globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 6th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): წინასაარჩევნო გამოცდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ მაიკლ კარ-პენტერთან: „საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს“

«ФАП News» (რუსეთი): ახლობელი და შორეული საქართველო: როგორ შთანთქავს ნატო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/national-movement/3317456.html

წინასაარჩევნო გამოცდა ნაციონალური მოძრაობისთვის

ნინო დალაქიშვილი

წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პეიზაჟი კვლავ იცვლება. ამჯერად დარტყმა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალის მიმართ მოდის: „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამიჯვნისა და ახალი, უფრო ჯანსაღი პოლიტიკური პლატფორმის აუცილებლობის შესახებ განცხადება დღეს გიორგი ვაშაძემ გააკეთა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა სახემ, რომელიც ეგრეთ წოდებულ რეფორმატორების ფრთას წარმოადგენდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდებოდნენ ინოვაციებს, სიახლეებს, ცვლილებებს და ახალ ინიციატივებს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არ განხორციელდა. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული, კაბინეტური მმართველობის სისტემა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პრეს-კონფერენციაზე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ გიორგი ვაშაძის წასვლა პარტიიდან თვით განდგომილს უფრო აზარალებს, ვიდრე თავად „ნაციონალურ მოძრაობას“. „ამერიკის ხმასთან“ ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა: „ჩვენ ვისაუბრეთ ღიად და შესაბამისად, მეც შემიძლია გულწრფელად გავაკეთო კომენტარი იმის შესახებ, რომ უშუალოდ მიმდინარეობს ჩვენს სიაზე საუბარი, მათ შორის ცხადია, პირველ ათეულზე. გიორგი ვაშაძის სურვილი იყო მომხვდარიყო პირველ ათეულში. სიის შედგენისას ჩვენი ამოსავალი წერტილი გახლდათ დაგვეფიქსირებინა მართლაც მაქსიმალური განახლება, რაც ჩვენს ამოცანას წარმოადგენს. ჩვენი შეცდომების გააზრებით, მათი ანალიზით, ახალი ენერგიით გვინდა შევეჭიდოთ წინასაარჩევნო პერიოდს. შესაბამისად, ერთადერთი პარლამენტარი, ვინც სიის პირველ ათეულში იქნება, ესაა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. სხვა არც ერთი პარლამენტარი სიის პირველ ათეულში არ იქნება”.

რამდენად შეცვლის სურათს წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძის გასვლა? დიდი ალბათობით, ეს იმდენად არ გააძლიერებს სხვა პარტიებს, რამდენადაც დააზარალებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ პოლიტოლოგმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა:

„ნაციონალური მოძრაობა» აქამდე იმით გამოირჩეოდა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა – მომხდარიყო შიდა განხეთქილება მათ რიგებში, ბოლო პერიოდამდე ასე თუ ისე გაუძლეს. იგივე „გირჩის“ გამოყოფიდან შეინიშნება, რომ პარტიის შიგნით, სხვადასხვა დაჯგუფებებში გარკვეული პრობლემები არსებობს, მათ შორის პარტიის მომავალთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით. ამის გამოხატულებაა თუნდაც „გირჩის“ ფორმირება და თუნდაც გიორგი ვაშაძის განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ. ეს, პრინციპში გარკვეული დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან გიორგი ვაშაძე გახლდათ ერთ–ერთი წარმატებული სახე საჯარო მოხელის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მსახურობდა და შემდეგ შეუერთდა მათ. მის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი წარმატებული რეფორმა“.

გიორგი ვაშაძემდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ზურაბ ჯაფარიძის გუნდი გაემიჯნა, ვინც ერთობლივად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს „გირჩის“ სახით. თუ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა, წინასაარჩევნოდ ყველაზე მაღალრეიტინგული ოპოზიციური პარტიის რღვევის პროცესის მომსწრენი გავხდებით, რაც აბსოლუტურად შეცვლილ პოლიტიკურ სურათს მოგვცემს.

————

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძის პარტიიდან გასვლის თაობაზე განცხადება გაავრცელა და მისი მოქმედება ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა: „მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში. (…) დარწმუნებული ვარ, რომ ხრიკების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს. მჯერა, რომ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ვაშაძის გასვლის ფაქტს უკრაინელი ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. აი, რა განაცხადა პოლიტოლოგმა და ჟურნალისტმა სტანისლავ ფედორჩუკმა:

„რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გიორგი ვაშაძესთან პერმანენტულად მიმდინარეობს მოლაპარაკება-კონსულტაციები უკრაინის იუსტიციის სამინისტროს რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით. იგი ჩვენთან მოთხოვნადი სპეციალისტია. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ არცევნების შემდეგ გიორგი ვაშაძე უკრაინაში გადმოვა, რადგან მისთვის აქ ძალიან ბევრი საქმეა“.

რას შეეხება კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის, სტანისლავ ფედორჩუკის თქმით, მათი დაპირისპირება უკრაინაში არ გაგრძელდება: „სინამდვილეში მათი გზები არსად არ გადაიკვეთება – გიორგი ვასაძეს თავისი სამოქმედო ველი აქვს – ტექნიკური პრობლემების მოგვარება-გადაჭრა, მიხეილ სააკაშვილს კი თავისი – უფრო გლობალური საკითხები და მასშტაბური რეფორმების გატარების გეგმები“, – აღნიშნა უკრაინელმა ექსპერტმა (წყარო: http://www.kavkaz-uzel.ru/articles/282022/)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/michael-carpenter-interview/3317967.html

ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან:

საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს

ანა კალანდაძე

საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და ვაშინგტონის პოლიტიკაზე რუსეთის აგრესიის შესაკავებლად აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილეს მაიკლ კარპენტერს ვესაუბრეთ.

ამერიკის ხმა: მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ შეკითხვას ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადების შესახებ დაგისვამთ. მან თქვა, რომ მართალია, ალიანსის კარი ღიაა, მაგრამ საეჭვოა, უახლოეს მომავალში ნატომ ახალი წევრები მიიღოს. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ნატოს გაფართოებამ, შეიძლება, რუსეთი გაანაწყენოს. როგორ აფასებთ ამ განცხადებას? თქვენი აზრით, როგორ წაიკითხავენ მას საქართველოსა და სხვა ასპირანტ ქვეყნებში და რას იფიქრებს რუსეთი?

მაიკლ კარპენტერი: ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ვიზიარებთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაში გამოხატულ პოზიციას, რომ საქართელო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს პოზიცია ნატოს ჩიკაგოსა და უელსის სამიტების დროსაც დადასტურდა. ამგვარად, აღნიშნულ საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება უცვლელია. გაგვაჩნია, ყველა ქმედითი საშუალება – მათ შორის, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა – რათა საქართველოს ალიანსთან დაახლოებაში დავეხმაროთ. მიხარია, რომ მოკავშირეებმა მონტენეგრო ალიანსში მიიწვიეს. ახალი წევრის ნატოში მიწვევა იმის საუკეთესო დასტურია, რომ ალიანსის კარი ღიაა.

ამერიკის ხმა: მიგაჩნიათ, თუ არა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უნდა გადახედონ რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიას იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიასა და პროპაგანდისტულ ომს ევროპის აღმოსავლეთში. ეთანხმება თუ არა დასავლეთი გენერალ ბრიდლავის განცხადებას, რომ რუსეთის ნაბიჯები ევროპისა და დასავლეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს?

მაიკლ კარპენტერი: ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ალიანსი აიძულა, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გადაეხედა, თუ რამდენად უსაფრთხოა საკუთრივ ალიანსის მდგომარეობა. უკრაინაში [რუსეთის] აგრესიის შემდეგ, ნამდვილად საჭირო გახდა, ალიანსმა შემაკავებელი და თავდაცვითი საშუალებები გააძლიეროს. უკრაინის მოვლენები საერთაშორისო წესრიგის საფუძვლების მოშლას ნიშნავს. ესაა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის იმ პრინციპების ხელყოფა, რასაც ჩვენ, დასავლეთის საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელშეუვალ პრინციპებად მივიჩნევთ. დიახ, ალიანსი ახალ ვითარებასა და საფრთხეებთან ადაპტაციას ახდენს. შევნიშნავ, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გასული წლის დეკემბერში მიიღეს, ნატოსა და შეერთებულ შტატებს რუსეთის საფრთხეებად ასახელებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ფულს ვხარჯავთ შემაკავებელი და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებაში. ნატომ მზადყოფნის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეებისათვის შეკავებისა და თავდაცვის პროგრამების დაფინანსებას აოთხმაგებს და 3.4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ეს თანხა სხვადასხვა ამოცანებს მოხმარდება, მათ შორის, საროტაციო ძალების გაძლირებასა და უფრო მეტი თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის განთავსებას ევროპაში, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე. თანხა დაიხარჯება უფრო მეტ ტრენინგსა და სამხედრო წვრთნებში, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კრიზისულ ვითარებაში სწრაფად იმოქმედონ. შეერთებული შტატები რეგიონში ნატოს არაწევრ პარტნიორებსაც დაეხმარება, რათა აგრესიულ რუსეთთან დაპირისპირებაში მათი სუსტი მხარეები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს დიდი პროგრამაა და ბევრ მიმართულებას მოიცავს, მაგრამ დიახ, ალიანსიცა და შეერთებული შტატებიც თვალს უსწორებენ ახალ გამოწვევებს.

ამერიკის ხმა: შესაძლებელია თუ არა ნატოსა და საქართველოს დაახლოება მომდევნო რამდენიმე წელიწადში? რა შედეგით დასრულდება ვარშავის სამიტი საკუთრივ ალიანსისა და საქართველოს მსგავსი ასპირანტებისთვის?

მაიკლ კარპენტერი: ნატოსა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. საქართველო ნატოს ავღანეთის მისიაში შეიარაღებული ძალების მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მან იქ 850 ჯარისკაცი წინაპირობების გარეშე გაგზავნა. ქართველი ჯარისკაცები ძალიან უნარიანი მეომრები არიან. დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთში და იქამდე ერაყში. საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი მოკავშირეა, რომელიც ნატოს სამხედრო მისიაში მონაწილეობს. ამგვარად, საქართველო ნატოს სხვადასხვა ინიციატივებში აქტიურადაა ჩართული. ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატოელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან. შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს გამართავს.

ამერიკის ხმა: როგორ დაახასიათებთ აშშ-საქართველოს ურთერთობებს თავდაცვისა და სამხედრო სფეროში? რა მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონი ამ ურთიერთობებს?

მაიკლ კარპენტერი: სამხედრო ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა. ზემოთ უკვე აღვნიშნე, თუ რას ვაფასებთ ამ ურთიერთობებში – ჯარისკაცების შთამბეჭდავ რიცხვს, რომელიც საქართველომ ავღანეთში გაგზავნა. ისინი საუკეთესო ჯარისკაცები არიან. საქართველომ 30 მეომარი დაკარგა და დაახლოებით 300 დაუშავდა. საქართველო თავს არ ზოგავს. ჩვენ ყოველ წუთს მადლიერნი ვართ მისი. ქართველი ჯარისკაცები უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალშიც მკურნალობენ. ამგვარად, საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის უშუალო თვითმხილველნი ვართ. ვფიქრობ, საქართველოსთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ვმსჯელობთ, თუ რა ერთობლივი წვრთნები დავუმატოთ უკვე არსებულ ფორმატებს, რომელთა მიზანი ავღანეთის მსგავსი საექსპედიციო მისიებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებაა. აგრეთვე ვფიქრობთ, რა დამატებითი საშუალებები არსებობს, რათა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დავეხმაროთ.

ამერიკის ხმა: ვიცით, რომ ალიანსში ახალი წევრის მისაღებად ნატოს წევრი 28 სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. რა რეკომენდაციას, მითითებას, იმედს, გნებავთ შენიშვნას მისცემთ საქართველოს მთავრობას, რომელიც ალიანსთან დასაახლოებლად თავის წილ სამუშაოს ასრულებს?

მაიკლ კარპენტერი: ვფიქრობ, საქართველო თავდაცვის რეფორმის განხორციელებით კარგ საქმეს აკეთებს. რეფორმა პროცესია. შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. დღეს ის ბევრად უფრო თავსებადია ნატოსთან, რასაც ნატოს მისიებში მისი მონაწილეობა ადასტურებს.

ამერიკის ხმა: ახლახან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ვარშავაში ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას კი არა, ალიანსის წევრობას მოითხოვს. თქვენთვის გასაგებია [თავდაცვის მინისტრის] განცხადება?

მაიკლ კარპენტერი: ცოტა ხნის წინ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესანიშნავ შეხვედრას დავესწარი, სადაც ამ საკითხზეც ისაუბრეს. როგორც მოგახსენეთ, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს. ჩვენი შეფასებით, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამების სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ როგორც ვთქვი, საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს.

ამერიკის ხმა: ზოგიერთმა ამერიკელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის აგრესიაზე ამერიკის არასათანადო პასუხმა, მათ შორის, სანქციების არდაკისრებამ, რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად და ყირიმის ოკუპაციისათვის წააქეზა. ეთანხმებით?

მაიკლ კარპენტერი: უკანასკნელი ათი წელია, ვუყურებთ, თუ როგორ იზრდება რუსეთის აგრესია. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში და, რა თქმა უნდა, ვხედავთ უკრაინაში. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ საერთაშორისო ნორმების ამგვარი დარღვევისათვის რუსეთს დიდი ფასის გადახდა უნდა დაეკისროს. ყირიმში ინტერვენციის საპასუხოდ, აშშ-მა ევროპელ და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, იაპონიასთან ერთად, რუსეთს სანქციები დააკისრა. სანქციები ყირიმში და მოგვიანებით, დონბასის რეგიონში ინტერვენციასთანაა დაკავშირებული. გვჯერა, რომ დიდი ფასის გადახდის შემთხვევაში, რუსეთი სხვაგვარად მოიქცევა.

«ФАП News» (რუსეთი), 06 მაისი, 2016 წელი

http://fapnews.ru/268468-blizkaya-i-dalekaya-gruziya-kak-nato-pogloshhaet-byivshie-soyuznyie-respubliki/

ახლობელი და შორეული საქართველო:

როგორ შთანთქავს ნატო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების კურსს აგრძელებს.  და ეს  ხდება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის მიზნით გაკეთებული განცხადებების ფონზე. თბილის-ბრიუსელის მჭიდრო ინტეგრირების პროცესს ადასტურებს ბოლო წლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალჩინოსანთა გახშირებული ვიზიტებიც საქართველოში. გარდა ამისა, ამ დღეებში თბილისთან ახლოს, ვაზიანში სტარტს იღებს ერთობლივი წვრთვნები საქართველოს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების  მონაწილეობით. სამხედრო მანევრებში ამერიკული მძიმე ტექნიკაც იქნება წარმოდგენილი.

რისთვის ჭირდება საქართველოს ამ სამხედრო მანევრებში მონაწილეობა? აუცილებელია თუ არა რუსეთმა საპასუხო დემარში განახორციელოს თავის საზღვრების ახლოს დაგეგმილი წრთვნების წინააღმდეგ? რუსეთის „პოლიტიკური ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს“ კორესპონდენტი რომან სტარჩაკოვი რუს პოლიტიკოსებს და ექსპერტებს ესაუბრა.

როგორც სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სერგეი ჟიგარევი ამბობს, მსგავს წრთვნებზე რუსეთი ყოველთვის ადექვატურად რეაგირებს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნატოს მიერ საქართველოსთვის უახლესი ტექნიკის გადაცემა ტრაგიკული მოვლენების გამომწვევია, გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის აგვისტოს ამბები: „არ შეიძლება იარაღი ისეთ ქვეყნებს გადაეცეთ, რომლებიც ამ იარაღს თავდაცვის მიზნით კი არა, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებენ. ეს შეიძლება ისეთ სიტუაციას შევადაროთ, როცა არაადექვატურ ადამიანს ხელში კომბალს აძლევ – იგი ვიღაცას აუცილებლად დაარტყამს, ხოლო ადექვატური ადამიანი ამ კომბლისაგან ბარის ტარს გააკეთებს და  ინსტრუმენტს კეთილი საქმისათვის გამოიყენებს. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ერთი შეხედვით, გეზი თითქოსდა რუსეთთან დაახლოებისაკენ აიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისის მიზანს კვლავ ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს“, – აცხადებს სერგეი ჟიგარევი.

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის ექსპერტი სერგეი ერმაკოვი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ მტკიცედ აიღო კურსი ჩრდლიოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ. თბილისში ხშირად ჩადიან ნატოელი და დასავლელი სამხედრო მაღალჩინოსნები. ალიანსის უახლოეს სამიტზე, რომელიც ვარშავაში უნდა გაიმართოს, აქცენტი ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე იქნება გადატანილი, პერსპექტივაში კი უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს ვერაფერი შეუშლის, ეს მხოლოდ დროის საკითხია. „ამჟმად საქართველო ალიანსში გაწევრიანებისათვის ემზადება. საქართველო აშშ-ის სტრატეგიაში, შავი ზღვის რეგიონის გაკონტროლების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ამ მხრივ ეს ქვეყანა საკვანძო სამხედრო-სტრატეგიული პუნქტის როლს ასრულებს. შეიძლება გავიხსენოთ ძველი პროექტები – „წრთვნისა და აღჭურვის პროგრამა“, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და ა.შ., რომელთა შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალები გარდაიქმნა. ქართულ არმიის მშენებლობაში დასავლური პარტნიორების წილი დღესაც საკმაოდ დიდია“, – ამბობს ექსპერტი.

ბოლო ხანებში ნატოს სამხედრო სწავლებები პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებში სულ უფრო მეტად მასშტაბური და ინტენსიური ხდება, სულ უფრო ხშირადაა გამოყენებული მძიმე ტექნიკა და მსხვილკალიბრიანი არტილერია, ანუ ის იარაღი, რომელიც, დასავლელი მაღალჩინოსნების ადრინდელი განცხადებების თანახმად, რუსეთის საზღვრებთან არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. დღეს აშშ და ნატო განგებ ივიწყებენ ძველ დაპირებებს და ხმამაღლა აცხადებენ, რომ სამხედრო წრთვნების ჩატარება „რუსული აგრესიის“ შესაჩერებლად არის გამიზნულიო. რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია საკადრისი სიმეტრიული პასუხი გასცეს ნატოელებს არა მარტო სამხედრო ძალის ჩვენებით, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებითაც. მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია, რომ მზადაა მოლაპარაკებისათვის და დიალოგისათვის, მაგრამ ნატო რუსეთის კეთილ ნებას ფეხზე იკიდებს და თავის ანტირუსულ გეგმებს სულ უფრო და უფრო აფართოებს. ალიანსი რუსეთს რევანშისტულ სახელმწიფოდ და ოკუპანტად მიიჩნევს. დასავლეთის ზეწოლა პერმანენტულად ძლიერდება და გამორიცხული არაა, რომ ღია კონფრონტაცია მსოფლიოს არაპროგნოზირებულ მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.

ნატოს სამხედრო მზადების ფონზე სრულიად ლოგიკურად ჟღერს რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადება დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოკრუგებში სამი ახალი დივიზიის შექმნის თაობაზე, რომლებიც სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების საპირწონედ ჩამოყალიბდება. ესაა რუსეთის სიმეტრიული პასუხი საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო წრთვნების მიმართ.

Comments are closed