globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 6th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая Газета» (რუსეთი): 58-ე არმია კავკასიას უტევს // რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს საზღვართან და კასპიის ზღვაზე გააქტიურდნენ

«Независимая Газета» (რუსეთი): ქართული ტყეების გადაწვაში რუსეთის კვალი ჩანს?!

«Ժամանակ»//„ჟამანაკ“ (სომხეთი): დიპლომატიური ჭორები?! // თბილისს არ სურს, რომ სერგეი მინასიანი საქართველოში სომხეთის ელჩად დაინიშნოს

«Gli Occhi Della Guerra» (იტალია): არარსებული სახელმწიფოების ისტორია // აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის“  სამართლებრივი სტატუსისათვის

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ციანიდის საქმის“ ფინალი: მეუფე დიმიტრი შემდეგი პატრიარქი აღარ იქნება

—————-

«Независимая Газета» (რუსეთი), 06 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/politics/2017-09-06/2_7067_arm.html

58-ე არმია კავკასიას უტევს

რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს საზღვართან და კასპიის ზღვაზე გააქტიურდნენ

ვლადიმერ მუხინი

გუშინ ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის 58-ე არმიაში განგაში გამოცხადდა. როგორც სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა, 58-ე არმიის სარდლის, გენერალ-მაიორ ევგენი ნიკიფოროვის ხელმძღვანელობით, არმიაში სამეთაურო-საშტაბო წრთვნები დაიწყო, რომელშიც ორი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს და 200-მდე სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

სამხრეთის სამხედრო ოლქში მოულოდნელი მანევრები დაიწყო საქართველოში  ნატოს სამხედრო წრთვნების Agile Spirit 2017-ის გახსნიდან ორი დღის შემდეგ. ორფოლოს პოლიგონზე მოქმედ ნატოელებს სხვადასხვა ამოცანები აქვთ შესასრულებელი (ამაზე ჩვენი გაზეთი უკვე წერდა 4 სექტემბერს) და, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს 58-ე არმიის მანევრებიც ითვალისწინებს. რუსეთის არმიის წრთვნებიც ნატოს წრთვნებთან ერთად დასრულდება.

როგორც პრესსამსახური აცხადებს, ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარე მანევრების დროს გაღრმავებული იქნება სამხედრო ქვედანაყოფების ურთიერთქმედება, მოხდება სამხედრო მოსამსახურეთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და პირობითი მოწინააღმდეგის შეტევების მოგერიება“.

58-ე არმიის ნაწილები იმ რეგიონებშია დისლოცირებული, რომლებიც საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობენ. ჰიპოთეტურ მოწინააღმდეგეს რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურად შეტევა მხოლოდ რამდენიმე მთიანი უღელტეხილის მეშვეობით შეუძლია, რომლებიც საქართველოსკენ მიმავალ სატრანსპორტო გზებად ითვლებიან. ამავე დროს მოწინააღმდეგის სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს მოქმედება ყველგან შეუძლიათ, მათ შორის დაბლობ რაიონებშიც, როგორც ეს ჩეჩნეთის სამხედრო კამპანიის დროს ხდებოდა. ალბათ, ამ აპექტის გათვალისწინებით, რამდენიმე სამხედრო შენაერთი სტავროპოლის მხარეში 200-კილომეტრიან მარშს განახორციელებს.

სამხრეთის სამხედრო ოლქიდან მიღებული ინფორმაციით, ეს სწავლება ითვალისწინებს მანევრებს ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, ასტრახანის ოლქში და კასპიის ზღვაზეც. საერთოდ კი, 58-ე არმიის სწავლების ძირითადი ნაწილი სტავროპოლის მხარეში ჩატარდება.

«Независимая Газета» (რუსეთი), 06 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-09-06/5_7067_fire.html

ქართული ტყეების გადაწვაში რუსეთის კვალი ჩანს?!

გრანდიოზული ხანძრები შეიძლება მინიატურული კვადროკოპტერების მეშვეობითაც გააჩინეს

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში შექმნილი სიტუაცია ბოლო დროს გაჩენილ ტყის ხაძრებთან დაკავშირებით: „სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ჯერ ზუსტად დათვლილი არაა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ასეულობით ჰექტარი ტყეა განადგურებული. ხანძრების სიხშირე და მათი გეოგრაფია პროვოცირებს მითქმა-მოთქმას, რომ ეს დივერსიაა და მასში რუსეთის ხელი ურევია“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში, რომელშიც საქართველოში აგვისტოს თვეში გაჩენილი ტყის ხანძრების ჩაქრობასთან დაკავშირებული მოვლენებია მიმოხილული (მათ შორის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ირონიული გამონათქვამებიც, თურქეთ-ირანის დახმარების გამო), ნათქვამია, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდირების პროცესში პოლიტიკაც ჩაერთო: ოპოზიციამ ხანძრების ქრობის სირთულეები თავის სასარგებლოდ გამოიყენა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ცეცხლტან ტოტალური ბრძოლა საქართველოში საარცევნო კამპანიის პერიოდს დაემთხვა. ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჰოდა, ხანძრების თემაც პოლიტიკური შეფერილობით კომენტირდება: ოპოზიციური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებას არაეფექტურ მოქმედებასა და ბუნებრივი კატაკლიზმებისთვის გამოყოფილი სახსრების განიავებაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ ხანძრების გაჩენაში რუსეთის კვალი ჩანსო: აბა, საქართველოს სხვა მტერი არ ჰყავს, ტყეები კი საეჭვოდ ხშირად და ძალიან ბევრი იწვისო. „ნაცმოძრაობის“ ანახეთქმა პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ კი სამიზნედ ბიძინა ივანიშვილი ამოირჩია – მას ბევრი ვერტმფრენი აქვს და არცერთს არ იყენებს ხანძრების ჩასაქრობად მაშინ, როცა სხვებს ვთხოვთ დახმარებასო…

რაც შეეხება დივერსია-დივერსანტებს: თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ჩაფიქრებულმა განაცხადა – მართლაც იმდენი ხანძარი ხდება, რომ დივერსიაზე აზრები არ შეიძლება არ გაჩენილიყოო. მართალია წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა არ დააკონკრეტა და დასძინა, რომ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გასაკეთებლად მტკიცებულებები არ არის. ხანძრის სპეციალურად გაჩაღების ვერსიას არც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არ გამორიცხავს. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი დერტალურად იქნება გამოძიებული.

არადა, „ნაციონელების“ მიერ გავრცელებული ვერსია რუსეთის მისამართით საექსპერტო წრეებშიც დომინირებს. კერძოდ, სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთ.რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ საქართველოს ტყეებში ხანძრები შეიძლება დრონების (მცირე უპილოტო საფრენის აპარატის) მეშვეობით იყოს გაჩენილი. „დრონებს ღამით ვერ შეამჩნევ, მით უმეტეს მინიკვადროკოპტერებს, რომელთა მეშვეობით დივერსიული „ბომბების“ ჩამოყრა ადვილი ხდება. დრონების დაფიქსირება მძლავრი რადიოლოკაციური კონტროლის პირობებშიც კი ხშირად შეუძლებელია“, – აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, რუსული დრონებს ბორჯომის ხეობაში ცხინვალის რეგიონიდან შემოფრენა და თერმიტული გრანატების ჩამოყრა შეეძლოთ ისე, რომ კვალიც არ დაეტოვებინათ, ამავე დროს ირაკლი ალადაშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ცეცხლი კვადროკოპტერების მეშვეობით ე.წ. „ტურისტების“ მიერაც იქნა გაჩენილი.

«Ժամանակ // ჟამანაკ» (სომხეთი), 05 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.tert.am/ru/news/2017/09/05/zhamanak/2474218

დიპლომატიური ჭორები?!

თბილისს არ სურს, რომ სერგეი მინასიანი საქართველოში სომხეთის ელჩად დაინიშნოს

ბოლო თვეების განმავლობაში სომხურ პრესაში – კერძოდ, გაზეთ «Ժամանակ»-ში („ჟამანაკი“//“დრო“) რამდენჯერმე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, სომხეთის ხელისუფლება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იური ვარდანიანის შეცვლას აპირებდა და მის ნაცვლად თითქოსდა ინიშნებოდა ერევანში მოქმედი ორგანიზაციის – საექსპერტო-ანალიტიკურ ცენტრ „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგეი მინასიანი, რომელსაც კავკასიის პრობლემებზე მრავალი გამოკვლევის ავტორი გახლავთ. რა თქმა უნდა, მის ნაშრომებში დიდი ადგილი უკავია საქართველოსაც.

გაზეთმა „ჟამანაკმა“ 5 სექტემბერსაც გამოაქვეყნა სტატია საქართველოში სომხეთის ელჩად სერგეი მინასიანის სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით: როგორც სომხური გამოცემა აღნიშნავს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თურმე საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულ უარს აცხადებს სერგეი მინასიანის ელჩად დანიშვნაზე და მისთვის აგრემანის (თანხმობის) მიცემაზე. გაზეთის ინფორმაციით, „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი თბილისისთვის „პერსონა ნონ-გრატას“, ანუ არასასურველ პიროვნებას წარმოადგენს. „საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული ეჭვები აქვს, რომ სერგეი მინასიანი სომხეთის კი არა, რუსეთის წარმომადგენელი იქნებაო“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გუშინვე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრესაში დაწყებულ მითქმა-მოთქმაზე კომენტარი გააკეთა. ერევნის მასმედიის ცნობით, სამინისტროს პრეს-მდივანმა ტიგრან ბალაიანმა განაცხადა, რომ „ელჩების დანიშვნისა და გამოწვევის პროცედურას კონსტიტუცია და შესაბამისი კანონი არეგულირებს, ყველა დანარჩენი კი მხოლოდ ჭორები, ხმები და ვარაუდებია“ (წყარო: http://arminfo.info/full_news.php?id=27170)

«Gli Occhi Della Guerra» (იტალია), 05 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.occhidellaguerra.it/storia-del-paesi-non-esistono/

არარსებული სახელმწიფოების ისტორია:

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსისათვის

სტატიაში გაანალიზებული სახელმწიფოთა საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი – დამოუკიდებლად არსებობისა და სუვერენიტეტის აღიარების კრიტერიუმები. ჩამოთვლილია ის „სახელმწიფოებრივი“ წარმონაქმნები, რომლებიც დე-ფაქტოდ არსებობენ, მაგრამ დე-იურედ  აღიარებულები არ არიან, მათ არ ღებულობენ უნირსალური საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებადაც (ავტორი – ოსვალდო სპადარო).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„სახელმწიფოები ადამიანებს ჰგავნან – ისინიც იბადებიან და კვდებიან. არიან სახელმწიფოები, რომლებთაც ბედი მეტად უღიმის, არიან ისეთებიც, რომლებსაც ფორტუნა ზურგს აქცევს ხოლმე. ზოგიერთ ქვეყანას დიდ პატივს სცემენ, მხარს უჭერენ, თანაუგრძნობენ, ეხმარებიან, პერსპექტივას უმზადებენ, მათ მიმართ „საერთაშორისო კონსენსუსი“ არსებობს. სხვა ქვეყნებს იღბალი უფრო ნაკლებად აქვთ. ისინი იმ ბავშვებივით არიან, რომლებიც ამ ქვეყანას რაღაც გარემოებათა დამთხვევის გამო (დაუგეგმავად) მოევლინენ: ისინი არავის არ სჭირდება, მშობლების გარეშე იზრდებიან, განსაკუთრებით კი მამის გარეშე, რომელიც აუცილებელია მისი აღიარებისათვის. ისინი იბადებიან და ძალიან ხშირად უპატრონოდ იზრდებიან, დე-ფაქტოდ არსებობენ, მათ არ აღიარებს მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობა. ეს  გეოპოლიტიკის ნაყოფია.

თანამედროვე მსოფლიოში ათი დე-ფაქტო სახელმწიფო არსებობს, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ არიან აღიარებულნი, ან საერთოდ არ არიან. არაა გამორიცხული, რომ მათი რიცხვი  გაიზარდოს. ასეთ „არაღიარებულებს“ აქვთ დროშა, ღერბი, დედაქალაქი, სახელმწიფო მართვის ორგანოები, თვითმმართველობა, ბევრი საკუთარ ვალუტასაც უშვებს, მაგრამ მათი ტერიტორია და საზღვრები სხვების, უკვე „აღიარებულების“ მიერ, მხედველობაში არ მიიღება.

საერთაშორისო კონვენციის თანახმად, სახელმწიფოს წოდებაზე პრეტენზიის მქონე რომელიმე თვითმმართველ წარმონაქმნს სახელმწიფო რომ ეწოდოს, ის უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს, ანუ უნდა ჰყავდეს მოსახლეობა, ჰქონდეს განსაზღვრული ტერიტორია, ჰყავდეს ექსკლუზიური მტავრობა და ჰქონდეს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა. ამ კრიტერიუმების მიხედვით, გაერო დღეს სახელმწიფოდ აღიარებს მის 193 წევრს. ორს – ვატიკანს და პა;ესტინას – დამკვირვებლის სტატუსი აქვს, დანარჩენებს კი, მართალია, სანუკვარი მიზნის – გაეროს წევრება სურთ, მაგრამ უშედეგოდ. ზოგიერთები ათწლეულობით ცდილობენ გაეროს მხრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას (მაგ. სომალილენდი და ჩრდ. კვიპროსი), თუმცა მათი თხოვნა ისევ რჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ყველაფერში „დამნაშავე“ სხვა ქვეყნებია, რომლებიც მათ საქმეში ერევიან და აცხადებენ – ისინი „ჩემი ტერიტორიის ნაწილები არიან და არ უნდა იქნენ დამოუკიდებლად აღიარებულნიო“. ზოგიერთებმა კარგად ისარგებლეს გეოპოლიტიკური გარემოებებით და მსოფლიოს თავისი არსებობა თავს მოახვიეს, თუმცა ის სახელმწიფოები, რომლებთაც ისინი გამოეყვნენ, ამას ეწინააღმდეგებიან (მაგალითად, კოსოვოსა და სერბეთის შემთხვევა: კოსოვო დამოუკიდებლად უკვე მსოფლიოს 115-მა სახელმწიფომ აღიარა, მათ შორის იტალიამაც, მაგრამ სერბეთი მას კვლავ თავის ავტონომიურ პროვინციად თვლის. ამასთან, კოსოვოს იურიდიული სტატუსი, იტალიის ენციკლოპედიის – Treccani-ს მიხედვით, დღემდე ბოლომდე მოუგვარებელ საკითხად ითვლება. კოსოვო დღეს  მხოლოდ საერთაშორისო დახმარებებითა და უსაფრთხოების გარანტიებით „ცოცხლობს“.

არიან ისეთი სახელმწიფოებიც, რომლებიც უნიკალურ შემთხვევას წარმოადგენენ: ისინი ადრე გაეროს წევრებიც კი იყვნენ (მაგალითად, ტაივანი), მაგრამ „რეალ-პოლიტიკამ“ ისინი რუხ ზონაში გარიყა: სახელმწიფო თითქოსდა არსებობს, მასთან ურთიერთობაც გვაქვს, ვღებულობთ მის მოქალაქეებს, ვსარგებლობთ მისი პროდუქციით, მაგრამ პოლიტიკურად მაინც არ ვაღიარებთ. ერთი სიტყვით, სახელმწიფოები მართლაც ადამიანებივით არიან – ვისაც ვინ როგორ მოსწონს, ისე მოქმედებს – ან აღიარებს, ან არ აღიარებს. აუცილებელი და სავალდებულო მართლაც არ არის, ყველას ყველა მოსწონდეს. სხვათა შორის, მოტევიდეოს კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა 1933 წელს, მე-7 პანამერიკულ კონფერენციაზე, „სახელმწიფოთა პოლიტიკური არსებობა არაა დამოკიდებული სხვა სახელმწიფოს მხრიდან მათ აღიარებაზეო“. ასე რომ, წინ ყველასათვის, ან თითქმის ყველასათვის, ადგილი ბევრი რჩება. ამას რამდენიმე შემთხვევაც ადასტურებს.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

რუსული სკოლის გეოგრაფთა აზრით, აფხაზეთი შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე სუბტროპიკული კლიმატის მქონე ტერიტორიაა, თუმცა ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ასე არ იტყოდა. აფხაზეთი განთქმულია თავისი ციტრუსებით, მაგრამ საბჭოთა ბიუროკრატებისათვის ის უფრო საზაფხულო დასასვენებელ ადგილად ითვლებოდა: ბელადმა იოსებ სტალინმაც მოისურვა სოხუმის – ამ ტერიტორიის დედაქალაქის ახლოს აგარაკი ჰქონოდა. სხვათა შორის, მან აფხაზეთის ავტონომიაც გაანადგურა და ეს ტერიტორია საქართველოს მიუერთა. აფხაზები თავს ცალკე ეთნიკურ საზოგადოებად თვლიან და მუდმივად ცდილობდნენ დამოუკიდებლობის მიღწევას. ბოლო 100 წლის განმავლობაში მათ სამჯერ მაინც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა: პირველად 1918 წელს, მეორედ – 1921 წელს და ბოლოს, მესამედ – 1992 წლის 23 ივლისს. მას შემდეგ აფხაზეთი  ნახევრად პერმანენტული კონფლიქტის პირობებში ცხოვრობს საქარტველოსთან, რომლის ნაწილად ფორმალურად დღემდე ითვლება.

ბოლო ომის შედეგად აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობა ორჯერ შემცირდა – მისი აღმოსავლეთი რეგიონი 200 ათასზე მეტმა ქართველმა დატოვა. სამაგიეროდ, თითქმის 250 ათას აფხაზს ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს, რაც მათ მოგზაურობის საშუალებას აძლევთ. აფხაზეთის დამოუკიდებლობა მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მიერაა აღიარებული: რა თქმა უნდა, რუსეთის, ასევე ოკეანეთის რამდენიმე ჯუჯა კუნძულოვანი სახელმწიფოს მიერ. აფხაზეთი აღიარებულია აგრეთვე „ერთ ბედქვეშ“ მყოფი თანამოძმეების მხრიდანაც – მთიანი ყარაბაღის, დნესტრიპირეთის და სამხრეთ ოსეთის – კიდევ ერთი სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ, რომლის ტერიტორიაც ფორმალურად ასევე საქართველოს შემადგენლობაში შედის.

სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი დიდი ხანია არაა, რაც მოხდა: 2008 წლის აგვისტოსში თბილისის მთავრობამ 5-დღიანი ომი დაიწყო სეპარატისტული ტერიტორიის დასაბრუნებლად, რომელმაც დამოუკიდებლობა, მართალია, ცალმხრივად, მაგრამ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე გამოაცხადა. სამხრეთ ოსეთს, სადაც ძირითადად ქრისტიან-მართლმადიდებელი მოსახლეობა, უძველესი ალანების შთამომავლები ცხოვრობენ, რუსეთი ესაზღვრება. სამხრეთელი ოსები ოცნებობენ თავის ჩრდილოელ ძმებთან გაერთიანებაზე, რომლებიც რუსეთის ფედერალურ ოლქში – ჩრდილო ოსეთ – ალანიაში ცხოვრობენ, რაც თავისთავად რუსეთის ფედერაციაში შესვლასაც გულისხმობს.  ოსური ლეგენდის თანახმად, მათი მიწა ძალიან ნაყოფიერია, მაგრამ დღემდე სამხრეთ ოსეთი მხოლოდ მოსკოვის 90%-იანი ფინანსურ-მატერიალური მხარდაჭერით არსებობს. სწორედ მოსკოვია ამ ტერიტორიის ნამდვილი ბატონ-პატრონი.

(პუბლიკაციაში განხილულია აგრეთვე დნესტრისპირეთის, ყარაბაღის, სომალილენდის, ჩრდ.კვიპროსის და სხვა სეპარატისტული წარმონაქმნების საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ.).

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-orthodox-church-and-cyanide-case/4016118.html

ციანიდის საქმის“ ფინალი: მეუფე დიმიტრი შემდეგი პატრიარქი აღარ იქნება

ზაზა წულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა, რომელიც საზოგადოებას „კაბელების“ არანაკლებ სკანდალური საქმიდან ახსოვს, დღეს, „ციანიდის საქმეზე“ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 37 წლის მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ 33 წლის დეკანოზი გიორგი მამალაძე არა „ანგარების“ არამედ, „შურისძიებით მოტივით“ „ამზადებდა“ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის პირადი მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ეს მაშინ როცა, მთავარ პროკურატურას მთელი ბრალდება აგებული ჰქონდა იმაზე, რომ გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მოკვლას სწორედ „ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით“ გეგმავდა.

მოსამართლემ „ანგარების“ ნაცლად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ქცევაში „შურისძიების“ მოტივის ამოცნობა შეძლო და სასულიერო პირისადმი წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 18-108-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა. თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელმაც არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ნაწილი, წმინდა სინოდის წევრის, ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს ჩათვლით, მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე „თეთრი ძაფით“ არის ნაკერი. ეს შეფასება დღეს, საგანგებო ბრიფინგზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც გაიზიარა:

„გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციის და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინა თავი. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა წაართვა. პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს ამ დარღვევებმა აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას“.

მთავარმა პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც იმ დროისთვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეჭირა, პარალელურად კი ეკლესიის საკუთრებაში არსებული – „საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრისა“ და „ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის“ დირექტორი იყო, 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა, თუმცა ოფიციალურად ინფორმაცია მხოლოდ 3 დღის შემდეგ გაავრცელა.

ბრალდების მიხედვით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ მის მეგობარს ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს პირად საუბარში უთხრა, რომ „მაღალი რანგის სასულიერო პირის მკვლელობას“ გეგმავდა და ამისთვის ქიმიური ნაერთი – ციანიდი სჭირდებოდა. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ეს ინფორმაცია პროკურატურას 2017 წლის 2 თებერვალს მიაწოდა, შემდეგ კი დეკანოზი ფარულად რამდენჯერმე გადაიღო. პროკურატურამ, ირაკლი მამალაძის ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება ოფიციალურად დაიწყო და სასულიერო პირზე ფარული თვალთვალიც დააწესა.

პროკურატურის ვერსიით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში დააკავეს, როცა იგი გერმანიაში გაფრენას აპირებდა. იმ დროს, ბერლინში, პატრიარქი ნაღვლის ბუშტის ოპერაციისთვის ემზადებოდა. ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირთა ნაწილთან ერთად, გერმანიაში თან შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ციანიდი, აეროპორტში გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოიღეს.

რატომ მიიჩნევს დაცვის მხარე, საზოგადოების და სასულიერო პირთა ნაწილი რომ საქმე გაყალბებულია?

მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე მიმდინარეობდა თვალთვალი, პროკურატურამ რატომღაც ვერ დაადგინა, სასულიერო პირმა 2-10 თებერვლის პერიოდში, ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა მომწამლავი ნივთიერება. ციანიდი თითქოს ამოღებული იქნა თბილისის აეროპორტის საბარგო განყოფილებიდან, მას შემდეგ რაც დეკანოზმა გაიარა რეგისტრაცია და მისი კუთვნილი ჩანთა ჩააბარა. თუმცა, არც ამ მტკიცებულების დამადასტურებელი ვიდეოკადრები არსებობს. არადა, აეროპორტის ტერიტორიაზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა. თავად დეკანოზი აცხადებს, რომ იგი ავტომანქანაში დააკავეს და აეროპორტში მისვლა საერთოდ ვერ შეძლო.

რვა თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგაც გაუგებარია, რა მიზნით უნდა მოეკლა და რა სარგებელს ნახავდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობით 33 წლის დეკანოზი?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, იურისტი ლია მუხაშავრია ამბობს:  „თუ ერთი წუთით ვივარაუდებთ, რომ ასეთი საზარელი დანაშაული მზადდებოდა, ცხადია, ყველანი ვთანხმდებით, რომ ვერც მომზადების და ვერც აღსრულების თვალსაზრისით, ერთი პირი ამას ვერ განახორციელებდა. მით უფრო ეს საეკლესიო პირია, დეკანოზი.

ყველას გვიშნდება კითხვა, თუ ვინ დგას მის უკან? რა ჯგუფთან ერთად მოქმედებდა ეს ადამიანი? იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას სხვა სავარაუდო დამნაშავეებზე უფრო მეტი მყარი მტკიცებულებები მოეპოვებინა, პროკურორები აცხადებენ, რომ მათ ისიც კი ვერ გაიგეს, ეს ციანიდი დეკანოზმა ვისგან შეიძინა. სწორედ ამიტომ დეკანოზის ბარგიდან ამ ნივთიერების ამოღების ფაქტი ძალიან დიდ კითხვებს ბადებს საზოგადოებაში“.

დეკანოზი გიორგი მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ძმისშვილის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრის სულიერი შვილია. საქართველოს საპატრიარქოს იერარქიულ კიბეზე, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის ეპარქიის სემინარიის კურსდამთავრებული სწორედ დიმიტრი შიოლაშვილის ძლიერი მხარდაჭერით დაწინაურდა და პატრიარქის დიდი ნდობითაც სარგებლობდა. დეკანოზი მამალაძე მართლმადიდებელ ეკლესიას ასევე წარმოადგენდა 4 კომპანიაში: „სუერტესში“, „ტოროქსში“, „დიმოილსა“ და „ოპტიმუსში.“ კომპანია „დიმოილი“ ნავთობპროდუქტების იმპორტით არის დაკავებული.

დეკანოზ მამალაძის დაკავების შემდეგ, ჯერ თანამდებობა, შემდეგ კი საქართველო დატოვა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა, რომელიც მეუფე დიმიტრის სიძეა. თვით მეუფე დიმიტრიმ კი რომელსაც „ციანიდის საქმემდე“ პატრიარქის ტახტზე, ილია მეორეს მემკვიდრედ განიხილავდნენ, დეკანოზის დაპატიმრების შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ „ამ უმძიმესი ტვირთისთვის, პატრიარქობისთვის მზად არ არის და ამას გამორიცხავს“. 5 სექტემბერს მეუფე დიმიტრიმ ასევე გამორიცხა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე “შორენა თეთრუაშვილის ან პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა“ და ხაზი გაუსვა, რომ სულიერი შვილი „არ გაუწირავს და რადგან ამ ყოველივეს თანამონაწილე არ ყოფილა“.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარე აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბუგიანიშვილის განაჩენი სააპელაციოში, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში, უზენაესში და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაასაჩივროს.

Comments are closed