«Die Welt» (გერმანია): ინტერვიუ თამარ ბერუჩაშვილთან: „რუსები ამოწმებენ, რამდენად შორს წასვლა შეუძლიათ“
«Region Plus» (აზერბაიჯანი): „მინისტრთცვენა“ საქართველოში
«Эхо» (აზერბაიჯანი): ერევანმა „ქართული გამოცდა“ ვერ ჩააბარა
«Առավոտ» (სომხეთი): საქართველო-სომხეთი: დიპლომატობა სპეციალობა არ არის?
«Голос Армении» (სომხეთი): საქართველოს ძალიან უცნაური „უკიდურესი შეშფოთება“
———————-
«Die Welt» (გერმანია), 7 მაისი, 2015 წელი
ინტერვიუ თამარ ბერუჩაშვილთან: „რუსები ამოწმებენ, რამდენად შორს წასვლა შეუძლიათ“
გერმანულ გაზეთის «Die Welt»-ის დღევანდელ, 7 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან, რომელიც ამჟამად ბერლინში ვიზიტით იმყოფება.
გაგაცნობთ ინტერვიუს თემებს:
ა) საქართველო-რუსეთის ურთიერთობა და უკრაინის კრიზისი
„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან საკმაოდ რთულია: საქართველოს ტერიტორიის 20% მოსკოვს აქვს ოკუპირებული. საქართველოს მთავრობამ 2012 წლიდან კურსი ურთიერთობის განმუხტვისაკენ აიღო, გაუმჯობესდა ეკონომიკური კავშირები, მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია ისევ დაძაბულია: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ისევ რუსეთის კონტროლქვეშ რჩება. ამას წინათ რუსეთმა ამ რეგიონებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რითა კიდევ უფრო განამტკიცა თავისი გავლენა. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ პრობლემის მშვიდობიანად და დიპლომატიური გზებით გადაწყვეტას, თუმცა, რუსეთის სტრატეგია კონფლიქტის მოგვარებას არ ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისისთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა.
2008 წელს, როცა რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ევროპამ შეძლო ჩვენს შორის ზავი დაემყარებინა, თუმცა რუსეთი დაუსჯელი დარჩა: მოსკოვისათვის სანქციები არ გამოცხადებულა და ევროპამ სულ მალე მასთან სტრატეგიული ურთიერთობები აღადგინა. რუსეთმა დაინახა, რომ მისი დასჯა საქართველოს გამო ვერ გაბედეს. დასავლეთი რომ უფრო მკაცრად მოქცეულიყო, ალბათ, მოსკოვი უკრაინის მიმართ ასეთ ნაბიჯს ვერ გადადგამდა. ჩვენ რუსეთთან სამწუხარო გამოცდილება გვაქვს – სამშვიდობო შეთანხმების პირობები მოსკოვს არ შეუსრულებია. იგივე აკეთებს რუსეთის მინსკის შეთანხმებასთან მიმართებითაც. თუმცა, რა თქმა უნდა, დასავლეთს რომ სანქციები არ გამოეცხადებინა, რუსეთი უფრო უარესს იზამდა – ვლადიმირ პუტინს ხომ გავლენის სფეროების აღდგენა სურს. გავიხსენოთ, რომ მან საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნია“.
ბ) საქართველო და ევროკავშირი
„ქართველების 85%-ს ევროპასთან ინტეგრირება სურს. [ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ] ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ამას ბრიუსელისა და ბერლინის დასანახავად კი არ ვაკეთებთ, არამედ საკუთარი თავისთვის, ჩვენივე სარგებლობისათვის. უკვე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების საკითხებში, სიტყვის თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლებიც: ევროპაში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 35 პროცენტით მოიმატა“.
შეკითხვა: ევროკავშირის შუალედურ მოხსენებაში საქართველოს შესახებ უღიმღამო სურათი იქნა წარმოდგენილი, ნაკლოვანება ბევრია: საქართველოში არაა სრულყოფილი ხელისუფლების დანაწილება ოპოზიციასთან ერთად, არ შეიმჩნევა სასამართლოს დამოუკიდებლობა…
თამარ ბერუჩაშვილი: ჩვენი ქვეყნის მოდერნიზება და ევროპიზაცია ხანგრძლივი პროცესია და ვიმედოვნებ, მას წარმატებით დავასრულებთ. ჩვენთვის ევროკავშირის რჩევები სასურველი და სასარგებლოა. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამჭვირვალეობა და გულწრფელობა…
შეკითხვა: ვინ არის რეფორმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი? პოლიტიკური სტაბილურობა საკმაოდ მყიფეა, მინისტრები მოდიან და მიდიან, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ გავლენას ახდენს სიტუაციაზე…
თამარ ბერუჩაშვილი: ვერ გავიზიარებ თქვენს კრიტიკას. ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მინისტრთა კაბინეტში მომხდარი ცვლილებები კი გასაკვირი არ არის.
შეკითხვა: ევროკავშირმა კრიზისის გამო მიმზიდველობა გარკვეულწილად დაკარგა. რატომ ისწრაფვის საქართველო გაწევრიანებისათვის?
თამარ ბერუჩაშვილი: დემოკრატია, ტოლერანტულობა, სამართლიანობა, მშვიდობა, კეთილდღეობა – ეს ის ფასეულობებია, რომლებსაც ვიზიარებთ და რომლებიც ევროპასთან გვაერთიანებს. ევროპელები ამ ყველაფერს ჩვეულებრივად მიიჩნევენ, მაგრამ დღეს ჩვენთვის მათი დაცვა აუცილებელი ხდება.
შეკითხვა: რომელი უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის – NATO-ში გაწევრიანება თუ ევროკავშირში?
თამარ ბერუჩაშვილი: ჩვენ ორივეში გაწევრიანებას ვესწრაფვით. შიდაპოლიტიკური სტაბილურობა და [ეკონომიკური] კეთილდღეობა საიმედო საგარეოპოლიტიკური დაცვის უზრუნველყოფის გარეშე ვერ მოხერხდება. საქართველო გერმანიისაგან მხარდაჭერას ელოდება, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის საკითხში, 21 მაისს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების რიგის სამიტზე. ჩვენ ევროპას საკუთარ შესაძლებლობებს ვთავაზობთ: საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მომგებიანი მდებარეობა და კარგი ბაზარი აქვს. საქართველოს ევროპასა და აზიას შორის ენერგორესურსებით ვაჭრობისა და ენერგეტიკული ხიდის როლის შესრულება შეუძლია.
«Region Plus» (აზერბაიჯანი), 7 მაისი, 2015 წელი
http://www.regionplus.az/ru/articles/view/4393
„მინისტრთცვენა“ საქართველოში
„მინისტრთცვენა“ – ასე მონათლეს თბილისელებმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო ხანებში მომხდარი მოვლენები. მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გადადგა. მთავრობის „ახალი“ შემადგენლობა ძველი მინისტრებით (ახლები მხოლოდ სამია) უკვე არსებობს, მაგრამ მას პარლამენტის ნდობის ვოტუმი ესაჭირეობა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ პრობლემები არ იქნება: მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობა აქვს. ამასთან, ექსპერტები აფრთხილებენ: ამჟამინდელი სამთავრობო კრიზისი უპირველესად იმას მოწმობს, რომ კოალიციაში განხეთქილება ძლიერდება, თანაც ხელისუფლება ამომრჩევლებში პოპულარობას კარგავს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ნურანი, იგივე ტოფიგა კასიმოვა).
უკვე გამოკვეთილია კიდევ ერთი მომენტიც: ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ტრიუმფის დროსაც კი, 2012 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მომენტში, მონოლითურ პოლიტიკურ ორგანიზმს არ წარმოადგენდა. კოალიციის შემადგენლობაში სხვადასხვანაირი პოლიტიკური ძალები შევიდნენ, ისინი ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, მათ იმდენად „ივანიშვილის მომხრეობა“ კი არ აერთიანებდათ, რამდენადაც „სააკაშვილის მოწინააღმდეგეობა“. ამასთან, „მეოცნებეები“ ამომრჩეველს ერთბაშად ყველაფერს პირდებოდნენ. ყველას სჯეროდა და ამაში ეჭვი არავის შეჰქონდა, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ ეკონომიკას განავითარებდა (რაც სააკაშვილმა ვერ შეძლო) და რაც მთავარია, გააუმჯობესებდა რუსეთთან ურთიერთობას (რომელიც ექს-პრეზიდენტის მიერ იყო გაფუჭებული), შესაბამისად, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე გავიდოდა. ბევრ თბილისელს, გორელს, თელაველს, ზუგდიდელს და ქუთაისელს ეგონა, რომ ყველაფერში დამნაშავე „ხელჩამოურთმელი“ მიხეილ სააკაშვილი იყო და თუ ის წავიდოდა, მოსკოვისა და თბილისის „ომამდელი“ ურთიერთობა ისევ აღდგებოდა.
დღეს უკვე ნათელია, რომ ‘მეოცნებეეთა“ მთავარი დაპირებები შეუსრულებელი დარჩა: სწრაფი „ეკონომიკური ნახტომი“ ვერ განხორციელდა, მაინცდამაინც შთამბეჭდავი წარმატებები არც სოციალურ სფეროში არ შეიმჩნევა.. ასევე არ არის მნიშვნელოვანი წინსვლა რუსეთის მიმართულებით. კი, მოსკოვი და თბილისი ერთმანეთთან საუბრობენ, შეხვედრები მიმდინარეობს, აღდგა ავიამიმოსვლა, რუსულ ბაზარს დაუბრუნდა ღვინო, „ბორჯომი“, მაგრამ… „მეოცნებეებმა“ მთავარი ვერ შეასრულეს – საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენა აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე. რუსეთმა მათი დამოუკიდებლობის აღიარება უკან არ წაიღო. ასეთი მზარდი იმედგაცრუების ფონზე „ქართულ ოცნებაში“ სრულიად ბუნებრივი პროცესები დაიწყო, რომლებსაც შეიძლება „დაბნეულობა, რყევა და გაურკვევლობა“ ვუწოდოთ. და ამ ყველაფერს გასაგები გრძნობებით შესცქერიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რომლებიც ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმებს არ მალავენ…
«Эхо» (აზერბაიჯანი), 7 მაისი, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=83273
ერევანმა „ქართული გამოცდა“ ვერ ჩააბარა
„საქართველოსა და სომხეთს შორის მასშტაბური პოლიტიკური სკანდალი მოხდა, რომელიც მთიან ყარაბაღს უკავშირდება: სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი მთიან ყარაბაღში არჩევნებთან დაკავშირებით იმყოფებოდა, სადაც იგი სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გალუსტ სააკიანს შეხვდა. ამ ფაქტმა თბილისის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია“, – იუწყება აზერბაიჯანული გაზეთი «Эхо» (ავტორი – ნურანი, იგივე ტოფიგა კასიმოვა).
საქართველო-სომხეთის ურთიერთობა ძალიან დელიკატური საკითხია. ერთი მხრივ, საქართველო აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, მეორე მხრივ, სომხეთთანაც ურთიერთობის კარგ დონეს ინარჩუნებს, რადგან თბილისს არ სურს ჯავახეთის სახით კიდევ ერთი კონფლიქტური რეგიონი ჰქონდეს, სომხურენოვანი მოსახლეობით დასახლებული. იგივე სიფრთხილეს იჩენდნენ ერევანშიც. 2008 წელს, როცა „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ რუსეთმა საქართველოს რეგიონების ოკუპირება მოახდინა და მათი დამოუკიდებლობა აღიარა, სომხეტს იგივე ნაბიჯი არ გადაუდგამს. ერევნის პოზიცია გასაგები იყო: თუ სომხეთი რუსეთს მიბაძავდა, საქართველოს ხელისუფლება მოსკოვთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზას გადაუკეტავდა. ერევნის ნაცვლად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ „სუვერენულმა მთიანმა ყარაბაღმა“ აღიარა. ამ ფონზე ბიბილოვ-სააკიანის შეხვედრა იმ ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევა გამოვიდა, რასაც თბილისი და ერევანი შვიდი წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად იცავდნენ.
ამ დღეებში საქართველომ და სომხეთმა ბევრი განცხადება გააკეთეს, ელჩებს ახსნა-განმარტებების გაკეთება მოუწიათ, სომხეთის პრემიერმა საქართველოს პრემიერს დაურეკა… ზოგიერთი სომეხი პოლიტიკოსი, მაგალითად, მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი ვაგრამ ბაღდასარიანი მიიჩნევს, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, ინციდენტი ამოწურულია და ამ ფაქტს, მოდით, „დიპლომატიურ სკანდალის“ სახელით ნუ მოვიხსენიებთო. თუმცა ყველა ასე არ თვლის. საქმე იქამდე მივიდა, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერს ქვეყნის უსაფრთხოებისადმი ზიანის მიმყენებლად მიიჩნევენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
რასაკვირველია, სომხეთში ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც მომხდარ ინციდენტს რუსეთის მიერ დაგეგმილ ხრიკებად მიიჩნევენ, ანუ ამ ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება სურთ. თუმცა, რასაც არ უნდა ეცადნონ სომხები, აშკარაა, რომ მათ „ქართული გამოცდა“ ვერ ჩააბარეს და უიმედოდ ჩაიჭრნენ, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
«Առավոտ» (სომხეთი), 7 მაისი, 2015 წელი
http://ru.aravot.am/2015/05/06/189323/
http://www.aravot.am/2015/05/06/568657/
საქართველო-სომხეთი: დიპლომატობა სპეციალობა არ არის?
სომხურ გაზეთ «Առավոտ»-ში („არავოტ“ – ქართ. „დილა“) გამოქვეყნებული სტატიის დედააზრი ისაა, რომ ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც იცის და რაც შეუძლია. „თქვენ გაკვირვებული დარჩებით, მე რომ საავადმყოფოში ქირურგის ინსტრუმენტებით ხელში საოპერაციო მაგიდასთან მნახოთ. ასევე მეც გამიკვირდება, მუსიკოსს ან ჟურნალისტს ქირურგის მოვალეობის შესრულება რომ დაავალონ. მაგრამ მე თუ ელჩად გაგაწესებენ რომელიმე ქვეყანაში, ეს შეიძლება არ გაგიკვირდეთ. რატომ? იმიტომ, რომ ბევრს ჰქონია – ელჩობას რა დიდი რამე უნდა, სპეციალური ცოდნა საჭირო არაა, მეც კი შემიძლიაო. არადა, დიპლომატია ისეთივე საპასუხისმგებლო სფეროა, როგორიც მედიცინაა. მე მას სამხედრო სამსახურს შევადარებდი, რადგანაც დიპლომატი, ჩემი აზრით, იგივე სამუშაოს ასრულებს – თავისი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს, ოღონდ იარაღის გარეშე“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – არამ აბრამიანი).
თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მუსიკოსი ან მოჭიდავე დანიშნო სომხეთის ელჩად სადღაც ვანუატუში თუ სეიშელის კუნძულებზე. თუ ჩვენს სახელმწიფოს იმდენი ფული აქვს, რომ „კეთილი საქმე“ გააკეთოს – ტროპიკულ კუნძულებზე საელჩოები გახსნას და ცნობილი სპორტსმენები დაასაქმოს, მაშინ კარგი, ბატონო, ისხდნენ იქ ელჩები ბუნგალოში და მიირთვან ბანანი. მაგრამ ჩვენს მეზობელ საქართველოში, რომელთანაც საკმაოდ რთული დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ მაინც უნდა ვიმეგობროთ, აუცილებელია უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი სომეხი დიპლომატები მუშაობდნენ.
ცხადია, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერთან დაკავშირებული ინციდენტს საქართველოში სომხეთის ელჩთან იური ვარდანიანთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ქართული მიმართულება საკმაოდ „კოჭლობს“: ელჩმა ყოველდღიურად უნდა წარმოადგინოს ხოლმე ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება აღქმული მეზობელი სახელმწიფოს მთავრობის მიერ სომხეთის გადადგმული ნაბიჯები. ასე რომ, არა მგონია, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის თაობაზე ასეთი ინფორმაცია საელჩოდან პარლამენტს მიაწოდეს.
რაც შეეხება კონკრეტულად გალუსტ სააკიანისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის გაკვეთილებს, აქ შეიძლება სამი ვარიანტი განვიხილოთ:
ა) პარლამენტი თავის საგარეო კონტაქტების დროს არ ითვალისწინებს საგარეო საქმეთა სამინისტროს თვალსაზრისს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო გააფრთხილა ამგვარი შეხვედრის არასასურველი შედეგების თაობაზე. თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ ძალიან სამწუხაროა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის სათანადო კოორდინაცია არ არსებობს;
ბ) საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს არ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია, ვის უნდა შეხვდეს ან არ უნდა შეხვდეს. ეს ნიშნავს, რომ სამინისტროში ზოგიერთები ხელფასს ტყუილად იღებენ;
გ) საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცოდა ამ შეხვედრის შესახებ და მას მხარი დაუჭირა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საჯაროდ სინანულის გამოხატვა საჭირო არ იყო.
საბოლოოდ, ერთი რამ ნათელია: გალუსტ სააკიანის „ავტოპილოტზე“ დატოვება არ შეიძლება.
«Голос Армении» (სომხეთი), 7 მაისი, 2015 წელი
http://golosarmenii.am/article/28350/ochen-strannoe-krajnee-vozmushhenie
საქართველოს ძალიან უცნაური „უკიდურესი შეშფოთება“
გაზეთი „გოლოს არმენიი“ ეხმაურება მთიან ყარაბაღში მომხდარ სააკიან-ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებულ მოვლენებს და წერს: „საქართველომ ძალიან მკვეთრი დემარში გააკეთა სომხეთის წინააღმდეგ. განა არ შეიძლებოდა, რომ სანამ თბილისი „უკიდურესად აღშფოთდებოდა“, ინფორმაციის დიპლომატიური არხებით გადამოწმება? აი, ასე რომ გაკეთებულიყო, არანაირი „ჭიქის ქარიშხალი“ არ მოხდებოდა.
თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არაღიარებულ მთიან ყარაბაღს, აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და დნესტრისპირეთს ერთმანეთთან გარკვეული კავშირები აქვთ. ეს კონტაქტები შეიძლებოდა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან უფრო მჭიდრო ყოფილიყო, მაგრამ მთიანი ყარაბაღი, საქართველოს პოზიციის გამო, თავს იკავებს მათი გაღრმავების საკითხში. (…) ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თბილისი სპეციალურად ეძებდა საბაბს, რომ ერევნისათვის თავისი უკმაყოფილება ეჩვენებინა, ანუ უფრო მეტი მიზეზი ჰქონოდა იმისთვის, რომ არალეგიტიმურად გამოეცხადებინა მთიან ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები.
აი, როგორი რეაქცია გამოამჟღვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: „იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევს, არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“. თბილისმა ეს აზერბაიჯანის გასახარად გააკეთა. საქართველოს ასეთი პოზიცია სრულიად ჯდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის აზერბაიჯანულ ინტერპრეტაციაში. საინტერესოა, ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორია“ მხოლოდ საქართველომ გამოიყენა, მსგავსი რამ არც აშშ-ის, არც ევროკავშირისა და ეუთოს შეფასებებში მოხსენიებული არ არის…