«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რას ნიშნავს საქართვე-ლოსთვის ნატოში მონტენეგროს მიწვევა?
«Радио Коммерсантъ FM» (რუსეთი): უკრაინელი პოლიტოლოგის თვალსაზ-რისი: „მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯი უკან გადადგა“
—————–
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 5 დეკემბერი,ხ 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/nato-enlargement/3088175.html
რას ნიშნავს საქართველოსთვის ნატოში მონტენეგროს მიწვევა?
ნანა საჯაია
უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ნატოს კარები პირველად გაიღო. ალიანსში მონტენეგროს მიწვევა იმედს აძლევს ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. თუმცა ბევრი ექსპერტი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებას არ ელოდება. მათ შორისაა ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი.
“საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატოსთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს მაპი, მაგრამ აქვს მისი ექვივალენტი – ნატო-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატოს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამავდროულად ნატოს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ “გაუყინავ” კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას.”
რუსეთის ფაქტორზე და საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებზე საუბრობს ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარიც, რომლის აზრითაც უკანასკნელ წლებში საქართველო-დასავლეთის ურთიერთობები შესუსტდა.
“მას შემდეგ, რაც ქვეყანა ყოფილმა პრეზიდენტმა – სააკაშვილმა დატოვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა, შესაძლოა იმიტომ რომ შემცირდა ამერიკასთან კავშირები. ეს ქართველებისთვის სამწუხაროა, ქვეყანას საკმაოდ წარმატებულად მართავენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ არიან, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით მათ დიდი პრობლემები აქვთ და ყოველთვის ექნებათ. შესაძლოა საქართველოში პოლიტიკა ნატოსთან უფრო მყარი კავშირებისკენ ისევ შეიცვალოს, მაგრამ ეს აქამდე ბევრი მიზეზის გამო არ მომხდარა,” ამბობს ლუგარი.
კითხვაზე ელის თუ არა, რომ საქართველოს მხარს დაუჭერენ საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც ამ საკითხისადმი კრიტიკულად განწყობით არიან ცნობილნი, ვოლკერი პასუხობს, რომ ეს ბევრ რამეზე იქნებაა დამოკიდებული.
„ეს კონტექსტზეა დამოკიდებული. საფრანგეთის და გერმანიის უარი გარემოებების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ამაზე გავლენას იქონიებს საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ნაკლებობა, თავისუფალი მედია, მთავრობასა და ოპოზიციას შორის უფრო მოწიფული ურთიერთობა, რაშიც ამჟამად ვფიქრობ ორივე მხარე დამნაშავეა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა არიან ქვეყნები, რომლებსაც ასე ვთქვათ “რუსეთის პროვოცირება” არ სურთ. ეს წარმოდგენა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი.“
იმის მიუხედავად, რომ ვოლკერი უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში მიწვევას არ ელის, მას მიაჩნია, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს ატლანტიკურ მიზნებთან ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობა დააახლოებს.
«Радио Коммерсантъ FM» (რუსეთი), 5 დეკმებერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2870650
უკრაინელი პოლიტოლოგის თვალსაზრისი: „მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯი უკან გადადგა“
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს – განკარგულებას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნასთან. გარდა ამისა, ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურას ბრალი წაუყენა ექს-პრეზიდენტს და მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის კორუფციის გამო.
უკრაინის ეროვნული სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი ოლესია იახნო რადიო „კომერსანტ FM“-ის კორესპონდენტის მარატ კაშინის კითხვებს პასუხობს:
- მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა მისცეს? ამას ორივე ქვეყნის კონსტიტუცია მოითხოვს? თუ ეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს უკავშირდება?
- ფორმალურად ეს მაინც მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებით არის განპირობებული – მას ოფიციალურად აქვს დაკავებული ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა, თუმცა, ჩემი აზრით, გარკვეული გავლენა იმ ფაქტმაც მოახდინა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მე არ ვიცი, მას მართლაც აქვს თუ არა განზრახული უკრაინის პრემიერ-მინისტრობა, არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გლობალურ ამოცანას მაინც საქართველოში დაბრუნება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შედეგს აჩვენებს უკრაინაში საქმიანობით.
ამრიგად, ექს-პრეზიდენტის გრძელვადიანი გეგმები უკრაინას კი არ უკავშირდება, არამედ უფრო მეტად საქართველოს. ამიტომაც, ჩემი აზრით, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკვე პროგნოზირებადი იყო: რაში სჭირდება საქართველოს ხელისუფლება მისის სახით კონკურენტი ჰყავდეს? შეიძლება საქართველოში სიტუაცია რაღაც ეტაპზე შეიცვალოს და თუ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობაში გარკვეული წყვეტილობა ექნება, იგი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება წინსმწრები მოქმედებით პრობლემას იცილებს – მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების გზას უკეტავს.
ვფიქრობ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევით საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯი უკან გადადგა. [„ქართულმა ოცნებამ“] არჩევნების დროს ხომ ღია კონკურენციაში გაიმარჯვა? ახლა კი ისე გამოდის, რომ მოქმედი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს წინასწარ „კომპლიმენტს უკეთებს“ – იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ თითქოსდა მისი დაბრუნებისა ეშინია.
- დღეს მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორია. განა მას უკრაინაში დროებით გუბერნატორად მიიჩნევენ და ვთქვათ, ერთი წლის შემდეგ იგი ამ პოსტზე აღარ იქნება?
- არ ვიცი, რა იქნება ერთი, ორი თუ სამი წლის შემდეგ, [გუბერნატორობაზე] მკაცრად დადგენილი პერიოდი არ არის, თუმცა უკრაინაში ყველას ესმის, რომ დასანიშნ თანამდებობასა და არჩევით თანამდებობას შორის დიდი განსხვავება არსებობს. დასანიშნი თანამდებობაა, ვთქვათ, როცა პრეზიდენტი თქვენ გუბერნატორად გნიშნავთ, არჩევითი თანამდებობა კი ისაა, რომ თქვენ მონაწილეობთ არჩევნებში, უკვე გაქვთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა, ეყრდნობით ამომრჩეველთა ხმებს [და თუ წარმატებას მიაღწევთ, გარკვეულ თანამდებობას იკავებთ].
- თქვენი აზრით, როგორი რეიტინგი აქვს დღეს მიხეილ სააკაშვილს ოდესაში? ახლა რომ არჩევნები იყოს, გუბერნატორად აირჩევდით?
- ვერ გეტყვით, რადგან მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის ამსახველ ციფრებს თვალს არ ვადევნებ, თუმცა აშკარაა, რომ მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს – როგორც სახელმწიფო მოსამსახურეს და ქარიზმატულ ლიდერს (და არა როგორც პოლიტიკოსს), რომელიც ნამდვილად ცდილობს რეფორმების განხორციელებას. თუმცა ვიმეორებ, მას უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია არ აქვს.
უკრაინის პოლიტიკაში დღეს უცხოეთიდან ჩამოსული საკამოდ ბევრი ადამიანია ჩართული. ვფიქრობ, მთლიანობაში სწორია, როცა ისინი უარს ამბობენ საკვანძო თანამდებობების დაკავებაზე, მაგალითად, პრემიერ-მინისტრად ან გენერალურ პროკურორად დანიშვნაზე (დავით საყვარელიძის მსგავსად). მათ კარგად ესმით, რომ ასეთ თანამდებობაზე უკრაინელების დანიშვნა უფრო სწორი და მნიშვნელოვანი იქნება, პოსტმაიდნური პერიოდის პირველ ეტაპზე მაინც. როცა ტექნიკური მთავრობის შექმნის დრო დადგება, შესაძლოა ეროვნებას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს. ისევ მიხეილ სააკაშვილზე ვიტყვი: როგორც უკვე გითხარით, მისთვის ახლა ყველაზე მთავარია რაღაც მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს, შექმნას ფონი საქართველოში დაბრუნების პერსპექტივისთვის. მას ექნება შესაძლებლობა, თქვას: „აი, ვიყავი უკრაინაში, სადაც ესა და ეს გავაკეთე… კორუფცია დავამარცხე, ბიუჯეტი შევავსე“.
- ჩვენ, რუსეთში, გვყავს ე.წ. „დღეგრძელი გუბერნატორები“, მძიმეწონიანი ადამიანები, ვთქვათ, ამან ტულეევი (კემეროვოს ოლქის გებერნატორი 1997 წლიდან დღემდე – მთარგ. შენიშვნა). ხომ არ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამბიციები უფრო ფართოა და მხოლოდ ოდესის ოლქით არ შემოიფარგლება?
- ჯერ ერთი, რომ უკრაინაში „დღეგრძელი“ თანამდებობის მქონე პოლიტიკოსები არ არიან – გინდაც პრემიერ-მინისტრები და გინდაც ქალაქების მერები. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ერთი პრეზიდენტი იქნა ორჯერ არჩეული – ლეონიდ კუჩმა, საკმაოდ ხშირად იცვლებოდა მთავრობები, ხშირი იყო გადარჩევები… ასე რომ, უკრაინის რეალობაში საკმაოდ ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რომელიმე თანამდებობის პირი, მით უმეტეს, გუბერნატორი, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, „დღეგრძელი“ იქნება. როცა არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი იცვლება, აშკარაა, რომ შეიცვლებიან გუბერნატორებიც; მეორე – არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინაში ამჟამად დეცენტრალიზების პროცესი მიმდინარეობს, დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებებიც, რომელთა მიხედვით, გუბერნატორის თანამდებობა უქმდება. ალბათ, მის ნაცვლად იქნება პრეფექტი, პრეზიდენტის წარმომადგენელი. ასე რომ, თანამდებობებს ვერ დაგეგმავ, სანამ რეფორმა მიდის.