«The Epoch Times» (აშშ): „ცივი ომის გაკვეთილები“ საქართველოსთან მიმართებით
«Tehran Times» (ირანი): საქართველო ირანთან, ბუნებრივი გაზის იმპორტის მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებს
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): ირანი აზერბაიჯანის გაზის ბაზარსაც არყევს?
——————–
«The Epoch Times» (აშშ), 5 იანვარი, 2016 წელი
http://www.theepochtimes.com/n3/1934089-cold-war-lessons-relevant-again-in-georgia/
„ცივი ომის გაკვეთილები“ საქართველოსთან მიმართებით
„ლონლი პლანეტის“ - მსოფლიოში უდიდესი სამოგზაურო გამომცემლობის მიერ გამოცემულ წიგნებში ოთხმილიონიანი საქართველოს შესახებ აღტაცებულ შთაბეჭდილებებს ვნახავთ: „[ეს] არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა… აქ განსაკუთრებულად ამაყი, მამაცი და ცივილიზებული ხალხი ცხოვრობს“, – ასე იწყება სტატია ამერიკულ გაზეთ The Epoch Times-ში (ავტორი – დევიდ კილგური), რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია ბოლო 10 წლიას განმავლობაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებზე.
„აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს ძალიან მტკივნეული ისტორია აქვს: 1801 წლიდან ქართველები ჯერ რუსეთის მეფეების, შემდეგ კი, 1921 წლიდან, საბჭოთა იმპერიის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. სრული დამოუკიდებლობა საქართველომ მხოლოდ 1991 წელს აღიდგინა“, – ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლად გამოცხადებისთანავე საქართველოში სეპარატიზმი გაძლიერდა და 1992-1993 წლების კონფლიქტების დროს აფხაზეთი და სმხრეთ ოსეთი ჩამოსცილდა.
„პოსტკომუნისტურ წლებში საქართველომ დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური რყევები განიცადა, 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი იქნა არჩეული. მან დემოკრატიული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, ეფექტურად ებრძოდა კორუფციასაც. სამწუხაროდ, 2008 წლის ზაფხულში, მიხეილ სააკაშვილმა, თვლიდა რა სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად, ამ რეგიონის გაკონტროლება განიზრახა. როგორც ჩანს, იგი არასწორად ფიქრობდა, რომ „მას მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისაგან“. მიხეილ სააკაშვილის მოქმედების საპასუხოდ, უეჭველია, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ, დაიბომბა საქართველოს ქალაქებიც. ქართული არმია რამდენიმე დღეში დამარცხდა. პროდასავლურად განწყობილ მიხეილ სააკაშვილს ნატოში გაწევრიანებას დაპირდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ მაშინაც და ახლაც, ნატოს [რუსეთის წინააღმდეგ] ბრძოლა არ სურს. მიხეილ სააკაშვილს ბრალად [ომის გაჩაღება] და მშვიდობის დარღვევა წაუყენეს. ამასთან საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი, აგრეთვე მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა თვლის, რომ მისი ორი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ჯარების მიერაა ოკუპირებული“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად განხორციელდა: საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „ერთიანი ნაცმოძრაობა“ დამარცხდა, მისმა კონკურენტმა „ქართულმა ოცნებამ“ კი გაიმარჯვა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ გასულ წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოპოზიციაზე შეტევის განხორციელება განიზრახა და ამ მიზნით ის ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც [„ნაციონალების“ მმართველობის დროს] ციხეში პატიმრების წამების მომენტები იყო ასახული. ასევე დაიწყო მცდელობები ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი-2“-ის საქმიანობის შეზღუდვის მიზნით. გავრცელდა აგრეთვე უკრაინული „ვიკილიქსის“ მიერ მოპოვებული მასალები „ნაცმოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბრების თაობაზე ოდესის ოლქის გუბერნატორთან.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „რუსეთი ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში გავლენის გაძლიერებას ცდილობს – მაგალითად, საქართველოში და სურს, რომ იქ მარიონეტული ხელისუფლება იყოლიოს. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეოპოლიტიკური მოვლენებით მანიპულირებს. 2014 წლიდან დაწყებული, კრემლი უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა, რუსეთი კი ამ დროს თავს დაუსჯელად გრძნობდა“. ამასთან, ავტორი იმასაც წერს, რომ უკრაინაში რუსეთმა თავისი მიზნები სრულად ვერ განახორციელა და დასავლეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების გამო უკან დაიხია.
„როგორ მუშაობს დღეს კრემლის პროპაგანდისტული მანქანა? უკრაინაში განცდილი მარცხის შემდეგ მოსკოვმა მზერა ახლო აღმოსავლეთს მიაპყრო იმ მიზნით, რომ მსოფლიოს ყურადღება სირიის მოვლენებზე გადაიტანოს. ისევ გრძელდება დეზინფორმაციის გავრცელება“, – აღნიშნულია სტატიაში და ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დემოკრატიულმა მეგობრებმა აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ მოსკოვის მცდელობებს პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის გაძლიერების თაობაზე.
სტატიის დასასრულს ავტორი ეთანხმება ამერიკელი ჟურნალისტის მელიქ კეილანის მიერ ორი თვის წინ ჟურნალ „ფორბს“-ში გამოქვეყნებული სტატიის დედააზრს: ცივი ომის დროს დასავლეთმა მოსკოვის პოლიტიკა კარგად გააცნობიერა, „დადგა დრო, რომ ახლაც გავიგოთ“.
«Tehran Times» (ირანი), 5 იანვარი, 2016 წელი
http://www.tehrantimes.com/index_View.asp?code=252005
საქართველო ირანთან, ბუნებრივი გაზის იმპორტის მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებს
გაზეთ Tehran Times-ში გამოქვეყნებულ სტატია ირანიდან საქართველოსა და სომხეთში ბუნებრივი გაზის იმპორტის საკითხს ეხება.
„საქართველო ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებს ბუნებრივი გაზის მიწოდების მიზნით, რომელიც თბოლექტროსადგურის მუშაობისთვისაა საჭირო, – განაცხადა ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალი-რეზა ქამელმა. მისი თქმით, საქართველო შიდა მოხმარებისთვის თხევად გაზს ირანიდან სომხეთის ტერიტორიის გავლით მიიღებს. ეს გაზი ევროპაში ექსპორტისათვის განკუთვნილი არ არის, მისი მოცულობა დღეში მხოლოდ 300-500 მილიონ ფუტს შეადგენს (ანუ დაახლოებით 8-14 მილიონ კუბმეტრს). ირანული გაზი ძირითადად განკუთვნილია თბოე-ლექტროსადგურის მუშაობისათვის.
ამჟამად ირანი ბუნებრივი გაზის ექსპორტს ახორციელებს თურქეთში, სომხეთში (ელექტრონერგიაზე ბარტერით), აზერბაიჯანში, ხოლო ერაყს უახლოეს ხანში მიაწვდის
როგორც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა ამასწინანდელ ინტერვიუში გაზის პერსპექტიულ შესყიდვასთან დაკავშირებით, ბუნებრივ საწვავის შესაძენად საქართველოს რაიმე განსაკუთრებული ალტერნატივა არ აქვს, ამიტომაც მოუწევს გაზი ირანიდან სომხეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღოს.
როგორც ქართული მასმედია იუწყება, საქართველო ირანში სასმელი წყლის ექსპორტს გეგმავს, სანაცვლოდ კი ირანიდან ბუნებრივ გაზს მიიღებს.
ირანის ნავთობის მრეწველობის მინისტრმა ბიჯან ზანგენემ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში განზრახულია ირანმა თავისი წილი გაზით გლობალურ ვაჭრობაში მნიშვნელოვნად გაზარდოს და დღევანდელი 1%-დან 10%-მდე ავიდეს. ამჟამად ირანში ყოველდღიურად საბადოებიდან 600 მილიონ კუბმეტრ გაზს იღებენ. დაგეგმილია, რომ ორი წლის შემდეგ ეს მოცულობა გაორმაგდება. აღსანიშნავია, რომ ირანს ბუნებრივი გაზის მარაგით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია – 34 ტრილიონი კუბმეტრი.
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 6 იანვარი, 2016 წელი
ირანი აზერბაიჯანის გაზის ბაზარსაც არყევს?
ელნურ მამედოვი
სამხრეთ კავკასიის გაზის ბაზარი თითქოსდა დიდი ხანია რაც გაყოფილია. რეგიონი, სადაც სამი სახელმწიფო – აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი მდებარეობს, ფართობით და ტერიტორიით დიდი არ არის, მაგრამ ენერგორესურსებით მდიდარია. ამასთან, ნავთობ-გაზის საბადოები არათანაბრადაა განაწილებული. აზერბაიჯანს თავისი ჭარბი ნახშირწყალბადები საზღვარგარეთ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გააქვს, პარალელურად კი მეზობელს სოციალური და კომერციული გაზით უზრუნველყოფს. სომხეთი, რომელიც აზერბაიჯანთან საომარ მდგომარეობაშია, გაზს ირანიდან და რუსეთიდან იღებს, საქართველოს ტერიტორიის გავლით. შესაბამისად, თბილისი გაზის ტრანზიტის გამო, განსაზღვრული რაოდენობის რუსულ „ცისფერ საწვავს“ უფასოდ ღებულობს.
დიახ, აზერბაიჯანი საქართველოსთვის გაზის ძირითადი მიმწოდებელია და ამ ქვეყნის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა უკავია. მაგრამ ბოლო დროს რაღაც უხილავი ძალა უკვე ჩამოყალიბებული წესრიგის დარღვევას ცდილობს. პირველად ამ საკითხში საქართველოს ვიცე-პრემიერის სახელმა გაიჟღერა, როცა კახა კალაძემ რუსეთის „გაზპრომ“-თან მოლაპარაკება დაიწყო გაზის დამატებითი რაოდენობის მიწოდებასთან დაკავშირებით. იმავე ხანებში ცნობილი გახდა, რომ ქართველი მინისტრი მოლაპარაკებას ირანთანაც აწარმოებს, სომხეთის ტერიტორიის გავლით ირანული გაზის მიღების მიზნით. და აი, გუშინ ირანული მასმედიის ცნობით. ირანის გაზის საექსპორტო ეროვნული კომპანიის დირექტორმა ალი-რეზა კამელმა განაცხადა, რომ თეირანი მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოსთან, რომლის თანახმად, გაზს ირანი სომხეთის საზღვართან მიიტანს, შემდეგ კი იქიდან საქართველო წაიღებსო… გამოდის, რომ სომხეთი მზადაა ირანისათვის ტრანზიტული ქვეყანა გახდეს?
ირანის მიზნები ადვილად გამოსაცნობია: როგორც თვითონ ალი-რეზა კამელი ამბობს, საქართველო კავკასიის ბოლო ქვეყანაა, რომელიც ირანული გაზით არ მარაგდება და თუ ეს მოლაპრაკება წარმატებით დასრულდება, მთელი კავკასია ირანული გაზის კლიენტი გახდებაო. მართლაცდა, თეირანს გაზის მიწოდების შეთანხმებები აქვს დადებული აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ახლა კი საქართველოსთანაც გააფორმებს… თბილისისთვის გაზის მოცულობა დიდი არ იქნება, 15 მილიონამდე კუბმეტრი. თითქოსდა ამაზე შეშფოთება არ ღირს, მაგრამ… მოდით, ვიმსჯელოთ: აშკარაა, რომ ირანს ამ საქმის ფინანსური მხარე არ აინტერესებს, მისთვის მთავარი ქართულ ბაზარზე შესვლა, პერსპექტიული მიზნით. თუ სომხეთის ბაზარი უკვე ათვისებული აქვს, რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს საქართველოს მიმართაც? მაგრამ რა ვუყოთ გაზის მცირე მოცულობას? საქართველოს 15 მილიონი კუბმეტრი მხოლოდ ორი ან სამი დასახლებული პუნქტისათვის ეყოფა, ან თბოელექტროსადგურისათვის. ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პროექტი ყველაზე მეტად სომხეთს ჭირდება, რომელიც თვითონ ვერავის ვერაფერს სთავაზობს, მაგრამ მზაკვარია და სხვებს ცუდ საქმეს უკეთებს.
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთის ხელისუფლებას მთელი ქვეყნის გაზიფიცირება სურს, აღმოსავლეთის მიმართულების ჩათვლით; მეორე – საქართველოსკენ 15 მილიონი კუბმეტრი ირანული გაზის ტრანზიტით მიღებული ბუნებრივი საწვავის მოცულობა ამ ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება და მესამე – მართალია, მომავალი გაზსადენის მარშრუტი ჯერ უცნობია, მაგრამ სომხეთი შეეცდება, რომ გაზი სომხებით დასახლებულ ჯავახეთის რეგიონში შევიდეს. ამით ჯავახეთი სულ უფრო მეტად იქნება იზოლირებული საქართველოსგან და უფრო მეტად ინტეგრირებული სომხეთთან.
თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ირანული გაზს საქართველო რეალურად მიიღებს. ჯერ-ჯერობით კი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანთან დღეისათვის არანაირი შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად, ამ ეტაპზე ირანული გაზის იმპორტის საკითხი გადაწყვეტილი არ არისო. „ირანი მსოფლიოში გაზის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელია და აქედან გამომდინარე, საქართველო ყველა პოტენციურ მომწოდებელთან აგრძელებს მოლაპარაკებას გაზით მომარაგების საკითხში, გრძელვადიანი პერსპექტივით“.
ეს ნიშნავს, რომ საუბარი ირანული გაზის საქართველოსთვის მიწოდების თაობაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ საუბრად რჩება. რა თქმა უნდა, თბილისი არ მალავს თავის სურვილს დამატებითი მოცულობის ბუნებრივი საწვავის მიღების შესახებ და ამ მიზნით აგრძელებს მოლაპარაკებას როგორც მოსკოვთან, ასევე ბაქოსთანაც. საკითხი ღიაა და არავინ იცის, უპირატესობა ვის მიენიჭება, თუმცა დიდი შესაძლებლობა არსებობს, რომ ეს უფლება აზერბაიჯანულმა მხარემ მიიღოს, რომელსაც ჩრდილოეთ და სამხრეთ მეზობელთან შედარებით, უფრო მეტი ეკონომიკური უპირატესობა აქვს.