«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საპრეზიდენტო არჩევნები, რეფერენდუმი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში და ხვნა–თესვა კონფლიქტის ზონაში
«Независимая газета» (რუსეთი): სამხრეთ ოსეთს არჩევანი ლეონიდ თიბილოვსა და ანატოლი ბიბილოვს შორის დაუტოვეს: ორივე კანდიდატი სავსებით მისაღებია მოსკოვისათვის
«Новая газета» (რუსეთი): „ჩვენ არ გვსურს, რომ პრობლემა ვიყოთ. მოვიცდით“ // წინასაარჩევნო რეპორტაჟი სამხრეთ ოსეთიდან, რომელიც ქართული ნავთსაყუდელიდან გავიდა და გეოპოლიტიკურ ზღვაში დარჩა
«Aftonbladet» (შვედეთი): პუტინის მოსაზღვრე ქვეყანაში // რუსეთის სტრატეგია: „სანამ საქართველო საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, საქართველო ვერ ნატოში და ვერც ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება“—————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 აპრილი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/gori-south-ossetia-elections/3799161.html
საპრეზიდენტო არჩევნები, რეფერენდუმი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში და ხვნა–თესვა კონფლიქტის ზონაში
ნინო დალაქიშვილი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. გაიმართება ასევე რეფერენდუმიც ეგრეთ წოდებული რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება დე-ფაქტო ტერიტორიაზე ნებისმიერ მსგავს აქტივობას არაკანონიერსა და სამართლებრივი ძალის არმქონედ მიიჩნევს.
კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ზურაბ ბენდიანიშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ არჩევნები სამხრეთ ოსეთში მხოლოდ იმას გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება ამჯერად შუამავალი და პასუხისმგებელი მოსკოვთან „შავი“ ფულის მოძრაობაზე:
„აქ სიტუაცია შეიცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარები გავა. მანამდე, ქართული გვარის პრეზიდენტიც რომ დანიშნონ, არაფერი მნიშვნელობა არ ექნება. მათი დამოუკიდებლობის ხარისხი ნული კი არა, მინუსებშია დღეს, გინდათ პოლიტიკურად, გინდათ ეკონომიკურად, ბიუჯეტით, უსაფრთხოებით და ასე შემდეგ. ამიტომ ამ არჩევნებს არც ჩვენთვის, არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც ახლა ირკვევა, არის ის, რუსეთმა ვის უნდა აძლიოს ჯიბეში ფული და ვისგან წაიღოს შემდეგ უკან. არჩევენ კონკრეტულ პირს, ის ჯობს თუ ეს. ესაა მთელი მათი ფილოსოფია“.
„ამერიკის ხმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს კახა ქემოკლიძეს ესაუბრა, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე მექანიზმების რეაგირების ფარგლებში შეხვედრების მუდმივი მონაწილეა ქართული მხრიდან. ორი დღის წინ ერგნეთში გამართული მოლაპარაკებების შემდგომ გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული მხარისთვის კიდევ უფრო შეიზღუდება წვდომა მოსავალზე, რასაც ადამიანები კონფლიქტის ზონაში მოიყვანენ. ჩვენთან საუბრისას კახა ქემოკლიძემ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა. „საოკუპაციო ზოლის აქეთა მხარეს, ანუ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხვნა–თესვის წარმოება შესაძლებელია. აქ არიან შსს–ს დანაყოფები 7/24–ზე მუდმივ რეჟიმში და ყოველდღიურად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს, მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ადგილობრივების უსაფრთხოება. ესაა მშრალი მოცემულობა. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იკრძალება სამეურნეო სამუშაოები, სიმართლე გითხრათ, დე–ფაქტოების მხრიდან არ მომისმენია. ისინი ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ მისცემენ ქართველებს, ანუ მათი გაგებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მიწის ნაკვეთების დამუშავების საშუალებას. ეს არ ახალია. ამას ისინი დიდი ხანია ამბობენ, რაზეც ჩვენი პრინციპული წინააღმდეგობაა და ჩვენი ამოცანა, მათ შორის ერგნეთის შეხვედრებზე არის ის, რომ მივაღწიოთ ადგილობრივებისთვის ამ მიწის ნაკვეთების დამუშავების უფლების მიღებას უსაფრთხოდ. რაზეც არის პრინციპული წინააღმდეგობა მათი მხრიდან’.
კახა ქემოკლიძეს იმის თაობაზეც ვკითხეთ, იზრდება თუ არა დე–ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების რაოდენობა. „ჩვენი შეფასებით, დაკავებების სტატისტიკური მაჩვენებლები არსებითად, ერთ ჩარჩოში ტრიალებს. დიდად არ იცვლება. ამიტომ რომ გითხრათ, რომ უკანონო დაკავებების სტატისტიკური მონაცემები იზრდება ან მცირდება, მოგატყუებთ. გაცილებით რელევანტურია გითხრათ, რომ ციფრი მეტ–ნაკლებად რჩება ერთ მარჟაში“.
„ამერიკის ხმა“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილსაც ესაუბრა და ჰკითხა იმის თაობაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში მოსავლის აღების თვალსაზრისით ახალი შეზღუდვების შესახებ. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს: „როცა რაღაც მსგავსი ხდება, ჩვენი წარმომაგენლებიც გვატყობინებენ ხოლმე ჩვენ, ანუ ადგილობრივ თვითმმართველობას. მაგრამ ამჯერად მსგავსი არაფერი ვიცი, ჩვენთვის არაფერია ცნობილი რაიმე ახალი შეზღუდვის შესახებ მოსავლის აღების თვალსაზრისით კონფლიქტის ზონაში. ამ რამდენიმე დღის წინ ხანძარი გავრცელდა სოფელ მერეთთან, გუგუტიანთკარის მიმართულებით. ჩვენს მხარეს დაიწყო და გადავიდა იქით. ჩვენმა მეხანძრეებმაც იმუშავეს ხანძრის ჩაქრობაზე, ჭავლი სადამდეც მიაწვდინეს, ჩააქრეს დე–ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზეც, შემდეგ მათი მეხანძრეებიც მოვიდნენ. ეს მოხდა სოფელ გუგუტიანთკარში, მეც იქ ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, რომ მოსახლეობა საგაზაფხულო სამუშაოებს ატარებდა პირდაპირ გამყოფ ხაზთან“.
7–10 აპრილს, იმის გამო, რომ კვირას დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება შეიზღუდება.
«Независимая газета» (რუსეთი), 07 აპრილი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-04-07/7_6969_osetia.html
სამხრეთ ოსეთს არჩევანი ლეონიდ თიბილოვსა და ანატოლი ბიბილოვს შორის დაუტოვეს: ორივე კანდიდატი სავსებით მისაღებია მოსკოვისათვის
სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთში“ არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია. როგორც ცნობილია, ცხრა აპრილს აქაურმა მოსახლეობამ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს: „რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე სამი კანდიდატია წარდგენილი: ლეონიდ თიბილოვი (მოქმედი პრეზიდენტი), ანატოლი ბიბილოვი (პარლამენტის სპიკერი) და ადგილობრივი „კაგებეშნიკი“ ალან გაგლოევი. არჩევნების დროს რეფერენდუმიც ჩატარდება რესპუბლიკის სახელწოდების გადარქმევის თაობაზე“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
პუბლიკაციაში მიმოხილულია ბოლო დღეების მომხდარი მოვლენები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის ფაქტი, რომ „არჩევნების დროს რაიმე პროვოკაცია არ მოხდესო“. ეს ის საზღვარია, რომელსაც ცხინვალი „სახელმწიფო საზღვარს“ უწოდებს, თბილისი კი „ადმინისტრაციულს“. რა პროვოკაცია უნდა მოახდინოს საქართველომ მაინცდამაინც არჩევნების დროს, გაუგებარია. თბილისს ადრეც არაერთგზის განუცხადებია, რომ მას არანაირი აგრესიული ზრახვები არ აქვს და თუ რაიმე მსგავსი არსებობდა, ის უფრო მეტად ძველი ხელისუფლების დროს იყო. და მაინც, რადგან სამხრეთ ოსეთს ყოფილი მეტროპოლიისადმი ნდობა არ აქვს, შესაბამისად, როგორც სურს, ისე მოიქცევა. მართალია, საქართველომ „საზღვრის“ ჩაკეტვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გააპროტესტა, მაგრამ არაფერი.
თვით სამხრეთ ოსეთშიც სიტუაცია უკვე შედარებით სტაბილური გახდა: ყოფილი „პრეზიდენტის“ ედუარდ კოკოითის მომხრეებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. კოკოითი მიხვდა, რომ აქციები ზიანის მეტს არაფერს მოიტანდა და ამიტომ მხარდამჭერებს მიმართა, რომ ხმები ანატოლი ბიბილოვს მისცენ. ზოგადად კი, არავინ იცის, თუ როგორ დასრულდება არჩევნები: ბოლო გამოკითხვის თანახმად, ლეონიდ თიბილოვი პოპულარობით 20%-ით უსწრებს ანატოლი ბიბილოვს, რომლის რეიტინგი 18%-ია. რაც შეეხება ალან გაგლოევს, ყველამ და თვითონაც კარგად იცის, რომ იგი ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს წინა ორ კანდიდატს.
სამხრეთ ოსეთში ტრადიციულად მოსკოვისაკენ იყურებიან. ამ თვალსაზრისით მოქმედმა „პრეზიდენტმა“ ლეონიდ თიბილოვმა კოზირი მიიღო: იგი ამას წინათ კრემლში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ესაუბრა. თუმცა არც ანატოლი ბიბილოვია „ცუდი ბიჭი“: მას კარგი ურთიერთობები აქვს რუსეთის ტავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან… ორივე კანდიდატს მსგავსი საარჩევნო პროგრამა აქვს, რომელიც მძიმე ეკონომიკური სიტუაციითაა განპირობებული. ორივე კანდიდატი ამომრჩევლებს სიტუაციის გაუმჯობესებას პირდება, მაგრამ სინამდვილეში რა იქნება, ეს… არცევნების შემდეგ გამოჩნდება. ლეონიდ თიბილოვიც და ანატოლი ბიუბილოვიც რუსეთთან მტკიცე კავშირებისათვის იღწვიან, თუმცა „მწვავე საკითხებს“ გვერდს უვლიან, მაგალითად, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
„ერთი შეხედვით, მოსკოვს ამ არჩევნებში რომელიმე მკაფიო ფავორიტი არ ჰყავს, ანუ მისთვის მიუღებელი კანდიდატი არცერთი არ არის. იგივე ალან გაგლოევს თუ ავიღებთ, თუ იგი მოსკოვისათვის მიუღებელია, ხმების მოგროვებას მაინც ვერ შეძლებს (როგორც ამბობენ, მან თავისი გადაწყვეტილება პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებაზე უფროსობას არ შეუთანხმა, რისთვისაც დაუსჯიათ). მოკლედ, ყველაფერი 9 აპრილს გაირკვევა“, – ნათქვამია სტატიაში.
«Новая газета» (რუსეთი), 07 აპრილი, 2017 წელი
https://www.novayagazeta.ru/articles/2017/04/07/72060
„ჩვენ არ გვსურს, რომ პრობლემა ვიყოთ. მოვიცდით“
წინასაარჩევნო რეპორტაჟი სამხრეთ ოსეთიდან, რომელიც ქართული ნავთსაყუდელიდან გავიდა და გეოპოლიტიკურ ზღვაში დარჩა
„სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციიდან ტრანკავკასიური ავტომაგისტრალით შევდივარ. როკის გვირაბი ისეთი განიერია, რომ მასში გვერდს ტანკებსაც კი აუქცევთ. ტრასა იდეალურია. გვირაბის იქით ბრწყინვალე კაშკაშა მზიანი ამინდია, ხეობაში ერთმანეთს ცვლის თოვლი და ამწვანებული ველ-მინდვრები. გზა ახლადგარემონტებულია. ცხინვალთან სარეკლამო პლაკატი დგას: „ლეონიდ თიბილოვი. სტაბილურობიდან განვითარებისაკენ“. ამ კვირას სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს“, – წერს რუსული გაზეთის „ნოვაია გაზეტას“ სპეციალური კორესპონდენტი ელენა რაჩევა.
სტატია ერთობ ვრცელია: რუსული ოპოზიციური გამოცემა ცდილობს მკითხველს სრული ინფორმაცია მიაწოდოს სამხრეთ ოსეთში არსებულ წინასაარჩევნო სიტუაციაზე და საერთოდ, ცხინვალში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე, ეკონომიური ვითარების ჩათვლით, საქართველოსთან დამოკიდებულებაზე და ა.შ. კორესპონდენტი, ბუნებრივია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ საარჩევნო შანსებს. რუს ჟურნალისტი სარგებლობს „სამხრეთ ოსეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომლიც ორი დღის წინ, სამ აპრილს გამოქვეყნდა: ლეონიდ თიბილოვს მხარს უჭერს ელექტორატის 40,7%, ანატოლი ბიბილოვს – 23,6%, ალან გაგლოევს – 19,9%, თუმცა, რადგანაც ამომრჩევლის განწყობა ხშირად იცვლება, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი, ამის ინტრიგა მაინც რჩება.
„ლეონიდ თიბილოვის მხარდამჭერთა მთავარი არგუმენტი „სტაბილურობა და განვითარებაა“. ისინი ამბობენ, რომ ბოლო წლებში რუსეთის დახმარება ძველებურად აღარ იფლანგებოდა. რესპუბლიკაში მშვიდობა დამყარდა, დაიწყო აღმშენებლობა“. ანატოლი ბიბილოვს ხმას აძლევენ რუსეთთან გაერთიანების მომხრეები. მის კაბინეტში სამი პორტრეტია: ნახევარი კედელი სერგეი შოიგუს უკავია, იქვეა იოსებ სტალინის შედარებით პატარა სურათი და სულ პატარა – ვლადიმირ პუტინის პორტრეტი. როგორც ჩანს, ანატოლი ბიბილოვი „დიდი ბელადის“ ფაქტორს თავის სასარგებლოდ იყენებს – სამხრეთ ოსეთში იოსებ სტალინს პატივს სცემენ. ალან გაგლოევს კი რაც შეეხება, მას ლეონიდ თიბილოვის „ტექნიკურ კლონს“ უწოდებენ: ბოლო-ბოლო, ორივე ერთი სტრუქტურიდან – „კაგებე“-დან არიან გამოსულნი, თუმცა შეიძლება სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორც ჰგონიათ“, – წერს კორესპონდენტი და საკმაოდ ფართოდ აცნობს მკითხველს კიდევ ერთი პიროვნების - ექს-კანდიდატ ედუარდ ჯაბეევიჩ კოკოითთან დაკავშირებულ პერიპეტიებს – მას ცხინვალში „ჯაბელიჩს“ ეძახიან (რეპორტაჟში მიმოხილულია ე.კოკოითის პრეზიდენტობის პერიოდი მისი მოქმედება ოთხდღიანი ომის დღეებში და რუსული დახმარების განიავება, რის შედეგადაც „ჯაბელიჩი“ პრეზიდენტის პოსტს გამოეთხოვა. ამჟამინდელ არჩევნებში მან საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, მაგრამ ადგილობრივმა ცესკომ დარღვევები აღმოუჩინა: „ჯაბელიჩს“ ბინადრობის ცენზი არ იყო, რადგან 2011 წლიდან თურმე სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა, მოსკოვში იმყოფებოდა). ედუარდ კოკოითი შეეცადა ცესკოსა და შემდეგ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტებას, მიტინგზე განაცხადა, რომ პოზიციებს არ დათმობდა, მაგრამ 30 მარტს „ჯაბელიჩმა“ მოულოდნელად გადაწყვიტა ბრძოლაზე უარი ეთქვა და მომხრეებს მოუწოდა, ჩემთვის განკუთვნილი ხმები ანატოლი ბიბილოვს მიეცითო. ამბობენ, რომ „ჯაბელიჩის“ დაბრუნება მოსკოველი პოლიტიკოსების თამაშების შედეგია, რომელებსაც სამხრეთ ოსეთზე გავლენები აქვთ. ეს ვერსია ადასტურებს, თუ რატომ გააკრიტიკა მწვავედ ედუარდ კოკოითმა ვლადისლავ სურკოვი ერთ-ერთ ინტერვიუში.
პუბლიკაციაში დიდი ადგილი ეთმობა სამხრეთ ოსეთში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას: საუბარია წინა წლებში რუსული ფინანსური დახმარების ყბადაღებულ განიავებაზე, კორუფციის ზღვარგადასულ დონეზე, თუმცა შედარებით ლოიალურად არის გადმოცემული ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტობის პერიოდი: მშენებლობები, ცხინვალის კეთილმოწყობა და ა.შ. „ამასთან, მოსკოვისაგან მიღებულმა კოლოსალურმა დახმარებამ ადგილობრივი ინიციატივა თითქმის სრულიად ჩაკლა“, – ხაზს უსვამს ავტორი.
„ცხინვალელებთან საუბრისას სიტყვა „რუსეთს“ ხშირად გაიგონებთ. ეს არც არის გასაკვირი. როგორც აქ ამბობენ, „ჩვენ უფრო მეტად ვართ რუსები, ვიდრე თვითონ რუსებიო“. აქ ყველაფერი რუსულია – ვალუტა, პასპორტები, სოციალური უზრუნველყოფა, სამხედრო ფაქტორი. აქაური ახალგაზრდები განათლებას რუსეთში ეუფლებიან, მათთვის ქვოტებია გამოყოფილი. სამხრეთ ოსეთს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი კურირებს. მასთან შეხვედრისას ლეონიდ თიბილოვმა ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ჩაატარებდა რეფერენდუმს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. კრემლის კურატორი ამ ინიციატივას მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრია. თანდათანობით ამ საკითხზე საუბრები მიჩუმათდა. ლეონიდ თიბილოვმა ასე ახსნა სიტუაცია: „საერთაშორისო მდგომარეობა ისეთია, რომ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს, ამიტომ ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს პრობლემები შევუქმნათო“. ახლა კი სახელწოდების გადარქმევა ამოტივტივდა, თითქოსდა წინაპრების ხსოვნის ლოზუნგით: ლეონიდ თიბილოვი აცხადებს – „ოსეთს ალანეთი ერქვა და სამშობლოს ისტორიული სახელწოდება უნდა დავუბრუნოთო“.
„2014 წლის მარტში, ყირიმის რუსეთთან მიერთების დღეს ცხინვალში ზეიმი გაიმართა. ყველა რუსეთის დროშებს აფრიალებდა, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყირიმის კვლდაკვალ სამხრეთ ოსეთიც რუსეთის შემადგენლობაში შევიდოდა. როცა ეს არ მოხდა, ოსებს ეწყინათ. შესაბამისად, ამ წლის მარტში, ყირიმის რუსეთისადმი მიერთების მორიგ წლისთავზე, ცხინვალში არანაირი მიტინგი არ გამართულა. „რასაკვირველია, გვესმის, რომ ვლადიმირ პუტინს პრობლემები აქვს, სანქციებია დაწესებული… ჩვენ არ გვსურს პრობლემა ვიყოთ. მოვიცდით“, – ასეთი სიტყვებით მიხსნიდნენ სიტუაციას ცხინვალელები“, – წერს ავტორი.

პუტინის მოსაზღვრე ქვეყანაში
რუსეთის სტრატეგია: „სანამ საქართველო საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, საქართველო ვერ ნატოში და ვერც ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება“
„რუსეთი ხელს უწყობს ევროპული სახელმწიფოების დაშლას: გზავნის ჯარისკაცებს, ქმნის სამხედრო ბაზებს და დაპირისპირებას ამწვავებს. ეს ქვეყნებში მუდმივ კონფლიქტებში არიან ჩაძირულნი და ვლადიმირ პუტინის ჩრდილიოდან ვერ გამოდიან. ნუთუ ასეთია აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, რომ რუსეთის მოწყალებით იცხოვროს? ავტორებმა სამი ქვეყანა – ევროპის ცხელი წერტილები მოიარეს. ჩვენს პლანეტაზე სწორედ აქ შეიძლება მსოფლიო ნაკერებზე დაირღვეს. აქ რუსეთი მეზობლის ტერიტორიას იტაცებს – ნელ-ნელა და ნაბიჯ- ნაბიჯ“, – ნათქვამია სტატიის სარედაქციო შესავალში.
პუბლიკაციის ავტორები პეტერ კადხამარი და ურბან ანდერსონი მკითხველს შიდა ქართლის სოფელ ხურვალეთში ყოფნის შთაბეჭდილებას უზიარებენ და მოკლე მონაცემებს აცნობენ როგორც საქართველოს, ასევე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ისტორიას.
„ერთხელ, დილით, ხურვალეთელმა ლალი ჯერანაშვილმა დაინახა, რომ მისი სიმინდის ყანა სხვა ქვეყანაშია და მას აღარ ეკუთვნის. „ყურადღება! სახელმწიფო საზღვარი! გადაკვეთა აკრძალულია!“ – ასეთი წარწერები აქვს ბანერს, რომელიც იმ გზაზე დგას, რომელზეც ლალი და მისი ოჯახის წევრები, დედ-მამა, ბებია-ბაბუა და პაპის პაპები ყოველდღე დადიოდნენ. რასაკვირველია, ლალისშეეძლო ბანერზე წაწერილი გაფრთხილების იგნორირება და თავის ნაკვეთზე მისულიყო – საქმე ეხებოდა იმ სიმინდის ყანას, რომელიც ოჯახს არჩენდა და შემოსავალს აძლევდა, მაგრამ იგი შეჩერდა და უკან დაბრუნდა. ლალიმ იცოდა, რომ მას სოფელთან მოდარაჯე რუსი მესაზღვრეები დააკავებდნენ, წაიყვანდნენ ცხოინვალში და იქ დიდ ჯარიმას გადაახდევინებდნენ – ორი ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 400 შვედურ კრონს. ეს ძალიან დიდი ფულია იმ ქვეყნის მცხოვრებლებისათვის, რომელთა მინიმალური ხელფასი თვეში 800 შვედურ კრონს არ აღემატება.
სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახლა თავის თავს „რესპუბლიკას“ უწოდებს. სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელალამ, ნიკარაგუამ და ორიოდე კუნძულოვანმა ქვეყანამ აღიარა, თუმცა ყველა ამღიარებელმა კარგად იცის, რომ სამხრეთ ოსეთი არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. მას რუსეთი აძლევს ფულს და მის ე.წ. საზღვარსაც რუსი მესაზღვრეები იცავენ“, – აღნიშნავენ ავტორები.
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფლის ცხოვრება: „ადრე აქ ცხოვრება დუღდა, ადამიანები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ, მუშაობდა ტრანსპორტი მუშაობდა… აქ ქართული და ოსური სოფლები ერთმანეთის მეზოგლად არიან – ხურვალეთს იქით ოსური სოფელი ოდოლეთია, იმის იქით – ქართული სოფელი ბერშუეთი. დღეს მათ შორის ძველებური კავშირები დარღვეულია, ბლოკ-პოსტებია გასავლელი“.
შვედური გაზეთის კორესპონდენტები ესაუბრებიან ადგილობრივ მცხოვრებლებს (მურმანს, მურთაზს, დავითს), აგრეთვე ქართველ პოლიციელებს, რომლებიც პოსტებზე დგანან. აქვე ახლოს საქართველოს და კავკასიის რეგიონის მთავარი ავტომაგისტრალი გადის. საერთაშორისო დამკვირვებლები „საზღვრის“ გადმოწევის პროცესს „ბორდერიზაციას“ უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ რუსეთი საერეთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევენ. ეს არის ფარული ანექსია, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომის შემდეგ დაიწყო: რუსეთი მაშინ საქართველოში დაახლოებით იგივე საბაბით შევიდა, რომელიც შემდეგ უკრაიუნის წინააღმდეგაც გამოიყენა: ქართულ არმიას „ჰიტლერულს“ უწოდებდნენ, ხოლო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ისტერიულ ფიურერს“. თვითონ ვლადიმირ პუტინმა კი 2008 წლის აგვისტოს ომი გერმანია-საბჭოთა კავშირის ომს შეადარა (ავტორები ციტირებენ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის და ამჟამად ოპოზიციონერის ანდრეი ილარიონოვის განცხადებებს). ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზა შექმნა და თვითნებურად გაავლო „საზღვარი“ ამ რეგიონსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის.
„ევროკავშირს კონფლიქტისა და „ბორდერიზაციის“ ზონაში თავისი დამკვირვებლები ჰყავს. მათი ფუქნციები პატრულირება და სიტუაციის მონიტორინგია. ისინი ხელს უწყობენ გრძელვადიან სტაბილურობას, საქართველოსა და რუსეთს შორის ნდობის ფაქტორის განმტკიცებას. მაგრამ იმ დროს, როცა ევროპელები თბილის-მოსკოვს შორის ნდობის განმტკიცებას ცდილობენ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიის შიგნით საზღვრის გავლებას არ წყვეტს. სამწუხაროდ, თბილისს პასუხის გაცემა არ შეუძლია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „საზღვარზე“ 200 ნიშნული დგას და 19 სადარაჯო პუნქტია, რომლებშიც 80-100 რუსი მესაზღვრე მსახურობს, სამხედრო ბაზაში კი ოთხი ათასამდე ჯარისკაცი.
ჩვენი წყარო არსებულ სიტუაცია „კონტროლირებულ არასტაბილურობას“ უწოდებს. სწორედ ასეთ სტრატეგიას ატარებს რუსეთი კონფლიქტების „მოსაგვარებლად“, ანუ როგორც მოსკოვს სურს, სიტუაციას ისე წარმართავს. გასაგებია, რატომაც: სანამ საქართველო საკუთარ ტერიტორიას ვერ აკონტროლებს, სანამ მის საზღვრებზე არასტაბილურობაა, საქართველო ვერ ნატოში და ვერც ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება“, – ნათქვამია სტატიაში.