globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 7th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI საქართველოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის

„ჰაარეცი“ (ისრაელი): სირიაში ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ომისდროინდელი სტრატეგია გაიმეორა

«Еркрамас» (რუსეთი): „ჭეშმარიტების მომენტი“ სომხური საზოგადოე-ბისათვის // მცირე ომების მნიშვნელობა და შედეგები: საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტები

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/iri-georgia-polls/3318124.html

ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI საქართველოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის

ნანა საჯაია


ინტერვიუ სტივენ ნიქსთან, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ევრაზიის განყოფილების დირექტორთან:

- „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” წლებია საქართველოში პოლიტიკური პარტიების მშენებლობაზე მუშაობს, როგორ ფიქრობთ, რა როლი იქონია თქვენმა საქმიანობამ პოლიტიკურ პარტიებზე, როგორ აისახა მათ აქტივობებზე თქვენთან თანამშრომლობა?

- ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება, ეს საქართველოში მრავალპარტიული და კონკურენტული პოლიტიკური სისტემის მშენებლობაა. ვფიქრობ საქართველოში დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ბოლო არჩევნებით მმართველობის მშვიდობიანი გადაცემა მოხდა, რაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ჩვენ ხელს ვუწყობთ დემოკრატიაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პარტიებს შექმნან მრავალპარტიული და შეჯიბრითობის პრინციპზე აგებული პოლიტიკური სისტემა.

- არსებობს მოსაზრება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი, სადაც გამოჩნდება თუ რამდენად მდგრადია საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით მონაცვლეობის პრინციპი. თქვენ ფიქრობთ რომ ამის საფრთხე არსებობს?

- იმედი გვაქვს რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება. ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტისას განვიხილეთ. ვიცით რომ მან ისაუბრა ოპოზიციურ პარტიებთან და მას გულწრფელად სურს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება. თუმცა, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა აჭიანურებს საარჩევნო სისტემის რეფორმას, მოქმედი საარჩევნო სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას. საქართველოს უნიკალური სისტემა აქვს, ვიცი რომ საარჩევნო კოდექსზე დისკუსია მიმდინარეობს, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას გააგრძელონ ცენტრალურ სააარჩევნო კომისიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობა და შეთანხმდნენ მოდელზე, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

- როგორც ჩანს, ეს არ მოხდება საპარლამენტო არჩევნებამდე…

- ჯერ კიდევ არის დრო. გვაქვს იმედი, რომ ზოგიერთი ცვლილების მოხდენა მოესწრება.

- თქვენს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ჯერ ისევ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა მომავალ არჩევნებზე. როგორ ახსნით ამ გაურკვევლობას?

- გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა ამ ეტაპზე გასაკვირი მოვლენა არ არის. კვლევა გაზაფხულზე ჩატარდა, არჩევნები შემოდგომასაა დანიშნული, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იწყება. ბევრი რამე შეიცვლება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ჩვენი კვლევიდან ჩანს, რომ ეს იქნება კონკურენტული არჩევნები, რაც საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის კარგია.

- ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად თითქმის ერთნაირი რეიტინგი აქვთ მმართველ და მთავარ ოპოზიციურ ძალას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ ერთნაირი შანსები აქვთ?

- ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ არჩევნები კონკურენტული იქნება. ვფიქრობ ეს დადებითი ნიშნებია საქართველოს განვითარებაში, არავინ იცის როგორი იქნება არჩევნების შედეგი.

- საპარლამენტო მანდატისთვის მეტი პოლიტიკური პარტია იბრძოლებს. ზოგიერთი ამას დადებით მოვლენად აფასებს და ამბობს, რომ ეს ხელს უწყობს მრავალფეროვნებას, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამ ვითარებით შესაძლოა პრო-რუსულმა ძალებმა იხეირონ. თქვენ ხედავთ ამის საფრთხეს?

- არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მონაცემებიდან ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება. რაც ჩენს მონაცემებში იკვეთება რუსეთთან მიმართებით ისაა, რომ ქართველები განაგრძობენ სვლას დასავლეთისკენ, რომ დასავლეთს ქართველები ხედავენ როგორც რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის საშუალებას, ასევე როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ქართველებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მათი ცხოვრების სტანდარტს გაზრდის, შექმნის სამუშაო ადგილებს, გაზრდის ვაჭრობას. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ამ კვლევებში სწორედ ევროპის კავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა, რასაც მხარს გამოკითხულთა 85 პროცენტი უჭერს, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ქართველების დიდი ნაწილი თავს ევროპაში ხედავს. ასევე 79 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქართველები მომავალს დასავლეთში ხედავენ.

- თქვენივე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამავდროულად 59 პროცენტი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს. როგორ ხსნით ამ ორ მაჩვენებელს?

- ქართველების უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს და აქვს ამის საფუძველი. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველებს სურთ მათმა მთავრობამ რუსეთთან დიალოგი გააგრძელოს. ჩვენ ეს საკითხი შემდეგნაირად გვესმის – მათ სურთ დიალოგი ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, რადგან რუსეთი საქართველოს პროდუქციისთვის დიდი ბაზარია. ეს მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის ზრდისთვის. ეს ძალიან მკაფიო განაცხადია მოსახლეობისგან, ისინი აღიქვამენ რუსეთს საფრთხედ, მაგრამ ასევე გაცნობიერებული აქვთ რუსეთის ბაზრის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის.

- შესაძლებელია რუსული პოლიტიკის და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განცალკევება?

- ვერაფერს ვიტყვი რუსულ მხარეზე, მაგრამ საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ცდილობს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.

- კვლევის მიხედვით ქართველი ამომრჩევლებისთვის სამი მთავარი პრობლემა უმუშევრობა, ზოგადიი ეკონომიკურ ვითარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ჰპოვებს თუ არა ეს პრიორიტეტები ასახვას პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში?

- იმედი გვაქვს რომ აისახება. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების მთავარი და უპირველესი მიზანია დაეხმაროს პარტიებს პლატფორმების ჩამოყალიბებაში. ჩვენ ვაწვდით ამ მონაცემებს პარტიებს, რათა მათ ამომრჩევლების პრობლემების მიხედვით მესიჯების შექმნა შეეძლოთ. ამ კვლევებით ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ რა არის საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემები, რა საკითხები აწუხებთ ამომრჩევლებს, რისი მოგვარება სურთ მათ პირველ რიგში – ეს კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა სწორედ ამის გამოვლენაა, გავიგოთ რა აწუხებთ ამომრჩევლებს ყველაზე მეტად, იმედია პარტიებსაც იგივე ინტერესი აქვთ. ეს მონაცემი პოლიტიკურ პარტიებს მათვე პოზიციონირებისთვის ჭირდებათ, რომ სათანადო პასუხი გასცენ ამომრჩევლების მოთხოვნებს.

- ითვალისწინებენ ამ მონაცემებს პოლიტიკური პარტიები?

- წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პარტიების მხრიდან ძალიან დიდი ძალისხმევა პერსონებიდან მეტი ყურადღება საკითხებზე, პრობლემებზე გადაიტანონ. ასევე პარტიების ლიდერებს კარგად აქვთ გაცნობიერებული კვლევების მნიშვნელობა, იციან როგორ გამოიყენონ მონაცემები, ცდილობენ მათი შედეგები პლატფორმების ფორმირებისთვის გამოიყენონ.

- საარჩევნო წელს მთავარ პოლიტიკურ პარტიებში დიდი ცვლილებებია. სამთავრობო კოალიცია დაიშალა, მთავარი ოპოზიციური პარტია მისმა რამდენიმე ლიდერმა დატოვა. რას ცვლის ეს?

- პარტიები იცვლებიან, ეს ბუნებრივი პროცესია. პარტიიდან ხალხის წასვლა, ახალი სახეების გამოჩენა, ეს ყველაფერი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ნორმალური პროცესია. პარტიები ყოველთვის ცდილობენ ცვლილებას, გარდაქმნას, რებრენდიგს, რათა უფრო მეტი ამომრჩევლის მიზიდვა შეძლონ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. პოლიტიკური პარტიების “რეიტინგი რესპუბლიკური ინსტიტუტისთვის” მეორეხარისხოვანია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კვლევის მთავარი ღირებულება პრობლემების იდენტიფიცირებაა, იმ საკითხების გარკვევა, რაც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს.

- როდის ტარდება მომდვნო კვლევა?

- მომდევნო გამოკითხვა სექტემბერში, არჩევნებამდე იგეგმება, რათა პარტიებს ჰქონდეთ საშუალება კიდევ ერთხელ შეხედონ ამომრჩევლების პრობლემებს, გაიგონ მათი მოსაზრებები და შეცვალონ მესიჯები. ამას გარდა, არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გავაგზავნით, გვეყოლება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები. ჩვენი სტანდარტული მისია დაახლოებით 30-50 წევრისგან შედგება. გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 2-თვეს, მოკლევადიანები კი ერთ კვირას გაატარებენ. ორიოდ კვირაში თბილისში მივემგზავრები, სადაც ამ თემებს მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან უფრო დეტალურად განვიხილავთ.

„ჰაარეცი“ (ისრაელი), 06 მაისი, 2016 წელი

http://www.haaretz.co.il/news/world/europe/.premium-1.2884225

http://inosmi.ru/military/20160505/236429193.html

სირიაში ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ომისდროინდელი სტრატეგია გაიმეორა

სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტის მოქმედება სირიაში – რა წააგო და რა მოიგო რუსეთმა, რამდენად განმტკიცდა პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება, როგორი იყო სირიის არმიის მდგომარეობა რუსეთის სამხედრო დახმარებამდე და როგორია დღეს, თანამედროვე პირობებში (ავტორი – ანშილ პელერი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ნახევარი წლის წინათ, 2015 წლის ოქტომბრამდე სისრიის ხელისუფლება კრახის წინაშე იდგა, არმია დასუსტებული და ძალაგამოცლილი იყო, „დაიშ-იგილ“-ი („ისლამური სახელმწიფო“) დამასკოს ხელში ჩაგდებას ცდილობდა, მათ ვერც ირანი და ვერც ჰეზბოლა“ ვერ აჩერებდა, დღეს კი ბაშარ ასადი საკმაოდ მყარად დგას ფეხზე და სირიის არმია გარკვეულ წარმატებებს აღწევს. მოკლედ, მოსკოვის დახმარებით დამასკომ ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ყველაზე ნაყოფიერი ნაწილი შეინარჩუნა და უფრო მეტიც, სირიის ცენტრალური რეგიონი – პალმირას პროვინცია დაიბრუნა. შესაბამისად, განმტკიცდა რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტი, უკვე რუსეთზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სირიის მომავალი ხელისუფლება და საერთოდ, შეწყდება თუ არა საბოლოოდ ევროკავშირისაკენ სირიელი მიგრანტების ნაკადი. ვლადიმირ პუტინი, აშკარაა, მიმდინარე წლის ბოლომდე შეეცდება თავისი გავლენა გამოიყენოს სანქციების მთლიანად ან ნაწილობრივ მოსახსნელად.

დღეს უკვე ნათელია, რომ რუსეთის ლიდერმა სირიაში იგივე გააკეთა, რაც უკრაინაში და უფრო ადრე – საქართველოში [ამ ორ ქვეყანაში მოსკოვმა ხელი შეუწყო სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების - დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების შექმნას]. ამგვარად, ვლადიმირ პუტინმა სამივე ქვეყანაში გაჭიანურებული კონფლიქტების კერა შექმნა და ამით რუსეთის გავლენის გაფართოება უზრუნველყო. გარდა ამისა, იგი შეეცადა რეგიონში აშშ-ისა და ევროკავშირის შეზღუდვასაც. საინტერესოა, რომ რუსეთის პრეზიდენტი სირიასაც და უკრაინასაც კონფლიქტიდან ერთიდაიგივე გამოსავალს სთავაზობს – ქვეყნის ფედერაციულ მოწყობას.

ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ მოსკოვი სირიის პრობლემის მოგვარების პროცესში  ირანთან თანამშრომლობს, მაგრამ ვლადიმირ პუტინი აშკარად არაა დაინტერესებული ირანის გავლენის გაფართოებით.

მართალია, ირანი კვლავ რჩება რუსული იარაღის მნიშვნელოვან კლიენტად და ვლადიმირ პუტინის გეგმების მხარდამჭერად (აშშ-ისა და საერთოდ, დასავლეთის დასუსტების საკითხში), მაგრამ ჯერ-ჯერობით რუსეთისა და ირანის ისტორიული უნდობლობა არ გამქრალა. ვლადიმირ პუტინს სურს, რომ დამასკოში ბოლო სიტყვის თქმის უფლება მხოლოდ მას ჰქონდეს და არა ირანის ლიდერს აიათოლა ალი ჰამენეის. სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტი ასევე დაინტერესებულია სირიაში ისრაელის ინტერესების დაცვითაც, თვით ირანელი მოკავშირის ხარჯზეც კი. ვლადიმირ პუტინისათვის ისრაელთან დაახლოება სტრატეგიულ მიღწევად ითვლება – ამით მან ის სიცარიელე შეავსო, რაც ახლო აღმოსავლეთიდან აშშ-ის ნაწილობრივი წასვლით შეიქმნა.

«Еркрамас» (რუსეთი), 07 მაისი, 2016 წელი

http://www.yerkramas.org/article/104150/moment-istiny-dlya-armyanskogo-obshhestva

„ჭეშმარიტების მომენტი“ სომხური საზოგადოებისათვის

მცირე ომების მნიშვნელობა და შედეგები: საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტები

სტატიაში, სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი სამხედრო დაპირისპირების ფონზე (მთიანი ყარაბაღის გამო), საუბარია მე-19 და მე-20 საუკუნეეში მომხდარი მცირე და ხანმოკლე რეგიონული კონფლიქტების მნიშვნელობაზე გლობალური პოლიტიკისათვის. მასში ნაჩვენებია,  თუ რა გავლენას ახდენს ერთი შეხედვით უმნიშვნელო კონფლიქტები როგორც დაპირისპირებული სახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, მათ მდგომარეობაზე, ასევე გლობალურ პოლიტიკაზე (ავტორი – აშოტ გარეგინიანი).

პუბლიკაციაში მოკლედაა განხილული ხანმოკლე შეიარარებული კონფლიქტი დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის (ფოკლენდის კუნძულების გამო): არგენტინა დამარცხდა, პრეზიდენტი გადადგა, მარგარეტ თეტჩერის მდგომარეობა კი განმტკიცდა, ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ სამხრეთ ატლანტიკაში იგი კვლავ ბატონ-პატრონია. ავტორი ასევე საუბრობს 1913 წელს მომხდარ ერთთვიან ბალკანეთის ომის შედეგებზე, 1979 წლის ჩინეთ-ვიეტნამის 27-დღიან ომზე, 1971 წლის ინდოეტ-პაკისტანის ორკვირიან სამხედრო დაპირისპირებაზე,  1967 წლის ხუთდღიან ომზე არაბულ სახელმწიფოებსა და ისრაელს შორის…

ბუნებრივია, სომეხი ავტორი ეხება სომხეთ-საქართველოს ომს და საქართველო-რუსეთის სამხედრო კონფლიქტს. აი, რას წერს აშოტ გარეგანიანი:

„1918 წელს სომხეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი მოხდა, რომლის მეზეზი ტერიტორიული გამიჯვნა იყო – პირველი მსოფლიო ომში გერმანიისა და თურქეთის დამარცხების შემდეგ. კერძოდ, თბილისც და ერევანიც პრეტენზიას აცხადებდნენ ლორისა და ახალქალაქის ოლქებზე. 1918 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაწყებული პოლიტიკური უთანხმოება] 7 დეკემბერს შეიარაღებულ შეტაკებაში გადაიზარდა, რომელიც 31 დეკემბრამდე გაგრძელდა. შედეგი – „საბრძოლო ყაიმი“. ომს არცერთი მხარისთვის სარგებლობა არ მოუტანია, ურთიერთსაყვედურები კი გაამრავლა და ურთიერთწყენა გააღრმავა.

21-ე საუკუნეში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, რომელიც ისტორიაში „ხუთდღიანი ომის“ სახელთ შევიდა. სამხედრო ოპერაცია 8 აგვისტოს ღამით განვითარდა, როცა ქართულმა არტილერიამ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ცხინვალი დაბომბა. [იმავე ხანებში დაპირისპირება მოხდა კოდორის ხეობაშიც ქართულ და აფხაზურ ძალებს შორისაც]. ბრძოლებში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე ოსური და რუსული სამხედრო ქვედანაყოფები (სხვათა შორის, საქართველოს მხარეზე იბრძოდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეებიც, ეთნიკური ქართველები). ომი 12 აგვისტომდე გაგრძელდა, რომლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმას. იმ ომის შედეგად რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ოფიციალურად აღიარა. სამაგიეროდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა (დღეს ორი მეზობლის ინტერესებს ერთმანეთთან შვეიცარია იცავს). ომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი: დამუხრუჭდა საქართველოს ნატოში მიღების პროცესი“.

Comments are closed