«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოში ყველაზე მეტად რუსეთს უფრთხიან // თბილისის მეგობრების სიაში ევროკავშირმა ამერიკას გაასწრო
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ოსური „არჩევნები“: ხაბიზგინი რუსული ცომით
—————-
«Независимая газета» (რუსეთი), 06 აპრილი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-04-06/6_6967_georgia.html
საქართველოში ყველაზე მეტად რუსეთს უფრთხიან
თბილისის მეგობრების სიაში ევროკავშირმა ამერიკას გაასწრო
იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი
აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI – „აირაი“) სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მთელი საქართველო მასშტაბით ჩატარდა. რესპოდენტებმა ათობით კითხვაზე უპასუხეს, რომლებიც სახელმწიფოს მოქმედების ყველა სფეროს ეხებოდა. ზოგიერთი შედეგი, რომლებთაც „აირაი“ თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში ამუშავებდა, შეიძლება პარადოქსულიც კი მოგვეჩვენოს: მაგალითად, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაო და იმავდროულად, გამოკითხულთა ნახევარი მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.
სინამდვილეში კი პასუხებში არავითარი წინააღმდეგობა არ არის. რადგანაც რუსეთს მტრად მიიჩნევენ და აცნობიერებენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს, რესპოდენტთა უმრავლესობა კანონზომიერად თვლის, რომ პოტენციური საფრთხის ნიველირება ურთიერთობის გაუმჯობესებით უნდა მოხდეს. გამოკითხულთა 76%-მა მოსკოვთან ურთიერთობას „ცუდი“ უწოდა, 11%-მა პირიქით – „კარგი“, დაახლოებით ამდენივეს კი რუსეთ-საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობების შეფასება გაუჭირდა.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიალოგი მოსკოვთან. 10% თვლის, რომ რუსეთთან ყოველგვარი კონტაქტები უნდა შეწყდეს („ამ კონტაქტებს საქართველოსთვის არასდროს სიკეთე არ მოუტანია და არც მოუტანს“). რესპოდენტთა ცოტა მეტი რაოდენობა (16%) კი რუსეთს მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევს. საერთოდ კი, ამ კრიტერიუმით დღეს საქართველოში პირველ ადგილზე ევროკავშირი დგას – ასე თვლის რესპოდენტთა 42%.
„ბებერმა ევროპამ“, ურთიერთობის აქტუალურობითა და მნიშვნელობით, როგორც ჩანს, პირველად აჯობა და გაასწრო თბილისის მთავარ მფარველს საერთაშორისო არენაზე – ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ევროკავშირს 9%-ით ჩამორჩა. საზოგადოების პრიორიტეტის შეცვლა იმით უნდა აიხსნას, რომ ამას წინათ ევროპამ ვიზალიბერალიზაციით ქართველებს კარი გაუხსნა, აშშ-ში წასვლა კი ძველებურად გართულებულია. საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორთა რიცხვში მოხვდნენ უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი და ირანი (კლებადური კოეფიციენტით).
თუ უშუალოდ მეზობელი ქვეყნების მიმართ ქართველების შეფასებები გასაგები და კანონზომიერია, გარკვეულ გაკვირვებას იწვევს უკრაინასთან დამოკიდებულება: ის დრო, როცა საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ და ბავშვებს ნათლავდნენ, მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ იუშენკოსთან ერთად წავიდა. ამ ქვეყნებს ერთმანეთთან რაიმე დიდი და განსაკუთრებული ეკონომიკური კავშირებით კვეხნა არ შეუძლიათ. გარდა ამისა, უკრაინაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის აქტიურობამ კიევისა და თბილისის ერთმანეთთან დამოკიდებულების გაცივება მოჰყვა: როგორც ცნობილია, უკრაინის ხელისუფლებამ თავის დროზე თბილისის მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავება-დეპორტაცია არ განახორციელა და პირიქით მოიქცა – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშნა. ასე რომ, ქართველებში უკრაინის პოპულარობის მიზეზი კიევ-მოსკოვისა და თბილის-მოსკოვის ურთიერთობის მსგავსებაში უნდა ვეძებოთ. ამ მხრივ გასათვალისწინებელია აგრეთვე დიასპორის ფაქტორი: ქართულისა – უკრაინაში, უკრაინულისა კი საქართველოში, ასევე ერთნაირი პროდასავლური ვექტორი და მსგავსი ტერიტორიული პრობლემები.
გამოკითხულთა მცირე რაოდენობა საქართველოსთვის საფრთხეს დასავლეთშიც ხედავს და არ იწონებენ თბილისის ინტეგრირებას ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან.
ქართველებში ყველაზე მწვავე უკმაყოფილებას იწვევს პოლიტიკური პარტიებისა და ეროვნული ბანკის საქმიანობა (გამოკითხულთა 70%), აგრეთვე პარლამენტისა და მთავრობის მუშაობა (58%), ადგილობრივი ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის საქმიანობა (51-54%).
რესპოდენტებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა (88%), არმია (86%), მასმედია (745), პოლიცია (59%), პრეზიდენტი (51%). როგორც ჩანს, იმ რეზონანსულმა სკანდალებმა, რომლებიც ბოლო დროს საქართველოში ხდება, ჩამოთვლილი სტრუქტურების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე გავლენა არ მოახდინეს.
ის კითხვები, რომლებიც ნატოსთან ურთიერთობას და ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების საკითხებს ეხება, „აირაი“-მ ცალკე გამოყო. ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციისადმი მიძღვნილი მძლავრი საინფორმაციო კამპანიის, სამდღიანი გართობა-სეირნობისა და საზეიმო ღონისძიებების მიუხედავად, გამოკითხულთა 2%-მა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის ამბავი არ გაუგია, ხოლო 1% საერთოდ აზრზე არ არის ამ საკითხის ირგვლივ. ნატოსთან მიმართებით სურათი ასეთია: 10-15 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირებულია. თუ ადრე საქართველოს მოსახლეობა თვლიდა, რომ ნატოში მიღება აუცილებელი იყო და ერთადერთ მხსნელ გზად ჩანდა, დღეს ამ გზის მტკიცე მომხრე მხოლოდ 56%-ია, ალიანსში შესვლას 26% დადებითად მიიჩნევს, მაგრამ შენიშვნებით, 15% კი წინააღმდეგია. გამოკითხულთა 14% დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნატოს წევრად არ მიიღებენ, ხოლო 42% ფიქრობს, რომ საქართველო ნატოს წევრი ვერასოდეს ვერ გახდება. დანარჩენ 44%-ს ამ მხრივ ოპტიმისტური განწყობა აქვს.
„აირაი“-ს მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმად, გამოკითხვაში საარჩევნო ხმის უფლების მქონე 1501 მოქალაქე მონაწილეობდა. ცდომილების ფარგლები – 2,5%.
ქართულმა საექსპერტო საზოგადოებამ გამოკითხვის შედეგები, შეიძლება ითქვას, საკმაოდ თავშეკავებულად შეაფასა. ზოგიერთმა ექსპერტმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ გამოქვეყნებულ მონაცემებს სერიოზულად ნუ მოეკიდებიან, რადგან რესპოდენტთა პასუხები, ცხადია, სუბიექტურია და ბევრი ნიუანსზეა დამოკიდებული. თუმცა ზოგიერთი მონაცემი, როგორც ჩანს, ჭეშმარიტ მდგომარეობას ასახავს: მაგალითად, ევროპაში ლიბერალურ სავიზო რეჟიმს არ შეეძლო არ გაეხარებინა ყველაზე პრორუსულად განწყობილი მცხოვრებიც კი – შენგენის ზონაში გაიოლებულ წასვლაში ძნელია რაიმე ნეგატივი და კომპრომატი იპოვო.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 აპრილი, 2017 წელი
ოსური „არჩევნები“: ხაბიზგინი რუსული ცომით
ზაზა წულაძე
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი 9 აპრილს მორიგი „ლიდერის“ “ასარჩევად” ემზადება. ანკლავში, სადაც ლანჩხუთის რაიონზე ოდნავ მეტი ამომრჩეველია (32 736), „პრეზიდენტობისთვის“ მოქმედი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, „ნიხასის” ყოფილი “სპიკერი“ ანატოლი ბიბილოვი და ოსური КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი იბრძვიან.
მოსკოვის ფავორიტი ცნობილია. იგი 65 წლის ლეონიდ თიბილოვია, რომელიც სეპარატისტულ ანკლავს 2012 წლიდან „მართავს“. რუსეთის ღია მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ, მარტის ბოლოს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლეონიდ თიბილოვს კრემლში „უმაღლესს დონეზე“ უმასპინძლა და წარმატება უსურვა.
ლეონიდ თიბილოვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია КГБ-ს თანამშრომელ 36 წლის ალან გაგლოევს აკისრია. მისი ერთადერთი ამოცანა ანატოლი ბიბილოვისთვის ხმების წართმევაა, ლეონიდ თიბილოვის სასარგებლოდ, რომელიც ასევე საბჭოთა КГБ-ს წიაღიდან არის გამოსული.
ღია დებატების დროს, რომელიც ცხინვალის ტელევიზიამ გუშინ გადასცა, ლეონიდ თიბილოვმა ბუნებრივია, ყურადღება დედა რუსეთის უზარმაზარ ღვაწლზე გაამახვილა: „ყოველთვის გვემახსოვრება, თუ რა დახმარება გაგვიწია რუსეთმა ოსი ხალხის უახლესი ისტორიის მანძილზე, ეს იყო 1989, 1992 წლები და 2008 წლის აგვისტო. ეს დახმარება, რა თქმა უნდა, დღემდე იგრძნობა. ამიტომ ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება არის და ყოველთვის იქნება პრორუსული“.
ლეონიდ თიბილოვი „საპრეზიდენტო რბოლაში“ სტარტზევე მოპოვებულ უპირატესობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს უნდა უმადლოდეს. მისი უშუალო მითითებით, მარტის დასაწყისში, „არჩევნებში’ მონაწილეობის უფლება არ მისცეს ედუარდ კოკოითს, რომელიც ანკლავს 2001-2011 წლებში მართავდა.
ედუარდ კოკოითმა ვლადისლავ სურკოვს „თაღლითი“ უწოდა, ცხინვალში საპროტესტო ტალღის აგორება სცადა, თუმცა, მოსკოვიდან ზეწოლის გაძლიერების შემდეგ, აქციები შეწყვიტა და საკუთარ მომხრეებს 9 აპრილს, ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 47 წლის ანატოლი ბიბილოვზე, რომელსაც თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებული სკოლა-ინტერნატი აქვს დამთავრებული, მოსკოვმა ერთხელ უკვე გააკეთა ფსონი და შეცდა. 2011 წელს ანატოლი ბიბილოვს რუსეთში ედუარდ კოკოითის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა მან „საპრეზიდენტო არჩევნები“ „განათლების“ ყოფილ „მინისტრ“ ალა ჯიოევასთან წააგო, რასაც ოსურ კლანებს შორის კინაღამ სამხედრო შეტაკება მოჰყვა. საბოლოოდ, მოსკოვის მოთხოვნით, 2011 წლის „პრეზიდენტის არჩევნების“ შედეგები „არალეგიტიმურად“ გამოცხადდა, ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი „რბოლას“ საერთოდ ჩამოაშორეს. ანკლავი ჯერ ჩელიაბინსკელ ემისარ ვადიმ ბრონცევს ჩააბარეს, 2012 წელს კი ლეონიდ თიბილოვს გადაულოცეს.
ანატოლი ბიბილოვი მიმდინარე კამპანიის დროს მთავარ აქცენტს „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე აკეთებს და ამ საკითხზე „რეფერენდუმის“ დანიშვნას ითხოვს: „ჩვენ უნდა გადავწყიტოთ – სამხრეთელ ოსებს გვინდა თუ არა რუსეთის შემადგენლოაბში შესვლა? ეს შეიძლება გავიგოთ, მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რაც შეეხება პოლემიკას, მიგვიღებს რუსეთი თუ არა? ჩვენ ველოდებით 1992 წლიდან და კიდე მოვიცდით, მაგრამ მთავარია ახლა თავად საბოლოოდ გავერკვეთ რა გვინდა“.
ექსპერტების აზრით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დანიშნული „არჩევნების“ ბედი, სავსებით, შესაძლებელია, მის ფარგლებს გარეთ გადაწყდეს. 9 აპრილის „არჩევნებისთვის“ ჯამში – 40 200 ბიულეტენია დაბეჭდილი, მაშინ, როცა ოკუპირებულ ანკლავში სულ 32 736 ამომრჩეველია „რეგისტრირებული“. ზედმეტი 7464 ბიულეტენი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში (ერთი), ვლადიკავკაზში (სამი) და ოკუპირებულ სოხუმში (ერთი) გახსნილი 5 „საარჩევო უბნისთვის“ არის განკუთვნილი, სადაც ხმის მიცემა „სამხრეთ ოსეთის პასპორტის“ მქონე რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ. 9 აპრილს, „საპრეზიდენტო არჩევნების“ პარალელურად, ანკლავში „რეფერენდუმიც“ ტარდება, რომლის მიზანია „სამხრეთ ოსეთს“ დასახელებაში „სახელმწიფო ალანია“ დაემატოს.
ცივილიზირებული სამყარო 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდისა და რუსული ოკუპაციის გამო, „არჩევნებსა“ და „რეფერენდუმს“ ცხინვალში, უკანონოდ და არალეგიტიკურად მიიჩნევს.
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „ლიდერები“ (1990-2017 წლებში)
ტორეზ კულუმბეკოვი – 1990-1991;
ლუდვიგ ჩიბიროვი – 1993-2001;
ედუარდ კოკოითი – 2001-2011;
ვადიმ ბრონცევი – 2011-2012;
ლეონიდ თიბილოვი – 2012-2017.