globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 7th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „პანამაგეიტი“: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება

«Аргументы и факты в Украине» (უკრაინა): ინტერვიუ ანტონ გერაშენკოსთან: „მიხეილ სააკაშვილი ჩასარეცხადაა განწირული, მან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხრიდან ნდობა დაკარგა“

«Süddeutsche Zeitung” (გერმანია): საქართველო – კავკასიური სამოთხე: სვანეთის კონტრასტები

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/panama-papers-ivanishvili/3271522.html

„პანამაგეიტი“: ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება

ზაზა წულაძე

საქართველოს პროკურატურა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური არ აპირებენ გამოძიებას დაწყებას, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქეთა ტერიტორიაზე – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში, 2006 წელს დაფუძნებულ კომპანია Lynden Management-ს.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) კვლევის მიხედვით, ეს კომპანია ივანიშვილის საკუთრებაა, თუმცა, 2012-13 წლებში, როცა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მან, ამ დრომდე, დაუდგენელი მიზეზით ქონებრივ დეკლარაციაში Lynden Management-ი არ მიუთითა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, „ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში „განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით – ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით – სამ წლამდე“.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ ლიდერი, პარლამენტარი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მიუხედავად, შესაძლო, დანაშაულის ფაქტის ხანდაზმულობისა, მას არ სჯერა, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულია საუბარი იმაზე, რომ ამ შესაძლო დანაშაულის ფაქტის გამო რაიმე სასჯელი შეიძლება დადგეს. როგორც ვიცი, მხოლოდ 1500 ლარიან ჯარიმაზეა საუბარი და ბოლოს და ბოლოს გადაიხდის ჯარიმას ის ადამიანი.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში გამოძიება უნდა ჩატარდეს. თუმცა, იმედი, რომ ჩვენი საგამოძიებო სტრუქტურები ასეთ გამოძიებას ჩაატარებენ და ხელს დაადებენ ივანიშვილს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა არ მაქვს.“

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 4,8 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, პრემიერ მინისტრის რანგში, ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო: პირველად, 2012 წლის 25 დეკემბერს, მეორედ კი 2013 წლის 31 დეკემბერს. პირველ დეკლარაციაში მან მიუთითა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, 54 კომპანიის აქციებსა და ობლიგაციებს ფლობდა, მეორე დეკლარაციაში ასეთი კომპანიების რიცხვი 48-მდე შემცირდა.

იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომელთა აქციებსაც ივანიშვილი ფლობს, არის: Apple, Google, Goldman Sachs, Merrill Lynch, JP Morgan, Rolls Royce, Volkswagen, Deutsche Bank, Barclay, Raiffeisen, Intercontinental Hotels, Siemens, Citigroup, Carrefour და სხვა გიგანტები, თუმცა, არ არის Lynden Management-ი.

გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მონაცემებით, Lynden Management-ის მეშვეობით ივანიშვილი ფლობს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Raptor Pharmaceuticals-ის 1200000 აქციას.

2016 წლის თებერვალში ივანიშვილმა 100 მილიონი დოლარი სწორედ Raptor Pharmaceuticals-თან დაკავშირებული საბანკო ანგარიშიდან დაკარგა, რის გამოც შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს უჩივლა.

საერთაშორისო გამოძიებაში ასევე მითითებულია, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური საგამოძიებო სამსახური, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, 2011 წლიდან ცდილობდა, Lynden Management-ის სარგებლის მნახველი მესაკუთრის ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პასპორტის ასლის მიღებას და ეს მხოლოდ 2015 წელს მოახერხა.

სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჯარო პირების მხრიდან ქონებრივი დეკლარაციის არასწორი შევსება, საქართველოში ფართოდ გავრცელებული დანაშაულია, რომელზეც კანონით გათვალისწინებული რეაგირება ამ დრომდე არ ხდება: „პრაქტიკულად ჩვენ დამოკიდებულები ვართ კონკრეტული საჯარო პირების კეთილ ნებაზე, ისინი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარავიაში, რეალურად ასახავენ თუ არ ასახავენ ქვეყნის გარეთ, სამეწარმეო საქმიანობაში მათ რაიმე ფორმით მონაწილეობას.“

საერთაშორისო სკანდალი, რომელიც მსოფლიო მედიაში უკვე მოინათლა „პანამაგეიტად“, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ 3 აპრილს, გამოქვეყნებულ 11 მილიონ საიდუმლო დოკუმენტს მოჰყვა, რომელიც პანამური იურუდიული კომპანია „მოსაქ ფონსეკასა“ და მისი ოფშორული კლიენტების საიდუმლო ურთიერთობას ასახავს.

„საგადასახადო თავშესაფრებში“ პანამური კომპანიის კლიენტების სია, რომლებიც ოფშორებში უკანონო სქემებით, მრავალმილიარდიან ქონებას ათეთრებენ და მალავენ,მართლაც შთამბეჭდავია:მსოფლიოს 59 ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წარმომადგენლები, მათი ოჯახის წევრები და უახლესი გარემოცვა. მათ შორის არიან: რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, არგენტინისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის, პაკისტანის და ისლანდიის პრემიერ მინისტრები; საუდის არაბეთის მეფე, ჩინეთის მმართველი პოლიტბიუროს წევრები. ფიფას ახლადარჩეული პრეზიდენტი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას ლიდერი ლიონერ მესი. პანამაგეიტმა უკვე შეიწირა ისლანდიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. სიმგუნდურ გუნლიგსონმა, რომელსაც საიდუმლო ოფშორული ანგარიშები მეუღლესთან ერთად ჰქონდა და ეს ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახა, თანამდებობა გუშინ დატოვა.

«Аргументы и факты в Украине» (უკრაინა), 07 აპრილი, 2016 წელი

www.aif.ua/politic/ukraine/anton_gerashchenko_saakashvili_slivayut_on_utratil_doverie_prezidenta

ინტერვიუ ანტონ გერაშენკოსთან: „მიხეილ სააკაშვილი ჩასარეცხადაა განწირული, მან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხრიდან ნდობა დაკარგა“

„უკრაინელი პოლიტიკოსების ტრაგედია იმაშია, რომ ყველანი ორმაგ თამაშს ეწევიან, ჩვენი მოქალაქეები კი ამ აისბერგის მხოლოდ მეათედ ნაწილს ხედავენ. ხალხს არ აქვს იმის დრო და შესაძლებლობა, რომ [პოლიტიკოსთა სიცრუეში] გაერკვეს“, – ამბობს უკრაინის პარლამენტის წევრი ანტონ გერაშენკო გაზეთ „აიფ“-ის („არგუმენტი ი ფაკტი“, უკრაინა) ჟურნალისტ ალისა სვეტლაკოვასთან საუბარში.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, „სწორია თუ არა კრიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაა მიმართული – მას ხომ ხალხში რეფორმატორისა და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯია აქვს შექმნილიო“, ანტონ გერაშენკო ასე პასუხობს:

„მე მზად ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდში გავერთიანდე, მან რომ ნორმალურად განმიმარტოს, ღო როგორ ქვეყანაში  ვიცხოვრებ მისი რეფორმების განხორციელების შემდეგ. ჩვენთვის ხომ ცნობილია, საიდან მოვიდა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი? რეფორმირებული საქართველოდან, სადაც მას დაბრუნება და ცხოვრება აღარ შეუძლია. ესე იგი, რაღაცასთან გვაქვს საქმე, ხომ? მე გეტყვით:  მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა და მათ ისე უსწორდებოდა… მან დაარბია და დახურა ოპოზიციური ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც მის ხელისუფლებას აკრიტიკებდა… უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს ასეთი მეთოდები არ გაუვა, იგი ასეთი გზით ჩვენთან ხელისუფლებაში ვერ მოვა. მაისში ერთი წელი უნდა გავიდეს ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე მისი დანიშვნიდან. მან ყველა თანამდებობაზე „თავისი კაცები“ და „თავისი ქალები“ დანიშნა: ოლქის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე, ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე, საბაჟოს უფროსი იულია მარუშევსკაია და სხვები… მოკლედ, ყველა მისიანი იყო. ბევრი ოდესელი ელოდა, რომ ასეთი ფართო უფლებების პირობებში გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი შეძლებდა ოლქში სერიოზული გარდაქმნების განხორციელებას.

დავით საყვარელიძის ამასწინანდელი გადადგომა, საბაჟოს შემოწმებები და უკრაინის უშიშროების სამსახურის დაინტერესება ე.წ. „ქართული გუნდის“ საქმეებით დაკავშირებულია იმასთან, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხრიდან ნდობა დაკარგა, იგი „ჩასარეცხადაა“ განწირული. და რატომ დაკარგა ნდობა? იმიტომ, რომ პეტრო პოროშენკოს იმედი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ არსენ იაცენიუკთან ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილს ტარანის როლში გამოიყენებდა, მაგრამ ამბიციურმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა არ მოისურვა პრეზიდენტის ხელში იარაღი ყოფილიყო. მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია იმით, რომ მას თავისი პოლიტიკური ძალა ჰყავდეს – ისეთი, რომელიც პირადად მას დაემორჩილებოდა და რომელიც ვადამდელ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

ვფიქრობ, ახლა [არაფრისგამკეთებელი] მიხეილ სააკაშვილი თვითონ ეძებს საბაბს, რომ თავისი პოსტიდან ხმაურით წავიდეს. იგი ოცნებობს, რომ თვით პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა გაათვისუფლოს თანამდებობიდან, მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამაზე არ მიდის – მათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისაგან „წამებულის შარავანდედიანი“ პოლიტიკოსის შექმნა არ სურთ“.

«Süddeutsche Zeitung(გერმანია), 06 აპრილი, 2016 წელი

http://www.sueddeutsche.de/reise/georgien-kaukasischer-traum-1.2931004

საქართველო – კავკასიური სამოთხე: სვანეთის კონტრასტები

სტატიაში ვრცლადაა წარმოდგენილი საქართველოს მთიანი რეგიონის – სვანეთის სამთო-ტურისტული პოტენციალი, ყურადღება გამახვილებულია ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე, რეგიონის ღირსშესანიშნაობებზე, ისტორიასა და პერსპექტივაზე (ავტორი – ჰანს გასერი).

სვანეთი უკვე 100 წელია ტურისტებს იზიდავს, თუმცა თავდაპირველად იქ ევროპიდან ძირითადად ალპინიზმის მოყვარულები მიდიოდნენ. დღეს სვანეთში ტურისტები ჯერ-ჯერობით უმთავრესად ზაფხულში ჩადიან, ფეხით სამოგზაუროდ, სოფლიდან სოფელში. აქ სოფლები ძალიან მაღალ ადგილებზეა გაშენებული, ზოგიერთი კი იუნესკოს მსოფლიო მემვიდრეობის სიაშია შეტანილი, მაგალითად, უშგული, რომელიც თავისი მრავალრიცხოვანი კოშკებით 2200 მეტრს სიმაღლეზე მდებარეობს. გარდა საზაფხულო ტურიზმისა, სვანეთში ზათრის ტურიზმიც განვითარებულია: აქაა თეთნულდის სამთო კურორტის ინფრასტრუქტურა თეთნულდი, სადაც პირველი საბაგირო თებერვალში გაიხსნა, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ვრცლად აღწერს ქალაქ მესტიას, სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც „კავკასიურ სან-ჯემინიანოს“ მოგვაგონებს, მაგრამ მესტია უფრო შთამბეჭდავია: აქ ყოველ მეორე სახლს აქვს ქვისგან აშენებული შუასაუკუნეობრივი კოშკები, რომლებიც ადამიანებს მშვიდობიან დროს ზვავებისა და მეწყერებისაგან იცავდა, ომიანობის დროს კი თავდაცვითი ნაგებობების როლს ასრულებდა. კლანებს შორის ატეხილი დაპირისპირების დროს კოშკები ხშირად თავშესაფრადაც გამოიყენებოდა. ამ ნაგებობების ნახვა საინტერესოა ღამითაც, როცა ისინი განათებულია. მესტიის ქუჩებში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსაც დაინახავთ – ახალი სასტუმრო-კაფეებისა და მუზეუმების გვერდით. ქალაქს აქვს მცირე აეროპორტი, თანამედროვე ადმინისტრაციული შენობით.

ავტორი ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებ თეა ჟორჟოლიანს, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს: „იგი თანამედროვეობის განსახიერებაა – მან ექიმის სპეციალობა მიატოვა და ახლა მაღაზიისა და რესტორნის მფლობელია, სადაც სტუმრებს ქართული კერძები შეუძლიათ მიირთვან, შემწვარი კალმახის ჩათვლით. მთავარი კი მაინც სვანური კუპდარია, რომელიც შეშის ღუმელში აცხობენ. „გასულ ზაფხულს ტურისტული ბუმი იდგა: გერმანელები, ებრაელები, ბალტიისპირელები იყვნენ ჩამოსულნი, თუმცა ზამთრობითაც სულ უფრო მეტი მოგზაურს ვხედავთ“, – ამბობს თეა ჟორჟოლიანი და თავის გეგმებს აწყობს – 24-ადგილიანი სასტუმროს აშენება სურს. იგი კმაყოფილია ხელისუფლებით: „მალე ძალაში შევა ახალი კანონი, რომელიც მთიან რეგიონებში ბიზნესმენებს გადასახადებისაგან ათავისუფლებს. ეს ძალიან კარგია“.

თეა ჟორჟოლიანი მხარს უჭერს მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. 2012 წელს გამარულ [საპარლამენტო არჩევნებში] ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა. დღეს ექს-პრეზიდენტი ბევრს სძულს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სვანეთში ტურიზმის განვითარებას ბიძგი სწორედ მან მისცა“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ეხება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს, ახალგაზრდების ყოფა-ცხოვრებას, მათ გატაცებას ალპინიზმსა და ტურიზმში, თუ როგორ ცდილობენ ისინი ხალხური ტრადიციებისა და სვანური ენის შენარჩუნებას, რომელიც „ერთ-ერთი უძველესი სალაპარაკო ენაა მსოფლიოში“.

Comments are closed