«Die Tageszaitung» (გერმანია): უკრაინა: უკანასკნელი შანსი // ოდესის გუბერნატორად საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება იყო
«Российская газета» (რუსეთი): საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სისხლიანი ხელები აქვს
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „მისტრალების“ ბედი: რუსეთი და საფრანგეთი საბოლოოდ შეთანხმდნენ
——————-
«Die Tageszaitung» (გერმანია), 6 აგვისტო, 2015 წელი
http://www.taz.de/Debatte-Lage-in-der-Ukraine/!5220866/
უკრაინა: უკანასკნელი შანსი
ოდესის გუბერნატორად საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნა უკრაინის პრეზიდენტის არაშორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება იყო
სტატიაში გაანალიზებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები უკვე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობის პერიოდში: რა გაკეთდა ქვეყანაში დადებითი? რა ნეგატიური გადაწყვეტილებები მიიღო ხელისუფლებამ? პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნას ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნვნის ფაქტს: იყო თუ არა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება სწორი?
როგორც „ტაგესცაიტუნგის“ ანალიტიკოსი ბარბარა ერტელი სტატიაში აღნიშნავს, რომ „ცხადია, 2014 წლის მაისში, როცა პეტრო პოროშენკო პრეზიდენტად აირჩიეს, ძალიან რთული ვითარება იყო, მაგრამ დღეს, ინაუგურაციიდან 15 თვის შემდეგ, უკრაინაში ისეთი გულისმომკვლელი სურათია, რომ პრეზიდენტი ვერაფრით ვერ დაიტრაბახებს“.
პეტრო პოროშენკო რომ ოლიგარქია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მან უკრაინელებს აღუთქვა, რომ თავის ფირმებს გაყიდდა, მაგრამ დაპირება არ შეასრულა. აქედან გამომდინარე, მისი განცხადებები, რომ მაგნატების წინააღმდეგ სერიოზულ ბრძოლას იწყებდა, არასერიოზულია. არაფერს ვიტყვით დონბასის ბრძოლების დროს განცდილ დიდ დანაკარგებზე, უბრალოდ, ეკონომიკას სევხედოთ: ბოლო წლის განმავლობაში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 6,8%-ით შემცირდა და წლის ბოლომდე, სპეციალისტთა პროგნოზით, კიდევ 5,5%-ით მოიკლებს. მუშა-მოსამსახურეთა რეალური ხელფასები მიმდინარე წელს 15%-ით შემცირდება, ინფლაცია კი 30-35%-ს მიაღწევს.
ვთქვათ, დონბასში მიმდინარე ომსა და ეკონომიკურ კრიზისში რუსეთია დამნაშავე, მაგრამ კიდევ ისეთი რამეები ხდება, ისეთი შიდაპოლიტიკური ტენდენციებია, რომ უკრაინის ხელისუფლების ყველაზე აქტიური მხარდამჭერებიც კი გაშტერებულები არიან“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში და ამის დამადასტურებლად ამ რამდენიმე დღის წინ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში ვერზოვნა რადას გამოკლებული დეპუტატის შუალედურ არცევნებს ასახელებს, რომელიც სრული სკანდალით აღინიშნა. თვითონ პრეზიდენტი იძულებული გახდა ეთქვა, რომ ეს არცევნები ხელისუფლების „სირცხვილი“ და „თავისმოჭრა“ იყო: დაირღვა ყველანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონები, იყო მუქარები, დაშინებები, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები…
ბარბარა ერტელი ეხება აგრეთვე პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ოდესის რუსულენოვანი ოლქის გუბერნატორად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დანიშვნის ფაქტს და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ლიდერის მიერ გადაგმულ არასწორ და არაშორსმჭვრეტელურ ნაბიჯს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა (რომლის წინააღმდეგ, სხვათა შორის, ქართველი სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი) საკუთარ სამშობლოში კორუფციასთან ბრძოლასა და რეფორმების გატარებაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მისი და მისი პარტიის დემოკრატობა ყველა რაკურსით აჩვენა, რომ იგი ყველანაირ ჭუჭყიან მეთოდს იყენებდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად.
ასე რომ, უკრაინაში სიტუაცია იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა 2014 წლის შემდეგ უკვე მეორედ უშვებს რადიკალურად გარდაქმნის შანსს. ამ ყველაფერს ფატალური შედეგების მოტანა შეუძლია როგორც საშინაო პოლიტიკაში, ისე საერთაშორისო არენაზე. ყველაფერს ხომ რუსეთს ვერ დააბრალებ? დღევანდელი სიტუაცია ხელს აძლევს იმ ძალებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას „ფაშისტურ ხუნტად“ მიიჩნევენ, კიევი კი თავისი ნაბიჯებით თავისსავე მხარდამჭერებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.
«Российская газета» (რუსეთი), 6 აგვისტო, 2015 წელი
http://www.rg.ru/2015/08/06/pamyat.html
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სისხლიანი ხელები აქვს
სტატია ეხება 2008 წლის აგვისტოში მომხდარ საქართველო-რუსეთის ომის მორიგ წლისთავს, რომელშიც იმდროინდელი ტრაგიკული მოვლენების შესახებ რუსული ხედვაა გადმოცემული (ავტორი – იური სნეგირევი).
ცხინვალის უბედურებიდან შვიდი წელი გავიდა. რაც უფრო მეტი დრო გადის, წყალი მით უფრო მეტად იმღვრევა: კაბინეტში მჯდარი ანალიტიკოს-ექსპერტები და დივანზე წამოწოლილი კომენტატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს რუსეთი დაესხაო. ჩვენ კი, ჟურნალისტები, რომლებიც იმ ტრაგიკული ამბების მომწრენი ვართ, უნდა გავიხსენოთ, რაც სინამდვილეში მოხდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ავტორი იხსენებს ომისწინა დაძაბულ დღეებს, რუსი დიპლომატის ოლეგ პოპოვის ჩასვლას კონფლიქტის ზონაში, მის განცხადებას, რომ მხარეები 8 აგვისტოს მოლაპარაკებას იწყებენო… „საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილიც პირადად ჩამოვიდა ცხინვალში, რომ რუსი მშვიდობისმყოფლები დაემშვიდებინა – „ომი არ იქნებაო“. ცუდი მშვიდობა ომს მაინც სჯობია. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოლაპარაკებაზე წამოვიდა. ესე იგი, არის შანსი, რომ სიტუაციის კიდევ უფრო გართულება თავიოდან ავიცილოთ – ასე ვფიქრობდით მაშინ ჟურნალისტები, მაგრამ დადგა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამე… ინტენსიური აფეთქებების ხმა ახლოვდება. ცხინვალის სასტუმროს სახურავზე, როგორც იქნა, ავძვერი და ვხედავ გორის მხრიდან „გრადების“ განათებულ ნაკვალევს. რეაქტიული ჭურვები უკვე ცხინვალშიც სკდება“, – წერს ავტორი.
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ცხინვალის დაბომბვის საშინელი შედეგები, დანგრეული საცხოვრებელი სახლები, დამწვარი უნივერსიტეტი, რუსული სამშვიდობო კონტიგენტის ზარალი, აღწერილია ქართული ტელევიზიის მიერ 8 აგვისტოს ეთერში გადაცემული მასალების პათოსი („რუს მშვიდობისმყოფელთა შტაბში მხოლოდ ერთი ტელევიზორი მუშაობდა მხოლოდ ერთი ქართული არხით. დიქტორები პატრიოტული განწყობით გადმოსცემდნენ, რომ საქართველო რუსეთის თავდასხმის ობიექტი გახდა, რომ საქართველოს დასახმარებლად შავ ზღვაში უკვე შემოვიდა ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“… ვისმენდით ამ პროპაგანდას და ვფიქრობდით – ჩვენ ხომ კარგად ვიცოდით, ვინ ვის დაესხა თავს“).
სტატიის ავტორი საქართველოს ექს-პრეზიდენტის შესახებაც წერს:
„ზოგიერთები მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ეროვნულ გმირად მიიჩნევს, ზოგი კი დამნაშავედ. ვიღაცა მას გუბერნატორადაც კი ნიშნავს. ეს ყველაფერი გასაგებია… მაგრამ ომი დაიწყო მშვიდობისმყოფლების წინააღმდეგ, რომლებთან მანდატით არც ტანკები არ ჰქონდათ და არც არტილერია, ეს რა ვაჟკაცობაა? ისინი ხომ მშვიდობის დასაცავად იყვნენ მოწოდებულნი, ცისფერმუზარადიანები. მათ მხოლოდ ავტომატები, გრანატმტყორცნები და რამდენიმე ქვეითთა ჯავშანმანქანა გააჩნდათ, სულ 450 ადამიანი მზარეულებითა და ექიმებით… აი, ასეთ სამშვიდობო კონტინგენს ასობით ქართული ტანკი უტევდა…
დადგა დღე, როცა ჩვენებიც მოვიდნენ. ქართული არმია იძულებული გახდა უკან დაეხია და ბოლოს გაიფანტა. ერთ-ერთი ჩვენი ქვედანაყოფი თბილისის გარეუბანსაც კი მიუახლოვდა, რითაც ქალაქში აუწერელი პანიკა გამოიწვია… მაგრამ მივიღეთ ბრძანება: „შეჩერდით“. ხუთდღიანი ომის დასრულდა. მართალია, საქართველოს ხელისუფლებას უსიტყვო კაპიტულაციის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, მაგრამ რუსეთმა მთავარს მიაღწია… დღეს კი ყოველივე ამის შესახებ დაივიწყეს. ცნობილი პერსონაჟები კვლავ იმას მღერიან, რასაც შვიდი წლის მღეროდნენ – ეს რუსეთის აგრესია იყოო.
ასეთი კაცჭამია ომების შემდეგ მმართველები არამარტო თანამდებობიდან მიდიან, არამედ მათ სამხედრო ტრიბუნალით ასამართლებენ ხოლმე. ამ ომით საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა…. მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი წყლიდან მშრალი გამოვიდა. საინტერესოა, ამ დამსახურებისა და გამოცდილებისათვის დანიშნეს იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად? როგორც ჩანს, ასეა. პეტრო პოროშენკოს, ალბათ, ცხინვალის გამეორება სურს. მაგრამ ისიც საინტერესოა, ოდესის გუბერნატორმა ახალი ჰალსტუხი თუ იყიდა? გამოადგება…“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 6 აგვისტო, 2015 წელი
http://ru.reuters.com/article/topNews/idRUKCN0QA28Q20150805
„მისტრალების“ ბედი: რუსეთი და საფრანგეთი საბოლოოდ შეთანხმდნენ
დიმიტრი ანტონოვი, ენდრიუ კალასი
მოსკოვმა და პარიზმა გააუქმეს კონტრაქტი „მისტრალების“ შესახებ, რომელიც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისათვის სადესანტო ხომალდების აგება-მიწოდებას ითვალისწინებდა. საფრანგეთის მთავრობა რუსეთს ხარჯებს აუნაზღაურებს.
„ექსპერტთა დონეზე გამართული კომპრომისული მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია ურთიერთმისაღები შეთანხმება რუსული მხარისათვის იმ ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. რუსეთს დაუბრუნდება აგრეთვე ადრე ფრანგული მხარისათვის მიწოდებული მასალები და მოწყობილობები“, – ასეთი განცხადება გაავრცელა კრემლმა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
პრაქტიკულად, თითქმის იგივე განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც.
ბოლო ინფორმაციით, „საფრანგეთმა რუსეთს საკომპენსაციო თანხები აუნაზღაურა და საავანსო გადახდებიც დაუბრუნა (840 მილიონ ევრო). ხოლო როცა რუსეთს ზოგიერთი მოწყობილობაც უკან დაუბრუნდება, საფრანგეთი ამ ხომალდებს, რასაც უნდა, იმას უზამს“.
კონტრაქტი „მისტრალების“ მშენებლობის თაობაზე 2011 წელს დაიდო, თუმცა უკრაინის კრიზისი გამო პარიზმა უარი თქვა უკვე აგებული ორი ხომალდის „ვლადივოსტოკისა“ და „სევასტოპოლის“ მოსკოვისათვის გადაცემაზე.