globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 6th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მთიანი ყარაბაღის ომის ექო საქართველოში

«Новое время» (სომხეთი): ქართული ლეგიონი მზადაა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად მთიან ყარაბაღში იბრძოლოს // „თუ მაგრები ხართ, რატომ ვერ იბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?“

«Аргументы и факты» (რუსეთი): რთული გადაწყვეტილება: რატომ ვერ მიიღებს რუსეთი თავის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთს?

———————–

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/3269873.html

მთიანი ყარაბაღის ომის ექო საქართველოში

ზაზა წულაძე

მთიან ყარაბაღში ვითარების უკიდურესმა დაძაბვამ ავტომატური ასახვა ჰპოვა საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულ თემში. როგორც ქვემო ქართლში, ისე ჯავახეთში, უკვე გაკეთდა სახიფათო განცხადებები, მოხალისეთა მზაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, კონფლიქტის ზონაში საბრძოლველად გაემგზავრონ.

„ასობით ჯავახელი სომეხი მზად არის ჩავიდეს არცახში პირველივე დაძახებაზე“ – ეს განცხადება „ერთიანი ჯავახკის“ ლიდერმა ვაჰაგან ჩახალიანმა გაავრცელა. ჩახალიანი იარაღის შეძენა-შენახვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, 2008 წელს უკვე იყო დაკავებული. მას 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის საფუძველზე, იგი 2013 წელს გათავისუფლდა.

„ამ სამართლიან ომში ჩვენ ვართ აზერბაიჯანის მხარეს, თუ საჭირო გახდა დახმარება, ჩვენ მზად ვართ საომრად“ – ეს განცხადება კი ალი ბაბაევს ეკუთვნის „საქართველოს აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის“ ხელმძღვანელს, რომლის ინფორმაციით, საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ, ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა მარნეულსა და გარდაბანში უკვე გამოთქვა მოხალისეობის სურვილი.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ყარაბაღიდან მომდინარე ეს და სხვა საფრთხეები გაწერილია, საქართველოს უშიშროების საბჭოს საიდუმლო დოკუმენტში.

„პოტენციურად ეს საფრთხე მოულოდნელი არ იყო. საქართველოს აქვს სისტემა უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმარების, რომელიც საფრთხეების შეფასების დოკუმენტს ეფუძნება. ეს სრულიად საიდუმლო დოკუმენტია, მაგრამ მისი ნაწილი გასაჯაროებული იყო. ამ დოკუმენტში, ასეთი სცენარები არის განხილული და ასევე განხილულია ის შესაძლო შედეგები და პოზიციები, რაც საქართველომ უნდა დაიჭიროს. ასევე მოყვანილია ის ბერკეტები, რისი საშუალებითაც უნდა მოხდეს ჩვენი ინტერესების დაცვა“.

ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით, 15 პროცენტს შეადგენენ. თბილისის გარდა, აზერბაიჯანელები, ძირითადად, ქვემო ქართლის მხარეში, ხოლო სომხები – კომპაქტურად სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ.

საქართველოს ეს ორი თემი ყარაბაღის ომში 1992-94 წლებშიც აქტიურად იყო ჩართული. პირველი კამპანიის დროს, ყარაბაღში 54 ჯავახელი სომეხი დაიღუპა, მათ საპატივცემულოდ, რამდენიმე მონუმენტია აღმართული ჯავახეთში და ასევე, სომხეთის დედაქალაქ ერევანთან ახლოს, სოფელ პროშიანში. 1992 წლის მაისში, ყარაბაღის ქალაქი შუშა კი თბილისელმა სომეხმა, გენერალმა არტუშ თადევოსიანმა აიღო, რისთვისაც მას „არცახის გმირის“ წოდება მიანიჭეს.

ყარაბაღის პირველი ომის დროს დაღუპული, ქართველი აზერბაიჯანელების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. თუმცა ქვემო ქართლში ყოველ წელს იხსენებენ 1992 წლის 25 თებერვლის ხოჯალის ტრაგედიას, რომლის დროსაც სომეხმა სამხედროებმა 600-ზე მეტი აზერბაიჯანელი მოკლეს. მიმდინარე წელს მასშტაბური ღონისძიება მარნეულში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ლეილა ალიევას პატრონაჟით გაიმართა.

კონფლიქტოლოგი მიხეილ მირზიაშვილი ამბობს: „როგორ შეიძლება ყარაბაღის ომმა გავლენა [არ] იქონიოს ჩვენს ქვეყანაზე? ბუნებრივია, ორივე ჩვენი ახლო მეზობელი ქვეყანაა, კავშირები უამრავია. დაწყებული ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელებით და სომხებით და დამთავრებული სტატეგიული და უსაფრთხოების საკითხებში გავლენით. ჩვენს ყველა სახელმწიფო დოკუმენტში უსაფრთხოების შესახებ ხაზგასმულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტი არის მნიშვნელოვანი საფრთხე რეგიონალური უსაფრთხოებისთვის და შესაბამისად, საქართველოსთვისაც“.

საინტერესოა, რომ საქართველო, მართალია უშუალოდ არ ესაზღვრება ყარაბაღის კონფლიქტის ზონას, მაგრამ მარნეულის რაიონში, სოფელ თექალის მიმდებარედ, სადაც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი იკვეთება, ჯერ კიდევ, ყარაბაღის პირველი ომის დროიდან, სასაზღვრო ზონა დანაღმულია, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხრიდან.

მთიანი ყარაბაღის ომში ჩართვის სურვილი ასევე გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლმა „ქართული ლეგიონის“ დაჯგუფებამ. ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს რუსეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტია“ და ლეგიონი მზად არის დახმარება აღმოუჩინოს აზერბაიჯანელ ხალხს „ოკუპირებული მიწების“ დაბრუნებაში.

«Новое время» (სომხეთი), 5 აპრილი, 2016 წელი

http://www.nv.am/mir-i-mi/49794-2016-04-05-06-41-35

ქართული ლეგიონი მზადაა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად მთიან ყარაბაღში იბრძოლოს

ქართული ეროვნული ლეგიონი მზად არის აზერბაიჯანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისი მაღლაკვალიფიცირებული ოფიცრების ნაწილი საქართველოდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაისროლოს. ეს განცხადება ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გააკეთა.

„მთიან ყარაბაღში, რომელიზ აზერბაიჯანის განუყოფოფელ ნაწილად მიიჩნევა, აზერბაიჯან-რუსეთის კონფლიქტია გაჩაღებული! ჩვენ მხარს არ ვუჭერთ კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და კარგად ვიცით, რომ ეს შეტაკება რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიერაა პროვოცირებული“, – ასე დაწერა მან თავის სოციალურ გვერდზე.

ამ რამდენიმე დღის წინ მამუკა მამულაშვილი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელთა სამსახურის უფლების კანონის მიღების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი უცხოელი გახდა, რომელმაც უკრაინული სამხედრო ბილეთი მიიღო.

ქართველმა ლეგიონერებმა კონტრაქტები გააფორმეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე და, შესაბამისად, ლეგიონი 25-ე მოტომსროლელი ბატალიონის „კიევსკაია რუს“-ის („კიევის რუსეთის“) შემადგენლობაში შევიდა. აღსანიშნავია, რომ ქართული ეროვნული ლეგიონის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ „ანტიტერორისტულ ოპერაციაში“ – ასე უწოდებს უკრაინის მთავრობა დონბასში 2014 წლიდან მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს.

… რჩება ერთი კითხვა, რომელიც ქართველ ლეგიონერებს უნდა დავუსვათ: „თუ ეგრეთი მაგარი მებრძოლები ხართ, რატომ ვერ იბრუნებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?“.

«Аргументы и факты» (რუსეთი), 06 აპრილი, 2016 წელი

http://www.aif.ru/politics/world/slozhnoe_reshenie_pochemu_rf_ne_mozhet_prinyat_v_svoy_sostav_yuzhnuyu_osetiyu

რთული გადაწყვეტილება:

რატომ ვერ მიიღებს რუსეთი თავის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთს?

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს ნახევარ წლის განმავლობაში რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის შედეგები საშუალებას მისცემს ხელისუფლებას მიმართოს მოსკოვს, რუსეთ-სამხრეთ ოსეთის გაერთიანების შექმნის თაობაზე. რამდენად რეალისტურია მოვლენების მსგავსი განვითარება და როგორ შედეგებს მოიტანს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანება? ეს კითხვა „აიფ“-ის („არგუმენტი ი ფაკტის“) კორესპონდენტმა ნატალია კოჟინამ ანალიტიკური ბიურო «Alte et Certe»- ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ ანდრეი ეპიფანცევს დაუსვა.

- ანდრეი ალექსანდროვიჩ, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგები მას საშუალებას მისცემს გამოვიდეს ინიციატივით და მიმართოს მოსკოვს, რათა რუსეთმა სამხრეთ ოსეთი თავის შემადგენლობაში მიიღოს და შეიქმნას „ერთიანი საკავშირო ორგანო“, რომელსაც რესპუბლიკა თავის უფლება-მოსილებას გადასცემს. რამდენად რეალურია მოვლენების ასეთი განვითარების სცენარი?

- რუსეთის შემადგენლობაში ამა თუ იმ ფორმით შესვლის სურვილი სამხრეთ ოსეთი ყოველთვის ჰქონდა. ადრეც ჩატარდა რამდენიმე რეფერენდუმი, რომელთთა შედეგები იმაზე მეტყველებდნენ, რომ რესპუბლიკა მზადაა ასეთი ნაბიჯი გადადგას. თუმცა აქვე შევნიშნავ, რომ სამხრეთ ოსეთში ორი ბანაკი არსებობს: არის ადამიანთა ერთი ნაწილი, რომლებსაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი აქვთ, თანაც სხვადასხვა ფორმითა და ვარიანტებით, მეორენი კი აცხადებენ, რომ რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოსო.. ჩემი მონაცემებით, პირველ ბანაკს მხარს უჭერს მოსახლეობის 90 პროცენტი, მეორეს კი დაახლოებით 10 პროცენტი. საერთოდ კი, მენტალურად, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დიდი ხანია თავს რუსეთის ნაწილად  მიიჩნევს.

რაც შეეხება ლეონიდ თიბილოვის მიერ ანონსირებულ პროექტს. მის შესახებ საჯარო დისკუსია არ გამართულა, თუმცა თვით იდეა ერთგვარი ზეეროვნული ორგანოს შექმნაზე, რომელშიც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი გაერთიანდებოდნენ და რომელსაც უფლებამოსილებებს გადასცემდნენ, დიდი ხანია არსებობს. ამასთან, მე მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ, რუსეთს,  სამხრეთ ოსეთთან უკვე ხელი გვაქვს მოწერილი სტრატეგიულ სამოკავშირეო შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, ცხინვალმა მოსკოვს თავისი ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი გადასცა, მათ შორის თავდაცვის სფეროში უფლებამოსილების დელეგირებაც მოახდინა. დღეს სამხრეთ ოსთში სოციალურ სფეროში იგივე იურიდიული სტანდარტები მოქმდებს, როგორიც ჩვენთან, რუსეთშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენსა და სამხრეთ ოსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი სისტემის განსხვავება მინიმიზებულია. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი გაერთიანების თანმიმდევრული მხარდამჭერია. პერიოდულად იგი რაღაც ინიციატივებით გამოდის ხოლმე. მისი ეს ბოლო განცხადებაც რუსეთთან ინტეგრაციის მიზნითაა გაკეთებული.

- განა რუსეთს სურს ან შეუძლია სამხრეთ ოსეთის მიღება თავის შემადგენლობაში?

- მართალი გითხრათ, სინამდვილეში ჩვენს წინაშე არ დგას იმის მწვავე აუცილებლობა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში მივიღოთ. რატომ? ახლავე გეტყვით: თუ ჩვენ ასეთ ნაბიჯს გადავდგამთ, ცხინვალისათვის კარდინალურად არაფერი შეიცვლება (სამხრეთ ოსეთი ისედაც ჩვენს კისერზეა, ფულს ვაძლევთ და ეკონომიკის აღდგენაში ისედაც ვეხმარებით), მაგრამ რუსეთისათვის წამგებიანი იქნება – ჩვენ ირგვლივ სიტუაცია გაუარესდება. მსოფლიოს ჯერ ის ვერ მოუნელებია, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში მოექცა და თუ სამხრეთ ოსეთსაც მივიერთებთ, მაშინ ეს საკითხი „ხარის წინ აფრიალებული წითელი ნაჭრის“ როლს შეასრულებს. დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ სანქციებს კიდევ გაგვიგრძელებენ და მათ მოხსნაზე აღარც უნდა ვიოცნებოთ. ჩვენს არაკეთილმოსურნეებს ამით სალაპარაკო თემას მივცემთ, მათ შეუძლიათ ათასი რამ დაგვაბრალონ და ჩადენილ ცოდვებში გვამხილონ. უფრო მეტიც – ჩვენ დავკარგავთ რუსეთისათვის მნიშვნელოვან ზოგიერთ საგარეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს. ოფიციალურად ამაზე არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ იგულისხმება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთს თავის შემადგენლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება. მოკლედ, სამხრეთ ოსეთის მიღება-არმიღების საკითხი ერთგვარი შემაკავებელი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ სცენარი ასეთი მიმართულებით არ განვითარდეს.

- და თუ სამხრეთ ოსეთი რეფერენდუმს ჩაატარებს და რუსეთში გაერთიანებას გადაწყვეტს, ჩვენ რა რეაგირება უნდა მოვახდინოთ?

- ჩვენ, უბრალოდ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მადლობას გადავუხდით. ვეტყვით, რომ ვაფასებთ და პატივს ვცემთ მათ სურვილს ერთად ვიცხოვროთ. კი, ჩვენც გვინდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არაეალურია. ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება მივაქციოთ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას, სოციალური სფეროს განვითარებას და საერთოდ, მომავლისაკენ გავიხედოთ, რა უნდა გავაკეთოთ პერსპექტივაში ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

————–

აღსანიშნავია, რომ იგივე თვალსაზრისი, რომ რუსეთს თავის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის მიღებით საერთაშორისო იმიჯი გაუუარესდებაო, გამოხატა აგრეთვე მოსკოვის „კარნეგი-ცენტრის“ ექსპერტმა ალექსეი მალაშენკომაც „რადიო კომერსანტის“ ეთერში 5 აპრილს:

„რუსეთისათვის ისეთი მცირე მასშტაბის მქონე ტერიტორიის მიერთებას, როგორიც სამხრეთ ოსეთია, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მოსახლეობაც ძალიან მცირერიცხოვანი – სულ რაღაც რამდენიმე ათასი მცხოვრები. აქ უკვე არა იმდენად ეკონომიკური კითხვა ჩნდება, რამდენადაც პოლიტიკური: რას მისცემს ეს რუსეთს? ალბათ, ამით დადასტურდება, რომ რუსეთი აბსოლუტურად დამოუკიდებელ, სხვებისათვის გამაღიზიანებელ პოლიტიკურ კურსს ატარებს, იგივე ყირიმის მიერთებით. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის მიერთებაც დამატებითი კონფრონტაციის ფაქტორი გახდება. ვფიქრობ, დღეს მოსკოვს ასეთი რამ არ უნდა აწყობდეს“.

წყარო: http://www.kommersant.ru/doc/2956060

Comments are closed