მაგრამ რატომ არ იღებდნენ ხმას ეს ქალბატონები მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ათასობით ხეები იჩეხებოდა თბილისში? ხომ გვახსოვს, რომ ტენისის კორტებზე უმოწყალოდ გაჩეხეს ხეები, რომელთა ასაკი 150 წელზე მეტი იყო.  ჰოდა, როცა ასეთი ადამიანები, რომლებთაც კულტურის დეფიციტი აქვთ, ეკოლოგიისა და ბუნების დაცვისაკენ მოგვიწოდებენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ყვირილია. იბადება ეჭვები, რომ მათი ჭეშმარიტი მიზანი ქალაქის მერის დავით ნარმანიას ვადამდე გადაყენებაა. ჩემთვისაც გასაგებია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხე უნდა მოიჭრას, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ „პარტიზან მებაღეების“ აქციას ეჭვით ვუყურებ… ალბათ, ჩემზე ნეგატიური გავლენა ქალბატონის ბაგეთაგან გადმოფრქვეულმა გინებამ მოახდინა. თუმცა მგონია, რომ უფრო ცივილიზებული მეთოდებით შეიძლება მოქმედება“, – ამბობს პეტრე მამრაძე.

ბ) „ჰეროკრატია“ – სერიალი „მიხეილ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე“

გასული კვირის კიდევ ერთი რეზონანსული მოვლენა ფილმ-სერიალ „ჰეროკრატიის“ საზოგადოებისადმი პრეზენტაცია გახლდათ – ფილმისა, რომლის 24 სერია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარი უკანონობები და დარღვევებია ასახული. ფილმში მხატვრულადაა გადმოცემული იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის ზნეობა და რეჟიმის სისასტიკე.

რეჟისორ გიორგი ხაინდრავას ფილმის ერთი სერია კინოთეატრ „რუსთაველში“ მხოლოდ მაყურებელთა ვიწრო წრეს უჩვენეს. მოგვიანებით ისინი ჟურნალისტებს უყვებოდნენ, რომ ნანახით შოკში ჩავარდნენ. თუ ტელევიზიით გადაცემულ სარეკლმაო რგოლის მიხედვით ვიმსჯელებთ, სერიალში ამჟამად უკვე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებაცაა გადმოცემული. სხვათა შორის, სააკაშვილისადმი მიძღვნილი სცენები შეიძლება კატეგორია „18+“-ს მივაკუთვნოთ, ანუ მათი ნახვა მხოლოდ 18 წლის ასაკის მქონე მაყურებელს შეუძლია.

გიორგი ხაინდრავა, შეიძლება ითქვას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მტკიცე მოწინააღმდეგედ ითვლება. 2007-2009 წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა და ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ მასობრივი გამოსვლებისა, რომლის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ. გიორგი ხაინდრავასთან ერთად, იმ აქციების ლიდერი იყო საბჭოთა ეპოქის დისიდენტი ლევან ბერძენიშვილიც, რომელიც დღეს პარლამენტის წევრია. სხვათა შორის, ლევან ბერძენიშვილი „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს ეუბნება, რომ ფილმი მას არ მოსწონს და მიაჩნია, რომ „ჰეროკრატია“ ხელოვნების ნიმუში კი არ არის, არამედ პროპაგანდა, თანაც ძალიან სახიფათო და კონტრპროდუქტიული.

ლევან ბერძენიშვილი: მე მთელი ჩემი ცხოვრება ლიტერატურითა და ხელოვნებით ვარ დაკავებული, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფილმს ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ის პროპაგანდისტულია. რეჟისორის მიზანია იმის წარმოჩენა, რომ ქვეყანაში თითქოსდა მხოლოდ ორი პარტიაა: კარგი „ქართული ოცნება“ და ცუდი „ერთიანი ნაცმოძრაობა“ (მიხეილ სააკაშვილის პარტია), ყველა დანარჩენი კი – ან კარგია, ან ცუდი. მოქმედებს პრინციპი: „ვინც ჩვენს გვერდით არ დგას, ის ჩვენი მტერია“. მე ვნახე ფილმის ტრეილერი და დავრწმუნდი – „ჰეროკრატია“ პროპაგანდაა და მეტი არაფერი! ეს ხელოვნებაა კი არა არის, ეს პოლიტიკაა. ესაა იმ კარგი რეჟისორის შემოქმედებითი ფიასკო, მარცხი, რომელიც ადრე მართლაც ტალანტიურ ფილმებს იღებდა.

- მაგრამ ფილმში ხომ გლდანის საპყრობილეში მომხდარ საშინელებებია გადმოცემული –  ადამიანების წამება, რომელსაც თავის დროზე თქვენც აპროტესტებდით?

- ეს გასაგებია, მაგრამ რატომ აჩვენებენ ფილმს 2016 წლის არჩევნების წინ? აშკარაა, რომ ხელისუფლებისთვის ახლა მნიშვნელოვანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაა. ამით მთავრობა მომაკვდავ პოლიტიკურ კლასს სიცოცხლეს უგრძელებს. ეს  დაკვეთაა. არადა ის, რაც ადრე საპყრობილეებში ხდებოდა, შეიძლება შედარებით ნაკლებად, მაგრამ ახლაც გრძელდება, ის პირები ვინც მიხეილ სააკაშვილის დროს გლდანის ციხეში მუშაობდა, დღესაც იქ არიან და არცერთი სერიოზულად არ დასჯილა. მოკლედ, ამგვარი პროპაგანდიტული ფილმები ქართულ საზოგადოებაზე გავლენას ვერ მოახდენს, არ იმუშავებს.

- თქვენ თქვით, რომ ფილმი დაკვეთილიაო. მხედველობაში გყავთ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი? ანუ ფილმი მან დააფინანსა?

- რა თქმა უნდა. აბა ფული საიდან გაჩნდებოდა? ეს ყველასათვის ნათელია. მე, ცხადია, პირადად არ შევსწრებივარ ფულის გადაცემის ფაქტს, მაგრამ გასაგებია, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. მიმაჩნია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „კეთილი ინვესტიცია“ არ არის.

„ალბათ, ფილმის ავტორი და დამკვეთი იმედოვნებენ, რომ „ჰეროკრატია“ ისეთივე შოკურ ეფექტს მოახდენს, როგორიც თავის დროზე გლდანის ციხის ვიდეოკადრებმა მოახდინა. ვნახოთ“, – ამბობს რადიოკორესპონდენტი.

«Lragir» (სომხეთი), 5 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/50763

აშშ და ევროკავშირი ევრაზიაში

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ამერიკელები საერთოდ არანაირ ინტერესს არ გამოხატავენ

სტატია ეხება აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ გატარებულ პოლიტიკას ევრაზიის სივრცეში, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მიმართ: „შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საერთო მიზანია ხელი შეუწყონ ევრაზიის გადასვლას  საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიაზე. ისინი იზიარებენ საერთო ინტერესებს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მასობრივი მოსპობის იარაღის მიმართ და ნარკობიზნესთან ბრძოლაში, ადამიანთ ვაჭრობაში“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში (ავტორი – იგორ მურადიანი, პოლიტოლოგიის პროფესორი).

„შეიძლება დავასახელოთ აშშ-ისა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული ფაქტები დემოკრატიის, მასმედიის თავისუფლებისა და ეკონომიკური რეფორმების სფეროში“, – აღნიშნავს ავტორი და ამ თვალსაზრისით საქართველოს მაგალითი მოჰყავს: „ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდენ და ხელს უწყობდნენ ხელისუფლების „რბილ გადაცემას“. აშშ და ევროკავშირი დღესაც განაგრძობენ ერთად მოქმედებას და მხარს უჭერენ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდგომი ინტეგრაციის პროცესს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში.

აშშ და ევროკავშირი აცნობიერებენ სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევებს, განსაკუთრებით კონფლიქტების მოუგვარებლობის საკითხში. ისინი გამოდიან საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დამცველებად და აქტიურად არიან ჩართულნი დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, მთიან ყარაბაღთან კავშირებული კონფლიტების დარეგულირებაში.

ამასთან, აშშ-სა და ევროკავშირს უცნაურად მიაჩნიათ სომხეთის მოქმედება, რომ ეს ქვეყანა, რომელიც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ერთობ მოწყვლადია, [გარედან გავლენით] საგარეო პოლიტიკის კორექტირებას არ ახდენს. დასავლეთმა პრაქტიკულად ვერანაირად ვერ  მოახერხა სომხეთის მმართველი რეჟიმის შეცვლა, ერევანზე განხორციელებული უმაგალითო ზეწოლის მიუხედავად. სომხეთს მნიშვნელოვანი ენერგორესურსები არ აქვს, მაგრამ მისი როლი რეგიონში აშშ-სათვის ხშირად არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ამასთან, ამერიკელები იმასაც ხედავენ, რომ სომხეთი თავის ეროვნულ ინტერესებს ზოგჯერ ისე იცავს, რომ რუსეთის ინტერესებს არ ითვალისწინებს.

შესაძლოა ამერიკას სომხეთზე უფრო მეტი ზეწოლის მოხდენა სურს, მაგრამ ვაშინგტონში მოქმედი სომხური ლობი ამის ნებას არ აძლევს, ამიტომაც ერევნის მიმართ ახალი პოლიტიკის გატარება იგეგმება. ვაშინგტონი აცნობიერებს, რომ სომხეთის ამბიციები მაინცდამაინც დიდი არ არის და სრულად თავსდება ამერიკელების წარმოდგენებში დემოკრატიისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანუ სომხეთზე კონტროლის დასამყარებლად მნიშვნელოვანი მსხვერპლის გაწევა სრულიადაც არაა საჭირო: მთავარია ძალთა ბალანსის შენარჩუნება; იმის აღიარება, რომ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისათვის დაბრუნება [მინიმუმ - ამ ეტაპზე] შეუძლებელია და ეკონომიკური დახმარების გაგრძელება.

საქართველოსთან მიმართებით შეიმჩნევა ამერიკელი ექსპერტების მიერ გამოხატული ჭეშმარიტი შეფასებების [ნეგატიური განწყობის] მიჩუმათება-დამალვა. მათში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა  ღრმა იმედგაცრუება გამოიწვია. დღეს ამერიკელებს საქართველოში შედარებით უფრო ტოლერანტული ხელმძღვანელი აწყობთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ამერიკელები საერთოდ არანაირ ინტერესს არ გამოხატავენ. საერთოდ, აშშ მთელი მსოფლიოს კონფლიქტური რეგიონების მიმართ ერთიან მოდელურ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ძალიან ჰგავს პალესტინის მიმართ გატარებულს: კონფლიქტის მხარეები პრობლემის მოგვარებისათვის მხოლოდ მაშინ იქნებიან მზად, როცა დაპირისპირების პოტენციალი ამოეწურებათ.

მაგრამ რადგანაც ასეთი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ნავთობის ამოღებასა და მის ექსპორტს ხელს შეუშლის, აშშ აქ არსებულ დაპირისპირებას იმ მშვიდობიანი მოლაპარაკებით ანელებს, რომელსაც „სიტუაციის დარეგულირება“ ჰქვია“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

Comments are closed