«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): ილჰამ ალიევის მარში, ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარება და კახა კალაძის სირცხვილი
«Առավոտ – არავოტი» (სომხეთი): მოახერხა თუ არა სერჟ სარგსიანმა თბილისთან შეთანხმების მიღწევა?
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რატომ აქვს „რუსთავი-2“-ს საქართველოს საგარეო იმიჯისთვის დიდი მნიშვნელობა?
———————-
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 6 ნოემბერი, 2015 წელი
ილჰამ ალიევის მარში, ბიძინა ივანიშვილის გაუჩინარება და კახა კალაძის სირცხვილი
როგორც მოსალოდნელი იყო, ხუთ ნოემბერს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, რომლებმაც ბოლო თვეებში აზერბაიჯანულ გაზთან მიმართებით ხმაური ატეხეს, საკადრისი პასუხი გასცა. ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და რუსული კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელის საიდუმლო შეხვედრის შესახებ. საქართველოში და აზერბაიჯანში დაწყებული კრიტიკის მიუხედავად, კახა კალაძე აშკარად არ მალავდა თავის მიზანს, ირანული და რუსული გაზის იმპორტის თაობაზე, თანაც ორივე შემთხვევაში სომხეთი ფიგურირებდა. რა იყო კახა კალაძის არგუმენტები? თქვენ წარმოიდგინეთ, ირანული და რუსული გაზით მისი დაინტერესება იმას გამოუწვევია, რომ თურმე აზერბაიჯანს საკმარისი გაზი არ აქვს და ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს გაზრდილ მოთხოვნილებასო… და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთანაც და საქართველოშიც ექსპერტები ამბობდნენ: „ეს სიცრუეა, როგორ შეიძლება აზერბაიჯანს გაზი არ ჰქონდეს, როცა ის დღეს „ცისფერი საწვავით“ არა მარტო საქართველოს უზრუნველყოფს, არამედ ექვს მილიარდ კუბმეტრს თურქეთსაც აწვდისო“.
და აი, მართლაც, თბილისში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თავის ქართველ კოლეგასან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, აზერბაიჯანს შეუძლია ასი წლის განმავლობაშიც კი უზრუნველყოს გაზით როგორც მეზობელი ქვეყნები, ასევე ევროპის სახელმწიფოებიც. ქართულმა მასმედიამ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. ჟურნალისტებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს, რომ ილჰამ ალიევის განცხადება ამ შემთხვევაში სწორედაც რომ კახა კალაძის მოქმედების პასუხს წარმოადგენს – თითქოსდა აზერბაიჯანს კომერციული გაზის მოწოდების შესაძლებლობა არ აქვს და ამიტომ, აბა, რა ვქნათ, გაზი „გაზპრომ“-ისაგან უნდა ვიყიდოთო.
როგორც ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ, ილჰამ ალიევი თბილისში ჩასვლისას ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა. შესაბამისად, აზერბაიჯანის ლიდერის განცხადება ჯერ-ჯერობით მხოლოდ პირველ ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ.
დიახ, ბატონო კახა, აზერბაიჯანს მართლაც აქვს ბუნებრივი გაზის საკმარისი მარაგი საქართველოს უზრუნველსაყოფად. ასე რომ, არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ენერგეტიკის მინისტრს, შეთავსებით ვიცე-პრემიერს, თავი საკუთარი ქვეყნის დიდ პატრიოტად არ წარმოედგინა და თან რეგიონის ენერგეტიკული რუკა არ სცოდნოდა… ჩვენ ხომ რამდენჯერმე ვეცადეთ მის დარწმუნებას, რომ ისეთ ღარიბ და სუსტმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, იაფფასიანი გაზი რუსეთსა და ირანში არ ეძებოს და რომ აზერბაიჯანული გაზის მაინც ყველაზე იაფია.
მართალია, ერთ მომენტში კახა კალაძემ თავისი აზრები იაფ გაზზე დაივიწყა და მერე ლაპარაკი გაზის უკმარისობაზე დაიწყო, რომ ბაქოს თავისი გაზი თვითონაც არ ყოფნისო. განა ეს შემთხვევითია? ჩვენ, ცხადია, არ გამოვრიცხავთ პოლიტიკური მომენტს, რომელიც, შესაძლოა მთავარ როლს ასრულებს. ამაზე დღეს ქართული პრესაც წერს – ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს საქართველოს ჭეშმარიტი პატრონი („ხოზიაინ“) ბიძინა ივანიშვილი არსად არ ჩანდა… არადა, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ იგი ძალიან მოსიყვარულედ და მეგობრულად შეხვდა ჩვენს არაკეთილმოსურნე ქვეყნის – სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს… თუმცა ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ თითქოსდა ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა არ მოისურვა, პირიქით – ეს ილჰამ ალიევმა თქვა უარი ამ მრავალსახოვან ბიზნეს-პოლიტიკოსთან შეხვედრაზე, რომელიც სიტყვით ერთს ამბობს, საქმით კი მეორეს აკეთებს.
მაგრამ არის ამ საკითხში სუფთა ეკონომიკური შემადგენელი, რომელმაც, თავის მხრივ, პოლიტიკურიც შექმნა: საიდუმლო არაა, რომ საქართველოს დამატებითი გაზი ახლადაგებული თბოელექტროსადგურის (თეს) მოსამარაგებლად ჭირდება, სულ რაღაც 300 მილიონი კუბმეტრი. ჰქონდა თუ არა ამ მიზნით ქართულ მხარეს გაფორმებული კონტრაქტი აზერბაიჯანულ „სოკარ“-თან, ამის შესახებ კახა კალაძე არაფერს არ ამბობს, მაგრამ შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ასეთი გარიგება რომც ყოფილიყო, იგი აუცილებლად იტყოდა. აშკარაა, კახა კალაძეს თავისი ცოდვა-შეცდომების მიფუჩეჩება სურს: მისი ინიციატივით თბოელექტროსადგური კი აშენდა, მაგრამ გაზი არ არის და არც იქნება. გაზი რომ თეს-მა დროულად მიიღოს, ამისათვის ყველა წესის დაცვით კონტრაქტი უნდა დაიდოს, ხოლო როცა დაიდება, მის დარღვევას მკაცრი საჯარიმო სანქციები მოჰყვება. ვინ-ვინ და ეს ბატონმა კახა კალაძემ კარგად უნდა იცოდეს. მას სიტუაციიდან მშრალად გამოსვლა სურს და ცდილობს თავისი შეცდომები სხვას გადააბრალოს. ის, რომ ამით „სოკარის“ [იმიჯი] ზარალდება, მას ნაკლებად აწუხებს. ბატონ კახა კალაძეს შევახსენებთ, რომ „სოკარი“ სოლიდური და მაღალი იმიჯის მქონე კომპანიაა საერთაშორისო ბაზარზე, მას არ შეუძლია გაზი იმავწუთს მიაწოდოს რომელიმე კლიენტს სურვილისდა მიხედვით – გინდ ქართველს, გინდაც აზერბაიჯანელს. ის, რომ თავისუფალი გაზის „სოკარს“არ აქვს, უნდა გესმოდეთ, რომ კარგი მენეჯმენტის მაჩვენებელია. დამატებითი გაზის მიღების მიზნით საჭირო იყო მოლაპარაკება უფრო ადრე დაგეწყოთ, ორი-სამი წლის წინ და არა მას შემდეგ, რაც თეს-ი აშენდა. პრინციპში, ყოველი ნორმალური კომპანია ასე მუშაობს: ჯერ კონტრაქტი, შემდეგ მიწოდება. და თუ თქვენ თავის დროზე უნებლიედ მხედველობიდან გამოგეპარათ ეს მომენტი, საკუთარ შეცდომაზე ამდენი ხმაური რა საჭიროა?
მით უმეტეს, საჭირო არ იყო ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცემოდა, რომელიც პოლიტიკოსებს სჩვევიათ (არა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა). ისე კი, ასეთ ჩავარდნებს, იცით, არ პატიობენ ხოლმე. სხვა სახელმწიფოებში ამგვარი მოქმედების გამო მინისტრები სავარძლებს ემშვიდობებიან…
«Առավոտ - არავოტი» (სომხეთი), 6 ნოემბერი, 2015 წელი
http://ru.aravot.am/2015/11/05/194680/
მოახერხა თუ არა სერჟ სარგსიანმა თბილისთან შეთანხმების მიღწევა?
სტატიაში გადმოცემულია საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ვიზიტის შედეგები , მასში ყურადღება გამახვილებულია სომხეთის მონაწილეობაზე რეგიონულ პროექტებში, უპირატესად კი ბუნებრივის გაზის ტრანზიტის თვალსაზრისით – ირანიდან საქართველოში (ავტორი – ემა გაბრიელიანი).
„თბილისში ჩასვლისას სერჟ სარგსიანი თავდაპირველად თავის ქართველ კოლეგას – გიორგი მარგველაშვილს შეხვდა, რომლის დროსაც აღინიშნა ქართულ-სომხური ურთიერთობის უაღრესად დიდი მნიშვნელობა თბილისისა და ერევნისათვის. ჟურნალისტებთან ერთობლივი შეხვედრისას სერჟ სარგსიანმა ხაზი გაუსვა სრულ ურთიერთნდობას, რომელიც ორ მეზობელს შორის არსებობს. შემდეგ სომხეთის პრეზიდენტი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მათ რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებზეც ისაუბრეს და განიხილეს სხვა ურთიერთსაინტერესო საკითხები. აღსანიშნავია, რომ სერჟ სარგსიანმა, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თბილისში არსებულ „სურბ გევორქის“ სომხური ეკლესიის კურთხევაში“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ავტორი საქართველოს გაზით მომარაგების პრობლემატიკასაც ეხება და აღნიშნავს, რომ „ქართული მასმედია აქტიურად აშუქებს ირანული გაზით საქართველოს უზრუნველყოფის საკითხს, სომხეთის ტერიტორიის გავლით, რისთვისაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ნოემბრის შუა რიცხვებში კვლავ ირანს უნდა ეწვიოს.
ბოლო დროს ირანი აქტიურად გამოდის რეგიონის არენაზე, იზრდება მისი გავლენა და შესაბამისად, საქართველო და სომხეთი ორიენტირებში სწრაფად უნდა გაერკვნენ, ორივემ ყურადღება უნდა მიაქციონ ირანის შესაძლებლობებს, რომელიც ევროპისაკენ მიმავალ გზებს ეძებს. ჯერ-ჯერობით ირანული გაზის ევროპისათვის მიწოდებაზე ჩვენთან მხოლოდ ლაპარაკი მიდის, მხოლოდ კომენტარები კეთდება, ამ დროს კი ირანი უკვე სერიოზულად ფიქრობს ამ მიმართულებით: თეირანში მომგებიანად მხოლოდ ორ მარშრუტს მიიჩნევენ – თურქულს და სომხურ-ქართულს“.
„შეძლებს კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი სომხეთი საქართველოსთან ეკონომიკურად სასარგებლო შეთანხმების მიღწევას? [ჯერ-ჯერობით, მოლაპარაკების კონკრეტული შედეგები უცნობია, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს]: ერთი მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთი და საქართველო ერთობლივ რეგიონულ პროექტებს წარმატებით ახორციელებენ, მაგალითად, ელექტროენერგიის ტრანზიტის საკითხში, მეორე მხრივ, საქართველო ბუნებრივი გაზით მომარაგების დივერსიფიცირების გზებს ეძებს და მოლაპარაკებას რუსულ „გაზპრომ“-თან აწარმოებს. ალბათ, იმ მიზნით, რომ ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ მონოპოლიას ბოლო მოუღოს. მოკლედ, „გაზპრომ“-თან ერთად ირანული გაზით საქართველოს უზრუნველყოფის საკითხი აქტიურად განიხილება’, – ნათქვამია სტატიაში და ციტირებულია ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადება ირანული გაზთან დაკავშირებით.
სტატიის ბოლოს მოცემულია საქართველო-სომხეთის მჭიდრო ურთიერთობების ამსახველი სტატისტიკა: ციფრები და ფაქტები ვაჭრობის მდგომარეობაზე, ტურიზმის სფეროში და ა.შ.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 6 ნოემბერი,2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/rustavi-2-georgiasinternational-image/3037172.html
რატომ აქვს „რუსთავი-2“-ს საქართველოს საგარეო იმიჯისთვის დიდი მნიშვნელობა?
ია მეურმიშვილი
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ქონებრივ დავასთან დაკავშირებულმა სასამართლო პროცესმა და მის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს, ამის შესახებ ამერიკელი ექსპერტები საუბრობენ. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეუთომ, ევროკავშირმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა ექსპერტებმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავაზე მთავრობას სიფრთხილის გამოჩენისკენ და მედიის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდეს.
ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა ამერიკის ხმასთან საუბარში განაცხადა, რომ „საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული დემოკრატიის მშენებლობის მიმართულებით, მაგრამ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული დავა დღემდე მიღწეული პროგრესის გაქარწყლების საფრთხეს ქმნის. არავის აქვს საქართველოს სასამართლო პროცედურებში ჩარევის სურვილი, მაგრამ გაჩნდა შეშფოთება, რომ „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებელი ხმა ახლა საფრთხის ქვეშაა.“
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის სასამართლო პროცესი ორ მხარეს შორის კერძო საკუთრების ქონებრივი დავაა, რომელიც სამართლიანი პროცესისა და კანონის უზენაესობის დაცვით გადაწყდა. „მოგვწონს თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მას უნდა დავემორჩილოთ,“ ნათქვამია განცხადებაში. პრემიერ მინისტრი აქვე ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე „რუსთავი 2“-ს 20-ზე მეტჯერ შეეცვალა მფლობელი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ამ ტელეკომპანიის მფლობელობა პირველად დაადგინა დამოუკიდებელმა სასამართლომ.“
პრემიერ მინისტრის განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ ძირეულ პრობლემას უსვამს ხაზს. ტელეკომპანიას, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული არხია და რომელიც საზოგადოებაში ოპოზიციურ, კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მედია საშუალებად აღიქმება, დაარსებიდან დღემდე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 20-ზე მეტი მფლობელი ჰყავდა.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ინსტიტუტის ასოცირებულ დირექტორ კორი უელტს მიაჩნია, რომ სწორედ ამ კომპლექსურობისდან გამომდინარე, ტელეკომპანიის საქმე რუტინული სასამართლო პროცედურით არ უნდა გადაწყვეტილიყო.
კორი უელტის თქმით, არხის მფლობელობის საკითხი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაშია პოლიტიზირებული და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი დეტალების ბოლომდე გარკვევა. “თბილისის სასამართლომ ვერ შეძლო ცხადი საკითხის აღიარება, რომ მოსარჩლე ხალვაშის [ქონებრივი] პრეტენზია ისეთივე სუსტია, როგორიც ახლანდელი მფლობელის,“ აცხადებს უელტი და აქვე დასძენს, რომ „არც ერთ მათგანს არ უყიდია ტელეკომპანია მკაფიოდ ლეგალური, გამჭვირვალე მეთოდებით და არაპოლიტიკური ნიშნით.“
საქართველოს ერთ-ერთ დემოკრატიულ მიღწევად უკანასკნელი წლების განმავლობაში მედიის დამოუკიდებლობა ითვლება. ამ პრინციპს პრემიერ მინისტრის უკანასკნელი განცხადებაც ხაზს უსვამს. ღარიბაშვილის თქმით, „მედიის პოლიტიზირება მიუღებელია [...]. ჟურნალისტებს აქვთ უფლება საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეთ [...]. მე მედიას ვერ ვაიძულებ ჩვენი მთავრობის მხარდამჭერი იყოს იმიტომ, რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.“
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ლარა ლინდერმანი აცხადებს, რომ საქართველო მედია თავისუფლების მხრივ „რეგიონში შუქურა იყო, ყოველ შემთხვევაში, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავამდე. მარტივი არ იქნება იმ ზიანის გამოსწორება, რაც [ამ საქმით] საქართველოს მედია-დამოუკიდებლობის იმიჯს მიადგა.“