globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 5th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი): სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა: უფრო სერიოზულობა გვმართებს, დრო შეიცვალა! (ავტორი – რუბენ მეღრაბიანი)

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ანტაგონიზმი ყველაფრის მიმართ: რუბენ მეღრაბიანი ჯავახეთის სომხებს სტრასბურგის სასამართლოში ჩივილისათვის აქეზებს (ავტორი – თამილა ნურიევა)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სოხუმი-ბანია ლუკა: მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი…

——————–

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი), 03 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.aravot-ru.am/2017/10/03/252717/

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა: უფრო სერიოზულობა გვმართებს, დრო შეიცვალა!

სტატია ეხება საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში (ანუ როგორც მას სომხები უწოდებენ – გუმბურდოში) მომხდარ ინციდენტს (ადგილობრივ სომხურ მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებას). მასალაში განხილულია აგრეთვე სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის პრობლემებიც (ავტორი – რუბენ მეღრაბიანი).

„გუმბურდოში მომხდარმა ამბებმა ცხადყო, რომ პრობლემაზე ღიად უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ემოციებისა და დიპლომატიური პირობითობების გარეშე. მასზე უნდა ვისაუბროთ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე – ისე, როგორც 21-ე საუკუნის სეკულარულ სახელმწიფოებს შეჰფერით.

აშკარაა, რომ ჩვენი ურთიერთობების „ისტორიზაცია“, მით უფრო „კლერიკალიზაცია“ – ესაა გზა არსაით. თუ ამ გზით წავალთ, ყველასათვის ცნობილი გარეშე ძალები თავიანთ ჭუჭყიან ხელებს ქართველებსა და სომხებს შორის დანთებულ ცეცხლზე გაითბობენ. უბრალოდ, შეხედეთ რუსულ, თურქულ და აზერბაიჯანულ მასმედიას, როგორ ახდენენ  ქართული სახელმწიფოებრიობის დისკრედიტირებას, ჯავახკელ სომხებს კი „სეპარატისტებს“ უწოდებენ… და ეს ხდება მაშინ, როცა ორი სახელმწიფო, რომლებიც მეზობლებია არიან ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, რომელთა შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოს პირველსავე გვერდზე წერია… საქართველო და სომხეთი ხომ ერთადერთი მეზობლები არიან რეგიონში, რომლებთაც საერთო ფასეულობები აქვთ. ამის გაცნობიერება ჩვენთვის უფრო საჭიროა ახლა, ამ დროს, როცა თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიმდინარე შიდა მუტაციების ფონზე საქართველო ევროპული სახელმწიფოს აშენებს, სომხეთი კი ეგრეთ წოდებული „ევრაზიული კავშირის“ მსხვერპლი შეიქმნა.

საქართველომ ხელი მოაწერა ყველანაირ ევროპულ ქარტიას, ვენეციის კომისიამ ქართული კანონმდებლობა დემოკრატიულად აღიარა. ესე იგი, ჯავახკელ სომხებს მეტი ტავისუფლება აქვთ თავიანთი უფლებების განხორციელებაში და თუ მათ რაიმე არ აკმაყოფილებთ, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობაც აქვთ. რაც შეეხება პრობლემის ისეთი მოქმედებით მოგვარებას, როგორც ეს გუმბურდოში მოხდა, როგორც ეს სომხებმა გააკეთეს, აბსოლუტურად მიუღებელია: ყოველი საკუთარი თავისადმი მეტ-ნაკლებად პატივმცემელი სახელმწიფო მსგავს მოვლენას არ დაუშვებს, გინდაც ის სომხეთი ან საქართველო იყოს. განურჩევლად იმისა, თუ რას ეხება საკითხი – ეკლესიას, ისტორიასმ კულტურას თუ განათლებას, ყველაფერი კანონის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს არის ჩვენი მეზობლის – საქართველოს რესპუბლიკის პრეროგატივა, მხოლოდ მისი.

რასაკვირველია, თავის მხრივ სომხეთიც უნდა გამოფხიზლდეს „ლეთარგიული ძილიდან“ და საქართველოსთან სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ურთიერთობა თვითდინებაზე არ უნდა მიუშვას.

როგორც ჩანს, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება ვერადავერ გამოვიდა „მიმინოს“ ფორმატიდან. დღეს სხვა სიტუაციაა და საქართველო-სომხეთის წინაშე მდგარი პრობლემები, გამოწვევები, სასიცოცხლო ინტერესები სხვაგვარი დონის ურთიერთობას და მიდგომებს საჭიროებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ჩიხში აღმოჩნდა სომხეთი არა იმდენად აზერბაიჯანისა და თურქეთის მტრული პოზიციის გამო, რამდენადაც რუსეთთან ჩვენი „საუკუნეობრივი მეგობრობის“ წყალობით, რომელიც იმპერიულმა მოსკოვმა ერევნის წინააღმდეგ მიმართული შანტაჟის ინსტრუმენტად გადააქცია. ამის საპასუხოდ სომხეთმა მეტი რეგიონული ინიციატივა უნდა გამოიჩინოს.

ნატოს და დასავლეთს კავკასიის სტრატეგია არ აქვთ, სამაგიეროდ, საქართველომ მოახერხა და თურქეთ-აზერბაიჯანთან ურთიერთობები დაალაგა, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. მაშ რატომ ვერ შეძლო სომხეთმა იგივე გაეკეთებინა ირანთან? ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენს შორის „ჩაწოლილები“ არიან „გაზპრომი“, „როსნეფტი“, „რუსეთის რკინიგზა“ და რუსი მესაზღვრეები, რომლებიც გაუგებარია, ვისგან ან რისგან გვიცავენ, მაგრამ ჩვენს ხარჯზე არიან. ამის სანაცვლოდ, საქართველოს საზღვარზე ახალ ტარიფებსა და ბაჟებს ვაწესებთ, ერთი საზამთროსათვის ჩვენი მებაჟე ქართველებს ოთუზბირს ახდევინებს, რათა „ევრაზიული კავშირის“ წინაშე აღებული ვალდებულება შევასრულოთ. მერე გვიკვირს, რატომ უჩნდებათ ეჭვი ქართველებს სომხეთის მიმართ, სომხური პოლიტიკის მიმართ. ხომ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ამგვარი პოლიტიკა ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს და უარყოფითად აისახება ჩვენივე თანამემამულეებისადმი თბილისის დამოკიდებულებაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა უარი ვთქვით ნატოს წრთვნებში მონაწილეობაზე (სამცხე-ჯავახეთში) და ჩვენი ნაბიჯი საქართველოს დავაბრალეთ. არადა, სანდო წყაროებიდან ვიცით, რომ ადგილობრივ სომხებს ძალიან გაეხარდათ, როცა გაიგეს  – სომხეთიც მონაწილეობსო წრთვნებში და გეგმავდნენ საზეიმოდ შეხვედრას სომეხ ჯარისკაცებთან

მოკლედ, გვეყოფა, რა, ასეთი უყურადღებობა და მიშვებული პოლიტიკა სომხურ -ქართულ ურთიერთობებში, სიტუაცია უკვე აუტანელი ხდება. მაშინ როცა უკვე თვით ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილიაო, სომხეთი ევროპული ფასეულობების ერთგულიაო, რა გვინდა ამ „საუკუნო მეგობართან“? ჩვენს მიერ მოწონებულ ევროპულ ფასეულობებს „საუკუნოდ მეგობარი“ ქვეყნის კულტურის მინისტრი „ნატოს პროპაგანდას“ უწოდებს, იქაური რელიგიური ლიდერი კი „სატანისტურს“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გზა, რომელიც ევროპულ ცივილიზაციასთან გვაკავშირებს, სწორედ საქართველოზე გადის და არა ზოგიერთებისათვის ძალიან „საყვარელ“ ლარსზე, რომელიც ემიგრაციის, ქვეყნის დასუსტებისა და ეროვნული დამცირების სიმბოლოა.

სამწუხარო ფაქტია, რომ სომხეთი და საქართველო, რომლებიც ერთმანეთთან  უძველესი პერიოდიდან ცხოვრობენ, ერთმანეთს მაინც ცუდად იცნობენ, ანუ საქართელოში – სომხებს, სომხეთში კი – ქართველებს. ეს კარგ ნიადაგს ქმნის პროვოკაციებისთვის. კარგია, რომ დღემდე ორივე მხარემ შეძლო თავიდან აეცილებინა რაიმე მნიშვნელოვანი კრიზისი. კარგია, რომ ორივე მხარე ცდილობს ლოკალურ ინციდენტები მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მაგრამ ეს უკვე საკმარისი აღარ არის. ჩვენი ვალია მომავალ თაობას ღირსეული პოლიტიკურ-დიპლომატიური ბაზა შევუქმნათ, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც სომხეთისათვის, ასევე საქართველოსათვის. არ არსებობს „სომხურ-ქართული პრობლემები“, არსებობს მხოლოდ ყამირი საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში, არის ჯავახკის სომხების ინტეგრაციის საკითხი ქართულ საზოგადოებაში ევროფასეულობების საფუძველზე. უბრალოდ, დროა მეტი სერიოზულობა გამოვიჩინოთ, უკვე ახალი საუკუნეა.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 05 ოქტომბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/swf.php

ანტაგონიზმი ყველაფრის მიმართ

რუბენ მეღრაბიანი ჯავახეთის სომხებს სტრასბურგის სასამართლოში ჩივილისათვის აქეზებს

„ცნობილმა სომეხმა პოლიტოლოგმა რუბენ მეღრაბიანმა, რომელიც ყოველივე თურქულის მიმართ თავისი განსაკუთრებული „სიყვარულით“ გამოირჩევა, სამ ოქტომბერს გაზეთ „არავოტში“ დაიქუხა: გამოქვეყნა სტატია დამაინტრიგებელი სათაურით „სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა: უფრო სერიოზულობა გვმართებს, დრო შეიცვალა!“, – წერს აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთ „კასპიის“ ჟურნალისტი თამილა ნურიევა, რომელიც სომეხ პოლიტოლოგის პოზიციას ნეგატიურად აფასებს.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

„ქართულ-სომხური ურთიერთობების ანალიზის ფონზე სომეხი პოლიტოლოგი მთელ თავის მრისხანებას რუსეთისაკენ მიმართავს, რომლის პოლიტიკამ უბედური სომხეთი მსხვერპლად შეიწირა და ეგრეთ წოდებულ „ევრაზიულ კავშირში“ შეითრია. რუბენ მეღრაბიანი ვეღარ ითმენს რუსული ჩაგვრის გაგრძელებას, თავის მზერას საქართველოსაკენ მიმართავს, რომელიც სომხეთის უძველესი მეზობელია და რაც „ისტორიის სახელმძღვანელოს პირველივე გვერდზე დასტურდება“. როგორც ჩანს, რუბენ მეღრაბიან ის სახელმძღვანელო აქვს მხედველობაში, რომელიც სომხეთშია შეთითხნილი. ისტორიას ხომ არ ახსოვს 1921 წლამდე სამხრეთ კავკასიაში სომხური სახელმწიფოს არსებობა.

[ჩვენს რეგიონში] მოსულ ეთნოსს არა და არ სურს საკუთარი მიუსაფრობის აღიარება და ცდილობს სომეხი ხალხის გენეტიკურ მახსოვრობაში არარსებული ავტოხთონობა დააფიქსიროს, თანაც აზერბაიჯანის ისტორიულ მიწა-წყალზე.

რუბენ მეღრაბიანის მტკიცებით, საქართველო და სომხეთი ერთმანეთის ერთადერთი მეზობლები არიან, რომლებსაც საერთო ფასეულობები აქვთო. ამ შემთხვევაშიც ძალიან ცდება სომეხი პოლიტოლოგი, როცა ამაყ ქართველებს მატყუარა და ფლიდ სომხებთან აიგივებს. ქართველებს და სომხებს სარწმუნეობაც სხვადასხვა აქვთ და მისწრაფებებიც: საქართველო უკვე ევროპაშია, სომხეთი კი, როგორც არ უნდა სურდეს დასავლეთი, მაინც აღმოსავლურია. საინტერესო ფაქტია: თუი ადრე სომხეთის მთავარი მტრები თურქეთი და აზერბაიჯანი იყო, ახლა თავისი ქვეყნის მთავარ მტრად რუბენ მეღრაბიანს რუსეთის მიაჩნია.

კუმურდოში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ კარგად გამოამჟღავნა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების ჭეშმარიტი სახე. მართალია, სომხურმა მასმედიამ, ადრინდელისაგან განსხვავებით ამ ფაქტს რატომღაც გარკვეული თავშეკავებით მიუდგა, მაგრამ რაც დაიწერა-გამოქვეყნდა, ყველგან ერთიდაიგივე პოზიციაა – კუმურდოს ტაძარი სომხურია, საქართველოს ხელისუფლება კი სომხებს ხაჩკრის დადგმის ნებას არ აძლევს.

აზერბაიჯანის მაგალითზე ყველასათვის ცნობილია, თუ რა მზაკვრულ პოლიტიკას ატარებს სომხეთი რეგიონში, როგორი ჭუჭყიანი ხრიკებით ცდილობს ერევანი მიზნების განხორციელებას, როგორ დაადგა თვალი სომხეთმა საქართველოს ტერიტორიას – ჯავახეთს, რომელსაც სომხები თავიანთებურად „ჯავახკს“ უწოდებენ. სომხებს ყველაფრის მითვისება უნდათ, მათ შორის ჯავახეთისაც.

ცხადია, რუბენ მეღრაბიანს ესმის, რომ „ისტორიზაციის“ თუ „კლერიკალიზაციის“ გზა საბოლოოდ ჩიხში შემყვანია. მაგრამ რატომ წერს იგი „ისტორიზაციაზე’? იმიტომ, რომ სომხეთი დიდი ხანია აცხადებს ჯავახეთის კუთვნილებაზე, რომელიც სომხებით არის დასახლებული. იყო ამ რეგიონის მიერთება-მითვისების მცდელობებიც. რით განსხვავდება ეს სომხური „მიაცუმის“ პოლიტიკისგან? ჰმ, „კლერიკალიზაცია“! ეს ხომ სომხური ეკლესიის მიერ ქართული ტაძრების მითვისებაა. კარგი ტანდემია, ვერაფერს იტყვი.

ტყუილადაა ნაწყენი რუბენ მეღრაბიანი, რატომ უწოდებს რუსული, თურქული და აზერბაიჯანული მასმედია ჯავახკელ სომხებს სეპარატისტებსო. დიახ, სეპარატისტები არიან და იმიტომ. არის ტენდენცია იმისა, რომ ისინი უეცრად ტერორისტებადაც გადაიქცევიან. რუბენ მეღრაბიანი ჯავახკელ თანამემაულეებს საქართველოს წინააღმდეგ აქეზებს, როცა წერს – „რადგან თბილისმა ხელი მოაწერა ყველა ევროპულ შეთანხმებას, ახლა თავისუფლები ხართ, დაიცავით თქვენი უფლებები, სტრასბურგის სასამართლოსაც შეგიძლიათ მიმართოთო“. მაგარია, ხომ?

რუბენ მეღრაბიანის სტატიის კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი  თითქოსდა მთვარიდან ჩამოვარდა ან სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, თუ ის მართლაც პოლიტოლოგია, იგი უნდა მიხვდეს: ის გზა, როგორიც სომხეთმა აირჩია, მას ევროპულ ფასეულობებამდე არ მიიყვანს. უმჯობესია მან საკუთარ პარლამენტს მიხედოს, რომელმაც ხმების უმრავლესობით ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება დაამტკიცა.

და საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ „უძველესი დროიდან ერთმანეთის გვერდით მცხოვრები ქართველები და სომხები ჯერ კიდევ ერთმანეთს კარგად არ იცნობენ“. ინტრიგებისა და პროვოკაციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს თვითონ სომხები ქმნიან, სწორედ მათ აქვთ პრეტენზია იმაზე, რაც არ ეკუთვნით. დროა, სერიოზულები გახდეთ, ბატონო მეღრაბიან, საუკუნე ხომ მართლაც შეიცვალა“, – წერს თამილა ნურიევა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-occupied-abkhazia-and-republika-srpska/4056602.html

სოხუმი-ბანია ლუკა: მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი

ზაზა წულაძე

საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე „თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავს“ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებას, ამჯერად ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალმა სერბთა რესპუბლიკის (Republika Srpska) ოფიციალურმა დელეგაციამ დაარღვია.

ოკუპირებულ სოხუმში სერბთა რესპუბლიკის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე დუშანკა ტეგელტიას მეთაურობით, ქალაქების ბიელინასა და ზვორნიკის მერები, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები და ბიზნესმენები სამ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ბოსნიელ სერბთა დელეგაცია სამ ოქტომბერს აფხაზთა ლიდერმა რაულ ჰაჯიმბამ მიიღო და სოხუმსა და ბანია ლუკას შორის „პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების“ სურვილი გამოთქვა. რაულ ჰაჯიმბამ კერძოდ თქვა: „იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი მალე უფრო განვითარდება, ვიპოვით საერთო ენას და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისთვის ბევრი მიმართულებით ვითანამშრომლებთ. როცა დიდი სახელმწიფოები ამა თუ იმ მიზეზით იშლებოდა, იქმნებოდა ახალი სახელმწიფოები. თქვენი და ჩვენი ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ კარგი მომავალი გვაქვს“.

სერბთა რესპუბლიკა იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის დაშლისა (1991) და ბოსნიის სისხლისმღვრელი ომის შედეგად (1992-1995) წარმოიშვა. 1995 წლის 14 დეკემბერს მიღებული დეიტონის ცნობილი ხელშეკრულებით, ეს თვითგამოცხადებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ბოსნია-ჰერცოგოვინას ფედერაციის ნაწილია.

სერბთა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი (1992-1996) ბოსნიის ომში ჩადენილი გენოციდისა და სამხედრო დანაშაულის გამო, 2016 წლიდან 40-წლიან სასჯელს იხდის. ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალის განაჩენს ამ დრომდე ელოდება სერბთა რესპუბლიკის არმიის გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი რატკო მლადიჩი. რადოვან კარაჯიჩის მსგავსად, რატკო მლადიჩსაც გენოციდსა და სრებრენიცის ჟლეტაში ადანაშაულებენ, სადაც 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა 8000-ზე მეტი მუსლიმი ბოსნიელი მოკლეს.

სერბთა რესპუბლიკას 2010 წლიდან ნაციონალისტი, რუსოფილი და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აქტიური მოკავშირე მიროსლავ დოდიკი მართავს. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბოსნია-ჰერცოგოვინას NATO-ში ინტეგრაციას, არ სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს და სერბთა რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ბაზის გახსნა სურს. 2015 წლის ბოლოს, მან ბანია ლუკაში აფხაზ სეპარატისტთა მაშინდელი „საგარეო მინისტრი“ ვიაჩესლავ ჩირიკბა მიიღო.

პრეზიდენტი მიროსლავ დოდიკი „სერბული მიწების“ ანუ სერბთა რესპუბლიკის სერბეთთან გაერთიანების იდეით გამოდის. ბოსნია-ჰერცოგოვინას ფედერაციიდან სერბთა რესპუბლიკის გასვლის თაობაზე რეფერენდუმის გამართვას დოდიკი 2018 წელს გეგმავდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, „შიდა სერბული კონსენსუსის“ არარსებობის გამო რეფერენდუმი მომავლისთვის გადადო.

მიროსლავ დოდიკი ბოსნიელ სერბთა პოლიტიკური პარტიის „დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების კავშირის“ (SNSD) ლიდერია, ამ პარტიას სერბთა რესპუბლიკის სკუპშჩინაში (პარლამენტში) წამყვანი პოზიციები უკავია. SNSD-ის ერთ-ერთი გავლენიან ფიგურას სერბთა რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ზორან ტეგელტი წარმოადგენს. სწორედ მისი მეუღლეა დუშანკა ტეგელტი, რომელმაც გუშინ ოკუპირებულ სოხუმში ყოფნისას სეპარატისტების ლიდერი სერბთა რესპუბლიკაში მიიპატიჟა: „აფხაზეთში ძალიან კარგად მიგვიღეს, მინდა ძალიან თბილი სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც მალე იგრძნობთ ჩვენს სტუმართმოყვარეობას და სერბთა რესპუბლიკაში გეპატიჟებით“.

საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1995 წელს დამყარდა, თუმცა საელჩოები თბილისსა და ბელგრადში ამ დრომდე არ გახსნილა და არც უმაღლესი დონის შეხვედრები გამართულა. (ერთადერთი გამონაკლისი 2017 წლის ივნისში სერბეთის ახალი პრეზიდენტის ალექსანდრე ვუჩიჩის ინაუგურაციაზე საგარეო მინისტრ მიხეილ ჯანელიძის დასწრება იყო – ზ.წ) სააგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე პირდაპირ წერია, რომ „სერბეთთან ორმხრივი ურთიერთობები ნაკლებ აქტიურია“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ოფიციალური ბელგრადი როგორც გაეროში, ისე ევროსტრუქტურებში ცალსახად ანტიქართულ პოზიციას იკავებს. სერბეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგია.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, ხორვატიიდან გამოძევებულმა, თვითგამოცხადებული „სერბთა რესპუბლიკა კრაინას“ დევნილმა მთავრობამ (რომელიც 1995 წლიდან, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშია განთავსებული) ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობაც“ სცნო. ამჯერად, ამ მიმართულებით ბოსნია ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკა აქტიურობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხ ოქტომბერს დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში სერბთა რესპუბლიკის, სირიის, ე.წ „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „დნესტრისპირეთის“ დელეგაციების უკანონო ვიზიტები და ამ ნაბიჯებს, რუსეთის მხრიდან, „სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციისა და ქართველთა ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის დაკანონების“ მორიგი მცდელობა უწოდა.

Comments are closed