globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 6th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ასლან ბჟანია КПЗ-ში: ვლადიმირ პუტინის მორიგი რევერანსი რაულ ხაჯიმბას

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): ბალტიის ქვეყნები „რუსეთის თავდასხმის“ მოსაგერიელებლად ემზადებიან // რომან ნუცუბიძე: „ასეთი სიტუაცია ანტირუსული პროპაგანდის შედეგია“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-russia-presses-on-the-abkhazian-opposition/3623293.html

ასლან ბჟანია КПЗ-ში: ვლადიმირ პუტინის მორიგი რევერანსი რაულ ხაჯიმბას

ზაზა წულაძე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას მოსკოვში შეხვედრიდან ზუსტად ორ დღეში, აფხაზური ოპოზიციის ლიდერი დააკავეს. ეს მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სოჭში.

ასლან ბჟანია ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ამცახარას“ თანათავმჯდომარეა. მან 15 დეკემბრამდე მისცა “პრეზიდენტ” რაულ ხაჯიმბას ვადა, რომ თანამდებობა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი არეულობით დაემუქრა.

ასლან ბჟანია სოჭში პირველად ორ დეკემბერს დააკავეს და ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს. მას, როგორც რუსეთის მოქალაქეს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ფაქტს ედავებოდნენ. გაჩრიკეს მისი კუთვნილი ბინაც. სამ დეკემბერს, იგი ორჯერ შეეცადა აფხაზეთში გადასვლას, ისევ დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ „იგი რუსეთის და აფხაზეთის მტერია““

ასლან ბჟანიას დაკავებას ოკუპირებულ აფხაზეთში სარკისებური ეფექტი ჰქონდა. ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას რეჟიმი „პოლიტიკური ოპონენტების დევნაში“ დაადანაშაულა, ხოლო 4 დეკემბერს ასლან ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში 500-მდე ადამიანმა სოხუმი-გალის საავტომობილო გზა გადაკეტა. დესტაბილიზაციის ასაცილებლად რაულ ხაჯიმბამ სოხუმში სასწრაფო წესით შეკრიბა „უშიშროების საბჭო“. მან კატერგორიულად უარყო ასლან ბჟანიას დაკავებასთან კავშირი და რუსეთის ხელისუფლებას ოპონენტის სასწრაფოდ გათავისუფლებისაკენ მოუწოდა. 4 დეკემბერს კი, 19 საათსა და 30 წუთზე, ასლან ბჟანიამ ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნტი გადაკვეთა და პირველი კომენტარი გააკეთა: „მე მაქვს სახელობითი იარაღი, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტმა გადმომცა. სოჭში საქმე აღიძრა საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტზე. საქმე აღიძრა არა ჩემს წინააღმდეგ, არამედ ფაქტზე, რომ ეს ყველაფერი თითქოს ჩემს სახლში ინახებოდა, თუმცა ყველა დოკუმენტი წესრიგში მაქვს. ამჟამად, მე ამ საქმეში ვარ მოწმის სტატუსით“.

53 წლის ასლაბ ბჟანიას 2010-2014 წლებში „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ თავმჯდომარის პოსტი ეჭირა. იგი ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დანიშნა, უფლებამოსილება პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გაუგრძელა, თანამდებობიდან კი პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გადააყენა.

ასლან ბჟანია ერთ-ერთი იყო, რომელმაც სოხუმში, 2014 წლის მაისის ცნობილი მოვლენების დროს, როცა მოსკოვის ღია მხარდაჭერით, რაულ ხაჯიმბას მომხრეებმა ძალის გამოყენებით „პრეზიდენტის რეზიდენცია“ დაიკავეს, ალექსანდრე ანქვაბს ბოლომდე უერთგულა, მისი რუსეთში გაქცევის შემდეგ კი ოპოზიციაში წავიდა და თავისი კანდიდატურა 2014 წლის აგვისტოს „საპრეზიდენტო არჩევნებზე“ დააყენა.

საბოლოოდ, რაულ ხაჯიმბამ (მიიღო 50600 ხმა) 14 ათასი ხმით აჯობა ასლან ბჟანიას (მიიღო 36 000 ხმა) და გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს უკანასკნელი თანამდებობიდან მოხსნა. ასლან ბჟანია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, თუმცა, 2015 წლის აპრილში სოხუმში დაბრუნდა და სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ფონდი „აპრა“ დააფუძნა. უკვე მაისში კი ოპოზიციურმა „ამცახარამ“ იგი ერთ-ერთ ლიდერად დაასახელა.

აფხაზური ოპოზიცია ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით მეორე წელია აგრესიულად უტევს რაულ ხაჯიმბას და 15 დეკემბერს, “სახალხო კრების” გზით, მის გადასაყენებლად ემზადება. აქამდე ყველაზე კრიტიკული სიტუაცია 2016 წლის ივლისში იყო, როცა ოპოზიციამ “შინაგან საქმეთა სამინისტროს” შენობის შტურმით აღება სცადა.

კრემლი ამ დაპირისპირებაში მოქმედი „პრეზიდენტის“ მხარეს იჭერს. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირველ დეკემბერს თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთში სიტუაცია კონტროლიდან არ უნდა გავიდეს: „ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთში ხდება რთული შიდაპოლიტიკური მოვლენები. ეს, რა თქმა უნდა, ნორმალური მოვლენაა ნესბიმიერი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სიტუაცია კონტროლქვეშ იქნება და არ გავა სამართლებრივი ველიდან”.

დღევანდელი მდგომარეობით, რაულ ხაჯიმბას რეჟიმს ოკუპირებულ აფხაზეთში მხარს უჭერენ 1992-93 წლების ომის ვეტერანების ორგანიზაცია „არუაა“, პოლიტიკური პარტიები „აპსნი“, „აიააირა“, „სახალხო ერთიანობის ფორუმი“, სოციალ-დემოკრატები, ეკონომიკური განვითარების პარტია და სახალხო პარტია.

ოპოზიციაში, ომის ვეტერანების პარტია „ამცახარასთან“ ერთად არიან სახალხო მოძრაობა „აიათარა“, რომელსაც ყოფილი „პრემიერი“ ლეონიდ ლაკერბაია ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ოპოზიციურია რესპუბლიკური სახალხო ორგანიზაცია „კიარაზაა“, “აბზანჰარა” და პოლიტიკურ პარტია „აინარი“. ჯერჯერობით, ნეიტრალური პოზიცია უკავია და დიალოგის მომხრეა პოლიტიკური პარტია „ერთიანი აფხაზეთი“, რომელსაც ყოფილი საგარეო მინისტრი სერგეი შამბა უდგას სათავეში.

ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი „საპარლამენტო არჩევნები“ 2017 წელს უნდა გაიმართოს, ხოლო „საპრეზიდენტო“ – 2019 წელს. სეპარატისტების მოქმედი “ლიდერი” რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ თანამდებობაზე უფლებამოსილების ამოწურვამდე დარჩება.

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი), 5 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.independent.co.uk/news/world/europe/russia-eastern-europe-lithuania-vladimir-putin-estonia-latvia-a7449961.html

ბალტიის ქვეყნები „რუსეთის თავდასხმის“ მოსაგერიელებლად ემზადებიან

რომან ნუცუბიძე: „ასეთი სიტუაცია ანტირუსული პროპაგანდის შედეგია“

სტატიაში გადმოცემულია მდგომარეობა, თუ როგორ ემზადებიან ბალტიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, კერძოდ, ლიტვის მოსახლეობა რუსეთის სავარაუდო აგრესიის მოსაგერიელებლად: „ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში ძლიერდება იმის შიში, რომ მოსკოვი, რომელმაც თავისი ძალა უკვე აჩვენა საქართველოში, უკრაინაში და ახლა უკვე სირიაში, ბალტიისპირელებსაც არ დაინდობს. რუსეთის პრეზიდენტმა უყოყმანოდ განაცხადა, რომ იგი დაიცავს თავის თანამემამულეებს – რუსებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ და იმყოფებოდნენ. და რადგანაც ბალტიისპირეთში ბევრი რუსი ცხოვრობს, ეს მუქარები მკვეთრად იგრძნობა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ვანესა გერა).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„ნამდვილად შეასრულებს ვლადიმირ პუტინი თავის სიტყვას თუ იგი ტრაბახობს,  ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ზოგიერთმა ლიტველმა იფიქრა, სიფრთხილეს თავი არ ასტივაო და ტყეებს მიაშურა. ერთ-ერთი მათ შორის რასა მისკინაიტეცაა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ვილნიუსის ახლოს მდებარე ტყეში იმყოფება და ადგილობრივ პირობებში ცხოვრებას ეჩვევა. „რუსეთი ლიტვისათვის ძალიან საშიში მეზობელია, რუსები ყოველ წუთს შეიძლება თავს დაგვესხან“, – ამბობს იგი. რასა 55 წლის პროდიუსერია და მისთვის ტყეში ცხოვრება უცხო ხილი არაა: ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმი მიიტაცა, რასა მისკინაიტემ ზურგჩანთა მოიკიდა, აიღო პურის მარაგი, მარილი და სხვა აუცილებელი პროდუქტი და ტყეს მიაშურა. უფრო მეტიც – მან თავის ახლობლებს და ნათესავებს მოუწოდა, რომ ტყეს და სოფლებს შეფარებოდნენ: „სოფელში საკვებს ყოველთვის მოძებნი, ბოსტნეულია, ხილია და მშიერი არ მოკვდები“.

სხვათა შორის, ლიტვის სამხრეთ რეგიონში მდებარე ძუკაის ტყეებში მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა, გამოსასვლელ დღეებში პარტიზანულ ბრძოლების მეთოდებს ეუფლება. აი, რას ამბობს რიმვიდას მატუზონისი, რომელიც პარტიზანული ბრძოლის კურსს ატარებს: „თუ რუსეთი თავს დაგვესხმება, ამ ტყის გზებს რუსი ჯარისკაცების გვამებით მოვფენთ“.

ბალტიისპირეთის სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ნატოს წევრია, შესაბამისად, ზოგი აინუნშიც არ აგდებს რუსეთის შემოჭრის საფრთხეს და ამაზე დარდით თავს არ იკლავს, ზოგი ცოტა შეშფოთებულია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც მართლაც ეშინიათ და უარესისთვის ემზადებიან. შიში განსაკუთრებით გაცხოველდა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ: აბა რა, მან ხომ განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნებს თუ საფრთხე დაემუქრება, ამერიკა მათ ვერ დაიცავსო. გარდა ამისა, რუსეთი კალინინგრადში (ყოფილი კენიგსბერგი, ლიტვა-პოლონეთს შორის მდებარე ტერიტორია) ბირთვული იარაღის განლაგებასაც გეგმავს.

იგივე შიშებია პოლონეთშიც, სადაც მთავრობა თავდაცვის ტერიტორიულ ძალებს ქმნის და მასში ათასობით მოხალისეა ჩაბმული. პოლონეთი ასევე ემზადება ჰიბრიდული ომისა და კიბერშეტევების მოსაგერიებლადაც. ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ სპეცსახელმძღვანელო გაავრცელა, სადაც გადმოცემულია როგორ უნდა დაიცვას თავი მოქალაქემ, მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია რუსული იარაღის შესახებ. „ომის თავიდან აცილების ყველაზე საუკუთესო ხერხია ვაჩვენოთ აგრესორს, რომ მზად ვართ ჩვენი თავისუფლებისა და მშობლიური მიწის თითოეული სანტიმეტრის დასაცავად“, – ამბობს მინისტრი იუზას ოლაკასი. ლიტვამ გასულ წელს სამხედრო გაწვევა აღადგინა, მაგრამ ჯარში უიმისოდაც იმდენი მოხალისე ჩაეწერა, რომ გაწვევის აღდგენა აღარც კი იყო აუცილებელი. ბევრი ახალგაზრდა ნებაყოფლობით იცვამს სამხედრო ფორმას და უკვე ჩამოწერილ, მაგრამ მოძრავი სამხედრო ტექნიკით (ჯავშანმანქანებით) ბრძოლის მეთოდებს სწავლობენ. სხვათა შორის, ლიტველებს პარტიზანული ბრძოლებისა და წინააღმდეგობის გაწევის დიდი გამოცდილება აქვთ: ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ოკუპანტებს მრავალი წლის მანძილზე ებრძოდნენ.

რუსეთის სავარაუდო აგრესიის შიში დღის წესრიგში აყენებს ადგილობრივი ეთნიკური რუსებისადმი ნდობის საკითხს, მათ ლოიალურობას ხელისუფლებისადმი. რუსები ლიტვაში მოსახლეობის 6%-ს შეადგენენ. ბევრი აქ ათეული წლების წინ დასახლდა, როცა ლიტვა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. ლიტველი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ რუსებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და მათ წინააღმდეგ რაიმე ეჭვები არ არსებობს. რუსებს და ლიტველებს ერთმანეთთან კარგი კონტაქტები აქვთ. თუმცა იმავდროულად ბევრი ლიტველი მაინც შიშობს, რომ თუ ომი დაიწყება, აქაური რუსები მოსკოვის მხარეზე დადგებიან.

ზოგიერთი არალიტველის აზრით, ასეთი პოზიცია ანტირუსული პროპაგანდის შედეგია. აი, მაგალითად, რას ამბობს რომან ნუცუბიძე, რომელიც ლიტვაში 30 წლის წინ ჩამოვიდა, ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში: „ლიტვის პრესაში რუსეთი მხოლოდ ცალმხრივადაა წარმოდგენილი: რუსები აგრესორები არიან, რუსები თავს დაგვესხმებიან, ვლადიმირ პუტინი ყოველთვის ცუდია და ა.შ.“. რომან ნუცუბიძე ქალაქ ვისაგინასში ცხოვრობს, სადაც ეთნიკური რუსები და რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. მას ლიტვა და ლიტველი ხალხი ძალიან უყვარს და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ლიტვას თავს არ დაესხმება.

Comments are closed