globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 7th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Незавсисимая газета» (რუსეთი): ივანიშვილი არა სრულიად საქართველოსი // პრეზიდენტი თავის ყოფილ პოლიტიკურ პატრონს და მის გუნდს დაუპირისპირდა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): პანკისის ხეობა – „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ სამჭედლო?

———————-

«Незавсисимая газета» (რუსეთი), 7 აპრილი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-04-07/6_gruzia.html

ივანიშვილი არა სრულიად საქართველოსი

პრეზიდენტი თავის ყოფილ პოლიტიკურ პატრონს და მის გუნდს დაუპირისპირდა

იური როქსი

(შემოკლებით)

საქართველოს არაფორმალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა – ექს-პრემიერმა და მილიარდერმა იგი არაკორექტულობასა და უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის კრიტიკული გამონათქვამი, როგორც ჩანს, გამოწვეულია გიორგი მარგველაშვილის ამასწინანდელი გამოსვლით პარლამენტში, რომლის დროსაც მან მთავრობის მუშაობა ნეგატიურად შეაფასა. მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ღრმა განხეთქილებაა, რომელიც შეიძლება ღია დაპირისპირებაში გადავიდეს.

მსოფლიოს პოლიტიკურმა ისტორიამ არ იცის ასეთი არანორმალური სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოს სინამდვილეში შეიმჩნევა: პარტიის მიერ პრეზიდენტად წამოყენებული ადამიან იმავე პარტიას უპირისპირდება.

კონფლიქტი მილირდერ ექს-პრემიერს და მოქმედ პრეზიდენტს შორის დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მან თავი იჩინა ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა და რომელსაც ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე წარმატების შანსი საერთოდ არ გააჩნდა. „ეს ქვეყანას ჭირდება. ჩათვალეთ, რომ გიორგისადმი მხარდაჭერა ჩემდამი მხარდაჭერაა“, – ასე მოუწოდა ელექტორატს მაშინ ბიძინა ივანიშვილმა. ელექტორატმაც პრეზიდენტად ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი აირჩია. მანაც ფილოსოფიურად შეაფასა თავის წარმატება და ინაუგურაციამდე განუცხადა თავის პოლიტიკურ პატრონს, რომ პრეზიდენტის მისიას მთავრობის ოპონირებაში ხედავს, ქვეყანაში სახელისუფლებო გადახრები რომ არ მოხდესო.

ბიძინა ივანიშვილმა მოგვიანებით აღიარა, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მნიშვნელობა არ მიანიჭა – ყოფილი პრემიერი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პრეზიდენტი მმართველ კოალიციაში განხეთქილებას შეიტანდა. მაგრამ შეიტანა: მან მართლაც დაიწყო მთავრობისა და საკუთარი პარტიისადმი ოპონირება… და როცა ბიძინა ივანიშვილმა პირად საუბრებში გიორგი მარგველაშვილის „აზრზე მოყვანა“ სცადა, ისეთ მწვავე რეაქციას წააწყდა, რომ მილიარდერი იძულებული გახდა საქვეყნოდ ეღიარებინა საკადრო საკითხში დაშვებული შეცდომა. „შევცდი მასში როგორც ადამიანში და როგორც პოლიტიკოსშიო“, – თქვა ბიძინა გრიგორევიჩმა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს.

საინტერესო მოვლენაა ქართული პოლიტიკისათვის: კაცი, რომელიც ზეიღბლიან პოლიტიკურ კარიერას ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს, „პრეზიდენტის კაბინეტის გასაღების“ ხელში მოგდების (ანუ პრეზიდენტად არჩევის) შემდეგ მას საერთოდ ანგარიშს აღარ უწევდა! სხვათა შორის, სიმბოლური „კაბინეტის გასაღები“ მალე მატერიალიზებულ იქნა: გიორგი მარგველაშვილმა დაარღვია საკუთარი პირობა („პრეზიდენტის სასახლის ზღურბლს არ გადავაბიჯებო“) და თავისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ პომპეზურ შენობაში გადაბარგდა.

მომხდარი ამბის გააზრება ადვილი არაა. თითქოსდა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლე სძულდა… მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: თუ პრეზიდენტს თავისი ყოფილი პატრონის წონასწორობიდან გამოყვანა სურდა, ამისთვის მან საუკეთესო სვლა იპოვა. პრეზიდენტის სასახლეში მისმა გადასვლამ ქვეყნის არაფორმალურ ლიდერში ისეთი წყენა გამოიწვია, რომ ერთი წლის შემდეგაც კი არ განქარვებია. ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი თქვა: ის, რომ მარგველაშვილი მისი კანდიდატურის წარმდგენი გუნდის მიმართ კონფრონტაციაშია; ის, რომ იგი მხოლოდ სხვებს აკრიტიკებს და თვითონ არაფერზე პასუხს არ აგებს; ის, რომ პრეზიდენტი არაკორექტულად იქცევა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს პერიოდულად ვეტოს ადებს…

ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა მოწმობს არა მხოლოდ სერიოზული უთანხმოების არსებობაზე მმართველ ელიტაში, რომელიც ისედაც ცნობილია, არამედ იმაზეც, რომ ქართველი მილიარდერის იმედები არ გამართლდა – იგი ვერ გახდა კულისებმიღმა მოქმედი ლიდერი, ერთგვარი ქართველი დენ სიაოპინი, რომელიც უმნიშვნელოვანეს საკითხებს თვითონ გადაჭრიდა. არადა, ივანიშვილი დარწმუნებული იყო, რომ ასე იქნებოდა. მარგველაშვილს არ აქვს იმდენი საკონსტიტუციო უფლებამოსილება, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილს და მის ერთგულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ პრეზიდენტი კარგად იყენებს მოსახლეობის უკმაყოფილებას მთვარობი საქმიანობის მიმართ და თავის პოლიტიკურ კაპიტალს ზრდის. მით უმეტეს, რომ ქართულ პოლიტიკაში არიან ძალები, რომლებიც ივანიშვილთან დაპირისპირებაში მზად არიან მხარი გიორგი მარგველაშვილს დაუჭირონ.

საინტერესოა, რომ გიორგი მარგველაშვილს მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილიც: მან ტელეკომპანია „თრიალეთში“ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – მილიარდერის მიერ დაყენებული კაცი – თანამდებობას არ შეეფერება: „თავის დროზე მე უარი ვთქვი მის მრჩევლობაზე, რათა მას თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო გადაწყვეტილებების მიღების დროს. ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულ პოსტს არ შეეფერება. მე ვერ შევძლებდი მის მრჩევლობას, ძნელია მისგან ლიდერი ჩამოაყალიბო“, – განაცხადა ექსპერტმა.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 7 აპრილი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2702992

პანკისის ხეობა – „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ სამჭედლო?

„ორსაბათს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივი თემის უხუცესტა სეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ მიერ ჩეჩენი ახალგაზრდების გადაბირების ფაქტები განიხილეს. ჩეჩენ-ქისტების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს მკაცრად გააკონტროლოს ჩეჩენი ახალგაზრდების თურქეთში წასვლის ფაქტები, რადგან ისინი თურქეთიდან სირიასა და ერაყში მიდიან, რადიკალ-ისლამისტების მხარეზე საბრძოლველად. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პანკისელ უხუცესთა მოთხოვნა ვერ შესრულდება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი გიორგი დვალი).

უხუცესთა კრება მას შემდეგ ჩატარდა, როცა ცნობილი გახდა – სირიასა და ერაყში დაღუპული პანკისელი ახალგაზრდების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. „ისინი თითქოსდა თურქეთში სამუშაოდ მიდიან, მაგრამ სინამდვილეში დაქირავებული მებრძოლებად „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე იბრძვიან“, – დაიჩივლა სოფელ ჯოყოლოს მცხოვრებმა მუსა ხანგოშვილმა. უხუცესებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათზე საზღვარგარეთული პასპორტი არ გასცეს, სანამ ვინაობას მკაცრად არ შეამოწმებენ, მშობლების ჩათვლით.

რატომ არ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუშალოს პანკისელი მუსულმანი ახალგაზრდების თურქეთში წასვლას?

„საქართველოს ყოველ სრულწლოვან მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი [ან პირადობის მოწმობა]. თურქეთში წასასვლელად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობაა საჭირო, მეტი არაფერი“, – განაცხადა „კომერსანტთან“ საუბრისას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ქეთევან მირიანაშვილმა.

კავკასიოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, თურქეთის გავლით სისრიაში უკვე ასეულობით საქართველოს მოქალაქე წავიდა. ისინი არა მარტო პანკისიდან არიან, არამედ ქვემო ქართლიდან (უმეტესად აზერბაიჯანელები), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, სადაც ისლამური რელიგიის აღმსარებლობაა გავრცელებული. როგორც მამუკა არეშიძენ აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბარში, საქართველოს ხელისუფლებისათვის რთული იქნება ამ პროცესის გაკონტროლება, რადგან „შეუძლებელია ადამიანს ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით საზღვარგარეთ წასვლის უფლება შეუზღუდო“.

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა გაამკაცრა სასჯელი „უცხოეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისათვის“ (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან ათ წლამდე). იმავდროულად პარლამენტმა გაამკაცრა ანტიტერორისტული კანონმდებლობაც: ამჟამად უცხოეთის სახელმწიფოში წასვლა „ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის, მომზადების და წრთვნების მიზნით“ ისჯება ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობით.

Comments are closed