globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 6th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისს და ბაქოს პასუხის გაცემა სტრასბურგის სასამართლოში მოუწევთ // ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეშფოთებულნი არიან აზერბაიჯანელ ოპოზიციონერთა ბედით

«Голос Армении» (სომხეთი): „ქართული სპეცსამსახურები უფრო მეტად ილჰამ ალიევს ემორჩილებიან, ვიდრე საკუთარ ხელმძღვანელს“

«Каспiй» აზერბაიჯანი): „შანტაჟი ვერ გაუვათ: პროსომხური ძალები ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას ზიანს ვერ მიაყენებენ“

—————–

«Независимая газета» (რუსეთი), 06 ივნისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-06-06/6_7003_baku.html

თბილისს და ბაქოს პასუხის გაცემა სტრასბურგის სასამართლოში მოუწევთ

აშშ და ევროკავშირი შეშფოთებულნი არიან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერიების ბედით

„თბილისში მოტაცებული და ბაქოს ციხეში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატები სარჩელის შეტანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ. პროცესმა უკვე მიიღო სახელწოდება – „მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი ორი სამხრეთკავკასიური სახელმწიფოსათვის საკმაოდ არასასიამოვნო განცხადებებით გამოვიდნენ“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში (ავტორი – იური როქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„ბოლო ორი დღის განმავლობაში „აფგან მუხთარლის საქმესთან“ დაკავშირებით რაიმე პრინციპულად ახალი ამბავი არაფერი მომხდარა. ერთი ეგაა, რომ აზერბაიჯანის პროსამთავრობო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აფგან მუხთარლის ნეგატიურ პორტრეტს „აუმჯობესებენ“: მოსახლეობას უხსნიან, თუ როგორ აღმოჩნდა იგი მშობლიური ქვეყნის ტერიტორიაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ბაქოს გაზეთების მტკიცებით, აფგან მურხთარლი ჯურნალისტი არ არის. იგი, მართალია, ჟურნალისტურ წრეებში ტრიალერბდა, მაგრამ უფრო მეტად ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთის ემისრის როლს ასრულებდა, აზერბაიჯან-საქართველოს „ცუდად დაცულ“ საზღვარზე გადად-გადმოდიოდა და ბაქოელ ოპოზიციონერებს ფულით და ინსტრუქციებით ამარაგებდა. ამჯერად აფგან მუხთარლი სასაზღვრო ზონაში დააკავესო.

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, ცდილობს სკანდალის ჩაქრობას, მაგრამ ამას საკმაოდ არათანმიმდევრულად აკეთებს და წინააღმდეგობრივ განცხადებებ აჟღერებს. ოფიციალური თბილისი ხან ამბობს, რომ არ გამორიცხავს საკადრო ცვლილებებს ძალოვან უწყებებში, ხან აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში არავინ დამნაშავე არ არისო. მთავრობის ასეთი მოქმედება ახალ უხერხულ კითხვებს ბადებს, რომელთა პასუხად გაისმის, რომ დაელოდეთ გამოძიების შედეგებსო. რასაკვირველია, ქართულმა ოპოზიციამ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს: „მთავრობა დაბნეულია“, „უხესად დაირღვა ადამიანის უფლებები“, „ზიანი მიადგა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს“ და ა.შ.

ფაქტიურად უშედეგო აღმოჩნდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის „კეთილი ჟესტი“, რომელიც კაზუსად გადაიქცა: პრემიერმა პრეზიდენტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლ-შვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა, აფგან მუხთარლის ცოლმა ლეილა მუსტაფაევამ კი უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე: „ადრე ბინადრობის უფლებას გთხოვდით და უარი მითხარით, ახლა ქართული პასპორტი მე თვითონ აღარ მინდაო“.

დასავლეთი ჯერ მდუმარედ ადევნებდა თვალს მოვლენებს, შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის არასასიამოვნოდ „დაიქუხა“: საქართველომ წესიერად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს მომხდარი ფაქტი, აზერბაიჯანმა კი დაჭერილი დისიდენტები გაათავისუფლოსო.

მაგრამ, როგორც ჩანს, მსგავსი „დაქუხებები“ ბაქოს ნაკლებად აღელვებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ჰიქმეთ გაჯიევმა დასავლეთს მოუწოდა, რომ სიტუაციის დრამატიზირებას ნუ მოახდენთო: „ის წრეები, რომლებიც სიტუაციის პოლიტიზებას ახდენენ, წარუმატებლად ცდილობენ ზიანი მიაყენონ აზერბაიჯან-საქართველოს კავშირებს. ისინი ვერასდროს ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზნებს“.

როგორც ქართველი და აზერბაიჯანელი, ასევე დასავლელი იურისტები, ექსპერტები და უფლებადამცველები თვლიან, რომ აფგან მუხთარლისა და გეზელ ბაირმალის მდგომარეობა, (იგი საქართველოს საზღვარზე დააკავეს „ვალუტის დიდი რაოდენობის უკანონოდ გადატანის მცდელობის“ გამო), საგანგაშოა და არაა გამორიცხული, მათ ციხეში რაიმე მოუვიდეთ, რადგან ისინი დაუცველები არიან.

ამასობაში ქართველმა სამართალდამცავმა ორგანოებმა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რომელიც „აფგან მუხთარლის საქმეს“ უკავშირდება: ვიდადი ისკანდერლიმ, რომელიც ასევე თბილისში ემალება ბაქოს ხელისუფლების რეპრესიებს, განაცხადა, რომ მას სახლთან ორი საეჭვო პიროვნება ელოდა. ისინი აზერბაიჯანელ აქტივისტს მშობლიურ ენაზე დაემუქრნენ. ვიდადი ისკანდერლიმ სახლში მიბრუნება მოასწრო და პოლიცია გამოიძახა.

«Голос Армении» (სომხეთი), 05 ივნისი, 2017 წელი

http://golosarmenii.am/article/54237/skazhite-net-kureniyu-i-vizitu-v-gruziyu

„ქართული სპეცსამსახურები უფრო მეტად ილჰამ ალიევს ემორჩილებიან, ვიდრე საკუთარ ხელმძღვანელს“

სტატიაში გადმოცემულია, თუ როგორაა განხილული, ასახული და შეფასებული სომხურ ბლოგოსფეროში და სოციალურ ქსელებში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტი (ავტორი – ლუიზა ათანესიანი).

გთავაზობთ ამონარიდს:

როგორც ბლოგერი მიქაელ ზარიანი აღნიშნავს, „საქართველოში მომხდარ ინციდენტზე სომხურ პრესაში თავშეკავებული გამოახმაურებაა. სომხური არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად არ გამოდიან, რათა აზერბაიჯანელებს საბაბი არ მისცენ. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი აღვირახსნილი ანტისომხური კამპანია მიმდინარეობს აზერბაიჯანში, თითოეული სომეხი მიხვდება, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რათა დაპატიმრებულის ინტერესებს ზიანი არ მიადგეს“.

ბლოგერი გაგიკ ამბარიანი: „თავის დროზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იმ მიზნით, რომ ქვეყანა რუსული „გაზპრომის“ საცეცეებისაგან გაეთავისუფლებინა, იმედის მზერა ალტერნატივას – აზერბაიჯანს მიაპყრო, მაგრამ რა გამოვიდა? საქართველო ახლა უკვე აზერბაიჯანის მონობაში მოექცა. სწორედ ეს გარემოება განაპირობებს იმას, რომ ილჰამ ალიევი ბანდიტური მეთოდებით მოქმედებს მეზობელი ქვეყნის ტერეიტორიაზე რასაც უნდა, იმას აქკეთებს, ქართველები კი თავს ისე იმართლებენ, რომ გაგეცინება… პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დემოკრატიული საქართველო თვალის დახამხამებაში გადააქცია დიქტატორული აზერბაიჯანის ფორპოსტად. მეტსაც ვიტყვი: ამ სიტუაციით ნათელი ხდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სომხებიც დაუცველები არიან, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დაკავებულნი არიან საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობით. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა თანამემამულეებმა, რომლებიც ზაფხულის გატარებას საქართველოში აპირებენ. არაა გამორიცხული, რომ ილჰამ ალიევის ნებით თქვენ შიძლება ბაქოში აღმოჩნდეთ: ქართული სპეცსამსახურები ხომ უფრო მეტად ილჰამს ემორჩილებიან, ვიდრე საკუთარ ხელმძღვანელს“.

«Каспiй» აზერბაიჯანი), 06 ივნისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

„შანტაჟი ვერ გაუვათ: პროსომხური ძალები ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას ზიანს ვერ მიაყენებენ“

აზერბაიჯანის გაზეთ «Каспiй»-ს 6 ივნისის ნომერში რამდენიმე მასალაა გამოქვეყნებული აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით:

I. „საკითხი ამოწურულია: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გაუკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის განცხადებას აფგან მუხთარლის დაკავებასთან დაკავშირებით“. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უკვე გააკეთეს განცხადება ამ საკითხზე. ჩვენ ვთვლით, რომ აფგან მუხთარლის საქმის პოლიტიზების მცდელობა არასწორია, ეს საკითხი იურიდიულ სიბრტყეზე უნდა იყოს განხილული. ის წრეები, რომლებიც აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრული ურთიერთობის დარღვევას ცდილობენ, მიზანს ვერასოდეს მიაღწევენ“.

II. „გამოცდილი მოკავშირე: „საქართველო და აზერბაიჯანი ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას არ დაუშვებენ“. კომენტარს აკეთებს ქართველი ექსპერტი კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არიან ძალები, რომლებთაც მომხდარი ამბით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობის გაფუჭება სურთ, მაგრამ რადგანაც ეს ორივე ქვეყნის მთავრობამ კარგად იცის, ისინი უფლებას არ მისცემენ ამ ძალებს თავიანთი მიზნები შეისრულონ. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის მტკიცე ეკონომიკური ინტეგრაცია არსებობს, აზერბაიჯანს დიდი ინვესტიციები აქვს ჩადებული საქართველოს ეკონომიკაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ღრმავდება საქართველო -აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობაც… მოკლედ, ბაქოსა და თბილისის ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს“.

III. „შანტაჟი ვერ გაუვათ: პროსომხური ძალები ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობას ზიანს ვერ მიაყენებენ“. სტატიაში კომენტარს აკეთებს საქართველოში მოქმედი სახალხო მოძრაობა „გეირათის“ ხელმძღვანელი ასკერ ალიბალა: „პროსომხური ძალები მუდამ ეჭვით უყურებდნენ აზერბაიჯანისა და საქართველოს ძმურ დამოკიდებულებას. ისინი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, ყოველთვის გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდებს ორი მოძმე ქვეყნის ურთიერთობის გასაფუჭებლად, მაგრამ ხრიკები არ გაუვათ. პროსომხურ ძალებს აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შოუს დადგმა სურთ, მაგრამ ასეთი მცდელობა ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ორი მეზობელი ხალხის მეგობრობას, რომელსაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები“.

Comments are closed