globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 6th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველოს ამბების მიმოხილვა: კვირის ევროპული გადაწყვეტილებები

«Каспiй» (აზერბაიჯანი): „პიროსის გამარჯვება“, ანუ როგორ წაართვა საქართველოს ჩრდილოვანმა მმართველმა ოპოზიციას უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხი

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს შეიძლება უვიზო რეჟიმი წაართვან // ევროკავშირი ცდილობს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება შეცვალოს

«Российская газета» (რუსეთი): საქართველო – ევროკავშირის „ეზოსგარეთი“ // ავსტრიის აზრით, ლტოლვილები ევროკავშირმა ჩვენი საზღვრებისკენ უნდა გამოგზავნოს

«Новое время» (სომხეთი): ბლოკადის გარღვევა შესაძლებელია: ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა სომხეთს სატრანსპორტო იზოლაციიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს

«Эхо» (აზერბაიჯანი): ვის დარჩება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი? // „ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას ქართულ ან სომხურ მიწებზე, მაგრამ საკუთარს არავის არ დავუთმობთ“

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 04 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28351306.html

საქართველოს ამბების მიმოხილვა: კვირის ევროპული გადაწყვეტილებები

ნინო თარხნიშვილი

გასული კვირა საქართველოსთვის მოვლენების მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და ამ მიმართულებით ბოლო ნაბიჯის მოლოდინი, კვლავაც ბურუსით მოცული ე.წ. ციანიდის საქმე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე და ამ გადაწყვეტილების აღსრულების მოულოდნელი და მყისიერი შეჩერება სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ.

თუმცა, თუკი ამ მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვებით, გასული ორშაბათითა და 27 თებერვლით უნდა დავიწყოთ კვირის მიმოხილვა, რომელიც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამბავს უკავშირდება. 27 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ მიიღო მორიგი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ, უკვე 1 მარტს კი ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირის სტრუქტურების მიერ დამტკიცებულ ახალ რეგულაციას, რომლის თანახმად, საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალში გადაინაცვლა. დარჩენილია მხოლოდ დოკუმენტის გამოქვეყნება ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში, რის შემდეგაც ის 21-ე დღეს შევა ძალაში. ანუ, წინასწარი გათვლით, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე 28 მარტიდან შეძლებენ.

პირველ მარტს დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – მალტის – საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს მიზანმიმართულ სვლას ევროპული ოჯახისკენ:

„მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, მართლაც და, პირველ რიგში არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიაში, ჩემს კოლეგებს და, პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დიდი მხარდაჭერისთვის რეფორმების განხორციელების პროცესში. დღევანდელი დღე არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად“.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გავრცელდება ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანასა და ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანაზე. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი 2 ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

——-

გასულ კვირაში კვლავაც ვნებათაღელვის საგნად დარჩა ე.წ. ციანიდის საქმე და დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, დაკითხვის პროცესი. 27 თებერვალს დაწყებული დაკითხვა, რომელმაც 8 საათს გასტანა, 28 თებერვალსაც უნდა განახლებულიყო, მაგრამ, დაცვის მხარის განმარტებით, დეკანოზი შეუძლოდ გახდა და დაკითხვის გაგრძელება ვერ მოხერხდა. ბრალდებას კი სხვა განმარტება ჰქონდა. მისი წარმომადგენლის, ჯარჯი წიკლაურის თქმით, დეკანოზმა ამ გზით თავი აარიდა რთულ კითხვებზე პასუხის გაცემას:

„როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისათვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი ოქმი. ექიმებმა ორჯერ გასინჯეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში. მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. იგი უსაფუძვლოდ, სხვადასხვა მიზეზის მოგონებით თავს არიდებს პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც სხვადასხვა საბაბით ჩაშალა დაკითხვის პროცესი“.

———

გასულ კვირაში ელვის სისწრაფით განვითარდა მოვლენები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო. 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ დღის პირველ ნახევარში დაიწყო ტელეკომპანიის საქმის განხილვა. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის, ხელმძღვანელობით და საღამოს გადაწყვეტილებაც გაასაჯაროვა: უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2“ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, მაგრამ, როგორც გაირკვა, საქმე ამით არ დასრულებულა: 2 მარტს უზენაესი სასამართლოს წინ დილიდან შეიკრიბნენ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს წინ გამართული საპროტესტო აქცია გახსნა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, თუმცა გამოსვლისას მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ აქცია აპოლიტიკურია და რომ მასში მონაწილე ადამიანები გააერთიანა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისათვის ბრძოლამ, რაზეც დამოკიდებულია ასევე ქვეყნის კეთილდღეობა და მომავალი. „აი, ამ ყველაფერს ვიცავთ დღეს და თითოეული მოქალაქე, რომელიც აქ მოვა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იქნება, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მობრძანდება აქ და გამოუცხადებს სოლიდარობას „რუსთავი ორს“ და მოუწოდებს ამ მოსამართლეებს მიიღონ ერთადერთი სწორი და კანონიერი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, იცავს ქვეყნისა და თავის თავისუფლებას“, – უთხრა გიორგი ბარამიძემ რადიო თავისუფლებას.

მოგვიანებით ცნობილი გახდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც. „რუსთავი 2“-ის ეზოში კარვები გაიშალა, სადაც ღამე გაატარეს ტელეკომპანიის მხარდამჭერებმა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ შეშფოთება გამოხატეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც, მათი ვარაუდით, შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოში მედიაპლურალიზმსა და მედიის დამოუკიდებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი ყველას მოუწოდა თავი შეიკავონ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პროვოკაციებისა და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებისგან.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, 24 საათში შეაჩერა ევროსასამართლომ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ტელეკომპანიამ 3 მარტს მიმართა და კანონით გათვალისწინებული 24 საათის განმავლობაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიის თანამშრომლებს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში გააცნო: „ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა ამ წუთებში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან, სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ“.

ამ გადაწყვეტილებას მალევე სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა. სტრასბურგში მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სარჩელი უზრუნველყოფილი იქნეს არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება, რომელიც კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევდა.

———-

გასული კვირის მიწურულს საქართველოს ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტი, თავმჯდომარის, გენერალ პეტრ პაველის, ხელმძღვანელობით. პირველი შეხვედრები თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც შედგა, ასევე, პირველი პრესკონფერენცია, გენერალ პეტრ პაველისა და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მონაწილეობით. პრესკონფერენციაზე დასმული მთავარი აქცენტები უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, რუსეთის ვალდებულებას აღიაროს სუვერენული საქართველოს კანონიერი საზღვრები, საქართველოს როლის განსაზღვრას ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში და ნატო-საქართველოს ერთობლივ გეგმებს საქართველოს თავდაცვითი მიზნების ჭრილში. თბილისის განმარტებით, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მის მიერ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს მიზანი და მისწრაფება გახდეს ნატოს წევრი.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 04 მარტი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=56366#.WLy5wubasdU

„პიროსის გამარჯვება“, ანუ როგორ წაართვა საქართველოს ჩრდილოვანმა მმართველმა ოპოზიციას უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხი

სტატიაში გადმოცემულია ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები: ტელეარხის ყოფილი მფლობელის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისათვის სარჩელის დაკმაყოფილება (ანუ ქონების დაბრუნება), ტელეარხის ამჟამინდელი გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები („ქართულმა მორჩილმა სასამართლომ ტელეარხი ბიძინა ივანიშვილს გადასცა“), „ხალხის მრისხანების“ გამოხატვა (მზადება საპროტესტო აქციებისთვის, ტელეარხის მიმართ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლეთის მხარდაჭერა, ევროპულ სასამართლოში გასაჩივრება და ა.შ.). სტატიის დასასრულს, მოცემულია კომენტარიც (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

„მათთვის, ვინც საქმის კურსში არ არის, შევახსენებთ, რომ „რუსთავი-2“ საქართველოში ძალიან პოპულარული ტელეკომპანიაა, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მიმართ მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა. სხვადასხვა დონის სახელისუფლებო ჩინოვნიკები „რუსთავი-2“-ს ბრალს უყენებენ, რომ ტელეარხი ქვეყნის ექს-პრეზიდენტისა და ყოფილი მმართველი, ამჟამად კი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურებაო. „რუსთავი-2“-მა მფლობელები რამდენჯერმე გამოიცვალა. მათგან ერთ-ერთმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამტკიცებდა, რომ მან თავის ქონებაზე უარი თქვა იმდროინდელი ხელისუფლების ზეწოლის გამო.

„რა იქნება შემდეგ? – ასეთი კითხვაა დასმული სტატიაში „კასპიის“ კორესპონდენტის მიერ, რომელსაც „დამოუკიდებელი ქართველი პოლიტოლოგი გელა ვასაძე პასუხობს:

„მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ, რომელიც კონკრეტული ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ხელშია კონცენტრირებული, გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია წაართვას. დიახ, „რუსთავი-2“-ს ოპოზიცია აკონტროლებდა, ანუ უფრო ზუსტად, ოპოზიციის ის კონკრეტული ნაწილი, რომელსაც რეალურად მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ხალხი „რუსთავი-2“-საგან ირებდა იმ ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლებისათვის სასიამოვნო არ იყო. მთავარი ისაა, რომ ეს იყო ერთადერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომელზედაც ხელისუფლება ზეწოლას ვერ ახდენდა. ახლა კი შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს არხი ფიზიკურად აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების გარდაუვალი უზურპაციაც მოხდება… რაც სეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მისი გადაწყვეტილების აღსრულება ქართული თემიდისათვის სავალდებულოა. ცხადია, ეს შესაძლოა გამოსავალი იყოს შექმნილი სიტუაციიდან, თუმცა ამას დრო ჭირდება“.

«Независимая газета» (რუსეთი), 06 მარტი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-03-06/7_6942_gorgia.html

საქართველოს შეიძლება უვიზო რეჟიმი წაართვან

ევროკავშირი ცდილობს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება შეცვალოს

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი მოვლენები, განსაკუთრებით კი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით: ვრცლადაა გადმოცემული სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისათვის ტელეარხის მიკუთვნების თაობაზე დროებით, რვა მარტამდე შეჩერებულია. გარდა ამისა, პუბლიკაცია ეხება აგრეთვე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებას, რომელიც მან გერმანული გაზეთის „ბილდ ამ ზონტაგის“ კორესპონდენტთან საუბრის დროს გააკეთა – საქართველოში ლიბიელ-სირიელ ლტოლვილთა ბანაკების შესაძლო შექმნის თაობაზე (ავტორი – იური როქსი).

ა) „რუსთავი-2“-ის საქმე

როგორც სტატიაშია აღნიშნული, დასავლეთის რეაქცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ საკმაოდ არასასიამოვნოა – ევროპელ-ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა „რუსთავი-2“-ის ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემას ეჭვის თვალით შეხედეს, რასაც სტრასბურის სასამართლოს შესაბამისი დადგენილებაც მოჰყვა. გარდა ამისა, ევროპარლამენტის წევრმა იაცეკ სიარუშ-ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ტელერარხის ყოფილი მფლობელისადმი დაბრუნება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და როცა საქართველოში ასეთი გადაწყვეტილეები გამოაქვთ ვიზალიბერალიზების შემდეგ, ეს ევროკავშირისადმი დაცინვაა“. მისი თქმით, ევროკავშირი იმედგაცრუებულია საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით: ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, რაც არ შეიძლება ითქვას ამ ქვეყნის მთავრობის მიმართ, რომლის არაფორმალურ ლიდერად მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ითვლება. „მე განზრახული მაქვს განცხადებით მივმართო ევროკომისიას შეაჩეროს დოკუმენტის გამოქვეყნება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ“, – აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

საქართველოს ხელისუფლებამ საგრძნობი დარტყმა მიიღო, განსაკუთრებით, ცხადია, ევროკავშირისგან. ევროდეპუტატიების განცხადებებში გამოსჭვივის, რომ თბილისმა ხელი აღმართა წმინდათა-წმინდაზე – სიტყვის თავისუფლებაზე. დარჩენილ დღეებში საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება დაარწმუნოს როგორც სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ასევე ევროპელი დეპუტატებიც, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება მხოლოდ სამეურნეო დავის მოგვარებასა და სამართლიანობის აღდგენას წარმოადგენს: მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქიბარ ხალვაშისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. რასაკვირველია, ტელეარხის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, მისი მომხრეები და განსაკუთრებით ოპოზიციური „ნაცმოძრაობა“ საქმის ასე დატოვებას არ აპირებენ, ისინი „გრანდიოზული აქციების“ გამართვას გეგმავენ, – წერს სტატიის ავტორი.

ბ) სირიელი ლტოლვილების ბანაკი… საქართველოში?

მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი-2“-ის თემა ქართულ საზოგადოებაში დომინირებს, თბილისმა ყურადღება მიაქცია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ზემოთ ხსენებულ განცხადებასაც, რომელშიც მან ლიბიელი და სირიელი ლტოლვილების  განთავსების ერთ-ერთ ადგილად საქართველოც დაასახელა. მინისტრის განცხადებას ჩაეჭიდნენ ქართული კონსერვატიული წრეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დასვეს საკითხი – რამდენად აუცილებელია პროევროპული კურსი საქართველოსთვის როგორც უძველესი თვითმყოფადი ტრადიციების მქონე მართლმადიდებელი დამოუკიდებელი ქვეყნისათვის, თუ ევროპის მხრიდან ასეთი კარნახის პირობებში ცხოვრება მოგვიწევს? თბილისური წყაროების აზრით, სიტუაცია საკმაოდ შემაშფოთებელია: აშკარაა, რომ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება რრმავდება.

«Российская газета» (რუსეთი), 06 მარტი, 2017 წელი

https://rg.ru/2017/03/05/avstriia-predlozhila-proverit-gruziiu-na-priverzhennost-cennostiam-es.html

საქართველო – ევროკავშირის „ეზოსგარეთი“

ავსტრიის წინადადებით, ლტოლვილები ევროკავშირმა ჩვენი საზღვრებისკენ უნდა გამოგზავნოს

სტატიაში გადმოცემულია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის განცხადება, რომელიც მან გერმანული გაზეთის  Bild am Sonntag-თან ინტერვიუში გააკეთა (ავტორი – ანა ფედიაკინა).

მინისტრის თქმით, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იმიგრანტების ბანაკები ევროკავშირის ქვეყნებში კი არ უნდა იყოს, არამედ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც საქმეში გაეროს უმაღლესი კომისარიც ჩაერთვებოდა. სებასტიან კურცმა დაასახელა ის ქვეყნები, სადაც შეიძლება ასეთი ბანაკები შექმნა: ეგვიპტე, საქართველო, ან დას.ბალკანეთის რომელიმე სახელმწიფო.

„ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის წინადადება ერთ კოვზ კუპრად იქცა ქართველებისათვის , რომლებმაც სულ რამდენიმე დღის წინათ ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმი მიიღო. როგორც ჩანს, თბილისისისათვის ეს ერთგვარი გამოცდა იქნება ევროპული ფასეულობების ერთგულების საკითხში და იმის კარგად გასაცნობიერებლად, რომ მისკენ გადადგმულ ყოველ ინტეგრაციულ ნაბიჯს ევროკავშირი ძვირად აფასებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

————

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რუსმა პოლიტიკოსებმა თავიანთი პოზიციაც გამოხატეს.

რუსი სენატორის, ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ფრანც კლინცევიჩის კომენტარი:

როგორც ჩანს, სებასტიან კურცის განცხადება ე.წ. „ინფორმაციის ჩაგდებაა“, ნიადაგის მოსინჯვაა, თუ როგორი რეაქცია ექნება საქართველოს, თუმცა, შემდეგ მას შეიძლება უფრო კონკრეტული წინადადება მოჰყვეს…. აშკარაა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან მიგრაციული კრიზისის ტვირთი მოიხსნან და სხვას გადააბარონ. ამასტან დაკავშირებით მინდა ავღნიშნო, რომ საქართველომ ახლახან მიიღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირისაგან, „უფასო ყველი“ კი, როგორც ნათქვამია, მხოლოდ სათაგურშია. სებასტიან კურცის წინადადება საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით ეხება რუსეთის უსაფრთხოებასაც, რომელსაც საქართველოსთან საერთო საზღვარი აქვს. ჩვენ კარგად გვახსოვს ის დროს, როცა პანკისის ხეობაში ტერორისტები მზადდებოდნენ, შემდეგ ისინი ჩვენთან, [ჩრდილოეთ] კავკასიაში გადმოდიოდნენ“.

თითქმის იგივე პოზიცია გამოხატა კიდევ ერთმა რუსმა სენატორმა, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო კომისიის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა: „ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ევროკავშირიდან ლტოლვილები საქართველოში გავგზავნოთო – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზების სანაცვლოდ. საინტერესოა, შეძლებს საქართველო უარი უთხრას ევროკავშირს?“, – წერს „ტვიტერში“ ალექსეი პუშკოვი.

წყაროები: http://www.interfax.ru/world/552392, https://rg.ru/2017/03/05/pushkov-prokommen-tiroval -predlozhenie-otpravliat-bezhencev-iz-es-v-gruziiu.html

«Новое время» (სომხეთი), 04 მარტი, 2017 წელი

http://www.nv.am/politika/56491-2017-03-04-07-07-34

ბლოკადის გარღვევა შესაძლებელია: ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა სომხეთს სატრანსპორტო იზოლაციიდან გამოსვლის საშუალებას მისცემს

„სომხეთის, საქართველოს და რუსეთის საექსპერტო წრეებში კვლავ გრძელდება ცხარე დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა ჰქონდა მხედველობაში სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს, როცა განაცხადა – „თბილისში ვიზიტის დროს სომხეთისთვის ალტერნატიულ სატრანსპორტო დერეფნის საკითხი გადაწყდაო“. ტრანსპორტის მინისტრის განმარტებების თანახმად, პირველ რიგში საქმე ეხება საბორნე მოძრაობას საქართველოს ფოთი ნავსადგურიდან რუსეთის პორტ „კავკაზ“-ამდე, რომელიც კრასნოდარის მხარეში, ტამანის ნახევარკუნძულზე, ქერჩის სრუტეში მდებარეობს. თუმცა არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში, შესაძლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი ამოქმედდეს – ავარეთ-კახეთის გზა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – არტემ ერკანიანი).

„საზღვაო-საბორნე გადასასვ-ლელს თავისი აშკარა უპირატესობები აქვს, მაგრამ გააჩნია სერიოზული ნაკლოვანებებიც. ამიტომ უპრიანი იქნება კიდევ ერთ სახმელეთო დერეფნის შექმნაზე ვიფიქროთ. ზოგადად, დღეს არჩევანი დიდი არ არის: ან საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი-ვლადიკავკაზი), ან სამხრეთ ოსეთის (ცხინვალი-როკის გვირაბი-ალაგირი), ან აფხაზეთის მიმართულებით (ზუგდიდი-სოხუმი-გაგრა-სოჭი). თუმცა არის მეოთხე ვარიანტიც, რომელსაც ხშირად ივიწყებენ – ავარეთ-კახეთის გზა, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს  კახეთის პროვინციასა და დაღესტნის (რუსეთი) ავარელებით დასახლებულ რეგიონს აკავშირებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. ავტორი წერს, რომ რუსი პოლიტოლოგი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ ევსეევი დარწმუნებულია, რომ ეს მარშრუტი გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დროსაც განიხილეს.

სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა საუბრაი ავარეთ-კახეთის გზის ისტორიაზე, რომელიც 1850 წელს, იმდროინდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით (მხედველობაშია რუსეთ-თურქეთის ომები) აშენდა, მაგრამ მოგვიანებით, სხვა კავკასიური კომუნიკაციების განვითარების კვალობაზე, განსაკუთრებით ჯერ შავიზღვისპირა რკინიგზისა და გზატკეცილის, შემდეგ კი „ტრანსკამის“ (ტრანსკავკასიის მაგისტრალის) ამოქმედების შემდეგ, ავარეთ-კახეთის გზამ მნიშვნელობა დაკარგა და მიმოსვლისათვის უვარგისი გახდა. „დღეს საქართველოდან დაღესტანში და პირიქით ავტომობილის მეშვეობით გავლა შეუძლებელია… თუმცა უნდა ითქვას, რომ 2013 წელს რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ავარეთ-კახეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას, უფრო ზუსტად კი გზის აგებას საქართველოს საზღვრამდე. მალე მშენებლობაც დაიწყო, მაგრამ პროექტის რეალიზებას არაკეთილმსურველები გამოუჩნდნენ: 2014 წლის სექტემბერში უცნობი შეიარაღებული პირები მეგზევეებს თავს დაესხნენ, მძევლებად აიყვანეს, მათი ბაზა გაანადგურეს და მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. მაშინ მძევლები გათავისუფლება კი მოხერხდა, მაგრამ ვინ იდგა ამ დივერსიის უკან, გამოძიებამ ვერ დაადგინა. თუმცა იმის გარკვევა, თუ ვის არ აწყობდა და ვის უშლიდა ხელს ამ გზის მშენებლობა, რთული არ არის: სავსებით შესაძლებელია, რომ დანაშაულის კვალი ბაქოში მიდიოდეს. აზერბაიჯანი კარგად აცნობიერებს იმას, რომ ახალი ტრანსკავკასიური მაგისტრალის ამოქმედება სომხეთს სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევის შესაძლებლობას მისცემს.

ავარეთ-კახეთის გზის სიგრძე 83 კილომეტრია, მარშრუტი კავკასიის მთავარ წყალგამყოფ ქედზე გადის და, შესაბამისად, რთულ პროექტს წარმოადგენს: ასაგებია 25 ხიდი და ხუთი გვირაბი. თუმცა, როგორც კომპანია „დაგესტანავტოდორი“ აცხადებს, თუ დაფინანსება იქნება, პროექტის რეალიზებას ორი წელიც არ დასჭირდება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკური ნებაც აუცილებელია. არადა, თუ ავარეთ-კახეთის მაგისტრალი აშენდება, ამით საქართველოს სამხედრო გზაც განიტვირთება, დაჩქარდება ტვირთების გადატანა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. მთავარი კი ისაა, რომ ეს გზა ისე ხშირად არ ჩაიკეტება, როგორც ეს დღეს ზემო ლარსთან ხდება ხოლმე.

და მაინც რითაა ავარეთ-კახეთის გზა აფხაზურზე და ოსურზე უკეთესი? კაცმა რომ თქვას, დიდი ვერაფრით, რადგან ისიც სახიფათოა, თანაც ვიწრო და მის მშენებლობას დიდი ფული   ჭირდება. თუ უპირატესობაზე ვისაუბრებთ, მხოლოდ ისაა, რომ მის ამოქმედებას ხელს პოლიტიკური ფაქტორები არ უშლის. აფხაზურ-ოსურისაგან განსხვავებით, ავარეთ-კახეთის გზის მარშრუტი საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის მონაკვეტზე გადის. ანუ წესით არც ქართულ ოპოზიციას და არც არაღიარებულ რესპუბლიკებს არანაირი პრეტენზია  არ უნდა ჰქონდეთ. ესაა მთავარი და, ალბათ, ერთადერთი არგუმენტი დაღესტნის მარშრუტის სასარგებლოდ.

ქართული წყაროები მოწმობენ, რომ ოფიციალური თბილისი ამ მარშრუტს უფრო მეტი მზადყოფნით განიხილავდა, ვიდრე აფხაზურს და ოსურს. თავის დროზე საქარტველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მაია ფანჯიკიძე ადასტურებდა, რომ 2015 წელს გრიგორი კარასინს და ზურაბ აბაშიძეს ამ გზის შესახებაც ულაპარაკნიათ. ახლანდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სამი წლის წინათ, როცა იგი ეკონომიკის მინისტრი იყო, ღიად ესალმებოდა ამ პროექტს. ასე რომ, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დაღესტნის მიმართულება დღის წესრიგში რჩება და ერთ-ერთ პერსპექტიულ მარშრუტრად განიხილება. პრობლემა მხოლოდ იმაშია, სად უნდა მოიძებნოს ერთი მილიარდი დოლარი მშენებლობისთვის…. თუმცა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, ჩვენს დროში არაფერი შეუძლებელი არაა, მით უმეტეს, ფულის შოვნა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 06 მარტი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=56821

ვის დარჩება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი?

„ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას ქართულ ან სომხურ მიწებზე, მაგრამ საკუთარს არავის არ დავუთმობთ“

ელინა რუსტამოვა

საქართველოს და აზერბაიჯანს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თაობაზე, კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება შეუძლიათ. მოლაპარაკება, რომელიც 2017 წლის განმავლობაში გაიმართება, ალბათ, დადებით შედეგებს გამოიღებს, – განუცხადა „ეხოს“ კორესპონდენტს სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა. „საქართველო აცნობიერებს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მონასტრის ზონას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა ამისა, იურიდიული თავლსაზრისით, აზერბაიჯანს უფრო მეტი უფლება აქვს დავით გარეჯზე, ვიდრე საქართველოს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ორ ქვეყანას შორის საზღვრის გარკვევა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. სადაო ისტორიული ობიექტების, მაგალითა, ისეთების, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, საზღვრის დელიმიტაციის პროცესი 2007 წელს ჩიხში შევიდა. ავღნიშნავთ, ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის საერთო სიგრძე 480 კილომეტრია. მკითხველებს იმასაც შევახსენებთ, რომ შარშან საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათ მიმდინარე წელს საზღვრის დელიმიტაციის დასრულება აქვთ განზრახული.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არასდროს მწვავე დავა არ ყოფილა, მათ შორის ტერიტიორიულ საკითხებზეც, გარდა ქეშიშ-დაღის მონაკვეთისა, რომელსაც საქართველოში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უწოდებენ. ორივე მხარისათვის ეს საკითხი ისეთ დიდ პრობლემად არ ითვლება, როგორც ჩვენს არაკეთილმსურველებს წარმოუდგენიათ. 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანს და საქართველოს ერთმანეთთან თბილი და კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს ავითარებს. დღესაც ხშირად ვისმენთ თბილ სიტყვებს ქართველი პოლიტიკოსებისაგან და ექსპერტ-პოლიტოლოგებისაგან, საზოგადო მოღვაწეებისაგან“, – თქვა უზეირ ჯაფაროვმა.

რამდენიმე წლის წინათ იყო განსაზღვრული მომენტი, როცა ქეშიშ-დაღის გაყოფასტან დაკავშირებით სიტუაცია დაიძაბა. ჩვენი მტრები ცდილობდნენ ცეცხლზე ნავთი დაესხათ და აზერბაიჯანელბი და ქართველები ერთმანეთთან წაეჩხუბებინათ, მაგრამ მათ არ გამოუვიდათ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდა. ამჟამად ჩვენ ერთმანეთთან ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ვთანამშრომლობთ. ბაქო და თბილისი ერთმანეთს მხარს უჭერენ საერთაშორისო არენაზეც, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებშიც. ჩვენი ქვეყნები ხომ სეპარატიზმისაგან დაზარალებულები არიან“, – ამბობს ექსპერტი.

როგორც უზეირ ჯაფაროვმა აღნიშნა, მოლაპარაკების დროს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ორ მეზობელ ქვეყანას – აზერბაიჯან-საქართველოს შორის „განხეთქილების ვაშლად“ არ იქცევა: „საქართველო დაეთანხმება იმას, რომ დავით გარეჯის მიმართ აზერბაიჯანს უფრო მეტი მორალურ-იურიდიული უფლებები აქვს. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის კომპლექსის მიმდებარე ზონა სტრატეგიულ სიმაღლეებად ითვლება და, აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვერ ვიტყვით მის მფლობელობაზე. ჩვენ არ ვაცხადებთ პრეტენზიას ქართულ ან სომხურ მიწებზე, მაგრამ საკუთარს არავის არ დავუთმობთ. ვფიქრობ, საქართველო და აზერბაიჯანი შეძლებენ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას და 2017 წელს დაგეგმილი მოლაპარაკება დადებით სედეგებს მოგვცემს“, – აღნიშნა ექსპერტმა.

თავის მხრივ, პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა მუბარიზ აჰმედოღლუმ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აზერბაიჯან-რუსეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ვიდრე აზერბაიჯან-საქართველოს შორის: „ამჟამად ჩვენ ჯერჯერობით ტერიტორიული საკითხები რუსეთთან და საქართველოსთან ბოლომდე მოგვარებული არ გვაქვს. მაგრამ რუსეთისაგან განსხვავებით, რომელთანაც აზერბაიჯანის მთავრობამ ასე თუ ისე მოახერხა ბევრი სადაო საკითხის გადაჭრა, საქართველოსთან ქეშიშ-დაღის პრობლემა კვლავ ღიად რჩება. ბოლო დროს არანაირი თვალსაჩინო შედეგი არ არის მიღწეული, თუმცა მხარეთა მიერ მიმდინარეობს საფუძვლიანი ანალიზი, ერთმანეთის პოზიციების დაახლოების მიზნით. ქართული მხარე, დავით გარეჯის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანს თავისი ტერიტორიის ნაწილს სთავაზობს, მაგრამ ჩვენი მთავრობა ამ პირობაზე არ თანხმდება, რადგან საკითხი ეხება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ზონას და ისტორიულ მემკვიდრეობას“, – ამბობს მუბარიზ აჰმედოღლუ.

ექსპერტის თქმით, საქართველოს როგორც ქრისტიანული სახელმწიფოს, თავიდანვე არ უნდა დაეყენებინა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გაყოფის საკითხი: „ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო მომენტი, როცა მოსახლეობის ნაწილი ზოროასტრიზმი სწამდა, მეორე ნაწილს კი – ქრისტიანობა. განა ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმ ისტორიულ ობიექტზე, რომელიც მოწმობს, რომ ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც ეხება? ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ისედაც მცირე რაოდენობის ქრისტიანული ძეგლებია შემორჩენილი, რომლებთაც აზერბაიჯანის ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვთ“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

„უფრო სწორი იქნება, თუ საქართველო თავის პრეტენზიებს უკან წაიღებს და ამით აჩვენებს, თუ როგორ პატივს სცემს აზერბაიჯანში ქრისტიანობის ჩასახვის ისტორიას. რა ტქმა უნდა, მოლაპარაკება ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი  ისაა, რომ მოლაპარაკებას პოლიტიკური შეფერილობა არ მიეცეს და სიტუაცია კონფლიქტამდე არ მივიდეს“, – ხაზი გაუსვა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

Comments are closed