«The Wall Street Journal» (აშშ): საქართველოდასავლეთიდან სიგნალს ელოდება // ქვეყანა მზად არის ნატოში მისაღებად, მან უნდა იცოდეს, რომ იქ მიესალმებიან
«Le Monde» (საფრანგეთი): საქართველოს ხელისუფლების ახალი შეტევა ოპოზიციის წინააღმდეგ
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): ილჰამ ალიევი საქართველოში მიდის… და „გაზის თამაშებს“ წერტილს დაუსვამს!
«Politico» (აშშ): უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი თავის მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს; მიხეილ სააკაშვილის პასუხი არსენ იაცენიუკს
———————-
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 5 ნოემბერი, 2015 წელი
ილჰამ ალიევი საქართველოში მიდის… და „გაზის თამაშებს“ წერტილს დაუსვამს!
პოლიტიკის განყოფილება
დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი იწყება. აქედანვე ვიტყვით, რომ ამ ვიზიტისადმი ბევრი პოლიტიკოსისა და ეკონომისტის მზერაა მიპყრობილი არა მხოლოდ ჩვენ რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც. ეს სრულიად გასაგებია, რადგან უკვე ძალიან ბევრი განცხადება და კომენტარი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული „გაზის თამაშების“ შესახებ… დადგა დრო, რომ ამ საკითხს საბოლოო წერტილი დაესვას. და ამ წერტილს, როგორც ჩანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი დასვამს.
ჩვენი გამოცემა ამ საკითხთან მიმართებით საკმაოდ ბევრს წერდა – გვინდოდა იმის დამტკიცება, რომ საქართველო, როგორც არ უნდა ეცადოს, აზერბაიჯანულ გაზზე იაფად „ცისფერ საწვავს“ ვერსად ვერ იყიდის. ეს ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი ოთხი. ამის მიუხედავად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული მხარე ამ მიმართულებით ძალიან ბეჯითობს, განსაკუთრებით კი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც თავისი მოქმედებით ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობებში უკმაყოფილებას აღვივებს და უსიამოვნო ასოციაცებს აღძრავს…
რა თქმა უნდა, ნამდვილად შესაშურია თბილისის სურვილი ქართულ ბაზარზე დამატებით ირანული და რუსული გაზი შეიტანოს. გაზით უზრუნველყოფის დივერსი-ფიცირება! – მართლაც ძალიან თანამედროვედ ჟღერს და სინამდვილესაც ჰგავს…. მაგრამ აქ ისევ მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიხსენოთ: რამდენიც არ უნდა ეცადონ ქართველები, ისინი აზერბაიჯანულ გაზზე იაფად ვერსად ვერაფერს მიიღებენ. ეს აიხსნება როგორც ორი ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვით, ისე აზერბაიჯანული მხარის ტექნიკური შესაძლებლობებით.
აბა, მაშ რატომ „ძვრება ტყავიდან“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი?
ჩვენი აზრით, ამ აქტიურობის საფუძველი მხოლოდ ორი მიზეზი შეიძლება იყოს: პირველი – პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც რუსეთს უკავშირდება, მოსკოვის სურვილს – ხელში ჩაიგდოს სამხრეთკავკასიური ენერგოდერეფანი და შემდეგ რეგიონში გეოპოლიტიკური ძალების ახალი კონფიგურაცია ჩამოაყალიბოს. თუ რამდენად სახიფათოა ეს რეგიონის სახელმწიფოებისათვის და საერთოდ, მსოფლიოსათვის, ამის ახსნა ზედმეტად მიგვაჩნია – აქ იმდენადაა გადახლართული მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების ინტერესები, რომ სტატუს-ქვოს მცირეოდენი შეცვლაც კი გაუთვალისწინებელ და მოულოდნელ შედეგებამდე მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, ეს ფაქტორი ნაკლებად რეალურად გვეჩვენება.
მაგრამ არის მეორე ფაქტორი, რომელზეც რატომღაც არავინ არ ლაპარაკობს: თბილისს სურს ბაქოსაგან უფრო მეტი დამატებითი დივიდენდები მიიღოს. გავიხსენოთ, რომ თავის დროზე მსგავსი სურვილის გამო საქართველომ ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებლობის დაწყება ერთი წლით დააგვიანა, ხოლო როცა ედუარდ შევარდნაძემ კვლავ ჯიუტობა დაიწყო, მაშინ აზერბაიჯანის ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა გადამწყვეტი ნაბიჯი გაადგა: მოძმე საქართველოს ნავობის ტრანზიტის მთელი შემოსავალი დაუთმო, აზერბაიჯანული მონაკვეთის ჩათვლით. ქართველებისათვის ეს დიდი ფული იყო, აზერბაიჯანმა კი დანაკარგები ნავთობის ექსპორტის გაზრდით შეივსო.
რაღაც მსგავსი პოლიტიკა აქვს ჩაფიქრებული საბერძნეთსაც, რომელიც ევროპაში ნავთობის საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზებას აჭიანურებს. ანუ იმის თქმა გვინდა, რომ დამატებითი ფულის მიღების მიზნით ასეთი მოქმედება უკვე კანონზომიერებაში გადადის. და დღეს, როცა სიტუაციას აწონ-დაწონი, სულ უფრო მეტად იხრები იმისკენ, რომ ქართულ ოფიციოზს მცირედ მიაჩნია ის შეღავათები და ფული, რომელსაც მას ნავთობკომპანია „სოკარი“ აძლევს და უხდის. გასაგებია, რომ თვით „სოკარი“ ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ის უფლებამოსილი არაა და ეს ყველაფერი აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მოაგვაროს. თუ გავითვალისწინებთ ბოლო ხანებში საქართველოს ოფიციალური პირების ბაქოურ ვიზიტებს და მოლაპარაკების ტონს, მაშინ შეიძლება უკვე ჩავთვალოთ, რომ მხარეები რაღაც შეთანხმებამდე მივიდნენ. ჰოდა, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტიც, უეჭველია, ამ საკითხს წერტილს დაუსვამს. ეს ერთმნიშვნელოვანია, აქ ორი აზრი არ არსებობს. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ილჰამ ალიევი საქართველოში არ გაემგზავრებოდა.
«The Wall Street Journal» (აშშ), 4 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.wsj.com/articles/georgia-is-waiting-for-a-signal-from-the-west-1446583256
საქართველოდასავლეთიდან სიგნალს ელოდება
ქვეყანა მზად არის ნატო-ში მისაღებად, მან უნდა იცოდეს, რომ იქ მიესალმებიან
თინა ხიდაშელი
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანად უთმობს უდიდეს ყურადღებას სირიის კონფლიქტს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ არ დაივიწყოს თავის საზღვრებთან ახლოს უსაფრთხოების საკითხები. რუსეთმა ჯერ კიდევ არ შეასრულა უკრაინასთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმების პირობები, რომელსაც ხელი მოაწერა თებერვალში, და დღესაც მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე. რუსეთის უკანონო მოქმედებები სამხრეთ კავკასიის სხვა რეგიონებზეც ვრცელდება.
ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისგან გაბედულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს ვარშავის სამიტზე, რომელიც გაიმართება მომავალი წლის ივლისში. ნატომ ან უნდა მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, ანდა განაცხადოს, რომ ეს გეგმა საერთოდ არ არის საჭირო გაწევრებისთვის. რუსეთს არ უნდა მიეცეს ვეტოს უფლება ატლანტიკურ ალიანსში დემოკრატიული ქვეყნების შესვლაზე.
გასულ კვირას თბილისში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე ყველა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ჩვენი ქვეყნის როლი, როგორც უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მხარდამჭერისა. ჩემმა ქვეყანამ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ნატოს ავღანეთის მისიაში და დღესაც 870 ქართველი მებრძოლი ემსახურება ამ მისიას.
გარდა ამისა, საქართველო მხარს უჭერს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებს. შარშან ჩვენევროკავშირის ხელმძღვანელობით სიდიდით მეორე ქვედანაყოფები გავაგზავნეთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განხორციელებულ მისიაში მონაწილეობის მისაღებად. გარდა ამისა, საქართველოში გაიხსნა ნატოს ახალი სასწავლო ცენტრი.
საქართველოს უსაფრთხოება ეფუძნება თანამონაწილეობისა და პარტნიორობის პრინციპებს. მსოფლიო სულ უფრო მეტ ურთიერთკავშირს მოითხოვს და ჩვენც უფრო მჭიდრო ურთიერთმოქმედება გვჭირდება. ჩვენ ჩვენს ნაჭუჭში ვერ ჩავიკეტებით და თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ მსოფლიოს სხვა კუთხეებში მიმდინარე კონფლიქტები ჩვენ არ გვეხება. დღევანდელ მსოფლიოში კი, სადაც ძალაუფლება ბევრად უფრო დანაწევრებულია, გლობალურ უსაფრთხოებას მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევა თუ უზრუნველყოფს. ვერც ერთი ქვეყანა, ამერიკაც კი, მარტო ვერ უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას.
პარტნიორობა ქართულ გენშია. სწორედ ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვიღწვით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მაშინ, როდესაც ევროპა დგას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომავალი საფრთხეების წინაშე, საქართველო მზად არის, წვლილი შეიტანოს კონტინენტზე სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში და თავისი ტერიტორია აქციოს სტაბილურობის ოაზისად ჩვენს არასტაბილურ რეგიონში.
სულ რაღაც ოცი წლის წინ საქართველო იყო სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული იზოლირებული ქვეყანა, სულ ორიოდე მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტით. დღეს კი ჩვენ მივაღწიეთ რადიკალურ პროგრესს, რასაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. როგორც ევროპის ნაწილი, საქართველო უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს მეზობლებსა და გააძლიერებს უსაფრთხოებას.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხოება შეუძლებელია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე. საქართველოს მთავრობა ასევე აცნობიერებს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების მნიშვნელობას. სწორედ ამიტომაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ პრიორიტეტად ვაქციეთ დამოკრატიული რეფორმები, შარშან მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ჩათვლით.
სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოსაც აქვს საშინაო პრობლემები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არის ერთსულოვნება ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად აუცილებელი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირების პროცესის გასაღრმავებლად.
ნატოს უკანასკნელ სამიტზე, უელსში, ალიანსმა მხოლოდ მოკრძალებული ჯილდო შესთავაზა საქართველოს ჩვენი ძალისხმევის სანაცვლოდ. დღეს კი საქართველო უდავო ლიდერია და მაგალითია იმისა, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიოს დასავლეთმა ეგრეთ წოდებული რბილი ძალის მეშვეობით.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეუქცევადია. დღეს ჩვენი მოქალაქეები ელიან მკაფიო სიგნალს ნატოსგან, რომ ჩვენი მომავალი სწორედ ალიანსშია. ვარშავის სამიტის შემდეგ აღარ უნდა იყოს შუალედური ნაბიჯები საქართველოსა და ნატოს შორის.
«Le Monde» (საფრანგეთი), 4 ნოემბერი, 2015 წელი
საქართველოს ხელისუფლების ახალი შეტევა ოპოზიციის წინააღმდეგ
საქართველოში საპარამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი წლით ადრე, რომელიც 2016 წელსაა დაგეგმილი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყო – შეთქმულებისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის განზრახვის ბრალდებით, – წერს ჟურნალისტი ბენუა ვიტკინი და იხსენებს თვითონ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ მის თავზე „დამოკლეს მახვილი“ ჰკიდია, რომელიც უცნობია, როდის დაეცემა.
ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესიც დაიწყო. ეს თითქოსდა ბუნებრივიცაა, რადგან ქართული კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს, მიხეილ სააკაშვილმა კი უკრაინის მოქალაქეობა ჯერ კიდევ ოდესის გუბერნატორად დანიშვნის დრო მიიღო, მაგრამ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება ოპოზიციის წინააღმდეგ განხორციელებულ ახალ დარტყმად აღიქმება, – ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში დევნას განიცდიან მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროინდელი ყოფილი მინისტრებიც.
არჩევნების მოახლოებისთანავე სიტუაცია მწვავდება. პოლიტიკური ბატალიების გამძაფრება განსაკუთრებით ჩანს ყველაზე მსხვილ და პოპულარული ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის მიმართ დაწყებული სკანდალის ფონზე, რომლის ავუარები სასამართლომ ყოფილი მფლობელის მოთხოვნით გაყინა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება ტელეარხის და, საერთოდ, დამოუკიდებელი მასმედიის გაკონტროლებას ცდილობს.
30 ოქტომბერს ინტერნეტში სატელეფონო ჩანაწერები გამოჩნდა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს, „რუსთავი-2“-ის გენდირექტორს ნიკა გვარამიას და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას შორის განხორციელდა. ოდესის ოლქის გუბერნატორი მათ ტელეარხის დცვის მიზნით „ფიზიკური კონფრონტაციისთვის“ მოუწოდებს. „თუ გაისვრიან, გაისროლონ“, – ამბობს ექს-პრეზიდენტი, რომელიც, ისევე როგორც გვარამია და ბოკერია, ადასტურებს სატელეფონო ჩანაწერის აუტენტურობას. „ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე განხორციელებული შეტევა ჩვენს წინააღმდეგ მომართული რეპრესიების ახალი ეტაპია“, – ამბობს გიგა ბოკერია „მონდის“ კორესპონ-დენტთან საუბარში.
ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატის თქმით, „ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს ბოლო დღეებში. მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, თავის თანამოაზრეებს აქეზებს, მაგრამ ისინი მისი კურსით არ მიდიან. აშკარაა, რომ ხელისუფლება პანიკაში ვარდება და არჩევნების მოახლოებისთანავე იმის განადგურება სურთ, რაც ოპოზიციისაგან დარჩა“, – წერს „მონდის“ კორესპონდენტი ბენუა ვიტკინი.
«Politico» (აშშ), 4 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.politico.eu/article/yatsenyuk-interview-cabinet-changes-ukraine/
უკრაინის პრემიერი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს აპირებს
არსენ იაცენიუკი თავის მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს
ამერიკულმა პოპულარულმა გაზეთმა „პოლიტიკო“-მ ინტერვიუ ჩამოართვა უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკს, რომელშიც იგი ქვეყნის საშინაოეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს. ინტერვიუში, რომელიც სტატიის სახით გაზეთში გუშინ, 4 ნოემბერს დაიბეჭდა, პრემიერ-მინისტრი თავის თვალსაზრისს გამოხატავს ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიმართაც და მასზე საკმაოდ ირონიულად და ნიშნისმოგებით საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„41 წლის ყოფილი ადვოკატი არსენ იაცენიუკი ყურადღებიანია, მაგრამ ამომრჩევლისთვის ნაკლებმიმზიდველ პიროვნებას წარმოადგენს. იგი ტექნოკრატი პრემიერ-მინისტრია. იგი განსაკუთრებით არ მოსწონს ოდესის ოლქის გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გასულ თვეში უკრაინის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსადაც დასახელდა.
მიხეილ სააკაშვილი ხშირად აკრიტიკებს არსენ იაცენიუკს და მას ბრალს სდებს ოლიგარქების, კერძოდ – ენერგეტიკისა და ავიაციის დარგის მაგნატს იგორ კოლომოისკის მფარველობაში. ინტერვიუს დროს პრემიერ-მინისტრმა ოდესის ოლქის გუბერნატორს სამაგიერო გადაუხადა. „ეს მიშკას ვიტრინაა“, – გაღიზიანებით თქვა არსენ იაცენიუკმა და ექს-პრეზიდენტის სახელი განგებ ირონიულად შეამოკლა ისე, როგორც მას სამშობლოში ეძახდნენ ხოლმე. „თუ მიშკა ასეთი წარმატებული იყო საქართველოში, მაშინ მითხარით, იქ რატომ ვერ ბრუნდება? რა მოუვიდა სასამართლო რეფორმას საქართველოში?“.
მიხეილ სააკაშვილმა არსენ იაცენიუკს ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან უპასუხა და ჩამოთვალა ის კეთილი საქმეები, რომლებიც მან საქართველოს პრეზიდენტობის დროს გააკეთა: ჩემი მმართველობის დროს საქართველოს ეკონომიკა, ომისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებშიც კი, ორნიშნიანი ციფრებით იზრდებოდა, ხოლო უკრაინის ეკონომიკა, ჩემდა სამწუხაროდ, თქვენი მმართველობის დროს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კატასტროფულად კლებულობს. ჩემს დროს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა 60%-დან 5%-მდე დავარდა, უკრაინისა კი 32-დან 48%-მდე გაიზარდა. ჩემს დროს საქარტველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში, ბიზნესის თავისუფლად დაწყების მხრივ, მე-8 ადგილზე გადავიდა, უკრაინა კი ჯერ-ჯერობით 72-ე ადგილზეა; ჩემს დროს კორუფცია საქართველოში 80-დან 2%-მდე სემცირდა, უკრაინაში კი ბოლო დროს 80%-მდე გაიზარდა. მოკლედ, უკრაინა აფრიკის ქვეყნების უარეს მაჩვენებლებამდე დაეშვა“.
მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით გაამწარა არსენ იაცენიუკის ნათქვამმა, რომ მიშკას საქართველოში დაბრუნება არ სეუძლიაო. „ეს წელსქვემოთ დარტყმაა და განსაკუთრებით პოსტმაიდანური მთავრობის ხელმზღვანელისაგან, რომელიც ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული რეჟიმის დამხობის შმდეგ მოვიდა. როცა მე არსენ პეტროვიჩთან ერთად მაიდანზე ვიდექი, მე მგონი, იმ დროს იგი ჩემს საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობდა. მე დღეს ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში – უკრაინაში ვიმყოფები, მე ამაყი ვარ, რომ უკრაინის პასპორტს ვფლობ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა გადმომცა. მე მჯერა, რომ ჩემი და არსენ იაცენიუკის სამშობლო ბრწყინვალე წარმატებებს მიაღწევს. ასევე სიკეთეს ვუსურვებ არსენ პეტროვიჩს და მის მინისტრებს“.
საინტერესოა, რომ გაზეთმა „პოლიტიკომ“ დღევანდელ, 5 ნოემბრის ნომერში გამოაქვეყნა ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთანაც სათაურით „უკრაინის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი. მიხეილ სააკაშვილს სურს რეფორმების მედროშე იყოს და შესაძლოა, პრემიერ-მინისტრიც“. გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მას შეეძლო ემუშავა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რათა ხელი შეეშალა ევროპაში კრემლის ექსპანსიისათვის: „თუ უკრაინა რუსეთს ვერ შეაჩერებს, ვფიქრობ, რუსეთი ძალიან იოლად გაანადგურებს საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. გარდა ამისა, მე მინდა, რომ რეფორმები წარმატებით განვახორციელო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობაში დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობს, რაც ადგილობრივი ორგანოების არჩევნების შედეგებმაც აჩვენა – ქვეყნის რიგ ოლქებში გამარჯვება პრორუსულმა პოლიტიკოსებმა მოიპოვეს. ამ ფონზე კი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად დასახელდა. „ჩვენ უკრაინის დღევანდელი მთავრობა უნდა დავშალოთ, რადგან პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი ოლიგარქებთანაა გარიგებული“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველოში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე: სატელეფონო საუბრებზე და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებზე სახელმწიფო გადატრიალების მოხდენის მიზნით: „ეს ყველაფერი შიზოფრენიაა“, – ამბობს ოდესის ოლქის გუბერნატორი.
რადგანაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მიხეილ სააკაშვილს კითხვა დავუსვი: „არის თუ არა მისთვის ოდესის გუბერნატორობა ერთგვარი ტრამპლინი საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის გასაგრძელებლად?“. „მე იმდენად ღრმად ვარ ჩაბმული უკრაინის ცხოვრებაში, რომ არ ვფიქრობ გემიდან გადახტომას და უკან, საქართველოში გაცურვას. საქართველო მხოლოდ ჩემს საპენსიო გეგმებშია, – მიპასუხა მან სიცილით.
წყარო: http://www.politico.eu/article/ukraines-mikhail-saakashvili-most-popular-politician/
———–
შენიშვნა: გუშინ, 4 ნოემბერს, უკრაინის პრემიერის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ ხატია დეკანოიძე დაინიშნა, რომელიც ქვეყნის ახლადჩამოყალიბებულ პოლიციას უხელმძღვანელებს. იგი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ჟამს საქართველოს განათლების მინისტრად და პოლიციის აკადემიის რექტორად მუშაობდა.