«Столичное телевидение» (ბელარუსი): ალექსანდრე ლუკაშენკო – საქართველოს ვიცე-პრემიერს: „ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ერთმანეთთან სადაო საკითხები“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სომხური თამაშები NATO-სა და რუსეთის კარზე
«Lragir» (სომხეთი): სერჟ სარგსიანმა აშშ-ის ელჩი ფაქტის წინაშე დააყენა: რატომ თქვა უარი სომხეთმა საქართველოში დაგეგმილ ნატოს წრთვნებში მონაწილეობაზე?
«Hürriyet Daily News» (თურქეთი): თურქეთი მდ.ჭოროხზე, იუსუფელთან, ახალ ჰესს აშენებს, რომლის კაშხალი სიმაღლით მსოფლიოში მესამე იქნება, ჰიუვანისა და ენგურის შემდეგ
—————-
«Столичное телевидение» (ბელარუსი), 04 სექტემბერი, 2017 წელი
ალექსანდრე ლუკაშენკო – საქართველოს ვიცე-პრემიერს: „ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს სადაო საკითხები“
ვრცელ ვიდეოსიუჟეტში, რომელიც მინსკის ტელეარხ „Столичное телевидение»-ს ეთერში ოთხ სექტემბერს გადაიცა (პროგრამა „24 საათი“, 19.30), მიმოხილულია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა და მოლაპარაკება (ავტორი – ევგენი გორინი).
გთავაზობთ შემოკლებით:
„ალექსანდრე ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ბელარუსი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს საქართველოს მძიმე წუთებში – ისე, როგორც ეს იყო სულ ახლახანს, როცა ჩვენი მაშველები ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარს აქრობდნენ, ხოლო ის, რომ მინსკში ამას წინათ გამართულმა „თბილისობის“ დღესასწაულზე სტუმრების რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა, იმაზე მეტყველებს, თუ როგორ არიან დაინტერესებული ბელორუსები ქართული კულტურით.
საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ადრე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა და მსხვილი ბიზნეს-პროექტების განხორციელებით იყო დაკავებული. იგი გრენობლის (ავსტრია) უმაღლესი ბიზნეს-სკოლის კურსდამთავრებულია და დღეს საგარეო ვაჭრობასა და სავაჭრო კავშირების განვითარებასაც კურირებს.
ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი: „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვითანამშრომლოთ, ერთად ვიმუშაოთ. თქვენ, ქართველები, ჩვენთვის უცხო ხალხი არ ხართ. თქვენ ჩვენი ძმები ხართ, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან და უფრო ადრეც. ჩვენი ურთიერთობის ხასითი იმისკენ გვიბიძგებს, რომ ქართველ ხალხთან მეგობრობა უფრო გავაღრმავოთ. დიდება უფალს, რომ ბოლო დროს ჩვენი თანამშრომლობა სულ უფრო მტკიცე ხდება. რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ვიცი, რომ ჩვენი კავშირების კოორდინირება ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით ხორციელდება. ჩვენ ერთმანეთთან პრაქტიკულად არ გვაქვს სადაო საკითხები. ჩვენ გვჭირდება საქართველო, საქართველოს კი ბელარუსი. ჩვენი ეკონომიკები ერთმანეთთან არ კონკურირებენ“.
მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ იმით, რომ საქართველოს და ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ვითარდება, იზრდება საქონელთბრუნვა, ჩნდებიან ახალი ერთობლივი საწარმოები. მოხარულნი ვართ იმ გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებისა, რომლებიც ორივე მხარეს აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკები, რომლებიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ კომპლიმენტარულებია და სარგებლობას მოუტანენ ორივე ქვეყანას“.
2016 წლის აგვისტოში თბილისში ბელარუსის საელჩო გაიხსნა, მანამდე ერთი წლით ადრე კი საქართველოში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი გაიმართა, რომელმაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ახალი იმპულსი მისცა – საქონელთბრუნვა ნახევარზე მეტად გაიზარდა. შესაბამისად, იმატა ბელარუსული პროდუქციის ექსპორტმა საქართველოში. 2017 წელს მინსკში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი კიდევ ერთი სიგნალია ჩვენი ქვეყნების საქმიანი წრეებისათვის.
ევგენი გორინი, ტელეჟურნალისტი: საქართველოში ბელარუსული კომპანიების დაახლოებით 15 წარმომადგენლობა არსებობს, ჩვენთან კი 19 კომპანია, რომელშიც ქართული კაპიტალია ჩადებული. ბოლო დროს ბიზნეს-კონტქატები ძალიან აქტიურად ვითარდება“.
4 სექტემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ მოლაპარაკებაზე მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების ახალ მიმართულებებზე იმსჯელეს. უპირველესად კი იმ დარგებში, სადაც უკვე პოტენციალი ჩანს.
ვლადიმერ მაკეი, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი: „2017 წლის აგვისტოში ჩვენი კომპანია „მოგილევლიფტმაშ“-ის მონაწილეობით, თბილისში შეიქმნა კონსორციუმი „ქართული ლიფტი“, რომლის ჩარჩოებში ბელორუსული წარმოების ლიფტების აწყობა-გამოშვება იგეგმება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მაგალითს სხვა ქართული და ბელორუსული საწარმოებიც მიბაძავენ“.
ბელარუსის პარლამენტში მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის კურსი ეუთოში, პარლამენტთაშორისო კავშირში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაცეიბში. ქართველი დეპუტატები ჩვენთან ვიზიტისათვის ემზადებიან – ასე რომ, კანონმდებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოილაპარაკონ იმ საკითხების რეალიზებაზე, რათა ორივე მხარის ბიზნესმენებმა ერთმანეთთან თავისუფლად მიმოსვლა შეძლონ. დიდი ყურადღება დაეთმობა აგრეთვე რეგიონთაშორისო თანამშრომლობას: ამ თვალსაზრისით ფესტივალი „თბილისობა“, რომელიც სამ სექტემბერს მინსკში უკვე მესამედ ჩატარდა, კარგი მაგალითია. რაც შეეხება ტურიზმს: 2017 წლის [აგვისტოს] მდგომარეობით, ბელარუსის მოქალაქეები ერთი მესამედით მეტნი ჩავიდნენ საქართველოში, ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სხვათა შორის, 4 სექტემბერს საქართველოს დელეგაციამ მადლობა გადაგვიხადა ბელორუსებს ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში გაწეული დახმარებისათვის. გარდა ამისა, მოლაპარაკების დაწყებამდე ქართველებმა პატივი მიაგეს დიდ სამამულო ომში მიონობით დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ქართველებისა და ბელარუსების ურთიერთობის განმტკიცების კიდევ ერთი დადასტურება იქნება ბელარუსის დღეები საქართველოში, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 სექტემბერი, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/georgia-agire-spirit-2017-armenia-russia-azerbaijan-nato/4014178.html
სომხური თამაშები NATO-სა და რუსეთის კარზე
ზაზა წულაძე
სომხეთმა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ბოლო მომენტში გადაიფიქრა NATO-ს ზედიზედ მესამე სამხედრო წვრთნაში – „მებრძოლი სული – 2017“-ში მონაწილეობა, რომელმაც ამჯერად, სტარტი სამცხე-ჯავახეთში, ორფოლოს პოლიგონზე აიღო.
მრავალეროვნული სწავლება „მებრძოლი სული“ (Agile Spirit) საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება და მასში საქართველოს, აშშ-ის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე პირი მონაწილეობს.
სომხეთმა ივლისის ბოლოს საკუთარი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს 2017 წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე Saber Guardian-ზე მიავლინა. აგვისტოს დასაწყისში კი ერევანი სამედიცინო ასეულის დონეზე იყო ჩართული NATO-ს „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partners) სწავლებაში. ეს წვრთნები უკვე ვაზიანსა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე გაიმართა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ერთი თვის უკან, „ღირსეულ პარტნიორში“ აზერბაიჯანსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ბაქომ ჯარისკაცები აღარ გამოგზავნა. ამჯერად იგივე ერევანმა გააკეთა, ოღონდ „მებრძოლი სულის“ (Agile Spirit) მიმართ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ივლისში, „მებრძოლი სულის“ სწავლების საბოლოო დაგეგვმის კონფერენციაზე მონაწილეობდნენ. 1 სექტემბერს კი თბილისში, „არმიჰოლში“, სომხეთის თავდაცვის ატაშე სწავლების ოფიციალურ პრეზენტაციასაც დაესწრო. ამ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტმა ლევან იზორიამ სომხეთის და აზერბაიჯანის ჩართვას NATO-ს სწავლებაში „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.
სომხეთის ანალიტიკური გამოცემა Lragir-ის მთავარი რედაქტორი აიკაზნ გაგრიანი სარედაქციო წერილში აღნიშნავს, რომ NATO-ს წვრთნებზე უარი არა სომხეთმა, არამედ რუსეთმა თქვა: „თუ სომხეთის სახელმწიფო ინტერესი მოითხოვდა NATO-ს წვრთნებზე უარის თქმას, მაშინ ერთი თვის წინ, რაში სჭირდებოდა სომხეთს საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ წვრთნებში მონაწილეობა? და რატომ თქვა უარი ამჟამინდელ წვრთნებზე, სულ ბოლო მომენტში? ეს ნიშნავს, რომ არა თუ არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური, სახელმწიფო მექანიზმი, არამედ ეს გადაწყვეტილებები, სომხეთს გარეთ – რუსეთში მიიღება“.
მრავალეროვნულ სწავლება „მებრძოლი სული 2017“-ზე ყველაზე მეტი – 800 ჯარისკაცით მასპინძელი საქართველოა წარმოდგენილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალციხეში საზღვაო ქვეითების კორპუსის 520 მებრძოლი გადმოისროლა, უკრაინამ 36-ე ცალკეული ბრიგადის 77 საზღვაო ქვეითი, 64 ჯარისკაცი ჰყავს სწავლებაზე ბულგარეთს და 45 – რუმინეთს. საშტაბო სწავლებაში ლატვიის 5 და აზერბაიჯანის 3 ოფიცერი მონაწილეობს.
„მებრძოლი სული 2017“-ის სცენარის მიხედვით, მრავალერონული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები, სიმულირებული საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით, რეგიონში განხორციელებულ აგრესიას პასუხობენ. ამ მიზნით, NATO-მ ბულგარეთიდან ახალციხემდე, გემებით და რკინიგზით, ამერიკული M1 Abrams ტიპის ტანკები, მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორები LAV-ები (LAV-25 — Light Armored Vehicle) და სხვა საბრძოლო ტექნიკა გადმოისროლა.
2017 წლის სწავლების ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი ამბობს: „თითოეული ასეთი სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს წვრთნები ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლი მზადყოფნის დონის ამაღლებას და NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან დაახლოებას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებას და რეგიონში ნდობის ამაღლებას ემსახურება“.“
რუსეთის ზეწოლით სომხეთმა საქართველოს ტერიტორიაზე, NATO-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი 2009 წელსაც განაცხადა. მაშინ ერევანმა Cooperative Lancer-2009-ში აღარ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისს-ივნისში გაიმართა. სომხეთთან ერთად, აგვისტოს ომის შემდეგ, Cooperative Lancer-ზე უარი ასევე სერბეთთმა და ყაზახეთმა განაცხადეს. სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების“ (CSTO) ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც პრორუსულ სამხედრო ბლოკში ყოფნის მიუხედავად, NATO-თან კონტაქტების შენარჩუნებას ცდილობს. ერევანს ბრიუსელთან 2005 წლიდან აქვს „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ (IPAP) და NATO სომხეთთან ორმხრივ კავშირებს შავი ზღვის აუზის უსაფრთოების ახალი არქიტექტურის კონტექსტში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ერევანში მიმდინარე ფორუმზე „მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკური ტაქტიკა და ჩვენი მოქმედებები“ სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არტაკ ზაქარიანმა 4 სექტემბერს აღნიშნა, რომ სომხეთის უარში ჯარისკაცების საქართველოში გაგზავნაზე „არაფერი გასაკვირი არ არის“, რადგან, მისივე თქმით, „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” ამჟამინდელი გენერალური მდივანი, 65 წლის გენერალ-პოლოვნიკი იური ხაჩატუროვი საქართველოში, თეთრი წყაროშია დაბადებული. ყარაბაღის ომის გმირმა, რომელსაც რვა წლის მანძილზე ეკავა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა და ახლა სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, სამხედრო საქმე თბილისის საარტილერიო სასწავლებელში შეისწავლა.
«Lragir» (სომხეთი), 04 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57864
სერჟ სარგსიანმა აშშ-ის ელჩი ფაქტის წინაშე დააყენა:
რატომ თქვა უარი სომხეთმა საქართველოში დაგეგმილ ნატოს წრთვნებში მონაწილეობაზე?
აკოფ ბადალიანი
სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ არტაგ ზაქარიანმა, კომენტარი გაუკეთა რა საქართველოში დაწყებულ ნატოს სამხედრო წრთვნებში სომხეთის მონაწილეობის უარს, განაცხადა, რომ ერევანს საბოლოო თანხმობა მიცემული არ ჰქონდა და ამიტომ ჩვენს მიერ გაცხადებულ უარში უცნაური არაფერი არ არისო. მინისტრის მოადგილემ უარყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, თითქოსდა სომხეთის უარი წრთვნებში აზერბაიჯანის მონაწილეობამ განაპირობა. არტაგ ზაქარიანმა ისიც აღნიშნა, რომ სომხეთი გააგრძელებს «ОДКБ»-ის („კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ რუსული აბრევიატურა) წევრობას.
მინისტრის მოადგილე მართალს ამბობს – 3-10 სექტემბერს დაგეგმილ ნატოს წრთვნებში მონაწილეობა სომხეთს ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ ასევე არ უარყვია საქართველოს ტავდაცვის სამინისტროს ამასწინანდელი განცხადება, რომ წრთვნებში სომხეთიც მონაწილეობსო, მით უმეტეს, რომ ამ განცხადებას სომხურ პრესაში საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია მოჰყვა.
შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ ის, რომ სომხეთი მართლაც გეგმავდა წრთვნებში ჩაბმას, მაგრამ ყველაფერი უეცრად შეიცვალა ბოლო მომენტში? სხვათა შორის, ჩვენ ასე გავაკეთეთ 2009 წელსაც, როცა ბოლო მომენტში უარი ვთქვით ნატოს მაშინდელ წრთვნებზე. მაგრამ იმ დროს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და უარის მიზეზად „შექმნილი გარემოებები“ დაასახელა. სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, იმ დროს მიზეზი ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავების ესკალაცია იყო, ხუთდღიანი ომიდან 9 თვის შემდეგ. ნატოს წრთვნების დაწყებამდე ორი დღით ადრე საქართველოს არმიის ერთ-ერთ სატანკო ბრიგადაში ამბოხება მოხდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამბოხი ჩააქრო და განაცხადა, ყველაფერი რუსეთის ბრალიაო. შესაბამისად, თბილის-მოსკოვის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. სწორედ ამიტომ თქვა უარი მაშინ სომხეთმა წრთვნებში მონაწილეობაზე: ერევანს ან თვითონ არ სურდა კრემლის განაწყენება, ან კრემლმა ურჩია, მოეშვი მაგ წრთვნებსაო.
მაშინ ასე მოხდა, მაგრამ ახლა რა გარემოებებმა აიძულა სომხეთი უარის თქმაზე?
ზოგს მიაჩნია, რომ რუსეთ-აშშ-ის შორის ესკალაციის ახალი რაუნდი მწიფდება და სომხეთმა ამიტომ შეიკავა თავიო, მაგრამ განა ესკალაცია ერთი თვის წინ არ იყო, როცა სომხეთი თბილისთან ახლოს გამართულ წრთვნებში Noble Partners-ში მონაწილეობდა?
ან შესაძლოა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა იფიქრა, რომ საქართველოში გამართულ ორ წრთვნებში მონაწილეობა უკვე გადაჭარბებული იქნებაო? საინტერესოა, რა როლი შეასრულა ამ გადაწყვეტილებაში სოჭში გამართულმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ? გავიხსენოთ, რომ ერთი თვის წინათ, Noble Partners-ის დასრულების შემდეგ რუსულ პრესაში სომხეთის მოქმედების დამგმობი სტატიები გამოქვეყნდა, რომლებშიც ავტორები ამტკიცებდნენ – „არიქა, სომხეთი ხელიდან გვისხლტება, ნატოსაკენ იყურებაო“. რატომ შეშფოთდნენ მოსკოვში?
ნიშანდობლივია ისიც, რომ რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა სომხეთში რიჩარდ მაილსმა განაცხადა – ამერიკას სურს დარწმუნდეს, რომ ერევანი გადაწყვეტილებებს სუვერენულ რეჟიმში იღებს და ამისათვის ვაშინგტონი მზადაა დამატებითი ინსტრუმენტები მისცეს სომხეთსო. ამ „ინსტრუმენტებში“ აშშ-ის ელჩი, ალბათ, წრთვნებში მონაწილეობას გულისხმობდა. მაგრამ ახლა სომხეთმა „ინსტრუმენტებზე“ უარის თქმით ამერიკის ელჩი ფაქტის წინაშე დააყენა.
თუმცა სიტუაცია შეიძლება ასეც წარმოვიდგინოთ: პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მართლაც სუვერებული გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის გარეშე, მაგრამ ამით „რუსეთის ჩარევის“ ილუზია შექმნა (ხომ ყველა ფიქრობს – აბა, თვითონ ამ ნაბიჯს როგორ გადადგამდაო!). შეიძლება ითქვას, პრეზიდენტი „რუსულ კვალს“ კოზირად იყენებს პოლიტიკურ თამაშებში.
«Hürriyet Daily News» (თურქეთი), 05 სექტემბერი, 2017 წელი
თურქეთი მდინარე ჭოროხზე, იუსუფელთან, ახალ ჰესს აშენებს, რომლის კაშხალი სიმაღლით მსოფლიოში მესამე იქნება, ჰიუვანისა და ენგურის შემდეგ
მელთემ უზგენჩი, ანკარა
დაახლოებით ოთხი მილიონი ტონა ბეტონი ჩაისხმება იუსუფელთან ახლოს მდებარე კაშხალში (დამბაში), რომელიც თურქეთის შავიზღვისპირა ართვინის პროვინციაში შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს კაშხალი ყველაზე მაღალი იქნება თურქეთში არსებულ მსგავს ნაგებობებს შორის. „ბეტონის მოცულობა, რომელიც კაშხლის კონსტრუქციაში ჩაისხმება, იმდენია, რაც 50 ათასი შენობის აგებას ჭირდება“, – განაცხადა თურქეთის სატყეო მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრმა ვეისელ ეროღლუმ მდ.ჭოროხზე მიმდინარე მშენებლობის კომენტირებისას.
„როგორც კი მშენებლობა დასრულდება, იუსუფელის დამბა თურქეთში ყველაზე მაღალი იქნება – 270 მეტრი, ანუ მსოფლიოში მესამე. პირველი ჩინეთშია [ჰიუვანის 292 მეტრიანი კაშხალი], მეორე კი საქართველოში [ენგურზე, 272 მეტრიანი], – დასძინა მინისტრმა. მისივე თქმით, 4 მლნ. კუბური მეტრის მოცულობის ბეტონით ხუთსართულიანი 2500 საცხოვრებელი კორპუსის აშენება შეიძლება, ყოველ სართულზე 150 კვადრატული მეტრი ბინის ფართობით.
„ჩვენ კაშხლები ავაშენეთ მურატლში, ბორჩხაში… ისინი, ჭოროხზე აგებული დერინერის ჰიდროელექტროსდგურთან ერთად, ჩვენი ხალხის სამსახურში ჩადგნენ. დღეს კი თურქეთის ყველაზე დაუმორჩილებელ მდინარეს ახალ არტახებში ვკრავთ“, – განაცხადა ვეისელ ეროღლუმ.
მინისტრის თქმით, როგორც კი იუსუფელის ჰესი ექსპლოატაციაში შევა, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით 650 ათასამდე ადამიანი იქნება უზრუნველყოფილი. ჰესის საპროექტო სიმძლავრე 540 მეგავატს შეადგენს, წელიწადში 1 827 000 000 კილოვატ/საათის გამომუშავებით. იუსუფელის ჰესი მასზე დახარჯულ თანხას შვიდ წელიწადში გამოისყიდის და ქვეყნის ეკონომიკას 450 მილიონი თურქული ლირის მოგებას მოუტანს.