«Lenta.ru» (რუსეთი): თავდასხმა თავდაცვის მიზნით: მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება უკრაინის დახმარებით სურს
«Trend» (აზერბაიჯანი): „საქართველომ აზერბაიჯანს, ფაქტიურად, უღალატა. თუ საქართველო დაინგრევა, მისი ტერიტორიის ნაწილი თურქეთს და აზერბაიჯანსაც შეიძლება შეხვდეს“
«Радио Голос Ирана – русская служба» (ირანი): სირიელი გენერალი ვალიდ აბაზა: „საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბაზები არსებობს“
«Handelsblatt» (გერმანია): ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „საზღვრები უკვე საქართველოსთან ომისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაირღვა“
———————–
«Lenta.ru» (რუსეთი), 7 მარტი, 2015 წელი
http://lenta.ru/articles/2015/03/06/saakashvili/
თავდასხმა თავდაცვის მიზნით: მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება უკრაინის დახმარებით სურს
მიხეილ ვიგნანსკი
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც სამშობლოში ჩადენილი დანაშაულობათა გამო 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, კარგად იცის, რომ ყველაზე კარგ თავდაცვას თავდასხმა წარმოადგენს. მიიღო რა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მანდატი, იგი ძალიან გააქტიურდა. ამას წინათ განაცხადა, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს ხვდება და უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას ცდილობს.
ყოფილი პრეზიდენტისათვის უკრაინა ის ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური ფერფლიდან მკვდრეთით აღდგენა შეიძლება. გინდაც სამშობლოს გარეთ, მაგრამ მაინც, რადგან მისთვის უმოქმედობა, პრინციპში, სიკვდილის გამომწვევია. დღეს იგი ისევ ჩანს უკრაინის, ამერიკის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ტელეეთერში: აანალიზებს, პროგნოზს აკეთებს, რჩევებს იძლევა… ტელევიზია მისთვის სიცოცხლის გარემოა. მნიშვნელობა არ აქვს, რაზე საუბრობ, მთავარია ილაპარაკო, ილაპარაკო და ისევ ილაპარაკო… „აი, აქ ვარ, მაგრამ ვერ დამეწევით, ვერ დამიჭერთ, მე ისევ ცხენზე ვარ ამხედრებული“, – ნიშნისმოგებით იძახის…
და თბილისმა თუნდაც ცოფები ჰყაროს, თუნდაც გაღიზიანდეს, თუნდაც იგი ტყუილში გამოიჭიროს, ექს-პრეზიდენტი ტელეეთერში მაინც წარბშეუხრელად ჰყვება, მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, ეკლესიაში დავდიოდი და საბჭოთა მილიცია დასაჭერად დამდევდაო, შემდეგ კი ირკვევა, რომ იმ წლებში მიშა დაბადებულიც კი არ იყო. მისთვის ხომ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნა ცხოვრების დევიზია…
დღეს აშკარად იკვეთება „მედლის მეორე მხარე“: სანამ მიხეილ სააკაშვილი იმ პოლიტიკური დავიწყებიდან გამოდის, სადაც იგი „ქართულმა ოცნებამ“ გაგზავნა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მის გამო კიევი და თბილისი ურთიერთობას მსხვერპლად სწირავენ. ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია იმ ფონზე, როცა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტი ახლოვდება, რომელზეც საქართველო და უკრაინამ, ევროკავშირთან ინტეგრაციის გამო, ქება-დიდება უნდა დაიმსახურონ. დიახ, არასასიამოვნოა, მაგრამ რეალობაა. მტკიცე დუეტი ვერ შედგება: საქართველო იტყუება, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნით, პრინციპში, ისეთი არაფერი განსაკუთრებული მომხდარაო.
მაგრამ რატომაა ქართული საზოგადოება გაღიზიანებული? რატომ იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისში არსებული უკრაინის საელჩოს წინ საპროტესტო აქციები? რატომ აქყობს აქცია „პატრიოტთა კავშირი“, რომლის ლიდერს ირმა ინაშვილს უკვე ფრანგ რადიკალ მარი ლი პენს ადარებენ? „ქართველი პატრიოტები“ ქართველ დიპლომატებს სიმბოლურად აფრთხილებენ, რომ ისინი კიევის გამოწვევებზე არასაკმარის რეაგირებას ახდენენ, ანუ უკრაინის ელჩის სამინისტროში გამოძახება და ახსნა-განმართების მოთხოვნა საკმარისი არ არის შექმნილ ვითარებაში. უკრაინის საელჩოს წინ მიტინგს მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული მისია“ ლოზუნგით: „მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოსთვის ავთვისებიანი სიმსივნე გახდა, ნუ მისცემთ მას უფლებას უკრაინის ორგანიზმშიც განვითარდეს“.
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიევის „მაიდნის“ წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ უნდა დასწრებოდა, არ უნდა მიეღო მასში მონაწილეობა, რადგანა „უკრაინა საქართველოს მიმართ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან არამეგობრულ პოლიტიკას ატარებს. როდესაც შენს ქვეყანას ასეთ სილას აწნავენ და ასეთ უთავმოყვარეობას იჩენ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა, ამ დროს ნამდვილად არ ვართ პატივისცემის ღირსი და ამიტომაც არ გვცემენ პატივს“. ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ უკრაინამ ქართველი ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს, იმ ხალხისა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება 2012 წელს სანაგვეზე მოისროლა“.
და ქართული საზოგადოების მიერ გამოხატული ასეთი ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, უკრაინის პროკურატურამ ქართველ კოლეგებს მაინც უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და მისი სამშობლოში ექსტრადირების თხოვნაზე… კიდევ უფრო მეტი – საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც ინტერპოლი „ეძებს“, დღისით-მზისით კიევში უკრაინის პროკურატურაში ზის და სხდომებში მონაწილეობს, რეფორმების გატარების მიზნით…
ცნობილი ქართველი იურისტი პაატა ცნობილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურა სულ მალე მიხეილ სააკაშვილს ახალ ბრალდებებს წაუყენებს, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ რეზონანსულ საქმეებთანაა დაკავშირებული, მაგალითად, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან… იგივე თავალსაზრისი აქვს ვიცე-პრემიერ კახა კალაძესაც: „მიხეილ სააკაშვილი პირდაპირაა დაკავშირებული 9-წლიან კრიმინალურ რეჟიმთან“.
უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა უკრაინის საშინაო საკითხია და რომ მის დანიშვნაში მთავარი როლი შეასრულა მისმა გამოცდილებამ რეფორმების განხორციელების სფეროში, მისმა უნარმა და ცოდნამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში და ა.შ. „უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, – ამბობს ელჩი.
„მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადაწყვეტილებების მიღების დროს თავისუფალი არ არის, – ასეთ კომენტარს უკეთებს შექმნილ ვითარებას ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე, – დღეისათვის უკრაინის მოკავშირეები დასავლეთის პოლიტიკური წრეები არიან, რომლებისთვისაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი რეფორმატორების განსახიერებაა, ამიტომაც მათი დანიშვნა კიევში მაღალ თანამდებობებზე ობიექტური რეალობაა. საჭიროა უკრაინისთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? საჭიროა. „ნაციონალი“ ჩინოვნიკები ძალიან წარმატებით „ყიდდნენ“ თავიანთ თავს ისეთ ადამიანებად, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში კორუფცია „ამოძირკვეს“. თუმცაღა ცოტამ თუ იცის მსოფლიოში, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ელიტარული კორუფცია ყვაოდა და აღმავალი გზით მიდიოდა“.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ივლიანე ხაინდრავას თქმით, ექს-პრტეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი რამ წარმატებით განახორციელა, ვთქვათ, ადმინისტრაციული რეფორმა, სახელმწიფო სამსახურის ეფექტიანობის გაზრდა, პოზიტიური ცვლილებები მოხდა ფისკალურ სფეროში, აღმოიფხვრა კორუფცია დაბალ დონეზე, შემცირდა დანაშაულის რაოდენობა… „მაგრამ პრაქტიკულად ყველა ამ მიღწევას მეორე მხარევ ჰქონდა: მოხდა მმართველი პარტიის სრული შერწყმა სახელმწიფოსთან და საბიუჯეტო დაწესებულებების სრული პოლიტიზება, უხეშად ირღვეოდა მესაკუთრეთა უფლებები, კორუფციამ სისტემური ხასიათი მიიღო… განსაკუთრებით ცუდად იყო საქმე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში, ირღვეოდა კანონისა და სამართლის უზენაესობა. საბოლოო ჯამში პროექტმა „მოდერნიზაცია დემოკრატიის გარეშე“ საქართველოში თავისი თავი ამოწურა, დიდი შესაძლებლობები არარაციონალურად იქნა გამოყენებული. საქართველოში იმ ცხრაწლიანი მმართველობის დროს არანაირი მდგრადი ეკონომიკა არ განვითარებულა და არც მდგრადი დემოკრატია არ დამყარებულა“, – ასკვნის ივლიანე ხაინდრავა.
«Trend» (აზერბაიჯანი), 5 მარტი, 2015 წელი
http://www.trend.az/azerbaijan/politics/2370951.html
http://www.trend.az/azerbaijan/politics/2371214.html
„საქართველომ აზერბაიჯანს, ფაქტიურად, უღალატა. თუ საქართველოს სახელმწიფო დაინგრევა, მისი ტერიტორიის ნაწილი თურქეთს და აზერბაიჯანსაც შეიძლება შეხვდეს“
ბაქოში, საინფორმაციო სააგენტო «Trend»-ის ოფისში პრეს-კონფერენცია გამართა პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა, აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ. იგი ჟურნალისტებს მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკის, უკრაინის კრიზისის, კავკასიის პრობლემების შესახებ ესაუბრა და ტრადიციულად, საქართველოც არ დაივიწყა.
მუბარიზ აჰმედოღლუმ კომენტარი გაუკეთა თბილისში რუსული სამხედრო ავტომანქანების გამოჩენასთან დაკავშირებულ ამბებს და განაცხადა, რომ ეს ავტომანქანები საქართველოს გავლით სომხეთში შევიდნენ. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი რომელიღაც ბიზნესმენის პირად ინიციატივად წარმოაჩინა, თითქოსდა მას ეს ავტომანქანები ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილში შეუძენია და სათადარიგო ნაწილებად დაშლა და გაყიდვა აქვს მიზნადო.
მუბარიზ აჰმედოღლუ: „საქართველო თავის დამოუკიდებლობას კარგავს. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფმა გუნდმა თავისი მოქმედებით რუსეთს შესაძლებლობა გაუფართოვა, რომ მოსკოვმა თბილისის პოლიტიკაზე მეტი გავლენა მოახდინოს. პირველად 2008 წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ სახმელეთო გზით შევიდა და შესაძლებელია მომავალშიც ასე განმეორდეს, ტრანზიტის სახით. რუსეთის სამხედრო ტექნიკის შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორი განზრახვაც არ უნდა იყოს, მაინც ძალიან სარისკოა. სულ ცოტა, მოსახლეობას ამ მოვლენაზე მშვიდი რეაგირება არ ექნება…
„საქართველოს შს სამინისტროს განცხადება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ამ უწყების განმარტება გამოგონილია, რადგან საქართველოს მოქალაქეებს დადგენილ თანხაზე მეტად რუსეთის ტერიტორიაზე ხახვის ყიდვაც კი არ შეუძლიათ: ამის ნებას არ იძლევა კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“’. საქართველოს მოქალაქის მიერ სამხედრო ტექნიკის შესყიდვა, მისი სახეობისა თუ ექსპლოატაციის ვადების მიუხედავად, აკრძალულია. რუსული სამხედრო მანქანები საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით შევიდნენ. ამ სამინისტროს ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. მოკლედ, ავტომანქანების შესვლას უფრო მეტად პოლიტიკური შეფერილობა აქვს, ვიდრე კორუფციული ან ბიზნესური…
აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების პრობლემებმა თავის სახე ბოლო დროს კუმულიატიური ფორმით გამოავლინა. საქართველოს რეალურად არასდროს არ დაუჭერია მხარი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისათვის. მხარდაჭერის ერთადერთი ფორმა მხოლოდ რიტორიკულია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის თბილისში ვიზიტის დროს მისმა ქართველმა კოლეგამ თამარ ბერუჩაშვილმა იგივე რიტორიკა გააგრძელა. საქართველოს პარლამენტის სპიკერის განცხადებები რეგიონული კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, რომელიც მან სომხეთში ვიზიტის დროს გააკეთა, სომხებს ძალიან მოეწონათ… უფრო მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ უარი თქვა სომხებისადმი რიტორიკულ მხარდაჭერაზე და მათ უკვე რეალურ დახმარებას უწევს. ნორმალური ლოგიკის თანახმად, საქართველოს არანაირი სამეცნიერო, პოლიტოლოგიური და ეკონომიკური საფუძველი არ აქვს ბალანსი დაარღვიოს აზერბაიჯანის საზიანოდ და სომხეთის სასარგებლოდ. თუ საქართველო ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხში, ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: სისაძაგლე. იმიტომ, რომ ამით საქართველო იმ ტოტს ჭრის, რომელზე თვითონ ზის. ზოგადად, საქართველოს ხელმძღვანელობის ასეთი ქცევა საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანის ნავთობ-გაზსადენებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. რუსეთი უკვე ფიქრობს, რომ საქართველოს ყველანაირი დასავლური პროექტი შეაჩეროს. ამ შემთხვევაში არჩევანი საქართველოს კი არ აქვს, არამედ რუსეთს. მხოლოდ რუსეთი განსაზღვრავს, შეაჩეროს თუ არა საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის მუშაობა ან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი…
ყველა შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა მიმართულია საკუთარი პირადი პოლიტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოებრიობას სერიოზულად ემუქრება. ცხადია, ეს ესმის ქვეყნის ხელმძღვანელებს. მათი აზრით, საქართველოს [ტერიტორიას] ერთმანეთში სომხეთი და რუსეთი გაიყოფენ. თეორიული თვალსაზრისით, თუ საქართველოს სახელმწიფო დაინგრევა, მისი ტერიტორიის ნაწილი თურქეთს და აზერბაიჯანსაც შეიძლება შეხვდეს. რუსეთის გააქტიურობის ნიშნები საქართველოში გასული წლის ბოლოს გამოჩნდა, როცა საქართველოს მოქალაქემ ფოთის პორტის აქციების 49% რუსულ „როსნეფტს“ მიჰყიდა. იგივე მოქალაქე მიჰყიდის რუსეთს დანარჩენ ორ პროცენტსაც…
შესაძლოა აქციების ფასი გაიზარდოს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა [ამ შემთხვევაში] არ დაეთანხმა „ოკუპირებული ტერიტორიების“ კანონის გამოყენებას. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა შეიძლება სოფისტურად დაასაბუთონ, რომ სომხეთიდან წასული ავტომანქანები საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის არავითარ საფრთხეს არ ქმნიან, მაგრამ სინამდვილეში თბილისმა ყველაზე მეტად საკუთარ თავს შექუმნა საფრთხე. ეს როგორც სამხედრო, ისე გეოპოლიტიკური საფრთხეა. რუსეთმა თავისი სამხედრო ტექნიკა სომხეთში გაგზავნა საქართველოს გავლით იმ დროს, როცა ხელი უნდა მოაწეროს სამოკავშირეო სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთთან. ამით რუსეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობა დამორჩილებული ჰყავს.
თავის დროზე ერთ-ერთმა რუსმა ექსპერტმა მასმედიაში საქართველოს ნაწილების ოკუპირებისა და მათი სომხეთ-რუსეთისადმი მიერთების გეგმა გამოაქვეყნა, ახლა ამ გეგმის რეალიზებისათვის სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტმა ირიბად დაადასტურა თავისი თანხმობა ამ გეგმისადმი – სომხეთის რუსეთთან შეერთება საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების ხარჯზე“.
«Радио Голос Ирана – русская служба» (ირანი), 6 მარტი, 2015 წელი
სირიელი გენერალი ვალიდ აბაზა: „საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ბაზები არსებობს
სირიის არაბთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა გენერალმა ვალიდ აბაზამ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ („ელის“) სამხედრო ბაზები არსებობს.
სირიის არმიის გენერლის თქმით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ საბრძოლო მომზადებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საწრთვნელ ბანაკში გადიან, რომელიც საქართველოში, პანკისის ხეობაში მდებარეობს და ოფიციალური თბილისის სრული მხარდაჭერით სარგებლობს. როგორც გენერალმა ვალიდ აბაზამ აღნიშნა, საქართველოში საბრძოლო გამოცდილების მქონე ჩეჩენი ბოევიკების წახალისებაც ხდება, მათ დახმარებას უწევენ, რათა ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მიუერთდნენ.
ვალიდ აბაზამ ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როცა სირიის სამთავრობო ძალებზე „ბოევიკთა“ თავდასხმის დროს „ელის“-ის ერთ-ერთი მეთაური, აზერბაიჯანელი დაქირავებული როვშან ბადალოვი დაიღუპა. გენერლის თქმით, ბადალოვმა საბრძოლო წრთვნების კურსი სწორედ პანკისის ხეობაში გაიარა.
«Handelsblatt» (გერმანია), 6 მარტი, 2015 წელი
http://inosmi.ru/world/20150306/226688038.html
http://www.handelsblatt.com/my/politik/international/
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: საზღვრები უკვე საქართველოსთან ომისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაირღვა
„ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ინტერვიუს დროს კითხვაზე პასუხის გაცემას არ ჩქარობს. ზოგჯერ 30 წამი გადის, სანამ იგი რაიმეს იტყვის. შთაბეჭდილება ისეთია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ნათქვამზე პასუხისმგებლობის ტვირთს გრძნობს. იგი გულდასმით არჩევს სათქმელ სიტყვებს. დღეს მსოფლიო, ისე როგორც არასდროს, ყურადღებას აქცევს, თუ რას ამბობს გერმანია”, – ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში.
- დაუშვა თუ არა შეცდომა დასავლეთმა და, კერძოდ, გერმანიამ უკრაინასთან ინტეგრირების პროცესში?
- ბევრი რამ მოხდა 15 წლის წინათ ვლადიმერ პუტინის ბუნდესტაგში გამოსვლიდან, როცა მან დასავლეთს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე პოლიტიკური სივრცისა და თავისუფალი ზონის შექმნის შესახებ მოუწოდა. თუმცა ჩვენს შორის მუდმივად მზარდი გაუცხოება უკრაინის კრიზისის მომენტიდან არ დაწყებულა. [საერთაშორისო დონეზე აღიარებული] საზღვრები უკვე საქართველოსთან ომისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებების შედეგად დაირღვა.
ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკება არ იყო იმ დონის შეხვედრა, რომლის დახმარებითაც შეიძლებოდა ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემების მოგვარება. ჩემი როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინის კონფლიქტის განმუხტვას და მისი ეკონომიკურ სტაბილიზებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, მოსკოვიც დაინტერესებული უნდა იყოს უკრაინის სტაბილიზაციაში. სხვათა შორის, ამაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან.