globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 6th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Росбалт» (რუსეთი): რით „ემუქრება საქართველო რუსეთს? // ვინ არის მართალი თბილის-მოსკოვის ურთიერთბრალდება-საყვედურებში?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ბორდერიზაციის მორიგი ტალღა შიდა ქართლში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსულ-ქართული «Чито Гврито» მოსკოვსა და თბილისში

«Mid-day» (ინდოეთი): ქართველი დესპანი ინდოელ ქალს დახმარებას სთავაზობს // საქართველო ბოდიშს იხდის, ინდოეთი კი თავს არიდებს

—————–

«Росбалт» (რუსეთი), 05 ივლისი, 2017 წელი

http://www.rosbalt.ru/world/2017/07/05/1628257.html

რით „ემუქრება საქართველო რუსეთს?

ვინ არის მართალი თბილის-მოსკოვის ურთიერთბრალდება-საყვედურებში?

ანდრეი ნიკოლაევი

(შემოკლებით)

საქართველომ და რუსეთმა ვერადავერ მოახერხეს შედარებითი ურთიერთგაგების გზაზე გასვლა, გინდაც მჭიდრო მეზობლობის ფორმატში მაინც. მოსკოვი კვლავ გამოხატავს თავის უკმაყოფილებას საქართველოს ნატოსთან დაახლოების გამო, თბილისს კი შეშფოთებულია დაუსრულებელი რუსულ-აფხაზური სამხედრო მანევრები. არ არის სიწყნარე სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე, სადაც, ქართული მხარე მოსკოვს „მცოცავ ოკუპაციაში“ ადანაშაულებს…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ამას წინათ გაზეთ „იზვესტია“-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მუდამ ერთიდაიგივეს გაიძახის „რუსული ოკუპაციის“ თაობაზე, თვითონ თბილისი კი ამ დროს ნატოს უახლოვდება და ფაქტიურად ალიანსთან „რუსეთის შეკავებაში“ თანამშრომლობსო…

ვინ ვის აშინებს და აშანტაჟებს?  რუსეთს საქართველო, რომელსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი კი აქვს, მაგრამ ვერ შედის და თავის ტერიტორიაზე მხოლოდ თითო-ოროლა მანევრი ჩაატარა თუ საქართველოს რუსეთი, რომელიც აფხაზეთში დგას და იქ ასზე მეტ სწავლებას ატარებს, ხოლო სამხრეთ ოსეთში, რომელიც ასევე გატენილია რუსული ჯარებით, საქართველოს შიგნით საზღვრის გადაწევითაა დაკავებული? შესაძლოა რუსეთს იმედი აქვს, რომ ამგვარი მოქმედებით საქართველოს „ჭკუას ასწავლის“, რომ თბილისმა ნატოს მიმართ თავისი დავლური შეანელოს – „იცოდე, აქვე ვართ, ერთი ხელის გაწვდენაზეო“.

გამოდის, რომ სამხედრო კონფლიქტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან დაახლოების ნიადაგზე შეიძლება რეალურად მოხდეს და რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია საქართველოს ყოველნაირი პრობლემა შეუქმნას, მათ შორის სამხედრო პრობლემების ჩათვლით.

რასაკვირველია, თბილისითვის ყველაზე სახიფათო სამხედრო კომპონენტია. ქართული მხარის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით, ბოლო ხუთ თვეში 40-მდე სასწავლო განგაში გამოცხადდა, სულ ბოლოს კი მასში ცხინვალის სამხედრო ბაზაც ჩაერთო, რის შემდეგაც რუსმა მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი საქართველოს შიგნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან – ბერშუეთთან და სობისთან, კიდევ 500 მეტრით გადასწიეს… მოსახლეობისათვის ტერიტორიის მორიგი „მოკბეჩვა“ მძიმედ აისახება – რეგიონი აგრარულია, ხალხი ისედაც ღარიბად ცხოვრობს და ამ დროს მათ მიწის დამუშავებას და მოსავლის აღებას უკრძალავ? პოლიტიკური და ტერიტორიული ფაქტორის გარდა, საკითხი ეხება ადამიანის უფლებების შელახვას, რომელსაც საზრდოს ართმევ…

ემოციების გარეშე რომ ვიმსჯელოთ, რასაკვირველია, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებას არ აპირებს, რადგანაც ამჟამად ომის დაწყებას გეოპოლიტიკური კონტექსტი ხელს არ უწყობს. რუსეთი ძალის დემონტრაციას ახდენს არა იმიტომ, რომ საქართველო აფხაზეთს და ან სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხასო, არამედ იმიტომ, რომ ნატოსაკენ მიისწრაფვის. და რაც უფრო აქტიურად გააგრძელებს საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ ინტეგრაციის კურსს, რაც უფრო მეტად დაუახლოვდება ნატო საქართველოს, რუსეთი მით უფრო ენერგიულად და მასშტაბურად მოახდენს თავისი სამხედრო ძალის დემონტრირებას.

რასაკვირველია, კრემლს კარგად ესმის, რომ საქართველოს ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ნატოში არ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, მოსკოვის სამხედრო აქტიურობას საქართველოს ყოფილ ტერიტორიებზე „პრევენტიული, პროფილაქტიკური“ ხასიათი აქვს, ანუ ამას უფრო შანტაჟისა და დაშინების მიზნით აკეთებს. რაც შეეხება საქართველოს, თბილისი მოსკოვს ვერაფრით დააშანტაჟებს: მისი რომანი ნატოსთან ჯერ კიდევ „პლატონურია“… ამ დროს  ყველაზე მეტად რიგითი ადამიანი იჩაგრება: სამხრეთ ოსეთის შეთხვევაში – „მცოცავი საზღვრით“, აფხაზეთის შემთხვევაში კი – გალის რაიონის ქართველებისათვის საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობის შეზღუდვით.

მოკლედ, მეზობლობა ფაქიზი საქმეა, განსაკუთრებით კავკასიაში. მეზობლობა ძალის დემონტრაციას ვერ იტანს, ვერც დაშინებას და ანგარებას, პოლიტიკურის ჩათვლით: ერთი მცდარი ნაბიჯი და ყოფილი კეთილი მეზობლები ერთმანეთისთვის მოსისხლე მტრებად იქცევიან. საქართველო და რუსეთი კი ამ პოსტულატს დიდი ხანია არ იცავენ. „წონითი კატეგორიების“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ელემენტარულ დასკვნამდე მივდივართ: „რაღაც რომ მოხდეს“, საქართველო უფრო დაზარალდება, ვიდრე რუსეთი და თბილისს ვერანაირი დასავლეთი ვერ დაეხმარება. ამის მაგალითებია 2008 წლის აგვისტოს ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ და ა.შ. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოს დასავლელ „მეგობრებს“, ნიკოლა სარკოზის გარდა, თითი არ გაუნძრევიათ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-borderization-south-ossetia/3928049.html

ბორდერიზაციის მორიგი ტალღა შიდა ქართლში

ნინო დალაქიშვილი

რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის ახალი ეტაპი დაიწყეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან, კერძო მოსახლეების ქერის ყანაში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”. ხოდელებისა და ჩილინდრიშვილების ოჯახებისთვის მოსავლის აღების საკითხმა წელსაც, ისევე როგორც შარშან, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ოკუპირებული ტერიტორია, დაახლოებით 700 მეტრით გაიზარდა ბერშუეთისა და სობისის მიმართულებით.

ბორდერიზაციის პროცესის განახლება რომ მოსალოდნელი იყო ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა პირდაპირ დააანონსა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მან ისიც თქვა, რომ პროცესის განახლება ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი. დასახელდა სავარაუდო მიმართულებაც: ზნაურის, ანუ ყორნისის თემი. ეს განცხადება 12 მაისს ერგნეთში რიგით 88–ე შეხვედრაზე გაისმა. დანაპირები შესრულდა, მხოლოდ ზნაურის მიმართულების ნაცვლად გორის მუნიციპალიტეტში.

„ამერიკის ხმა” ქეთევან ციხელაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ესაუბრა იმის შესახებ, კონკრეტულად რა ზომები იქნა გატარებული საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან მას შემდგომ, რაც მათ მოისმინეს სანაკოევის განცხადება მოსალოდნელი ბორდერიზაციის შესახებ: „ამ განცხადების გაკეთბისთანავე, ჩვენ გვქონდა მყისიერი კომუნიკაცია ყველა პარტნიორთან. მომდევნო შეხვედრაზეც ეს საკითხი დაისვა იმგვარად, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება და რაიმე დამაბრკოლებლების აღმართვა და ინსტალაცია ნებისმიერ პერიმეტრზე“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრის თქმით, ამ თემაზე საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ჰქონდა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობას ბორდერიზაციის მოსალოდნელი განახლების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე.

„ჯერ კიდევ ჟენევის ბოლო რაუნდზე ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს დელეგაციამ. წინა კვირას ჩემს გამოსვლაში ეუთოს უსაფრთხოების ყოველწლიურ მიმოხილვით კონფერენციაზე ვისაუბრე უკანონო ბორდერიზაციის საკითხზე, იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია, საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის, ანუ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არაკანონიერ ქმედებებს, მავთულხლართების აგებას. ვისაუბრე, ასევე კონკრეტულ ინციდენტებზე, რომელსაც ბოლო პერიოდში მოხდა. საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული უკანონო ქმედებების შესახებ“, – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. იგი დასძენს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშირისო თანამეგობრობას.

თეონა აქუბარდია, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან კომუნიკაციის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭო ინფორმირებული არაა: „არ ვფლობ ინფორმაციას, კონკრეტულად, იმის თაობაზე, ჟენევის ფორმატში ან ერგნეთის მოლაპარაკებებზე თუ იყო ეს საკითხი განხილული. ამგვარი საკითხების პრევენცია ერთადერთი, შესაძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საკმაოდ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რთულია იმის თქმა თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამ ყველაფერს. არ ვარ ინფორმირებული თუ როგორ მოხდა ამ საკითხის, ასე რომ ვთქვათ, გეგმაზომიერად „აწევა“ და თანამეგობრობისთვის მიწოდება“, -ამბობს თეონა აქუბარდია.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/russian-soft-power-in-georgia/3929135.html

რუსულ-ქართული «Чито Гврито» მოსკოვსა და თბილისში

ზაზა წულაძე

ზუსტად იმ დროს, როცა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ხოდელებისა და ჩილინდრიშვილების კუთვნილ ქერის ყანებში, რუსი ოკუპანტები ივანოვი და პეტროვი ახალ საოკუპაციო ხაზს ავლებდნენ, ბერშუეთიდან 1900 კილომეტრით მოშორებულ მოსკოვში, ბოლშაია ნოვოდიმიტროვსკაიას ქუჩაზე, „ფაბრიკა-FLAKON“-ის პავილიონებში, რუსეთ-საქართველოს „ისტორიული ძმობის“ სადღეგრძელოები ისმოდა. ფესტივალი სახელწოდებით „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ რუსეთის დედაქალაქში პირველად გაიმართა და ორგანიზატორების თქმით, რომელთაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერაც ჰქონიათ, „ყოველგვარ მოლოდინს“ გადააჭარბა.

წვიმიანი უქმე დღეების მიუხედავად, „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ 30 000-დან 50 000-მდე მოსკოველმა მოინახულა. შეისვა განუსაზღვრელი რაოდენობის ქართული ღვინო და შეიჭამა იმავე რაოდენობის მწვადი, ხაჭაპური, ლობიო, საცივი და ფხალი. სპეციალური ჩემპიონატი ხინკლის ჭამაშიც კი გაიმართა.

ქართული ტრადიციული სამზარეულოს გარდა, საქართველო მოსკოვში „კულტურული დესანტითაც“ იყო წარმოდგენილი: მოსკოველებმა ხელახლა აღმოაჩინეს ქართული მხატვრობა, კინო, მოდა, ხალხური ცეკვა და სიმღერა. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა ბოლომდე, გრუზინულად აეწყვიტა – დაელია, ეჭამა, ემღერა, ეცეკვა, საქართველოს სახელმწიფო დროშაც კი დაეხატა. რუსებმა „პოლიტკორექტულობაც“ კი დაიცვეს: ფესტივალის დღეებში არსად ჩანდა საქართველოს რუკა „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. ერთი სიტყვით, იყო მხოლოდ Чито Гврито და სიამტკბილობა.

ცნობილი რუსი პოლიტიკოსებიდან ფესტივალი თვით ვლადიმერ ვოლფის ძე ჟირინოვსკიმ დააფასა. მთავარი რუსი „ლიბერალი“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულ ლიკვიდაციას ემხრობა, „თბილისოს“ ჰანგების ფონზე, ქართული ხინკლის დასაგემოვნებლად უზარმაზარ რიგშიც კი იდგა.

„ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ურთიერთობას საუკუნის ისტორია აქვს, სისულელე იქნება ეს მემკვიდრეობა სწორად არ გამოვიყენოთ. ცუდია, რომ დღეს ქართველ ბავშვებს რუსეთში სასწავლებლად ჩამოსვლა ადვილად არ შეუძლიათ. ეს იქნება ჩვენი კოლოსალური შეცდომა, თუ ვერ შევძლებთ ვიპოვოთ ურთიერთობის რაღაც ფორმით დალაგების შესაძლებლობა. ვფიქრობ რომ ეს მომგებიანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცა ურთიერთობის გამოსწორებით მოგებულია და ვიღაცა წაგებული“, – ეს „მეგობრული“ მესიჯი კი უკვე რუსეთის კულტურის ყოფილ მინისტრს მიხეილ შვიდკოის ეკუთვნის. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში წინა კვირას თბილისი მოინახულა და საქართველოში რუსულ „სპუტნიკ-გრუზიას“ წარმატება უსურვა.

როგორც მიხეილ შვიდკოი, ისე რუსული რადიოსადგურის „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი უპრობლემოდ შემოვიდნენ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აქვთ დარღვეული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

მიხეილ შვიდკოი ყოველწლიურად კურირებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „რუსეთის დღეების“ გამართვას და ადგილზეც ხშირად ჩადის. ვლადიმერ მამონტოვი კი ბოლოს ოკუპირებულ სოხუმში 2014 წლის აპრილში იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უბრალოდ იცრუა, როცა განაცხადა, რომ თითქოს „ვლადიმერ მამონტოვის მხრიდან, ოკუპაციის კანონის დარღვევას ხანდაზმულობის – 6 წლიანი ვადა გასული იყო“. ოფიციალურმა მოსკოვმა კი პრაქტიკულად მიაღწია მიზანს და საქართველოს ოკუპაციის კანონი უბრალოდ აღარ მუშაობს.

„ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემიის“ წარმომადგენელი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ რუსეთი, როგორც ხისტი, ისე „რბილი“ ძალის გამოყენებით, საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს, რაც ევროპული ინტეგრაციისა და დეოკუპაციის გზაზე კომპლექსურ საფრთხეს წარმოადგენს: „მათი ძირითადი მესიჯები არის ის, რომ საქართველოს, რუსეთის გარდა, სხვა არჩევანი და გამოსავალი არ აქვს და რომ დასავლეთი გარყვნილების ბუდეა. მიზანმიმართულად იქმნება მტრის ხატი დასავლეთისგან და „ანგელოზების“ სახე რუსეთის სახით. ეს არის კრემლის მთავარი ამოცანა და ამაზე დიდი ფული იხარჯება”, – ამბობს ლაშა ტუღუში.

ერთ თვეში საქართველო აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს აღნიშნავს. რუსეთის სამხედრო აგრესიამ 2008 წელს საქართველოს 412 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 228 სამოქალაქო და 184 სამხედრო პირი იყო. ქვეყნის ეკონომიკას რუსულმა ოკუპაციამ რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. სამხედრო ინტერვენციის შედეგად, კრემლმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი მიიტაცა და მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს. ცხრა წელია რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს სავიზო რეჟიმი.

დღეის მდგომარებით, რუსეთისთვის საქართველო „მტერი“ უკვე „აღარ არის“. „ლევადა ცენტრის“ ივნისის გამოკითხვის მიხედვით, 2017 წელს, რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ საქართველო მტერია, მაშინ როცა 2009 წელს – ეს მაჩვენებელი 62%-ს შეადგენდა. ახლა რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანია, რომ „რუსულ-ქართული Чито Гврито“ საქართველოშიც დაიჯერონ.

«Mid-day» (ინდოეთი), 05 ივლისი, 2017 წელი

http://www.mid-day.com/articles/mumbai-news-bandra-woman-georgia-envoy-mid-day-impact/18395164

ქართველი დესპანი ინდოელ ქალს დახმარებას სთავაზობს

საქართველო ბოდიშს იხდის, ინდოეთი კი თავს არიდებს

რუფსა ჩაკრობორტი, მუმბაი

(შინაარსი)

32 წლის ჰუშბუ კოშალი, სარეკლამო საქმის პროფესიონალი, საქართველოში ტურისტული მიზნით გაემგზავრა, მაგრამ იგი თბილისის აეროპორტში ჩაფრენისას, იქაურმა ჩინოვნიკებმა 32 საათის მტანჯველი ლოდინის შემდეგ, მშიერ-მწყურვალი უკან დააბრუნეს. ჰუშბუ კოშალმა დახმარების მიღებისათვის მიმართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინდოეთის ელჩს არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ჯონ სინგჰპურის, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, მას მოუწია უარი ეთქვა მოგზაურობაზე.

საქართველოს ნაბიჯები

ერთი დღეც არ იყო გასული იმ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რომ საქართველოს ელჩმა ინდოეთში არჩილ ძულიაშვილმა ბოდიში მოახადა ჰუშბუ კოშალს და და დაპირდა, რომ დაეხმარება მომხდარი ინციდენტის გარემოებათა გარკვევაში. ამ დროს კი ინდოეთის მთავრობა არც კი დაინტერესებულა თავისი თანამემამულის ბედით, თუ რატომ გამოაძევეს უმიზეზოდ იგი [საქართველოდან].

„ელჩმა მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მომიხადა. მან მითხრა, რომ საქართველოში ამ საკითხს განიხილავენ. მე მაქვს რამდენიმე კითხვა: რატომ არ მომცეს ქართული საემიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკებმა [მესაზღვრეებმა] ქვეყანაში შესვლის უფლება? რა ზომები იქნება მიღებული იმ ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ასე თავხედურად მომექცნენ? მე მომიწია, რომ უარი მეთქვა ჩემს მოგზაურობაზე. ვინ ამინაზღაურებს დაკარგულ თანხას? ეს ხომ ჩემი შრომით გამომუშავებული ფულია, რომელიც სხვების მიზეზით დავკარგე“, – ამბობს ჰუშბუ კოშალი.

გუშინ, ნაშუადღევს, არჩილ ძულიაშვილმა განაცხადა: „ამ ფაქტის განხილვა ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, ამიტომ ყველაფერი თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შევატყობინე გამოძიების დასაწყებად. ჩვენც ვსწავლობთ ამ საკითხს, თუმცა არ ვიცით, რატომ არ შეუშვა საიმიგრაციო დეპარტამენტმა ინდოელი ქალი საქართველოში. ვიცით მხოლოდ ის, რომ იგი საქართველოში იმ ელექტრონული ვიზით გაემგზავრა, რომელიც ჩვენს (საელჩოს) მიერ არ იყო გაცემული. ამჟამად მეტის თქმა არ შემიძლია“.

სადაა სუშმა სვარაჯი?

ჰუშბუ კოშალი ძალიან უკმაყოფილოა, რომ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს [და მინისტრ სუშმა სვარაჯს] ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია და მას არ დახმარებია. მისი თქმით, „უპირველეს ყოვლისა, მე ინდოეთის მოქალაქე ვარ, რომელიც [უცხო ქვეყანაში] დაამცირეს და უყურადღებოდ მიატოვეს. განა ჩვენი მთავრობა ვალდებული არაა საქმეში ჩარეულიყო? როგორ შეიძლება ასეთი უმოქმედობა მათი მხრიდან, როცა უცხოელებიც კი მითანაგრძნობენ?“.

Comments are closed