«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): ქართული და სომხური ვალუტის კურსი განუხრელად ეცემა… რუსული რუბლის კრახის გამო
«Today’s Zaman» (თურქეთი): ყარსის კონფერენცია: თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ყარსში შეხვდებიან
«9-й канал» (ისრაელი): მიხეილ ლეონტიევი: „რუსეთი აგრესიული არ არის… რუსეთს საქართველოში აგრესია არ განუხორციელებია“
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 6 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.ft.com/intl/fastft/246771/georgian-armenian-currencies-collapse
ქართული და სომხური ვალუტის კურსი განუხრელად ეცემა… რუსული რუბლის კრახის გამო
ქართული ვალუტა დოლართან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, სომხური დრამი კი 2006 წლიდან ყველაზე მაღალი დონის ინფლაციას განიცდის – რუსული რუბლის გაუფასურება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას აზანზარებს. რუსეთის მეზობლები ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მოსკოვთან როგორც სავაჭრო ურთიერთობების დონით, ასევე ფინანსური გზავნილების მოცულობით.
როცა რუსული რუბლის კურსი ეცემა, ის თან სხვა ვალუტასაც ითრევს: ყაზახეთი რამდენიმე თვის წინ იძულებული გახდა საკუთარი ტენგეს კურსი შეეცვალა, მაგრამ ახლა ციებ-ცხელება ატყდა სომხეთსა და საქართველოში: ამ უკანასკნელს უფრო მეტად, რადგან საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი და რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება აწუხებს.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ჰენრი ფოი იტყობინება, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვარშავაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოჭში ხელმოწერილი ხელშეკრულება საფრთხეს უქმნის და ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას: „ჩვენ ვხედავთ საშიშ ტენდენციებს… ჩვენ ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში, სადაც რუსეთი თავის [აგრესიულ] საგარეო პოლიტიკას აგრძელებს. რუსეთი თავის მეზობლებს საკუთარ ეზოდ მიიჩნევს… რუსეთი პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებისას სამხედრო ძალას ეყრდნობა… ჩვენ რუსეთთან ვაჭრობა გვსურს, გვინდა კეთილმეზობლობა. ერთადერთი პირობა ამისთვის ისაა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს“.
ქართული ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით მკვეთრად დაეცა დღეს, 5 დეკემბერს და, შესაბამისად, ნოემბრის დასაწყისიდან დაწყებულმა ვარდნამ 14,4 პროცენტი შეადგინა. სომხური დრამიც 1,4 პროცენტით გაუფასურდა, ანუ ნოემბრიდან ინფლაციამ 10% შეადგინა.
„სტანდარდბანკის“ ექსპერტი ტიმოთი ეში ამბობს:
სომხეთსა და საქართველოს მსგავსი სიტუაციები აქვთ: სუსტი ეკონომიკური სისტემები, მაგრამ ნაკლებდეფიციტიანი სახელმწიფო ბიუჯეტები.. ამასთან, მათი სუსტი მხარეა საგარეო დაფინანსების შემცირება… რუსეთი ორივესთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს. სომხეთშიც და საქართველოშიც რუსეთიდან საკმაოდ დიდი ფული შედიოდა [გზავნილების სახით], რაც ბოლო ხანს შემცირდა – რუბლის გაუფასურებისა და ნავთობზე ფასების დაწევის გამო. სომხეთისა და საქართველოს პროდუქციის ექსპორტი რუსეთში საკმაოდ დიდია. განსაკუთრტებით ეს შეიძლება ითქვას საქართველოზე, რომელმაც, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რუსეთთან სავაჭრო კავშირები აღადგინა. საქართველოსთვის ბოლო წლებში რუსული ტურიზმიც „ახალი სიკეთის“ მომტანი გახდა: საბჭოთა ეპოქის შემდგომ ბევრმა რუსმა საქართველო „მეორედ აღმოაჩინა“. ორივემ – საქართველომაც და სომხეთმაც დასავლეთის მიერ რუსეთისადმი გამოცხადებული სანქციებით გარკვეული მოგება მიიღეს, რადგან მათ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გატანა არ შეუმცირებიათ, მაგრამ, ცხადია, რომ რუსული რუბლის დევალვაცია სავაჭრო კავშირების მოცულობას აშკარად შეამცირებს“.
«Today’s Zaman» (თურქეთი), 6 დეკემბერი, 2014 წელი
ყარსის კონფერენცია: თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ყარსში შეხვდებიან
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუს განზრახული აქვს 10 დეკემბერს თავის ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, სამმხრივ ფორმატში, თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციაში – ქალაქ ყარსში შეხვდეს.
როგორც მოსალოდნელია, ყარსის კონფერენციის დროს მევლუდ ჩავუშოღლუ, თამარ ბერუჩაშვილი და ელმარ მამედიაროვი განიხილავენ და იმსჯელებენ ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე: თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე.
პარასკევს გამოქვეყნებული თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მევლუდ დავითუღლუ თავის კოლეგებთან მოლაპარაკების დროს ყველა საკითხს დეტალურად განიხილავს, გააღრმავებს მხარეტა ურთიერთგაგების პროცესს, ინტერესთა თანხვედრას, კოსოლიდირებას სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში“.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფორმატით მინისტრების პირველი შეხვედრა თებერვალში, აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში გაიმართა. თურქულ მხარეს მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმაედ დავუთოღლუ წარმოადგენდა. განჯაშივე მოწერა ხელი ერთობლივ განცხადებას შეხვედრის შედეგების შესახებ.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, თამარ ბერუჩაშვილი ანკარაში 9 დეკემბერსაა მიწვეული მევლუდ ჩავუშოღლუს მიერ. „შეხვედრის დროს მინისტრები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივებს თურქეთსა და საქართველოს შორის და ერთმანეთს გაუზიარებენ თვალსაზრისებს რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე. ვიზიტი ხელს შეუწყობს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობების განმტკიცებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.
«9-й канал» (ისრაელი), 5 დეკემბერი, 2014 წელი
http://9tv.co.il/news/2014/12/06/191552.html
მიხეილ ლეონტიევი: „რუსეთი აგრესიული არ არის… რუსეთს საქართველოში აგრესია არ განუხორციელებია“
(შემოკლებით)
„ჩვენ დასავლეთმა ფეხებზე დაგვიკიდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლის დროს, მაგრამ გამაფრთხილებლად დაამატა: „რუსეთის არმია პატივისცემით ეპყრობა დასავლეთს, მაგრამ ყველას ახსოვდეს, რომ მას განრისხებაც შეუძლია“. ესე იგი, ომია მოსალოდნელი? საუბრები საომარის სცენარის შესახებ ყოველდღიურად მატულობს, განსაკუთრებით რუსულ ტელევიზიებში. რუსეთის ხელისუფლებას ჩვენი ტელევიზიაც ხშირად აკრიტიკებს ხოლმე, ამიტომ გადავწყვიტეთ ეთერი ახლა კრემლის რუპორს – ჟურნალისტ მიხეილ ლეონტიევს დავუთმოთ. მასთან ინტერვიუ ხუთშაბათს ჩავწერეთ. ესაუბრება ჩვენი კორესპონდენტი დიმიტრი დუბოვი.
მიხეილ ლეონტიევი: რუსეთის ტელევიზია კი არა, თქვენი ტელევიზია ავრცელებს რაღაც პროპაგანდისტულ სისულელეებს მოსკოვის აგრესიულობის თაობაზე… ბიჭებო, არ გრცხვენიათ, ამას რომ ამბობთ? ჩვენ ვაფასებთ ისრაელის თავშეკავებულ პოზიციას, მე ვიტყოდი მეგობრულ პოზიციას რუსეთისადმი… ისრაელი აცნობიერებს, თუ ვინ იყო ბანდერა… რუსეთი რომ აგრესიული ყოფილიყო, დღეს უკრაინა აღარ იქნებოდა… ასე რომ, თვითონვე უნდა მიხვდეთ, რომ რუსეთის აგრესიულობაზე ლაპარაკი სასაცილოა.
დიმიტრი დუბოვი: არა, ეს სასაცილო არ არის. აგრესიული პოლიტიკაა, როცა ატომური ბომბებით იმუქრებიან. და საერთოდ, განა საქართველოში თქვენ პირდაპირი აგრესია არ განახორციელეთ?
მიხეილ ლეონტიევი: პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რუს მშვიდობისმყოფლებს თავს ქართული არმია დაესხა, დაიღუპნენ რუსი ჯარისკაცები. გაიხსენეთ, რომ რუსეთი იყო იქ საერთაშორისო გარანტი კონფლიქტის მოგვარების საკითხში, ძალის გამოყენების გარეშე.
დიმიტრი დუბოვი: რუს მშვიდობისმყოფლებას ბრძოლის მანდატი არ ჰქონდათ. ამიტომაც რუსეთმა რეგულარული არმია შეიყვანა. და საერთოდ, რა შუაშია სამშვიდობო ძალები? როცა თქვენ ჩეჩნეთში არმია შეიყვანეთ, განა რომელიმე სახელმწიფომ ჩეჩნეთის დასახმარებლად ჯარები შემოიყვანა?…
მიხეილ ლეონტიევი: მომისმინეთ, რას გეუბნებით… განა ისრაელს თავისი ჯარები ლიბანის ტერიტორიაზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეჰყავს?
დიმიტრი დუბოვი: ისრაელი? ლიბანიდან ისრაელს სროლას უწყებენ ხოლმე. განა საქართველომ სროლა დაუწყო რუსეთს ისევე, როგორც ლიბანმა ისრაელს? თქვენ მართალი არ ხართ…
მიხეილ ლეონტიევი: მომისმინეთ… აი, ჩვენს კომპანიას (მიხეილ ლეონტიევი ამჟამად „როსნეფტის“ პრეს-მდივანია – ს.კ.) ქარხანა აქვს ლისიჩანსკში, ლუგანსკის ოლქში, უკრაინელები კი ამ ქარხანას ესვრიან. როგორ შეაფასებდით იმ ლუგანსკელ მებრძოლებს, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არიან გამაგრებულნი და იცავენ? ისინი რა, გიჟები არიან?
დიმიტრი დუბოვი: ისინი სეპარატისტები არიან და „ჰამასის“ მოქმედებას იმეორებენ…
მიხეილ ლეონტიევი: ომის დროს საცხოვრებელი შენობები საომარ ობიექტებად გამოიყენება ხოლმე, ეს ყველგან ხდება. რატომ გიკვირთ? მოკლედ, ჩვენ ახლა უსაგნო საუბარი გვაქვს, მოდით დავამთავროთ“.