globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 6th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The National Interest» (აშშ): თედო ჯაფარიძე: „მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერა სტანისლავსკის სისტემის მიხედვით გაიკეთა“

«Newsweek» (აშშ): მიხეილ სააკაშვილი: „პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის ერთი წელი -  უკრაინა რეფორმების გზაზე“

———————-

«The National Interest» (აშშ), 5 ივნისი, 2015 წელი

http://nationalinterest.org/feature/saakashvili-the-stanislavski-school-governance-13048

მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერა სტანისლავსკის სისტემის მიხედვით გაიკეთა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი კარიერა ისე გაიკეთა, რომ ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილს აღმოჩნდებოდა ხოლმე, „სტანისლავსკის სისტემის“ გათვალისწინებით, და ყველგან პოლიტიკურ შოუებს დგამდა, – ნათქვამია ამერიკული ჟურნალის The National Interest -ის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში ორიგინალური სათაურით „სააკაშვილი და სტანისლავსკის მართვის სკოლა“, რომლის ავტორია საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. რედაქციის მიერ აღნიშნულია, რომ პუბლიკაციაში გამოთქმული შეფასებები და დასკვნები ავტორის პირად აზრია და ოფიციალურ პოზიციას არ გამოხატავს.

გთავაზობთ მოკლე შინაარსს:

მიხეილ სააკაშვილმა კარგად შეისწავლა რუსული ენა, როცა ეს საჭირო იყო ხელისუფლების საფეხურებზე ასასვლელად, და ასევე კარგად აითვისა ინგლისური ენაც, როცა პოლიტიკური დრო შეიცვალა. თავის პოლიტიკურ საქმიანობაში მას არაერთხელ უყურებია როლისათვის, მიუღია როლი, შეუსრულებია როლი და რეჟისორთანაც კი მოსვლია კამათი, როცა ამას აუცილებლობა მოითხოვდა… ცხრა წლის განმავლობაში მან საკმაოდ ბევრი მეგობარი შეიძინა [მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ორგანიზაციებში], თანაც ძალიან მაღალ და გავლენიან თანამდებობებზე მყოფნი…. დღეს მიხეილ სააკაშვილი იგივეს აკეთებს, მით უმეტეს, რომ მისი ოდესის გუბერნატორად დანიშვნა სავსებით ეთანხმება მისთვის დამახასიათებელ თვისებას – ადაპტაციის უნარს. დღეს იგი მზადაა კარგი შოუ მოაწყოს. ყოველ შემთხვევაში, ექს-პრეზიდენტის რეპერტუარი საკმაოდ ფართოა.

ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი საქართველოს პრეზიდენტობის დროს თავისუფალი, ოპოზიციური მასმედიის წინააღმდეგ მიმართულ რეიდებს აწყობდა, ფულს სძალავდა მათ, ვისაც სხვებზე ცოტა მეტი სიმდიდრე გააჩნდა, პირადად მართავდა უშიშროების სტრუქტურებს, იყენებდა წამების მეთოდებს საპყრობილეებში და, როგორც ამბობენ, უკან არ იხევდა არაკეთილმოსურნეთა მკვლელობებზეც. „ცენტრალურ სცენაზე“ კი ამ დროს იგი გმირულად ანადგურებდა კორუფციას და რუსეთს ებრძოდა… მაგრამ არა იმისთვის, რომ მასზე გაემარჯვნა, არამედ სხვების დასანახავად. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა პატარა პოსტსაბჭოური სახელმწიფოს ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს „მატყუარას“ და „ცრუპენტელას“, დამამცირებელ „ლილიპუტინს“ უწოდებს! ამის გამო ვლადიმირ პუტინი მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა, ხეზე ყვერ…ით ჩამოგკიდებო.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის რანგში მიხეილ სააკაშვილი ერთდროულად დესპოტური „საბჭოთა“ ლიდერიც იყო და პოსტსაბჭოური „მედასავლეთეც“, რომელიც სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვაზე იფიცებოდა. მისი მმართველობის დროს  საქართველო სიურეალისტურ ადგილად გამოიყურებოდა, სადაც ერთმანეთში იყო არეული ჯონათან სვიფტისა და ჯორჯ ორუელის ფანტაზიები.

მიხეილ სააკაშვილი კარგად დაეუფლა [ცნობილი რუსი რეჟისორის კონსტანტინე] სტანისლავსკის სისტემას სცენური ხელოვნების შესახებ: მას 2008 წელს რუსეთთან ომი კი არ წაუგია, არამედ მან გაიმარჯვა და დასავლეთი გადაარჩინა! იგი 2012 წლის არჩევნებში კი არ დამარცხდა, არამედ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება და გულწრფელად მიულოცა! იგი საქართველოდან კი არ გაქცეულა, არამედ ნებაყოფლობით დევნილობაში იმყოფებოდა საზღვარგარეთ! კანონის უზენაესობა ყველასთვის, მაგრამ მისთვის არა!

მაგრამ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი მოჩვენებითი მოქმედების ადგილი არაა, მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი ლიდერი, რომელიც წარუმატებელი ქმედების გამო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

სამწუხაროდ, დასავლეთის ქვეყნები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უკრაინაც კი მიხეილ სააკაშვილისადმი ნდობას აგრძელებს. ვაშინგტონი გვაფრთხილებდა, რომ თავი შეგვეკავებინა სისისლის სამართლებრივი დევნისაგან იმ დანაშაულობების გამო, რომლებიც სააკაშვილს აქვს ჩადენილი. ევროპელი ქრისტიან-დემოკრატები მასში კვლავ პოსტსაბჭოურ დემოკრატს ხედავენ… და ბოლოს ყველასთვის შუარაცხმყოველი ფაქტი: კიეველმა პოლიტიკოსებმა ოდესის რუსულენოვანი ოლქის გუბერნატორად დანიშნეს კაცი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნებისა ეშინია!

საქართველო მიხეილ სააკაშვილის მანევრებს გადაურჩა, მაგრამ გადარჩება თუ არა უკრაინა? იქნება თუ არა უკრაინა უფრო იღბლიანი? მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ისეთ ძალაუფლებას, როგორიც მას საქართველოში ჰქონდა? ექნება თუ არა გუბერნატორს, სხვაგვარად აზროვნების ჩახშობის მიზნით, ოპოზიციის ოფისებსა და ტელეკომპანიების შენობებში შეჭრის უფლება ისე, როგორც საქართველოში ჰქონდა? ისარგებლებს თუ არა იგი ჩვეული მეთოდებით – უკანონო დაჭერებით,  წამებით, ქონების ჩამორთმევით და მოაწყობს თუ არა მკვლელობებს, საქართველოს მსგავსად? და ყველაზე მთავარი – განა უკრაინას იმის სურვილი აქვს, რომ უპირატესად რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე ოდესის ოლქს ისეთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს, რომელიც ასე ხშირად გამოხატავს რუსეთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის სიძულვილს? ამ ფაქტის გამო შეიძლება ოდესელები კიევის წინააღმდეგ განეწყონ.

თუ მიხეილ სააკაშვილმა მართლაც უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩვენთან თბილისში შეიძლება მისი შეცდომა სასიხარულოც კი იყოს, მაგრამ როგორი იქნება უკრაინელებისათვის, ეს სხვა საკითხია.

«Newsweek» (აშშ), 6 ივნისი, 2015 წელი

http://www.newsweek.com/poroshenkos-first-year-has-set-ukraine-road-reform-340061

პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის ერთი წელი: უკრაინა რეფორმების გზაზე

პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტად ზუსტად ერთი წლის წინათ, 2014 წლის 6 ივნისს გახდა. იგი ქვეყანას სათავეში ჩაუდგა გაგანია ომის დროს, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, როცა რეფორმებისა და რეკონსტრუქციის უპრეცედენტო საჭიროება არსებობდა, – ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორია საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

უკრაინამ, პეტრო პოროშენკოს ერთი წლის პრეზიდენტობის პერიოდში თავისი ტერიტორიის 12%-ზე კონტროლი დაკარგა, რუს ამბოხებულებტან ბრძოლებში მოკლულია 6 ათასზე მეტი ადამიანი, ლტოლვიდა იქცა ერთი მილიონი მცხოვრები, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 20%-ით შემცირდა. ასეთ სიტუაციაში ძნელია შეინარჩუნო ძლიერი სული და ერის შინაგანი განწყობა განამტკიცო, მაგრამ პეტრო პოროშენკომ ეს მოახერხა. მან სწრაფ შედეგებს მიაღწია ახალი სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელშიც წინა პრეზიდენტებს ხელი მოეცარათ.

პეტრო პოროშენკომ ვერხოვნა რადაში გამოსვლის დროს თავისი პროგრამა წარადგინა „4-დე“ – დეკონტროლიზება, დეცენტრალიზება, დეოლიგარქიზება, დებიუროკრატიზება. მან კარგად იცის, რომ დღეს უკრაინაში ორი ერთნაირი მნიშვნელობის ფრონტის ხაზია: ომი და რეფორმები. მიზნები შემდეგია: რუსეთი ნეოიმპერიალიზმის დამარცხება და ნეოსაბჭოური მართვის მოდელის ამოძირკვა.

ბოლო 24 წლის მანძილზე უკრაინას ნიჰილისტური ელიტა ძარცვავდა, მაიდანმა კი ყველაფერი შეცვალა. პირველად 1991 წლიდან ჩამოყალიბდა რეალური სამოქმედო პროგრამა: ბრძოლა გამოეცხადა ოლიგარქებს და კორუფციას, დაისახა მართვის სისტემის გაუმჯობესების პროგრამა და რეფორმები.

ამ ფრონტზე უკვე ბევრი წარმატებაა: უცხოელი ექსპერტები უკვე მუშაობენ, რეფორმები ხორციელდება და პერსპექტივა დადებითია, უკრაინამ აღადგინა თავისი შეიარაღებული ძალები და რუსეთის მრავალრიცხოვანი არმიის წინსვლა შეაჩერა, დანგრეული ფინანსური სისტემა სტაბილიზებულია. უკრაინამ შეძლო და გათავისუფლდა „გაზპრომის“ ენერგეტიკული მონოპოლიისაგან. ჩამოყალიბდა ახალი ანტიკორუფციული ბიურო, გენერალური პროკურატურა გარდაქმნის პროცესშია. ამ საქმეში მათ დახმარებას ქართველები და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ექსპერტები უწევენ. თითქმის ნულიდან დაიწყო უკრაინის ახალი პოლიციის მშენებლობა – რეფორმას ქართველი სპეციალისტი ხელმძღვანელობს. ჯანდაცვის სამინისტროს სათავეშიც ქართველია, რომელმაც უკვე დიდი ძალისხმევა გასწია რეფორმის სარეალიზაციოდ, ჩაატარა ვაქცინაცია, ებრძვის კორუფციას, ცდილობს გააუმჯობესოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი…

უკრაინელები უკვე ხედავენ მთავრობის წარმატებულ მუშაობას, ხედავენ რეფორმების შედეგებს. ისინი ხედავენ, რომ ეს ყველაფერი სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარებითაც კეთდება.

შიდა პრობლემების მიუხედავად, უკრაინის მოსახლეობა რეკორდულად მხარს უჭერს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების კურსს. უკრაინული დემოკრატიის , უკრაინული სახელმწიფოს გადარჩენა განაპირობებს აღმოსავლეთ ევროპის ბედსაც.

უკრაინელები მაიდნის შემდეგ ქვეყნის პოტენციალის ირგვლივ დაირაზმნენ, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ არმიისა და მოხალისეთა ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაში. უკრაინელები მომთხოვნები არიან, მაგრამ ითმენენ, რადგან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რეფორმების განხორციელება დააცადონ.

დასავლეთმა უნდა აღნიშნოს და დაინახოს ის პროგრესი, რომელიც უკვე მიღწეულია. ამავე დროს დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ თუ ამ ზაფხულს აღმოსავლეთიდან შეტევა განხორციელდება,  ტერიტორიებთან ერთად, მიღწეული პროგრესიც დაიკარგება.

Comments are closed