«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ინფლაცია საქართველოში: მიზეზები და შედეგები // რას აკეთებს ხელისუფლება ფასების ზრდის წინააღმდეგ?
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ინტერვიუ თურქეთის ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან: „თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი ხდება ისეთი, რის გამოც აღელვება ღირდეს“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ფრთხილი ოპტიმიზმი აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობაში: ამერიკელი ექსპერტების პროგნოზები
«Известия в Украине» (უკრაინა): „უვიზო რეჟიმი“ ქართველებისთვის ანუ „ოქროს სიზმარი“
«Каспiй» (აზერბაიჯანი): არის ზეიმის მიზეზი // საქართველომ დიდი ხნის ნანატრი უვიზო რეჟიმი მიიღო
«Iran Russian Radio – Pars Today // ირანის რუსული რადიო» (ირანი): უვიზო რეჟიმი – ევროკავშირის საჩუქარი პროდასავლურ ქვეყნებს
—————–
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//რადიო თავისუფლება» (აშშ), 5 თებერვალი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/sakartveloshi-inflaciaa/28279105.html
ინფლაცია საქართველოში: მიზეზები და შედეგები
რას აკეთებს ხელისუფლება ფასების ზრდის წინააღმდეგ?
კახა მჭედლიძე
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 2.9 % შეადგინა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი თითქმის 4 %-ით გაიზარდა. რამ გამოიწვია ეს ინფლაციური პროცესი და რას უპირისპირებს მას საქართველოს ხელისუფლება?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვრის თვის ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 4,2 %-ით. შესაბამისად, ამ ჯგუფმა საერთო ინფლაციაში 1,27 პროცენტული წვლილი შეიტანა. უფრო მეტად, 6,2 პროცენტით, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს პროდუქცია. ფასები 22 პროცენტზე მეტად გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ქვეჯგუფში. გაძვირდა, ასევე, ხილი და ყურძე ნი თითქმის 9 პროცენტით; რძის, ყველისა და კვერცხის ფასმა 3 პროცენტზე მეტად მოიმატა; ამგვარადვე გაძვირდა ზეთისა და ცხიმის ქვეჯგუფი; თითქმის 3-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა თევზეულსა და ხორცპროდუქტებზე.
ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 %-ით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (10,1 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 %).
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემების მიხედვით, მასზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,8 %-ით. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,0 %); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო – ფასები გაიზარდა თითქმის 19 პროცენტით (18,9 %) და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (40,2 %); მოცემულ პერიოდში 3,3 %-ით გაძვირდა, ასევე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, რაც თითქმის 1 პროცენტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
ეკონომისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ინფლაციის ძირითადი გამომწვევი მიზეზი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია. „კავკასიისა“ და „საქართველოს“ უნივერსიტეტების პროფესორის აკაკი ცომაიას, კომენტარი: „ინფლაცია რომ გაიზრდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან 2016 წლის ბოლოს მთავრობამ გაზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, ასევე თამბაქოზე, რის გამოც ცხოვრება გაძვირდა…“.
აკაკი ცომაიას აზრით, თუ ინფლაციური მოლოდინები დასრულდა, ფასების ერთჯერადი ზრდის შემდეგ ინფლაციის პროცესი დასრულდება და ფასების მიღწეული დონე შენარჩუნდება, თუ ინფლაციის დამატებითი პროვოცირება სხვა მიზეზებით არ მოხდა.
ინფლაციის რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ინფლაციური მოლოდინების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა უკვე გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ლარში გაცემული სესხების პროცენტის ზრდასაც იწვევს. არადა, პარალელურად მთავრობა ლარიზაციის პროგრამას ახორციელებს, რომლისთვისაც 65-მილიონიან სუბსიდიას გასცემს.
ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, გალარების პროგრამის მონაწილეებს, ისევე როგორც ბევრ სხვას, სესხები გაუძვირდებათ. იგი, ისევე როგორც ეკონომისტების დიდი ნაწილი, ინფლაციური რისკებისა და სავალუტო კრიზისის დასაძლევად საჭიროდ მიიჩნევს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას. მათი აზრით, საქართველოსთვის მთავარ პრობლემას ეკონომიკური ზრდის დაბალი დონე წარმოადგენს და რომ მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//რადიო თავისუფლება» (აშშ), 5 თებერვალი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/tsiteli-zona/28279296.html
ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან: „თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი ხდება ისეთი, რის გამოც აღელვება ღირდეს“
აშშ-ის რადიო „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ ქართულმა რედაქციამ (პროგრამა „”წითელი ზონა“) 4 თებერვალს გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვიდეოჩანაწერი თურქეთის ელჩთან საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან, რომელსაც გიორგი გვახარია უძღვებოდა.
ელჩმა ისაუბრა დღევანდელი თურქეთის საშინაო პოლიტიკაზე, ევროკავშირთან და ნატოსთან დამოკიდებულებაზე… მისი თქმით, თურქეთი დიდი ხანია მიილტვის ევროპისაკენ, ნატოს წევრ ქვეყნებთან არავითარი პრობლემები არ არსებობს, მაგრამ არის გაურკვევლობა ევროკავშირთან. ევროპელი ლიდერები თურქეთს დემოკრატიის პრინციპების დარღვევებს საყვედურობენ, ხშირადაა ანტითურქული კრიტიკული სტატიები ევროპულ პრესაში, ევროკავსირის ლიდერების განცხადებებში. არადა, ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეეესაბამება, ევროპული პრესა არასწორად აშუქებს თურქულ რეალობას…
ზექი გუმრუქჩუმ აღნიშნა, რომ თურქეთსაც აქვს ევროპისადმი პრეტენზიები, რადგან ევროპელები დაპირებებს არ ასრულებენ, ისინი ბევრ საკითხში რეალობას არასწორად აღიქვამენ, მაგალითად, დემოკრატიის დაცვის სფეროში. თურქეთში დამოუკიდებელი სასამართლო მოქმედებს და თუ რომელიმე ჟურნალისტს აპატიმრებენ და ციხეში გზავნიან, მას პროფესიულობისთვის კი არ სჯიან, არამედ კონკრეტული დანაშაულის ჩადენისათვის, მაგალითად, ტერორიზმის პროპაგანდისათვის.
თურქეთში ისლამიზმის „გაძლიერების“ შესახებ შეკითხვის პასუხად ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა (ანუ მთავრობა და რელიგია ერთმანეთისაგან ცალკე არსებობენ). რაც შეეხება მუსტაფა ქემალის იდეებს, მისი მოძღვრება თურქეთისათვის წმიდათა წმინდაა. „მუსტაფა ქემალი თურქებს უფალმა გამოუგზავნა. მის იდეებს არავინ ეხება, უბრალოდ, მიმდინარეობს დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე“. სასკოლო სახელმძღვანელოებში მუსტაფა ქემალის შესახებ შეტანილი ცვლილებები პრინციპული არაა, უბრალოდ, „თუ ადრე მის ყოველდღიურ ცხოვრებას სწავლობდნენ, ახლა უფრო მეტი ყურადღება ანალიტიკურ ხედვებს ეთმობა…“.
———–
რაც შეეხება კითხვებს და პასუხებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის თაობაზე, გთავაზობთ ინტერვიუს სტენოგრამას:
გიორგი გვახარია: 1990-იან წლებში საქართველოში თურქეთს „ევროპულ ფანჯარას“ უწოდებდნენ, რადგანაც ქართველებმა ევროპაში მოგზაურობა სტამბოლის გავლით დაიწყეს და მარტო ევროპაში კი არა, არამედ მთელ მსოფლიოში. შეიცვალა თუ არა რამე სამხედრო გადატრიალების [მცდელობის] შემდეგ? პრინციპში ესაა ის მთავარი კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: სულაც არ შეცვლილა. ვფიქრობ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ყოველდღიურად მყარდება და ძლიერდება. გასული წლის 19 ივლისს გადატრიალების მცდელობის შემდეგ ბატონი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი, პირველი სახელმწიფო მეთაური იყო, რომელიც ჩამოვიდა და მხარდაჭერა გამოუხატა თურქეთის მთავრობასა და ხალხს. ამას ჩვენ არ ვივიწყებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი ურთიერთობა უფრო მყარი და უფრო ღრმა, უფრო მტკიცეა. ფაქტობრივად, ეს ვიზიტი იყო პირველი შეხვედრა უმაღლესი სტარტეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ არა მხოლოდ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ძალას არ დავიშურებთ საიმისოდ, რომ ეს ინტეგრაცია წარმატებით დასრულდეს – ეს იქნება ნატოში გაწევრიანება, რომლის წევრები ჩვენს ვართ თუ ევროკავშირთან ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ საქართველოს მუდამ მხარდაჭერას ვუცხადებთ, მომავალი წევრობის პერსპექტივის გათვალისწინებით. მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. თურქეთი გახლავთ არამხოლოდ ფიზიკური ხიდი ევროპასა და საქართველოს შორის, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკურიც.
გიორგი გვახარია: მე ვიცი, რომ ნამდვილად არაფერი ემუქრება ქართულ-თურქულ ურთიერთობას, მაგრამ მე ვთქვი ის, რომ „ფანჯარა ევროპაში“ იყო-თქო და ამაში პირველ რიგში ევროპისა და დასავლეთის თურქეთთან ურთიერთობა ვიგულისხმე…
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: მე კი საქართველოთი დავიწყე…
გიორგი გვახარია: კი, ბატონო, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობას [ინტერვიუს] ბოლოში დავუბრუნდებით… [საერთოდ], ქართველმა ხალხმა კარგად იცის, თუ რა ხდება საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში, მაგრამ არ იციან, თვით თურქეთში რა ხდება. მე მგონი დამეთანხმებით, რომ ინფორმაცია ცოტა აქვს საზოგადოებას. ეს, ალბათ, მედიის ბრალიც არის.
(…)
გიორგი გვახარია: ჩვენ სულ სამი წუთი დაგვრჩა და არ შეიძლება, რომ არ დავამთავროთ ქართულ-თურქული ურთიერთობებით. თქვენ იცით, ალბათ, რომ არჩევნების წინ [საქართველოს] ზოგიერთი ნაციონალისტური პარტია და, პირდაპირ შეიძლება ითქვას – ქსენოფიობიური პოლიტიკური ძალები საუბრობდნენ თურქეთის ისლამიზაციაზე და საშიშროებაზე, რომ ისლამიზაცია, ასე ვთქვათ, გადმოვა საქართველოს საზღვრებზეო. მე მინდა, რომ ამ ხალხს უპასუხოთ…
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: სამწუხაროდ, ჩვენ ამის მოწმენი ვართ. საბედნიეროდ, ბრძენი ქართველი ხალხი ასეთ იდეებს ყურადღებას არ უთმობს – ის, ხალხი, ვისაც საღი აზრი აქვს. თურქეთში ისლამიზაცია არ მიმდინარეობს, ეს არის სეკულარული დემოკრატიული ქვეყანა, აგებული და დამყარებული კანონის უზენაესობაზე და ამას საქართველოშიც ყველა ხედავს. ასევე ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთირთობა მეტად მყარ საფუძველზე დგას. ეს ზეპოლიტიკური რამ არის. ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს თუ თურქეთის ხელისუფლებაში, ორივე გააგრძელებს მეზობლობას, მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ მრავალი საკითხი გვაერთიანებს ჩვენი ღირებულებების, კულტურის და სტრატეგიული პროექტების თვალსაზრისით, როგორიც არის ენერგეტიკა, სატრანსპორტო საკითხები. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ სადღაც აღმოვჩნდეთ და ვფიქრობ, ეს ქართველ ხალხსაც ესმის, ქართველი ხალხი ამას აცნობიერებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენს წინაშე, რომ არაფერი ხდება ისეთი, რის გამოც აღელვება ღირდეს.
რაც შეეხება ძირითად ორიენტირებს, ძირითად ღირებულებებს და უფლებებს და ისევ და ისევ რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მაქსიმალური საშუალებებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებში. 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს პირველი პარტნიორი იყო, ახლა კანადამ გაგვასწრო სამედიცინო იმპორტის ხარჯზე, მაგრამ თურქეთი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თურქი ინვესტორები ყველგან აბანდებენ თანხებს, ყველა სექტორში. ეს მართლაც ჩვენი ურთიერთობის უნიკალური მახასიათებელი ნიშნებია. თურქები და ქართველები არა მხოლოდ უვიზოდ, არამედ უპასპორტოდაც კვეთენ ერთმანეთის საზღვარს. ეს არის სიმწიფისა და ნდობის დონე ორ ქვეყანას შორის. ეს გაგრძელდება. ამას ვადასტურებ, როგორც სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში“.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 თებერვალი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/us-georgia-relations-under-pres-trump/3707069.html
ფრთხილი ოპტიმიზმი აშშ-საქართველოს მომავალ ურთიერთობაში:
ამერიკელი ექსპერტების პროგნოზები
ია მეურმიშვილი
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, თუ როგორ გაგრძელდება ეს ურთიერთობა, რამდენად შენარჩუნდება დღემდე არსებული მხარდაჭერა და როგორ უნდა დაანახოს თბილისმა ვაშინგტონს საკუთარი მნიშვნელობა.
ამერიკის ხუთგზის ელჩი (მათ შორის, გაეროში და რუსეთის ფედერაციაში) თომას პიკერინგი აცხადებს, რომ ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორივე მხარემ უნდა იზრუნოს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მისი რჩევა წარსული პოლიტიკის გადახედვაა.
„ჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამას შორის საქართველოზე გარკვეული განგრძობითობა გვქონდა. როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს საკითხს განიხილავს – და ეს თემა არ იქნება პრიორიტეტული პოლიტიკის სიაში – უნდა გადახედონ წარსულს და შეაფასონ, რატომ გატარდა ესა თუ ის პოლიტიკა, რა შედეგს მივაღწიეთ, რას ვერა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტონ რა არის შესაცვლელი“, – განაცხადა კარიერულმა დიპლომატმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
თომას პიკერინგი ამბობს, რომ ამერიკა საქართველოს ახლო ურთიერთობის გაგრძელებას იმედიანად უყურებს, რადგან ორ ქვეყანას ბევრი საერთო ღირებულება და ინტერესი აქვს. თუმცა, იგი დასძენს, რომ „ქართველებმა უნდა განუმარტონ ადმინისტრაციას, თუ რა მიაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად ამ ურთიერთობაში, რამდენად ახლოსაა საქართველო ამერიკასთან და რატომ“.
თომას პიკერინგის თქმით, „ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ უნდა მოისმინოს საქართველოს მთავრობის პოზიცია“, რადგან „საბედნიეროდ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ტრადიციული კავკასიური ტიპის პრობლემები გვაქვს. სხვებისგან განსხვავებით, საქართველო პრობლემების გადაჭრას და მოგვარებას ცდილობს“.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს და კონგრესთან აქტიურ ურთიერთობას თბილისისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.
„თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს წარმატების და სამომავლო გეგმების შესახებაც უნდა გაიგოს“, – ამბობს უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში. „საქართველოს მთავარი გზავნილი მტკიცე ეკონიმიკური რეფორმები უნდა იყოს, რომ ყველამ დაინახოს, რომ ნატოს უსაფრთხოებაში თბილისს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეეძლება“, – აცხადებს იგი. ყოფილი ელჩი ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს სხვა გრძელვადიან მიზნებსაც უკავშირებს. მას მიაჩნია, რომ „დღეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარი პრობლემა არა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაა, არამედ ის, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი არ არის. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან საქართველოს გზავნილი ეკონომიკურად გაძლიერების პირობა უნდა იყოს“.
ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა პრიორიტეტები ექნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან. ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ამერიკა რუსეთის ე.წ. „გავლენის სფეროს“ არ აღიარებს და ამით საკუთარ პრინციპებს არ გადაუხვევს.
თომას პიკერინს მიაჩნია, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომლის პოზიცია და მიზნები ამერიკის ადმინისტრაციამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ ამასთან ერთად, ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობაში საკუთარი პოზიცია მყარად უნდა დააფიქსიროს: „თუ რუსეთი „გავლენის სფეროზე“ საუბრობს, მაშინ ამაში მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები უნდა შედიოდეს და არა ის, თუ ვინ მართავს „გავლენის სფეროში“ შემავალ ქვეყანას, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და როგორი უნდა იყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ამერიკა ამ პრინციპს, ვფიქრობ, დაიცავს“, – ამბობს თომას პიკერინგი.
ექსპერტებს უჭირთ პროგნოზების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საბოლოო პოზიცია ევრაზიის რეგიონთან მიმართებაში. ამ ეტაპზე, მათი ნაწილი საქართველოსთვის საფრთხეს ვერ ხედავს.
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს მიაჩნია, რომ „რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა მოსალოდნელია“ ისევე, როგორც ეს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებმა სცადეს. „საქართველომ წარმატებით გადაიტანა წინა ორი ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკა. არ მგონია ამ ეტაპზე ნერვიულობა ღირდეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ნამდვილად აუცილებელია“, – ამბობს ლარა ლინდერმანი.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის, ნატოზეც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებული პოზიცია შეიცვალა და ალიანსის მტკიცე მხარდაჭერის პირობა დადო, რაც საქართველოზეც დადებითად აისახება. მეორეს მხრივ, მან განაცხადა, რომ ამერიკას პირველ რიგში დააყენებს, რაც ექსპერტების აზრით, გარიგების პოლიტიკის გატარების სიგნალია.
«Известия в Украине» (უკრაინა), 6 თებერვალი, 2017 წელი
http://izvestia.kiev.ua/blog/show/84220
„უვიზო რეჟიმი“ ქართველებისთვის ანუ „ოქროს სიზმარი“
ალექსანდრე აბარინოვი
(შემოკლებით)
ახალი ამბავი: საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო! ამიერიდან ყველა თბილისელი და ქუთაისელი, სოხუმელი, ცხინვალელი, სიღნაღელი თუ თელაველი – მოკლედ, საქართველოს ყოველი მოქალაქე სადაც მოისურვებს, იქ წავა – საზღვარზე მხოლოდ [ბიომეტრულ] პასპორტს წარადგენს. ვენეციის არხების გონდოლებით გასეირნება, პარიზში ეიფელის კოშკიდან მზერა, ბერლინის ოქტობერ-ფესტზე ლუდის სმა, პამპლონაში ესპანური ხარების კორიდის ნახვა… მოკლედ, სილამაზე და მშვენიერება! ნათქვამია, ფული იყოს და სადაც დავხარჯავთ, ვიცითო…
საბჭოთა პერიოდში საქართველოში და უკრაინაშიც ბევრს ჰქონდათ პიანინო, რომელიც ევროპული კულტურის – ბახის, მოცარტის და სხვათა ნაწარმოების შესრულებით ევროპული კულტურის მაჩვენებელი იყო… საბჭოთა კავშირი დაიშალა, პიანინოები დარჩა, მაგრამ ვის სჭირდება ახლა ისინი, როცა გვერდით ქვემეხების გრუხუნი ისმის?
(…)
„ოქროს სიზმარი“ – ეს მათთვის, ვისაც სჯეროდა და კვლავ სჯერა შორეულ ევროპაში „ფანჯრის“ იოლად გაღება. უვიზო რეჟიმი უკვე რეალობაა, მაგრამ ახლა ქართველები კისერს იქექავენ: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი-ვენას ავიარეისი 300 ევრო ღირს, როგორ შეუთავსდება ერთმანეთს 300 ევრო და ქართველის ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 200 ლარის (70 ევროს) ოდენობით? ეს ყოველგვარ რომანტიკულ ოცნებას დაამუხრუჭებს… აბა, სად წახვალ 70 ევროდ, გენაცვალე, პამპლონაში თუ პარიზში?
ქართველებს, ამ მშვენიერ ხალხს, მემკვიდრეობად ვიზა კი არა, სიღარიბე ერგოთ მათგან, ვინც მის რეფორმირებას ცდილობდა მხოლოდ რეფორმირებისათვის. სწორედ ესაა მთავარი შლაგბაუმი ევროპის გზაზე. საქართველოში ცხოვრება იაფი არ არის, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საერთაშორისო კრედიტორები კარნახობდნენ, ანუ მთავრობამ მოსახლეობის ცხოვრების დონე [ნულამდე დაიყვანა].
რა მოგზაურობაზე შეიძლება ლაპარაკი? საქართველოში ფასები კვების პროდუქტებზე ულმობელი და არაადამიანურია: რძე – 23 გრივნა (100 გრივნა = 9,8 ლარს), ქათმის ხორცი – 100 გრივნა, კვერცხი – 3 გრივნა… 80 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობის დაქირავება თვეში (ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და ნაგვის გადასახადის გადახდით) 2600 გრივნა. მართალია, სამაგიეროდ, როგორც ამბობენ, საქართველოში საშუალო ხელფასი მატულობს და 960 ლარი ხდებაო (თითქმის 10 ათასი გრივნა). ჩვენთანაც ასეა – ზოგიერთი წელიწადში 300 კილოგრამ (!) დოლარს შოულობს, ზოგი 80 ათას გრივნას… გააჩნია, როგორ იანგარიშებ…
გასაგებია, რომ ევროპას ქართული და უკრაინული ფასებით ვერც გააკვირვებ და ვერც შეაშინებ – მარტო ვენის ტრამვაით მგზავრობისას ორი ევროს გადახდა დაგჭირდება! ჩვენთან კიევში, „ჟიტნი რინოკზე“ კილოგრამი მსუქანი ხორცი („სალო“) უფრო იაფი ღირს. ერთადერთი პლუსი, რასაც ქართველ კანონმორჩილ მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი აძლევს, ისაა, რომ მათ შეუძლიათ იმ 20 ევროს დაზოგვა, რასაც საკონსულოებში შენგენის ვიზისთვის იხდიდნენ. სხვათა შორის, სტუდენტები, მეცნიერ-მუშაკები და პენსიონერები ამ 20 ევროსაც არ იხდიდნენ. მაშინ კითხვა – განა მართლა ასე რთული და გადაულახავი იყო (და არის) ევროპაში წასვლა ქართველისა და უკრაინელისათვის – უპასუხოდ რჩება.
და საერთოდ, რისთვის ვიბრძოდით? იმისთვის, რომ ევროპაში 90 დღე ვიყოთ და მუშაობა არ შეგვეძლოს?
მეგობრები, რომლებიც ახალ 2017 წელს საქართველოში შეხვდნენ (ქართველები თავიანთ სამშობლოს «Сакартвело»-ს უწოდებენ), მოხიბლულები არიან: „იქ ყველა მღერის, ყველაფერი გემრიელია… ისეთი კამპანია იკრიბება, განშორება აღარ გინდა! სასაუბრო ენაც საერთო გვაქვს. ქართველს რაიმეს შეეკითხები, თან გადაგყვება – მიატოვებს სამუშაოს, წამოვა შენთან ერთად, ქუჩებს მიგასწავლის, აგიხსნის, ეკლესიის ისტორიას მოგიყვება, ბოლოს ღვინოს შემოგთავაზებს. ისინიც ისე ოცნებობენ ევროპაზე, როგორც ჩვენ… მაგრამ მათი ცხოვრების დონე ისეთია, რომ უახლოეს წლებში გაუმჯობესების პერსპექტივა არაა…“.
(…)
საქართველოს მეზობელი თურქეთი ევროპისაგან ისევ „დასჯილი“ რჩება – ანკარას უვიზო რეჟიმს არ აძლევენ… სამაგიეროდ, ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ანგარიშში კიდევ ერთი „მონიშვნა“ („გალოჩკა-პტიჩკა“) გააკეთა – კიდევ ერთ სახელმწიფო მოქალაქეებს მიანიჭა შესვლის უფლება. მთავარი მათთვის იმის რწმენაა, რომ პატარა, მართლმადიდებელი და კანონმორჩილი საქართველო, ევროპული რეფორმებით დასუსტებული ქვეყანა ევროპაში ექსტრემიზმს ვერ შეიტანს.
მოკლედ, აბსოლუტურად უსარგებლო „პიანინო“ უკრაინასაც და საქართველოსაც ძვირი დაუჯდათ – სოციალური პრობლემების უფსკრულად, უმუშევრობად, ტოტალურ გაღატაკებად და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებად…
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 04 თებერვალი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
არის ზეიმის მიზეზი
საქართველომ დიდი ხნის ნანატრი უვიზო რეჟიმი მიიღო
„საქართველოს „ქუჩაზე“ ზეიმია – გასულ ხუთშაბათს ევროპარლამენტმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების სესახებ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა უმაღლეს საერთაშორისო დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენი მეზობელი საქართველოს პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა, თავისი პოლიტიკური და სოციალური მრავალფეროვნებით, ზეიმით შეხვდა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – რაუფ ორუჯევი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ევროპარლამენტის იმ სხდომის მიმდინარეობა, რომელზეც ვიზალიბერალიზების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აღნიშნულია, რომ უვიზო რეჟიმი ძალაში შევა გარკვეული პროცედურების შემდეგ: ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს (მინისტრების დონეზე), შემდეგ ხელი უნდა მოაწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს თავმჯდომარემ. ვიზალიბერალიზებით საქართველოს მოქალაქეეები ისარგებლებენ ხელმოწერილი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ. სტატიაში ასევე ვრცლადაა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სპეციალური ბრიფინგის თაობაზე, რომლის დროსაც მან უვიზო რეჟიმითან დაკავშირებული განმარტებები გააკეთა.
ექსპერტთა თვალსაზრისი
დროებით გვერდზე გადავდოთ მოსახლეობის გასაგები სიხარული და საზეიმო განწყობა, „ციდან მიწაზე დავეშვათ“ და ისეთ კითხვებსაც ვუპასუხოთ საკუთარი თავისათვის, რომლებიც ადრე თუ გვიან წინ დადგება.
მოდით, გავარკვიოთ: პირველ რიგში – რას აძლევს რეალურად ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს? რა უფრო მეტია მასში – მატერიალურ-ეკონომიკური სარგებელი თუ დასავლეთის მხრიდან გამოვლენილი მორალურ-პოლიტიკური მხარდაჭერა? მეორე საკითხი – შეუძლია თუ არა უვიზო რეჟიმს საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის რაიმე სიკეთის მოტანა?
„კასპიის“ კორესპონდენტმა კომენტარისთვის მიმართა ცნობილ ქართველ ექსპერტს გელა ვასაძეს, რომელმაც უვიზო რეჟიმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს:
- ახლა ქართული პასპორტის ყველა მფლობელს შეუძლია ავიაბილეთი აიღოს და ევროკავშირის სასურველ ქალაქში გაემგზავროს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაც, რომ ჩვენ თურქეთთან დიდი ხანია უვიზო რეჟიმი გვაქვს, მოგზაურობა უკვე ავტომანქანითაც შესაძლებელია, საელჩოებში ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. საქართველოს მოქალაქეებისათვის დასავლეთში უდიდესი სივრცე გაიხსნა, ატლანტის ოკეანის ნაპირებამდე. ცხადია, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ასპექტებიც აქვს: საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დასავლეთის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ეგზისტენციალური არჩევანის შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში გამოიკვეთა. რაც შეეხება მეზობლებს, ჩვენთვის მონიჭებული უვიზო რეჟიმი, ბუნებრივია, მათ არ ეხებათ, მაგრამ საქართველოს ინტეგრირება დასავლეთთან მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. თუ საქართველო, საბოლოო ჯამში, ევროპული ქვეყანა გახდება, ეს ფაქტი, უეჭველად დადებით გავლენას მოახდენს ჩვენს მეზობლებზე და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, – თქვა გელა ვასაძემ.
კიდევ ერთმა ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა თენგიზ აბლოთიამ განაცხადა:
- უვიზო რეჟიმი ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სავიზო. ეს სარგებლობას მოუტანს არა იმდენად ქვეყანას საერთოდ, არამედ კონკრეტულ მოქალაქეებს, რომლებიც საკონსულოებთან რიგში დგომით დროს აღარ დაკარგავენ და მათთვის უკვე იოლი გახდება ევროპაში გამგზავრება, ვთქვათ, ტურისტული მიზნით, ან ნათესავების მოსანახულებლად, ანდა სულაც ბიზნესისათვის. უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ტერიტორიაზე 90 დღე დღით ყოფნის უფლებას გვაძლევს. რამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება ამ დროის განმავლობაში… მაგალითად, ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიება, თანაც მშვიდად, აუჩქარებლად, რადგან იცი, არავინ გაგაძევებს. რა ტქმა უნდა, უვიზო რეჟიმი საქართველოში ეკონომიკურ სიტუაციას ვერ შეცვლის, თუმცა ვიზალიბერალიზაციის მიზნებში ეს არც შედის. მთავარი მიზანი პროცედურები გაიოლებაა, გაჭიანურებული ლოდინის შემოკლებაა. ბევრი ევროპაში სწორედ იმიტომ არ დადიოდა, რომ საელჩო-საკონსულოების ბიუროკრატიასთან დაკავშირება არ სურდა. ახლა კი მათ საშუალება ექნებათ ყოველგვარი ლოდინის გარეშე გაემგზავრნონ ევროკავშირის სასურველ სახელმწიფოში.
რასაკვირველია, უვიზო რეჟიმის მოცემა პოლიტიკური მხარდაჭერაა. ეს თითქოსდა ის ბონუსია, რის გამოც ჩვენ 25 წლის განმავლობაში, რუსეთთან ომისა და სხვა უამრავი პრობლემის არსებობის პირობებში, უარი არ ვთქვით განვითარების ევროინტეგრაციულ მოდელზე. ჯერ-ჯერობით, მართალია, ამ მიმართულებით დიდი წარმატებები არ გვაქვს, მაგრამ უვიზო რეჟიმი წამახალისებელი საჩუქარია. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, არა მგონია, ჩვენთვის მოცემულმა ვიზალიბერალიზაციამ მათთვის რაიმე შეცვალოს.
«Iran Russian Radio – Pars Today // ირანის რუსული რადიო» (ირანი), 5 თებერვალი, 2017 წელი
http://parstoday.com/ru/news/world-i59061
უვიზო რეჟიმი – ევროკავშირის საჩუქარი პროდასავლურ ქვეყნებს
(სარედაქციო კომენტარი)
ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის უფლება მიიღეს, 90 დღის ვადით, რომელიც ძალაში, ალბათ, 2017 წლის მაის-ივნისიდან შევა. როგორც ჩანს იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ახლო მომავალში უკრაინის მიმართაც. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირმა საქართველოს და უკრაინას მადლობა გამოუცხადა რუსეთისაგან მაქსიმალური დაშორებისა და დასავლეთთან დაახლოების გამო.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის თანახმად, ევროკავშირს განზრახული აქვს სავიზო რეჟიმის გაუქმება კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ბელარუსთან. მოლდოვამ ვიზალიბერალიზება ორიოდე წლის წინ მიიღო, როცა ევროკავშირის მოთხოვნები პირველმა შეასრულა. პროგრამის მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები მჭიდროდ იქნებიან ინტეგრირებულნი ევროკავშირთან, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზრით, სამაგიეროდ, მათ პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელონ. პროგრამის მონაწილე ექვსმა სახელმწიფომ ივალდებულა, რომ სერიოზულად გააკონტროლებდა საკუთარ საზღვრებს, გააქტიურებდა ბრძოლას ორგანიზებული დამნაშავეობის, ნარკოკონტრაბანდის, ადამიანებით და იარაღის ვაჭრობის წინააღმდეგ.
მიუხედავად ამისა, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ზოგიერთ ქვეყანაში ბოლო წლებში პირიქით მოხდა: მინიმუმამდე შემცირდა ბელორუსის კონტაქტები ევროკავშირთან, თითქმის იგივე ხდება სომხეთის შემთხვევაშიც. ფაქტიურად, ორივე ქვეყანამ უპირატესობა რუსეთთან კავშირების შენარჩუნებას მიანიჭა. სომხეთი უფრო შორს წავიდა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა.
რაც შეეხება უკრაინას, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში კიევმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების ვილნიუსის სამიტის შემდეგ (2013 წელს), მასში მონაწილეობა შეაჩერა, რის გამოც ქვეყანაში მღელვარება დაიწყო. 2014 წლის ზაფხულში, უკვე პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ინტეგრაციულ ხელშეკრულებაზე. დასავლეთის საერთო პოლიტიკაში უკრაინას, როგორც რუსეთის მეზობელს, დიდი როლი ენიჭება.
საქართველომ, რომელიც კავკასიის რეგიონში მდებარეობს, „ფერადი რევოლუციის“ შედეგად ხელისუფლებაში პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, დასავლეთთან, კერძოდ, ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის ძლიერი სურვილი გამოხატა. ეს ტენდენცია გრძელდება ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც. ამიტომაც ევროკავშირმა თბილისის მთავრობას, მისი პროდასავლური კურსის გამო, პოლიტიკური და ეკონომიკური საჩუქარი გაუკეთა, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატა.