globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 6th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Tages Woche» (შვეიცარია): ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან: „ნატოს ჩვენ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ნატო“

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): აზერბაიჯანელებს არ შეგვფერის, რომ ქართველებივით მოვიქცეთ

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის გადაწყვეტილება არ მოსწონს: თბილისი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია

———————-

«Tages Woche» (შვეიცარია), 5 ივლისი, 2015 წელი

http://www.tageswoche.ch/de/2015_27/international/692560/

საქართველოს თავდაცვის მინისტრი: „ნატოს ჩვენ უფრო ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ნატო“

შტეფან შოხერი

თინათინ ხიდაშელი ინტერვიუში საუბრობს ნატოს სუსტ მხარეებზე რუსეთთან ურთიერთობაში და იმაზე, თუ რატომ სურს მაინც საქართველოს ალიანსში გაწევრიანება.

- პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით – სად ხედავთ საქართველოსთვის ყველაზე დიდ სტრატეგიულ გამოწვევებს?

- გასული წელი ძალიან რთული იყო. რეგიონის ქვეყნები კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ. უკრაინის მოვლენები ოპტიმიზმისათვის მცირე საფუძველს იძლევა. ყველას სურს საუკეთესო არჩევანი გააკეთოს – არა მარტო რეგიონის ქვეყნებს, არამედ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებსაც. მე მგონია, რომ რუსეთი არაფერს ამ ამზადებს არც თბილისი, არც კიევის, ბაქოს ან ერევნის წინააღმდეგ. საკითხი ეხება რუსეთის დაპირისპირებას ვაშინგტონის, ბრიუსელისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებისადმი. ბურთი სწორედ მათ მხარეს არის ნასროლი.

- „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე საკითხი ეხებოდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს და ამით ამ ორგანიზაციას დაუახლოვდნენ. საქართველოც მათ განეკუთვნება. რა შთაბეჭდილება დატოვა რიგის სამიტმა თქვენზე? ცნობილია, რომ საქართველოს სურვილი უვიზო რეჟიმის შესახებ არ განხორციელებულა…

- მე ვიტყოდი, რომ რიგის სამიტი ძალიან დადებითი შედეგების მომტანი იყო. მართალია, საქართველოთვის უვიზო რეჟიმი არ დაწესებულა, მაგრამ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ეს ძალიან მოკლე დროში მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითია: ჩვენ უკვე გვაქვს მტკიცე ვადა – ვიზა-ლიბერალიზაცია მოხდება 2016 წლის განმავლობაში, დანარჩენი კი უკვე ტექნიკური საკითხებია. ევროკავშირი მზად არის თავისი დაპირება შეასრულოს. ალბათ, ზოგიერთი საკითხი შეიძლებოდა უფრო ადრე, ორი წლის წინათ გადაჭრილიყო, მაგრამ ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ძალიან კარგი და დიდ სამუშაოს ასრულებს.

- შეიძლება ასე ნატოსთან მიმართებითაც ითქვას?

- ნატოსთან მიმართებით გარკვეული განსხვავება არსებობს, ამის უარყოფა არ შეიძლება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ევროკავშირისაგან განსხვავებით, სხვაგვარი ურთიერთობები გვაქვს: ჩვენი მხრიდან ტექნიკური სამუშაოები შესრულებულია და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაღაა საჭირო, რომ საქართველო „მაპ“-ში ჩაერთოს, შემდეგ კი ნატოს წევრი გახდეს, რასაც ბუქარესტის სამიტზე დაგვპირდნენ 2008 წელს.

- მაგრამ საქართველოს აქვს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა, რომლის გამოც ნატო თავს იკავებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რეგიონებში რუსეთის ჯარები დგანან და ისინი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა…

- ნატოში გაწევრიანებისათვის ეს დაბრკოლებაა, მაგრამ „მაპ“-ში ჩართვისათვის პრობლემას ვერ ვხედავ, „მაპ“-ი ხომ კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპით სარგებლობას არ ითვალისწინებს. ამასთან, როგორც ჩანს, რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ შეჩერდება. ნატოს და ევროკავშირი ვეღარ იმოქმედებენ ძველებურად, მხოლოდ რეაგირების რეჟიმში. სამწუცაროდ, საქართველოს შესაძლებლობები შეზღუდულია. თბილისს თავისი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. მომავალ წელს, ნატოს ვარშავის სამიტმა ჩვენ მკაფიოდ პასუხი უნდა გაგვცეს. დადგა მომენტი, რომლის კიდევ ერთხელ გადადება აღარ უნდა მოხდეს.

- უკრაინის ომმა ნატოს სუსტი მხარეები შესამჩნევი გახადა. ამის გათვალისწინებით, მიგაჩნიათ თუ არა მაინც ნატო თქვენი ქვეყნის დამცავ ფაქტორად თუ, შესაძლოა, რისკები არსებობს?

- ეს დამოკიდებულია გარემოებებზე. გააჩნია, როგორი კუთხით შევხედავთ. მოსკოვის თავლსაზრისით, ნატო საბოლოოდ დასუსტებულია, თბილისის კი პირიქით მიაჩნია: დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უფრო აქტიური და ძლიერია, ვიდრე 2008 წელს, როცა ჩვენ რუსეთთან ომი გვქონდა. მაგრამ თუ მოსკოვი დარწმუნებული არ იქნება, რომ ნატო თავის პრინციპებს მტკიცედ შეასრულებს, მაშინ ვინ შეაჩერებს რუსეთს? თუ ნატო „მაპ“-ს მოგვცემს, ეს ალიანსისთვისაც მომგებიანი იქნება, ეს ხელს შეუწყობს თვით ნატოს განმტკიცებასაც. ახლა ნატოს პოლიტიკურად ჩვენ უფრო ვჭირდებით, რუსეთისათვის მისანიშნებლად, ვიდრე ნატო ჩვენ.

- რა მოხდება, თუ საქართველო „მაპ“-ს ვერ მიიღებს?

- ეს არ იქნება საქართველოს დასასრული, მაგრამ იქნებოდა ტრაგედია.

«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 5 ივლისი, 2015 წელი

http://haqqin.az/news/48394

აზერბაიჯანელებს არ შეგვფერის, რომ ქართველებივით მოვიქცეთ

აკპერ ჰასანოვი

ბაქოში ქართული სამზარეულოთი ცნობილი უამრავი რესტორანი მუშაობს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით. ამასთან, არცერთხელ არ ყოფილი ისეთი შემთხვევა, რომ ვინმე აზერბაიჯანელი მისულიყო რესტორნებთან და საქართველოს მიმართ რაიმე შეურაცხმყოფელი ეთქვა, ან შენობების შესასვლელთან საქართველოს დროშა გაეფინა და ზედ ფეხებით შემდგარიყო. ჩვენ არ ვართ ასე აღზრდილები. ჩვენ მართლაც სტუმართმოყვარე, უფრო სწორედ, ზედმეტად სტუმართმოყვარე ხალხი ვართ.

აზერბაიჯანული ესტრადის ვარსკვლავი ქართველი მანანაა, რომელსაც ვარსკვლავად გადაქცევაში აზერბაიჯანელი პროდიუსერი დაეხმარა. არცერთ მის კონცერტზე არავის ანტიქართული არაფერი უთქვამს და არც ქართული დროშისთვის არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა. სამაგიეროდ, რა ხდება ქართულ ესტრადაზე? იქ, უბრალოდ,  არცერთი აზერბაიჯანელისათვის ადგილი ვერ მოიძებნა.

დიდი ხნის განმავლობაში სოსო პავლიაშვილი ამბობდა, რომ იგი აზერბაიჯანის მხურვალე მეგობარი იყო, მაგრამ რად გინდა, დაუძახეს სომხებმა და იგი ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა. ამის მიუხედავად არცერთ აზერბაიჯანელს საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია არ გაუმართავს, საქართველოს დროშა ფეხებით არ გაუთელავს.

საქართველოში პერიოდულად ტარდება სხვადასხვა გამოფენები, რომლებზეც „შემთხვევით“ მთიანი ყარაბაღის „წარმომადგენლებიც“ მონაწილეობენ ხოლმე. თუ რამეს ვიტყვით, ბატონი ქართველები ცდილობენ დაგვარწმუნონ იმაში, რომ ეს ყველაფერი მათთვისაც მოულოდნელი იყო, რომ ისინი შოკში არიან და ასე შემდეგ. ჩვენ თავს ვიკავებთ საპასუხო მოქმედებისაგან. ერთ ამბავსაც გავიხსენებ: თავის დროზე ბაქოს კინოთეატრებში ჩვენ უარი ვთქვით რუსეთის ფილმის „2008 წლის აგვისტოს“ ჩვენება, რადგან ცნობილი იყო, რომ ეს მოსკოვის პროპაგანდისტული პოლიტიკის ნაყოფს წარმოადგენდა. აზერბაიჯანმა ამით პატივი სცა ქართველი ხალხის გრძნობებს და განწყობას.

აი, იმაზე კი, როგორ არიან განწყობილნი ქართველი გულშემატკივრები, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით თბილისში გამართული საფეხბურთო მატჩის დროს – ქართულ „დინამოსა“ და აზერბაიჯანულ „გაბალას“ შორის, როცა ფანატები აზერბაიჯანულ გუნდის წევრებს თავს დაესხნენ, აგინეს და სცემეს. მათ „გაბალას“ ერთ-ერთ გულშემატკივარს აზერბაიჯანის დროშა წაართვეს და ზედ ფეხით შედგნენ. გარდა ამისა, ქართველებმა თბილისის სტადიონის ტრიბუნაზე ბანერი გამოფინეს, რომელზეც აზერბაიჯანის მიმართ საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები იყო გამოხატული. სამწუხაროდ, ასეთი პროვოკაციები არაერთხელ მომხდარა, ეს უკვე კანონზომიერებაა, ტრადიციად ქცეული.

ამ ყველაფერს ერთგვარი პიკანტურობა სესძინა თბილისის „დიმანოს’ პრესსამსახურის განცხადებამ, რომელიც დამცინავ, მასახარად ამგდებ სტილშია გადმოცემული. განცხადება ჯერ სინანულის გამოხატვით იწყება, მაგრამ შემდეგ… „ეს მოხდა მატჩის შემდეგ, დინამოს სტადიონის გარეთ, ამიტომაც საფეხბურთო კლუბ „დინამოს“, მატჩის ორგანიზატორს, არ შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მომხდარის თაობაზე“. მაგარია, არა?

ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ქართველთან სტუმრად მიხვალთ და მისი სახლის შესასვლელთან, კარის ზღურბლზე გცემენ, მასპინძელი არაფერ შუაშია, იგი დამნაშავე არ არის, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. შეიძლება სინანული გამოხატოს, შემდეგ კი მრავალსართულიან სადღეგრძელოს იტყვის მეზობლებთან მეგობრობის სადიდებლად, აზერბაიჯანელების როლზე კლუბის ისტორიაში და ასე შემდეგ.

თუ ვინმეს დაავიწყდა, გავახსენებ: ზვიად გამსახურდიას ლიდერობის პერიოდში რატომ მოხდა, რომ ქართველი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელების საქართველოდან გაძევება დაიწყო? ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებმაც „გაბალას“ ფეხბურთელების სცემეს და აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა გათელეს, სწორედ იმ ნაციონალისტების შთამომავლები არიან. ქართული ნაციონალიზმი, ისევე როგორც ქედმაღლობაში გადაზრდილი ქართული თავმოყვარეობა, განუკურნებელია. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის საზღვრის დადგენა-დაზუსტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამიტომაც ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ბანერი ზაქათალისა და კახის კუთვნილების თაობაზე ქართველმა ახალგაზრდებმა თვითონ მოიფიქრეს.

რასაკვირველია, თეორიულად ჩვენ ქართველებისადმი პასუხის გაცემა იგივე მეთოდებით შეგვიძლია: გამოვფენთ შესაბამის ბანერს, საქართველოს დროშაზე ფეხებს გავიწმენდთ… ამას დიდი გამბედაობა არ ჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს არ შეგვეფერება.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 5 ივლისი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150704-gruzinskoe-rukovodstvo-protiv-odnopolykh-brakov/

საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის გადაწყვეტილება არ მოსწონს: თბილისი ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია

ფრანგული რადიოსადგურის «Radio France Internationale»-ს ეთერში გუშინ გადაიცა საქართველოში გასულ კვირაში მომხდარი მოვლენების მიმოხილვა, რომელშიც ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას – კონსტიტუციაში ჩაიწეროს ოჯახის განმარტება როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როცა აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ერთსქესიანი გეი-ქორწინება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დააკანონა, ხოლო სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ კი სხვა ქვეყნებს მოუწოდა ამერიკას მიბაძონ. ირაკლი ღარიბაშვილი, სამი შვილის მამა, აშკარად შეშფოთებული იყო აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს ვერდიქტით და ამ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, რომ ვაშინგტონს მიზნად აქვს დასახული ხელი შეუწყოს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც.

საქართველო ამერიკის „სტრატეგიულ პარტნიორად“ ითვლება, მაგრამ მთავრობის მეთაურმა ერთ-ერთი ქართული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში მიანიშნა, რომ არ დათანხმდება  „ამერიკულ მიდგომას“ ამ პრობლემისადმი. ქართველმა პრემიერმა ოჯახს,  ეკლესიასთან ერთად, „ქრისტეს მეორე ტაძარი“ უწოდა და განაცხადა, რომ მას სურს ამ დებულებას კონსტიტუციური სტატუსი მიანიჭოს. ერთსქესიანი ქორწინების მომხრეებს ირაკლი ღარიბაშვილმა „ტრადიციული ოჯახის მოწინააღმდეგეები“ უწოდა. შესაძლოა, პრემიერზე გავლენა მოახდინა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მკვეთრმა განცხადებამ საკვირაო ქადაგების დროს, რომ შეერთებულმა შტატებმა „უკანონობა დააკანონა“.

როგორც «Radio France Internationale»-სთან საუბარში „სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, ქართულ ტრადიციონალისტურ საზოგადოებაში „ამერიკული მიდგომები“ ვერ დამკვიდრდება: „ამერიკელი ლიდერების გაუფრთხილებელი განცხადებები ქართულ საზოგადოებაში] სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. მაგალითად, მათი ნათქვამი ერთსქესიანი ქორწინების იდეის ლეგალიზებაზე და მის გავრცელებაზე მთელს მსოფლიოში. ამერიკელები ამას დემოკრატიის უპირველეს ნიშნად მიიჩნევენ, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში  ამერიკელთა მოქმედება არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ჩემი აზრით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება არ მოხდება, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავ აშშ-ის მხრიდან ძლიერ ზეწოლას ამ საკითხში. რასაკვირველია, არ შეიძლება ვინმეს დისკრიმინირება ან შეზღუდვა, მაგრამ ასევე არ შეიძლება, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობას „ოჯახი“ და „ქორწინება“ ვუწოდოთ, ეს არანაირ ნორმას არ შეესაბამება, მით უმეტეს რელიგიურს. სხვათა შორის, ამას მხოლოდ ქრისტიან-მართლმადიდებლები კი არ ეწინააღმდეგებიან, არამედ მუსულმანებიც, იუდეველებიც და საერთოდ, ყველა ტრადიციული კონფესიები“.

ქალბატონ ნანა დევდარიანის თვალსაზრისს ყველა არ ეთანხმება. აი, რას ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი გაბიანი: „განა ვინმე მხარს დაუჭერს [ირაკლი ღარიბაშვილის] ინიციატივას? (იცინის). ეს ხომ სრული ველურობა იქნება, რომ კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილება შევიდეს. მართალია, ერთსქესიანთა ქორწინების დასამკვიდრებლად საქართველო ჯერ მზად არ არის, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება… გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის სურვილის შესრულება ძალიან ძნელი იქნება: კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ხანგრძლივი პროცედურაა და თან მას პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამი მეთხედის მხარდაჭერა სჭირდება“.

Comments are closed