«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საუბარი კორი ველტთან: „თვალი უნდა მივადევნოთ, თუ როგორ გამოიყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას“
«Каспiй» (აზერბაიჯანი): დემოკრატია თუ უზურპაცია? // საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/cory-welt/3580977.html
საუბარი კორი ველტთან: „თვალი უნდა მივადევნოთ, თუ როგორ გამოიყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას“
ნანა საჯაია
„თვალი უნდა მივადევნოთ და ვნახოთ თუ როგორ გამოიყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კორი ველტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის რუსეთის და ევრაზიის საკითხების მკვლევარი.
საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ 2016 წლის არჩევნების დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მიუხედავად, კორი ველტი ამბობს, რომ ახლა საქართველო მმართველობის მთლიანად ერთი ჯგუფის ხელში მოქცევის რისკის წინ დგას.
„არჩევნების შედეგი იქნება მთავრობა, რომელსაც პარლამენტში სამი-მეოთხედი ჰყავს, ოპოზიციური პარტია მცირე შემადგენლობითაა წარმოდგენილი. არსებობს რისკი იმისა, რომ ჩვენ ვნახავთ იმის განმეორებას, რაც საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხდებოდა – ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ მმართველობის ძალის კონსოლიდაცია, ხელში ჩაგდება. საქართველოს ბოლო ორი მმართველობისას ვნახეთ, თუ რა ხდება მაშინ, როცა მმართველობა მთლიანად ერთი გუნდის ხელშია“, – ამბობს კორი ველტი. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ ისმოდა კითხვები, დარჩება თუ არა საქართველო დასავლეთის ორბიტაზე, თუ დაუბრუნდება ის რუსეთს: „ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ნაწილი თავს ღიად წარმოადგენდა, როგორც პრორუსულ პოლიტიკურ ძალას, ზოგიერთი საქართველოს ევრაზიული კავშირში გაწევრიანებას ემხრობოდა. მათმა დიდმა ნაწილმა არჩევნებზე კარგი შედეგი ვერ აჩვენა. ამ პარტიებიდან ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ერთმა გადალახა და პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ შევიდა. „პატრიოტთა ალიანსიც“ კი აცხადებს, რომ პრორუსული ძალა არ არის, არამედ აქვს კითხვები დასავლეთთან ინტეგრაციაზე“, – ამბობს კორი ველტი. მისივე აზრით, ასევე ხაზგასასმელია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მისი მოსახლეობის თანმიმდევრული სწრაფვა დასავლეთისკენ: „საზოგადოებრივი აზრის კვლევები უჩვენებს, რომ მოსახლეობის განწყობა თანმიმდევრული რჩება ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მონაცემები ოდნავ იცვლება, მაგრამ უმეტესად 72 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპის კავშირში წევრობას, 64 პროცენტი კი ნატოს წევრობას, ეს იმის მიუხედავად რომ სირთულეებიც ახლავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“.
კორი ველტის შეფასებით, საქართველო პოლიტიკურად პოლარიზებულია, თუმცა მთავრობების ცვლილების მიუხედავად გრძელდება ამერიკა-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა: „შეერთებულ შტატებს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში მყარი თანამშრომლობა განსაკუთრებით წინა პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ჰქონდა. დროთა განმავლობაში გამოჩნდა პრობლემები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ჩვენს საერთო ღირებულებებს. პრობლემები მმართველობის ფორმებს ეხებოდა. ამას საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა არ შეუმცირებია, მაგრამ მას გარკვეული დაძაბულობა შეჰმატა“.
კორი ველტი ასევე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა უფრო მყარია, ვიდრე ამერიკის კავშირები რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასთან. ამ ღრმა თანამშრომლობის საფუძვლად მას საერთო ღირებულებები მიაჩნია: „ამერიკას საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის და „ქართული ოცნების“ მთავრობებთან. ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად, სტრატეგიული თანამშრომლობა ვაშინგტონსა და საქართველოში გრძელდება. საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობას მხარს უჭერენ როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები“, – დასძენს ამერიკელი მკვლევარი.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 04 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
დემოკრატია თუ უზურპაცია?
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით
სტატიაში გადმოცემულია საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები (მაჟორიტარულ ოლქებში), რომელთა მიხედვით, „ყველგან გამარჯვება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო“ (ავტორი – გოშარ ალიევი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, „პატრიოტთა ალიანსიც“ შევიდა, საკანონმდებლო ორგანოს მრავალპარტიულობა ვერ მოხერხდა. ამის ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია – მოსახლეობამ ყურად არ იღო არც პროამერიკული და არც პრორუსული ორიენტირები. საბოლოო ჯამში საქართველომ ფაქტიურად ერთპარტიული პარლამენტი მიიღო, სადაც ოპოზიციონერების „ადგილი კუთხეში იქნება“: კენჭისყრის დროს მათ არ ექნება გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და რჩებათ მხოლოდ ჩხუბისა და აყალ-მაყალის მოწყობა, რაც, პრინციპში, ქართველი დეპუტატებისათვის „უცხო ხილი“ არ არის. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დამკვირვებელი საკონსტიტუციო უმრავლესობას ხელისუფლების უზურპაციის საფრთხედ მიიჩნევს, რისკები მაინცდამაინც დიდი არ არის: საქართველოში არსებობს უზურპირების შემკავებელი ფაქტორები – პრეზიდენტის ინსტიტუტი და თავისუფალი პრესა.
შესაძლოა „ქართული ოცნება“ რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი არ ყოფილიყო, რომ არა 2008 წელს მომხდარი ომი. დღეს კი, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტების არსებობის პირობებში, მმართველი პარტიისათვის პრორუსული პოლიტიკის გატარება პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს. სანამ რუსეთი აფხაზ და ოს სეპარატისტებს მფარველობს, საქართველოს ყოველი ხელისუფლება იძულებული იქნება პროდასავლურ კურსს მიჰყვეს, მით უმეტეს, რომ უკვე არჩეული კურსის შეცვლა იოლი არ იქნება: საერთაშორისო ორგანიზაციებთან მრავალწლიანი ურთიერთობის შედეგად საქართველოს საკმაოდ ბევრი ვალდებულება დაუგროვდა, თანაც მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლურ კურსს მხარს უჭერს. თუ პრაგმატულად შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მთავრობის ინტერესებში საგარეოპოლიტიკური ორიენტირების მკვეთრი შეცვლა არც უნდა შედიოდეს.
მაგრამ არის ერთი „მაგრამ“: ესაა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ფორმალურად არჩევნებში არ მონაწილეობდა, მისი დიდი გავლენა აშკარად იგრძნობოდა. რასაკვირველია, ყველა გადაწყვეტილებას იგი არ იღებს, მაგრამ მას გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლება აქვს. თუ იგი მოისურვებს, მას შეუძლია „თავისი კაცების“ (მათ შორის, პრემიერის) მეშვეობით სიტუაცია შეცვალოს. ეს, ბუნებრივია, არაჯანსაღი სიტუაციაა: იმის შეგრძნება, რომ ქვეყანას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, კიდევ ვიღაც „ჩრდილოვანი“ პიროვნება მართავს, საშიშია დემოკრატიული პროცესის განვითარებისათვის.
თბილისს რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმები არ ემორჩილებიან, ამაში „დიდი დამსახურება“ მიუძღვის არამარტო რუსეთს, რომელსაც სამხრეთ ტერიტორიებზე გავლენის დაკარგვისა ეშინია, არამედ აშშ-საც [თავის დროზე გამოვლენილი უმოქმედობის გამო]. ახლა ვაშინგტონს მოუწევს, რომ ქართველებს ანგარიში გაუწიოს და სეპარატისტული რეგიონებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, თუ ვინ შევა თეთრ სახლში აშშ-ში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ყოველი ადმინისტრაცია იძულებული იქნება მხარი დაუჭიროს აღნიშნული სეპარატისტული რეგიონების დეოკუპაციის პოლიტიკას. აშშ-ის ოფიციალური პირები „განწირულნი არიან“ იმისთვის, რომ რეგულარულად შეხვდნენ ქართველ კოლეგებს და მსოფლიოს აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვაშინგტონმა საქმით უნდა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური კურსის დაცვა წარმოადგენს. არადა, ეს ძალიან ძნელი იქნება იმ დროს, როცა თეთრი სახლი ყელამდეა ჩაფლული სირიის, ლიბიის, ავღანეთისა და ერაყის „ჭაობში“, სადაც, სხვათა შორის, ამერიკა ნებაყოფლობით მოხვდა. ამერიკამ უნდა გააცნობიეროს, რომ მისთვის კავკასიის რეგიონიც მნიშვნელოვანია.
თუმცა აუცილებელია ითქვას: სანამ ვაშინგტონი „ფერადი რევოლუციების“ მსგავს პროექტებს წამოიწყებდა, „მიშიკოსა და მისის რაზმის“ ენთუზიაზმს კი არ უნდა დაყრდნობოდა, არამედ უკეთესი იქნებოდა კარგად გარკვეულიყო პოსტსაბჭოთა სივრცის რეალიებში. მოსკოვთან მიმართებით ყველაფერი ნათელია – ჩვენ ხომ რუსეთთან ერთად უკვე ორი საუკუნეა „ერთ ქვაბში ვიხარშებით“. რაც შეეხება „დემოკრატიის აკვანს“, ქართულმა და აზერბაიჯანულმა საზოგადოებებმა კარგად იციან ამერიკული დაპირებებისა და ოკეანისმიღმა სახელმწიფოს რეალური მიზნების ფასი, რომელიც კავკასიის ქვეყნების მკვიდრი მოსახლეობის ინტერესებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ალბათ, ძირითადად სწორედ ამიტომაც არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ქართული ელექტორატის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რითაც, სამწუხაროდ, ალბათ, ისიც გამოიხატა, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის მომავლით დაინტერესებულნი არ არიან.