«The Washington Post» (აშშ): ქართველებმა, „გაზპრომ“-თან მოლაპარაკების პროტესტის მნიშნად, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს
«Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოში „სიყვარულის“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
«Expressen» (შვედეთი): შვედი მწერალი საქართველოში: „მე რწმენა დავკარგე დასავლეთ ევროპის მიმართ“
«Iran Russian Radio» (ირანი): აზერბაიჯანი რუსეთისაგან იარაღს ყიდულობს // თუ თურქეთი აზერბაიჯანს დაეხმარება, საქართველო კი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, მაშინ…
«Новое время» (სომხეთი): მუსულმანურ-ქრისტიანული კონფლიქტი ჯავახკში // სომხებით დასახლებულ რეგიონში მართლმადიდებელი ქართველებისა და მათი მუსულმანი თანამემამულეების შეტაკება მოხდა
«The New York Times» (აშშ): „ნაზკანიანი“ პრეზიდენტი ერდოღანი
—————–
«The Washington Post» (აშშ), 07 მარტი, 2016 წელი
ქართველებმა, „გაზპრომ“-თან მოლაპარაკების პროტესტის მნიშნად, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს
გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ახალი ამბების სააგენტო „ესოშეითედ პრესის“ ინფორმაცია თბილისში რუსული კომპანია „გაზპრომ“-თან კონტაქტების წინააღმდეგ გამართული აქციის თაობაზე (ავტორი – მიხეილ ჯინჯიხაშვილი).
„კვირას ათასობით ქართველმა შვიდკილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა – მათ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ საქართველოს კონტაქტები გააპროტესტეს“, – აღნიშნულია მასალაში, – „ დემონსტრანტებმა, რომლებიც მთავარი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ, განაცხადეს, რომ „გაზპრომ“-თან ურთიერთობა საქართველოს – ყოფილ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას მოსკოვზე დამოკიდებულს გახდის“.
მთავრობამ წინა დღეს, პარასკევს, განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და შესაბამისად, ბაქო მთლიანად უზრუნველყოფს თბილისის მოთხოვნას დამატებით გაზთან დაკავშირებით. არადა, უფრო ადრე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „გაზპრომ“-თან მოლაპარაკებას იმით ამართლებდა, რომ ვითომდა აზერბაიჯანს ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს, რომ საქართველოს გაზის დამატებითი რაოდენობა მიაწოდოსო.
„საქართველოს ხელისუფლება ჩვენს მოტყუებას ცდილოდა და გვეუბნებოდა, რომ ტექნიკურად შეუძლებელია აზერბაიჯანიდან გაზის მიღება“, – აღნიშნა ოპოზიციის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა დავით ბაქრაძემ, – „მაგრამ მათი მცდელობა მარცხით დასრულდა – ხალხმა მათ არ დაუჯერა და მოითხოვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მისაღებად. ჩვენ არ მივცემთ იმის ნებას საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქვეყანა რუსეთს დაუქვემდებაროს“.
მასალაში გადმოცემულია აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით – საუბარია სატრანზიტო მილსადენზე, საიდანაც საქართველო რუსული „გაზპრომისაგან“ გაზის გარკვეულ რაოდენობას იღებს, აგრეთვე აზერბაიჯანულ „სოკართან“, რომელიც საქართველოსთვის გაზის ძირითადი მიმწოდებელია.
——–
იგივე თემაზე ინფორმაციები გაავრცელეს აგრეთვე ფრანგულმა და გერმანულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, მაგალითად, „ფრანსპრესმა“, რადიო „დოიჩე ველემ“ და სხვებმა. „თბილისში მოსახლეობა „გაზპრომ“-თან საქართველოს მოლაპარაკებას აპროტესტებს“, – ასეთი სათაური აქვს რადიო „დოიჩე ველეს“ მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას. „ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ საქართველომ აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების სფეროში თანამშრომლობა გააფართოვოს“. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, „ნაციონალებთან ერთად, აქციაში ამ პარტიის მხარდამჭერები – ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ აქტივისტებიც მონაწილეობდნენ. დემონსტრანტებს ხელში უკრაინის დროშებიც ეჭირათ, მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა“. წყარო: http://www.dw.com/ru/a-19097860
«Radio France Internationale» (საფრანგეთი), 05 მარტი, 2016 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20160305-v-gruzii-vozbudili-ugolovnoe-delo-za-lyubov
საქართველოში „სიყვარულის“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ ეთერში გადაცემული მასალის – საქართველო ამბების ყოველვირეული მიმოხილვის მთავარი თემები: ა) პორნოგრაფიულია თუ არა ფრანგი რეჟისორის გასპარ ნოეს ფილმი „სიყვარული“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით? ბ) მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არსებული დაპირისპირების შესახებ (ავტორი – გიორგი ლებანიძე).
ვინც „სიყვარულს“ საჯაროდ აჩვენებს, დაისჯება
გასულ კვირას, პარასკევს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ფრანგი რეჟისორის გასპარ ნოეს მიერ გადაღებული გახმაურებული ფილმის „სიყვარულის“ ჩვენების გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის თანახმად („პორნოგრაფიული ხასიათის მასალების შექმნა და გავრცელება“, ისჯება 2 წლით თავისუფლების აღკვეთით). ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამინისტრომ ქვეყნის საუკეთესო ექსპერტები მიიწვია (მათი ვინაობა დასახელებული არ არის), რომლებმაც დაადგინეს, რომ „სიყვარული“ პორნოგრაფიულ ფილმს წარმოადგენს. ამიტომაც შს სამინისტრო აფრთხილებს კინოთეატრების მფლობელებს, საკაბელო ქსელებსა და და ინტერნეტ-პროვაიდერებს, რომ ამ ფილმის ჩვენების გამო ისინი პასუხგებაში იქნებიან მიცემულნი. ერთადერთი გამონაკლისი საკაბელო ტელევიზიებზეა დაშვებული, თუმცა ფილმის ჩვენება იქაც შეზღუდვით, კოდირებული სახით არის დაშვებული.
ქართველი სამართალდამცველების პოზიციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჯერ ერთი, რომ რადგანაც „სიყვარულის“ კინომსახიობები და მათ მიერ განსახიერებული პერსონაჟები ყველა ზრდასრული ასაკის ადამიანია, ისე გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს ბრალი წაუყენოს ფილმის რეჟისორს და მათ, ვინც ამ ფილმს გაავრცელებს. აბსურდული სიტუაცია იქმნება: „სიყვარული“ გასულ წელს კანისა და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს და მაშინ არავითარი კითხვები არ გაჩენილა. გარდა ამისა, გაუგებარია, კონკრეტულად რომელი ექსპერტების მონაწილეობდნენ ფილმის „პორნოგრაფიულად“ შეფასებაში. ნუთუ ის ექსპერტები უფრო კომპეტენტურები არიან, ვიდრე კანის კინოფესტივალის საორგანიზაციო საბჭოს წევრები?
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მომხდარი ფაქტი „სიტყვის თავისუფლებისა და თვითგამოხატვის“ შეზღუდვად მიიჩნიეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კანონმდებლობიდან ამოღებულ იქნეს ის დებულება, რომელიც მორალურად საეჭვო მასალების გავრცელებას ზღუდავს. რაც შეეხება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას, მას ჯერ თავისი აზრი არ გამოუთქვამს, თუმცა ცნობილია, რომ უმაღლესმა სასულიერი პირები ჯერ კიდევ ბათუმის კინოფესტივალის დროს იყვნენ ამ ფილმის ჩვენების წინააღმდეგნი. უფრო მეტი – მათ მხარი სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს.
მმართველი კოალიცია: დაშლა თუ ერთიანობა?
გასულ კვირაში მმართველ კოალიცია „ქართულ-ოცნებაში“ მიმდინარე დაპირისპირებამ მოულოდნელი განვითარება ჰპოვა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მკაცრად გააფრთხილა თავდაცვის მინისტრი, „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელი (იგი კავკასიაში პირველი ქალი-მინისტრია, რომელიც სამხედრო უწყებას ხელმძღვანელობს), რომ თუ იგი არ შეწყვეტდა პოლემიკას „მრეწველთა“ პარტიის ლიდერთან, პარლამენტის წევრ გოგი თოფაძესთან, პრემიერი „გადამწყვეტ ზომებს მიიღებს მთავრობის სტაბილური მუშაობისათვის“. არსებითად, ეს იყო მუქარა, რომ თავდაცვის მინისტრი თავის პოსტს დატოვებდა.
გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც არამარტო მთავრობის მეთაურია, არამედ კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელიც, განცხადებაში აღნიშნა, რომ ორივე პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც კოალიციის წევრები არიან, ერთმანეთს საჯაროდ არ უნდა დაუპირისპირდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობა, იოსებ სტალინის როლი და ა.შ.
გოგი თოფაძე და მისი პარტია საქართველოში „პრორუსულ ძალად“ მიიჩნევა, ხოლო „რესპუბლიკელები“ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერები არიან. გარდა პოლიტიკური ორიენტაიისა, თინა ხიდაშელის და მისი თანაპარტიელების აღშფოთება გოგი თოფაძის იმ განცხადებამაც გამოიწვია, რომლის მიხედვით, იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი გენიოსი იყო და რომ ქართველები „ხალხთა ბელადით“ უნდა ამაყობდნენ. „რესპუბლიკელებისათვის“, რომელთააგან ბევრი საბჭოთა პერიოდის დისიდენტები იყვნენ და საპყრობილეები აქვთ გამოვლილი, ასეთი შეფასებები მიუღებელი აღმოჩნდა. პრემიერი მათ დაეთანხმა იმაში, რომ „ოცნებისათვის“ სტალინისტური იდეები მიუღებელია, მაგრამ მან ისიც განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ დისკუსიაში არ უნდა ჩაებას, რადგან ეს „არმიის პოლიტიზებას“ გამოიწვევს.
გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადების შემდეგ „რესპუბლიკელებმა“ მასთან შეხვედრა მოითხოვეს. შეხვედრა შედგა, მაგრამ რაზე ისაუბრეს, ჯერ-ჯერობით საიდუმლოებითაა მოცული. მხარეებმა საკმაოდ ბუნდოვანი განცხადებები გააკეთეს. ამასთან, არცერთს არ უარყვია ის ხმები, რომ შესაძლოა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება და „რესპუბლიკური პარტია“ ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას. ფაქტიურად, ეს მმართველი კოალიციის დაშლას ნიშნავს.
„ქართული ოცნებისათვის“ ძალიან ძნელია დაეთანხმოს „რესპუბლიკელთა“ სურვილს და კოალიციიდან „მრეწველთა პარტია“ გარიცხოს. გოგი თოფაძე საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია და იგი ბიზნესწრეებში პატივისცემით სარგებლობს. გარდა ამისა, გოგი თოფაძე მმართველი კოალიციის დამაარსებლისა და მისი ფაქტიური ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობრად ითვლება. შეიძლება ითქვას, რომ პრემიერი გიორგი კვირკაშვილი „ორ ცეცხლშუა“ აღმოჩნდა. საკმარისია ითქვას, რომ მმართველ კოალიციაში „რესპუბლიკელების“ ყოფნა ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას განასახიერებს და არ აძლევს ოპოზიციას (მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაცმოძრაობას“) იმის თქმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნება“ „პროდასავლური“ კი არა, არამედ „პრორუსული“ ძალააო.
მმართველი კოალიციის ერთიანობასა თუ დაშლაზე პრინციპული გადაწყვეტილება უახლოეს ხანში უნდა იქნეს მიღებული, რადგან ოფიციალურად ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა დაიწყოს.
«Expressen» (შვედეთი), 06 მარტი, 2016 წელი
http://www.expressen.se/kultur/toppnyheter-/jag-har-tappat-min-tro-pa-vasteuropa/
შვედი მწერალი საქართველოში: „მე რწმენა დავკარგე დასავლეთ ევროპის მიმართ“
(თავისუფალი თარგმანი)
სტატიის ავტორი, ცნობილი შვედი მწერალი და ჟურნალისტი თომას ენგსტრემი, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, წერს იმაზე, თუ რატომ არის იმედგაცრუებული ევროპით (ევროკავშირის პოლიტიკით) და რატომ ცხოვრობს საქართველოში: იგი დარწმუნდა, რომ ევროკავშირმა, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა ერთად ცხოვრებით ბევრი ეროვნული ფასეულობები დაკარგეს. „მე კარგად მესმის ბრიტანული კონსერვატორებისა, რომლებთაც ევროკავშირის დატოვება სურთ“, – აღნიშნავს ავტორი.
ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს პოლიტიკური რეალობა: „აქაური „კონსერვატიზმი“ ბევრისთვის ანტიდასავლურობას ნიშნავს, ანუ „პრორუსულობას“, საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიას. ასეთები ცოტანი არიან. არიან ხელისუფლებაში მყოფი ევროპაზე და აშშ-ზე ორიენტირებული პარტიები: პირველი ჯგუფის კურსი ევროკავშირისკენაა მიმართული, მეორისა კი ნატოში გაწევრიანებაზე. ისინი ორივე საკუტარ თავს ლიბერალებს უწოდებენ. როცა ჩემს თარჯიმან დავითთან ვამბობ, რომ საქართველო ევროკავშირშისაკენ ლტოლვით თავის თვითმყოფადობას დაკარგავს-მეთქი, იგი მეუბნება, რომ ხმამაღლა არ თქვა, თორემ რუსეთუმის იარლიყს მოგაწებებენო“.
ავტორის დაკვირვებით, საქართველოშ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან ღარიბულად ცხოვრობს: „ექიმი თვეში 400 ლარს ღებულობს, რაც თითქმის 1500 შვედური კრონის ტოლფასია. ავტომობილის ხელით რეცხვა მხოლოდ 25 კრონი ღირს. იგივეა ტაქსით მგზავრობისას. მე, რომელსაც დასავლური დონის შემოსავლები მაქვს, შემიძლია მათ ზედმეტი გადავუხადო, მაგრამ ამით სიტუაციას მაინც ვერ შევცვლი. ქართველები ერთდროულად რამდენიმე ადგილზე მუშაობენ. ბოლო 20 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ხელფასების მატებას არაფერი ეშველა. მაღალია ინფლაცია და უმუშევრობის დონე“.
საქართველომ თავის ისტორიაში გმირულად გადაიტანა სპარსელების, ოსმალების და რუსების თავდასხმები. ქართველები ახლაც თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იცავენ, თუმცა ეს ბრძოლა ჯერ-ჯერობით არაერთგვაროვანი და უსისტემოა. ავტორის აღიარებით, მისთვის ძალიან მტკივნეულია, როცა ხედავს, თუ როგორ აქვს ევროკავშირის იმედი ქართველს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდებაო (გაწევრიანების არავის სჯერა, მაგრამ ინტეგრირების პროცესის იმედი არის). „მეშინია, რომ ქართველებმა ევროპისაკენ ლტოლვით შეიძლება სოციალური კეთილდღეობა გაიუმჯობესონ, მაგრამ ვაითუ რაღაც მნიშვნელოვანი – თავისუფლება დაკარგონ. მჯერა, რომ ისინი თავიანთი შეცდომებისაგან გაკვეთილებს გამოიტანენ“, – წერს თომას ენგსტრემი.
«Iran Russian Radio» (ირანი), 07 მარტი, 2016 წელი
http://russian.irib.ir/analitika/stati/item/272445
აზერბაიჯანი რუსეთისაგან იარაღს ყიდულობს
თუ თურქეთი აზერბაიჯანს დაეხმარება, საქართველო კი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, მაშინ…
ირანის სახელმწიფო რადიოსადგურის რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს კომენტარს რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის შესახებ. „აზერბაიჯანი რუსეთს პროტესტს უცხადებს – რატომ აწვდის მოსკოვი ერევანს იარაღსო, მაგრამ როგორც რუსული წყაროების იტყობინებიან, თავის მხრივ, აზერბაიჯანმაც დიდი ხნის წინ მისცა რუსეთს შეკვეთა ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე. ამის დასადასტურებლად „ირანის ხმა“ იმოწმებს რუსულ გაზეთ „კომერსანტში“ დაბეჭდილ სტატიას ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინის ბაქოში ყოფნის შესახებ: „როგორც ცნობილი ხდება, ნავთობზე ფასების დაცემის გამო აზერბაიჯანს პრობლემები სეექმნა რუსეთისაგან 2011 წელს დადებული კონტრაქტით შესყიდული იარაღის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით“,- ნათქვამია სტატიაში.
ექსპერტები მიუთითებენ, რომ აზერბაიჯანისათვის რუსეთისაგან იარაღის შესყიდვას დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთთან ტერიტორიული დავის გადასაწყვეტად. ფაქტები მოწმობენ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ბიუჯეტი თითქმის ცამეტჯერ მეტია სომხეთის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით. მსოფლიო რეიტინგით, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიების ძლიერებაც შესაბამისია – 64-ე და 74-ე ადგილები.
ამასთან უნდა ითქვას, რომ ბოლო ათწლეულში აზერბაიჯანის არმიის გადაიარაღების პროცესს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ზოგჯერ მხარეებს შორის დაპირისპირება პერიოდულად მწვავდება ხოლმე. შესაბამისად, არის სამხედრო მოქმედებების განახლების საშიშროება.
რუსი ექსპერტების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ თუ ომი დაიწყება, სომხეთის არმია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების შეტევას ვერ გაუძლებს. ამ შემთხვევაში რუსეთისათვის საკმაოდ რთული იქნება სომხეთისადმი დახმარების გაწევა, რადგან რუსეთს მასთან საერთო საზღვარი არ აქვს. საქართველოს კი, რომელიც სომხეთს ესაზღვრება, შეუძლია რუსეთის არმიას სერიოზული დაბრკოლება შეუქმნას ერევნისადმი შესაძლო დახმარების გაწევის საკითხში. ასეთ სიტუაციაში რუსეთი მხოლოდ სამხედრო დარტყმებით შემოიფარგლება, კასპიის ზღვის სამხედრო ფლოტილიის მხარდაჭერით. თუმცა რთულია იმის განსაზღვრა – მოახდენს თუ არა ასეთი მხარდაჭერა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის სავარაუდო ომის მიმდინარეობაზე.
რუსი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ თურქეთი აზერბაიჯანს დაეხმარება, საქართველო კი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს, მაშინ ასეთ შემთხვევაში ბაქოს შეუძლია სულ რაღაც რამდენიმე დღეში ოკუპირებული ტერიტორიები უკან დაიბრუნოს. შესაბამისად, რუსეთს სურს აზერბაიჯანისაგან იმის გარანტია მიიღოს, რომ ბაქო ომის დაწყების ინიციატორი არ იქნება. სხვაგვარად ისე გამოვა, რომ აზერბაიჯანელები სომხეთის ხოცვას რუსული იარაღით დაიწყებენ. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, რომელიც იარაღით ერთდროულად სომხეთსაც ამარაგებს და აზერბაიჯანსაც, მუდმივად შეშფოთებულია სამხედრო მოქმედებების დაწყების საშიშროებით.
«Новое время» (სომხეთი), 7 მარტი, 2016 წელი
http://nv.am/politika/49211?task=view
მუსულმანურ-ქრისტიანული კონფლიქტი ჯავახკში
სომხებით დასახლებულ რეგიონში მართლმადიდებელი ქართველებისა და მათი მუსულმანი თანამემამულეების შეტაკება მოხდა
სტატიაში განხილულია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის რაიონში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება ქრისტიან და მუსულმანურ მოსახლეობას შორის (ავტორი – არმენ ერკანიანი).
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის ჩრდ.ნაწილში რელიგიურ ნიადაგზე ინციდენტები გარეშე ძალების ზემოქმედებით ხდება. მართალია, ჩვენი თანამემამულენი ამ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მომხდარი ამბავი მათაც ეხება: ანკარისა და ბაქოს ხელშეწყობით თურქეთის მოსაზღვრე საქართველოს რაიონებში მუსულმანური ფაქტორის გაძლიერება ხშირად ხელოვნურად მიმდინარეობს, რომლის გეოპოლიტიიკური შედეგები ძალიან სახიფათოა რეგიონისათვის.
ძირითადად ქართველებით დასახლებულმა ადიგენის რაიონმა „ცხელ წერტილად“ გადაქცევა ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როცა აქ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით აჭარიდან მეწყერით დაზარალებული მუსულმანები დაასახლეს. ვითარება გაურესდა ყაზახეთიდან რეპატრირებული „თურქი-მესხების“ რამდენიმე ოჯახის ჩასახლებით, რის გამოც ქართველებმა უკვე უკმაყოფილება გამოხატეს. ქართველთა შეშფოთება სრულად გაიზიარეს ადიგენის რაიონში მცხოვრებმა მცირერიცხოვანმა სომხებმაც. საფუძველი მათ შეშფოთებას მართლაც ჰქონდა: 1941-1943 წლებში, როცა თურქეთი სსრ კავშირში შესაჭრელად ემზადებოდა, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მუსულმანები ე.წ. „მეხუთე კოლონის“ როლს ასრულებდნენ. გარდა ამისა, საშიშია დემოგრაფიული ვითარების შეცვლის ტენდენციაც: ბოლო წლებში ადგენის რაიონში საშუალოდ ქრისტიანულ ოჯახში დაბადებულ ერთ ბავშვზე მუსულმანურ ოჯახში დაბადებული სამი ბავშვი მოდის“, – აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ადიგენის რაიონში რელიგიურ ნიადაგზე წინა წლებში მომხდარი მსგავსი ინციდენტები, რომლებიც მუსულმანთა გააქტიურების შედეგად ხდება, მათ კი ბაქოდან და ანკარიდან მფარველობენ (მაგალითად, 2013 წელს მუსულმანებმა სოფ.ჭალაში, ხელისუფლების ნებართვის გარეშე, მიტოვებული კულტურის სახლი მეჩეთად გადააკეთეს და მინარეთიც დააშენეს, რომლის შემდგომმა დემონტაჟმა არეულობა გამოიწვია). ამჟამინდელი დაძაბულობის მიზეზი კი სასაფლაოთი სარგებლობა გახდა: მუსულმანები ამბობდნენ, რომ ყურანი კრძალავს მუსულმანის დაკრძალვას ქრისტიანთან ერთადო და მიუხედავად იმისა, რომ წმინდა წიგნში ასეთი რამ ნახსენები არ არის, რელიგიის საქმეთა სამმართველომ მაინც გასცა ახალი სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის ნებართვა (მანამდე კი აქაურ მუსულმანებს თავიანთი გარდაცვლილები აჭარაში, საგვარეულო სასაფლაოზე მიჰყავდა ხოლმე). ქრისტიანებს არ მოეწონათ ასეთი სიტუაცია და გადაწყვეტილების რეალიზებას წინ აღუდგნენ. დაიწყო შეხლა-შემოხლა, შეტაკების დროს დაზარალებული სამი აჭარელი საავადმყოფოში მოათავსეს. საქმეში პოლიცია ჩაერია… რამდენიმე დღის განმავლობაში ადიგენი სპეცდანიშნულების ძალებით კონტროლდებოდა.
ყოველივე ამის შემდეგ თბილისში მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც [ევროსტრუქტურების რეკომენდაციით], მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობის აზრის გაუთვალისწინებლად იყო მიღებული, მცდარი აღმოჩნდა. ყველა მხარესთან კონსულტაციების შემდეგ ახალი [მუსულმანური] სასაფლაოს მოწყობის იდეაზე უარი თქვეს. არის ასეთი აზრიც, რომლის თანახმად, თითქოსდა ადიგენის მუნიციპალური ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო ცენტრალური ხელისუფლების ზედმეტი „ტოლერანტობით“ და კონფრონტაციას ხელოვნურად აქეზებდაო. ისე კი, თუ დავუფიქრდებით, ეს ინციდენტი ცენტრალური ხელისუფლებისათვის მომგებიანიც კი არის. როცა ასეთ კონფლიქტებს ირიბად ხელს უწყობს, ოფიციალური თბილისი ამით ევროსაბჭოს აჩვენებს, თუ რატომაა შეუძლებელი „თურქი-მესხების“ დაბრუნება რეგიონში, საიდანაც ისინი იოსებ სტალინის რეჟიმმა 1945 წელს გაასახლა.
პრაგმატულად მოაზროვნე თბილისელი პოლიტიკოსები აცნობიერებენ იმას, რომ თუ თურქეთის საზღვართან მცხოვრებ მუსულმანებს სასათბურე პირობებს შეუქმნიან, ამით ქართულ სახელმწიფოებრიობას „ქვეშ ნაღმს უდებენ“. გასაგებია, რომ სამცხე-ჯავახეთში ისლამურ ფაქტორის გაძლიერება მეზობელი თურქეთის გავლენის განმტკიცებასაც გამოიწვევს. ეს კი სახიფათო მოვლებეის განვითარების საფრთხეს ქმნის. ძალიან ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ შენიშნოს – სამცხე-ჯავახეთის ისლამიზაცია თურქეთისა და აზერბაიჯანის ინტერესებშია. ბაქო არ მალავს, რომ მას სურს ქართველი მუსულმანები ბაქოში არსებულ „კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს“ დაუქვემდებაროს. ეს აზერბაიჯანის პოლიტიკური ინტერესების გატარების ერთ-ერთი საშუალებაა. როგორც ცნობილია, „კავკასიის მუსულმანტა სამმართველოს“ – ამ ნახევრად სახელმწიფოებრივ სტრუქტურას ოდიოზური „რელიგიური ოლიგარქი“ ალაშუქიურ ფაშაზადე ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს „თავის მამულად მიიჩნევს“.
რაც შეეხება თურქეთს, რეჯებ ერდოღანის გეგმები „დიდი ოსმალეთის იმპერიის“ აღდგენის თაობაზე პირველ რიგში საზღვრისპირა აჭარისა და ჯავახეთს მოიცავს. მისი პროგრამის რეალიზების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს სწორედ ამ რეგიონების სრული ისლამიზება წარმოადგენს. ასე რომ, თბილისური ოფიციოზის ის ნაწილი, რომელიც მოსახლეობის რელიგიური გრძნობებისადმი პატივისცემას ქადაგებს, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ მათი ინიციატივის განხორციელება საბოლოო ჯამში საზღვრისპირა რეგიონზე კონტროლის დაკარგვას მოასწავებს. ჯავახკელ სომხებს ეს კარგად ესმით და ამიტომაც მზად არიან მხარი დაუჭირონ მართლმადიდებელ ქართველებს მათ სურვილში – თვითონ იყვნენ საკუთარი მიწის ბატონ-პატრონები“, – აღნიშნულია სტატიაში.
«The New York Times» (აშშ), 4 მარტი, 2016 წელი
„ნაზკანიანი“ პრეზიდენტი ერდოღანი
ქეროლ ჯაკომო, „ნიუ-იორკ თაიმსის“ სარედაქციო საბჭოს წევრი,
ჟურნალისტიკის პროფესორი პრინსპონის უნივერსიტეტში
(შემოკლებით)
ისევე როგორც სხვა ავტორიტარული ლიდერები, პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანიც ცდილობს თავის ხალხს აჩვენოს, თუ ვინაა სახლში ბატონ-პატრონი. იგი აგრძელებს ომს ქურთ სეპარატისტებთან, კრიტიკოსებს ციხეში ალპობს, აკონტროლებს მასმედიის დიდ ნაწილს, დააშინა სამხედროები და ამით ცდილობს დაარწმუნოს თურქი ხალხი, რომ მათი პრეზიდენტი შეუცვლელია.
სიმკაცრე, აგრესიული ქცევა, პომპეზურობა და გაბღენძილობა პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის დამახასიათებელი თვისებებია. თუმცა მას, როგორც ჩანს, სუსტი წერტილიც აქვს – იგი „თხელი, ნაზი კანის“ მქონეა და კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. ამის დადასტურებაა თითქმის ორი ათასი შემთხვევა, როცა პროკურორებმა თანამემამულე თურქების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყეს – თითქოსდა მათ პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს თავიანთი მოქმედებით. და ეს ხდება მხოლოდ 18 თვის განმავლობაში, რაც რეჯებ ერდოღანი პრეზიდენტად აირჩიეს.
კანონდამრღვევთა სიაში არიან კარიკატურისტები, ჟურნალისტები, მეცნიერები, ბავშვებიც კი. უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია: ამას წინათ თურქეთში ქმარმა საკუთარი ცოლი დაასმინა – პრეზიდენტი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიაო. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო ოჯახის ერთი წევრი მეორეს უჩივის…
თურქული კანონების მიხედვით, პრეზიდენტის შეურაცხყოფა დანაშაულად ითვლება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხ წლამდე, საპყრობილეს რეჟიმით, თუმცა ამ კანონს ბოლო წლებამდე ძალიან იშვიათად იყენებდნენ. „მე ვერ შევძელი ჩემი პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფის მოსმენა, სირცხვილისაგან გავწითლდი, – თქვა ბექირ ბოზდექმა, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა და მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენელმა ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას.
ვერ ვიტყვით, რომ რეჯებ ერდოღანი გულჩვილი ადამიანია და მას შეურაცხმყოფელი სიტყვები გულს უკლავს. პირიქით – იგი შეუბრალებელი და შეუმწყნარებელი პიროვნებაა, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ არ სჯერა და ვერ იტანს დემოკრატიულ მმართველობის სიტემას თავის ქვეყანაში. დემოკრატია კი ხომ იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეებს უფლება ჰქონდეთ თავისი აზრი გამოთქვან და თუ აუცილებელია, ქვეყნის ლიდერის წინააღმდეგაც.