«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: მთავრობის მიერ დაგეგმილი „ანტიკრიზისული ზომები“, „ოკუპაციის შესახებ“ კანონის გადასინჯვის შესაძლებლობა და კოდორის ხეობის ექს-გუბერნატორის თანამდებობრივი პრეტენზიები
«Краiна» (უკრაინა): „მიხეილ სააკაშვილის დრო მიიწურა“ // „იგი უკრაინის პოლიტიკიდან სასწრაფოდ უნდა წავიდეს“
«Stratfor» (აშშ): გზა რუსეთის პოზიციების აღდგენისაკენ // ევროკავშირსა და აშშ-ში ამჟამად მიმდინარე მოვლენების ფონზე პოსტსაბჭოთა ქვეყნები მოსკოვისადმი პოლიტიკის შეცვლას იწყებენ
———————-
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 4 დეკემბერი, 2016 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20161202-pravitelstvo-gruzii-pytaetsya-naiti-vykhod-iz-valyutnogo-krizisa
საქართველოს ამბების მიმოხილვა: მთავრობის მიერ დაგეგმილი „ანტიკრიზისული ზომები“, „ოკუპაციის შესახებ“ კანონის გადასინჯვის შესაძლებლობა და კოდორის ხეობის ექს-გუბერნატორის თანამდებობრივი პრეტენზიები
საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსადგურის „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ შაბათს ეთერში გადაცემული მიმოხილვის მთავარი საკითხები იყო საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი „ანტიკრიზისული ზომები“, „ოკუპაციის შესახებ“ კანონის გადასინჯვის შესაძლებლობა და კოდორის ხეობის ექს-გუბერნატორის ე.კვიციანის მოქმედება (ავტორი – გიორგი ლებანიძე, კორესპონდენტი).
როგორც საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ შეიმუშავა ხუთპუნქტიანი პაკეტი ეკონომიკის სტიმულირების, სოციალური დაძაბულობის შემცირებისა და ეროვნული ვალუტის – ლარის დევალვაციის სეწყევეტის მიზნით. პაკეტი ითვალისწინებს მოგებაზე გადასახადის შემცირებას და იმავდროულად აქციზების გაზრდას სიგარეტზე, ავტომობილებზე და ენერგოშემცველებზე. გარდა ამისა, აიკრზალება „ონლაინ-კრედიტები“ და „ინტერნეტ-კაზინოები“, რომლებმაც ბევრ ქართული ოჯახს უბედურება მოუტანა. პაკეტის ყველაზე მთავარი პუნქტია პრემიერ-მინისტრის წინადადება მოქალაქეებისათვის იპოთეკური დოლარიანი სესხის კონვერტირება ლარებში, თანაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე (კურსით ერთი დოლარი – 2,3 ლარი). ამ წინადადებამ სავალუტო ბაზარზე დიდი ციებ-ცხელება გამოიწვია და ლარის კურსი მკვეთრად დასცა…
რადიომიმოხილვაში საქართველოს მთავრობის „ანტიკრიზისულ ზომებს“ კომენტარს უკეთებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის აზრით, ხელისუფლების ძალისხმევა ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს ვერ გადაჭრის. ეს ზომები მხოლოდ მოკლევადიან ეფექტზეა გათვლილი, გრძელვადიან პერსპექტივაში კი დადებით შედეგებს ვერ მოიტანს. მთავრობის მოქმედება პარადოქსულია. ექსპერტი განსაკუთრებით აკრიტიკებს მოქალაქეების მიერ ბანკებიდან აღებული იპოთეკური დოლარიანი სესხების ლარით დაფარვის თაობაზე, რომელსაც ბიუჯეტი უზრუნველყოფს: „არ ვიცი, კიდევ რომელ ქვეყანაში განახორციელა მთავრობამ ასეთი სუბსიდიები… საქართველოში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, იპოთეკური კრედიტების ბენიფაციერები კი საშუალო შეძლების მქონე ადამიანები არიან. ისე გამოდის, რომ [ბიუჯეტზე მყოფმა] მშიერი ადამიანმა მდიდრების სუბსიდირება უნდა მოახდინოს“.
რაც შეეხება „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დებულებების ცვლილებას: უცხოელი, განსაკუთრებით კი რუსეთის მოქალაქე, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს თბილისის ნებართვის გარეშე ეწვევა, სისხლის სამართლის წესით კი არ უნდა დაისაჯოს, როგორც ახლაა, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას გადაიხდის. ამ საკითხზე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ეთერში ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. მისი აზრით, კანონის იმ სახით არსებობა, როგორც დღესაა, ნაკლებად შეესაბამება პრაქტიკას. საჭიროა მისი შერბილება რიგითი ადამიანებისა და ჟურნალისტების მიმართ. „კანონი ოკუპაციის შესახებ უახლოეს პერსპექტივაში უნდა შენარჩუნდეს, რადგან ოკუპაცია რეალობაა. ცხადია, კონტრპროდუქტიული იქნებოდა, თუ ადამიანებს ვეტყვით, რომ გუშინ ოკუპაცია იყო, დღეს კი აღარ არის. ვფიქრობ, თავის მხრივ, რუსული მხარე და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რაღაც მინიშნებებს გააკეთებენ, რომ მზად არიან წავიდნენ გარკვეულ კომპრომისებზე. შემდეგ სხვა ცვლილებებზეც შეიძლება ვიფიქროთ“, – ამბობს მამუკა არეშიძე, თუმცა, როგორც კორესპონდენტი აღნიშნავს, ოპოზიციურმა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში ოკუპირების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ისინი მძაფრ წინააღმდეგობას გაუწევენ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რადიომიმოხილვაშია განხილული, ესაა კოდორის ხეობის ყოფილი გუბერნატორის ემზარ კვიციანის პრეტენზიები იმაზე, რომ იგი პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს. ამის შესახებ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს ესაუბრება სახელმწიფო კანცელარიის აპარატის ყოფილი უფროსი, ექსპერტი პეტრე მამრაძე:
„ემზარ კვიციანი კრიმინალური წარსულის მქონე „ავტორიტეტი“ იყო. სწორედ იმიტომ, რომ იგი კოდორის ხეობაში მცხოვრებ სვანებში ავტორიტეტით სარგებლობდა, მას ითმენდნენ, მაგრამ შემდეგ ემზარ კვიციანმა ბარონობა მოისურვა. სხვათა შორის, მას კარგი კავშირები ჰქონდა აფხაზ „კოლეგებთან“. ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა (ანუ განუსაზღვრელი ვადით დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი), ეს ექს-პრეზიდენტის დანაშაულია, მაგრამ ამ ფონით ისარგებლა ემზარ კვიციანმა და „სახელი მოიხვეჭა“: იგი აცხადებს, თითქოსდა მისი მმართველობის დროს კოდორის ხეობაში ყველაფერი კარგად იყო“, – ამბობს პეტრე მამრაძე.
შეკითხვაზე, სწორია თუ არა ემზარ კვიციანი, როცა აცხადებს, რომ 2006 წელს კოდორის ხეობაში ქართული ჯარის ნაწილების შეყვანა საჭირო არ იყოო, პეტრე მამრაძე პასუხობს: „ამ საკითხში ემზარ კვიციანი მართალია. იქ ჯარის ნაწილები კი არ უნდა შეყვანილიყო, არამედ პოლიცია, წესრიგის აღსადგენად. იქ უნდა ყოფილიყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. იმის ყვირილი კი – კოდორის ხეობა პლაცდარმია, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი მთელ აფხაზეთს დაიკავებსო, შემდეგ ჯარის შეყვანა მძიმე ტექნიკით - ეს დანაშაულია. ასე რომ ემზარ კვიციანი, როგორი კრიმინალური წარსულიც არ უნდა ჰქონდეს, ამ საკითხში აბსოლუტურად სწორია“.
«Краiна» (უკრაინა), 2-9 დეკემბერი, 2016 წელი
http://gazeta.ua/articles/opinions-journal/_cas-saakashvili-minuv/737743
„მიხეილ სააკაშვილის დრო მიიწურა“
„იგი უკრაინის პოლიტიკიდან სასწრაფოდ უნდა წავიდეს“, – ასე თვლის ქართველი ჟურნალისტი
უკრაინის ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „კრაინას“ 349-ე ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ქართველ ჟურნალისტთან – თენგიზ აბლოთიასთან, რომელშიც იგი საუბრობს უკრაინაში მყოფ ქართველებზე, განსაკუთრებით კი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ასოცირდება რეფორმებთან და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლასთან. როგორი იყო საქართველო მიხეილამდე და როგორი გახდა მის შემდეგ?
- 2003 წელს საქართველოში ქაოსი სუფევდა – კრიმინალების, კანონიერი ქურდების პარპაში, არ არსებობდა ეკონომიკა… მოკლედ, კლასიკური აფრიკული ქვეყანა. დღევანდელ უკრაინასაც კი ვერ შევადარებ. მთავარი, რაც მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციამ მოახერხა, ეს იყო სახელმწიფო აპარატის ამუშავება. უპირველესად, ჩატარდა ტოტალური წმენდები, მაგალითად, პოლიციაში. ეს კადრების გაახალგაზრდავების მიზნით გაკეთდა: უფროს თაობას გამოცდილება კი ჰქონდა, მაგრამ მენტალურად დროს ჩამორჩა. ასეთმა მიდგომამ გაამართლა, ეს დღესაც გრძელდება – სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკის საშუალო ასაკი 30-35 წელია. მათ შედარებით მაღალი ხელფასები აქვთ. ამჟამად საქართველოში ოლიგარქული სისტემა აღარ არის, არიან მხოლოდ მდიდარი ბიზნესმენები (ბიძინა ივანიშვილი მხედველობაში არ მიიღება, რადგან მას საქართველოში ბიზნეს-ინტერესები არ აქვს). შესაბამისად, გადასახადებს ყველა იხდის, ბიუჯეტი ივსება, სახელმწიფო ფუნქციებს ასრულებს. ესაა მიხეილ სააკაშვილის მთავარი დამსახურება.
- ბევრი მას უზურპატორს და დიქტატორს უწოდებს. კი, რეფორმები განახორციელა, მაგრამ დემოკრატიისაგან შორს იდგაო…
- მიხეილ სააკაშვილი ავტორიტარული ლიდერია. მან იმდროინდელი სისტემა „მუხლში გადატეხა“, რისი გაკეთებაც დემოკრატიული გზით ძალიან რთულია. მაგალითად, 1990-იან წლებიდან საქართველო ჟანგიანი კიოსკებით იყო მოფენილი. რა უნდა გაკეთებულიყო? დაეტოვებინათ? აეღოთ ყველა იურიდიული პროცედურის დაცვით? მაშინ მათ აღებას 100 წელი დაჭირდებოდა. ჰოდა, მკაცრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საბოლოო ჯამში ქვეყანა კიოსკებისაგან კი გაიწმინდა, მაგრამ იმავდროულად ბევრი ისეთი რაღაც გააყოლეს, რისი შენარჩუნება შეიძლებოდა. ასე მოხდა სხვა სფეროებშიც. რეფორმები რომ გაატარო, ამისათვის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებაა საჭირო, თუმცა ვოლუნტარიზმი გარკვეულ ეტაპზე უკანონობაში გადაიზრდება ხოლმე. მიხეილ სააკაშვილსაც ასე მოუვიდა. ამასთან, იგი დიქტატორი არ ყოფილა: მისი პრეზიდენტობის დროს არსებობდა თავისუფალი მედია, იყო კონკურენცია არჩევნების დროს… სხვათა შორის, მან არჩევნებიც წააგო. აშკარაა, რომ მისთვის პირველ ადგილზე რეფორმები იდგა, დემოკრატია კი – მეორეზე. იმ რეფორმების შედეგები დღესაც ჩანს. [როცა რეფორმების შედეგბზე ვლაპარაკობთ], მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ზოგიერთი რეფორმას, მაგალითად, ადმინისტრაციულ სფეროში, ცხოვრების დონის ამაღლებასთან კავშირი არ აქვს. ეს არის პასუხი შეკითხვაზე – „თუ საქართველოში რეფორმები გატარდა, რატომაა ცხოვრების დონე ესოდენ დაბალი?“. ადმინისტრაციული რეფორმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ელემენტია, მაგრამ არა ერთადერთი. ამიტომაც არარეფომირებულ უკრაინაში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე რეფორმირებულ საქართველოში.
(…)
- საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფცია არსებობს?
- რაც მიხეილის დროს იყო, ის დღესაც არსებობს. მაგალითად, ტენდერების ჩატარების პრაქტიკა. ტენდერებს ხშირად ატარებენ ცალკეული ჩინოვნიკების ინტერესების შესაბამისად, რომლებიც ამ მიზნით სპეციალურად ქმნიან ახალ კომპანიებს. ერთადერთი, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იყო და დღეს აღარაა, ისაა, რომ მიღებული ტენდერი უნდა შესრულებულიყო. ვერ შეასრულებდი? დაგაპატიმრებდნენ.
- მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ამჟამინდელი მთავრობა რეფორმებს აგრძელებს?
- შეიძლება ასე ითქვას – „ქართული ოცნება“ რეფორმებს მუშა მდგომარეობაში ინარჩუნებს. „მეოცნებეები“ შუალედურ პოზიციას იკავებენ და რაიმე განსაკუთრებულს არ აკეთებენ.
(…)
- მიხეილ სააკაშვილმა რომ საქართველოში დაბრუნება მოისურვოს, როგორ შეხვდებოდნენ?
- იგი ძებნაშია და როგორ უნდა შეხვდნენ? ვიღაცას მიხეილ სააკაშვილი უკვე ყელში აქვს ამოსული, ვიღაცა მას ელოდება, უმრავლესობას კი ფეხებზე ჰკიდია. ვფიქრობ, მათი რაოდენობა, ვინც მის მიმართ აგრესიულია და ვინც მას ელოდება, დაახლოებით ერთნაირია. ძირითადად კი მიხეილ სააკაშვილზე ან უარყოფითად არიან განწყობილნი, ან მასზე საერთოდ არ ფიქრობენ. იგი საქართველოში, ალბათ, არ დაბრუნდება. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოს-ექტრემალია. იგი მაშინაა საჭირო, როცა ყველაფერი ინგრევა. სწორედ იმ დროს გამოჩნდება ავანტიურისტი, რომ მორევში გადაეშვას.. ისეთი სიტუაციისათვის, როცა კი არ უნდა დაინგრეს, არამედ მშვიდად უნდა აშენდეს, მიხეილი ზედმეტია. დღეს საქართველოს მისნაირები კი არ ჭირდება, არამედ სხვა ტიპის პოლიტიკოსები. გარდა ამისა, თუ ჩვენ დემოკრატიას ვაშენებთ, მაშინ [პრეზიდენტობის] მესამე ვადა საჭირო არაა. ჩვენ არ გვსურს ჩვენი პუტინის გამოზრდა.. ამიტომაც მიხეილის დაბრუნების მომხრენი შედარებით ცოტანი არიან. მიხეილ სააკაშვილის დრო წავიდა.
- უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. რატომ?
- უკრაინაში მისი საქმიანობას მე კომენტარს ვერ გავუკეთებ, რადგანაც არ ვიცი, რა და როგორ იყო. საერთოდ, მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე თანამდებობა დაეკავებინა. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინაში თავისებური პოლიტიკური სიტუაციაა, იქ მიხეილი უცხოა. უკრაინაში მიშა ვერაფერს მიაღწევს, მის მიერ გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი ახალი დამარცხება იქნება. ბოლოს და ბოლოს, იგი მარგინლად გადაიქცევა და სასაცილო გახდება. მიხეილი სასწრაფოდ უნდა წავიდეს უკრაინის პოლიტიკიდან. ეს ქვეყანა მისი გუნდის ყველა წევრმა უნდა დატოვოს.
(…)
- მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს კორუფციასთან მებრძოლის პოზა აქვთ დაკავებული. [თუ ისინი კორუფციას ებრძვიან], საიდან აქვთ ფული საკმაოდ ხელგაშლილი ცხოვრებისათვის?
- ტენდერები ხომ არავის არ გაუუქმებია… პლუს მაღალი ხელფასები და პრემიები…
«Stratfor» (აშშ), 04 დეკემბერი, 2016 წელი
https://www.stratfor.com/analysis/russias-path-another-resurgence
გზა რუსეთის პოზიციების აღდგენისაკენ
ევროკავშირსა და აშშ-ში ამჟამად მიმდინარე მოვლენების ფონზე პოსტსაბჭოთა ქვეყნები მოსკოვისადმი პოლიტიკის შეცვლას იწყებენ
აშშ-ში და ევროკავშირში არსებული ცვალებადი პოლიტიკური განწყობები სიტუაციას იქამდე მიიყვანს, რომ მოსკოვი ყოფიულ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენას გააძლიერებს, ხოლო თვითონ „რუსეთის პერიფერიული ქვეყნები“ თავიანთ საგარეოპოლიტიკური კურსის გადაფასებას მოახდენენ, – ასეთია აშშ-ის კერძო სადაზვერვო-ანალიტიკური ცენტრის «Stratfor»-ის პოზიცია, რომელსაც შემოკლებული სახით გთავაზობთ:
როგორც ჩანს, დღეს, როცა მოსკოვსა და დასავლეთს შორის კრიზისის დაწყების შემდეგ სამი წელი გავიდა, რუსეთის მდგომარეობა გამოსწორების პროცესშია. ამ ზაფხულს მომხდარმა „ბრექსიტმა“ ევროკავშირში არსებული ღრმა უთანხმოება აჩვენა, რომელმაც, თავის მხრივ, მოსკოვს სანქციების გაგრძელების დაბლოკვის იმედი გაუჩინა. მართალია, ევროკავშირის ყველა წევრმა ხმა ამას წინათ კვლავ მისცა ანტირუსული შეზღუდვების გაგრძელებას, მაგრამ იმ არჩევნების შედეგებს, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, სანქციების საკითხისადმი ევროკავშირის ერთიანი მიდგომის ძირის გამოთხრა შეუძლია. ამასთან, ისიც საყურადღებოა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების შესაძლებლობა გააჩინა და შესაძლოა, ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციებიც კი მოუხსნას.
მოსკოვის წარუმატებლობის ბევრი მიზეზის სათავე 2014 წელს მომხდარ ამბებშია, როცა ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო აღმ.უკრაინაში კი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. დასავლეთმა ანტირუსული სანქციები შემოიღო, იმ ხანებშიც ნავთობზე ფასები დაეცა. ის წარმატეტები, რომლებსაც რუსეთმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებით ბოლო ათწლეულში მიაღწია, თითქმის გაუფასურდა. რუსეთის ეკონომიკაში რეცესიული პროცესები დაიწყო. იმავდროულად მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ აქტიური ძალისხმევა დაიწყეს ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების განმტკიცების მიზნით.
თუმცა ევროკავშირსა და აშშ-ში ამჟამად მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა ქვეყნები თავიანთი პოლიტიკის შეცვლას იწყებენ. მაგალითად, მოლდოვაში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელშიც პრორუსმა კანდიდატმა იგორ დოდონმა გაიმარჯვა, დამაჯერებლად აჩვენა, რომ ევროკავშირისადმი ამ ქვეყნის ინტერესი სუსტდება. მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი პრეზიდენტი „ყველა აფრას ასწევს“ და თავის ქვეყანას მოსკოვთან ალიანსამდე მიიყვანს, მაგრამ იგი მაინც შეეცდება რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები განამტკიცოს.
საქართველოც კვლავ აგრძელებს რუსეთთან თავისი პოზიციის შერბილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში, რომლებიც 2008 წელს რუსეთთან მომხდარი ხანმოკლე ომის დროს მოვლენების ეპიცენტრში იყვნენ. უფრო მეტიც – თბილისი ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მომავალ წელს, მოსკოვთან კავშირებს, ალბათ, კიდევ უფრო განამტკიცებს.
რაც შეეხება უკრაინას, კიევს მეტად აღარ უნდა ჰქონდეს იმედი იმისა, რომ დასავლეთი „უწყვეტად გააგრძელებს“ მისთვის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ცხადია, უკრაინაშიც ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონბასში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, იქ პრორუს ლიდერს აირჩევენ, მაგრამ აშშ-ში და ევროკავშირში მომხდარი ცვლილებების გამო უკრაინის ხელისუფლება იძულებული გახდება შეარბილოს თავისი მკაცრი პოზიცია მინსკის მოლაპარაკების მიმართ და რუსეთთან „უფრო შემრიგებლური“ პოლიტიკა განახორციელოს.
გამორიცხული არაა, რომ რუსეთის ფედერაციის მოკავშირეები პოსტსაბჭოთა სივრცეში თავიანთ საგრეოპოლიტიკურ კურსს ასევე გადასინჯავენ. მართალია, ბელარუსისა და ევროკავშირის ურთიერთობაში ერთგვარი „დათბობა“ შეინიშნება, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. რუსეთის სამხრეთკავკასიელმა მოკავშირე სომხეთმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების გამო, მოსკოვისადმი „ურყევი ერთგულება“ ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ აშშ და ევროკავშირი მოსკოვთან შერიგებას დაიწყებენ, მაშინ კრემლს მეტი შესაძლებლობა მიეცემა ბაქოსა და ერევანს შორის მთავარი არბიტრის როლი შეასრულოს.
იმ ქვეყნებსაც კი შეუძლიათ თავიანთი კურსის შეცვლა, რომლებიც რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე იდგნენ. მაგალითად, ახლახან მოსკოვმა მოლაპარაკებები გამართა უზბეკეთთან და აზერბაიჯანთან სამხედრო საკითხებში. გარდა ამისა, რუსეთს შეუძლია გააქტიუროს თავისი მუშაობა ევრაზიული ინტეგრაციის მიმართულებით და ამისთვის ისარგებლოს ევრაზიული ეკონომიკურ კავშირით და „ოდკბ“-ით (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციით), განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროკავშირში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ხელს უშლის „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამის განვითარებას.
ამრიგად, მომავალ 2017 წელს რუსეთს აქვს შანსი იმისა, რომ უფრო მეტად გააძლიეროს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ ქვეყანაზე, თუმცა არა იმდენად, როგორც ეს 2010 წლამდე იყო. დასავლეთმა ანტირუსული სანქციები რომც შეარბილოს, ნატო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები მაინც არ შეწყვეტენ მხარდაჭერას „რუსულ პერიფერიაში“ მდებარე თავიანთი მოკავშირეებისადმი. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპასა და აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს მოსკოვი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, რათა ევრაზიაში პოზიციები აღიდგინოს.
————-
რუსეთის მასმედიაში უკვე გამოქვეყნდა კომენტარები «Stratfor»-ის ანალიზის შესახებ. გამოცემა «Свободная пресса»-ისადმი მიცემულ ინტერვიუში რუსი პოლიტოლოგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსეი გუსევი ამბობს, რომ დასავლეთი მოსკოვთან კონფრონტაციას კვლავაც გააგრძელებს. იგი აღნიშნავს, რომ «Stratfor»-ელ ანალიტიკოსებს მხედველობიდან ბევრი რამ გამორჩათ – მაგალითად ის, რომ მათ არაფერი უთქვამთ, თუ რატომ უშლის ხელს დასავლეთი რუსეთს საერთაშორისო არენაზე გააქტიურების დროს. ალექსი გუსევი ყურადღებას უთმობს აგრეთვე პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებს:
„რასაკვირველია, ევროკავშირთან შედარებით, დღეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ძალიან სუსტია. გადასარევი იქნებოდა, მასში რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შედიოდეს. თუმცა სიტუაცია ისე ყალიბდება, რომ მოლდოვა რუსეთისაკენ შემობრუნდება. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან ასევე მოხდება უკრაინაშიც. მე ვგულისხმობ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებსაც, თურქმენეთსაც კი. „უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ძალები მოვიდნენ, რომლებმაც ევროპასთან ინტეგრაციის ტალღით ისარგებლეს. მაგრამ ევროკავშირს ეს ქვეყნები არ ჭირდება. ბრიუსელს მხოლოდ ის სურს, რომ ისინი რუსეთს ჩამოაშოროს, მაგრამ მოსახლეობა ამას ხვდება. სწორედ ამიტომაა, რომ უკრაინის მოსახლეობის მეტი ნაწილისათვის რუსეთი მოძმე ქვეყნად ითვლება“, – ამბობს ალექსეი გუსევი ინტერვიუში (წყარო: http://svpressa.ru/politic/article/161895/?rss=1).