globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 6th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Эхо» (აზერბაიჯანი): საქართველო-სომხეთი: ვიზიტი სკანდალის ფონზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური შეხვედრები ერევანში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთი Agile Spirit-სა და Ample Strike-ს სტრატეგიული სამხედრო წვრთნებით პასუხობს

«Standpoint» (დიდი ბრიტანეთი): დასავლეთი ნატოს უნდა გაუფრთხილდეს // ნატო საკუთარ თავს მტრობს, როცა გაწევრიანების იმედს აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომლებთაც ამის რეალური შანსი არ აქვთ

———————-

«Эхо» (აზერბაიჯანი), 06 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=105126

საქართველო-სომხეთი: ვიზიტი სკანდალის ფონზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური შეხვედრები ერევანში

აზერბაიჯანულ პრესაში, როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტმა სომხეთში. ბაქოს გაზეთ  „ეხო“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ქართველი ლიდერის შეხვედრები და მოლაპარაკებები სომეხ კოლეგა ოვიკ აბრამიანთან, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და ა.შ.

„სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამას წინათ მთიან ყარაბაღში მომხდარი სკანდალის ფონზე განხორციელდა: როგორც ცნობილია, ხანკენდში (სტეფანაკერტში) სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შეხვდა და ესაუბრა, – აღნიშნულია სტატიაში, – „ამ ფაქტს აფხაზური მხარე და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეჟიმი ფოტომასალებითაც ადასტურებენ“.

„პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის შეხვედრა სოხუმელ და ცხინვალელ სეპარატისტებთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოში ამის ტაობაზე რაღაც დასკვნა უნდა გააკეთონ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩვენთვის მოძმე და მოკავშირე ქვეყანაა, თბილისმა სომხეთი აზერბაიჯანის თანასწორ დონეზე მაინც არ უნდა დააყენოს. ერევანი მხარს უჭერს სეპარატიზმს, მფარველობს ე.წ. „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“, რომელიც თავის მხრივ, მხარს უჭერს მისსავე მსგავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფოებრივ“ წარმონაქმნებს. [თბილისის პოზიცია] პოლიტიკური დაახლოების ხელშემშლელი ფაქტორია“, – ამბობს გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ფიკრეტ სადიხოვი. თუმცა, როგორც ექსპერტი მიიჩნევს, „საქართველოს, ეტყობა, რაღაც ინტერესები აქვს, რაც თბილისს ერევანთან კავშირებისაკენ უბიძგებს. ამასთან, ამ ურთიერთობას ორივე მხარისათვის რაიმე ეკონომიკურ თუ სტრატეგიული სარგებლობის მომტანს მაინც ვერ ვუწოდებ. როგორც ჩანს, საქართველო სომხეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულების სამომავლოდ შენარჩუნებას ცდილობს“.

„მხარეები მოლაპარაკების დროს ძირითადად ვაჭრობის საკითხებს იხილავენ ხოლმე, რადგან მათ ერთმანეთთან დასაახლოებლად პოლიტიკური ფაქტორი არ არსებობს: საქართველო არ მონაწილეობს დსთ-ის ჩარჩოებში გამართულ ღონისძიებებში, და თბილისი, ერევნისაგან განსხვავებით, ევრაზიული კავშირის წევრი არაა. საქართველოს თავისი საგარეოპოლიტიკური კურსი აქვს არჩეული, რომელიც უფრო პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული. ამ შემთხვევაში ურთიერთსაზიარო ინტერესების სფერო ძალიან ვიწროა, რომ ერევანს რაიმე იმედები ჰქონდეს“, – ასეთია ბაქოელი ექსპერტის აზრი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-orfolo-akhaltsikhe-agile-spirit-2016/3493977.html

რუსეთი Agile Spirit-სა და Ample Strike- სტრატეგიული სამხედრო წვრთნებით პასუხობს

ზაზა წულაძე

მეორე დღეა, ახალციხიდან 6 კილომეტრის მოშორებით, სოფელ მინაძესთან მდებარე ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მებრძოლი სული“ (Agile Spirit) მიმდინარეობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა NATO-ს ოთხი ქვეყნის ჯარისკაცები, მძიმე ტექნიკით სამხრეთ საქართველოში შეიკრიბნენ.

Agile Spirit 2016-ში ჩართულნი არიან: ევროპაში დისლოცირებული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის დაახლოებით 270 მეომარი, რომელთა შტაბიც გერმანიის ქალაქ ბებლინგენში მდებარეობს. ორფოლოში ასევე იმყოფებიან, აშშ-ს ევროპული სარდლობის სადესანტო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ოცეული, უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითები, ლატვიის არმიის შტაბის ოფიცრები, რუმინეთის არმიის ქვეითთა ქვედანაყოფი, ბულგარეთის არმიის 61-ე მექანიზირებული ბრიგადის ქვეითები და 68-ე ბრიგადის სპეციალური ძალების მებრძოლები.

მოკავშირეების სამხედრო ტექნიკა ახალციხეში სწორედ ბულგარეთიდან იქნა გადმოსროლილი, მათ შორის პირველად არის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო მართავადი სარაკეტო სისტემა BGM-71 TOW და ასევე ბრიტანული – 155 მმ-იანი ჰაუბიცა – M777 A2.

„მებრძოლი სულის“ სწავლებას ქართველი პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე ხელმძღვანელობს, რომელსაც ამერიკელი ვიცე-პოლკოვნიკი კრის რობერტსი ეხმარება.

„მოხარული ვარ რომ Agile Spirit 2016-ში ვმონაწილეობ, ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებისთვის, ბალტიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის სამხედრო წვრთნა ამ ლოკაციაზე გაიარონ. ჩვენ ქართველ სამხედროებთან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს, არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ სწორედ ამ სწავლების კუთხითაც, რომელიც აქ 2011 წლიდან იმართება“, – ამბობს კრის რობერტსი.

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ორფოლოს სასროლეთზე წვრთნებში მონაწილეობენ: პირველი საარტილერიო ბრიგადის ბატარეა, სპეციალური ოპერაციული ძალების ასეულის შტაბი და ოცეული, საინჟინრო ბრიგადის ოცეული, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 42-ე მექანიზირებული ბატალიონი, ნაღმმტყორცნელთა ოცეული და სატანკო ოცეული.

„მებრძოლი სულის“ სწავლების საველე ნაწილი 4 ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, შერეულმა ასეულებმა სროლები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჯავშანტექნიკიდან და საარტილერიო დანადგარებიდან განახორციელეს. მეორე და მესამე ეტაპზე, ჯარისკაცები ჯერ სიტუაციური სწავლებებს გაივლიან, საბრძოლო სროლების გარეშე, შემდეგ კი საველე ტაქტიკურ სწავლებას უკვე საბრძოლო სროლების თანხლებით. სწავლების დასკვნით ეტაპზე, 8-9 სექტემბერს, შემაჯამებელი წვრთნები გაიმართება, რომლის დროსაც შეტევის, თავდაცვის და უკან გამოსვლის ვარჯიშები იქნება გამოყენებული. სწავლება ხუთშაბათს, ორფოლოზე საჩვენებელი სროლებით დასრულდება.

„სწავლება ძირითადად მიმდინარეობს ასეულის დონეზე, ხდება ასეული შეტევა პირობით მოწინააღმდეგეზე. ცალ-ცალკე იწვრთნებიან: სნაიპერები, 120 და 150 მმ-იან ჰაუბიცებზე არტილერისტები და ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-2-ის ეკიპაჟები. სწავლება დაგეგმილია ძირითადად შეტევით ოპერაციებზე, ხდება მოწინააღმდეგის პოიზციების დაკავება და შემდეგ ამ პოზიციების გადაბარება“, – ამბობს 42-ე მექანიზირებული ბატალიონის უფროსი სერჟანტი დავით გაზდელიანი.

ახალციხეში მრავალეროვნული სწავლების პარალელურად, სადაც საქართველოს და მისი NATO-ელი მოკავშირეების ჯარისკაცები არიან ჩართულნი, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს მართავს.

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშისა და ოჩამჩირის რაიონებში მდებარე ცაბალისა და ნაგვალუს პოლიგონებზე, რუსი ოკუპანტების ჰაერსაწინააღდეგო დაცვის ქვედანაყოფებმა, საზენიტო სარაკეტო კომპექსების C-300-ის, Osa-9K33-სა და Strela-10-9K35-ის გამოყენებით ივარჯიშეს. 5 სექტემბერს კი რუსეთში სტარტი აიღო სტატეგიულმა საკომანდო-საშტაბო სამხედრო სწავლება „კავკასია 2016“-მა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის გარდა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, ოკუპირებულ აფხაზეთს, სომხეთს, შავ და კასპიის ზღვებსაც მოიცავს. „კავკასია 2016“-ში თითქმის 13 ათასი სამხედრო მონაწილეობს.

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“ ღიად წერს, რომ „კავკასია-2016“ არის, საქართველოში მიმდინარე Agile Spirit-სა და ევროპაში მიმდინარე NATO-ს მრავალეროვლურ სწავლება – Ample Strike-ზე (ჩეხეთი, გერმანია, ლიტვა, აშშ, პოლონეთი, სლოვენია) მოსკოვის მყისიერი პასუხი.

«Standpoint» (დიდი ბრიტანეთი), 5 სექტემბერი, 2016 წელი

http://standpointmag.co.uk/node/6603/full

დასავლეთი ნატოს უნდა გაუფრთხილდეს

ნატო საკუთარ თავს მტრობს, როცა გაწევრიანების იმედს აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომლებთაც ამის რეალური შანსი არ აქვთ

ბრიტანულ ჟურნალ Standpoint-ში გამოქვეყნებულ ვრცელ ანალიტიკურ სტატიაში გადმოცემულია ევროპაში ამჟამად შექმნილი სიტუაცია, ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის. მასში აღნიშნულია, თუ რა საფრთხეს უქმნის მსოფლიოს აშშ-ის კონფრონტაციული პოლიტიკა და ნატოს გაფართოების პროცესი (ავტორი – ალექსანდრე ვულფსონი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

ამ ზაფხულს მსოფლიო დემოკრატიის დონე იმდენად გაუარესდა, რომ ძნელად თუ გაიხსენებ მსგავს სიტუაციას. თითქოსდა ყველა იმედოვნებდა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების – „ბრექსითის“ შემდეგ ნატოს ვარშავის სამიტი დასავლური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დადასტურება იქნებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ალიანსში და საერთოდ, მსოფლიოში არასტაბილურობის სიმპტომები გაჩნდა: სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში, ჩინეთის ტერიტრიული პრეტენზიები, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ზოგიერთი ქვეყნის საბრძოლო რიტორიკა და ა.შ. საერთაშორისო პოლიტიკაში სულ უფრო მძლავრობს იზილაციონიზმი და ნაციონალიზმი. მსოფლიო გლობალიზაცია და დასავლური ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეუქცევადი გვეგონა, ბარიერებს აწყდება არამარტო, ვთქვათ, რუსეთსა და თურქეთში, არამედ, რაც ყველაზე მოულოდნელია, თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. რესპუბლიკელტა პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული თავდასხმები ნატოზე და საერთოდ, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების პერსპექტივაზე ხელს უშლის ნატოს განმტკიცებას. არადა, ალიანსს ისედაც ბევრი პრობლემები აქვს…

„ბრექსითმა“ აჩვენა, რომ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა ისეთ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, რომელიც კატასტროფასთან ახლოა, თანაც ამ სიტუაციის მოგვარების საშუალებაც არ ჩანს. საფრანგეთი და გერმანია საერთაშორისო ტერორისტთა თავდასხმების ობიექტი გახდნენ, რაც ამ ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს საფრთხეს უქმნის. „ბრექსითის“ გამო გერმანია უნებლიედ, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროპული ჰეგემონის როლში აღმოჩნდა. არადა, ნატოს საწყის, თავდაპირველ მიზანს სწორედ ევროპაში გერმანიის ბატონობის აღდგენისათვის ხელის შეშლა წარმოადგენდა.

პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანის მმართველობის ქვეშ მყოფი თურქეთი ის თურქეთი აღარ არის, რომელსაც ჩვენ ათი წლის წინ ვიცოდით და რომლისთვისაც ნატოს წევრობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო  ევროკავშირში გასაწევრიანებლადაც. დღევანდელი თურქეთი ნეოოსმანიზმის ილუზიების ტყვეობაში იმყოფება. რეჯეფ ერდოღანი ანტიამერიკანიზმის ღიად მქადაგებლის როლში გამოდის და პროტესტს აცხადებს, ნატო თურქეთის საშინაო პოლიტიკაში ერევაო. ანკარა თავისი მოქმედებით ნატოს წევრებში ეჭვს იწვევს… შესაძლოა საქმე იქამდე მივიდეს, რომ თურქეთისათვის პროამერიკულ ორგანიზაციაში (ნატოში) ყოფნა მიუღებელი აღმოჩნდეს. იბადება საგანგაშო კითხვა – ნატოს რამდენი წევრი ან საერთოდ, რომელი ქვეყანა დაეხმარება თურქეთს იმ შემთხვევაში, თუ მას საფრთხე დაემუქრება მეზობლებისაგან, ან თუ თურქული დემოკრატია განადგურების წინაშე დადგება?

ნატოს დღევანდელი ამოცანაა მტკიცედ დაარწმუნოს თავისი ახლადმიღებული წევრები, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომ ალიანსი მათ რუსეთის ჰიბრიდული ომის საფრთხისაგან დაიცავს. [ისიც უნდა ვთქვათ, რომ] ნატო საკუთარი თავის მტერიცაა იმ თვალსაზრისით, რომ ნებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომლებთაც, მიუხედავად იმისა, რომ  მათ ალიანსის წევრობის რეალური შანსი არ აქვთ (მაგალითად, საქართველოს), მაინც მიიღონ მონაწილეობა გაწევრიანების პროცესში. ასეთი მოქმედება მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ბლოკის დასუსტებას ემსახურება. ისეთი ალიანსის არსებობა კი, რომელშიც ეჭვები და ცრუ წარმოდგენები მატულობს, უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე მისი არარსებობა.

თავის ჰეგემონობაში დარწმუნებული აშშ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებას გადაეჩვია. ვაშინგტონს რუსეთი თავის ტოლ მეტოქედ აღარ მიაჩნდა. დღესაც აშშ (შედარებით ნაკლებად, ევროპა) დარწმუნებულია, რომ რუსეთი სერიოზულ სტრუქტურულ კრიზისში და ეკონომიკის დაცემის პროცესშია შესული. ცივი ომის დასრულების პერიოდიდან აშშ-ში განმტკიცებულია აზრი, რომლის თანახმად, რუსეთს თითქოსდა არ აქვს იმის უნარი, რომ ამერიკის ინტერესებს ხელი შეუშალოს. მაგრამ ვლადიმირ პუტინის კამპანიების შემდეგ საქართველოში, უკრაინასა და სირიაში ასეთი წარმოდგენები თავდაყირა დააყენა. ფაქტიურად, რუსეთი დღეს დასავლეთს იგივე დონით კარნახობს სიტუაციას, როგორითაც დასავლეთი – რუსეთს.

ნატოს ყოველ სამხედრო წრთვნებს რუსეთი დაუყონებლივ მსგავსი წრთვნებითა და მანევრებით პასუხობს. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის [ეფეტური] დიალოგის არქონა მათ შორის კონფლიქტის საფრთხეს ქმნის ისე, როგორც არასდროს“.

Comments are closed