«Вестник Кавказа» (რუსეთი): „საქართველო-2015: ეკონომიკურად მიზანშეწონილი საგარეო პოლიტიკა
«Еuobserver» (ბელგია): „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნები: გაურკვეველი და დავიწყებული დემოკრატია
«Lragir» (სომხეთი): ნატო, თურქეთი და სამხრეთ კავკასია
«Lragir» (სომხეთი): სამხრეთი კავკასია ნატოს გეგმებში
«The Desert Sun» (აშშ): „მანდარინებს“ კავკასიაში მშვიდობის დრო მოაქვთ
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 07 იანვარი, 2015 წელი
„საქართველო-2015: ეკონომიკურად მიზანშეწონილი საგარეო პოლიტიკა
(შემოკლებით)
2015 წელი მმართველ კოალიცია „ქართული ოცნებას“ საკმაოდ ბევრ პრობლემასა და სირთულეებს მოუტანს. 33 წლის პრემიერ-მინისტრისათვის მთავარი გამოწვევა ეკონომიკა იქნება. სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ ვერ გამოასწორა მდგომარეობა ყველაზე მტკივნეულ საკითხში – უმუშევრობა კვლავ მაღალ დონეზე რჩება, რომელიც ზოგიერთ ქალაქში 80%-მდე აღწევს, ახალგაზრდებს შორის.
კოალიციის დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე მოსახლეობას „კარგ“ 2014 წელს და „უკეთეს“ 2015 წელი დაპირდა, მაგრამ მტავრობა ამ ახალ წელს რაიმე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას არ აპირებს.
2014 წლის ბოლოს მთავრობამ განაცხადა, რომ შემოსავლების მხრივ წლის გეგმა შესრულებულია, მაგრამ ხარჯების მხრივ ბიუჯეტი შეუსრულებელი დარჩა, ანუ მთავარი ფინანსური კანონით გათვალისწინებული ფული სრულად არ დახარჯულა. ამის მიზეზი ძალიან მარტივია: ფინანსტა სამინისტრ შიშობს, რომ ახლა ამდენი გაუხარჯველი ლარი რომ სავალუტო ბაზარზე გადმოყაროს, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება.
აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ არ იცის როგორ უნდა ჩადოს ფული ეკონომიკაში დევალვაციის რისკის გარეშე, თუმცა არცოდნის სიმძიმეს ცოტას არბილებს თვით ბიძინა ივანიშვილის მოქმედებაც: მილიარდერი, წარმტაცი დაპირებების მიუხედავად, ეროვნულ ეკონომიკაში თავის ფულს არ აბანდებს. ერთი შეხედვით, ეს საკვირველია: ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თითქმის მილიარდი დახარჯა საქველმოქმედო პროექტებში, ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამს. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, იგი მსხვილი ბიზნესმენიცაა, იგი ჯერ ვერ ხედავს ისეთ სფეროებს, სადაც გონივრული გათვლით დიდი ფულის ინვესტირება მოხდეს. სწორედ ამიტომაც ივანიშვილის მიერ 2014 წლის დასაწყისში ჩამოყალიბებულ თანაინვესტირების ფონდს, რომელშიც [თეორიულად] ათი მილიარდი დოლარი არის დაგროვილი, დღემდე რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი არ განუხორციელებია.. ლაპარაკი მიდის გრანდიოზულ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, საბაგირო გზაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ქაღალდზე რჩება.
არადა, ტურიზმის დარგი საქართველოსთვის პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომაც მტავრობამ „ცა გაუხსნა“ რუსულ ავიაგიგანტებს – „აეროფლოტს“, „ციბირს“, „ტრანსაეროს“, რომლებიც, ქართული ავიაკომპანიის პროტესტების მიუხედავად, დშეში 5-6 რეისს ასრულებენ.
აშკარაა, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა 2015 წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკას ეკონომიკური მიზანშეწონილებით განახორციელებს. სწორედ ეს ფაქტორი იქნება წარმმართველი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადების მიუხედავად, თბილისი უფრო მეტად დაუახლოვდება მოსკოვს. ევროკავშირთან ასოცირებამ რიგით ქართველ მოქალაქეს ცხოვრების საგრძნობი გაუმჯობესება ჯერ-ჯერობით ვერ მოუტანა და ალბათ, უახლოეს მომავალში ვერც მოუტანს: ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმების ჩარჩოებში ევროპელებმა „ევრობაზარზე თავისუფალი გასვლის“ გამო ქართულ ექსპორტს სასწაულებრივი ბაჟი დაუწესეს: ქართული მანდარინი ბერლინს და პარიზს თვალით ვერ იხილავს, მაგრამ თავისუფლად შეუძლია მოსკოვი ნახოს, რადგან რუსეთის ბაზარი სრულიად ღიაა ქართული ციტრუსებისათვის. გარდა ამისა, რუსული თვითმფრინავები გატენილია კეთილგანწყობილი და ხელგაშლილად ფულის მხარჯველი რუსი ტურისტებით, რომლებიც თბილისში ყოველდღიურად ასობით ჩამოდიან.
ახალი წლის ასეთი ტენდენციების კონტექსტში მნიშვნელოვან სიმპტომად მიიჩნევა ის ფაქტიც, რომ საქართველოს მთავრობამ, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეების წივილ-კივილის მიუხედავად, ფოთის ნავთობტერმინალის თაობაზე „როსნეფტისა“ და ქართული წარმოშობის ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს შორის დადებული კონტრაქტი არ ჩაშალა. აშკარაა, რომ ასეთი სიმპტომატური პირველი საახალწლო „ინციდენტი“ (გნებავთ, სკანდალი) 2015 წლის განმავლობაში ერთადერთი არ იქნება.
«Еuobserver» (ბელგია), 06 იანვარი, 2015 წელი
http://euobserver.com/opinion/127032
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნები: გაურკვეველი და დავიწყებული დემოკრატია
ირინა სოლონენკო, ბრიუსელი
(შემოკლებით)
უკვე 2015 წელი დგას. მოდით, გადავიხედოთ ევროკავშირის მეზობელ რეგიონში – „აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში“: რა მოხდა იქ გასულ წლებში, რას მიაღწიეს და რა აქვთ ჩაფიქრებული.
თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ დავინახოთ: ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში დემოკრატიული პროცესები არათანაბრად ვითარდებოდა. მართალია, ჩამოთვლილ ექვს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ამის მიუხედავად, ყველა ისინი ევროკავშირის პროექტში არიან ჩართულნი – „აღმოსავლური პარტნიორობის ინიციატივაში“.
გასული წლების ტენდენციების გათვალისწინებით, აღნიშნული ქვეყნები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: პირველი – რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ისინი დემოკრატიის უფრო მაღალ დონეს აჩვენებენ (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) და მეორე – რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ, იქ დემოკრატიის დეფიციტია (ბელორუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი).
მოლდოვა
2009 წლიდან, როცა მოლდოვას პროევროპული კოალიცია მართავდა, ამ ქვეყანამ რეფორმების განხორციელებისათვის პოლიტიკური ნება გამოამჟღავნა და ბევრი რამ სასიკეთო გააკეთა. მოლდოვა, სხვებთან შედარებით, აშკარა ლიდერად გამოიკვეთა: აჩვენა მაღალი სტანდარტები როგორც არჩევნების ჩატარების, ასევე ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვის სფეროში. ამას წინათ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესი ადგილები კვლავ პროევროპულმა ძალებმა მიიღეს. მოლდოვა პირველი სახელმწიფო იყო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტში, რომელმაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მიიღო, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. მოლდოვამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში და სასამართლო სისტემის გარდაქმნაში.
საქართველო
საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამაც, მოლდოვას მსგავსად, ევროკავშირთან ინტეგრირების მზადყოფნა გამოავლინა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, დემოკრატიის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების მიუხედავად, ქვეყანაში რამდენიმე რეფორმა წარმატებით განხორციელდა (კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო სისტემისა და სახელმწიფო სამსახურის გარდაქმნა). ხელისუფლებაში მყოფი პროევროპული კოალიცია, შიდაპოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ამჟამად პროდასავლურ კურსს აგრძელებს. „ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსის“ ბოლო მონაცემების თანახმად (განვითარებადი და გარდამავალი საბაზრო ეკონომიკის მქონე 129 ქვეყნის დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის მაჩვენებლები), საქართველომ [2014 წელს] პოლიტიკური გარდაქმნების ყველაზე მაღალი მიღწევები დააფიქსირა ევრაზიის რეგიონში 2011 წლიდან.
უკრაინა
უკრაინა ბოლო წლებში ტურბულენტურ მდგომარეობაში მოექცა. „ნარინჯისფერმა“ პოლიტიკურმა ელიტამ ვერ შეძლო რევოლუციის დროს მიღებული დემოკრატიული წარმატების ინსტიტუციონალიზება, რამაც მოგვიანებით, ვ.იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას, ქვეყანა ნეგატიურ-ავტორიტარულ ტენდენციებამდე მიიყვანა. 2014 წლის ოქტომბერში „ევრომაიდნური“ პროტესტების ფონზე რეფორმების გატარების შესაძლებლობა გაჩნდა, ჩატარდა მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამასთან, უკრაინა კვლავ რჩება ერთობ დისფუნქციურ სახელმწიფოდ. აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლა და მართლწესრიგის აღდგენა.
სომხეთი
2008 წელს სომხეთის ხელისუფლებამ მშვიდობიანი პროტესტების დროს, რომელიც არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია, ძალა გამოიყენა. თუმცა იმავე პერიოდიდან გაუმჯობესდა არჩევნებისა და მასმედიის თავისუფლება. ქვეყანამ ასევე გარკვეულ წარმატებას მიაღწია სასამართლო სისტემის რეფორმაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებაში. სომხეთი აქტიურად თანამშრომლობდა ბრიუსელთან, თუმცა 2013 წელს პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ სომხეთისათვის ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრირება დღის წესრიგში აღარ დგასო. გასული წლის ოქტომბერში სომხეთი ოფიციალურად გახდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, რუსეთთან, ყაზახეთთან და ბელარუსთან ერთად.
აზერბაიჯანი და ბელარუსი
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი და ბელარუსი ისეთ ყველაზე ავტორიტარულ სახელმწიფოებად რჩებიან, სადაც ადამიანის უფლებები და პოლიტიკური თავისუფლებები ძალიანაა შეზღუდული. ზოგიერთი შეფასებით, ამჟამად აზერბაიჯანში 142 პოლიტპატიმარია. ამასთან, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი ენერგორესურსების მსხვილი ექსპორტიორია, ამ ქვეყნის ხელისუფლება თავს უფლებას აძლევს დასავლური კრიტიკის იგნორირება მოახდინოს. იმ დროს, როცა ბელარუსს ევროკავშირისაგან სანქციები აქვს დაწესებული, აზერბაიჯანი ევროკავშირთან ფართოდ თანამშრომლობს (განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში). საინტერესოა, რომ აზერბაიჯანი თავდაპირველად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადების მომხრე იყო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და ბრიუსელს 2013 წელს ალტერნატიული თანამშრომლობის იდეა შესთავაზა – „სტრატეგიული მოდერნიზაციის თანამშრომლობის შეთანხმების“ დადება, [რაც ევროკავშირმა უარყო]. ბრიუსელს დღეს აზერბაიჯან-ბელარუსზე ზემოქმედების ბერკეტები ფაქტიურად არ აქვს, შესაბამისად, მათი დემოკრატიზაციის პერსპექტივები უღიმღამოა.
«Lragir» (სომხეთი), 07 იანვარი, 2014 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/40069
ნატო, თურქეთი და სამხრეთ კავკასია
იგორ მურადიანი
(შემოკლებით)
თურქეთი სულ უფრო მეტად გამოდის დასავლეთის ზემოქმედებიდან, უპირველესად კი აშშ-ისა და ნატოს კონტროლიდან. ევროკავშირს არასდროს არ ჰქონია თურქეთზე მნიშვნელოვანი გავლენა და ამიტომ ანკარის შემაკავებელ პოლიტიკას ვერ გაატარებდა. 1980-90-იან წლებში, როცა თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, ბრიუსელს იმ დროს კიდევ შეეძლო რაღაც გავლენის მოხდენა გარკვეულ სიტუაციებში, მაგრამ ასეთი ფაქტები ძალიან იშვიათი იყო.
დღევანდელ სიტუაციაში, თურქეთის რეგიონულ პოლიტიკაში მოსალოდნელია ძალიან მოულოდნელი ზიგზაგები: მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, ანკარა თავისი გავლენის გაზრდას იმედოვნებს. ამჟამად თურქეთს მხოლოდ ამერიკა და ნატო აკავებს, თუმცა მალე ისინიც ვეღარ შეძლებენ ანკარის შეჩერებას. ანატოლია ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტროლიდან გამოდის.
თურქეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან. ანკარასა და ბაქოს შორის ხელმოწერილი ურთიერთდახმარების შეთანხმება არალეგიტიმურია, მაგრამ ბრიუსელი „თვალს მორცხვად ხუჭავს“. ფრანგი ექსპერტები კატეგორიულად უარყოფენ თურქეთის სამხედრო ჩარევას სამხრეთ კავკასიის პროცესებში, მაგრამ იქვე ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ამჟამინდელ პერიოდს ეხება. რა იქნება მომავალში, როგორ განვითარდება მოვლენები, ფრანგები ამაზე ვერაფერს ამბობენ.
ნატოს გაფართოება უახლოეს პერსპექტივაში შეუძლებელია. ამის წინააღმდეგ გამოდიან არა მარტო ევროპელები, არამედ ამერიკელებიც. საქართველოს ვითომ ნატოში გაწევრიანების „სიგნალებს უგზავნიან“, მაგრამ ეს სიგნალები არაფრის მაქნისია და რეალური არ არის. (…)
რუსეთთან რთული დამოკიდებულების მიუხედავად, დასავლეთი და ნატო საბოლოო ჯამში მაინც შეეცდებიან მოსკოვთან ურთიერთობაში კორექტივები შეიტანონ. ნატოს აქვს იმის განზრახვა, რომ რუსეთთან მოილაპარაკოს ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და კასპიის ზღვის აუზში არსებულ პრობლემებზე. აშკარაა, რომ მხოლოდ რუსეთის მეშვეობით შეიძლება ეფექტური უსაფრთხოების უზრუნველყოდფა ამ რეგიონებში, ენერგეტიკული პროექტების რეალიზება, სამხედრო ტრანზიტი ავღანეთიდან.
საქართველომ თავისი საგარეო პოლიტიკას უნდა გადახედოს და ეძებოს ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაქცევის შესაძლებლობები. ამას საქართველო-რუსეთის ურთიერთობების პრობლემურობის მაღალი დონე განაპირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილის-მოსკოვის დამოკიდებულება კიდევ უფრო გაუარესდება.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ რუსეთის მიერ გამოცხადებული სანქციები პოლიტიკური ზეწოლის ძალიან ეფექტური საშუალება გამოდგა, რითაც მთელი ქართული საზოგადოება რუსეთზე დამოკიდებული აღმოჩნდა. იმ პერიოდში დასავლეთს საქართველოსთვის პრაქტიკულად არავითარი პოლიტიკური დახმარება არ გაუწევია, მაგრამ ახლა რუსეთიც არჩევანის წინაშეა: მოსკოვმა უნდა გადაწყვიტოს, რომელია მისთვის სასარგებლო – დასავლეთთან კონფრონტაცია თუ თანამშრომლობა.
აფხაზეთთან მიმართებით სიტუაცია ჩიხშია შესული. პრაქტიკულად, კონფლიქტის მოგვარების პროცესი დიდი ხანია შეჩერდა. იმის გამო, რომ საქართველო პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაკნინებულ მდგომარეობაშია, ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ შეუძლია ახლებურად გაიაზროს აფხაზეთის პრობლემის დაძლევის ტექნოლოგიები და მიდგომები. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და წამყვანი ოპოზიციური ძალები კვლავ ერთგულნი არიან ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი, შესაბამისად, აფხაზეთს კვლავ გარანტირებული აქვს ავტონომიის სტატუსი.
«Lragir» (სომხეთი), 06 იანვარი, 2014 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/40066
სამხრეთი კავკასია ნატოს გეგმებში
სტატიაში განხილულია ნატოსა და რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში, მათი ზემოქმედება და შედეგები, განსაკუთრებით აქცენტი გადატანილია სომხეთის პრორუსული ორიენტაციის ნეგატიურ შედეგებზე (ავტორი – იგორ მურადიანი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„ნატოს წინაშე რთული პრობლემები დგას და რადგანაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით ერთმანეთისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება არსებობს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როგორ მოაგვარებს ეს სამხედრო ბლოკი თავის წინაშე მდგარ პრობლემებს. ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე რეგიონული პოლიტიკის რეალიზებაში ის ჯერ მზად არ არის. ასე მაგალითად, ლიბიაში ევროპა ვაშინგტონის დახმარების გარეშე უძლური აღმოჩნდა…
ნატო ასევე მზად არაა სამხრეთ კავკასიაში რომელიმე სავარაუდო დესტრუქციული მოვლენის მიმართ სამხედრო ჩარევა განახორციელოს. რუსეთი აგრძელებს გადამწყვეტი როლის შესრულებას სამხრეთ კავკასიისა და სხვა რეგიონების უსაფრთხოების სისტემებში, მოსკოვზეა დამოკიდებული სხვა დიდი ქვეყნების სამომავლო პოლიტიკაც. საფრანგეთი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ნატოს გაფართოების პერსპექტივას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე და არც იმითაა დაინტერესებული, რომ ალიანსმა პასუხისმგებლობა აიღოს სამხრეთ კავკასიის სიტუაციაზე. საფრანგეთი რუსეთს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად განიხილავს და ამიტომაც კრემლის გაღიზიანება არ სურს. პარიზი თანახმაა სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობა ჰქონდეს, ვთქვათ, იარაღის მიწოდების საკითხში, მაგრამ კვლავ რუსეთისაკენ იხედება… თუ საფრანგეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკას კონკურენციას გაუწევს, არ არის იმის იმედი, რომ რუსეთის სავარაუდო წასვლით პარიზი აქ მთავარი გავლენიანი სახელმწიფო გახდება. პირიქით, უნდა ველოდოთ, რომ სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გასვლით აქ ამერიკის შეერთებული შტატები გაბატონდება, რადგან თვითონ პარიზიც ვაშინგტონზეა დამოკიდებული.
გერმანია, რომელიც ადრე საქართველოს მიმართ თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობდა და თბილისს ანტირუსული ნაბიჯების გადადგმაში სიფრთხილის დაცვისაკენ მოუწოდებდა, დარწმუნდა, რომ საბოლოო ჯამში ვაშინგტონის როლი უფრო გაიზარდა. [აშშ-ის იმედით თბილისმა კურსი ნატოსკენ აიღო, შემდეგ კი რუსეთმა პრევენტიული დარტყმა განახორციელა - იგულისხმება 2008 წლის ომი]. როცა სომხეთმაც ნატოსთან ურთიერთობის გააქტიურება დაიწყო, რუსეთმა ერევანს უფრო სხვა პოლიტიკა დაუპირისპირა, ვიდრე ეს საქართველოს მიმართ განახორციელა – სომხეთი აიძულა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებულიყო.
ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება ყველანირად ისარგებლოს სომხეთით: ჯერ ერთი, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს თავისი სამხედრო ყოფნას სომხეთში, პარალელურად კი ეკონომიკისა და კულტურის სფეროებშიც. მაგალითად, ბოლო დროს მოსკოვმა გააქტიურა რუსული ენის პოზიციების დაცვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში… სრულიად გასაგები გახდა, რომ რუსეთი სომხეთს, ფაქტიურად, ხურდა ფულად იყენებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებში. მოსკოვი სომხეთს არ მიიჩნევს ისეთ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახეელმწიფოდ, რომელსაც შიძლება თავისი საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კი თავის აგენტად თვლის. კრემლს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სულ ფეხებზე ჰკიდია.
სამწუხაროდ, ამჟამინდელ და მომავალ სომხურ ელიტას არ შეუძლია რუსეთის მიერ გამოვლენილი ასეთი დამოკიდებულების ნეგატიური, ინტელექტუალურად დამაზიანებელი ზემოქმედების გაცნობიერება და ამიტომაც ისინი რუსების ხელში მარიონეტებად იქცნენ“.
«The Desert Sun» (აშშ, კალიფორნია), 06 იანვარი, 2015 წელი
„მანდარინებს“ კავკასიაში მშვიდობის დრო მოაქვთ
სტივენ ეშტონი, კინოკრიტიკოსი
(შემოკლებით)
კინოფილმი „მანდარინები“ ოსკარის პრემიაზე ესტონეთის მიერაა წარდგენილი, თუმცა ქართველმა რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ გადაიღო. ფილმში გადმოცემულია კავკასიის საქართველოში მცხოვრები ორი მშვიდობიანი ესტონელის ისტორია აფხაზეთში (საქართველოს რეგიონში) მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს.
1992 წელი. შავიზღვისპირა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა დიდი ხანი არაა, რაც მოიპოვა, ამბოხებულ აფხაზ სეპარატისტებთან სამოქალაქო ომის ცეცხლშია გახვეული. რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს ეროვნებით ესტონელი ფერმერი მარგუსი, რომელსაც მანდარინების ბაღი აქვს და ივო, რომელიც დურგალია და მანდარინებისთვის ხის ყუთებს ამზადებს. ისინი უკანასკნელი არიან იმ ესტონელთა შთამომავალებ შორის, რომლებიც აფხაზეთში 1880-იან წლებში იყვნენ მიგრირებულნი. 1992 წლისთვის უკვე ყველა ესტონეთში დაბრუნდა, აფხაზეთიდან 2 ათასი კილომეტრის დაშორებით, მაგნუსი და ივო კი დროებით მშობლიურ სოფელში დარჩნენ. ერთ დღეს ივოს სახლის ეზოსთან აფხაზებს და ქართველებს შორის სროლა ატყდა, ცოცხლად გადარჩა ორი დაჭრილი – აფხაზების მიერ დაქირავებული ჩეჩენი „ბოევიკი“ აჰმედი და ქართველი ჯარისკაცი ნიკა. რადგანაც ნიკამ აჰმედის მეგობარი მოკლა, აჰმედი მზადაა ნიკას გაუსწორდეს, თავის მხრივ, ნიკაც შეუბრალებელია მოწინააღმდეგის მიმართ…
ორივე დაჭრილი ივომ თავის სახლში მიიყვანა და პირობა ჩამოართვა: სანამ ისინი ესტონელის სახლის ჭერქვეშ იმყოფებიან, ერთმანეთს არაფერს დაუშავებენ…
ფილმი აფხაზეთთან ახლოს, საქართველოს გურიის რეგიონშია გადაღებული, თავისი ხასიათით პაციფისტურია და პასუხობს კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და რას ნიშნავს ადამიანური ურთიერთობები რთულ სიტუაციაში.
რეჟისორ ზაზა ურუშაძეს ინტერვიუ ელფოსტის მეშვეობით ჩამოვართვით:
«The Desert Sun»: ძალიან ძლიერი ფილმია! როგორი გავლენა მოახდინა თქვენზე როგორც ქართველზე, აფხაზეთის კონფლიქტმა?
ზაზა ურუშაძე: აფხაზეთის კონფლიქტი ყოველი ქართველისთვის მტკივნეული თემაა. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და მთელი ჩვენი ისტორია თითქმის მთლიანად დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის ისტორიაა. სამწუხაროდ, მეოცე საუკუნისა ბოლოსა და ოცდამეერთეს დასაწყისში ჩვენს წინაშე ეს პრობლემა კვლავ დგას… აფხაზეთის სისხლიანმა კონფლიქტმა ბევრი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზის, ბევრი ჩემი მეგობრის სიცოცხლე შეიწირა. საკუთარი სახლი 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიატოვა და ლტოლვილად იქცა… აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და რაოდენ სამწუხაროა, რომ ის დღეს ჩვენგან დაშორებულია, ჩვენივე დიდი მეზობლის – რუსეთის ჩარევის გამო.
«The Desert Sun»:თქვენი ფილმის პერსონაჟთაგან ყველას უნიკალური სახე აქვს და თავის როლს კარგად ასრულებენ. როგორი იყო გმირთა სახეების ჩამოყალიბების პროცესი?
ზაზა ურუშაძე: მე მთავარი გმირის – ივოს სახის საფუძვლად ბაბუაჩემის ხასიათი ავიღე, რომელიც პატივს სცემდა ზუსტად იგივე ადამიანურ ფასეულობებს. ნიკას – ქართველი მოხალისე ჯარისკაცის სახეც რეალური ცხოვრებიდანაა აღებული: აფხაზეთში ძალიან ბევრი ტალანტიური და ცნობილი ქართველი მსახიობები და მხატვრები წავიდნენ საომრად და… დასაღუპად. რაც შეეხება დაქირავებულ მებრძოლ აჰმედს, მისი ხასიათი მე თვითონ ხელოვნურად შევქმენი, რაც ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო: აჰმედის ტრანსფორმაციის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ შეიძლება ცივსისხლიან მკვლელში ადამიანურმა გრძნობებმა გაიღვიძოს, ადამიანური ფასეულობები გაიზიაროს.
«The Desert Sun»: ივო თავისი ადამიანურობით სანიმუშო პერსონაჟია, მაგრამ მას დიდი „შრომა“ უხდება ორი „მტრის“ შესარიგებლად. ეს თქვენი ფილმისათვის ცენტრალური თემაა…
ზაზა ურუშაძე: დიახ, თქვენ სწორად შენიშნეთ. ივომ თავისი ადამიანურობა ერთადერთი ღვიძლი შვილის დაღუპვის შემდეგაც შეინარჩუნა და სტაბილურ ხასიათს ამჟღვანებს რთულ სიტუაციებშიც. მას შენდობა და მიტევება შეუძლია, სიყვარული შეუძლია. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იგი მტრებს ერთმანეთს აჩვევს, ერთმანეთთან აახლოებს და აგრძნობინებს, რომ ისინი ირგვლივ მყოფი ადამიანებისაგან არ განსხვავდებიან. ნიკა და აჰმედიც ხვდებიან, რომ იყო ადამიანი ეს ნიშნავს, რომ მიუტევო. განსაკუთრებით ეს ჩანს იმ კადრში, როცა აჰმედი გრძნობს, რომ ნიკას მოკვლა აღარ შეუძლია.
«The Desert Sun»: ქართული ფილმები განსაკუთრებული „ქართული იუმორით“ გამოირჩევიან. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენს ფილმშიც არის იუმორი?
ზაზა ურუშაძე: „მანდარინები“ ძალიან სერიოზული ფილმია ძალიან სერიოზულ თემაზე. ამის მიუხედავად, არის მომენტები, რომლებიც მაყურებლისთვის სასაცილოა. იუმორი არა მხოლოდ ქართული ფილმებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ საერთოდ, ქართველებისთვის… ქართველი უაღესად რთულ სიტუაციაშიც კი არ კარგავს იუმორის გრძნობას.
«The Desert Sun»:თქვენ თუ შეიცვალეთ ამ ფილმის გადაღების დროს?
ზაზა ურუშაძე: „მადარინებმა“ ჩემზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე სხვა წინა ფილმებმა. იმდენად ვღელავ, რომ ახალი სცენარის დაწერაც კი მიჭირს…