globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 6th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ რობერტ ჰამილტონთან: „ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს»

«The Irish Times» (ირლანდია): საქართველოს თავის საზღვრებში „კიდევ ერთი ყირიმის გაჩენა“ ეშინია // თბილისი აზრით, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს იტაცებს, ევროკავშირი სხვა მხარეს არ უნდა იყურებოდეს (ინტერვიუ)

«Die Welt» (გერმანია): გერმანიის ხელისუფლება ქართველ ქურდებს უფრთხის

«Bild» (გერმანია): გერმანია ქართველებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია // ექსპერტების აზრით, „ქართველი მიგრანტები სხვებზე უფრო მეტად კრიმინალები არიან“

«Newsweek» (აშშ): ვინ თამაშობს არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში?

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 ივნისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/robert-hamilton-on-nato-georgia/3360888.html

ინტერვიუ რობერტ ჰამილტონთან: „ტერიტორიული კონფლიქტები ნატოში წევრობას არ გამორიცხავს»

ანა კალანდაძე

რას უნდა ელოდოს საქართველო ვარშავის ნატოს სამიტიდან და აშშ-ში რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა არმიის პოლკოვნიკი თბილისში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამიტიდან? მოისმინეთ ინტერვიუ ამერიკელ სამხედრო ჩინოსანთან რობერტ ჰამილტონთან:

ამერიკის ხმა: გმადლობთ მობრძანებისთვის და ინტერვიუსთვის. თუ შეიძლება, მოგვიყევით თბილისში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი აქცენტების შესახებ?

რობერტ ჰამილტონი: ნატოს მომავალი სამიტი ვარშავაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართული კონფერენციის მთავარი თემა იყო, უმთავრესი ყურადღება, ამ კონტექსტში, გამახვილდა საქართველოს ურთიერთობებზე ალიანსთან და თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ალიანსში.

ამერიკის ხმა: თქვენი შეფასებით, როგორია საქართველო-ნატოს ურთიერთობები, რამდენად მზად არის საქართველო ალიანსში გაწევრიანდეს?

რობერტ ჰამილტონი: ჩემი შეფასებით, რომელსაც დამსწრე ამერიკელი მონაწილეები ეთანხმებოდნენ, ფაქტია, რომ საქართველომ ყველა პირობა შეასრულა პოლიტიკური თუ სამხედრო კუთხით ალიანსში გასაწევრიანებლად. როგორც დამსწრე მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა შენიშნა, საქართველომ აღარაფერი უნდა დაუმტკიცოს ნატოს. საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთში, ნატოს მისიაში, ასევე კოსოვოში, სადაც ნატოს მისია იდგა და წარსულში, ერაყშიც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მისია არ იბრძოდა, იქ ნატოს ბევრმა პარტნიორმა გაგზავნა ჯარები. კონფერენციის პირველ დღეს, დაიხურა “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება, რაც ამერიკულ-ბრიტანულ-ქართული ერთობლივი სამხედრო წვრთნის პროგრამა იყო. ამის შემდეგ, ქართულ შენაერთს ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა, რაც მას ნატოს ყველა მისიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

ამერიკის ხმა: რა იყო ამ სწავლების ყელაზე დიდი ღირებულება და მონაპოვარი? ასევე, რა განვითარებებს უნდა ველოდოთ მომავალში ამ კუთხით?

რობერტ ჰამილტონი: ამ სწავლებების მთავარი ღირებულება ის სერტიფიცირების პროცესი გახლდათ, რომელიც მისი დასრულების შემდეგ შედგა. საქართველოს ნატოს არაერთ საბრძოლო მისიაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა ბრძოლის ველზე პარტნიორის საბრძოლო უნარების შეფასება რთულია. ამ წვრთნებისას, კი ძალიან ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა ქართული შენაერთის სამოქმედო თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან, და ის, საბოლოო ჯამში, დამაკმაყოფილებლად, და ნატოსთან თავსებად დონედ შეფასდა. მომავალში, ვვარაუდობ, რომ ნატო-საქართველოს და აშშ-საქართველოს საწვრთნელი პროგრამები გაიზრდება და უფრო მეტი ქართული შენაერთის გადამზადებას და ალიანსის სტანდარტებთან სრულ თავსებადობას ვიხილავთ.

ამერიკის ხმა: თქვენი ვარაუდით, რას მიიღებს საქართველო ნატოს მომავალი სამიტიდან?

რობერტ ჰამილტონი: რთულია განსაზღვრო რა მოხდება ვარშავის სამიტზე, თუმცა, მჯერა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად უნდა შეთანხმდნენ ახალი წევრის მიღებაზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს გაწევრიანების გეგმა ნატოს ალიანსში 2008 წელს გამოცხადდა და ეს დღემდე ნატოს პოლიტიკად რჩება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. თუმცა ვფიქრობ, ახლა საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილების გამონახვაშია, და თუ როგორ აღასრულებს ალიანსი საკუთარ განცხადებას ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში.

ამერიკის ხმა: რა ბარიერია საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტები ნატოში გაწევრიანებისთვის?

რობერტ ჰამილტონი: ამ თემაზეც იყო კონფერენციაზე საუბარი. თუმცა, თუ ჩვენ გადავხედავთ ნატოს ალიანსის გაფართოების სტრატეგიას, აქ ნათქვამი არსადაა, რომ არსებული ტერიტორიული კონფლიქტები ერთადერთი ფაქტორია ნატოში ახალი წევრების მისაღებად. პირიქით, აქ ნათქვამია, რომ თუ კონფლიქტები არსებობს, ისინი ეუთოს სტანდარტებით უნდა მოგვარდეს. მითუმეტეს, რომ პრეცედენტიც არსებობს, როცა 1955 წელს გერმანია ალიანსის წევრი გახდა მაშინ, როცა მისი ერთი მესამედი საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არასდროს უთქვამს უარი გერმანიის მთლიან ტერიტორიაზე. ამდენად, არსებული კონფლიქტები არ წარმოადგენს ნატოში გაწევრიანების ერთადერთ კრიტერიუმს.

ამერიკის ხმა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს როგორ შეაფასებდით?

რობერტ ჰამილტონი: საქართველო შეეცადა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, უფრო მეტიც: გააკეთა ყველაფერი ურთიერთობების დასალაგებლად, და მცირედი წარმატებაც ჰქონდა. თუმცა, ახლა საქმე არა იმდენად ორმხრივი კავშირების აღდგენასა და წარმატებაშია, რამდენადაც იმაში, თუ რამდენად არის მზად ნატოს ალიანსი რუსეთის რეაქციას გაუმკლავდეს, რომელიც აუცილებლად მოჰყვება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

«The Irish Times» (ირლანდია), 06 ივნისი, 2016 წელი

http://www.irishtimes.com/news/world/europe/georgia-fears-another-crimea-inside-its-borders-1.2673707

საქართველოს თავის საზღვრებში „კიდევ ერთი ყირიმის გაჩენა“ ეშინია

თბილისი აზრით, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს იტაცებს, ევროკავშირი სხვა მხარეს არ უნდა იყურებოდეს

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტზე ირლანდიაში, რომელიც 17-18 მაისს გაიმართა. დუბლინში ყოფნისას ქართველ დიპლომატს „აირიშ თაიმსის“ კორესპონდენტი რედჰემ მაკკორმაკი შეხვდა და ინტერვიუ ჩამოართვა.

დავით დონდუა, რომელიც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია ჟენევაში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „გაყინული კონფლიქტების“ მოსაგვარებლად მიმდინარე კონსულტაციებზე, ირლანდიელ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს, რომ მოსკოვი ამ რეგიონების შთანთქმას ყირიმის მსგავსად ცდილობს. რუსეთმა საქართველოსთან 2008 წელს მომხდარი ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკა განალაგა. სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ გაფორმებულ შეთანხმებებში თბილისი ამ რეგიონების რუსეთთან მიერთების მცდელობას ხედავს. როგორც დავით დონდუა ამბობს, რუსები ამას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, ყირიმისაგან განსხვავებით, უფრო ნელა, თანდათანობით აკეთებენ. შესაბამისად, საქართველოსთვის უფრო რთული ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის გაფრთხილება და მისი მობილიზება პრევენტიული ზომების მისაღებად.

„საერთაშორისო პრესას არ აინტერესებს ის მოვლენა, როცა არ ისვრიან, არ იხოცებიან ადამიანები, ბომბები არ ფეთქდება. ჩვენდა საბედნიეროდ, ღია კონფლიქტი არ მიმდინარეობს, მაგრამ არც მშვიდობა არ არის“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. იგი ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ  მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დროიდან (2012 წლის ოქტომბრიდან), რუსეთთან ურთიიერთობის მოგვარებას ცდილობს – განახლდა ვაჭრობა, გაიხსნა კომუნიკაციის არაოფიციალური არხები, რუსულენოვან მასმედიას საქართველოში მაუწყებლობის ნება მიეცა და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, უსაფრთხოების საკითხების მოგვარება ჩიხში შევიდა: რუსეთი საქართველოსაგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, საქართველო კი აცხადებს, რომ უპირველესად აუცილებელია დაახლოებით 200 ათასი იძულებით გადაადგილებული პირების (უმთავრესად ქართველების) დაბრუნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ საკვანძო საკითხებზე შეთანხმება ჯერ-ჯერობით  მიღწეული არ არის. მასალაში ნათქვამია, რომ თბილისი ევროპულ ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს დაცვასა და მოსკოვზე ზეწოლას სთხოვს. რუსეთის უკანონო ქმედების შეჩერება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მოსკოვი მიხვდება – ასეთი პოლიტიკის გატარება მას ძალიან ძვირი დაუჯდება.

საქართველოს მთავრობისათვის უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოება, რათა თავის აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს რუსეთთან ცხოვრების ალტერნატივა აჩვენოს. გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ თავისი ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირს  შეუთანხმა, უკვე ხელმოწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს. ამ ზაფხულს კი საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმის მიცემას ელოდებიან, ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად სამოგზაუროდ. „ამით ის ადამიანები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა არიან, დარწმუნდებიან, რომ საქართველოში ცხოვრება ევროპაში ცხოვრებას ნიშნავს“, – ამბობს ინტერვიუში დავით დონდუა.

„საქართველო ევროპული სახელმწიფოა – მენტალიტეტით, კულტურით, რელიგიით,  ფასეულობებით… ჩვენი კანონები სრულიად ეთანხმება ევროკავშირის კანონებს, მაგრამ ეს არასაკმარისია. გვჭირდება უფრო მეტი აქტიური კონტაქტები. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ევროპაში გაემგზავრნონ და იქ საკუთარი თვალით დაინახონ, როგორ ცხოვრობენ ევროპელები, გამოცდილება გაიზიარონ და უკან წარმატებული პრაქტიკული შედეგით დაბრუნდნენ“, – აცხადებს დავით დონდუა „აირიშ თაიმსის“კორესპონდენტთან საუბრისას.

დასავლეთთან ინტეგრაციის განვითარების ფონზე საქართველოს მთავრობა საკმაოდ არის შეშფოთებული იმით, რომ რუსეთი სულ უფრო აგრესიულად იყენებს ე.წ. „რბილ ძალას“, რითაც საზოგადოებაში მხარდაჭერის მოპოვება სურს. მოსკოვი საქართველოში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს სხვადასხვა საზოგადოებრივი ფონდების დასაფინანსებლად, რომლებიც მისი მიზნების განხორციელებას ემსახურებიან.

როგორც დავით დონდუა ამბობს, რუსეთი ქართველების თვალში ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირების კომპრომეტირებას ვერ შეძლებს, მაგრამ მოსკოვი ყურადღებას ინტეგრირების პროცესზე ამახვილებს, რომელიც ისე სწრაფად არ მიდის, როგორც ქართველებს სურთ. „მათი განცხადება ასეთია: დიახ, ეს ორგანიზაციები კარგია, მაგრამ თქვენ მათში ვერასოდეს გაწევრიანდებით, რადგან მათ საქართველო და თქვენი რეგიონი არ აინტერესებთ“, – ქართველი დიპლომატის ამ სიტყვებით მთავრდება ინტერვიუ.

«Die Welt» (გერმანია), 5 ივნისი, 2016 წელი

http://www.welt.de/politik/deutschland/article155960343/Regierung-fuerchtet-georgische-Diebesbanden.html

გერმანიის ხელისუფლება ქართველ ქურდებს უფრთხის

გერმანიის სამთავრობო წრეებში მატულობს უკმაყოფილება ევროკომისიის გეგმების მიმართ, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს (სავარაუდოდ, თურქეთის) მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონაში შესასვლელად ამჟამად არსებული სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითვალისწინებს, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ველტი“ საკვირაო, 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორები – მანუელ ბევარდერი და დენიელ შტურმი).

საქართველოსთვის ორგანიზებული დანაშაულობები მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, განაცხადა ბუნდესტაგში დახურულ კარს მიღმა გამართული საპარლამენტო მოსმენების დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზერმა. მან, კერძოდ, ხაზი გაუსვა იმ ქართული კრიმინალური ჯგუფების აქტიურობას, რომლებიც დასპეციალებული არიან ბინების ძარცვაში. მისი ნათქვამის საპასუხოდ ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ საკითხის ღიად განხილვამ შეიძლება ევროკომისიის გეგმები საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გეგმები საფრთხის ქვეშ დააყენოსო.

ავტორები აღნიშნავენ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, ზემოაღნიშნული სამი სახელმწიფოს მოქალაქეთა ვიზა-ლიბერალიზებასთან დაკავშირებით ისეთ დებულების შემუშავება მიმდინარეობს, რომლის თანახმად, ევროკავშირის ცალკეულ წევრ ქვეყნებს საჭირო შემთხვევაში საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსათვის (ალბათ, თურქეთისთვისაც) უკვე მიცემული უვიზო რეჟიმის შეჩერების (დამუხრუჭების) ან გაუქმების უფლება ექნებათ. ასეთი ცვლილბა უნდა იქნეს შეტანილი იმ დადგენილების პროექტში, რომელიც ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს. გარდა ამისა, გერმანია ცდილობს, რომ ვიზა-ლიბერალიზების საკითხის განხილვა თითოეული ქვეყნის მიმართ ცალ-ცალკე მოხდეს და, შესაბამისად, ვიზებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად გაუქმდეს.

სტატიაში ციტირებულია ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციის დეპუტატის ვოლფგანგ ბოსბახის განცხადება, რომლის მიხედვით, მისთვის გასაგებია უკრაინელთა ევროპაში მიზიდვა ვიზების გაუქმების მეშვეობით, მაგრამ იმავდროულად დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს არალეგალური მიგრანტების მატებისა და უსაფრთხოების დონის შესუსტების რისკზე. მისი აზრით, თუ ბრიუსელი მაინც დათანხმდება უვიზო რეჟიმის დაწესებას, მაშინ საჭირო გახდება [შენგენის ზონაში] შესვლა-გამოსვლის რეესტრის შემოღება: „ჩვენ გვინდა რარაც ავარიული მუხრუჭი, რომელიც არალეგალური მიგრაციის ზრდას თავიდან აგვაცილებს“.

ბუნდესტაგის კიდევ ერთი დეპუტატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, გერმანიის ფინასთა ყოფილი მინისტრი პერ შტაინბრიუკი, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ საქართველოს და უკრაინას უვიზო რეჟიმი დაუწესდეს. „მანამდე, სანამ ევროზონის პრობლემები არ მოგვარდება და მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალი არ მოიძებნება, სანამ რუსეთთან ურთიერთობა არ დარეგულირდება, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები ნატოში ახალი წევრების მიღებისა და დასახელებული ქვეყნებისათვის უვიზო რეჟიმის მიცემის მიმართ“, – ხაზი გაუსვა მან.

პუბლიკაციაში გადმოცემულია ბავარიის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრის იოაჰიმ ჰერმანის თვალსაზრისიც: „მე კვლავ გავიმეორებ ჩემს ადრინდელ ნათქვამს: სანამ საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოსათვის უვიზო რეჟიმს დავთანხმდებით, მანამ ისეთი მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ, რომლებიც თავიდან აგვაცილებს და არ დაუშვებს ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან ჩვენი სისტემის ბოროტად სარგებლობას, ვთქვათ, თავშესაფრის მიღების საკითხში“, – ამბობს იოაჰიმ ჰერმანი.

«Bild» (გერმანია), 06 ივნისი, 2016 წელი

http://www.bild.de/politik/inland/organisiertes-verbrechen/union-lehnt-visa-freiheit-fuer-georgier-ab-46146338.bild.html

გერმანია ქართველებისათვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია

ექსპერტების აზრით, „ქართველი მიგრანტები სხვებზე უფრო მეტად კრიმინალები არიან“

„საქართველოდან გერმანიაში სულ უფრო მეტი ბანდიტები შემოდიან, თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირს სურს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს. გერმანიაში კი ამ სავარაუდო გადაწყვეტილებისადმი წინააღმდეგობა იზრდება“, – ასე იწყება გაზეთ „ბილდ“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ვიზა-ლიბერალიზებასთან დაკავშირებული სიტუაციაა მიმოხილული და გერმანელი ექსპერტების კომენტარებია გადმოცემული (ავტორი – ფრანც ზოლმს-ლაუბახი).

როგორც გერმანელი ექსპერტები ამბობენ, ევროკომისიისაგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, გერმანიამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ პრობლემას, რომელსაც ქვეყანას ქართველებს შორის დამნაშავეობის მაღალი დონე უქმნის. ექსპერტ არმინ შუსტერის აზრით (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი), „ქართველი იმიგრანტები, სხვებისაგან განსხვავებით, ძალიან ღრმად არიან ჩაბმულნი ორგანიზებულ დამნაშავეობაში. ახლა რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ, კრიმინალური სიტუაცია კიდევ უფრო გაურესდება“. არმინ შუსტერი პოლიციის ოფიცერია და მიიჩნევს, რომ ქართველი ბანდიტების შეჩერება და გერმანიაში ბინების ძარცვის რაოდენობის დაკლება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი.

პუბლიკაციიის ავტორი სარგებლობს ფედერალური სისხლის სამართლის პოლიციის სტატისტიკური მონაცემებით, რომელთა თანახმად, გასულ 2015 წელს გერმანიაში მომხდარი ძარცვის 167 ათასი ფაქტიდან ყველაზე მეტი „ქართულმა მაფიოზურმა დაჯგუფებების წევრებმა“ ჩაიდინეს. „ბილდის“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიციის წარმომადგენელი ანდრე შულცი ამბობს, რომ „დამნაშავეთა უკან ქართული მაფიის მოქმედება იკვეთება, რომელიც გერმანიაში ქურდებს მიზანმიმართულად აგზავნის. აქ ჩამოსვლის შემდეგ ისინი თავშესაფრის მიღებას ითხოვენ და სანამ მათი თხოვნა იხილება (8-12 თვის განმავლობაში), ქურდობენ და დანაშაულს სჩადიან. იგივე მოქმედებით არიან დაკავებულნი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოსული პირებიც… გერმანია ქურდებისა და ბინის მძარცველებისათვის სამოთხის მსგავსი მიმზიდველი ქვეყანაა. ჩვენ ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ და ეს ფაქტორი უცხოელ ქურდებზე მაგნიტივით მოქმედებს“.

ექსპერტი ჰანს-პეტერ ული (ქრისტიან-სოციალური კავშირი) თავის მსჯელობაში კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ საქართველო ნატოში მიღების ღირსიც არ არის: „ამჟამად [საქართველოსთვის] უვიზო რეჟიმი და ნატოს წევრობა ნაადრევია. ვიზა-ლიბერალიზება უაკონტროლო მიგრაციის ზრდას გამოიწვევს, მომრავლდება თავშესაფრის მსურველთა რიცხვი, გაიზრდება დამნაშავეობის დონე, ნატოში მიღება კი რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს“, – ამბობს იგი.

სტატიის დასასრულს ავტორი ეხება ნატო-რუსეთის ურთიერთობასა და ვარშავის სამიტის მნიშვნელობას, რომლის დროსაც ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტიის ქვეყნებში განმტკიცებას გეგმავს: „რუსეთი ამ პროექტს მწვავედ აკრიტიკებს და საკუთარი უშიშროების საფრთხედ აღიქვამს. მოსკოვი ნატო-საქართველოს ინტეგრაციასაც ამ კუთხით განიხილავს“, – ნათქვამია სტატიაში.

«Newsweek» (აშშ), 5 ივნისი, 2016 წელი

http://www.newsweek.com/what-world-cup-unrecognized-states-sport-football-466406

ვინ თამაშობს არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში?

სტატიაში ვრცლადაა მოცემული აფხაზეთში ე.წ. „არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაციის“ («CONIFA») ეგიდით ჩატარებული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობა და მატჩების შედეგები, ჩამოთვლილია ნაკრები გუნდების შემადგენლობა, რაოდენობა, ეროვნება და სხვა დეტალები (ავტორი – დენიელ შარკოვი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთი ფორმალურად ჯერ კიდევ საქართველოს შემადგენლობაში მიიჩნევა, ფაქტიურად კი თითქმის 10 წელია რუსეთის მიერ დამოუკიდებლად არის აღიარებული. „ნიუსვიქ“-ის ჟურნალისტი ესაუბრება «CONIFA»-ს გენმდივანს ალექსანდრ დიერკოპს, რომელიც მაღალ დონეზე აფასებს ტურნირის ჩატარებას: „მე ვიცოდი, რომ აფხაზეთის ხელისუფლებისა და ფეხბურთის ასოციაციისაგან სრული მხარდაჭერა გვექნებოდა, მაგრამ ის სოლიდარობა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გაგვიწია, ფანტასტიკაა. ბოლო ჩემპიონატის მატჩებზე [შვედეთის ქალაქ ესტერსუნდში] ჩვენ მაყურებელი არ გვყავდა, აქ კი მატჩებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა – ყოველ მატჩს დაახლოებით ათასამდე, ისინიც კი, ვინც აფხაზი არ იყო“.

„აქვს თუ არა ამ ჩემპიონატს პოლიტიკური ფონი? აქვს და არც აქვს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკურ დონეზე საკითხი სადაოა. შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ რადგან მატჩების ტრანსლირების დროს აფხაზეთის დროშა აფრიალებენ და ჰიმნს მღერიან, ეს პოლიტიკაა, მაგრამ მთავარი აქ მაინც სპორტული მომენტია“, – ამბობს «CONIFA»-ს გენერალური მდივანი.

————–

რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, სოხუმში, 5 ივნისს საღამოს არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო, ფინალური მატჩი გაიმართა. აფხაზეთის ნაკრებმა პენჯაბის ნაკრებს შვიდით ექვსი მოუგო და მსოფლიო ჩემპიონის თასიც დაისაკუთრა. წყარო: http://www.interfax.ru/sport/511910

Comments are closed